კვირიაკე: კრეისერი „ბენდორა“, ანუ რა სარგებლობა მოაქვს... კანონს?
ბლოგი

კვირიაკე: კრეისერი „ბენდორა“, ანუ რა სარგებლობა მოაქვს... კანონს?

კვირიაკე:   კრეისერი „ბენდორა“, ანუ  რა სარგებლობა მოაქვს... კანონს?
ზურაბ დათუაშვილი (იერემია)

2013-03-18 20:54:47

დიდხანს ვიფიქრე, კვირის გამხსნელ თემად რომელი ამერჩია, ივანიშვილ-უსუფაშვილის უსტარები ევროპარლამენტარების მიმართ თუ აგრარუნთან დაკავშირებით აგორებული სკანდალი. ბოლოს ისევ ჩვენი უახლესი ისტორიისათვის უჩვეულო ეპისტოლური ჟანრი ვარჩიე.

მაშ ასე, გასულ კვირაში პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ ხელმოწერილ მიმართვას განცხადებითვე უპასუხა. ცალკეული ამონარიდის ციტირება საჭიროა არაა. ეს დოკუმენტი იმდენად გახმაურდა და გახალხურდა, ვფიქრობ, მალე თანამედროვე ქართული დიპლომატიის ქრესტომათიაშიც შეიტანენ. მას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა ყველა ჯურის მედიაში, ტელეკომპანია „მაესტრომ“ კი სპეციალური სპეციალური  გადაცემაც მიუძღვნა, სადაც მიწვეულმა სტუმრებმა არაერთი ბანალური ჰაზრი აფრქვიეს საზოგადოებას.

მაინც რით იყო უსუფაშვილის მიმართვა გამორჩეული?

არც მეტი, არც ნაკლები, ევროპული დიპლომატიურობით და კახური პირდაპირობით. მასში იყო ღია და ფარული ქვეტექსტები, რომელთა გაშიფრვა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.

ღია: ბატონებო, ჩანს, თქვენ ობიექტური ინფორმაციის ნაკლებობას უჩივით, ნუ ენდობით მხოლოდ ერთ წყაროს, მეორესაც დაეკითხეთ და სრულ სურათსაც მიიღებთო...

ფარული: ჯო, თქვენა ერთი ადგილი დააყენეთ, თორემა... თქვენზე ნაკლები ევროპელის დედაც კი მოვხანო...

ბუჩქებში ჩასაფრებულ მავანს საქილიკო მიეცა. ზოგმა აწგანსვენებული ზ. ჟვანიას ცნობილი ფორმულა გაიხსენა- „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი“- და განგაშის ზარს შემოჰკრა: არიქა, ქარავანმა ჩრდილოეთით გადაუხვია, უკვე ევროპას აგინებენო.

„დათა თუშაშხია“ ხომ არ გაგახსენდათ - ეე, ქურდებსა სცემენ!

ჯიგარი ხარ, დავით. მართალია,  უმცირესობის ახალმა სახემ და ილიაუნის სიამაყემ სერგო რატიანმა ინტელიგენტურად წაიკიკინა, დღეს ევროპელებს ამ ენით არ ელაპარაკებიანო, მე, პირადად, შენი ნაკალმევი თუ ნაპასტევი ძალიან მომეწონა. მაშ როგორ ეგონათ მაგ კიკიმორებს, რაკი ევროპაში ბინადრობენ და ევროპარლამენტის ფრაქციაში ბალახობენ, ყველას შეუძლია ჭკუა დაგვარიგოს? ნურას უკაცრავად ჰერებო,მისტერებო, მუსიეებო, პანებო და სენიორებო. დროა, გაიგოთ, ვის ელაპარაკებით და სასაუბრო ტონიც ამის მიხედვით შეარჩიოთ. 

ეპისტოლეთა ომი ამით როდი დასრულდა. პრემიერ-მინისტრმა უსუფაშვილის მკვახე რეპლიკა არ იკმარა და ორიოდე დღის შემდეგ თვითონაც გამოაქვეყნა მიმართვა. სანამ წავიკითხავდი, ერთი პირობა ვიფიქრე, ახლა ნახავთ, როგორი გაბრაზება ვიცით ფხუკიანმა იმერლებმა-თქო, მაგრამ  მოლოდინი არ გამიმართლდა. ივანიშვილმა შედარებით ზომიერი ტონი აირჩია, თუმცა საკმაოდ მოცულობით მიმართვაში იმდენი ნაღმი ჩადო, მარტენს-ლანდსბერგისის კანტორის ბიჭებს, წესით, მარტენის ღუმელთან მოფუსფუსე მეფოლადეთა მსგავსად, სულ ჭირის ოფლი უნდა მოეწურათ. რა დაგიკარგავს, რას ეძებ? კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენს ევროპელ ფრენდებს ფაქტების ლოგიკა სულაც ფეხებზე ჰკიდიათ. მათთვის  ქართული მულტფილმის ცნობილი პერსონაჟის, ლომის ლოგიკა უფრო მისაღებია- „აბა ჩემს შვილს ხომ არ დავსჯიო“. სხვა რა უნდა იფიქრო, როცა სახალხო პარტიამ საქართველოს ფრანგულპასპორტიანი პრემიერ-მინისტრის მიმართვა ერთ ყურში შეუშვა და მეორეში გამოუშვა და მომდევნო დღესვე ახალი დეკლარაციით უპასუხა. გინდა შეწვი, გინდა მოხარშე, ვინც წაიკითხა, დამეთანხმება- ეს დოკუმენტი ისევ ჩვენი კონსტიტუციური დიქტატორის ტყავის გადარჩენას ისახავს მიზნად...

ერთი რამ ცხადია - პრემიერმაც და პარლამენტის თავმჯდომარემაც, რეალურად, ევროპარლამენის არამკითხე მოამბეები  ერთ ადგილას გაუშვეს, ისე, როგორც 1921 წლის თებერვალში გენერალმა შალვა მაღლაკელიძემ გაუშვა რუსეთის „პოლპრედი“ საქართველოში, ასტრახანელი მეთევზის შვილი შეინმანი.

რაკი ვახსენე, სასეირო ისტორიაა და მოვკვდები, რომ არ გიამბოთ.

1921 წლის თებერვალში, როცა მე-11 არმიამ საზღვარი გადმოლახა და სამხედრო მოქმედებები დაიწყო, ხსენებული შეინმანი  დღევანდელი მოსწავლეთა სასახლის შენობაში, ნოე ჟორდანიას კაბინეტში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს. შეხვედრას  ცნობილი სოცდეკი სილიბისტრო ჯიბლაძე, ნოე რამიშვილი და თბილისის სამხედრო გუბერნატორი შალვა მაღლაკელიძე ესწრებოდნენ. შეინმანმა თავი მოისულელა, რა საზღვარი, რის საზღვარი, რა მე-11 არმია, რის მე-11 არმიაო. მერე დიდმა ნოე ნიკოლაევიჩმა პატარა ვლადიმირ ილიჩთან ტელეფონით საუბარი ისურვა, მაგრამ საშუალო იოსებ ბესარიონოვიჩმა როსტოვთან კავშირგაბმულობის მავთულები „გაწყვიტა“ და კონსტრუქციული დიალოგი არ შედგა. ამით განრისხებულმა შალვა მაღლაკელიძემ (ვენაცვალე, ჯიგარი ვანელი იყო) შეინმანს ქეჩოში ჩაავლო ხელი, კაბინეტის კარამდე მიათრია და პანღურით გაუძახა გარეთ. ნოეს გაოგნებისგან ენა ჩაუვარდა. მხოლოდ ქართული სოციალ-დემოკრატიის მეორე მამას (პირველი ეგნატე იყო, ნინოშვილი) აღმოხდა ყრუდ- „აი რაია, ყაჩაღობაა“?

