დაიჯესტი

"ვხედავდი, როგორ მოდიოდა კვირაში ორჯერ დაწესებულების მორგში სანდრა რულოვსი"

"ვხედავდი, როგორ მოდიოდა კვირაში ორჯერ დაწესებულების მორგში სანდრა რულოვსი"
ნანა ფიცხელაური "ყველა სიახლე"

2013-02-17 11:32:05

მეტაფიზიკოსი მალხაზ გველუკაშვილი სხვა პოლიტპატიმრებზე ორი კვირით ადრე, 29 დეკემბერს ვადამდე პირობით გაათავისუფლეს. ის 2009 წლის მარტში დააპატიმრეს და გლდანის მე-8 დაწესებულებაში 3 წელი და 10 თვე გაატარა. გველუკაშვილს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა და ტერორიზმის ბრალდებით 5 წელი ჰქონდა მისჯილი. ჩვენი რესპონდენტი დაპატიმრების მოტივებზე გვესაუბრება და სკანდალურ ინფორმაციასაც გვიმხელს.

- ჩემი დაპატიმრების მიზეზი იყო ის, რომ რასაც ვამბობდი, სიმართლე აღმოჩნდა. მეტალოგიკური ანალიზის საფუძველზე ვახასიათებდი პოლიტიკოსებს, ვხსნიდი მოვლენებს. ანალიზისას ვიყენებდი ფიზიოგნომიკურ (ადამიანის დახასიათება გარეგნობის, ჟესტებისა და მანერების მიხედვით) მეთოდებს. ანალიზი უტყუარი გამოდგა და რაც 2002 წელს ვთქვი, მოხდა 2003-ში. ჩემმა საქმიანობამ პრობლემები შეუქმნა სააკაშვილსა და მის ჯგუფს. მე ისიც კი მქონდა აღწერილი, როგორ გასუქდებოდა და როგორ ფორმას მიიღებდა სააკაშვილი. ახალი არაფერი მითქვამს, ეს იმ დაავადების შედეგია, რაც მას სჭირს.

- რა ჰქვია ამ დაავადებას?
- კონსტიტუციურ აღგზნებითი ფსიქოპათია. სააკაშვილის ფსიქოპათია გა¬მოიხატებოდა მის ფორმაში, ამიტომ ადვილი იყო მისი დახასიათება. გავაანალიზე მისი ჟესტიკულაცია, სიარულისა და მეტყველების მანერები და დავადგინე, რომ ეს კაცი ჯანმრთელი არ არის, რაც არ ნიშნავს არაადეკვატურს. ეს ის დაავადება არ არის, რის გამოც ადამიანი ვერ დაისჯება, სააკაშვილი ჩვეულებრივი სოციოპათია. აი, ეს ყველაფერი რომ დავწერე, გაღიზიანდნენ. სოციოპათია ნაცმოში სერიოზული პრობლემა იყო და როგორც აღმოჩნდა - საზოგადოებაშიც, ეს კარგად დავინახე ციხეში. სოციოპათია ფსიქოპათიური დაავადებაა და საზოგადოების სიძულვილს ნიშნავს. უმრავლეს შემთხვევაში, ეს შეძენილი დაავადებაა, ზოგჯერ - თანდაყოლილი, ზოგჯერ კი - აღზრდის შედეგი. მე მათთვის პრობლემა აღმოვჩნდი იმიტომ, რომ ჩემი გაჩერება შეუძლებელი იყო და არც ახლა ვაპირებ გაჩერებას. სიმართლეს აუცილებლად ვიტყვი, თორემ ავტომატით სირბილს რომ არ დავიწყებ, ცხადია. ჩემი დევიზი ყოველთვის იყო: "ვინც არ არის კახაბერი, მე ვერ ვიტყვი კახაბერად". ტერორიზმსა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დამდეს ბრალი. ამ მუხლებით 30 წელი მაინც მეკუთვნოდა, მაგრამ 5 წელი მომისაჯეს, გააფორმეს უფასო (?!) საპროცესო გარიგება, რაღაც დოკუმენტზე მომაწერინეს ხელი და 5 წელი მომისაჯეს, რადგან მტკიცებულებები ვერ შეთითხნეს. მე ვთქვი, რამდენიც გინდათ მომისაჯეთ, 2013 წლამდე გარეთ ვიქნები-მეთქი. ჩემი გათვლებით, 2013 წლის იანვარში ესენი აღარ უნდა ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში. ეს იყო ელემენტარული გათვლა. ამასთანავე, ვიცოდი, რაც მოხდებოდა. ეს ყველაფერი ჩემი საკნიდან დაიწყო.

