საქართველო, პარლამენტი, დარბაზი
ბლოგი

საქართველო, პარლამენტი, დარბაზი

საქართველო, პარლამენტი, დარბაზი
გიორგი მჭედლიშვილი

2015-05-26 14:30:08

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს

იმედია, სხვადასხვა ქვეყნებში საკანონმდებლო ორგანოს აღმნიშვნელი სახელწოდებები თქვენს ყურადღებასაც იქცევს. ნუთუ შემთხვევითია, რომ გერმანიაში ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სახელწოდებაა “ბუნდესტაგი,“ ესპანეთში - “გენერალური კორტესები,“ რუსეთში - “დუმა,“ უკრაინაში - “რადა,“ ნორვეგიაში - “ალტინგი,“ პოლონეთში - “სეიმი,“ აზერბაიჯანში - “მილი მეჯლისი,“ თურქეთში - “მეჯლისი,“ ნიდერლანდებში - “გენერალური შტატები,“ შვედეთში - “რიქსდაგი,“ ისრაელში - “ქნესეთი“ და ა.შ. რა თქმა უნდა, არა. ეს ეროვნულობის იდენტიფიკაციის ერთგვარი ფორმაა.

რა უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოთ პოლიტიკის ისტორიაში “პირველი პარლამენტი“ ევროპაში და ისიც ისლანდიაში კი არ შემდგარა, როგორც ამას გვამცნობს მსოფლიოში გავრცელებული ენციკლოპედიები, არამედ აზიაში კერძოდ აზიის იმ ნაწილში, რომელსაც ახლა ახლო აღმოსავლეთს ვუწოდებთ – ყველანაირი ტირანებისა და დესპოტების უძველეს სამშობლოში, სადაც მსგავს პოლიტიკურ შეკრებათა არსებობაზე თითქოს ლაპარაკიც არ შეიძლებოდა. იგი მოუწვევიათ იმ ქვეყანაში, რომელსაც ძველად შუმერი ეწოდებოდა. ეს პარლამენტი ძვ. წ. III ათასწლეულში შემდგარა. ცხადია, რომ მასთან შედარებით “დემოკრატიული“ საბერძნეთისა და რესპუბლიკური რომის პოლიტიკური კრებები ბევრად უფრო გვიანდელი ამბავია.

XII-XIII საუკუნეების საქართველო, პოლიტიკური და კულტურული თვალსაზრისით მჭიდროდ იყო დაკავშირებული  დასავლეთთან, ხოლო ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტად - აღმოსავლეთთან. ამდენად, მას შესაძლებლობა ჰქონდა ადრიდანვე დასესხებოდა მართვის უფრო დემოკრატიულ და ცივილიზებულ ფორმებს ჯერ ძველ აღმოსავლეთს, ხოლო შემდგომ ელინურ და ბიზანტიურ სამყაროს, რომელიც შემდგომ ეროვნულ ნიადაგზე განავითარა, როგორც საკუთარი პოლიტიკური კულტურის განვითარების შედეგი.

დემოკრატია - საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი ფორმა თავისი ძირითადი ინსტიტუტებით - პოლიტიკური შეკრებილობით, ანუ ანსამბლეით, თითქმის მთლიანად დასავლური ცივილიზაციის მონოპოლიადაა მიჩნეული. მისი დაწესებულებანი ხომ ბოლო ასწლეულებში ჩამოყალიბდა. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სახელწოდება, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ არჩევითია, წარმომდგარია ფრანგული სიტყვისგან Parlement. “პარლე“ ლაპარაკს ნიშნავს, “პარლამენტი“ კი ადგილს, სადაც საქვეყნო საქმეზე ლაპარაკობენ.

