საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან
ბლოგი

საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან

საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან
გურამ სანადირაძე

2015-11-09 15:00:54

არაფერია ჩვენს საზოგადოებაში ისე დაულაგებელი და აბურდული, როგორც დამოკიდებულება რუსეთთან. ერთნი რომ რუსეთს ქართული იდენტობის შემმუსვრელ ძალად თვლიან, მეორენი მას საქართველოს გამაერთიანებელსა და ამღორძინებელს უწოდებენ. ზოგი იქამდეც კი მიდის, რომ რუსეთთან დამოკიდებულებით საზღვრავს მავანთა პრო- და ანტიდასავლურობას (ამის ნიჭი განსაკუთრებით ჩვენს ჟურნალისტებს აღმოაჩნდათ).

ხშირად გვესმის, რომ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების გარეშე საქართველოს რეინტეგრაცია შეუძლებელია, რომ როგორც კი აეწყობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, მაშინვე ავტომატურად მოგვარდება საქართველოს ტერიტორიული პრობლემები. რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენას, მისი უძიროდ ტევადი ბაზრის გამოყენებას ითხოვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაც.

რუსეთთან ურთიერთობის გარკვევა მართლაც აუცილებელია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენი მეზობელია. მეორე, იმიტომ, რომ ზესახელმწიფოა. ჩამოქვეითებული (რეგიონული, როგორც განაცხადა ბარაკ ობამამ), მაგრამ მაინც ზესახელმწიფო. მას აქვს ინტერესები სამხრეთ კავკასიაში და ბარემ ჩვენი ინტერესებიც შევაგებოთ. მესამე, ჩვენი ყოფილი მეტროპოლიაა. არ არის გაწყვეტილი ადამიანური კავშირები (ინტელექტუალური, ეკონომიკური, კულტურული), მას პატრონობა და კონტროლი სჭირდება. ჩვენ ვხედავთ, რომ იმპერიის დაშლის შემდეგაც, როგორც წესი, მეტროპოლიასთან არ წყვეტენ ცივილურ ურთიერთობას.

მოსაზრება, რომ რუსეთს უკუღმა მისდის საქმე და მასთან საქმის გარჩევას ნუ ვიჩქარებთ, დაველოდოთ კავკასიიდან ფეხის ამოკვეთას, კონტრპროდუქტიულია. ჯერ ერთი, მართალია რუსეთი თავქვე დაეშვა, მაგრამ ნაადრევად ნუ ვიზეიმებთ. რომის იმპერია სამასი წელი იშლებოდა. მეორე, დასავლეთმა ნოკდაუნში კი გაისტუმრა, მაგრამ მის ინტერესებში არ არის რუსეთის დაქცევა. ამ უკანასკნელმა უნდა შეასრულოს აღმოსავლეთის წამლეკავი სტიქიისაგან დამცავი ჯებირის როლი, რასაც იმთავითვე აკუთვნებდა ევროპა რუსეთს. გავიხსენოთ: მომთაბარეთა ურდოებისაგან ევროპის საშინელი დალაშქვრები შეწყდა მაშინ (პარიზამდე უპრობლემოდ ჩადიოდნენ), როცა რუსეთმა, დონისა და ვოლგის  სტეპების გაკონტროლებით, მათ გზა გადაუკეტა. ამ გზის გახსნა დასავლეთს არაფრით აწყობს. და ბოლოს, მესამე, თუ მართლა დაიქცა რუსეთი, ამით ჩვენ არაფერი ხეირი. პირიქით, ჩრდილოეთ კავკასიელთა ამოძრავება ჩვენს ვერშემდგარ სახელმწიფოს ახალ პრობლემას გაუჩენს.  

ასე, რომ რუსეთთან ურთიერთობა დიაღაც, რომ გასარკვევია. პირველ რიგში გავარკვიოთ ერთმანეთისაგან დაშორებისას რა ძველი ანგარიშები დაგვრჩა გასასწორებელი. შემდეგ მივხედოთ გაუგებრობათა იმ რიგს, რომელიც გაჩნდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უკანასკნელი ოცდახუთი წლის მანძილზე.

რუსეთმა გადაგვარჩინა?

