ბლოგი

პარტიზანობის უარყოფიდან – ზონდერბრიგადების დაკანონებამდე

პარტიზანობის უარყოფიდან – ზონდერბრიგადების დაკანონებამდე
სოლომონ თერნალი

2012-08-17 10:01:55

“პოლკოვნიკის, მიჩინიოს, კადიმასი, და მისთანანის ნუ გეშინია – დიდი-დიდი, მოგკლან… მარშალ ბეტანკურს მოერიდე – შეიძლება წარგწყმიდოს!” (“სამოსელი პირველი”)

აფხაზეთი / გალის რაიონი – პარტიზანული დაჯგუფებები „თეთრი ლეგიონი“ და „ტყის ძმები“.

„თეთრი ლეგიონი“ და „ტყის ძმები“ იყო ძირითადად ეთნიკური ქართველი მებრძოლებისგან დაკომპლექტებული არაფორმალური შეიარაღებული პარტიზანული დაჯგუფებები, რომელებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებდნენ საქართველოს რეგულარული არმიის აფხაზეთის ომში (1992-93) დამარცხების შემდეგ. ეს დაჯგუფებები განაგრძობდნენ დაბალი ინტენსივობის შეიარაღებულ წინააღმდეგობას აფხაზეთის ჯარებთან ცეცხლგამყოფი ზოლის გასწვრივ გვიან 1990-იან და ადრეულ 2000-იან წლებში. „ტყის ძმებს“ მეთაურობდა დათო შენგელია, ხოლო „თეთრ ლეგიონს“ – ზურაბ სამუშია.

პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციამ ორივე პარტიზანული ჯგუფი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე - 2004 წლის თებერვალში – დაშალა. ამ გადაწყვეტილებას სოხუმის დე-ფაქტო მთავრობა მიესალმა, როგორც კონფლიქტის მხარეეებს შორის ნდობის აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯს. სავარაუდოდ, პარტიზანული შენაერთების დაშლა ასევე მოწონებულ იქნა რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდანაც, რასაც 2004 წელს მოსკოვში სააკაშვილის წარმატებული ვიზიტი, ხოლო მალევე მაისში საქართველოს ხელისუფლების მიერ აჭარის მმართველის ასლან აბაშიძის და მისი მმართველი კლანის გაძევება მოჰყვა და ამ დროს აჭარაში მყოფი რუსული შენაერთების მხრიდან ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება უზრუნველყო.

საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის ერთიანობის აღდგენის მისაღწევად იგი დაეყრდნობოდა არა პარტიზანული შენაერთების მოქმედებას, არამედ – მხოლოდ რეგულარული არმიის გაძლიერებას. შევარდნაძის ეპოქის ტაქტიკა, როცა სახელმწიფო ოფიციალურად არა, მაგრამ ჩუმად მხარს უჭერდა პარტიზანულ ჯგუფებს, დაგმობილ იქნა. საზოგადოებამ, შეიძლება ითქვას, რომ მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, რამდენადაც აფხაზეთის კონფლიქტის დამთავრების შემდეგ პარტიზანული მოძრაობის ეფექტი მინიმალური იყო, მოძრაობის ზოგიერთი ლიდერი ასოცირდებოდა ან კრიმინალურ სამყაროსთან ან – ნარკოტიკების ტრაფიკთან და საზოგადოებაში გაჩნდა ჯერ არ გახმაურებული, მაგრამ სულ უფრო პროგრესირებადი შეგრძნება იმის, რომ შევარდნაძის წასვლის და ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ აფხაზებთან ურთიერთობა უფრო მეტად მოლაპარაკებებზე იქნებოდა დამყარებული და ამაში პარტიზანების ფაქტორი ნამდვილად არ განამტკიცებდა ნდობას.

თუმცა, როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ დაამტკიცა, საქართველოს მთავრობა სულაც არ აპირებდა არც მოლაპარაკებების განახლებას და არც არალეგალური შეიარაღებული ფორმირებების გამოყენებაზე უარის თქმას. “თეთრი ლეგიონის” და “ტყის ძმების” დაშლის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ისინი ვარდების ხელისუფლებისაგან არაკონტროლირებადი იყვნენ. ხოლო ვარდების ხელისუფლებისთვის არაკონტროლირებადი ადამიანი თავიდანვე მტრად აღიქმებოდა. როგორც ნაციონალური მოძრაობის ლპობის ისტორია აჩვენებს, მათთვის კრიმინალიც საკმაოდ მისაღებია, თუ ეს კონტროლირებადი კრიმინალია, და კრიმინალების თუ პარტიზნების წინააღმდეგ წარმოებული პროცესი მხოლოდ ერთ მიზანს ისახავდა – მათ ტოტალურ კონტროლს.


კოდორის ხეობა – ბატალიონი„მონადირე“

აფხაზეთში ქართული რეგულარული არმიის 1993 წლის დამარცხების შემდეგ საქართველომ შეინარჩუნა ერთადერთი პლაცდარმი აფხაზეთში – კოდორის ხეობა. მიუხედავად იმისა, რომ კოდორის ხეობაში ქართული საჯარისო ფორმირებები და პოლიცია არ იყო, ხოლო აფხაზების და რუსების მხრიდან კოდორის ხეორის აღების და გაკონტროლების არაერთი მცდელობა იყო, ხეობა ყოველთვის რჩებოდა ქართული კონტროლის ქვეშ და ამას ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობით დაკომპლექტებული შეიარაღებული ბატალიონი „მონადირე“ ახერხებდა. ეს ჯგუფი 2002 წელს თავდაცვის სამინიტროს დაქვემდებარებაში შევიდა, როგორც ადგილობრივი გასამხედორებული სასაზღვრო ბატალიონი (შემადგენლობა 300-500 კაცის ფარგლებში მერყეობდა). ჯგუფის ხელმძღვანელი, ემზარ კვიციანი მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის რწმუნებული იყო კოდორის ხეობაში. რწმუნებული იყო ის მას შემდეგაც, რაც ხელისუფლება “ვარდების რევოლუციის” გზით შეიცვალა. თუმცა, 2004 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციამ მისი თანამდებობიდან ჩამოცილება ხეობაში რწმუნებულის პოსტის გაუქმების გზით შეძლო.

ამის გამო კვიციანსა და ახალ ხელისუფლებას შორის დაძაბულება ყოველთვის იყო, მაგრამ განსხვავებით „თეთრი ლეგიონისა“ და „ტყის ძმებისაგან“, 2004 წელს ხელისუფლებამ თვალი დახუჭა „მონადირის“ დე-ფაქტო პარტიზანულ სტატუსზე. თუმცა, უკვე 2005 წლის აპრილში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ „მონადირემ“ თავისი ფუნქცია ამოწურა, და როგორც თავად უწოდა – „უსაქმურებით დაკომპლექტებული რაზმი“ – მალევე გააუქმა. ოქრუაშვილმა შენაერთის წევრებს კრიმინალურ საქმიანობაში დასდო ბრალი და ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარებისკენ მოუწოდა. აფხაზეთის მთავრობა, რომელსაც მაშინ ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობდა, ამ გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგა და უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივნის გელა ბეჟუაშვილის მხარდაჭერაც მოიპოვა. მართალია, ოქრუაშვილმა რაზმის სტატუსის გაუქმებაზე თავისი გადაწყვეტილება არ შეცვალა, მაგრამ კოდორში ფაქტიურად ყველაფერი ძველებურად დარჩა. თუმცა ბატალიონისთვის ლეგალური სტატუსის გაუქმებამ აფხაზებს და რუსებს საფუძველი მისცათ, კოდორის ხეობაში უკვე არარეგულარული, ანუ „უკანონო რაზმის“ არსებობა კიდევ უფრო ხმამაღლა გაეპროტესტებინათ.

