ალტერნატიული მომავალი - გლობალიზაციიდან რეგიონალიზმისკენ (წერილი მეორე)

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

ბლოგი

ალტერნატიული მომავალი - გლობალიზაციიდან რეგიონალიზმისკენ (წერილი მეორე)

ალტერნატიული მომავალი - გლობალიზაციიდან რეგიონალიზმისკენ (წერილი მეორე)
ნუკრი მიხანაშვილი

2014-11-11 23:55:19

რეგიონალიზმის დაბადება

 

ევოლუციის გაკვეთილების გათვალისწინებით, რა არსებითი ფაქტორებით შეიძლება დახასიათდეს გლობალიზებული მსოფლიოს პოლიტიკური რღვევის ტენდენციები და რეგიონალიზმის დაბადება?

ახალი ისტორიის გეოპოლიტიკუტი ფაქტორი

დღეს შესამჩნევი და უახლოეს ათწლეულებში განსაჭვრეტი გეოპოლიტიკური ფაქტორები ერთმანეთს განაპირობებენ და ერთ სუპერფაქტორს ქმნიან - ე.წ. გლობალურ, სექტორულ რეგიონალიზმს.

ზღვარი - რაოდენობრიობის ჩანაცვლება თვისობრიობით

ტენდენცია ასეთია: გლობალიზაციის მაქსიმალური, ზღვრული დონის მიღწევა, ამ პროცესის თანდათანობით შესუსტება და დასრულება. თუ გლობალიზაციის შემდგომი განვითარების რესურსები ამოიწურა და ის ყოვლისმომცველია, მისი საწინააღმდეგო, ან ჩამნაცვლებელი პროცესი მხოლოდ რეგიონალიზაციაა - ცივილიზაციათა დაყოფა მეგარეგიონებად, მსგავსი ან საერთო ინტერესების ზონებად.

გლობალურმა კომპიუტერიზაციამ და ინტენსიურმა ტექნოლოგიებმა მაქსიმალურად გაზარდა გლობალიზაციის ხარისხი - მოხდა სახელმწიფოთა ინფორმაციული, ტექნიკური და ეკონომიკური „დაახლოება და გაერთიანება“ ინტენსიურ რეჟიმში. ხოლო შეზღუდული, სოციალურად და მენტალურად ჩამორჩენილი პოლიტიკური სისტემები მაინც განუვითარებელ დონეზე დარჩა. ამ მხრივ, გლობალიზაციის შემდგომი განვითარების რესურსები კულტურათაშორის სივრცეში თითქმის ამოიწურა - ის პრაქტიკულად, უკვე, ყოვლისმომცველია. ბოლო რამდენიმე ათწლეულში დრო „შემცირდა“, „შეიკუმშა“, და ხდება ნახტომი განვითარებაში.

ამასთან, მსოფლიო (კომუნიკაციურად) დაპატარავდა, მოსახლეობა კი გაიზარდა. 100 წლის წინ პლანეტის მოსახლეობა 1,5 მილიარდს შეადგენდა, დღეს - 7 მილიარდია. მაგრამ, ტექნიკურად ყველა გაერთიანებულია ერთ საერთო სივრცეში.

სულ რაღაც 100-200 წლის წინ ცივილიზაციათა პოლიტიკურ პრობლემებს შიშველი ხმალი წყვეტდა. დღეს პოლიტიკური პრობლემები ციფრულ-ტექნოლოგიურ და ფინანსურ დონეზე წყდება, რაც განვითარებული ცივილიზაციების მთავარი იარაღია. სამხედრო-პოლიტიკური მოქმედებების და აზროვნების ფორმატი, შინაარსი და მექანიზმები შეიცვალა. ანუ, სამიათასწლოვანი (და მეტი) პოლიტიკური იარაღი - ხმალი, მცირე ისტორიულ პერიოდში (თითქმის ჩვენს თვალწინ), თანდათან შეცვალა ციფრულმა და ეკონომიკურმა იარაღმა - ტექნოლოგიებმა და ფინანსებმა. შესაბამისად, დღის წესრიგში დგება გეოპოლიტიკის შემდგომი ეტაპი - სახელმწიფოთა მსგავსი და განსხვავებული ინტერესების გააქტიურება, და პოლიტიკური მოწყობის ახალი ფორმატი - სუპერრეგიონალიზმი, რაც ინტერესების, რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებას გულისხმობს.