რუსების ყველაზე მოარული ბრალდება ჩვენს მიმართ ის არის, რომ საქართველოს მიერთებით რუსეთმა ქართველები ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინა, მისცა ერს ნორმალური განვითარების საშუალება, დღეს კი უმადურმა ქართველებმა ზურგში ლახვარი ჩასცხეს. ძალიან მძიმე ბრალდებაა. ნუთუ მართლა ასეთი უმადურები ვართ? რუსეთს სიკეთეს ბოროტებით ვუბრუნებთ? ვითომ მასეა?

როგორც წესი, მოსახლეობის ფიზიკური განადგურება ოკუპანტის მიერ ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანა პერმანენტულად იბრძვის დამოუკიდებლობისათვის. თუმცა, არის სამწუხარო გამონაკლისები, როცა ერს ყოველგვარი ხილული საბაბის გარეშე სჯიან გენოციდით. ასეთია ამერიკელების მიერ ინდიელების განადგურება, რუსების მიერ ჩერქეზების გასახლება და ნაცისტების მიერ ებრაელთა ჰოლოკოსტი. მაგრამ, ვიმეორებთ,  რეპრესიები, როგორც წესი,  მოსდევს ხოლმე ხალხის  დაუმორჩილებლობას.

საქართველო XV-XVIII საუკუნეებში განუწყვეტლივ ებრძოდა მომხდურ მტერს (როგორც ერთიანად, ისე ყოველი კუთხე ცალ-ცალკე), და რა გასაკვირია, რომ ქვეყანაში დეპოპულაცია მოხდა. საკმარისი იყო საქართველოს დიდი ნაწილი რუსეთის შემადგენლობაში შესულიყო, რომ ქართველობა გადარჩა ფიზიკურ განადგურებას. ანალოგიური პროცესი განვითარდა ოსმალეთის საქართველოში - როგორც კი ის ტერიტორია ოსმალეთის ნაწილი გახდა იქაც შეწყდა ქართველთა ფიზიკური განადგურება და დღეს იქ საკმარისად მრავლად არიან წარმოდგენილნი (ლაპარაკია მათ ფიზიკურ არსებობაზე). ფიზიკურად გადარჩნენ საქართველოდან ირანში ძალით გასახლებული ფერეიდნელი ქართველებიც. სულ ახლახანს, ყველამ ვნახეთ რა სისხლის კალო მოაწყო რუსეთმა ჩეჩნეთში, მაგრამ საკმარისი იყო ჩეჩნები დამორჩილებულიყვნენ, ეღიარებინათ მოსკოვის ხელისუფლება, რომ მათდამი დამოკიდებულება პრინციპულად შეიცვალა - ჩეჩნების განადგურება შეწყდა და დღეს იქ დემოგრაფიული ბუმია. სხვათა შორის, არც ცარისტულ რუსეთს დაუშურვია ჩვენთვის ტყვია და ხიშტი, როცა მის წინააღმდეგ ვჯანყდებოდით. ყველამ იცის შაჰ აბასის მიერ კახეთში ვენახის აჩეხვის შესახებ, მაგრამ ცოტას თუ გაუგია რომ ქართველთა მორჯულების იგივე მეთოდი გამოიყენა გენერალმა ერმოლოვმა გურიის აჯანყების ჩახშობისას (1821 წ), რაც მან კეთილსინდისიერად აღწერა თავის მოგონებებში (www.museum.ru/museum/1812/library/Ermolov/part5.html).

ასე რომ, რუსეთთან შეერთებამ კი არ გადაგვარჩინა ფიზიკური განადგურებისაგან, არამედ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის შეწყვეტამ, რაც საბოლოოდ XIX საუკუნის 70-იანი წლებით თარიღდება. მანამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხეები წამდაუწუმ ჯანყდებოდნენ ტერიტორიული ავტონომიის რაიმე ფორმით შენარჩუნების მიზნით.

მაგრამ თუ ქართველი ხალხის ფიზიკურ გადარჩენაში რუსეთის როლი ზედმეტად გაბუქულია, ამას ვერ ვიტყვით მის ღვაწლზე ქართული კულტურის მიმართ. რუსეთთან შეერთებამ არათუ გადაარჩინა ქართული კულტურა, არამედ დიაღაც განაპირობა მისი აღმასვლა.