ეს ისე, ისტორიული პარალელების მოყვარულთათვის, ჩვენ კი „პირველივე სიტყუასა ზედა აღვიდეთ“ და ამასთან დაკავშირებით ჩემი გულწრფელი გაოცება მინდა გამოვხატო. ვაჟა ზაზაევიჩის არ იყოს, ეს ორი სათაური... სათაური კი არა, მიმართვა რა საჭირო იყო, მაინც ვერ გავიგე. ახლა არ მითხრათ, გადათეთრების შემდეგ ივანიშვილს საბოლოო ვარიანტი არ წაუკითხავს და რაც უსუფაშვილს გამორჩა, იმის  დამატება სურდაო. რაც უსუფაშვილს „გამორჩა“, ის ქართულ მეტყველებაში ფართოდ გავრცელებული „ტყ“ ბგერათკომპლექსია და თუ მომავალში კიდევ რაიმე განცხადების გაკეთებას აპირებთ, იმედია, ამ „ხარვეზს“ გაითვალისწინებთ.

ვკრატცე, ზანზარინო, ვკრატცე!

მმართველი კოალიციის თემა პარლამენტის თავმჯდომარის ამერიკული ვოიაჟით მინდა დავასრულო. ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, რამდენად წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს ეს ვიზიტი, იმიტომ რომ ამერიკაში ხამუშ-ხამუშ ნათელაშვილიც  დაფრინავს, კონგრესმენ-სენატორებსაც ხვდება  და კარნეგის ცენტრში მოხსენებებსაც კითხულობს. აი, თუ ცოტა ხნის შემდეგ ინფორმაცია გავრცელდება ვაშინგტონში პრემიერ-მინისტრის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ უსუფაშვილმა წარმატებით გაართვა თავი მისიას. და კიდევ, საკითხავია, როგორი იქნება საქართველოსადმი განსაკუთრებული „კეთილგანწყობით“ გამორჩეული  „ვაშინგტონ პოსტის“ შეფასება. თუ მოკლე ხანებში ამ გაზეთის ფურცლებზე ისევ გამოჩნდება სტატიები თბილისის პროკრემლური ორიენტაციის, წარუმატებელი კოჰაბიტაციისა და ახალი მთავრობის მიერ სასამართლო სისტემის წინააღმდეგ განხორციელებული შტურმის შესახებ, მაშინ ნათელია- სააკაშვილის ლობისტებმა უკეთ იმუშავეს, ვიდრე უსუფაშვილის მიერ ჩატანილმა მართალმა ინფორმაციამ. იმედი მაქვს, პროცესი ამჯერად მაინც არ განვითარდება ამგვარი სცენარით.

+++

გასულ კვირას ყველაზე მძიმეწონოსანი ასტეროიდის როლში კახაბერ ბენდუქიძე მოგვევლინა  (პასპორტში უწერია ასე, თორემ მე თავი რომ მომჭრათ და ტანი შექმნათ გასაბერად, მაგას კახაბერად როგორ მოვნათლავ) და ლამის იმაზე მძიმე დარტყმა მიაყენა ახალ ხელისუფლებას, ვიდრე ამასწინათ ჩამოვარდნილი ასტეროიდის ნამსხვრევებმა გააგრარიკოსებული  ნამინისტრალის ერთ დროს მშობლიურ ციმბირს. უნდა ვაღიარო, რომ ამ ადამიანის ფეერიული სახეცვლილებანი ყოველგვარ წარმოდგენას სცილდება. თავის დროზე კრემლის მესვეურებთან ჩახუტებული და მილიონებნაშოვნი ოლიგარქი პუტინის თანხმობით რომ „კრემლისმოძულე“ სააკაშვილის ეკონომიკის მინისტრად მოგვევლინა, ეს იმასთან არაფერია, რაც ახლა ხდება. წინა კვირაში უფალი კახაბერი, ლამის, სტუდენტური მღელვარების აღიარებულ ლიდერად მოგვევლინა. მისი აგრარუნისთვის ავტორიზაციის შეჩერება, როგორც მოსალოდნელი მიყო, თამარ ჩერგოლეიშვილმა პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მონათლა. რატომ არ მონათლავდა, როცა ქართული  ლიბერტარიანიზმის პრიმადონას კუთვნილი ჟურნალი „ტაბულა“ სწორედ აგრარუნის კედლებშია თავშეფარებული! იქვე არიან დავანებული ასეთივე სახელწოდების მქონე ტელეკომპანია და ყოფილი ხელისუფლების არაერთი მარალჩინოსანი: ხატია დეკანოიძე, შოთა უტიაშვილი, ანდრია ურუშაძე, ელენე ხოშტარია, ეკა ზღულაძე...

არ ვიცი, რა დავარქვა ამ ფაქტს,-უმაღლესი განათლების სისტემაში წესრიგის დამყარების მცდელობა თუ კრეტინიზმი. ინფორმაცია იმდენად ურთიერთგამომრიცხავი ვრცელდება, რაიმე დასკვნის გამოტანა ძნელია. ერთი მხრივ, სოციალურ მედიაში თანამედროვე აგრარუნის აუდიტორია-ლაბორატორიების ფოტოები ვიხილეთ, რაც ნამდვილად შთამბეჭდავია, ყოველ შემთხვევაში, იმასთან შედარებით, რაც რამდენიმე წლის წინ გვქონდა. რაღა გაოხრებულ-გატიალებული ქოხმახი და რაღა ფეშენებელური აპარტამენტები. მეორე მხრივ, საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ,  უნივერსიტეტში აღმოჩენილი დარღვევები სავსებით საკმარისია ავტორიზაციის შესაჩერებლად. აღარ ვიცი, რომელს დავუჯერო. ერთს კი ვიტყვი- ამ გაგანია თავსმოხვეული კოჰაბოტაციის პერიოდში ავტორიზაციის კომისიამ რაღა მაინცდამაინც კრეისერ „ბენდორას“ დასაწიოკებლად მოიცალა? ცოტა ხნით, პოლიტიკური ავდრის გადაკარებამდე დაცდა არ შეიძლებოდა? მე, პირადად (არა მხოლოდ მე) ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ აგრარუნთან დაკავშირებული სკანდალი ვიღაცამ პერსონალურად განათლების მინისტრს, ზოგადად კი ხელისუფლებას გაუჩალიჩა. ცხადია, მისი მოგვარება შეიძლება და, იმედი მაქვს, ასეც მოხდება, მაგრამ ჩასაფრებულ არაკეთილმოსურნეებს სათქმელი უკვე მიეცათ- ხელისუფლება პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გეგმავდა, მაგრამ საზოგადოების მძაფრი პროტესტის გამო უკან დაიხიაო (მერე რა, რომ ამ საზოგადოებას ნაცმოძრაობის ნორჩი აქტივისტები ხელმძღვანელობენ. საზოგადოება საზოგადოებაა).

