საზოგადოება

დასკვნა დაიდო - პარლამენტში ჟანგბადი ნაკლებია, ნახშირორჟანგი - მეტი

დასკვნა დაიდო - პარლამენტში ჟანგბადი ნაკლებია, ნახშირორჟანგი - მეტი
თეონა მანაგაძე

2012-12-08 00:33:05

ქუთაისის 360 მლნ ლარიან პარლამენტის შენობაში ჟანგბადის შემცველობა ატმოსფერულ ჰაერში მის შემცველობასთან შედარებით ნაკლებია, ხოლო ნახშირორჟანგის შემცველობა მეტი. ამასთან, ჰაერში ფიქსირდება აქროლადი ორგანული ნივთიერებების არსებობა, მაგრამ მათი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, რადგან სამშენებლო მასალების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხდა. ამას გარდა,  ხმაურის დონეების მნიშვნელოვანი გადაჭარბება აპარატის შენობის პირველ სართულზე ფიქსირდება. ზემოთ აღნიშნულის შესახებ ნათქვამია სამეცნიერო კვლევითი ფირის - „გამას“ მიერ მომზადებულ 17 ფურცლიან დასკვნაში, რომელმაც პარლამენტის შენობა-ნაგებობებში მიკროკლიმატის მახასიათებლების კვლევის მიზნით - ჰაერის სიჩქარის, ტემპერატურის, ტენიანობის, ხმაურის, წყლის, ვინტილაციისა და რადიოაქტიური ნივთიერებების სინჯები აიღო და ნიმუშებს ლაბორატიული ანალიზი ჩაუტარა.

მართალია, მთელი დღის განმავლობაში, ეს დასკვნა მედიისთვის ხელმიუწვდომელი იყო, მაგრამ For.ge-მ აღნიშნული დასკვნა ექსკლუზიურად მოიპოვა. დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ ჰაერი განსაკუთრებით აპარატის შენობას არ მიეწოდება. კერძოდ,  დოკუმენტში ნათქვამია, რომ შენობას არ გააჩნია ბუნებრივი ვინტილაციის საშუალებები (ფანჯარა, ფრამუგი სავენტილაციო შახტა) და სამუშაო ოთახებში ჰაერის მიწოდება შესაძლებელია მხოლოდ სავინტილაციო და კონდენცირების სისტემების მუშაობის დროს.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ ოთახებში დასაქმებულია 15-30 ადამიანი (ზოგან მეტიც), ხოლო ჭერის სიმაღლე საშუალოდ 2,4-2,5 მ-ია შეიძლება ითქვას, რომ ჰაერცვლის რეჟიმი არსაკმარისია“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ შენობაში არსებული ჰაერის ხარისხის კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, დოკუმენტში გაკეთებულია ცხრილი და ირკვევა, რომ საანალიზო ნიმუშებში ჟანგბადის რაოდენობა (19.01% - 19.26 %) ატმოსფერულ ჰაერში მის შემცველობასთან შედარებით (20.9476%) დაახლოებით 1.94%-1.69%-ით ნაკლებია, თუმცა, ეს რაოდენობა სახიფათოდ არ არის მიჩნეული. რაც შეეხება ნახშირორჟანგს, მისი შემცველობა ნიმუშებში 0.060%-0.067%-ს შეადგენს.

„არ არის გამორიცხული, რომ  ჰაერის ასეთი კომპოზიცია პარლამენტის მოსამსახურე პერსონალის ფიზიკურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენდეს. აკადემიკოს ი. რუბენსკის და მისი კოლეგების მონაცემებით, როცა შენობაში ნახშირორჟანგის მოცულობითი კონცენტრაცია შეადგენს ჰაერის 0.07%-ს მოსამსახურე პერსონალს არასასიამოვნო შეგრძნებები - დაღლილობა, ძილიანობა, თავის ტკივილი, აღგზნებადობა და ა.შ უჩნდება. ამავე დროს, ადამიანის ორგანიზმი ძალიან მგრძნობიარეა ატმოსფერულ ჰაერში ჟანგბადის შემცველობაზე. 17%-მდე მისი შემცირება იწვევს პულსისა და სუნთქვის სიხშირის ზრდას. 11-13% კონცენტრაციისას აღინიშნება ჟანგბადის უკმარისობა, რომელიც იწვევს შრომისუნარიანობის მკვეთრ შემცირებას, ხოლო ჰაერში 7-8% ჟანგბადის შემცველობა შეუთავსებელია სიცოცხლესთან“, - განმარტებულია დასკვნაში.

უნდა აღინიშნოს, რომ შენობაში არასასიამოვნო სუნის  არსებობაზე for.ge არაერთ გამოქვეყნებულ მასალაში იუწყებოდა და  დასკვნით ირკვევა, რომ როგორც ძირითად შენობაში, ასევე აპარატის შენობის სათავსებში -  არასასიამოვნო სუნი იგრძნობა.