გაქცევა - ეთნო-ნაციონალური თვითიდენტიფიკაცია.

ეს ფაქტორი ორ განსხვავებულ, მაგრამ ურთიერთშემავსებელ ტენდენციაში აისახება, სადაც ზღვარი, შეიძლება ვერც გავავლოთ: პირველი - სოციოკულტურული და ეროვნული თვითიდენტიფიკაცია. მეორე - ეთნოკულტურული ამბიციები და დაპირისპირება. პირველის გამოვლინება ხდება ცივილური ფორმით და მთავრდება დემოკრატიული რეფერენდუმით. მეორის - აგრესიული ფორმით და მთავრდება ომით, სადაც სეპარატისტული და პროვოკაციული ასპექტი დომინირებს.

ისტორიულად, ნაციონალიზმის აღორძინება 100 წლის წინ დაიწყო. უმრავლესი ნაციონალური სახელმწიფოები პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა. ომს შედეგად ოთხი იმპერიის დაშლა მოჰყვა: ავსტრო-უნგრეთის, გერმანიის, ოსმალეთისა და რუსეთის. ამით იმპერიების ეპოქა ნაწილობრივ დასრულდა. შემდგომ, მრავალეროვნული პოლიტიკური იმპერიები ეკონომიკის შემქმნელმა კორპორაციულმა იმპერიებმა შეცვალა. პროცესი განვითარდა. ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობა გაიზარდა და ამ ტენდენციამ პოლიტიკური იმპერიები მაქსიმალურად დაასუსტა და მათი შინაარსი შეცვალა. ნაციონალიზმი პოლიტიკური მარწუხებისგან განთავისუფლდა და თვითიდენტიფიკაცია მოახდინა. ამის კარგი ევრაზიული მაგალითია სსრ კავშირის დაშლა.

თვითიდენტიფიკაციის ბუნებრივი ინსტიქტი წარმოშობს როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ, კულტურულ (ზოგჯერ ეკონომიკურ) კონფლიქტებს, როცა ერთი ეროვნული (ეთნოსური) სუბიექტი მეორეს პოტენციურ მეტოქედ აღიქვამს და ორივე შესაძლო გამოსავალს ეძებს.

მაგალითები განსხვავებულია. უკრაინის კონფლიქტში ძირითადად პოლიტიკური პროვოკაციული ფაქტორი დომინირებს, მაგრამ ასევე აღსანიშნავია სოციოკულტურული დაპირისპირება. აღმოსავლეთ და დასავლეთ უკრაინას შორის „გაუგებრობები“ დამოუკიდებლობის 25 წლის მანძილზე ოდნავადაც არ შემცირებულა. სულ არსებობდა განცდა, რომ ერთ ნაწილს თავი უნდა დაეცვა მეორისგან კულტურული ნიშნით. რუსები უკრაინაში ყოველთვის იბრძოდნენ ენის სახელმწიფო სტატუსისთვის და ამას ვერ აღწევდნენ უნიტარულ სახელმწიფოში. ამიტომ, შინაგანად (კულტურულად) სულ განიზიდებოდნენ. არადა, ორ სხვადასხვა იმპერიაში, შემდგომ კი ერთ დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ამ ორ სლავ ხალხს შესანიშნავად შეეძლო განვითარებულიყო ერთად.

თანაცხოვრების მრავალი საუკუნის გამოცდილების მიუხედავად, ეთნოკულტურული ამბიციის და პროვოკაციული პოლიტიკური ფაქტორის გამოვლინების მაგალითია ქართულ-აფხაზური დაპირისპირება. ერთი გენოტიპის ამ ორმა ხალხმა მშვიდი თანაცხოვრება ვერ შეძლო, ვერ მოახერხა. როგორც კი გაჩნდა გარემოება გაქცევისა, აფხაზებმა სწორედ განცალკევება აირჩიეს ერთიანობის საპირისპიროდ.