ყველაზე გასაოცარი მაინც თავის მართლების ის ფორმაა, რაც განათლების მინისტრმა აირჩია. ამ უკანასკნელმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ფაქტობრივად, ხელები დაიბანა და სიტყვასიტყვით ასეთი რამ განაცხადა: „საბჭოც, აკრედიტაციის სამსახურიც და ის კანონებიც, რომლითაც ხორციელდება ეს საქმიანობა, არის წინა ხელისუფლების დროს შექმნილი და მე არაფერი მანდ არ შემიცვლია“-ო.

დალოცვილო, ჩვენც სწორედ მაგას გეუბნებით. არაფერი რომ არ შეგიცვლია, სააკაშვილის კადრები რომ ისევ მოწინავე პოზიციებზე დგანან და დივერსიებს აწყობენ, საჯარო სკოლის დირექტორები სამასწავლებლოებში პედაგოგებს რომ აპრილის მოახლოებით ემუქრებიან და რეალურად ძველი ხელისუფლების მიერ გაფუჭებული საქმეებისთვის დარტყმას ახალი მთავრობა იღებს, სწორედ ეგაა პრობლემა. თუ ბენდუქიძემ 300 მილიონად ღირებული ქონება სულ რაღაც 4 მილიონად ჩაიგდო ხელში, მაშინ ეს საპროკურატორო საქმეა და ავტორიზაცია რაღა შუაშია? თუ მართლა ავტორიზაციის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, ამ გამოცხადებული 19 აპრილის ქრონიკის წინ ცოტა რომ გადაგედოთ ეგ საქმე, არ შეიძლებოდა? თუ შენ არ იცოდი და ეს თითიდან გამოწოვილი სკანდალი ზურგსუკან გაგიხაზირეს, უპრიანია, დაფიქრდე, მართავ თუ არა სისტემას და დროულად მიიღო  შესაბამისი გადაწყვეტილება.

თუ მართლა ისეა, რომ მავანმა და მავანმა ახალი ხელისუფლების საამებლად ბენდუქიძის ჩაძირვა გადაწყვიტეს და თავში ამიტომ ჩაარტყეს, ამაზე დიდ სიბრიყვეს ვერავინ მოიფიქრებდა. ჯერ ერთი, აგრარუნისთვის ავტორიზაციის შეჩერებით , თუნდაც ჩამორთმევით, ამ მასიურ სუბიექტს ბევრი არაფერი დააკლდება. მეორეც- ბენდუქიძისნაირი ორგანული ნაერთი ტივტივის განსაკუთრებული უნარითაა დაჯილდოებული. კიდეც რომ ჩაარტყა და დაძირო, ცოტა ხანში რამდენიმე ნაწილად დაშლილი ამოყოფს თავს. აჰანდე, დაგარწმუნათ თუ არა ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში?

+++

საზმაუს ლედი უინტერი, ქ-ნი კვესიტაძე-უტიაშვილისა წინა კვირაშიც ენერგიულად განაგრძობდა საზოგადოების ჯერ კიდევ  ჯანსაღი ნაწილის წიაღში ძველი თუ ახალი ინტელექტუალების ამოჩიჩქნა-გაფიარებას. მისი ამასწინანდელი აღმოჩენა, ნათია მეგრელიშვილი დამსახურებულ ტაიმ-აუტზე იმყოფება და ძალებს იკრებს „24 საათში“ ახალი შედევრის გამოსაქვეყნებლად. მერე რა, რომ მათი არსებობა მკითხველს  პირველივე 24 საათში ავიწყდება. ეკასთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, მაღალს ასიამოვნოს, პირველ დღეს გაქაჩოს და „აქცენტებში“ გამოაჩინოს, რასაც წარმატებით ართმევს კიდეც თავს (ისევე, როგორც მისი სწორუპოვარი კოლეგა,  დავით პაიჭაძე). ეკას სტუდიაში გამართული ღრმად შინაარსიანი საუბრებიდან წინა კვირაში განსაკუთრებული ყურადღება მეურნე პოეტმა  კოტე ყუბანეიშვილმა მიიპყრო, რომელმაც განაცხადა, რომ პიჯაკიან მარგველაშვილს მაისურიანი ბენდუქიძე ურჩევნია. გემოვნების ამბავია, ვერ შეედავები. ერთი ამერიკელი მილიარდერი პიკანტური სანელებლებით შეკაზმულ შავ ტარაკანებსაც (ხოჭოს დავწერდი, მაგრამ ტეხავს, ახლა ხომ კურსი ჩრდილოეთისკენ გვაქვს აღებული) სიამოვნებით მიირთმევს. თუმცა, ბოროტი ენები ამბობენ, რომ ახალი განმინის წინააღმდეგ კოტეს გალაშქრებას  ბევრად უფრო პროზაული მიზეზი აქვს, ვიდრე აგრუნის დაცვა და დაჩაგრულ სტუდენტთა ბედზე ზრუნვა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოტეს „ჯიპაში“ პატარა ხავერა ჰქონია, რომელშიც არაფერს იხდიდა და სადაც პლანაქეშური საძმაკაცო იჩითებოდაო. ჰოდა, ეს ხავერა დაუხურავთ... ვინ დაუხურავდა, ხომ ცხადია?  არ ვიცი, თავს ვერ დავდებ, რამდენად მართალია ეს ამბავი, რადგან საკუთარი თვალით არ მინახავს. სამაგიეროდ მოვისმინე, პირდაპირ ეთერში როგორ შეიგინა დიდმა პოეტმა- „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შ...ცით“!

ამასთან შედარებით ბენდუქიძის მიერ ღია ეთერში ნათქვამი „სირი“ ბალღური გართობაა და საერთოდაც, ჩვენი კახაბერი თავისი შორტ-მაისურით ვესტმინსტერის სააბატოში გამოზრდილი დახვეწილი ბრიტანელი ლორდის შთაბეჭდილებას ტოვებს. კრომველის დროს ინგლისის პარლამენტში თურმე  სწორედ ასეთი მრგვალთავიანი დეპუტატები დააბიჯებდნენ.

ქ-ნ კვესიტაძეს ძალიან სურს ობიექტურობაში დაგვარწმუნოს, მაგრამ არ გამოსდის. შალიკო ხვინგიაძის და რუმინული წარმოშობის გერმანელი პილოტის არ იყოს, სწორედ აქცენტში იყიდება ჩვენი სიმპათიურად აქცენტირებული.

დავით პაიჭაძე წრეგადასული სუბიექტივიზმით ტელემაყურებელთა გაცოფების უბადლო ოსტატი რომაა, მანამდეც ვიცოდი, მაგრამ აგრარუნის საკითხთან დაკავშირებით განათლების მინისტრთან საუბარში საკუთარ თავსაც კი გადააჭარბა. მის მიერ რიტორიკული ტონით დასმულმა კითხვამ- „ვინ მოიგო აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერებით“ უკვდავი კინოკლასიკა გამახსენა. მართლაცდა, თუ აქამდე მთელი საქართველო იმაზე იმტვრევდა თავს, რა სარგებლობა მოაქვს მამალს, პაიჭაძის გადამკიდე ამიერიდან იმაზე უნდა დავფიქრდეთ, რა სარგებლობა მოაქვს კანონს (თუ მისი ამოქმედება უფალი ბენდუქიძისა და მთელი ლიბერტარიანული საქათმის ინტერესებს დააზარალებს, რაღა თქმა უნდა). გაოგნებული მინისტრის რეპლიკაზე- თქვენ იმას მეკითხებით, ვინ რა მოიგო კანონის მოთხოვნათა დაცვითო, შარვლიანმა ეკა კვესიტაძემ თვალის დაუხამხამებლად უპასუხა- დიახ! მოდი და ამის შემდეგ გაგიკვირდეს, რატომაა საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებრივი მოუწყობელი და არ გაგიხარდეს, რომ საქართველოს პარლამენტი, ბოლოს და ბოლოს შეუდგა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებათა საკითხის განხილვას.