2006 წლის ზაფხულში, როცა ალასანია უკვე გაეროში იყო საქართველოს წარმომადგენელად, კოდორის ხეობაში ისევ გამწვავდა სიტუაცია. 23 ივლისს საქართველოს პარლამენტში ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას – მეორე დღეს მთავრობის დამტკიცებისას ვანო მერაბიშვილის გადაყენების შესახებ (სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით), „მონადირის“ უფროსმა ემზარ კვიციანმა ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობიდან გადადგომის ულტიმატუმის ფორმით მოთხოვნაც დაუმატა. ოპოზიციური პარტიები კვიციანის მოთხოვნას გაემიჯნენ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ, რომელმაც ამ დროისათვის სვანეთში აფრასიძეების კლანის განადგურების მასშტაბური სისხლიანი ოპერაცია ჩაატარა, აჭარაზე კონტროლი აღადგინა და „ნულოვანი ტოლერანტობის“ საპრეზიდენტო ლოზუნგით მოტივირებულმა მრავალი ათეული ახალგაზრდა პირდაპირ ქუჩებში ჩაცხრილა, გადაწყვიტა, ერთი დარტყმით ორი კურდღელი დაეჭირა – თან აღეკვეთა ქვეყნის ტერიტორიაზე უკანასკნელი არაკონტროლირებადი რაზმი, თან ამ სერიოზულ კრიზისზე ყურადღების გადატანით „გადაეფარა“ გირგვლიანის საქმეზე საზოგადოების სულ უფრო მზარდი პროტესტი.

27 ივლისს კოდორის ხეობაში, რომელიც 13 წლის განმავლობაში იარაღასხმული ცხოვრობდა დასავლეთ მხრიდან აფხაზთა და რუსთა შენაერთების შეტევის მოლოდინში, აღმოსავლეთიდან ქართული საბრძოლო შენაერთები (ჯარი და პოლიცია) შევიდნენ, მათი შემადგენლობა სავარაუდოდ 2,000 ჯარისკაცს უახლოვდებოდა. ოპერაციის ბოლო ფაზაში სოფელ ჩხალთაში გამაგრებულ კვიციანის ჯგუფზე ქართულმა ჯარმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ოქრუაშვილის ხელმძღვანელობით მიიტანა შეტევა ვერტმფრენებით და არტილერიის გამოყენებით. რაზმ „მონადირის“ ნაწილმა სოფელი ჩხალთა დატოვა და აფხაზეთში გადავიდა. ხელისუფლებამ დაშალა ბატალიონი „მონადირე“ და ხეობის დასაცავად დაახლოებით 600-კაციანი პოლიციური საბრძოლო დანაყოფი დატოვა. ამ სპეცოპერაციით ხელისუფლებამ არამცთუ მერაბიშვილი „გადაარჩინა“ გადაყენებას, არამედ თავიდან მოიშორა საკმაოდ სერიოზული და თან შეიარაღებული ოპონენტი იმ ტერიტორიაზე, სადაც აჭარის და სვანეთის შემდეგ უკვე ასევე სრულად აღადგინა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი. გარდა ამისა, ხელისუფლებამ დააპატიმრა – მოღალატე კვიციანისათვის „მორალური მხარდაჭერის“ აღმოჩენის საბაბით – ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი.

2006 წლის 17 დეკემბერს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა – ქართველმა სამართალდამცავებმა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მოქმედი და იმ დროისათვის უკვე დაშლილი პარტიზანული დაჯგუფების “ტყის ძმების“ ყოფილი მეთაური დავით შენგელია “დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების“ შენახვის ბრალდებით დააპატიმრეს. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, შენგელია მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც პოლიციამ თბილისში მის მანქანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი და მეტადონი აღმოაჩინა. დათო შენგელიას 24 წელი მიუსაჯეს.

შეიძლებოდა ვინმეს ეფიქრა, რომ საქართველოში პარტიზანული შენაერთების პერიოდი უკვალოდ გაქრა.


2007 წლის თებერვალი – გალის რაიონში ეფემერული პარტიზანული დაჯგუფების გაჩენა

2007 წლის თებერვლიდან გალის რაიონში ქართული გასამხედროებული ჯგუფი სახელწოდებით ”პატრიოტები აფხაზეთისთვის” გამოჩნდა, როგორც იარაღი იმ ”ქართველ მოღალატეების” წინააღმდეგ, რომლებიც აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ. პირველად ჯგუფის საქმიანობა ყურადღების ცენტრში თვითგამოცხადებულ აფხაზეთში 11 თებერვლის ადგილობრივი არჩევნების წინ მოექცა, რაც ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა მათი საქმიანობა გააშუქა. ჯგუფმა მოქმედება 4 მარტს დაგეგმილი აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნების წინაც გააგრძელა.

23 თებერვალს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა განაცხადა, რომ ”პატრიოტებმა აფხაზეთისთვის” გალის რაიონში მცხოვრები იმ ქართველების 12 სახლი დაწვეს, რომელთაც აფხაზეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში ედებათ ბრალი. ამავე ინფორმაციით, ჯგუფის წევრებმა ბოლო ორი დღის განმავლობაში რეიდები განახორციელეს სოფლებში ნაბაკევი, ოტობაია, ბარღები და ჭუბურხინჯი. თუმცა, ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურების მოპოვება შეუძლებელი გახდა.

23 თებერვალს ”რუსთავი 2”-მა ”კურიერში” გაუშვა მოკლე ინტერვიუ უცნობ ნიღბიან პირთან, რომლის თქმითაც, ჯგუფი მომავალშიც განაგრძობს იმ პირების შევიწროებას, რომლებიც სეპარატისტულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ. ყველამ იცოდეს, რომ არავის არ შერჩება სამშობლოს ღალატი. ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ შეგვწევს საკმარისი ძალა იმისა, რომ გავუსწორდეთ სამშობლოს ნებისმიერ მოღალატეს”, – დასძინა მან.

”რუსთავი 2”-ისვე ინფორმაციით, ”პატრიოტები აფხაზეთისთვის” ძირითადად დაკომპლექტებულია გალის რაიონის ადგილობრივი მაცხოვრებლებით, რომლებიც ცდილობენ, დაუპირისპირდნენ გალის ქართველობის წინააღმდეგ წარმოებულ რეპრესიებს.

აფხაზურმა მხარემ უარყო ინფორმაცია სახლების მასიურად დაწვის შესახებ და მხოლოდ ერთი ქართველის – თემურ მორგოშიას – საქონლის სადგომის დაწვა დაადასტურა, და განაცხადა, რომ მორგოშიას უცნობი პირები დაემუქრნენ, შეეწყვიტა თანამშრომლობა აფხაზური მხარის საარჩევნო სტრუქტურებთან.