ერებისა და ეთნოსების თანაცხოვრებაში ჩამოყალიბდა აგრესიული ნაციონალიზმის - სრული მიუღებლობის ფილოსოფია, რომელიც შეურიგებელი და შეუგუებელია „თავის პატარა ტერიტორიაზე“ სხვა, შედარებით მრავალრიცხოვან ერ-ეთნოსთან. მოლოდინის რეჟიმში მყოფი „მშვიდი“ ნაციონალიზმი, აგრესიულმა ჩაანაცვლა.

 ევროპა ეროვნული თვითიდენტიფიკაციის ორ განსხვავებულ მაგალითს გვაძლევს: ცენტრალური - ომების, დასავლეთი - რეფერენდუმების. კოსოვოს მაგალითი დაუნდობელი ომის გზაა. სეპარატისტული ძალები აქტიურობენ ესპანეთის კატალონიაში, ასევე - ჩრდილოეთ იტალიაში და საფრანგეთის სამხრეთში - კორსიკაზე.

ევროპის ცხოვრებაში შოტლანდიის რეფერენდუმი დიდი პოლიტიკური გამოწვევა იყო, რადგან საქმე სრულიად ახალ ფენომენთან გვაქვს. პოლიტიკოსთა შორის სრული გაუგებრობა იყო, თუ რა მოხდებოდა დიდ ბრიტანეთში რედფერენდუმის შემდეგ, მისი შედეგების მიუხედავად. შედეგები კი ასეთია: 45% 55%-ის წინააღმდეგ. დიდმა ბრიტანეთმა არსებობა და ერთიანობა შეინარჩუნა. ეს მნიშვნელოვანი ტესტია მთელი მსოფლიოსთვის და უნიკალური მასალა მკვლევარებისთვის.

თვითმყოფადი შოტლანდიელი ხალხი მრავალი წელი ვერ წყვეტდა - სრული ბედნიერებისთვის სრული დამოუკიდებლობა სურს თუ წარმატებულ დიდ ბრიტანეთში ინგლისელებთან თანაცხოვრება. ხმები გაყოფილია, რაიმეს იძულება კი - გამორიცხული. ამჯერად, ერთიანობის შენარჩუნება აქ მხოლოდ ინტერესების ნიშნით მოხდა.

ვფიქრობ, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაშიც ეს ე. წ. „სრული ბედნიერების“ ფაქტორი, მნიშვნელოვანი ტესტი იქნება. ჩვენს შემთხვევაში, ქართულ-აფხაზური „საერთო ბედნიერების“ პერსპექტივა, შესაძლოა დაუსრულებელ მოლოდინად იქცეს. ვნახოთ, სხვა ევროპულ სახელმწიფოთა მცირე ერების არჩევანში ყოფითი ფაქტორები გადასწონის თუ თვითიდენტიფიკაციის მომნუსხველი და მაცდური ძალა.

5 ათასი სახელმწიფო! - ეთნო-ლინგვისტური ნაციონალიზმი

თანამედროვე სახელმწიფოთა პოლიტიკურ სხეულში ხდება საზოგადოების განსხვავებული და მსგავსი ინტერესების უკიდურესი გააქტიურება, რაც პოლიტიკური დეინტეგრაციის და რეგიონული ინტეგრაციის ახალი ფაქტორი ხდება. მიზეზი, ალბათ, ისიცაა, რომ მცირე ერების და ეთნოსების ინტერესები სხვადასხვა გეოპოლიტიკურ სივრცეში, განსხვავებულია. შედარებით დიდ ერებს სრულიად სხვა ინტერესები გააჩნიათ, ვიდრე მცირე ერ-ეთნოსებს.