„შენობა ახლად აშენებულია და ადვილი შესაძლებელია სათავსოებში ვრცელდებოდეს საღებავებისა და წებოს მასალების შრობის პროცესში წარმოქმნილი სპეციფიური აირები. როგორც წესი, ოპერირების დაწყებამდე, შენობის მომზადება(განიავება) გარკვეულ დროს საჭიროებს, დაახლოებით 3 თვეს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

რაც შეეხება შენობის პერიმეტრზე არსებულ რადიაციულ ფონს, დოკუმენტში ნათქვამია, რომ შენობის მთელ პერიმეტრზე, კერძოდ, კორპუსების ყველა სართულსა და სარდაფებში გამოკვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ შენობის რადიაციული ფონი ქუთაისისა და მისი შემოგარენისათვის დამახასიათებელი ფონის (5-12მკრ/სთ) ფარგლებშია და შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელობისვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, სპეციალისტებმა შენობაში ტემპერატურისა და ხმაურის დონეებიც შეისწავლეს და ირკვევა, რომ ზოგიერთ სათავსში ჰაერის ტემპერატურა ოპტიმალური სამუშაო პირობებისთვის განსაზღვრულ მაჩვენებლებს აღემატება. ხოლო, ხმაურის გავრცელების დონეების მნიშვნელოვანი გადაჭარბება დაფიქისრდა აპარატის შენობის პირველ სართულზე, სხვა წერტილებში კი, ხმაური ნორმის ფარგლებშია, მაგრამ ზედა ზღვარი ფიქსირდება.

უნდა ითქვას, რომ სამეცნიერო ფირმა პარლამენტს რეკომენდაციებსაც აძლევს. კერძოდ, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ უწყების შენობის ვენტილაციის სისტემების დეტალური პროექტების, მათი შემადგენელი ჰაერცვლის და თბოცვლის ბალანსის გაანგარიშების ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს. ამასთან, მათი შეფასებით, აპარატის შენობაში საჭიროა ფარდების ან ჟალუზების მოწყობა, რათა შესაძლებელი იქნეს ტემპერატურის ცვლილების დიაპაზონის შემცირება. ასევე აქროლადი ნივთიერებების კონცენტრაციის შემცირების მიზნით, ყველა სათავსის პერიოდული განიავება უნდა მოხდეს, თუმცა, მდგომარეობას ის ართულებს, რომ ამის განხორციელება შეუძლებელია.

სამეცნიერო კვლევითი ფირმის რეკომენდაციებს მაღალი თანანმდებობის პირები გაითვალისწინებენ თუ არა, ეს მომავალში გამოჩნდება, მაგრამ ფაქტია, რომ ზოგიერთ ყოფილ მაღალჩინოსანს 360 მლნ ლარიან შენობის მშენებლობაზე საუბარი არ სურს.

For.ge დასკვნასთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, რამაზ ნიკოლაიშვილის პოზიციით დაინტერესდა, მაგრამ მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა, არც ინფორმაციულის და არც პოლიტიკურის. დეპუტატი აცხადებს, რომ ის მშენებლობაში მხოლოდ ფორმალურად მონაწილეობდა, თუმცა, ამ „ფორმალურობისთვის“ და „ისტორიული შენობის წარმატებით დასრულებისთვის“ მას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა 26 მაისს წმინდა გიორგის ორდენი უსახსოვრა. რაც შეეხება სხვა კანონმდებლებს, უმცირესობა მიიჩნევს, რომ დასკვნის პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს, ხოლო უმრავლესობა საფრთხეებზე საუბრობს და შველას ითხოვს.

როგორც for.ge-ს ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები და „მწვანეები“ ამ საკითხით უნდა დაინტერესდნენ.

„ფაქტია, რომ ყველას გვგუდავენ, რადგან დასკვნის მიხედვით, შენობაში მეტია ნახშირორჟანგი და აზოტი, ვიდრე ჟანგბადი. ზოგიერთი ორგანიზაცია ცხოველთა უფლებებს იცავს და ჩვენსას, რას ერჩიან? წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ დავიხრჩობით“, - დასძინა კანონმდებელმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე კი აცხადებს, რომ როგორც ჩანს, ამ ყველაფერმა, ზოგიერთი წევრის შესაძლებლობებზე აშკარად იმოქმედა, რადგან ზოგიერთი  მთლად ადეკვატური არ არის.

„კატასტროფაა, რაც „სტაფის“ შენობის მხარეს ხდება, რადგან  ჟანგადის ნაკლებობას ვიბრაცია და ხმაური ემატება, რაც თანამშრომლებს დამატებით პრობლემას უქმნის. არ მგონია, რომ როცა პროექტი კეთდებოდა ეს არ ყოფილიყო გათვალისწინებული. ალბათ, რაღაც „გაახალტურეს“, ან სავენტილაციო სისტემა და დამცავი ბარიერები წესიერად არ გააკეთეს, რომელიც ვიბრაციასა და ხმაურს აჩერებს. პროექტი სპეციალისტების მიერ უნდა ინახოს“, - განუცხადა for.ge-ს დეპუტატმა.