პირველ რიგში, როგორც ვთქვით, რუსეთთან შეერთებით გადარჩა და განვითარდა ქართული კულტურა, რაც ჩვენი ეროვნული იდენტობის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია. არსებობენ ერები, რომელთაც სხვადასხვა აღმსარებლობა გააჩნიათ და, შესაბამისად, კულტურაც მრავალსახოვანი აქვთ (სირიაში არაბული კულტურა მუსლიმურიც არის და ქრისტიანულიც). ქართველი ერი მათგან განსხვავებულია. არსებობს სხვადასხვა აღმსარებლობის ქართველი, მაგრამ ქართული კულტურა მხოლოდ მართლმადიდებლურია. ამიტომ იყო ერთმორწმუნეობა გადამწყვეტი ფაქტორი არჩევანის გაკეთებისას და გამართლებულიც - სწორედ მართლმადიდებელ რუსეთთან დაკავშირებამ, დაუდო სათავე ქართული კულტურის აღორძინებას (მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ეკლესიას ავტოკეფალია გაუუქმეს). ოსმალეთის საქართველოში ქართველი კი გადარჩა ფიზიკურად, მაგრამ ქართული კულტურა იქ ჩაკვდა. რუსეთთან შეერთებით საქართველოს მოსახლეობამ თავი დააღწია ექსტრემალურ პირობებში ცხოვრებას და მთელი ენერგია მიმართა ნივთიერი და სულიერი აღორძინებისაკენ.

მეორე უდიდესი მნიშვნელობა ის იყო, რომ საქართველო ეზიარა რუსულ კულტურას. XIX საუკუნეში მოხდა რუსული კულტურის უპრეცედენტო აფეთქება - მანამდე არაფრით გამორჩეულმა ერმა ლიტერატურაში,ხელოვნებაში, მეცნიერებაში, ფილოსოფიაში, სამხედრო საქმეში, კომერციაში მნიშვნელოვანი აღმასვლა განახორციელა და  საპატიო ადგილი დაკავა მსოფლიოს კულტურულ ერთა შორის.   რუსული კულტურა გახდა ევროპული კულტურის ნაწილი. სწორედ ამ პერიოდში იწყება ჩვენი მჭიდრო კონტაქტები რუსულ კულტურასთან, რამაც საბოლოო ჯამში, უაღრესად კეთილი ზეგავლენა მოახდინა ქართულ კულტურაზე.

მესამე, და უმთავრესი სარგებელი ის იყო, რომ რუსეთის მეშვეობით აღვადგინეთ კავშირი დასავლეთთან და ვეზიარეთ ევროპულ ცივილიზაციას, რომელთანაც კავშირი კონსტანტინოპოლის დაცემისთანავე შეგვიწყდა. რუსეთისვე მეშვეობით დაინერგა ამ დროს ჩვენთან ევროპული ინსტიტუტები (განათლება, სამართალი, ადმინისტრაცია, მეწარმეობა-ვაჭრობა). ნიშანდობლივი მომენტია: თუ XIX საუკუნის 60-80-იან წლებში ქართველები განათლებას პეტერბურგსა და მოსკოვში იღებდნენ, 900-იან წლებში თითქმის ყველა სტუდენტი ევროპაში იღებდა განათლებას. სამწუხაროდ დასავლეთ სამყაროსთან დაახლოება ხანმოკლე გამოდგა - ქართველთათვის ეს ჰაერივით აუცილებელი არხი საბჭოთა პერიოდში საგულდაგულოდ იქნა დახშული.

ქართული კულტურის აღმასვლამ ის ნაყოფი გამოიღო, რომ I მსოფლიო ომის დასრულებისათვის ქართველი ერი აღმოჩნდა ყველაზე ევროპეიზებული რუსეთის იმპერიაში, იქ მცხოვრები პოლონელებისა და  გერმანელების გამოკლებით. ეს ფაქტი აღნიშნული აქვს თავის მოხსენებით ბარათში ალფრედ როზენბერგს (სწორედ იმას!!, იხ.: http://eot.su/node/15704). საქართველოს ცივილიზაციური გადასვლა შუა საუკუნეებიდან მოდერნის ეპოქაში წარმატებით განხორციელდა რუსეთის ფაქტორის შემწეობით.