ამგვარად, არა მარტო ეროვნული, არამედ ეთნო-ლინგვისტური ნაციონალიზმიც ძლიერდება, რომელიც ცდილობს ჩამოცილდეს გლობალური სამყაროს „კარნახს“ და უარი თქვას უნივერსალიზაციის სიკეთეზე - მიმბაძველობაზე. „დიდი ერების“ პოლიტიკურ ნაციონალიზმს და დიდ ამბიციებს, დაუპირისპირდა „მცირე ერების“ ეთნიკური ნაციონალიზმი და გაზრდილი ამბიციები . ეს „პატარა ერების“ ადეკვატური რეაქციაა, რადგან სხვა ხალხებმაც „აღმოაჩინეს“ თავიანთი ფესვები და ამიტომ, საკუთარი სახელმწიფოებიც მოითხოვეს!

ეთნო-ეროვნული იდენტურობის აქტუალიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე მიმდინარეობს. დედამიწაზე 5 ათასამდე ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე კი მხოლოდ 203 სახელმწიფოა. ამ არითმეტიკით, არ არის გამორიცხული 5 ათასი სახელმწიფოს „დაბადება“. ადრე თუ გვიან, ეთნოსებს აუცილებლად გაუჩნდებათ დამოუკიდებლობის და საკუთარი სახელმწიფოს შექმნის სურვილი. ეს არის სწორედ რეგიონალიზმის ტენდენცია, საზოგადოებათა გამყოფი და გამაერთიანებელი ფაქტორი - კულტურული იდენტიფიკაცია.

უძველესი ფესვების ძიება და მიგნება დღევანდელ გლობალურ საზოგადოებაში ის მამოძრავებელი ძალაა, რასაც ვერანაირი მეცნიერება თუ პოლიტიკა ვერ ახსნის, ვერ დაუპირისპირდება და ვერ უარყოფს. ამიტომ, ყველა ეპოქაში ცივილიზაციათა ბალანსი ცვალებადია და ეს, ცხადია, ჩვენს გლობალიზებულ ეპოქაზეც აისახა, რომელიც, არსებითად, წინა საუკუნის ნაყოფია და ამდენად - წარსულია.

აგრესია - საყოველთაო გლობალიზაციისადმი პროტესტი

ზოგადად პროტესტი, როგორც უსამართლობის განცდა - უდიდესი ძალაა. პროტესტის ფაქტორი ვლინდება ზემოთ მოყვანილ მსოფლიოს პოლიტიკური რღვევის მაპროვოცირებელ ტენდენციებშიც. გლობალურმა პროტესტმა, აგრესიულ ნაციონალიზმთან და სოციოკულტურულ კონფლიქტებთან ერთად, წარმოშვა ფუნდამენტალიზმის ახალი ფორმა, ე.წ. ერთიანი „ისლამური სახელმწიფოს“ იდეა, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა აგრესიული რელიგიური ნიშნით გამოხატული რეგიონალიზმის ფორმა - ინტერესების ნიშნით „ინტეგრირებული“ უზარმაზარი სივრცე. ამ ექსტრემისტული კავშირის მიერ მსოფლიოს „ახალ“ რუკაზე ის სახელმწიფოებია მონიშნული, სადაც ISIS („ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“) შარიათის კანონზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნას გეგმავს. როგორც ირკვევა, საქართველოსთან ერთად რუკაზე წარმოდგენილია კავკასიის მთელი რეგიონი, ახლო აღმოსავლეთი - პალესტინა იორდანია, ლიბანი სირია, ეგვიპტე, არაბეთის ნახევარკუნძული, თურქეთი, ჩრდილოეთ აფრიკა, აზიის დიდი ნაწილი, აღმოსავლეთ ევროპის ნაწილი, ბალკანეთი, ყირიმის ნახევარკუნძული და პირენეის ნახევარკუნძული - ესპანეთი და პორტუგალია. არსებობს დიდი სომხეთის რუკაც, დიდი თურქეთის, დიდი რუსეთის, შესაძლოა ოსეთის და ა. შ. „გაერთიანებები“, „გაფართოებები“ და სხვა „მომავლის რეგიონები“. თითქოს, ღიმილის მომგვრელად აღიქმება, მაგრამ ფაქტია - ბობოქარი ისტორია იწყება!!