- რა დაიწყო თქვენი საკნიდან?
- ციხის სკანდალს ვგულისხმობ. გია ლომია, ვინც სინამდვილეში დაგეგმა და გააკეთა ეს ყველაფერი, ჩემს საკანში იჯდა. მან სთხოვა ლადო ბედუკაძეს, რომ ჩემთან, მე-8 დაწესებულებაში გადმოეყვანა. ლომია შეთითხნილი ფინანსური დანაშაულისთვის იჯდა. 200 ათასი გადაიხადა საპროცესო შეთანხმებაში და ამის შემდეგ გათავისუფლდა. ის ინტელექტუალია, იურისტი, ფსიქოლოგი, გინესის რეკორდსმენი, ბიზნესმენი, სპორტსმენი და პიარის სპეციალისტიც. რაც შეეხება ლადო ბედუკაძეს, მასზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი, კარგად მექცეოდა, პატივს მცემდა. მან გიაზე მითხრა, ინტელექტუალია და შენთან უნდა გადმოსვლა, თუ თანახმა იქნებიო. საკანში კრიმინალებთან ერთად ვიჯექი და ჩემთვის
მნიშვნელოვანი იყო ინტელექტუალის შემოყვანა. მე და ლომია რვა თვის განმავლობაში ვაანალიზებდით, შექმნილ ვითარებაში რა და როგორ გაგვეკეთებინა. ეს ხდება 2010-2011 წლებში. იმ დასკვნამდე მივედი, რომ ციხე შიგნიდან უნდა გატეხილიყო. ვუთხარი, გია, შენ თუ ამას მოახერხებ, გაიმარჯვებ, მაგრამ ვის მიმართავ დასახმარებლად, თვითონ გადაწყვიტე-მეთქი. როგორც შემდეგ შევიტყვე, გია ლომიას ირმა ინაშვილის ძმასთან ერთად მჯდარა ციხეში და როცა გათავისუფლდა, ირმასთან და დავით თარხან-მოურავთან მივიდა. ბედუკაძემ თქვა, რომ ჰქონდა წამების ამსახველი კადრები და მისცა ლომიას, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. გია ლომიამ შესთავაზა ლადო ბედუკაძეს, გადაეღოთ კარანტინის დაშლის კადრი. ლადომ ეს იუარა და მალე წავიდა კიდეც სამსახურიდან. ამ კადრის გადაღება მოახერხა აკობიამ, რომელიც ერთი წელი მუშაობდა დაწესებულებაში და არ იყო გასვრილი. ლომიამ მოუტანა მას ვიდეოთვალი, რომელიც აკობიამ ქამარზე დაიმაგრა და ისე გადაიღო კადრები (ეს მოხდა აგვისტოში). ლომიამ ეს ფირი გადასცა ირმა ინაშვილს, მან კი შალვა რამიშვილს მიაწოდა, რომელმაც "მაესტროს" ეთერში გაუშვა, მოგვიანებით ეს კადრები ევროპაში გაიტანეს. მოკლედ, როგორც იყო გათვლილი, საზოგადოებას ისეთი რეაქცია ჰქონდა. ხელისუფლებამ ერთი ჭკვიანური ის გააკეთა, რომ საზოგადოებას წინააღმდეგობა არ გაუწია, თორემ საშინელება დატრიალდებოდა. თუმცა, ეს ყველაფერი ჯერ არ დასრულებულა.

- რას გულისხმობთ?
- ვგულისხმობ იმას, რომ საზოგადოებამ შეიძლება ძველი ხელისუფლებაც გაყაროს და ახალიც, რადგან ჯერჯერობით დაუსჯელობის სინდრომია ქვეყანაში, ვერ ვხედავ სწორ ნაბიჯებს. გასაგებია, რომ პოლიტპატიმრები გამოუშვეს, მაგრამ სამართალი არ აღდგენილა. დასასჯელია ყველა, ვინც ადამიანები სოციოპათებად აქცია. ვგულისხმობ როგორც პოლიტიკოსებს, ისე პოლიციას და ციხის თანამშრომლებს. დღემდე არც ერთი დამნაშავე მოსამართლე და პროკურორი არ დასჯილა. დასჯას თავი დავანებოთ, სამსახურიდან მაინც გაეთავისუფლებინათ რომელიმე. რა, კალმახელიძეს, შაშკინს, ადეიშვილს - დანაშაული არ ჩაუდენიათ? დავით საყვარელიძეს არაფერი დაუშავებია პროკურატურაში, ან ბარამიძეს და ბეჟაშვილს? საკმაოდ მძიმე დანაშაულებზეა ლაპარაკი. ციხის ჯალათები კი დაიჭირეს, მაგრამ ვისგანაც დავალება და ბრძანება მოდიოდა, ისინი? მხოლოდ ბაჩო ახალაია რომ ჩასვეს ციხეში, ხათუნა კალმახელიძე რატომ არ დაიჭირეს, არაფერი იცოდა? იცოდა და თანაც ზედმიწევნით.