აფხაზური მხარე აცხადებდა, რომ 3 თებერვალს გალის რაიონის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავით სიგუას გატაცებაზე და 2006 წლის დეკემბერში ორი გავლენიანი აფხაზი სამართალდაცავის მკვლელობებზე პასუხისმგებლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ”სპეცსამსახურებს” ეკისრებოდათ.

ოფიციალურმა თბილისმა კატეგორიულად უარყო, რომ ”პატრიოტები აფხაზეთისთვის” ჯგუფის სახით შსს-ს სპეცრაზმი მოქმედებდა.

”ამ ჯგუფის შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია… ქართულ სახელმწიფოს არავითარი კავშირი არ აქვს ნიღბიან ადამიანებთან”, – განუცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა რურუამ 23 თებერვალს ”სივილ ჯორჯიას”.

http://www.civil.ge/geo/article.php?id=14857


ასე რომ, პარტიზანული რაზმების დაშლის და პარტიზანულ დივერსიებზე 2004-06 წლებში უარის თქმის შემდეგ, 2007 წელს საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთში დაგეგმილი დე-ფაქტო ხელისუფლების არჩევნების წინ უცებ „გამოეპარა“ ახლადშექმნილი პარტიზანული რაზმის არსებობა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ რაზმის წევრები მხოლოდ პროსახელისუფლებო „რუსთავი2“-ს აძლევდნენ ინტერვიუს და იმასაც, რომ წინა წლებისაგან განსხვავებით, დე-ფაქტო აფხაზეთის ლიდერები პარტიზანების არსებობას ამჯერად უარყოფდნენ, ასევე იმას, რომ ამ პერიოდისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში იარაღის შემოტანის სფეროში საკმაოდ მკაცრი კონტროლი ჰქონდა დაწესებული, თითქმის წარმოუდგენელია, რომ ეს ახლადნაშობი „პარტიზანთა ჯგუფი“ საქართველოს ხელისუფლების დაუკითხავად მოქმედებდა. ასევე საინტერესო იყო ისიც, რომ წინა წლებისაგან განსხვავებით, როცა აფხაზური მხარე უფრო მეტ ტერაქტში გვდებდა ბრალს, ვიდრე ქართული მხარე აღიარებდა, ამჟამად სიტუაცია სარკულად შეიცვალა – ქართველები უფრო მეტ ტერაქტს იბრალებდნენ, ხოლო აფხაზები – საერთოდ არ ახსენებდნენ.

ცნობისათვის, ეს ის მხედრიონელი ნიკა რურუაა, ჯაბა იოსელიანის მარჯვენა ხელი, რომელიც ცნობილი „ვერელი ბოროტების“ საძმოს წევრი იყო და თავის ძმასთან – ჟორიკასთან ერთად, ნიღბით თუ უნიღბოდ მრავალი ადამიანის თუ იურიდიული პირის დაწიოკებაში და განადგურებაში მიუძღვის ბრალი. მიუხედავად მისი სიტყვებისა მალე – სწორედ იმავე 2007 წელს – გამოჩნდა, რომ ნიღბიანთა რაზმები მისთვის და ნაცმოძრაობისათვის არამცთუ კარგად ნაცნობი ტაქტიკა, არამედ თვითგადარჩენის სტრატეგიის ამოსავალი წერტილი გახდა.


ინფორმაცია დასაფიქრებლად:

ტერმინი „ზონდერბრიგადები“ მოდის გერმანული SS-Sonderkommando-დან, რომელიც ნაცისტების ერთ-ერთი სერიოზული ქვედანაყოფის Schutzstaffel, ანუ SS-ის სინონიმია.

The Schutzstaffel (შუტცშტაფფელ) ითარგმნება როგორც დამცავი ესკადრონი ან დამცველი კორპუსი, აბრევიატურა SS ან წარმოადგენდა ადოფლ ჰიტლერის და ნაცისტური პარტიის მთავარ პარამილიტარულ დაჯგუფებას 1925-45 წლებში. 1929 წლიდან მისი მეთაური იყო თავად რეიხსკანცლერი ჰაინრიხ ჰიმლერი.


SS დაიწყო, როგორც მცირე ზომის მუდმივი დამცავი ჯგუფები, რომლებიც მიუნხენში ახლადჩამოყალიბებული ნაცისტური პარტიის შეხვედრებს იცავდნენ. თავიდან SS უფრო დიდი დანაყოფის – შტურმბატალიონის – SA-ს ქვედანაყოფს წარმოადგენდა. მაგრამ SA მთლიანად პარტიის დამცავი ნაწილი იყო, ხოლო SS -უშუალოდ პარტიის ლიდერის – ადოლფ ჰიტლერის ერთგული დანაყოფი და როცა ჰიტლერმა პარტიაში თავისი ჰეგემონია დაამყარა, SA დაშალეს, ხოლო SS თანდათან უზარმაზარ - მილიონიან – შენაერთად გაიზარდა, რომელიც ფაშისტური იდეოლოგიის მანქანის მთავარ მექანიზმად ჩამოყალიბდა, და თავისი ძალით და გავლენით გერმანულ არმიას – ვერმახტსაც კი ეცილებოდა. SS-ში ჩარიცხვისას და კარიერულ ზრდაში მთავარი არა ნიჭი და განათლება იყო, არამედ – ერთგულება, ეფექტურობა და პოლიტიკური სანდოობა. მთავარი პრინციპი იყო ნაცისტური პარტიისადმი ტოტალური ერთგულება და სრული მორჩილება მის რიგებში შესვლიდან – სიკვდილამდე. სწორედ ამიტომ იქცა ეს დანაყოფი ჰიტლერისათვის და ნაცისტური პარტიისათვის მათი ყველაზე შავბნელი ჩანაფიქრების, პარტიული ოპონენტების განადგურების, რასობრივი ეთნოციდის და გენოციდის, ჰოლოკოსტის და სხვ. – განხორციელების მთავარ შემსრულებელ რგოლად.

1945 წელს ფაშისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ SS დაშლილ იქნა, დაახლოებით 1700 ხელმძღვანელი პირი გასამართლდა და მრავალი მათგანი სიკვდილით იქნა დასჯილი. თუმცა, არის მოსაზრება, რომ ასევე მრავალი ესესელი ლინჩის წესით იქნა გასამართლებული, განსაკუთრებით – საკონცენტრაციო ბანაკების განთავისუფლების შემდეგ.