საკითხს პროფესიულ ჭრილში, „მწვანეების“ ყოფილი ხელმძღვანელი, უმრავლესობის წევრი გიორგი გაჩეჩილაძე განიხილავს. როგორც For.ge-ს გაჩეჩილაძემ განუცხადა, ასეთ გარემოში სისტემატიური ყოფნა ადამიანის ჯანმრთელობაზე იმოქმედებს და შრომისუნარიანობას განსაკუთრებით ჟანგბადი არღვევს.

„ადამიანებს სწრაფი რეაქციები უნელდება. ჩემი შეფასებით, აქ ფუნციონირება, სადაც გონებრივი მუშაობა მიდის, ასეთ პირობებში შეუძლებელია. გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ პარლამენტი თბილისში უნდა დაბრუნდეს. პოპულისტური განცხადებების გარდა, ადამიანების ჯანმრთელობაზეა საუბარი“, - განაცხადა დეპუტატმა.

გაჩეჩილაძისგან განსხვავებით, უმცირესობა მიიჩნევს, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს და მშენებლობის დასრულება უნდა მოხდეს. როგორც for.ge-ს მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, ის განსაკუთრებით, აპარატის თანამშრომლებზე წუხს, რომლებიც ე.წ. სტაფის კორპუსში სხედან.

კანონმდებელი მიიჩნევს, რომ დასკვნის პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს, მაგრამ გათბობისა და გამაგრილებლის დანადგარი, რომელიც აპარატის შენობის სახურავზეა განთავსებული, შენობის გვერდით უნდა გადაიტანონ, რომ ხმაურის დონეები მაღალი აღარ იყოს.

„პრობლემა ძალიან კარგად მესმის, რადგან დასამთავრელია შენობა. მშენებლებს უნდა ვთხოვოთ, რომ ეს დანადგარები შენობის გვერდით განათავსონ, როგორც ეს კონტროლის პალატის შემთხვევაშია. ამასთან, პარლამენტის პერიმეტრზე განთავსებულია ფანჯრები, რომლებიც უმჯობესია, რომ გააღონ. რაც შეეხება დასკვნას, იმედი მაქვს, რომ ეს დასკვნა არ იქნება პოლიტიზირებული. შეიძლება ბევრ სხვა შენობაში სინჯები აიღონ და აღმოჩნდეს, რომ მსგავსი პრობლემები იქაც არსებობს. თუ მშენებლობა გაგრძელდება და შენობა დასრულდება, ამ შემთხვევაში, უწყებაში ყველა პირობა იქნება შექმნილი, რადგან ტექნიკურად აღჭურვილია. ფაქტია, რომ რაც არ უნდა იჩქროს უმრავლესობამ, საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ და მეორეა, რომ რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობას  მომზადება სჭირდება. არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ის შენობაც საფლავზეა აშენებული, სადაც არის წითელგვარდიელთა და იუნკერთა საფლავები. ბევრისთვის კი, შეიძლება ეს მორალურად დისკომფორტული იყო“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

საკითხის დამატებით გარკვევას, for.ge სამეცნიერო კვლევითი ფირმის „გამას“ პრეზიდენტ ვახტანგ გვახარიასთანაც შეეცადა. როგორც გვახარიამ განაცხადა, ნახშიროჟანგისა და ჟანგბადის რაოდენობა ჰაერის საშუალო შემადგენლობის მაჩვენებელს არ პასუხობს და სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო განიცდიან თანამშრომლები დისკომფორტს, უსიამოვნო შეგრძენებებს, გულის რევასა და  თავის ტკვილს.

უნდა ითქვას, რომ სპეციალისტების პარლამენტში სტუმრობას, ორი დადებითი მხარე აქვს. ერთის მხრივ, შენობაში არსებული ვითარება გაირკვა, მეორეს მხრივ კი, შენობას ფანჯრები აღმოუჩინეს. კერძოდ, 21 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე, ანუ, სინჯების აღების დღეს, შენობის წრიულ პერიმეტრზე განლაგებული ფანჯრები პირველად გააღეს. მართალია, ამ ფაქტთან დაკავშირებით, ფირმას არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ფანჯრების გაღება პარლამენტში დასაქმებულ „მავანთა“ მიერ მოხდა. ამ ფაქტის შესახებ, თავად გვახარიამ არაფერი იცის, მაგრამ ამბობს, რომ ფანჯრების ღიაობა დასკვნაზე არანაირ გავლენას არ მოახდენდა.

„ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შეგვიძლია ვთქვათ, რომ შენობაში არსებული ჰაერის შემადგენლობა მოთხოვნებს არ პასუხობს“, - დასძინა გვახარიამ.

რაც შეეხება პარლამენტში დასაქმებული ადამიანების ფიზიკურ მდგომარეობას, უმეტესობა ჰაერის ნაკლებობას, თავის ტკივილს, თავბრუხვევას, გულის რევის შეგრძნებას, ძილიანობას, კანის სიწითლეს და ა.შ. უჩივის. ამასთან, ცუდად გახდომის გამო, რამდენიმე ადამიანის საავადმყოფოშიც კი გადაიყვანეს. 

ნანახია - 1601