დღესდღეობითაც გავრცელებული შეხედულებითაც, ქვეყანად, რომელმაც მსოფლიოს მისცა საპარლამენტო საქმიანობა, როგორც ცნობილია ინგლისია მიჩნეული. Mმაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ესპანეთში, კერძოდ, კასტილიის სამეფოში, კორტესებმა, როგორც წარმომადგენლობითმა ორგანომ, მოღვაწეობა ჯერ კიდევ 1188 წელს დაიწყო, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ინგლისის პარლამენტმა და საფრანგეთის გენერალურმა შტატებმა, საქართველოში მომხდარი ფაქტი, კერძოდ, 1185 wels, თამარის მეფობისას კონსტიტუციონალისტების გამოსვლა მეჭურჭლეთუხუცეს ყუთლუ-არსლანის მეთაურობით კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. იგი თითქმის სამი წლით წინ უსწრებდა კასტილიის სამეფოში კორტესების მოწვევას, ხოლო რამდენიმე ათეული წლით - 1215 წელს ინგლისელი ბარონების შეთქმულებას მეფე ჯონ უმიწაწყლოს წინააღმდეგ და მიზნად ისახავდა საქართველოში პარლამენტის მსგავსი პოლიტიკური დაწესებულების დაარსებას. ყოველივე ეს კი, ევროპული ქვეყნების მსგავსად, საქართველოს ცხოვრებაშიც შეიძლებოდა მომხდარიყო მხოლოდ მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებებით, საზოგადოებაში მებრძოლ კლასთა ინტერესებისა და მისწრაფებების შეცვლით. ეს არის დრო, როდესაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარება უმაღლეს დონეს აღწევს, როდესაც ძველი ფეოდალური წოდებანი იშლებიან, ხოლო  შუა საუკუნეების მოქალაქეთა წოდება ყალიბდება კლასად, რომელსაც გერმანიაში - ბიურგერებს, საფრანგეთში - ბურჟუებს, იტალიაში - პოპოლანებს, საქართველოში კი ვაჭრებს უწოდებდნენ.

ქვეყანაში ეკონომიკური კავშირების სიძლიერეზე მეტყველებს არაერთი ფაქტი: მათგან ჩვენ მხოლოდ ერთზე შევჩერდებით, ესაა XI - XII სს-ების საქართველოში, ქალაქების ჩამოყალიბება და მათი რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა, რაც, ერთი მხრივ, მოქალაქეთა ზედაფენის, “მესამე წოდების“ სიძლიერის მოწმობა იყო, მეორე მხრივ - მათი შემდგომი ზრდისა და განმტკიცების პირობაც. საგულისხმოა კიდევ ერთი ფაქტი - თბილისმა მოსახლეობის რაოდენობით მნიშვნელოვნად გაუსწრო ევროპის ბევრ დიდ ქალაქს.

“მესამე“ წოდების წარმომადგენელთა გაძლიერება, მათი გავლენა პოლიტიკურ ცხოვრებაზე ახლებურ შინაარსს აძლევდა XII საუკუნის საქართველოს. ქვეყანაში მიმდინარე  ცვლილებების შედეგად ძლიერდებოდა და მწვავდებოდა წინააღმდეგობა მეფეებს, აზნაურებსა და “სიმდიდრით არზევებულთა“ შორის. ყოველივე ეს კი განაპირობებდა მრავალრიცხოვანი პოლიტიკური მოძღვრებების წარმოშობას, რომლებიც გამოხატავდნენ საზოგადოებაში მებრძოლ კლასთა ინტერესებსა და მისწრაფებებს. ხელისუფლება საზოგადოებისაგან დაბეჯითებით მოითხოვდა თვითმპყრობელობის უპირატესობის აღიარებას და კარის იდეოლოგნიც, თავის მხრივ, ამ უკანასკნელის თეორიულ დასაბუთებას ცდილობდნენ. მათ მიერ ყოველგვარი შეთქმულება და იარაღით ბრძოლა მეფის წინააღმდეგ უბოროტეს მოვლენად  იყო მიჩნეული.

მაგრამ, იყო კი აბსოლუტიზმის, მეფის შეუზღუდველი მბრძანებლობის სასარგებლოდ განწყობილი ქართული საზოგადოება? როგორც ჩანს, არა. საქართველოს გაერთიანებისა და წინა აზიის უძლიერეს სახელმწიფოდ გადაქცევის შემდგომ ქვეყნისათვის, საზოგადოებრივი ცხოვრების გაახლების საჭიროება ახალი ერის დადგომის მაუწყებელი გახდა. ამ ყოველივეზე კი პასუხის გაცემა იყო მეჭურჭლეთუხუცეს ყუთლუ-არსლანის მოთავეობით, მის ირგვლივ შემოკრებილთა მიერ  სამეფო კარისადმი გაბედული მოთხოვნების  წაყენება, რომელთაც  ენებათ  პარლამენტის მსგავსი პოლიტიკური დაწესებულების - “კარავის“ დაარსებით მეფის უფლებების შეზღუდვა.

მაგრამ თამარის წინააღმდეგ ამხედრებულ ყუთლუისტთა ბანაკში, თვით ყუთლუს დასშიც, ყველა ერთნაირ პოზიციაზე არ იდგა.

იყვნენ ზომიერები, ზომიერ მოთხოვნებს რომ სჯერდებოდნენ და იყვნენ უკიდურესი რადიკალებიც. მათ მეფის ხელმწიფობის დამხობა ენებათ და ხელმწიფობის საკუთარ ხელში ჩაგდება სურდათ, გაფიცულ კარვისელთაგან ეს ის მიმდინარეობა იყო, აჯანყებისას სასახლის აღებითაც რომ იმუქრებოდა და თუ ეს არ მოხდა და სახელმწიფო ხელისუფლების მთლიანად ხელში ჩაგდება ვერ მოხერხდა, ჩანს  საქართველო  ამაზე  უფრო  წინ  წასული  ქვეყანა  არ  იყო. ასე აღმოჩნდა საფრთხეში ხელისუფლება და თვით მეფის სიცოცხლეც.  არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ამ მეტად გადამწყვეტ მომენტში თამარ მეფემ საკვირველი დიპლომატიური უნარი გამოიჩინა აჯანყების მშვიდობიანად ჩასახშობად და ქვეყანა სამოქალაქო ომისგან იხსნა. საბოლოოდ კი შედეგი დადგა ის, რომ მართალია ცალკე აღარ შეიქმნა “კარავი,“ თუმცა სამეფო დარბაზის უფლებები მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მოლაპარაკების კომპრომისული ხასიათიდან გამომდინარე საქართველოში დამყარდა კონსტიტუციური მონარქია, რომელმაც, მართალია, მცირე ხანს იარსება, მაგრამ პოლიტიკური კულტურის ისტორიაში უდავოდ დიდი მნიშვნელობის საქმეს ჩაუყარა საფუძველი. ამიტომ ვამბობთ, რომ კონსტიტუციონალისტების მოძრაობა ყუთლუს მოთავეობით “Magna Carta“-ს მსგავსი კი არა, უფრო მაღალი საფეხურისა იყო.

თუ “თავისუფლების დიდი ქარტია“ ჯონ უმიწაწყლოთი, ამ ხელმოცარული კაცით უკმაყოფილებამ დაბადა, რომელსაც “მხოლოდ ერთი ნიჭი ჰქონდა - გაეჩინა მტრები,“ ინგლისელები პარლამენტარიზმის დამკვიდრებას რეალურად მხოლოდ 1265 წლიდან შეუდგნენ, როდესაც გრაფი სიმონ დე მონფორი, მეფის ტყვედ ჩავარდნის შემდეგ, მოიწვევს “დიდ პარლამენტს.“ მაგრამ ინგლისში პარლამენტარიზმის ჩამოყალიბების გზაზე ეს მაინც პირველი ნაბიჯებია. 1265 წელს ტახტის მემკვიდრემ ედვარდმა ბრძოლაში მოკლა სიმონ დე მონფორი, მაგრამ 30 წლის შემდეგ იგივე ედუარდმა, ახლა უკვე მეფე ედვარდ I-მა, აღადგინა პარლამენტი ისეთივე სახით, როგორიც მონფორმა შექმნა. მხოლოდ 1347 წლისთვის საბოლოოდ ჩამოყალიბდა ინგლისში საპარლამენტო სისტემა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, ისიც, რომ ქვეყნის მმართველობის ეს ფორმა, ინგლისელმა ხალხმა განავითარა და დღემდე შემოინახა, რაც ჩვენს შემთხვევაში ასე არ მოხდა.