რღვევა - დემოკრატიის არასრულყოფილება

 მსოფლიოს პოლიტიკური რღვევის და გლობალიზაციის დასასრულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია დემოკრატიის, როგორც სტანდარტის არასრულყოფილება, რაც ყველა აღნიშნული ფაქტორის შემადგენელი და ამდენად, სუპერფაქტორის გამაერთიანებელი ელემენტია.

დემოკრატია 20 საუკუნეზე მეტია ვითარდება, მაგრამ სრულყოფილ ფორმას და შინაარსს ვერ მიაღწია. პირიქით, ის სათამაშო ინსტრუმენტი გახდა თანამედროვე პოლიტიკოსთა ხელში, კერძოდ - დომინანტ სახელმწიფოთა მიერ საკუთარი „ნაციონალური“ ინტერესების ყველა საშუალებით და ხერხით რეალიზაციის მიზნით. მსოფლიოს ნახევარზე მეტ ქვეყნებში, ეს „არასრულყოფილი“ დემოკრატიაც კი ჯერ კიდევ მიუღწეველია. მისი „ექსპორტი“ კი ვერ ამართლებს, რადგან დემოკრატიის „გადანერგვა“ სხვა სხეულში შეუძლებელია. ის ევროპული ცივილიზაციის წიაღში იშვა, ქრისტიანულმა მენტალობამ განავითარა, რაც აზიური მუსლიმანური სამყაროსთვის არაორგანულია, და ამიტომ გაუგებარია.

როგორც ჩანს, დემოკრატია მსოფლიო სტანდარტი ვერ იქნება. არშემდგარ აზიურ თუ ლათინურ-ამერიკულ სახელმწიფოებში ავტოკრატიზმი მართვის უარესი მეთოდია, მაგრამ ის მართვის ყველაზე კომფორტულ ფორმად რჩება. შედეგად, მსოფლიოში სახეზე გვაქვს სოციალური დისპროპორცია და არასამართლიანობა, რაც დღემდე სახელმწიფოთა მოწყობის ვერცერთი პოლიტიკური სქემით ვერ დაიძლია. წარმოქმნილ დისბალანსს კი თან ახლავს გაუცხოება და დეინტეგრაცია.

ევროპის კონტინენტზე ქვეყნები დაახლოებით ერთნაირად (თიქმის ნათესაურად და დინასტიურად) იმართებოდნენ და ვითარდებოდნენ. ამ სიახლოვის და მსგავსების მიუხედავად, მათ გაიარეს დაპირისპირების და ომების გზა. ისტორიულად „ცოტა ხნის წინ“ კი მიხვდნენ, რომ ერთმანეთის დასუსტებას შეუდარებლად სჯობს თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება. ამას რომ მიხვდე, ქრისტიანული დემოკრატიის საფუძვლების პრაქტიკული ცოდნა, მენტალური ფაქტორები და შესაბამისი კულტურა სჭირდება. ასეთი ინტელექტუალური და სოციალური კაპიტალი კი თანამედროვე მსოფლიოში უმრავლეს ეროვნულ სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ აქვს.

წარმატების აპრობირებული ფაქტორი ნებისმიერ ცივილიზაციაში, ძირითადი პრობლემების გადასაწყვეტად - გაერთიანების ეფექტია, სხვადასხვა ფორმით - ვაჭრობა (საერთო ბაზარი), თავდაცვა-უსაფრთხოება, რელიგიური იდენტობა და სხვ. რეგიონალიზმის განვითარება კი გულისხმობს საერთო (იდენტური, სასარგებლო) ინტერესების ერთობლივ გატარებას. შესაბამისად, მდგრადი განვითარება მხოლოდ რეგიონული შეიძლება იყოს, და არა გლობალისტური, სტანდარტული და უნიფიცირებული, ან თუნდაც საყოველთაოდ „დემოკრატიული“.