+++

პროცესებს ისეთი პირი უჩანს, საქმე მგონი კონსტიტუციური კრიზისისკენ მიექანება. სხვისი არ ვიცი და მე, პირადად, ნაციონალების მიერ დაანონსებული დიდი აქცია ჩვენი უახლესი ისტორიიდან ავბედითად ცნობილ 2 სექტემბერს მაგონებს. აშკარაა, ჩვენი ყოფილები დიდი პროვოკაციისთვის ემზადებიან. ვიღაცას ძალიან უნდა, სპეცრაზმელებმა ცემით თავპირი დაუსიონ მთელი საქართველოდან მობილიზებულ რამდენიმე ათას ნაცაქტივისტს. არც იმას გამოვრიცხავ, სადმე ჩასაფრებულმა პროვოკატორმა ტყვიაც გაისროლოს და მერე ნახეთ ევროპარლამენტარების გნიასი საქართველოს პირსისხლიანი კრემლოთუმე მთავრობის დაგმობის მოთხოვნით. ვის ინტერესებში შედის ასეთ დროს აგრუნის 2000 სტუდენტის, მათი მშობლებისა და სანათესაოს გამოსვლა ახალი ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე? იქნებ, უმჯობესია, აპრილის გასვლამდე მორატორიუმი გამოცხადდეს ნებისმიერ ფეთქებადსაშიშ აქტივობაზე? აგერ, მსგავსი იდეა კობა დავითაშვილმაც გააჟღერა. მისი ვერსიით- შაშკინი საქართველოში იმისთვის დაბრუნდა, რომ სურს ნაციონალური გადახრილობის მქონე მოსამართლემ გაასამართლოს და ამით ხელშეუხებლობის ინდულგენცია მოიპოვოს. „მე ახლა გამოვალ უცნაური წინადადებით, შეჩერდეს სისხლის სამართლის საქმეები, გამოძიება გაგრძელდეს მხოლოდ მას სემდეგ, როდესაც უზრუნველყოფილი იქნება სასამართლოს რეფორმა! რადგან დიდი ალბათობაა დამნაშავეების გარეთ გამოშვების, საქმეების გაფუწების, მომავალშიც მათთვის პასუხის ვერ მოთხოვნის. ასე რომ, მივმართავ არ იჩქარონ, შეაჩერონ საქმეების განხილვა, დავასრულოთ სასამართლოს რეფორმა, ყველაფერს მივუჩინოთ თავისი ადგილი და ამის შემდეგ გავაგრძელოთ მართლმსაჯულების აღსრულება“- განაცხადა დიდმა კობამ და უნდა ვაღიარო, რომ მართლა გარკვეული უცნაურობის მიუხედავად, ამ მოსაზრებას ბოლომდე ვეთანხმები.

ამ ადეიშვილისაც ვერაფერი გავიგე. ჯერ იყო და 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღეში გაკურცხლა შვებულებაში და გაქნილი მელაკუდასავით ისე წაშალა კვალი, მისი ფიარსამსახურის უფროსი პასუხსაც ვერ სცემდა კითხვაზე- ამჟამად სად იმყოფება ბ-ნი მინისტრიო. გეოტოპოკოორდინატების დაზუსტებით „ყვარლელ გაღლეტილს“ არც განვლილი 5 თვის განმავლობაში შეუწუხებია თავი და აგერ, უცებ უძღები შვილივით სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. არავინ იცის, ამ ხნის განმავლობაში პლანეტის რომელი ნაწილი მოიხილა ჩვენმა სინდბად(ეიშვილ)მა, მაგრამ თუ სიტყვას საქმედ აქცევს და „ტავი ჯორჯიას“ უკვდავი ქმნილების ფილაქანს წმინდა ექვთიმესავით ეამბორება, იქნებ მაშინ მაინც აეხადოს ფარდა საუკუნის საიდუმლოს.

საერთოდ, უნდა ვაღიარო, რომ ყოფილი იუსტმინი ფრიად საჭირო ადამიანია. მისი კომიკური პერსონა შთაგონების წყაროს წარმოადგენს ქართული ვირტუალური სამყაროს პრინცებისა და პრინცესებისთვის. ვინ მოთვლის, რამდენი გონებამახვილური სტატუსი მიეძღვნა ჩვენებურ ტომასიტო ფონ სეკას? ყველას ვერც გავიხსენებ... თუმცა რატომ, ერთი-ორი უკვე ამომიტივტივდა გონებაში. ჯერ კიდევ ფორმალურად მინისტრი ადეიშვილი ახალი გაუჩინარებული იყო, ერთმა კვიმატმა პირწიგნაკელმა ყველა დასაქმებულისთვის ზაფხულობით ნანატრი პერიოდის ახალი განმარტება რომ მოიგონა: „შვებულება- არჩევნების წაგების შემდეგ სამსახურიდან წასვლა და აღარ დაბრუნება“. ამ დღეებში კი მეორე ფეისმეგობარმა სამშობლოში დაბრუნების მოქადული მიშასერთა პარავოზჩახსნილ ვაგონს შეადარა, რომ აგუდოკებს, ორთქლს უშვებს და დეპომდე ვერ აღწევს.

+++

ფეისბუქის სტატუსები და ანეკდოტები რამ გაჰყო, ჰოდა ერთი ჯიგრიანი ებრაული ანეკდოტი წინა კვირაშიც გამახსენდა, როცა ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებულ ვნებათა ღელვას ვაკვირდებოდი. რაბინთან სახლში ორი ებრაელი მივიდა სათანადო ძღვენით, მომჩივანი და მოპასუხე. რაბინმა ჯერ მომჩივანს მოუსმინა, მართალი ხარო, უთხრა და გაუშვა. ცოტა ხნის შემდეგ იგივე განმეორდა, ამჯერად მოპასუხესთან დაკავშირებით. რაბინის ცოლი განცვიფრდა და ქმარს ჰკითხა- რას აკეთებ, როგორ შეიძლება ორივე მართალი იყოსო. შენც მართალი ხარო, უპასუხა რაბინმა...

ასეა... იმის ტურა გამხადა, რა დაწერა ასეთი ვენეციის კომისიამ, რომ ცალკე პარლამენტის თავმჯდომარემ გამოთქვა წრეგადასული კმაყოფილება და ცალკე ჩიორა თაქთაქიშვილმა აღავლინა ხუტბა? არა, ნამდვილად შეიცვალა დროება. ადრე საზღვარგარეთ ისეთ დასკვნებს გვიწერდნენ, ყველა უკმაყოფილო იყო, შინაურიც და გარეულიც (ტალიავინი გაიხსენეთ). ახლა პირიქითაა. არ ვიცი, ეს ყოველივე გლობალური დათბობის ბრალია თუ ჩრდილოეთიდან ახალი გამყინვარება გვიახლოვდება, მაგრამ დასაიმედებელი ნამდვილად გვაქვს. თინა ხიდაშელმა ოპტიმისტურად იწინასწარმეტყველა, სულ მალე იუსტიციის საბჭო გადახალისდება და სასამართლოებსაც ეშველებაო. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ წინა კვირაში ძალიან აქტიურად ლაპარაკობდნენ საკონსტიტუციო ცვლილებათა შესახებ, ჩიორას უადგილო ჟივჟივის მიზეზს მართლა ვერ ვხვდები. ორიდან ერთია: ან მეოცნებეები გვაბოლებენ ფუჭი იმედებით, ან ჩიორას სძინავს საღათას ძილით და ვერ ამჩნევს ხესთან მიცუნცულებულ, ცულ-ხელეჩო-წალდუნათი აღჭურვილ მელაკუდას.