გეორგიევსკის ტრაქტატი - Hommage- ტიპის ხელშეკრულება

მიუხედავად ქართული კულტურის წინაშე ნებსით თუ უნებლიეთ გაწეული უდიდესი სამსახურისა, რუსეთი მაინც იყო და არის ქართული სახელწიფოს დაუძინებელი მტერი. დიახ, მტერი. რუსეთის იმპერიაში ნამდვილად აფასებდნენ ქართველებს, გამორჩეულადაც კი, მაგრამ სასტიკი წინააღმდეგი იყვნენ საქართველოს არსებობისა. მოქმედებდა დაუწერელი ფორმულა: „ქართველები კი, საქართველო არა“ (ეს ფორმულა საბჭოთა კავშირშიც მოქმედებდა და მოსკოვი დღესაც ამით ხელმძღვანელობს).

მითი, თითქოს ქართველები რუსეთს თხოვდნენ მარტოოდენ  ფიზიკურ გადარჩენას და რუსეთმა შეგვისრულა თხოვნა და გვიშველა, ძვალ-სისხლში აქვთ რუსებს გამჯდარი და, წარმოიდგინეთ, მრავალი ქართველიც დარწმუნებულია ამაში. ეს მითი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიმსხვრეს.

ქართველი მეფე-მთავრები რუსთ ხელმწიფეს ქვეშევრდომობას სთხოვდნენ სწორედ ქართული სახელმწიფოს გადარჩენისათვის. არავის არასდროს უთხოვია ქართველი ხალხის გადარჩენა სახელმწიფოს გადარჩენის გარეშე. XV საუკუნიდან მოყოლებული საქართველოდან რუსეთისაკენ მიმართული თხოვნა ეხებოდა ქართული სახელმწიფოს გადარჩენას, გარკვეული ფორმით მის დაქვემდებარებას რუსეთის მონარქისადმი და არა მის გაუქმებას. ქართული სახელმწიფოებრიობა (ერთიანი თუ რომელიმე კუთხის) იყო ყველაზე დიდი ფასეულობა ქართველისათვის. ქართული სახელმწიფო დღესაც ასეთად რჩება ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის.

ჩვენი მეზობელი ერის მეფე-მთავრებისაგან განსხვავებით, რომლებმაც საკუთარი  სამეფო-სამთავროები ბიზანტიის კეისრის კარზე კარიერას ანაცვალეს ან სულაც კეისარს მიჰყიდეს და ასე დაასრულეს ეროვნული სახელმწიფოებრიობა ათასი წლის წინ, ქართველი მეფე-მთავრები სახელმწიფოს გადასარჩენად სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ და ფარნავაზისეული ქართული სახელმწიფოებრიობა (უფრო სწორედ, სახელმწიფოებრიობანი), უწყვეტად მოიტანეს XIX საუკუნის 60-იან წლებამდე (აფხაზეთი და სვანეთი უკანასკნელი ქართული სამთავროები იყვნენ).

ნიშანდობლივია, რომ რუსეთის იმპერიაში წამდაუწუმ ჯანყდებოდნენ მხოლოდ ქართველები და პოლონელები, სწორედ ის ერები, რომლებსაც სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება გააჩნდათ და ვერ ურიგდებოდნენ მის დაკარგვას. რუსეთის მიერ დამონებულ არც ერთ სხვა ეროვნებასა თუ ეთნიკურ ჯგუფს მსგავსი შეუპოვრობა არ გამოუვლენია (კავკასიის ომის დასრულების შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიელმა მთიელებმა შეწყვიტეს წინააღმდეგობა და ჩადგნენ ხელმწიფის სამსახურში - „ველური“ დივიზია ამის ნათელი მაგალითია. ეს დივიზია არსებობდა როგორც რუსეთის იმპერიაში, ისე საბჭოთა ხანაში - II მსოფლიო ომის დროს).