ქართული პოლიტიკური კულტურის ისტორიის ამ უმნიშვნელოვანესი პერიოდის  მიმოხილვა, ერთი შეხედვით წმინდა აკადემიური საკითხი, ამასთანავე შეხსენებაც არის, რომ ქართველი ერი ერთ-ერთი უძველესთაგანია თანამედროვე მსოფლიოს იმ ხალხებიდან, რომელმაც ადრევე შექმნა თავისი სახელმწიფოებრივი სტრუქტურა და ერადაც ადრევე ჩამოყალიბდა, მისი ძველი კულტურა რიგ შემთხვევაში ტონის მიმცემიც ყოფილა იმდროინდელი ცივილიზაციებისა. მაგრამ ისტორიულმა ძნელბედობამ, რასაც პერმანენტულად განიცდიდა საქართველო, შემეცნების ეს აზრი შემუშავებული ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობის დროს, ვერ განავითარა.

ქართულ პოლიტიკურ კულტურას ის უწყვეტი განვითარება და უშუალო შედეგი არ მოჰყოლია, რაც ანალოგიურ პირობებში ევროპულს. რუსთაველის ეპოქას გასაოცარი დაცემა მოჰყვა. თურქებთან, მონღოლებთან, სპარსელებთან ასწლოვან ომებში დაიშრიტა ქართული ენერგია, საქართველო დაკნინდა, ხოლო შემდგომ სახელმწიფოებრიობის დაკარგვით ჩვენ მოვწყდით საკუთარ  წარსულს და ჩვენივე ისტორია უცნობი დარჩა არა თუ მსოფლიოსათვის, არამედ თვით ქართული სინამდვილისთვისაც. ეს იყო ხვედრი მცირერიცხოვანი ერისა, რომლის ქვეყანამ დაკარგა საკუთარი პოლიტიკური ცხოვრება და მასთან ერთად თავისი ისტორიაც.

მხოლოდ მრავალი ასწლეულების შემდეგ შეძლო საქართველომ საკანონმდებლო ორგანო კვლავ შემოღებულიყო. ეს მოხდა 1918 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი დამფუძნებელი კრების მოწვევამდე ქვეყნის მართვა-გამგეობას აბარებდა ეროვნულ საბჭოს, რომელსაც 1918 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტი ეწოდა, ხოლო 1919 წლის მარტიდან  1921 წლის თებერვლამდე საქართველოს დამფუძნებელი კრება.

გადის ათწლეულები და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, რომელსაც 1992 წლიდან საქართველოს პარლამენტი ჰქვია.

სხვადასხვა ქვეყნებში საკანონმდებლო ორგანოს აღმნიშვნელი სახელწოდებები რომ მრავალმხრივი მნიშვნელობის მატარებელია, ამის მაგალითად თუნდაც ისლანდია გამოდგება. როგორც ცნობილია, თვით ისლანდიელების უმრავლესობას, გვარი არა აქვთ, მათ მხოლოდ სახელებით განასხვავებენ, გვარის ფუნქციას კი მამის სახელი ასრულებს. ამის მიუხედავად მათ არ ავიწყდებათ საკუთარ საკანონმდებლო ორგანოს ალტინგი უწოდონ, ნაცვლად ფრანგული სიტყვა პარლამენტისა, ამით ისინი შეახსენებენ სხვებს, რომ მათი პარლამენტი ერთ-ერთი უძველესია, რომელიც ჯერ კიდევ 930 წლიდან იღებს სათავეს.