ნარცისიზმი - სუბიექტური ინტერესების დომინანტობა

მსოფლიოს გლობალური წესრიგის რღვევის მაპროვოცირებელ ფაქტორად ყალიბდება პოლიტიკური (პიროვნული და ეროვნული) ნარცისიზმის სინდრომი, როგორც „პოლიტიკის სტანდარტის“ და აღიარებული „თამაშის წესების“ დამანგრეველი ძალა. ზოგადად კი, პოლიტიკოსობა ერთგვარი დაავადებაა, რაც ხშირად, მაღალ (ან დაბალ) თვითშეფასებას, მაგრამ ყველა შემთხვევაში - გადამეტებულ ამბიციებს და ნარცისიზმის ფაქტორს ეფუძნება. არსებობს „ნორმალური“ ადამიანის აღიარებული სტანდარტი, რომელიც ყველა პროფესიას თუ საზოგადოებრივი აქტივობის სფეროს ზუსტად ერგება, გარდა ე. წ. „პოლიტიკოსობისა“. მართლაც, ჩვენს ცნობიერებაში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველა ცნობილი პოლიტიკოსი (ან ასეთი ამბიციის მქონე) თავისი „არანორმალურობით“ დაგვამახსოვრდა - სხვადასხვა ეპოქაში და საზოგადოებაში.

ჯორჯიის უნივერსიტეტის პროფესორი უ. კეიტ კემპბელი, ავტორი წიგნისა „ნარცისიზმის ეპიდემია“, აღნიშნავს, რომ ნარცისიზმის ფაქტორი უკვე მსოფლიო პრობლემად იქცა. ამ სენით დაავადებული ადამიანი ყველაფერზეა წამსვლელი პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. და, ეს (ძველი თუ ახალი) ადამიანური სისუსტე უკვე პოლიტიკურ იარაღად იქცა დაპირისპირებულ ცივილიზაციათა ურთიერთობაში. თანამედროვეობის ყველა, მათ შორის დაწინაურებულ საზოგადოებაში, არიან ამ სენით დაავადებული და მისი მსხვერპლი პოლიტიკოსები. როგორც წესი, ესენი მეტ-ნაკლებად ქარიზმატული და კორუმპირებული პოლიტიკოსები არიან. თუ არის ფული, ადვილია ნარცისი პოლიტიკოსებით (პარლამენტარები, მთავრობის წევრები, ყოფილი და მოქმედი ლიდერები) „თამაში“, მათი დაქირავება „კონსულტანტებად“, „ლობისტებად“ - უბრალოდ, ყიდვა! ზოგჯერ, სახელმწიფოს ინტერესები „მოითხოვს“ მთელი პოლიტიკური ელიტის ყიდვას. ასეთი „საქონლი“ და შესაბამისი „ბაზრები“ კი ყველა სახელმწიფოშია.

სავარაუდოა, რომ ეს ფაქტორი ეროვნული და ეთნოსური შინაარსის მატარებელიცაა (ნარცისი ნაციები), რაც ეთნო-კულტურულ ამბიციებშიც პოულობს ასახვას და ამიტომ, რეგიონალიზმის ერთ-ერთი ფაქტორია. ამასთან, ნარცისიზმი, პროვოკაციული ეთნო-პოლიტიკური ფაქტორისთვის მსუყე ნიადაგს ქმნის.

პოლიტიკოსები ყოველთვის თამაშობენ, რათა მიზანს მიაღწიონ ან/და საკუთარი ინტერესები დაიკმაყოფილონ. აქ, არა ერთი ან ორი, არამედ მრავალმხრივი „სტანდარტი“ მოქმედებს, რაც უკვე თავისთავად გამორიცხავს სტანდარტის არსებობას და თამაშის წესების დაცვას.

უნდა ვიფიქროთ, რომ ნარცისიზმის ფაქტორის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინტერესების „გადარჩენის“ ფორმულაში, სახელმწიფოს მაორგანიზებელი ვექტორი ამ ინტერესების ჯანსაღი გაერთიანებისკენ მიისწრაფვის, რაც მხოლოდ რეგიონალურ ერთობაში რეალიზდება.

ჩამოშლა - საფინანსო სისტემის რღვევა

ევოლუციის გაკვეთილებში წარმოდგენილი ტენდენციები (ეკონომიკური კრიზისები; ფულის მომწესრიგებელი და მმართველობითი ფუნქციის დასუსტება - იხ. წერილი პირველი) ქმნის რეგიონალიზმის ფაქტორს, როგორც კრიზისებიდან გამოსავალს, რაც საფინანსო სისტემის რღვევით შეიძლება დახასიათდეს. დოლარზე დაფუძნებული მსოფლიო საფინანსო სისტემა თუ ჩამოიშალა, რასაც ეკონომისტები წინასწარმეტყველებენ, რეგიონალიზაციის ტენდენციის გააქტიურება განსაკუთრებით ინტენსიური გახდება. დღეს არსებული მსოფლიო საფინანსო სისტემა „კრავს“ სახელმწიფოებს ტრადიციულ პოლიტიკურ ჩარჩოებში, რაც დიდწილად, დოლარის მომწესრიგებელ ფუნქციას ეფუძნება. ამ სისტემის ჩამოშლის შემთხვევაში, დაიწყება ფინანსური და ეკონომიკური (სასურსათო, სასაქონლო) ქაოსი. ყოველგვარ ქაოსს კი ცენტრიდანული ძალა აქვს. ნაციონალური ინტერესები და ტენდენციები გააქტიურდება, შეიზღუდება გლობალიზაციის ტენდენციები და მას რეგიონალიზმი ჩაანაცვლებს. ასეთია ამ ფაქტორის განვითარების შედეგი, როგორც ერთ-ერთი შესაძლო სცენარი.

რეგიონალიზაცია - დღეს და ხვალ

ამგვარად, შეგვიძლია გავაერთიანოთ რეგიონალიზმის წარმომქმნელ ფაქტორთა შინაარსი, გავიაზროთ და წარმოვიდგინოთ შედეგი - მიმდინარე, უახლოესი და მომავალი პერიოდისთვის.

დღეს „ჰომოგენური სახელმწიფოების ეპოქა დასრულდა“ - კატეგორიული თვითდაჯერებით ბრძანა ევროსაბჭოს თავმჯდომარემ რომპეიმ კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან დაკავშირებით. მართლა ასეა?

ევროკავშირის მესვეურები რაც უფრო კარგად გაიაზრებენ და შემდეგ - წარმოიდგენენ (ფანტაზიის თანხლებით) ჩვენს მიერ განხილულ შესაძლო სცენარებს და მოლოდინებს, მით უფრო ნაკლები თვითდაჯერებით განაცხადებენ სამომავლოდ მსგავს სენტენციებს. წარსულში ჩარჩენილ ასეთ პოლიტიკოსებს მინდა მივმართო: - კი არ დასრულდა - იწყება!! დღეს - შემადგენლობით, წარმოშობით, თვისებებით ერთგვარი ეთნო-სახელმწიფოების ეპოქა იწყება! სწორედ ამიტომ, კატალონიელთა (შოტლანდიელთა, ასევე აფხაზთა და ოვსთა) სულისკვეთება, ემოციურად სრულიად გასაგებია. თითქოს, „უმნიშვნელო“, „მცირე“, მოწყვლად კულტურათა მისწრაფება ან მათი პროვოცირება პოლიტიკური სუვერენიტეტისაკენ - ამის დადასტურებაა.

მაგრამ, დაშლის (გაქცევის) ემოციურ ფაქტორს, გაერთიანების პრაგმატული ფაქტორიც ახლავს თან - ეს რეგიონალიზაციაა, და ეს ფაქტორი უკვე დღეს, ჩვენს სინამდვილეში რეალიზდება.