სწორედ ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად შედგა გეორგიევსკის ტრაქტატი. XVIII საუკუნის მიწურულისთვის, როცა საქართველო, მისი ყველა ნაწილი, დაქცეული და გაპარტახებული იყო, ერეკლე მეორემ მოახერხა და ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის ურთიერთობა გააფორმა ხელშეკრულებით, რითაც აღმოსავლეთ საქართველო საერთაშორისო სამართლის სუბიექტად აქცია (ეს მაშინ, როცა სპარსეთს იგი საკუთარ ტერიტორიად მიაჩნდა, რასაც იზიარებდა კიდეც იმდროინდელი საერთაშორისო გარემო). ამ ტრაქტატის ძალით რუსეთს ხელი უნდა შეეწყო ქართლ-კახეთის სამეფოსთვის ქართულ ტერიტორიების დაბრუნებაში და უკვე ერთიანი საქართველო იქნებოდა რუსეთის ვასალი, სამაგიეროდ ქართველები დაეხმარებოდნენ რუსეთს კავკასიის დაპყრობაში (იხ. გეორგიევსკის ტრაქტატი,  http://traqtatigeorgievskis.blogspot.com). რუსეთს ბარემ არ უნდოდა ქართულ მხარესთან ვალდებულებების აღება, მაგრამ მოუწია, განსაკუთრებით გენერალ ტოტლებენის ავანტურის ჩაფლავების შემდეგ (მე მგონი, არავის სჯერა, რომ გენერალი ტოტლებენი დამოუკიდებელ თამაშს თამაშობდა). უნდა აღვნიშნოთ, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი ერეკლეს დიპლომატიური წარმატება იყო. იგი დღესაც ყელში აქვთ გაჩხერილი რუსებს.

გეორგიევსკის ტრაქტატი იყო სენიორ-ვასალის ტიპიური ხელშეკრულება, რაც დასავლეთ ევროპაში ცნობილი იყო Hommage-ს სახელწოდებით. Hommage გულისხმობდა ორმხრივ ვალდებულებას - ვასალი (ჩვეულებრივ ეს იყო რაინდი) ერთგულად ემსახურებოდა სენიორს, ხოლო ეს უკანასკნელი მფარველობდა მას. არ შეიძლებოდა სენიორი ვასალს მოპყრობოდა როგორც მონას ან ტყვეს (სწორედ ამიტომ Hommage-ს ცერემონიალი ითვალისწინებდა სენიორის წინაშე ვასალის მხოლოდ ცალი მუხლის მოდრეკვას, განსხვავებით მონისა ან ყმა-გლეხისაგან, რომელიც ორივე მუხლზე იჩოქებდა). Hommage  ნებაყოფლობითი იყო და არ გულისხმობდა მხარეთა თავისუფლების შეზღუდვას.

Hommage-ს ხელშეკრულება ითვლებოდა დარღვეულად თუ ერთ-ერთი მხარე ჩათვ-ლიდა, რომ ირღვეოდა ხელშეკრულების პირობები. ასეთ შემთხვევაში მხარეები თავისუფლდებოდნენ ურთიერთვალდებულებისაგან და დამოუკიდებლად აგრძელებდნენ საქმიანობას. თავისუფალი რაინდი (ბაკალავრი-რაინდი) წარმატების შემთხვევაში ახალ სენიორს დაუდგებოდა ვასალად და მას ემსახურებოდა.

Hommage- გაცუდება

სამწუხაროდ, რუსეთის ისტორიისათვის უცხოა კლასიკური ფეოდალიზმი (სენიორ-ვასალური ან, ქართულად რომ ვთქვათ, პატრონ-ყმური). შუა საუკუნეებში ასეთი ფეოდალიზმი დამახასიათებელი იყო მხოლოდ დასავლეთ ევროპის (საფრანგეთი), იაპონიისა და საქართველოსათვის. რუსებისათვის ვასალი და მონა ერთი იყო და დღესაც ასეა. ეკატერინემდე რუსეთის თავად-აზნაურობას ისევე როზგავდნენ, როგორც ყმა-გლეხებს. რუსეთის არმიაში დღემდე შემორჩა ზემდგომი ოფიცრის მიერ ქვემდგომი ოფიცრის ცემა. რა გასაკვირია, რომ რუსეთის მფარველობაში შესული საქართველო ვასალის მაგივრად რუსთ ხელმწიფის მონად იქცა. მონასთან ხელშეკრულება, მითუმეტეს კი, მისი შესრულება, ვის გაუგია? შესაბამისად, რუსეთს სულ არ გასჭირვებია ხელშეკრულების დარღვევა, რაც არც პირველი იყო და არც უკანასკნელია. დღეს ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იოლად დაარღვია რუსეთმა უკრაინასთან დადებული ბუდაპეშტის ხელშეკრულება, სადაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტორად გვევლინებოდა.