- მოგვიყევით, რა ხდებოდა მე-8 დაწესებულებაში.
- ესენი ისეთი სოციოპათები არიან, რომ ამ კადრებს იღებდნენ და მერე კაიფობდნენ. ბევრი მალავდა, რცხვენოდა და არ ლაპარაკობდა ამ საშინელებაზე, მაგრამ მინახავს ისეთი კაცი, კუდუსუნზე ხორცი რომ ჰქონდა აგლეჯილი. მორგი ჩემი საკნის წინ იყო და ვხედავდი, რამდენი წამებით მოკლული პატიმარი გადაჰყავდათ იქ. ყოველ ღამით პატიმრების ღრიალს ვისმენდი. პატიმრებს, ძირითადად, აბანოში სცემდნენ. ზამთარში ცივი წყალი გვქონდა, ზაფხულში - ცხელი და თან 5 წუთში უნდა მოგესწრო ბანაობა. ამ ყველაფერზე პრეზიდენტიდან დაწყებული, ყველას ეკისრება პასუხისმგებლობა. მე ციხეში იმასაც ვხედავდი, როგორ შემოდიოდა კვირაში ორჯერ მაინც სანდრა რულოვსი დაწესებულებაში, კონკრეტულად - მორგში.

- კი მაგრამ, რა უნდოდა სანდრა რულოვსს მორგში?
- ეს ჰკითხონ თვითონ სანდრა რულოვსს და "სომეხას", რომელიც მორგში კვეთდა ხალხს, რას უკეთებდა და რას აჭრიდა გვამებს. შემდეგ ნახონ ის მიცვალებულები, რომლებიც დაასაფლავეს და შეიტყობენ, რა უნდოდა იქ სანდრა რულოვსს. ამბობდნენ, რომ მიცვალებულ პატიმრებს ორგანოებს აჭრიდნენ... დასკვნები პროკურატურამ და გამოძიებამ გამოიტანონ...

- ახლო მომავლის ანალიზი თუ გააკეთეთ, ბატონო მალხაზ?
- ახლო მომავალში კარგს არაფერს ველოდები. თუ სამაგალითოდ არ დაისაჯა რამდენიმე კაცი მაინც, ხალხი არ გაჩერდება და ცუდად დასრულდება ყველაფერი. სააკაშვილს ან შიგნიდან გაწირავენ, ან - გარედან. ჯობია, კანონით დაისაჯოს ყველა და ხალხს გაუჩნდეს კანონის უზენაესობის განცდა. პრეზიდენტი და მისი გუნდი ჯერ კიდევ ვერ ხვდება, სად აქვთ თავი გაყოფილი. ახალი სახელისუფლებო გუნდი ცდილობს, რაც შეიძლება რბილად წარმართოს პროცესები, ხალხს კი სიმართლე სწყურია. ბიძინა ივანიშვილი არის კარგი მეურნე, თუმცა პოლიტიკაში ჯერჯერობით არაადეკვატურია. ვნახოთ, რას იზამს. ივანიშვილის გარემოცვაზე კარგს ვერაფერს ვიტყვი. სოციოპათები იქაც არიან. სააკაშვილი უნდა გასამართლდეს ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც ბოლო წლებში საქართველოში მოხდა - დაწყებული ძალაუფლების მიტაცებიდან, დამთავრებული უდანაშაულო მსხვერპლით. იგი უნდა გასამართლდეს 2008 წლის ომისთვის, აფრასიძეების მკვლელობისთვის, რუსთაველზე ჩახოცილი და ნაწამები ხალხისთვის 2007-ში, 2011-ში, იმისთვისაც, ყოველ წელიწადს ციხიდან 200-300 პატიმარი მკვდარი რომ გაჰყავდათ.

კომუნისტების დროიდან მოყოლებული ვიცოდი, რომ, ადრე თუ გვიან, ციხეში მოვხვდებოდი, მაგრამ მაინცდამაინც ამათ დროს თუ მომიწევდა, არ მეგონა. სააკაშვილმა გაბედა ის, რაც სხვამ ვერ გაბედა და ჩამსვა ციხეში, თანაც სულელური ბრალდებით. თავის დროზე, სააკაშვილმა მრჩევლობა შემომთავაზა, მაგრამ არ დავთანხმდი, რადგან ვიცოდი, რისი გამკეთებელიც იყო.

ახლა ვაპირებ წიგნი დავწერო ცნობიერების ტრანსმუტაციის შესახებ, რომელიც მეტალოგიკის, მეტაფიზიკისა და ალქიმიის ნაწილს მოიცავს. მასში ლაპარაკი იქნება იმაზე, როგორ და რატომ უნდა შეიცვალოს ცნობიერება. ყველამ უნდა იცოდეს ის ძირითადი კანონები, რითიც სამყარო მუშაობს, უნდა იცნობდეს ბუმერანგის პრინციპს - არაფერი რჩება დაუსჯელი და ყველაფერი უბრუნდება ადამიანს, ანუ იღებს იმას, რასაც იმსახურებს.

oda-kvirashi-orjer-datsesebulebis-morgshi-sandra-rulovsiq.html#ixzz2L8ht84pp

ნანახია - 1410

კომენტარები - 1

belusi

2013-02-17 15:30:53

საინტერესოა, აუცილებლად წავიკითხავ მერე ამ წიგნს. კარგი სტატიაა.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი: