კენტერბერის სცენა (ნაწილი VI) - National Health - ბრიტანული როკ-პუბლიკის გემოვნების გაჯანსაღების სამსახურში
ბლოგი

კენტერბერის სცენა (ნაწილი VI) - National Health - ბრიტანული როკ-პუბლიკის გემოვნების გაჯანსაღების სამსახურში

კენტერბერის სცენა (ნაწილი VI) - National Health - ბრიტანული როკ-პუბლიკის გემოვნების გაჯანსაღების სამსახურში
აჩიკო ბენაშვილი

2015-05-03 10:49:30

1976 წლისთვის არაერთი წამყვანი ინგლისური როკ ჯგუფის დაშლა როკ მუსიკის აღსასრულს სულაც არ მოასწავებდა. როკი არსებობს დღემდე და საკმაოდ მყარად ინარჩუნებს პოზიციებს, უბრალოდ დრონი მეფობენო ნათქვამია და დროთა განმავლობაში ჟანრობრივ სახეცვლილებებს უკვალოდ არც კენეტერბერულ ჯგუფებთან მიმართებაში ჩაუვლია.

უბრალოდ უნდა აღინიშნოს, რომ გასული საუკუნის 70–იანი წლების მუსიკალური შოუ ბიზნესის ზოგადი ტენდენციები, კენტერბერის სცენას მისდა სასახელოდ ნაკლებად შეეხო.

მაგალითად, ვერ აღმოაჩენთ კენტერბერულ პანკ-ჯგუფს, ყოველ შემთხვევაში სახელოვანს. მეტიც, Hatfield And The North–ისა და Gilgamesh–ის ფილოსოფიით გაღვივებულმა კენტერბერული ჯაზ-როკ სცენის უკანასკნელმა ბუმბერაზმა წარმომადგენელმა National Health–მა უკვე სახელწოდებაში მიზნად დაისახა ინგლისელი ახალგაზრდების მუსიკალური გემოვნების გაჯანსაღებაზე ზრუნვა.

ამის შესახებ მუსიკოსები დაუფარავად აცხადებდნენ და შესაძლოა სადებიუტო ალბომის  უკეთ გაყიდვის მიზნით, მისი ქრონომეტრაჟი 50 წუთამდე გაზარდეს მაგნიტურ ფირზე გადამწერთათვის უხერხულობის შესაქმნელად...

ხუმრობა იქით იყოს და სინამდვილეში National Health–ის შექმნის იდეა ორ დიდებულ პიანისტს – დეივ სტიურტსა და ალენ გოუენს Hatfield And The North–ისა და Gilgamesh–ის ერთობლივი კონცერტის შემდეგ მოუვიდათ.

იდეა მოიაზრებდა კენტერბერული სცენის მუსიკოსების სრული სვლით წარმოჩენას. ერთგვარ ორკესტრს უნდა ჰყოლოდა ორ–ორი პიანისტი და გიტარისტი, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვადასხვა სახის ჩასაბერი თუ სასულე ინსტრუმენტებისა და ტრადიციულ ბექ ვოკალისტ ქალბატონთა ეფექტზე, რის გარეშეც წარმოუდგენელი იყო 70–იანი წლების შუა პერიოდის კენტერბერული ჯაზ როკი.

იდეა თითქოს ახლოს იყო განხორციელებასთანაც, რადგან თავდაპირველ კოლექტივში შევიდნენ ზემოთხსენებულ პიანისტთა დუეტი, გიტარისტები ფილ მილერი (Hatfield And The North) და ფილ ლი (Gilgamesh), ბას გიტარისტი მონტ კემპბელი (Egg და Hatfield And The North), დრამერი ბილ ბრაფორდი (Yes და King Crimson).

ამ შემადგენლობით ჯგუფმა 1975 წლის მეორე ნახევარი რეპეტიციებს დაუთმო (მიაქციეთ ყურადღება Hatfield And The North–ისა და Gilgamesh–ის არსებობის პერიოდში) და ორადორი კომპოზიცია ჩაწერა, რომელთაც დღის სინათლე 20 წლის შემდეგ –  1996 წელს გამოსულ Missing Pieces–ში იხილეს.

1976 წელს ჯგუფმა პირველი ბრიტანული ტურნე გამართა, სადაც თავი იჩინა ტრადიციულმა კენტერბერულმა დაუდევრობამ. ქალბატონი ამანდა პარსონსი კოლექტივს ვერ შეუერთდა ავადმყოფობის გამო, ფილ ლიმ კი ჯგუფი დატოვა.

 

მისი ადგილი მართალია შესანიშნავმა ფიუჟენ გიტარისტმა სტივ ჰილიჯმა დაიკავა, მაგრამ რეპერტუარში ნაკლებად ჩახედულმა მუსიკოსმა მხოლოდ ქაოსი შემატა კოლექტივს.

საბოლოოდ National Health –მა ერთი გიტარისტის ამარა დარჩენა გადაწყვიტა, 1976 წლის მარტში კი ბილ ბრაფორდი ტურნეში სახელგანთქმულ Genesis–ს მიუერთდა და ჯგუფი დრამერის გარეშე დარჩა...

ბრაფორდი დროებით ჯონ მიჩელმა შეცვალა, მაგრამ მალე კოლექტივი ბასისტმა მონტ კემპბელმაც მიატოვა, რასაც ჯგუფის მხრიდან მისი კომპოზიციების იგნორირება მოჰყვა. 

ალენ გოუენმა საბედნიეროდ დრამერი პიპ პაილი და ბასისტი ნეილ მიურეი დაითანხმა თანამშრომლობაზე და საბოლოოდ სადებიუტო ალბომი National Health 1977 წელს მოევლინა მუსიკალურ სამყაროს.