ეგებ ამჩნევს კიდეც და არ ამჟღავნებს?,

ეგებ სულაც მონადირის იმედი აქვს?

+++

გასულმა კვირამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შიდა დემოკრატიის თვალსაზრისით ივანიშვილის  კოალიცია ბევრად აღემატება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიიდან მანამდე ცნობილ ყველა მმართველ გუნდს. როგორც წესი, სოციალ-დემოკრატიული, მრგვალმაგიდელთა, მოქალაქური და ნაციონალური უმრავლესობანი ერთიან პოლიტიკას აყალიბებდნენ და მერე ერთსულოვანი მხარდაჭერით გაჰქონდათ საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში. გენერალური ხაზიდან გადახვევა მომაკვდინებელი ცოდვად ითვლებოდა და ვინც ამას ჩაიდენდა, ის მმართველი გუნდიდან მიდიოდა, ან უშვებდნენ. მაგალითები ბევრია და ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ. ეს უსიამოვნო ტრადიცია, როგორც იქნა, დაირღვა და განვლილი კვირა სწორედ ამის ნათელი დადასტურება. უმრავლესობის ცნობილმა სახემ კობა დავითაშვილმა ყოველგვარი რევერანსის გარეშე ორჯერ ღიად გააკრიტიკა ბლოკის ხელმძღვანელი. კერძოდ, კობამ პრემიერს ჯერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრა დაუწუნა, მერე კი მმართველი გუნდის პოლიტიკური გამოცდილების კრიტიკა. ამით ქვეყანა არ დაქცეულა, დავითაშვილი ისევ უმრავლესობის აქტიური წევრია და არც ივანიშვილისგან მოჰყოლია კობას დემარშს განსაკუთრებული რეაქცია. შეიძლება ვინმემ თქვას, პრემიერი გუნდის ერთიანობას უფრთხილდება და ცდილობს,  შიგნით არსებული პრობლემები გარეთ არ გამოიტანოს. ეს რომ ასე არაა და პრემიერი ღია საჯარო პოლიტიკას უჭერს მხარს, კოალიციის ლიდერმა არაერთხელ დაამტკიცა, როცა სხვადასხვა „გადაცდომის“ გამო  ხმამაღლა გააკრიტიკა მისი გუნდის არაერთი გავლენიანი ფიგურა (ალასანიას შემთხვევა გავიხსენოთ). პრემიერმა წინა კვირაშიც გამოაჩინა ბრჭყალი. მან ჯერ ფოთის მაჟორიტართან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე   აღნიშნა- თუ ეს მართალია, ბესელია პარტიას დაემშვიდობებაო, მერე ლუკა კურტანიძეს დაუწუნა დიალოგის კულტურა.  ეს კიდევ არაფერი- პრემიერ მინისტრი საკუთარი გუნდის პოლიტიკურ გამოუცდელობაზეც ალაპარაკდა (ამ შეფასებამ განსაკუთრებით მოგვჭრა ყური ოპონენტთა უპირატესობის აღიარების ფონზე), რის გამოც, როგორც ვთქვი, კ. დავითაშვილის კრიტიკა დაიმსახურა.

ჩანს, დავითაშვილის მსგავსი „შტატიანი ბუნტოვშჩიკი“ უმცირესობასაც ჰყავს. ამ ფუნქციას ნაციონალთა ზეობის პერიოდში კაკო ბობოხიძე ასრულებდა. მართალია, ის კობამდე ვერ ქაჩავდა და ღია კრიტიკას ერიდებოდა, მაგრამ, რამდენადაც მახსოვს, ხანდახან ისეთ რამეს იტყოდა, მთლად ორგანულად ვერ ჯდებოდა დიდი მიხეილის მიერ დადგენილ სტანდარტში. 1 ოქტომბრის შემდეგ, ახალი პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით, საკუთარ მომავალზე დაფიქრებული ბობოხიძის რადიკალიზმი თანდათან გაიზარდა. გასულ კვირაში მან ისეთი განცხადება გააკეთა, მრავლისმნახველ პოლიტტურისტებსაც კი ჩამოუვარდათ ყბები გაოცებისგან. კერძოდ, იგი კონსტიტუციური ცვლილებებისათვის უპირობო მხარდაჭერაზე ალაპარაკდა და დაიქადნა, თუ პრეზიდენტი პარლამენტს და მთავრობას დაითხოვს, მის იმპიჩმენტს მხარს დავუჭერო (თუმცა, იქვე დაამატა, დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი ამას არ აპირებსო).

იცის ბიჭმა ხონური.

ხონურზე გამახსენდა. ერთხელ  მორიგი საზღვარგარეთული ვიზიტიდან დაბრუნებულ მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს  ირაკლი აბაშიძეს კოლეგებისთვის ანგარიში ჩაუბარებია. ის იმდენად ხატოვნად საუბრობდა უხოელ მწერლებთან გამართული შეხვედრების შესახებ, რომ მასთან „ზუბში“ მყოფ გრიგოლ აბაშიძეს თავი ვერ შეუკავებია და დარბაზიდან უკითხავს, - კი მაგრამ, მაგ ხალხს რომელ ენაზე ესაუბრებოდიო. უცხო ენის არმცოდნე ირაკლი აბაშიძე კოლეგის ვერაგ ნართაულს მიმხვდარა და მცირე პაუზის შემდეგ ტრიბუნიდან ასე უპასუხია, - ხონურად ველაპარაკებოდი, ჩემო გრიშა, ხონურად და დაიმახსოვრე, რომ ეს ენა ძალიან კარგად ვიციო...

ირაკლიც და კაკოც ერთი კუთხის შვილები არიან.

კაკო ბობოხიძის განცხადება იმის ნათელი დასტურია, ჩემო პატიოსანო მკითხველო, რომ პოლიტიკურ ღელვაში მოხვედრილი ნაციონალური ხომალდი მთლად საიმედო მეზღვაურებით არაა დაკომპლექტებული და უახლოეს მომავალში კიდევ არაერთი ჩიტი აფრინდება მისი გროტანძიდან.

+++

„დიდებულიდან“ სასაცილომდე რომ ერთი ნაბიჯია, ეს ელემენტური ჭეშმარიტება კიდევ ერთხელ დადასტურდა ვანო მერაბიშვილის იმერული ვოიაჟის შემდეგ. მართლა კომიკური სანახავი იყო ერთ დროს ძლევამოსილი, ამჯამად კი დისკოზშეყრილი ხერხემალი ქუთაისსა და სამტრედიაში, განსაკუთებით საპარლამენტო დედაქალაქში, სადაც ნაციონალური ოფისის გარდა ცენტრიდან მივლინებულმა საპატიო სტუმარმა ადგილობრივი კოლორიტის, პიკასოდ წოდებული მერაბ ქაჯაიას  ჯარგვალიც მოინახულა. ქუთათური ანდერგრაუნდის ცნობილი ვეტერანის რეზიდენცია ილო ფოტოგრაფის ყოფილ ატელიეშია განთავსებული და, უცნაური აქსესუარებითაა გაფორმებული. მათ შორის, როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, საპატიო ადგილი უჭირავს სხვადასხვა ფირმისა და ზომის  პრეზერვატივებსა და ფალოსებს. ნამდვილად არ ვიცი, რა მიზნით შეიარა ვანომ პიკასოსთან, მით უმეტეს, როცა მის რეზიდენციაში გამოფენილის მსგავსი, ოღონდ მოძრავი აქსესუარების ნახვა  აეროპორტის გზაზე მდებარე მმართველი გუნდის სათავო ოფისშიც თავისუფლად შეეძლო.