ხელისუფლების ნატვრისთვალი – ზონდერბრიგადები

საქართველოს წინა ხელისუფლების დევიზი 1999-2003 წლებში შეიძლება შემდგნაირად განისაზღვროს „მაქსიმალური კომფორტი – ხელისუფლების წევრებისათვის, სიტყვის და პრესის ზომიერი თავისუფლება, მინიმალური სარგებელი – ხალხს!“ ხოლო ვარდების ხელისუფლების შემდეგ, უფრო სწორად კი 2004 წლიდან ეს დევიზი, საწყისი ნაწილის გარდა, მნიშვნელოვნად შეიცვალა და გახდა: „მაქსიმალური კომფორტი – ხელისუფლების წევრებისათვის, მაქსიმალური რეკლამა – საერთაშორისო ასპარეზზე, მაქსიმალური დაშინება - ხალხს!“

ვარდოვანი ხელისუფლების ამოცანა, ისევე როგორც ნებისმიერი რევოლუციური ხელისუფლების, და განსაკუთრებით – ნეობოლშევიკური თუ ნეოფაშისტური ხელისუფლებისა, იყო და არის „ახალი ადამიანის ჩამოყალიბება“. ტყუილად ხომ არ იწონებდა სააკაშვილი ჰილარი კლინტონის წინაშე თავს, რომ საქართველოში მისმა ხელისუფლებამ შეძლო მოეხდინა „მენტალური რევოლუცია“!

2003-2005 წლებში შეიძლება ითქვას, რომ „მენტალური რევოლუციის“ გარკვეული კომპონენტი მართლაც განათლების რეფორმაზე და ახალი ადამიანის აღზრდაზე მოდიოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ ვარდების ხელისუფალთა სახით მათ არა მორალური ხელისუფლება, არამედ – მორალზე მოლაპარაკე ამორალური ხელისუფლება შერჩათ ხელში, და როცა ცხვრის ტყავში გამოწყობილმა მგლებმა თავისი მგლური სახის მალი-მალ დემონსტრირება დაიწყეს, სულ უფრო ძნელი გახდა საგანმანათლებლო კომპონენტის გამოყენება და ხელისუფლებაც, რომელიც ამისთვის შინაგანად ყოველთვის მზად იყო, ადვილად გადაერთო მუქარის, დაშინების და ძალადობის ტაქტიკაზე. „მენტალური რევოლუცია“ პოლიციის, სოდ-ის, კუდ-ის, პროკურატურის, საგადასახადო სამსახურის, მანდატურების და… ზონდერბრიგადების მეშვეობით!

და მაინც, რატომ ზონდერბრიგადები?

რატომ უნდა დასჭირვებოდა ლამის 100,000 ძალოვნის მქონე ქვეყანას უსაფრთხოების ძალისმიერი ამოცანების გადასაჭრელად შენიღბული, უკანონო, არალეგალური გასამხედროებული ქვედანაყოფები?

საქმე იმაშია, რომ მიხეილ სააკაშვილს და მის პარტიას აქვს ორი მთავარი იმპერატივი – 1) მარადიული და აბსოლუტური ძალაუფლება და 2) იმის სურვილი, რომ დემოკრატი ერქვას (იმის გარეშე, რომ დემოკრატი იყოს!)

სწორედ ამიტომ, თავისი პირველი მიზნის შავბნელი ამოცანების გადასაწყვეტად,მიხეილ სააკაშვილს სჭირდება ნიღბიანი ზონდერბრიგადები, რომლებიც ხალხის დაშინების და ძალადობის ამოცანას ისე გადაწყვეტენ, რომ მიხეილ სააკაშვილის დემ.შუქურულ ფიგურას ჩრდილი არ მიადგეს! სწორედ ამიტომ, სააკაშვილი იძულებულია, ან საკუთარ პოლიციელებს (განსაკუთრებით ერთგულ და ყველანაირ სიბინძურეზე უყოყმანოდ წამსვლელ მელნიკოვებს და მისთანებს) დრო-და-დრო გადააცვას სამოქალაქო ფორმა, ან – ცალკე მოამზადოს მისი წყალობით მასიურად ლუმპენიზებული საზოგადოებიდან ისეთი ზონდერმებრძოლები, რომლებიც ფულის გულისათვის ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც ახლობელს და ნათესავს ქვას ესვრიან, თავ-პირს დაამტვრევენ, და ხელფეხშეკრულ გვამს მაღაზიის სახურავზე შეაგდებენ.

მიხეილ სააკაშვილის მიერ ზონდერბრიგადების გამოყენების შემდგომი გრაფიკი და სპექტრი ადვილად გვარწმუნებს იმაში, რომ ნაცმოძრაობას მადა ჭამაში მოდის.

2007 წლის 7 ნოემბერი:

პირველად ჯინსებში გამოწყობილი ნიღბიანების რაზმეული, დაახლოებით 60-100 ადამიანი, რომლებიც ხელკეტებით და კასტეტებით შეიარაღებულნი რუსთაველზე მოდიოდნენ და იძახდნენ – „ბადრის რა? დედის ტყ…ა!“ სწორედ 7 ნოემბერს ვიხილეთ. ამ რაზმის წევრებმა განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი რუსთაველზე და მიმდებარე ტერიტორიაზე მიტინგის მონაწილეთა დაუნდობელ დევნასა და ძალადობაში. ერთ-ერთმა მათგანმა კი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ავთო ჯორბენაძეს ხელკეტით ისეთი ტრავმები მიაყენა, რომ ეს უკანასკნელი რამდენიმე დღე რეანიმაციაში იყო. მოუხედავად იმისა, რომ მთელი თბილისი უკავშირებდა ამ რაზმს ყოფილ მხედრიონელს და იმჟამად პარლამენტარ ნიკა რურუას, გამოძიებას არაფერი დაუდგენია, არავინ დაუკავებია. რაც წარმოდუგენელია, რადგან მსოფლიოს არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არავითარი პრობლემა იქნებოდა მრავალრიცხვოვანი ვიდეოების და ფოტოების წყალობით ამ ხალხის ნაწილის მაინც დადგენა და დაკავება.

2009 წლის 100-დღიანი ოპოზიციური აქციების დარბევა:

2009 წლის აპრილ-ივლისის 100-დღიანი საპროტესტო მოძრაობის დროს ზონდერბრიგადების და გადაცმული აგენტების მიერ ოპოზიციონერთა წინააღმდეგ მრავალი აქტი განხორციელდა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ოპოზიციის მიტინგის მიმართ ბმვ-ს ტიპის მანქანიდან ფეკალური მასებით დატენილი ცელოფნის პარკების გამოტყორცნა. როგორც რუსთაველი ამბობს – „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების…“. მაგრამ იყო უფრო დრამატული შემთხვევები, როცა ადამიანებმა მხედველობა დაკარგეს, მოტეხილობა და სხვა სახის დაზიანება მიიღეს, მრავალი მათგანი კი ცემეს და მორალური შეურაცხყოფა მიაყენეს.

აი, ამონარიდი „ჰუმან რაითს უოთჩის“ ანგარიშიდან:

2009 წლის აპრილიდან ივლისამდე დაუდგენელი პირები დროდადრო თავს ესხმოდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ ათეულობით აქციის მონაწილეს. მსგავსი ფაქტები თითქმის ყოველდღე ხდებოდა. ყველა ამ ფაქტს საერთო მახასიათებელი ჰქონდა – ღამით, ნიღბიანი მამაკაცების ჯგუფი თავს ესხმოდა აქციის მონაწილეებს, არა იმ ტერიტორიაზე სადაც დემონსტრაცია მიმდინარეობდა, არამედ ახლო მდებარე ქუჩებზე. ყველა თავდასხმა ერთი ნიშნით ხასიათდებოდა – თავდამსხმელების სამიზნე ხდებოდნენ ოპოზიციური პარტიების კონკრეტული წარმომადგნელები და აქტივისტები. ჩვენებებში ნათქვამია, რომ პოლიცია რეაგირებას არ ახდენდა მსგავს ფაქტებზე, ზოგიერთ შემთხვევაში პოლიციელებს ადანაშაულებდნენ ძალადობის ფაქტებზე თვალის დახუჭვაში.