საინტერესო ისაა, რომ ალბომის გარეკანზე ჯგუფის ოფიციალურ წევრთა შორის არიან დეივ სტიუარტი, ფილ მილერი, ნეილ მიურეი და პიპ პაილი და არა ალენ გოუენი, რომელიც მხოლოდ ორ კომპოზიციაში უკრავს მუგის სინთეზატორზე. სტუმართა შორის ასევე მოიხსენიებიან ფლეიტისტი და კლარნეტისტი ჯიმი ჰასტინგსი, დრამერი ჯონ მიჩელი და მომღერალი ამანდა პარსონსი.

აღსანიშნავია ვოკალის მომენტის წინა პლანზე წარმოჩენა. ამდენი არცერთ კენეტერბერულ ჯაზ როკ ბენდში არ უმღერიათ. მიუხედავად ამისა, დაცულია ბექ ვოკალის ტიპის სტრუქტურა, რის მიხედვითაც იგი ფაქტობრივად საკრავთანაა გაიგივებული.

რეპერტუარს თან დაჰყვა Gilgamesh–ის დამახასიათებელი ერთგვარი „სირბილე“, თუმც იგი ნაკლებად გამომსახველობითია და კომპოზიციური სიმწიფითაც ჩამოუვარდება ალენ გოუენის პირველ ჯგუფს.

Hatfield And The North–ის სამი მუსიკოსის მონაწილეობის მიუხედავად, ეს ჯგუფი Gilgamesh–თან შედარებით ნაკლებად იგრძნობა რეპერტუარში, რადგან ეტყობა პაილმა ხეირიანად ვერც მოასწრო კოლექტივში ჩაჯდომა.

პერიოდულად ბოლომდე მიუყვანელი და დაუმუშავებელი თემები მსმენელს ფიქრის საშუალებას აძლევს და რეპერტუარს ამით მით უფრო ეკზოტიკურს ხდის. კენტერბერულ სცენას ეს უხდება კიდეც. ალბომი მეორე ნაწილში შლის ფრთებს ორნაწილიანი Borogoves–ით, რომლის ნეილ მიურეისეული ხელწერა სულ მალე Whitesnake–შიც Fool For Your Loving–ისა თუ Ain’t Gonna Crying No More ტიპის სიმღერებში გამოჩნდება და Elephant–ით.

სადებიუტო ალბომს მდევარი რომ უნდა მოჰყოლოდა, ესეც ხომ კენტერბერული ტრადიციაა. ასევე ორ–ორი ალბომით არ შემოიფარგლენ Hatfield And The North და Gilgamesh?

სადებიუტო ალბომის „დაგეგმილი“ კომერციული ჩავარდნის მიუხედავად, ბრიტანელი ახალგაზრდებისათვის მოწყობილ ვრცელ „საგანმანათებლო“ტურნეს თანადროულად, ჯგუფმა ახალი ალბომის ჩაწერა გადაწყვიტა.

ალბომი Of Queues And Cures წინამორბედის მსგავსად, ვინილის დისკისთვის არასტანდარტული – 52 წუთიანია. ჯგუფის ოფიციალურ წევრთაგან კი სადებიუტო ალბომთან შედარებით ერთი ცვლილებაა. ბას გიტარისტი აქ ექსპერიმენტული Henry Cow–ს ჯონ გრივსია, რადგან ნეილ მიურეიმ დევიდ ქოვერდეილისგან მიიღო მიწვევა Whitesnake–ში, რაზეც საღად მოაზროვნე მუსიკოსი უარს ნამდვილად არ იტყოდა. თუნდაც მხოლოდ ეს მიზეზია საკმარისი ალბომ National Health-ის წარმატებულობის დასასაბუთებლად.

გრივსმა ვოკალისტის ფუნქციაც შეითავსა, რაც ძალიან მოუხდა „მოწესრიგებული ქაოსის“ დიდებულ ნიმუშს – Binoculars.

საბოლოოდ კი Gilgamesh–ისა არ იყოს, National Health-საც მეორე ალბომი უფრო დახვეწილი და შეკრული გამოუვიდა. Of Queues And Cures წინამორბედის მსგავსად სტუმრებითაც უხვადაა წარმოდგენილი, მაგრამ ამანაც ვერ იხსნა კენტერბერული ჯაზ როკ სცენის ერთ–ერთი უკანასკნელი წარმომადგენელი დაშლისაგან.

აღსანიშნავია, რომ მეორე ალბომის გამოსვლის შემდეგ სტიუარტმა დატოვა ჯგუფი, შემდეგ იქ ალენ გოუენი დაბრუნდა კვლავ  და ფილ მილერთან ერთად რეპეტიციებს შეუდგა. მალე გოუენი გარდაიცვალა, ისე რომ ახალი მასალის ჩაწერა ჯგუფმა ვერ მოასწრო. მეგობრის ხსოვნის საპატივცემულოდ ამ პერიოდის დაუმუშავებელი მასალის ბოლომდე მიყვანა, შესრულება და გამოქვეყნება ისევ სტიუარტსა და ფილ მილერს მოუწიათ 1982 წლის D.S. Al Coda–ში. ალბომში National Health–ის სტუმართა შორის Spirogyra–ს მომღერალ ბარბარა გასკინს, Soft Machine–ის სახელოვან საქსოფონისტ ელტონ დინსა და ჯგუფის პერიოდულ სასცენო პარტნიორ რიჩარდ სინკლერსაც ვხედავთ.

National Health –ის ბოლო ოფიციალურ ჩანაწერად 2001 წელს გამოცემული ადრე გამოუქვეყნებელი ან გადაკეთებული კომპოზიციების კრებული Playtime იქცა.

ნანახია - 2032

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80