ამრიგად, საქართველოს რუსეთთან შეერთება და სამეფოს გაუქმება მოხდა გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევის შედეგად (ქართლ-კახეთს შემდეგ სხვა სამეფო-სამთავროები მიჰყვა). მეტად სამწუხაროა, რომ რუსეთშიც და საქართველოშიც, აღნიშნული ტრაქტატი მიაჩნიათ საქართველოს რუსეთთან მიერთების იურიდიულ დოკუმენტად (ამის გამო ჩვენთან მრავალი აკრიტიკებს ერეკლეს), მაშინ როცა პირიქით არის. რუსეთს არ ჰქონდა უფლება დაერღვია ტრაქტატის მუხლები. იგი იყო ერთადერთი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც არეგულირებდა რუსეთის ყოფნას საქართველოში. დაარღვია რა ტრაქტატი, რუსეთი გადაიქცა ჩვეულებრივ ოკუპანტად ხოლო ოკუპანტის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც იტყვიან, ღვთის სათნო  საქმეა.

ქართული მხარე პატიოსნად იცავდა ტრაქტატით განსაზღვრულ მოვალეობას და უდიდესი წვლილი შეიტანა რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობაში. მრავალმა ქართველმა თავადმა და აზნაურმა გამოიჩინა თავი კავკასიის ომში (მათი სიმამაცე და ხელმწიფისადმი ერთგულება აღნიშნული აქვს თავის მოგონებებში ნიკოლოზ II-ის  მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს სერგეი ვიტეს, იხ:  Витте С.Ю. Собрание сочинений, 1960). ჩარლზ კინგის შეფასებით საქართველო იყო რუსული პოლიტიკის ფორპოსტი კავკასიაში (Charles Кing. А History of the Caucasus - Oxfrod University Press, 2008). ყირიმის ომის დროს, სადაც უმოკავშირეოდ დარჩენილ რუსეთს თითქმის მთელი ევროპა ეომებოდა, კავკასიის ფრონტზე ქართველთა დახმარება რომ არა, კიდევ საკითხავია, რუსეთი შეინარჩუნებდა თუ არა კავკასიას (ინგლისის პრემიერ-მინისტრ პალმერსტონის გეგმით რუსეთს უნდა ჩამორთმეოდა კავკასია, იხ: www.stoletie.ru/rossiya_i_mir/ssha_khotat_dla_rossii_sudby_sssr_698.htm).

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტრაქტატისადმი ერთგულებამ გარკვეულად დააზარალა ქართულ-კავკასიური ურთიერთობანი. მართალია ამ ურთიერთობაში ბზარი მანამდე ისლამმა და, განსაკუთრებით, ლეკიანობამ გააჩინა, მაგრამ კავკასიის მთიელთათვის (ვაინახები, ჩერქეზები) საქართველო ყოველთვის იყო კავკასიის ლიდერი და მისდამი გარკვეული ქვეცნობიერული მოწიწება გააჩნდათ. ქართველთა რუსეთის მხარეზე ყოფნამ, მათი გაწბილება გამოიწვია და ეს წყენა დღემდე გამოჰყვათ (პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, რომელიც კავკასიურ ერთობას ქადაგებდა, ოფიციალურად დაგმო კავკასიის ომში ქართველთა მონაწილეობა რუსეთის მხარეს. თუმცა, არა გვგონია იმდროინდელ ქართველებს მისთვის შეესმინათ). რუსეთ-კავკასიის ურთიერთობის ორასწლოვანი ისტორია ნათლად გვიჩვენებს, რომ რუსეთი და ჩრდილოეთ კავკასიელები (ოსების გამოკლებით) ანტაგონისტურ დამოკიდებულებაში იმყოფებიან ერთმანეთთან. შესაბამისად, პრორუსული პოლიტიკა ანტიკავკასიურია თავისი არსით, ხოლო კავკასიური -- ანტირუსული. სამწუხაროა, რომ ამ მარტივ ჭეშმარიტებას დღემდე ვერაფრით ჩაწვდა საქართველოს პუტჩისშემდგომი ხელისუფლება.