თუ აქამდე, საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი (ერთადერთი) სუბიექტი იყო სახელმწიფო - ტრადიციული შინაარსით, რეგიონალიზმის ეპოქაში ასეთი სუბიექტი ხდება სახელმწიფოთა კავშირები. უკვე დღეს, წამყვან ცივილიზაციებში, სახელმწიფო თავის მრავალ ცენტრალურ ფუნქციას თმობს, ხოლო საერთაშორისო და რეგიონული ინსტიტუტები ამ ფუნქციებს ითავსებენ. ხდება სუვერენიტეტის და ძალაუფლების ნებაყოფლობითი დათმობა და მათი გადაცემა საერთაშორისო, ან რეგიონული, ან ადგილობრივი ინსტიტუტებისთვის.

ძნელი ასახსნელია, რა იქნება რეალურად ხვალ - მომავალში. მაგრამ, ერთი რამ შესაძლებლად მეჩვენება - გეოპოლიტიკის საფუძველი დარვინიზმი აღარ იქნება - ძლიერი სუსტს აღარ გადაყლაპავს. ადამიანები და ქვეყნები თანაბარუფლებიან პარტნიორებად ჩამოყალიბდებიან და წარმატებით ითანამშრომლებენ. და მაშინ, შეგვეძლება ვთქვათ, რომ მსოფლიოს პოლიტიკური სხეული და ფილოსოფიური სული ჰარმონიულად გაერთიანდა!! ეს მომავალი - „ადამიანთა მსგავსი“, მაგრამ უფრო ჰუმანური - ადამისგამონთა პლანეტის ხვედრია.

(გაგრძელება იქნება)

 

ნანახია - 1613

ბიკენტი

2015-02-28 14:38:09

მე კი ვფიქრობ,რომ ბატონ მიხანაშვილის აქ გახმოვანებული თეზა,(ერთდროულად მიმდინარე ინტეგრაცია-
რეინტეგრაციის შესახებ),უკვე შეიძლება მოცემულობად აღვიქვათ.ისე კი მე თუ მკითხავთ სურვილი,რა
ხასიათისაც არ უნდა იყოს ის,ყოველთვის ეფუზნება თვითდამკვიდრებას,არ აქვს მნიშვნელობა სიცოცხლის,
ყოფნის გასახანგრძლივებლად გამოიყენება ის თუ არა.ისევე,როგორც ავადმყოფის შემთხვევაში ბევრად არის
დამოკიდებული სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის,ამ სურვილის არსებობა,ასევეა სხვადასხვა
ცივილიზაციების და კულტურების შემთხვევაშიც.და ეს ბუნებრივია.
ყველა კულტურა,ცივილიზაცია,(რაღაც დოზით,მაინც) მოწოდებულია განვრცობადობაზე.სავალდებულო არ
არის აგრესიული ფორმებით(თუ მათი განვრცობა,სხვების მხრიდან,როგორც სიახლე და პროგრესი,ისე
აღიქმება და მიმზიდველია) ასეთი,რამ დასაშვებია მრავალპოლუსიან მსოფლიოში,იქ,სადაც ბუნებრივი
ძალდაუტანებელი განვითარების შესაძლებლობა ექმნება ყველა კულტურას და ცივილიზაციას,იმისთვის,რომ
ეს შენარჩუნებული მრავალფეროვნება,იძლეოდეს არჩევანს სამომავლო განვითარებისთვის,ამ სურვილის
არსში ჩარევისა და მისი სახეცვლილების გარეშე.
ამ მხრივ,ის მრალწლიანი პერიოდი,რაც ნავარაუდევი აქვს ავტორს მე თუ მკითხავთ მთლიანად ითავსებს
განსხვავებულ ცივილიზაციათა მშვიდობიანი კონკურენციის და თანაარსებობის შედეგად მიღწეულ
უნიკულტურას,ერთგვარ კონსენსუსს(არა მონოს) დაუსრულებელი ფორმით.თავისი განმასხვავებელი
ნიშნებით,იმიტომ,რომ კვლავ გაგრძელდეს სწრაფვა სრულყოფილებისკენ შედარებითობის მაგალითზე
და ეს უნიკულტურა,როგორც თვითკმარი ისე არ აღიქმებოდეს,ჩემი აზრით

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80