29 მაისს საღამოს 8 საათზე, როცა რუსთაველზე მშვიდობიანი მიტინგის მონაწილეთა რაოდენობა შემცირდა, მათ მიმართ დაიწყო აგურების და ქვების მსროლელი რაზმეულის შეტევა ფურცელაძის ქუჩიდან. როგორც შემდეგ გამოირკვა, სამოქალაქო ფორმებში გამოწყობილი ეს ზონდერთა რაზმი, ნაწილობრივ მაინც, კუდ-ის თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული. სამწუხაროდ, ყველა ის მოქალაქე, ვინც იმ ღამეს სხვადასახვა დაზიანებებით მიიყვანეს საავადმყოფოებში, სამედიცინო დაწესებულებებმა ისე სასწრაფოდ გაწერეს, რომ დაზიანებები არ დაუფიქსირებიათ, ხოლო „სპეცდავალების დროს დაჭრილი გმირი პოლიციელები“ კი ხელისუფლების წევრებმა ტელეკამერების თანდაწრებით პალატებში მოინახულეს. არავის უკითხავს, რატომ იყვნენ “გმირი პოლიციელები” სპეცდავალების შესრულების დროს უნიფორმის გარეშე და როგორ უნდა მიმხვდარიყო ოპოზიციონერი მოქალაქე, რომ აგურის ნატეხით შეიარაღებული და მისი მაგინებელი პირი პოლიციელი იყო.

კიდევ უფრო სასტიკი იყო იმავე წლის 15 ივნისის აბსოლუტურად მშვიდობიანი მიტინგის დარბევა პოლიციის სამმართველოსთან. ეს იყო თავდასხმა მოულოდნელად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ზურგიდან, მასიური სასტიკი შეტევა ქალებზე, ჟურნალისტებზე!.. აი, ამონარიდი „ჰუმან რაითს უოთჩის“ ანგარიშიდან:

2009 წლის 15 ივნისს რეზინის ხელკეტებით შეიარაღებული პოლიციელები, რომელთა ნაწილს სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ და ნიღბები ეკეთათ, (Sic!) თავს დაესხნენ აქციის მონაწილე ოპოზიციური ჯგუფების ახალგაზრდული ფრთის ათეულობით წარმომადგენელს, რომლებიც მშვიდობიან საპროტესტო აქციას აწყობდნენ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან.

სამართალდამცველები ათეულობით მშვიდობიან მომიტინგეს სასტიკად გაუსწორდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ პოლიციისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევით და არც აგრესიულად იქცეოდნენ.

უფრო მეტიც, ზოგიერთი ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა; ჟურნალისტებს ასევე წაართვეს აპარატურა (მოგვიანებით დაუბრუნეს). შედეგად დააკავეს 39 ადამიანი, ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის ხუთ აქტივისტს (მათ შორის დაჩი ცაგურიას) ერთთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სხვები კი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი ვახტანგ მენაბდე პოლიციამ სცემა, მიუხედავად იმისა, რომ მას სპეციალური ფორმა ეცვა „სახალხო დამცველის“წარმომადგენლის ნიშნით.


2009 წლის ოპოზიციის აქციების შემდეგ სააკაშვილმა და ნაცმოძრაობამ ზონდერბრიგადების გამოყენება სტრატეგიის რანგში აიყვანეს. ყველასთვის აშკარა გახდა, რომ სააკაშვილი ვეღარ გამოიყენებდა ისეთ მასიურ საპოლიციო ძალას, როგორც ეს მან 2007 წელს გააკეთა. ამით ის საკუთარ “დემოკრატის იმიჯს” საბოლოდ დამარხავდა. ამიტომ მან გამოიყენა მცირე ზონდერჯგუფების და წერტილოვანი დარტყმების ტაქტიკა, 100-მდე ოპოზიციონერი სცემეს, როცა ისინი მიტინგებიდან შინ ბრუნდებოდნენ, იყო შემთხვევები, როცა ეს ყველაფერი დაფისქირებული იყო კამერებზე. მაგრამ არავინ არაფერი გამოიძია და უცხოეთის რამდენიმე უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშში დაფიქსირებულ შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, მიშას და ნაცმოს პასუხი არაფერზე მოსთხოვეს. აღმოჩნდა, რომ მაშინ, მნიშვნელოვანწილად, სწორედ ზონდერებმა გადაარჩინეს სააკაშვილის რეჟიმი.

ამ პერიოდისათვის გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ მოახდინა ზონდერბრიგადების სტრუქტურული ფორმირება – ლაპარაკობდნენ კოდუას, ბასიშვილის, ჯანაშვილის, რურუას, უდესიანის ზონდერბრიგადებზე. თითოეულ ამ რაზმში არიან პირები, რომლებიც გაფორმებული არიან სხვადასხვა სტრუქტურებში, სადაც ხელფასს ვითომ ამ სტრუქტურაში – კუდ-ი, გამგეობა, სპორტული კლუბი, არასამთავრობო ორგანიზაცია, სკოლა – სამსახურისთვის იღებენ, ხოლო მათი მთავარი დანიშნულება ოპოზიციური მიტინგების დაშლა და ოპოზიციის აქტივისტთა თუ ჟურნალისტთა მიმართ დაშინება და ძალადობაა.

ინფორმაცია დასაფიქრებლად -2:

2011 წლის თებერვალში ხელისუფლებამ მოულოდნელად გაანთავისუფლა 24 წლით პატიმრობამისჯილი დათო შენგელია! „ტყის ძმების“ ყოფილი უფროსი შენგელია უეცრად ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების(!) მოტივით. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ქართულ მართლმსაჯულებას და პენტიენციარულ სისტემას მსგავსი გულჩვილობა კატეგორიულად არ ახასიათებს!


საინტერესო ფაილი აღმოვაჩინე, რომ საგადასახადო სამსახურმა 2011 წ. 6 ივნისს ყადაღა დაადო ვინმე ზურაბ სამუშიას ქონებას. საინტერესოა, შემთხვევით, ეს ის ზურაბ სამუშია ხომ არაა, „თეთრი ლეგიონის“ ყოფილი მეთაური?

6 ივნისი 2011 – ყადაღადაედოს “ზურაბსამუშია“-ს (ს/ნ 01012009768; იურიდიული მის: ქ. თბილისისისნისრაიონში /. ვაზისუბნისდას. კორპ 22 ბ 5)

nbe.gov.ge/files/documents/sagadasaxado/zurab_samuSia.pdf 


„ომში დაღუპულებს – ძეგლები, გადარჩენილებს – ხელკეტები!“

2011 წ. 3 იანვარს – ომის გმირების მემორიალური სტელიდან ორიოდე ასეულ მეტრში და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა საპატიო კედლის ახლოს საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა ვეტერანების აქციის დარბევა.