თუ ეს ასეა, მაშინ რა დააშავა მსოფლიოში ასევე  უძველესმა ქართულმა საკანონმდებლო ორგანომ, რომლმაც საქმიანობა ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ესპანეთში, კერძოდ, კასტილიის სამეფოში, კორტესებმა, ინგლისის პარლამენტმა და საფრანგეთის გენერალურმა შტატებმა, რომ ვერ შევუნარჩუნეთ მისი თავდაპირველი ის სახელწოდება, რომელშიც ჯერ კიდევ 1184 - 86 წლებში ყუთლუ-არსლანის მხარდამჭერი კონსტიტუციონალისტები მოღვაწეობდნენ, ეს გახლავთ “დარბაზი.“

საქართველოს ისტორია რომ მარტო მეფეთა ცხოვრება არაა და არც მხოლოდ იმ გმირების, რომელთა სახელებსაც იცნობს ერი, ეს ისტორიული ფაქტიც უთუოდ ამის შეხსენებაა.

ვფიქრობ, დადგა დრო, ქართველმა ერმა და, უწინარეს ყოვლისა, მისმა საკანონმდებლო ხელისუფლებამ იზრუნოს იმ კაცის სახელის უკვდავსაყოფად, რომლის ძალისხმევაც ქვეყნისთვის ისეთი მართვა-გამგეობის წესის დამკვიდრებას ისახავდა მიზნად, რომელიც უზრუნველყოფდა ჩვენი სამშობლოს ძლიერებასა და კეთილდღეობას.

ის, რომ დღეს არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, თუ რატომ არის პლანეტაზე მცხოვრები ერების ერთი ნაწილი “კეთილდღეობის ჭაობში“ მყოფი, მაშინ, როდესაც უმრავლესობა სიზიფეს შრომით ამაოდ ებრძვის სიღატაკეს, ეს არის მმართველობითი სისტემის და სახელმწიფოს ადმინისტრაციული მართვის მექანიზმთან  დაკავშირებული პრობლემები. ნუ დაგვავიწყდება რომ კოლექტიური მმართველობის დამყარების იდეამდე ევროპული ცივილიზაცია ჩვენგან განსხვავებით საკმაოდ გვიან მივიდა.

ისე კი, ახლა მართლაც რომ შესაფერისი დროა - საპარლამენტო მოდელზე გადავდივართ და უპრიანი იქნება დავარქვათ მას "დარბაზი." მშვენიერი სახელწოდებაა და ყველა ენაზე ჟღერს...

აქედან გამომდინარე პარლამენტარის მაგივრად დავამკვიდროთ სიტყვა, რომელიც ამ დარბაზის წევრს აღნიშნავს და ესაა დარბაისელი.

გასაგებია რომ, არც "დარბაზია" ქართული სიტყვა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ქართულში და თვით ქართველშიც არაქართული მეტია, ვიდრე წარმოგვიდგენია. სუფთა ენები და სუფთა ერები დიდი ხანია არ არსებობენ. ამ სახელწოდების დამკვიდრებით კი კიდევ ერთხელ შევახსენებთ სხვებს ჩვენი პოლიტიკური კულტურის უძველეს ტრადიციებს.

ვფიქრობ, ამ თემაზე  მართლაც ღირს დაფიქრება და ვისურვებ ეს მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოშიც გაგრძელდეს თუ, რა თქმა უნდა, გექნებათ ამის სურვილი. სხვა შემთხვევაში დაველოდები მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და იმ ხალხის მოსვლას ხელისუფლებაში, ვინც ამ ქვეყნის მომავალზე ფიქრს წარსულის გაანალიზებით დაიწყებს. 

ნანახია - 1300

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80