და კიდევ - გასულ კვირაში ვანო დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე ამჭევრმეტყველდა. არც მიკვირს, ის და მისი თანაბანდელები ამ პროგრამას ხომ არნახული წარმატებით ახორციელებდნენ განვლილი ცხრა წლის განმავლობაში. მერე რა, რომ სარფიან სამსახურებში  მხოლოდ საკუთარ საძმაბიჭოს ასაქმებდნენ, ხოლო დანარჩენ საქართველოს თავზე ასაქმებდნენ. დასაქმება დასაქმებაა და სინეკურას მოკლებულ ნაციონალურ ორდენის მესვეურებს ახლა სხვა მუცლის გვრემა აწუხებთ,- ეშინიათ, ჯერ კიდევ შემორჩენილი და უსაქმოდ დარჩენილი აქტივისტები ბუდიდან არ გაუფრინდნენ.

+++

აგრარუნთან და ევროპარლამენტარებთან დაკავშირებული ხმაურიანი განხილვების შემდეგ არა მართო რიგით მოქალაქეებს, პოლიტიკოსებსა და ექსპერტებსაც კი გამორჩათ მხედველობიდან ერთი ფრიად საინტერესო ფაქტი, რამაც შეიძლება არც თუ შორეულ მომავალში განმსაზღვრელი გავლენა მოახდინოს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. 12 მარტს მოსკოვს სამუშაო ვიზიტით აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალ. ანქვაბი ეწვია. ერთი შეხედვით, ამაში უცნაური არაფერია. თვითაღიარებული რესპუბლიკის პირველი პირი გასული წლის გაზაფხულზეც იყო რუსეთის სატახტოში და ახალი დოტაციებით ხელდამშვენებული დაბრუნდა შინ. ჩანს, მოახლოებული ოლიმპიადის ფონზე ანქვაბმა პუტინს კიდევ ერთხელ შეახსენა რეგიონის პოლიტიკური მნიშვნელობა და, რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ომით დანგრეული სახალხო მეურნეობის ასაღორძინებლად ასტრონომიული თანხა- 30 მილიარდი რუბლი  (მო)ითხოვა. ჯერჯერობით არ ვიცით, რა პასუხი მიიღო მან, სამაგიეროდ ვიცით, რომ ანქვაბის ვიზიტს უცნაურად დაემთხვა სერჟ სარგსიანის ყოფნა მოსკოვში. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ბოლო ხანებში სომხურ პოლიტიკურ წრეებში აქტიურად განიხილავენ აფხაზეთზე ზემოქმედების საკითხს რკინიგზის აღდგენის თაობაზე სოხუმის თანხმობის მისაღებად, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ კრემლის კაბინეტში ეს თემაც აქტიური განხილვის საგანი იქნებოდა. იქნებ შემთხვევითი სულაც არაა, რომ სწორედ ანქვაბის ვიზიტის წინა დღეს ირაკლი ალასანიამ ოპტიმისტური ტონით განაცხადა,-  მალე აფხაზეთის რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები დაიწყებაო. ეს კი სწორედ ის  ალასანიაა, რომელსაც ამ ცოტა ხნის წინ სულ დოლ-გარმონით უმასპინძლეს ერევანში.

საერთოდ კი, რუსეთთან ურთიერთობათა დათბობის დეკლარირებული პოლიტიკის ფონზე პუტინ-ანქვაბის შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნამდვილ დარეგულირებამდე ადრეა და წინ მოჯადოებულ წრეზე სიარულის კიდევ დიდი გზა გვიდევს. აქ აჩქარება არ ეგების და კარგია, რომ პრემიერ-მინისტრს სხვაზე მეტად ესმის მდგომარეობის სირთულე. აკი განაცხადა კიდეც წინა კვირაში: „პოლიტიკური ნება ჩვენი მხრიდან არსებობს, მაგრამ ასევე არსებობს არაერთი გადაუჭრელი საკითხი. ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ჩვენი და რუსეთის ურთიერთობის გამო. ეს საკითხი განიხილება და მისი გადაწყვეტა უნდა მოხდეს აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით. ჩვენ ამას ძალიან ფრთხილად ვეპყრობით“...

ნიშანდობლივია, რომ ბიძინა ივანიშვილი არაორაზროვნად საუბრობს ოკუპაციის შესახებ. ამ საკითხში ხელისუფლების პოზიცია შეუვალია. ეს არახელსაყრელ ფონს ქმნის კრემლთან სამომავლო ურთიერთობაში, მაგრამ ისიც ნათელია, რომ ქართული პოლიტიკის მესვეურები ამ წითელ ხაზს ვერცერთ შემთხვევაში ვერ გადააბიჯებენ. თუმცა, როგორც ჩანს, გარკვეულ წრეებში უკვე ამ პოზიციის გადასინჯვის ტენდენციაც ჩაისახა. მაგალითად, ყოფილმა უშიშროების მინისტრმა და პრორუსული პარტიის შექმნაზე ორიენტირებულმა  ვალერი ხაბურზანიამ ტელეეთერში პირდაპირ განაცხადა,-  რუსეთის სახით კლასიკურ ოკუპანტთან არ გვაქვს საქმე და რეალურად მისი ქმედება მხოლოდ სეპარატიზმის ღია წახალისებააო. ყველას აქვს  საკუთარი აზრი და მისი გამოთქმის უფლება, მე კი იმის უფლება მაქვს, ასეთი შეფასება მინიმუმ გაუმართლებელ ლიბერალიზმად, მაქსიმუმ კაპიტულანტურ პოზიციად შევაფასო. არც მიკვირს, რომ თითქმის ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას პრიორიტეტად აღიარებს, ხაბურძანიას შეთავაზებას უარყოფითად უპასუხა.

+++

გასული კვირის მოვლენების აკორდს ყოფილი თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებული ისტორია წარმოადგენს. როგორც ჩანს, 2007 წლის სექტემბერში ათონელის ქუჩაზე მდებარე ოფისში დაწყებული შოუ სახელწოდებით „ირაკლი და სანახაობა“, კვლავაც აქტუალურია. მისი მომდევნო სპექტაკლი 15 მარტს ვიხილეთ, როდესაც პირდაპირ ტელეეთერში ნამინისტრალმა ოქრომ სკანდალური განცხადება გააკეთა უკვე ახალი ხელისუფლების თავდაცვის უწყების სპეციალური დეპარტამეტის კომპიუტერიდან გაშვებული ვირუსის მეშვეობით პარიზში, მის ბინაში  განხორციელებული მოსმენების შესახებ, ინფორმაციის წყაროდ კი, არც მეტი  არც ნაკლები, გენპროკურატურა დაასახელა. მართალია, სულ რაღაც ნახევარ საათში არჩილ კბილაშვილმა ეს ინფორმაცია უარყო, მაგრამ თბილისში რა დაიმალება. სოციალურ ქსელებში მაშინვე გამოჩნდა ცნობა, რომ მოსმენებთან დაკავშირებით გენპროკურატურაში საქმე ნამდვილადაა აღძრული და ამ საქმეში ბრალდებული ორი პიროვნება დაკავებულიცააო...