ომის ვეტერანები აქციის დარბევიდან რამდენიმე საათით ადრე იმაზეც წუხდნენ, რომ რვადღიანი შიმშილობის შემდეგ, მათ ხელისუფლებიდან არავინ გამოხმაურებია. თავდაპირველად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მათ მიმართ არ ჰქონიათ არანაირი წინააღმდეგობა და აგრესია, მაგრამ შემდეგ იქ გამოჩდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ზონდერბრიგადები, რომლებმაც ძალიან აგრესიული შეტევა დაიწყეს ვეტერანებზე. ძალთა განლაგება აშკარად უთანასწორო იყო, ვეტერანები და მათი გულშემატკივრები 30-40 კაცი იყო, რომლებიც არანაირად არ კეტავდნენ ტრანსპორტის მოძრაობას, ხოლო ზონდერბრიგადები თავისი პატრულის ჩათვლით მათზე სამჯერ-ოთხჯერ მეტი. მათ საშინელი აგრესია გამოიჩინეს და სასტიკად გაუსწორდნენ მშვიდობიან პროტესტანტებს. სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა პოლიციელმა ოთარ გვენეტაძემ (სურათზე – წითელი წრით) სახეში გამეტებით დაარტყა მიტინგის მონაწილე ეკა მათიაშვილს. ქალის ცემის ამ ფაქტზე, რა თქმა უნდა, ვეტერანებმა პროტესტი გამოხატეს და რამდენიმე მათგანი ზონდერებმა ცემეს. ანუ, უფორმო პოლიციელთა უკანონო, პროვოკაციულმა ქმედებამ გამოიწვია ვეტერანთა კანონიერი აქციის შეწყვეტა.


საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით – მოქალაქე ვალდებულია შეასრულოს პოლიციელის მხოლოდ კანონიერი მოთხოვნა! თუ ეს მოთხოვნა არ არის კანონიერი, მოქალაქე ვალდებული არ არის შეასრულოს უკანონო მოთხოვნა და, მითუმეტეს, როცა ფორმის გარეშე მყოფი სამართალდამცველი აყენებს მოთხოვნას, მოქალაქე არამცდაარამც არ არის ვალდებული შეასრულოს მოთხოვნა.

ომის ვეტერანთა აქციის დაშლიდან ზუსტად ერთ საათში, ვარაზისხევში საქართველოს პრეზიდენტის ესკორტმა ჩამოიარა. ისინი მუქი მანქანების ჩაწეული მინებიდან ყურადღებით ათვალიერებდნენ გმირთა მემორიალის გასუფთავებულტერიტორიას. სავარაუდოდ, ვეტერანების აქციის დაშლა და ზონდერბრიგადების გამოყენება სწორედ მიხეილ სააკაშვილის პირადი მითითებით მოხდა.

(რადიო „თავისუფლების“ მასალების მიხედვით.)


www.radiotavisupleba.ge/content/article/2265994.html

2011 წლის 26 მაისი

ამ თემაზე სპეციალური სტატია მაქვს ჩემს ბლოგზე – “2011 წლის 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის დღე!”. ამდენად, შინდისფერ მოსასხამებში გამოწყობილი ზონდერბრიგადების მიერ პროტესტანტების და ჟურნალისტების მიმართ კატასტროფულ ძალადობაზე ამჯერად აღარაფერს დავამატებ.

ამავდროულად, სრული სერიოზულობით ვიმეორებ, რომ ჩემთვის ნაციონალური მოძრაობის სერიოზული ეროზია დაიწყო სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან, რომელიც მართლაც იქცა ვარდოვანი ხელისუფლების იმ ტესტად, რამაც მათი ნამდვილი სახე გამოაშკარავა. 2007 წლის 7 ნოემბერი და იმედის დარბევა იყო წყალგამყოფი, რომელმაც დაასაფლავა მითი ამ ხელისუფლების დემოკრატიულობაზე. 2008 წლის გაყალბებული არჩევნები და რუსეთ-საქართველოს ომი იყო სააკაშვილის სრული კრახი, რომელმაც ეს ხელისუფლება ქართული სახელმწიფობრიობის განვითარებასთვის შეუთავსებელ სიმსივნედ აქცია. ამის შემდეგ ერთადერთი გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის გადადგომა უნდა ყოფილიყო… 2011 წლის 26 მაისის ღამე იყო მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის გაფორმება საქართველოს მოსახლეობის მოსისხლე მტრად, რომლის ხელისუფლებიდან მოშორება უნდა წარმოადგენდეს ნებისმიერი ნორმალური მოქალაქის მიზანს. როგორც თომას ჯეფერსონი ამბობდა, „როცა უსამართლობა კანონად იქცევა, დაუმორჩილებლობა მოვალეობა ხდება!“

http://solomonternaleli.wordpress.com/tag/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98/page/2/

სააკაშვილის დავალებით და ყოფილი თავდაცვის, ხოლო ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩო ახალაიას უშუალო ხელმძღვანელობით ზუგდიდში არჩევნების წინ ზონდერებს წვრთნიან. დააკვირდით, რომ ამ უცნაურად გამოწყობილ ადამიანებს, რომლებსაც ხელისუფლება მათ ე.წ. „ნებაყოფლობით რეზერვად“ ასაღებს, და რომელიც თითქოს მტრის თავდასხმის შემთხვევაში თავდასაცავად შექმნა, ისეთი ეკიპირებით და ტაქტიკით ამზადებენ, რომელიც მხოლოდ მიტინგების დასაშლელად გამოიყენება.


http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=MH2gIIyaWg0

დიმიტრი ლორთქიფანიძის ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ „ზონდერი ქალების“ ჯგუფები ჩამოაყალიბა. http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=12576

ზესტაფონის სამხედრო კომისრის და ადგილობრივი მაშველთა სამსახურის უფროსის მიერ ინფო-9-ის ოპერატორის ცემის ფაქტი


http://www.youtube.com/watch?v=-zpVspV8_Y4&feature=endscreen&NR=1

გამგეობის თანამშრომლები მიათრევენ ცაიშში პრეზიდენტთან შეხვედრის მსურველ მოხუცებულ ქალბატონს, 3 ინვალიდი შვილიშვილის მარჩენალს როზა წყაბელიას, რომელმაც გაბედა და პრეზიდენტისათვის თავისი სატკივრის გამხელა სურდა:


http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=R9dIUHH1g-E

მერეთის ინციდენტი – ყოფილი და ამჟამინდელი გამგეობის წევრების, სამაშველო სამსახურის უფროსის, სპორტსმენი ზონდერების ძალადობა ქართული ოცნების აქტივისტების მიმართ 

ხელისუფლებამ მერეთის ინციდენტის ზონდერები წაახალისა – გამგებლებსა და გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს პრემიები დაურიგა, ხოლო სპორტსმენი სამართალდამრღვევები გორის დილის გასვლით მატჩზე საზღვარგარეთ საგზურით დააჯილდოვა.


კარალეთში დევნილთა დასახლებაში ცნობილი ზონდერის, გამგეობის წევრის გოგიტა გოჩაშვილის მიერ ქართული ოცნების აქტივისტების მიმართ გამოყენებული პროვოცირების მეთოდები და ქვის სროლის ფაქტები.


