თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს
თბილისი

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს
for.ge

2014-09-12 21:47:12

დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვის და  საფინანსო–საბიუჯეტო, იურიდიულ საკითხთა, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც მთავარ მომხსენებლებად მერიის საქალაქო სამსახურების უფროსები იყვნენ წარმოდგენილნი.

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი, განიხილეს, რომელიც თბილისის 2014 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებდა.

სხდომა, რომელსაც ქონების მართვის და  საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია თავმჯდომარეობდა, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ დეპუტატებმა  მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს ლევან თევზაიას მოუსმინეს, რომელმაც აღნიშნული ცვლილებები დეტალურად წარმოადგინა და ყველა მუხლი დაასაბუთა.

დეპუტატების შეკითხვებს ლევან თევზაიას მსგავსად მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებმაც ამომწურავად უპასუხეს.

შეკითხვები, ძირითადად, ავარიული კორპუსების გამაგრებისთვის დაფინანსებას, საბავშვო ბაღების ვაუჩერიზაციას, დაუმთავრებელი კორპუსების, ასევე სხვადასხვა სოციალური პოროექტის, მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებას, ვიდეოთეკების მშენებლობებისა და კოოპერატიულ ბინათმეშენებლობებთან დაკავშირებულ თემებს შეეხო.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე სოციალური პროექტების ბედით დაინტერესდა და დედაქალაქის მმართველი გუნდი მათ შეჩერებაში დაადანაშაულა.

ირაკლი აბესაძის განცხადებას ფრაქციის "ქართული ოცნება’’ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ სიცრუე უწოდა და ნაციონალურ მოძრაობას კონკრეტული მაგალითები გაახსენა. უმრავლესობის დეპუტატმა მაგალითისთვის ჩუღურეთის რაიონი მოიყვანა და დასძინა, რომ გასულ წელს აღნიშნულ რაიონში გამოყოფილი 1 მილიონი ლარის მიუხედავად, მხოლოდ 10 სახლი იქნა შეკეთებული და ისიც უხარისხოდ.

"რაც შეეხება  "ძველი თბილისის ახალ სიცოცხლეს’’, პროექტის ფარგლებში მხოლოდ ჩუღურეთის რაიონში 300 ოჯახი იქნა გამოყვანილი და ისინი დღემდე არ არიან ბინებით უზრუნველყოფილნი’’,-განაცხადა რიმა ბერაძემ და კოლეგებს ბრალდებების ნაცვლად ერთად დგომისკენ და საქმის კეთებისკენ მოუწოდა.

დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მეწარმეებისთვის ხელშეწყობის პროგრამისთვის დაფინანსების შემცირებით დაინტერესდა, რომელიც ლევან თევზაიამ მეწარმეთა მხრიდან  დაბალი აქტივობით დაასაბუთა.

რაც შეეხება ნაციონალი დეპუტატის ირაკლი ნადირაძის შეკითხვას, თუ რატომ არ იგეგმება დედაქალაქში პოეტ ლადო ასათიანი ძეგლის დადგმა, საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა.

გიორგი ალიბეგაშვილმა კოლეგას განუმარტა, რომ თბილისში არა მხოლოდ ლადო ასათიანის, არამედ გურამ ლორთქიფანიძის, სერგო კოტრიკაძის, რევაზ ლაღიძის და სხვათა ძეგლისა თუ ბარელიეფის დადგმაა დაგეგმილი.

დაუმთავრებელი საცხოვრებელი სახლების შესახებ შეკითხვა გულიკო ზუმბაძემ დასვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ კორპუსების დამთავრება მერიის ვალდებულება იყო.

დეპუტატს მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა უპასუხა, რომელმაც განმარტა, რომ მხოლოდ სამხარაულის დასკვნის შემდგომ დაიგეგმება სამოქმედო გეგმა და უკვე 2015 წელს, მას შემდეგ რაც ღირებული და კარგადგაკეთებული პროექტები დაიდება, პრობლემა მოგვარდება.

მიწისქვეშა გადასასვლელებში ვიდეოკამერებისა და მონიტორების დამონტაჟების ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც  საკრებულოს წევრმა სევდია უგრეხელიძემ წამოაყენა,  ავთანდილ სუდაძემ აღნიშნა, რომ პროცესი დაწყებულია და  ამ მიმართულებით დედაქალაქში სამუშაოები არ შეჩერებულა.

საკრებულოს ფრაქციების "ნაციონალური მოძრაობა“ და "დემოკრატიული მოძრაობა“ წევრებმა 2014 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილების მხარი არ დაუჭირეს. თუმცა როგორც საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, ფინანსები ბიუჯეტის იმ ნაწილში მცირდება, რომელიც დახარჯული არ არის და ეს თანხები ისეთი მუხლების დასაფინანსებლად მიემართება, რომლებიც ყველაზე მეტად სჭირდებათ თბილისელებს.

ოპონენტები მერიის მიერ სესხის აღების თემასაც შეეხნენ, რაზეც საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ კიდევ ერთხელ  განმარტა დეტალები და აღნიშნა, რომ  რეალურად საკრებულომ მხოლოდ ნებართვა მისცა მერიას, რომ გახსნას საკრედიტო ხაზი. მისივე თქმით, საჭირო იქნება თუ არა სესხის აღება და რა მოცულობით, ეს მომავალში გადაწყდება.

უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკითხი დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.

ნანახია - 2085

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80