ძნელი მისახვედრი არაა, რომ ამ სკანდალის მახვილი წვერი ირაკლი ალასანიასკენაა მიმართული. თუ ინფორმაცია მართალია, ლოგიკურია, ვიფიქროთ-   მის გარეშე სამინისტროს დეპარტამენტიდან უკანონო მოსმენას ვერავინ განახორციელებდა.

თუ გავიხსენებთ ცოტა ხნის წინ ივანიშვილ-ალასანიას შორის მომხდარ უსიამოვნებას, რაც ვიცე-პრემიერობიდან ამ უკანასკნელის გადაყენებით დასრულდა, აშკარაა, თავდაცვის მინისტრის თავს აშკარად რაღაც ხდება.

ვერსიათა ჭრელ სპექტრში ყველაზე დამაჯერებლად ამგვარი მოსაზრება გამოიყურება. სავარაუდოდ, მმართველ კოალიციაში დაპირისპირებაა მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით და ორი (შესაძლოა მეტიც) დაჯგუფება გავლენის გაძლიერებისთვის იბრძვის. მათ შორის ერთი ცალსახად ალასანიას ჯგუფია, რომელმაც ჯერ კიდევ ორიოდე თვის წინ ღიად გამოხატა საპრეზიდენტო ამბიცია და გარკვეული შიდა კონსულტაციებიც დაიწყო ამ მიმართულებით. მეორე დაჯგუფება ჯერ ღიად არ ჩანს, მაგრამ, სავარაუდოდ, უკვე მოქმედებს და გენპროკურორიც მის შემადგენლობაში მოისაზრება. ამდენად, თუ ყველა ინფორმაციას დავალაგებთ და გავიაზრებთ, წრეც შეიკვრება. გენპროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა ოქრუაშვილი და გააცნო მას თავდაცვის სამინისტროდან გაკეთებული ფარული ჩანაწერი, რის საფუძველზეც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ჩანს, პროკურატურაში ვერ გაითვალისწინეს, რომ ოქრუაშვილი ამ ინფორმაციას გაახმაურებდა და როცა ასე მოხდა, კბილაშვილი იძულებული გახდა, სასწრაფოდ უარეყო ტელევიზიით გავრცელებული ცნობა (არაა გამორიცხული, რომ სკანდალის ჩაფარცხვა პრემიერ-მინისტრმა მოითხოვა), მაგრამ შუბი ხალთაში არ დაიმალა და ამ იაღლიშმა საჯაროდ გამოამზეურა  ივანიშვილის კარზე არსებული შიდა დინებების ზოგიერთი მანამდე დაფარული ასპექტი.

ამ ფონზე ფრიად საინტერესოდ გამოიყურება პოლიტიკურ ცხოვრებაში სალომე ზურაბიშვილის დაბრუნებისა და მისთვის მაღალი თანამდებობის შეთავაზების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

რა ხდება სინამდვილეში? პრემიერ-მინისტრს მობეზრდა მისი ვეზირების გაუთავებელი კინკლაობა და ახალი ფიგურის წამოწევა დააპირა თუ სხვა განზრახვა ამოძრავებს, ვფიქრობ, მალე გახდება ცნობილი.

რამდენად სასიამოვნო პერსპექტივაა მმართველ გუნდში არსებული შიდა დაპირისპირებანი პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენების ვადის მოახლოებისა და ნაციონალური მოძრაობის მიერ დაანონსებული 19 აპრილის აქციის ფონზე, მკითხველმა განსაჯოს.

+++

წინამდებარე მიმოხილვა რამდენიმე მილოცვით უნდა დავასრულო.

ახალი ხელისუფლების მინისტრებს ვულოცავ დამსახურებულ მაღალ პრემიებს, რომელიც მუხლჩაუხრელი შრომით მოიპოვეს.

ქართველ კათოლიკეებს ვულოცავ ახალი პაპის არჩევას და გოგა ხაჩიძე მინდა დავამშვიდო - ვატიკანის საკვამურიდან ამოსული თეთრი კვამლი ნამდვილად არ იყო შეთანხმებული ბიძინა ივანიშვილთან. აი, შავი კვამლი რომ ამოსულიყო, ვიფიქრებდი, რომ კარდინალებმა „მიშა მაგარიას“ ავტორის დანჯღრეული „ვექტრას“  საბარგულიდან ნაციონალურ ლოგიკასავით გაცვეთილი „ზაპასკა“ მოიპარეს და კონკლავის დასრულების შემდეგ ბუხარში შეუკეთეს.

რაგბის ფანებს ვულოცავ ესპანელებზე გამარჯვებას და ფეხბურთის ფანებს ვუსურვებ,  რომ საქართველოს ნაკრების მიერ მადრიდში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ  მათაც ასევე დაებეროთ ფილტვები ომახიანი „სა-ქარ-თვე-ლოს“ ძახილით.

შარვლიან კვესიტაძესა და კაბიან პაიჭაძესაც ვულოცავ, რომ საზმაუს შესახებ კანონში ცვლილებათა პაკეტის განხილვა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. შესაბამისად, ტელეეთერში მათი არაადამიანური ტანჯვა-წამების დასრულებამდე დარჩენილი დრო კიდევ ერთი კვირით შემცირდა.

ანალოგიურად, სააკაშვილსა და მთელ ნაცუძრაობას ვულოცავ.

15 მარტს ქართული არტილერიის დღე იყო. ვის არ მიულოცეს ფეისბუქში, მაგრამ ნანუკა ჟორჟოლიანი არავის გახსენებია. თქვენის ნებართვით, მე ვიკისრებ ამ ნაკლის გამოსწორებას.

ჯერჯერობით არ ვიცი, როდისაა არტერიის დღე, მაგრამ პირობას ვდებ, გავიგებ და პირველ რიგში  ლალი მოროშკინას მივულოცავ.

ასევე, დიდი სურვილი მაქვს, გიგიმერს მივულოცო ჩუკენობის ეროვნული დღესასწაული.

+++

და ბოლოს, გასული კვირის ფეისბუქური მარგალიტი, სტატუსი, რომელიც განსაკუთრებით მომეწონა და თქვენც მინდა გაგიზიაროთ: „მძულს პატიოსანი ბოზები, განათლებული დებილები, ხამი ძერსკები, სხვისი პირჯვარის გადაწერაზე გახსენებული მორწმუნეები, მართალი მტყუანები, სინდისიანი უნამუსოები, პირში მთქმელი აფერისტები, გაკეთილებული ბოროტები და მეგობრული მტრები“

უკეთეს კვირას გისურვებთ, მეგობრებო!

ნანახია - 12243

asa

2013-03-18 22:45:23

რაც მართალია, მართალია-არ მომწონს ამ შაშკინებისა და ადეიშვილების ასე უჩუმრად შემოპარვა, უფრო უჩუმრად, ვიდრე გაპარვა. რაღაცის იმედი აქვთ, რომ 19 აპრილს ისევ მაგათი მზე ამოვა, თორემ სადაც იყვნენ, იქაც არ აწვიმდათ. ეტ/ყობა, ბირჟას ამაგრებენ, ბელადს ერთგულებას უმტკიცებენ.
ადრეც ვთქვი და ვიმეორებ: ფრთხილად, წინ სახიფათო მოსახვევია, თანაც მაგარი მოყინული.

kvaxi

2013-03-18 23:05:09

ვეტანხმები ასას

zakariazakaria

2013-03-18 23:21:01

ძალიან სამწუხაროა რომ ჩემი წერილი დაიბლოკა. არადა ღმერთი-სჯული არცერთი უცენზურო სიტ/\ყვა არ გამომიყენებია. წერილის თავიდან დაწერის სურვილიც გამიქრა

zakariazakaria

2013-03-18 23:21:39

ეს რა უბედურებაა ტ/ და ყ/ -ს გამო წერილის დაბლოკვა

zakariazakaria

2013-03-18 23:22:51

დედის გინება თუ ვინმეს უნდა მაინც იგინება და რას გვერჩის ეს მოდერატორი, რა უბედურება ეს ფილტრი
გინება ლა

zakariazakaria

2013-03-18 23:36:40

იერემიას მინდა მივმართო. შენს წერილებს ვიცნობ და ვთვლი რომ საინტერესო საკითხავია, მაგრამ აი იმას რასაც შეცდომად უთვლი ამ ხელისუფლებას რატომ გგონია რომ მათ სხვანაირად შეუძლიათ რომ გააკეთონ?!
ვერ გააკეთებენ სხვანაირად, რადგან საქმე სხვანაირად რომ გააკეთო,სხვანაირად უნდა გესმოდეს. ავიღოთ თუნდაც განათლების რეფორმა, მე ვთვლი რომ ეს ხალხი, ვისაც განათლების და განსაკუთრებით სასკოლო განათლების რეფორმის განხორციელება აქვთ მიზნად დასახული, მცდარ გზას ადგანან და ამის მიზეზი ისაა, რომ ისინიც იქ არიან დაფრთიანებულნი, სადაც ლომაია-ნოდია-გვარამია-შაშკინი დაფრთიანდნენ. ამიტომაცა არაფერი არ გამოვა და მომავალში როცა იქნება თავიდან იქნება რეფორმა ჩასატარებელი.
თუ რატომ არ გამოვა ამის შესახებ რა თქმა უნდა შემიძლია წერილი მოგართვათ, მაგრამ ნამდვილად არ მაქვს სურვილი აქ დაყენებულ ფილტრს ვებრძოლო. თუ სურვილი გექნებათ მითხარით ელფოსტა და იქ გამოვგზავნი და მერე თავად გადაწყვიტეთ ღირს თუ არა საკამათოდ. პატივისცემით ზაქარია.

tato

2013-03-18 23:37:18

დაბლოკილია ყ ვ ელა წერილი რა გინდათ სუსლოვი მეტს კი არ აკეთებდა რამეს.

tato

2013-03-18 23:39:46

ისე მალე დაამთავრებთ თქვენს ზღაპრულ ოცნებებს,როგორც მიბლოკავთ წერილებს,არადა თქვენი ვარ ,ოოოო.

Gordi

2013-03-18 23:44:38

ის რაც ხდებოდა წინა კვირაში-დიტო შეცვალა იერემიამ.ჩემის აზრით ბრწყინვალედ.

Maverick

2013-03-19 04:23:06

იერემია,

საკმაოდ მრავლისმომცველი წერილია და სამართლიანად გამოკვეთილი შენიშვნები, თუ ჩვენს გარდა მთავრობაში ვინმე კითხულობს შეაფხიზლებს და თანაც გამოადგება...

მგონი პრემიერი მიხვდა, რომ მარტო ამათზე დაყრდნობა კარგს არ მოიტანს და მალე ახალ მოთამაშეებსაც შემოიყვანს მოედანზე.

მრავალი საკითხი, დარგი მოითხოვს ძირეულ გარდაქმნას... არადა, ნაცბაცაცების დაკოდვას, მიტაცებულის უკან დაბრუნებას და საკნებში გამწესებას არ გვაცლიან მიხუინების ევრო-ამერ "დემოკრატიის" მამები.

19 აპრილიც დამოკლეს მახვილივითაა აღმართული... ნამინისტრალების ჩამოძურწვაც ცუდად მენიშნა...

ვნახოთ დროთა გამრიგე როგორ წარმართავს მოვლენებს...

ოძელი

2013-03-19 11:06:30

დავეთანხმები Maverick-ს, საკმაოდ მრავლისმომცველი სტატიაა, ძნელია რომელიმე თემაზე ყურადღების გამახვილება. ერთს კი ვიტYვი, არსებობდა Yველა ამ პრობლემის უმტკივნეულოდ გადაწYვეტის საშუალება, მაგრამ...

ოძელი

2013-03-19 11:16:45

ადმინ,

გთხოვთ საიტზე დააბრუნოთ კ ო მ ბ ლ ე!

მართალია ხშირად არ გაწუხებთ, მაგრამ ამიერიდან ჩემს კომენტარებს დავამთავრებ მოწოდებით,
"თავისუფლება კ ო მ ბ ლ ე ს!"

klizma

2013-03-19 11:29:40

სუფრაზე ღვინო არ აქვთ
რა სასტავია ტო

ხიროხიტო-2

2013-03-19 16:51:24

ოძელი2013-03-19 11:16:

"თავისუფლება კ ო მ ბ ლ ე ს!"

გეთანხმები,

"თავისუფლება კ ო მ ბ ლ ე ს!"
"თავისუფლება კ ო მ ბ ლ ე ს!"
"თავისუფლება კ ო მ ბ ლ ე ს!"

vespasiane

2013-03-19 19:50:40

კიაზო სადაა, კიაზო აკლია საიტს!

asa

2013-03-19 20:04:48


"თავისუფლება კ ო მ ბ ლ ე ს!"
"თავისუფლება კ ო მ ბ ლ ე ს!"
"თავისუფლება კ ო მ ბ ლ ე ს!"

sher

2013-03-20 23:50:58

რამხელა კალთა აქვს ამ ბენდოს,მთელი ნაცბანდა რომ კალთის ქვეშ შეიკრობა.19 აპრილს წვიმა თუ იყო,იმედია,ერთი პერანგი ეყოფათ თავშესაფრად.

vaidavui

2013-08-22 12:52:47

მოგესალმებით,
და სადაა კომბლე?! რამე შეემთხვა და არ ვიცი?!

ისე კი, 30 აგვისტოს დაბადების დღე აქვს კომბლეს და წინასაწარ რომ მივულოცო, დანაშაულად ან მეტიჩრობად ხომ არ ჩამეთვლება?! :)


ამ სტატიას რაც შეეხება, მადლობის მეტი რა მეთქმის ბატონო იერემია, ბრავო და ბრავო! ბოდიშს გიხდით აქამდე რომ ვერ წავიკითხე, ამ საიტს რაღაც ვეღარ ვსტუმრობ ისე ხშირად, რაც ინტერფეისი შეცვალეს რაღაც მოუხერხებელი გახდა აქ შემოსვლა... ძველი ნიკით აღარ მიშვებს სისტემა ... რამდენჯერმე მივმართე კიდეც აქაურობის შეფს ამის შესახებ აქაც და პირადადაც, როცა მისი გაცნობის საშუალება მქონდა, მაგრამ .... :(

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80