ხელვაჩაურის გამგებელი თამაზ დუმბაძე ბეშუმის ინციდენტში მონაწილეობას ადასტურებს და აცხადებს, რომ არის და იქნება ზონდერი … მოკლედ ჰიმლერი არ იამაყებდა ასე ზონდერობით! 21-ე საუკუნეში მაინც, ყოველ შემთხვევაში! ?VS=0&id=2539&l=G&m=1000

WWW.info9.ge/?VS=0&id=2539&l=G&m=1000

ზონდერები უცხოეთში – ემიგრანტების ტერორი:
“ძალიან ცუდ დღეში ვართ იტალიაში. საკონსულო ითხოვს დოკუმენტს საცხოვრებელი ადგილიდან. აქ უმეტესობა არალეგალია, ვისაც საბუთი აქვს, იმათ კარს უხურავენ – ფაქტობრივად ესენი ხალხის დაშინებით არიან დაკავებულები. აქ არის რამდენიმე ორგანიზაცია, ამას არ დავმალავ, ერთ-ერთია “ჯალეთი”, რომელიც დაახლოებულია გიული ალასანიასთან. 19 ივლისსს გვქონდა შეხვედრა ქართველ ემიგრანტებთან, გვინდოდა მოგვემზადებინა პეტიცია, რომ სხვადასხვა ქალაქებში გაიხსნას საარჩევნო უბნები – ეს გაიგო საელჩომ და ატყდა ერთი ამბავი. არადა, აქ 60 000 ქართველია”, – აცხადებს იტალიაში მცხოვრები ბექა გოგოსაშვილი გაზეთ “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით – „გიული ალასანიამ ემიგრანტების დასაშანტაჟებლად “ზონდერბიგადები” შექმნა?!“

“ჯალეთის” ხელმძღვანელი არის ნათია ზაზაშვილი, გიული ალასანიას ახლობელი და მას თვითონ გიული ალასანია აფინანსებს. (view.php?for_id=14710&f_cat=9&a_title=%60giuli+alasaniam+emigrantebis+dasaSantaJeblad+%22zonderbrigadebi%22+Seqmna?!)

http://www.for.ge/view.php?for_id=14710&f_cat=9&a_title=%60giuli+alasaniam+emigrantebis+dasaSantaJeblad+%22zonderbrigadebi%22+Seqmna?!

სააკაშვილის ხელისუფლებამ გამოიყვანა ახალი ყაიდის ზონდერ-ჟურნალისტები, რომლებიც უკვე ჩემს მიერ ადრე გამოყენებულ ტერმინს – “ურნალისტებს” აღარ აკმაყოფილებენ. ისინი, - რეალ-TV, მედიის თავისუფლების ჯგუფი, ვინმე ექს-პოლიციელი ბიჭიკო გვენეტაძე, აბსოლუტურად მარაზმატიკული ეკა ყოლბაია, ერთ დროს მართლაც ჟურნალისტი მალხაზ ბასილაია, სავარაუდოდ კუდ-ის თანამშრომელი ალისტრახო როხვაძე და სხვები გაცილებით „წინ წავიდნენ“ და უკვე ახორციელებენ არამარტო მოსახლეობის სრულ საინფორმაციო დაბოლებას, არამედ – სრულფასოვან ფსიქოლოგიურ ტერორსაც, ამჯერად - ჟურნალისტების მიმართ. განსაკუთრებით ამოიჩემეს მათ ინფო-9-ის ჟურნალისტი, ეკა დუგლაძე, რომელსაც მუდამ თან დაჰყვებიან და პროფესიული მოვალეობის განხორციელების საშუალებას არ აძლევენ, თანაც უხეშად ერევიან მის პირად ცხოვრებაში და აყენებენ მორალურ შეურაცხყოფას!

ეკა ყოლბაია – ზონდერ-ჟურნალისტი ქალის “ეტალონი” -

http://info9.ge/?l=E&m=1000&id=1688

მაგრამ გაცილებით უფრო სერიოზულია ის, რომ ამ ზონდერ-ჟურნალისტების კოორდინაციას სახელმწიფო ეწევა. მათ მფარველობს პატრული. ხოლო უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ და საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ასეთი განცხადება გააკეთა – „ეს არის იმავე მეთოდების გადმოღება კონკურენტი ჟურნალისტების მიერ, რაც თავიდან პრაქტიკაში თავად ინფო-9-მ დანერგა!“ და ამას ამბობს ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრებისეული, პროფესიული გამოცდილების მიხედვით მშვენივრად იცის, რა სერიოზული განსხვავებაა ადმინისტრაციული სამსახურის მოხელისთვის შეკითხვების დასმასა და ჟურნალისტისათვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლას შორის! და თანაც გიგა ბოკერიას, რომელმაც ხელი დაიბანა ზონდერტერორისტი ჟურნალისტების საქმიანობის გამოძიებაზე, სწორედაც რომ მოეთხოვება თანამდებობრივად ამის გაკეთება და მართლაც მარაზმია, რომ იგი იმავე არგუმენტაციას იყენებს, რასაც მისი მეუღლე, დემაგოგიის დედოფალი და პროსახელისუფლებო ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი – თამარ ჩერგოლეიშვილი – თურმე ეს არ არის ხელისუფლების საქმე, რომ ჟურნალისტებს შორის ჩადგეს! საინტერესოა, როგორ აჭიკჭიკდებოდა ბატონი ბოკერია, თუ მისი ძვირფასი მეუღლის და მისი თანამშრომლების მიმართ იქნებოდა გამოყენებული ასეთი ოპერატიულ-ფსიქოლოგიური ტერორის მეთოდები?!

ფიზიკური ძალადობა ჟურნალისტ დავით ჩავლეიშვილზე:

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის წინ გაჩერებული სამარშრუტო ტაქსის მგზავრების გადაღებისთვის „ინფო 9“-ს ოპერატორს ხელით შეეხნენ და შუბლი გაუტეხეს. გადამღები ჯგუფი მუნიციპალიტეტის წინ გაჩერებული მანქანებიდან ერთ-ერთში ავიდა და იქ მყოფთ ჰკითხა, სად მიდიოდნენ და რა მიზნით. ამ კითხვამ სამარშრუტო ტაქსის გარეთ მდგომი ახალგაზრდა მამაკაცი გააღიზიანა. მან ჯერ ჟურნალისტს დაუყვირა, ხოლო შემდეგ „ინფო 9“-ის ოპერატორს დავით ჩავლეიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და კამერას ხელი დაარტყა. სახის არეში მიყენებული დაზიანებით ოპერატორი ჩავლეიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. „გურია NEW“-ის ჟურნალისტი ლალი იმედაშვილი ამბობს, რომ როგორც კი ამ ფაქტის შესახებ შეიტყო, შემთხვევის ადგილზე მივიდა და გამგებელს გაესაუბრა. „არ ვარ ფაქტის თვითმხილველი მითხრა გამგებელის მოადგილე კახა ასკურავამ და ისტერიულად დაიწყო სიცილი,“-აცხადებს ლალი იმედაშვილი. ჟურნალისტი ნინო ხელაძე ამბობს, რომ გამგეობას პედაგოგები ბათუმში მიჰყავდათ. ამას ადასტურებს ლალი იმედაშვილი და აღნიშნავს, რომ შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ავტობუსებში ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდა წევრებიც ჩასვეს.

გასაგებია, რომ ხელისუფლებას ზონდერებზე მზარდი მოთხოვნილება გააჩნია. მაგრამ როგორ ჩნდება ზონდერბრიგადებში გაწევრიანების სურვილი? საქართველოს „მენტალური რევოლუციის“ პროტაგონისტმა მთავრობამ ეს კარგად გათვალა და სათანადო პირობები შექმნა, რომ მის მიერ სხვადასხვა მეთოდებით (გადასახადები, საბანკოი კრედიტები, ჯარიმები, მიწის წართმევები, სამსახურიდან განთავისუფლებები) ლუმპენიზირებული ადამიანური რესურსებით ზონდერბრიგადების შევსების წყარო არასოდეს დაშრეს:

ზონდერბრიგადები, როგორც უმუშევრობის ალტერნატივა.http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=hZPZx6p2eA0

დასკვნა: 

საქართველოს ხელისუფლებამ 2004-2006 წწ. გააუქმა პარტიზანული მოძრაობა – არალეგალური პარამილიტარული ჯგუფების გამოყენება საგარეო მიზნების და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების თუ კონტროლის მიზნით. თავისი ეს ნაბიჯი მან ახსნა პროგრესული ხედვით, ცივილური ნორმების დანერგვის სურვილით და ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიით, რომელშიც საგარეო და თავდაცვითი ამოცანების გადაჭრა სერიოზულად მომზადებულ, გაწვრთნილ და სტრუქტურირებულ სახელმწიფო ინსტიტუციებს დაევალა და არა – უსისტემო და არალეგალურ პარტიზანებს.

მაგრამ იმავე ხელისუფლებამ განახორციელა აბსოლუტურად საპირისპირო ნაბიჯი საშინაო პოლიტიკაში, როდესაც ცივილური ნორმების დანერგვის მაგიერ მოახდინა ყოფილი პარტიზანების, ყოფილი მხედრიონელების, სპორტსმენების, ნარკომანების, უმუშევრების და ნებისმიერი გაჭირვებული ფენებიდან მოზიდული ადმიანების მანქურთიზაცია და არალეგალური, შეიარაღებული და გაწვრთნილი ზონდერბრიგადების ჩამოყალიბება თავისი ვიწროპარტიული და ანგარებითი ინტერესების მისაღწევად! უცანურია, როგორ შეიძლება ვენდოთ მათ განცხადებებს, რომ საგარეო და თავდაცვის ამოცანების გადაჭრა პარტიზანების ხელით მიუღებელია, თუ საშინაო პოლიტიკაში - საკუთარი მოქალაქეების, რიგითი ადამიანების და პოლიტიკური ოპონენტების დასაშინებლად და მათზე ძალადობის განსახორციელებლად ჩვეულებრივი ფაშიზმის მეთოდებს იყენებენ! რა არის ეს, თუ არა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ გაჩაღებული ნამდვილი სამოქალაქო ომი?! თანაც ამას აკეთებენ ძალიან მარტივი სქემით – მოსახლეობას აღატაკებენ – გაუსაძლის პირობებს უქმნიან, ართმევენ ელემენტარული სარჩო-საბადებლის მოპოვების ნებისმიერ გზას და შემდეგ ლუმპენზირებულებს თავაზობენ “მარტივ გამოსავალს” – გახდეს ზონდერი, მანქურთი და ოჯახი გამოკვებოს საკუთარი თანამოძმეების და თანამოქალაქეების რტყმევითა და დაშინებით მოპოვებული იუდას 30 ვერცხლით!

ეს არის დახვეწილი გენოციდი!

ერის დაპირისპირება, სულიერი გარყვნა და ფიზიკური მოსპობა!

სწორედ ამიტომ უნდა ჩაითვალოს მიხეილ სააკაშვილი ქართველი ხალხის გამრყვნელ მარშალ ბეტნაკურად, რომელმაც შეიძლება “კარგად დაიწყო”, მაგრამ როგორც დაამთავრებს, აშკარაა!

ხელისუფლებაში მყოფი მაღალი რანგის ოფიციალები თავის დროზე სწორედაც რომ იგივე საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი, როგორც SA-ის და SS-ის შტურმოვიკები მიუნხენის ლუდის პუტჩის პერიოდში – ისროდნენ ქვებს, ურტყამდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, აწყობდნენ პროვოკაციებს, აშინებდნენ კონკურენტი პარტიის ლიდერებს და აქტივისტებს და გამოხატავდნენ „ფიურერის“ მიმართ მორჩილებას და არნახულ მოწიწებას, რითაც ხელს უწყობდნენ „მიშა მაგარიას!“ ფენომენის დაბადებას. სწორედ მათი დამკვიდრებულია ის სტანდარტი, რომ არა მარტო ზონდერჯგუფები, არამედ, სამწუხაროდ საქართველოს პოლიციაც კი, იქცევა როგორც ზონდერები (და ნაცისტები!) და პოლიტიკური პროცესების – ოპონენტებთან მშვიდობიანი დაპირისპირების დროს მთელი ძალით გაჰყვირის „მიშა! მიშა!“, რაც სრული ანალოგიაა სავალალოდ ცნობილი «Hail Hitler!»-ისა. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მათ – კირკიტაძეს, კეზერაშვილს, სანოძეს, ახალაიებს, არსოშვილს, ცისკარიშვილს, გეწაძეს, ბრეგაძეს და სხვებს, სწორედ რომ ზონდერობის გამოცდილება და ზონდერბრიგადებით ქვეყნის მართვის დიდი სურვილი აქვთ. ეს ისაა, რაც მათ ხუთიანზე იციან. ეს არის მათი “დედა-ენა”, მათი ალფა და ომეგა…


როგორ იწყებოდა ზონდერიზმი ნაცმოძრაობაში – ქვების სროლა 2003 წელს http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=LVUEq0fNOuA

ოღონდ რა შუაშია აქ “დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის მდიდარი გამოცდილება” და “შთამბეჭდავი ინსტიტუციონალური განვითარება”, ან – „მენტალური რევოლუცია“, ამის პასუხს მე პირადად ამერიკის და ევროკავშირის ლიდერებისაგან ველი… ხომ არ შეიძლება, საკუთარ ქვეყნებში თომას ჯეფერსონი, ჯორჯ ვაშინგტონი, მაჰათმა განდი, მარტინ ლუთერ კინგი, ვაცლავ ჰაველი, აუნ სან სუ ჩი, ნელსონ მანდელა გყავდეს აღიარებული დემოკრატიულ ლიდერებად, და საქართველოში ზონდერბრიგადების ფიურერს უძღვნიდე დითირამბებს, როგორც რეგიონის წარმატებულ ლიდერს! ნეტა, ასეთი რა ხიბლი აქვს ამ ყბადაღებულ იუსტიციის სახლებს, რომ მათ უკან წარმოებული სახელმწიფო ტერორი და ზონდერპოლიტიკა წარმატებით იფარება?

ნანახია - 3442

http://www.youtube.com/watch?v=MH2gIIyaWg0