ქართულ მხარისაგან განსხვავებით რუსეთი არც კი ფიქრობდა საკუთარი ვალდებულების შესრულებას. XIX საუკუნეში რუსეთის ხელმწიფეს არაერთხელ შეახსენეს გეორგიევსკის ტრაქტატი (თუ არ ვცდები, უკანასკნელად ეს ილია ჭავჭავაძემ გააკეთა სახლმწიფო საბჭოში 1907 წელს), მაგრამ უშედეგოდ. არადა არაფერს შეუძლებელს არ ითხოვდა ქართველობა რუსეთისაგან. მხოლოდ ტერიტორიულ ავტონომიას, რაც რუსეთის იმპერიისათვის არ იყო უპრეცედენტო რამ. იმ დროს ტერიტორიული ავტონომია გააჩნდა ფინეთს, ხივას და  ბუხარას, გარკვეული ავტონომიური წარმომადგენლობითი ორგანო გააჩნდათ პოლონელებს ვარშავის გუბერნიაში და ოსტზეელ გერმანელებს ბალტიაში. მაგრამ პეტერბურგი შეუვალი იყო - იგი ხელმძღვანელობდა გენერალ ერმოლოვის რეკომენდაციით, რომელიც დაჟინებით ირწმუნებოდა, რომ დაუშვებელი იყო რაიმე სახის ეთნოტერიტორიული ავტონომიის ბოძება კავკასიელთათვის (პირველ რიგში კი, ქართველებისთვის). საინტერესოა, რომ დაახლოებით მსგავსი მოსაზრება გამოთქვა მოგვიანებით ნიკოლაი ტრუბეცკოიმ, რუსული ევრაზიელობის ბაირახტარმა (http://topwar.ru/28710-nstrubeckoy-o-narodah-kavkaza.html).

ამდენად რუსეთმა, დაარღვია რა გეორგიევსკის ტრაქტატი, მორალურად გაათავისუფლა ქართველ ერი ვალდებულებისაგან. სწორედ ამან განაპირობა ჩვენი ქცევა: როდესაც ბრესტის ზავის შედეგად დადგა ხელსაყრელი მომენტი, ქართველმა ხალხმა მიატოვა რუსეთი და კაიზერული გერმანიის მფარველობით გამოაცხადა დამოუკიდებლობა - აღადგინა ქართული სახელმწიფო. სამწუხაროდ, გერმანია დამარცხდა I მსოფლიო ომში და ანტანტის სახელმწიფოებმა ჩვენთვის, როგორც გერმანიის მოკავშირისათვის, დიდად თავი არ გამოიდეს და იოლად გაგვცვალეს პოლონეთში (1920 წლის გაზაფხულზე, პოლონეთსა და რუსეთს შორის ომის დროს, ლორდი კერზონი თავის ნოტაში სთავაზობდა ბოლშევიკურ რუსეთს შუამავლობას პოლონეთთან, ფინეთთან, ლიტვასთან, ლატვიასთან და ბარონ ვრანგელთან ურთიერთობის მოგვარებაში. ნოტაში ნახსენები არ იყო საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, რაც ნიშნავდა, რომ სამხრეთ კავკასიას უთმობდნენ რუსეთს. იხ:  http://sovlit.org/akv/Texts/RK200722.html, http://infokava.com/22698-nota-kerzona-95-let-spustya.html). შედეგი ყველამ ვიცით.

საქართველო მეტალის გადასადნობ რუსულ ტიგელში

ისე, კაცმა რომ თქვას, თუ რუსეთმა გადაარჩინა ქართული კულტურა და ხელი შეუწყო ჩვენს გაევროპელებას, თუ სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარ ქართველობას რუსეთის იმპერიაში საკმაოდ პრივილეგირებული პოზიცია ეკავა - მესამე, მართლმადიდებელი სლავებისა და ოსტზეელი გერმანელების შემდეგ (XX საუკუნეში ერთი ნაბიჯით წავიწიეთ წინ - დავიკავეთ მეორე ადგილი მართლმადიდებელი სლავების შემდეგ), თუ საქართველოს ტერიტორიაზე მშვიდობამ და წესრიგმა დაისადგურა, თუ ქართველთა რიცხოვნობამ იმატა, თუ ევროპულ კულტურასთან წვდომა მაქსიმალურად გაიოლებული იყო, მაშინ რატომ იყო ასე აუცილებელი რუსეთის შემადგენლობიდან გასვლა, ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენა და მუდმივი დესტაბილიზაციის რეჟიმში დაბრუნება? განა რუსეთის კალთის ქვეშ უფრო არ განვითარდებოდა ქართველი ერი?

გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმება არ იყო რუსთ ხელმწიფის ოდენ იმპულსური ახირება. რუსეთის ხელისუფლებას  შორსმიმავალი მიზანი ჰქონდა - ყველა დამპყრობლისათვის დამახასიათებელი - ქართველების ათქვეფა-ასიმილაცია, მათი რუსებად გადადნობა. ოღონდ დამპყრობელიც არის და დამპყრობელიც. ერთ სამეფოს მეორესთან მიერთებისას, როგორც წესი, ტერიტორია და სახელწოდება არ იცვლება. ასე მოხდა შოტლანდიის ინგლისთან მიერთებისას. შოტლანდია შოტლანდიად დარჩა. ბოჰემიისა (ჩეხეთ-მორავეთი) და უნგრეთის მიერთებისას საღვთო რომის იმპერიასთან (რომელიც შემდეგ ავსტრიის იმპერიად იქცა), ბოჰემია და უნგრეთი ასეთად დარჩნენ. ოსმალეთის იმპერიაშიც კი, ახალციხის საფაშოს გურჯისტანის ვილაიეთი ერქვა. საქართველოს რუსეთთან შეერთებისას კი, საერთოდ გაქრა საქართველოს სახსენებელი („გრუზინებს“ მხოლოდ ქართლელებსა და კახელებს უწოდებდნენ). იყო მხოლოდ თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები. და ეს მაშინ, როცა რუსეთის იმპერატორის ერთ-ერთი ტიტული იყო „საქართველოს მეფე“. გრიგოლ ორბელიანი თავის ლექსში „სადღეგრძელო“, პირდაპირ მოუწოდებდა ნიკოლოზ პირველს ეთავა ქართველი ერის წინამძღოლობა და აღედგინა იბერიისათვის ფარნავაზისდროინდელი დიდება (საბჭოთა პერიოდში ლექსის ეს პასაჟი ამოღებული იყო). მაგრამ არა, რუსეთში სხვაგვარად ფიქრობდნენ - არათუ საქართველოს სამეფო, ქართველთა საცხოვრისი არ უნდა არსებულიყო. ქართველები უნდა გაფანტულიყვნენ მთელს უკიდეგანო რუსეთში (ზოგიერთი ეთნოსივით) და სამშობლოდ მხოლოდ იგი მიეჩნიათ. ამიტომაც იყო, რომ „საქართველოს მეფეს“,  სამეფო არ გააჩნდა. მარტო საქართველო არ იყო ამ დღეში. რუსეთის იმპერატორი

იმავდროულად იყო პოლონეთის მეფე, ოღონდ სამეფოს გარეშე (იყო მხოლოდ ვარშავის გუბერნია). ასეთი აბსურდი - მეფე სამეფოს გარეშე - რუსეთში სავსებით შესაძლებელი აღმოჩნდა.

რუსეთის ხელისუფლება არ დასჯერდა ქართული მიწა-წყლისათვის სახელის წართმევას. მან გამიზნული დემოგრაფიული აგრესია განახორციელა და მნიშვნელოვნად შეცვალა მოსახლეობის ეთნიკური სურათი. მთელი XIX საუკუნის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა გეგმაზომიერი დემოგრაფიული აგრესია - უცხოტომელების ჩამოსახლება და ადგილობრივების გასახლება. ამ პერიოდში გაასახლეს მუსლიმი-ჯავახები და აფხაზები, აგრეთვე აჭარლების ნაწილი, სამაგიეროდ ჩამოასახლეს გერმანელები, სომხები, რუსები, ლეკები, ოსები, ესტონელები, პოლონელები, ბერძნები და მრავალი სხვა.

რუსეთ-თურქეთის ომის დასრულების შემდეგ (1828) რუსთ ხელმწიფის  განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ მოექცა კავკასიის შავიზღვისპირეთი, რომელიც ოსმალეთმა დაუთმო რუსეთს ადრიანოპოლის ხელშეკრულების თანახმად.  ამ ზღვისპირეთს უდიდესი გეოპოლიტიკური ღირებულება გააჩნდა და ეხლაც აქვს რუსეთისათვის. იგი წარმოადგენს კარიბჭეს, რომლითაც ევროპა უკავშირდება კავკასია-შუა აზიის ვეებერთელა რეგიონს - რუსეთის გვერდის ავლით. ეს ფაქტი დამატებითი არგუმენტი აღმოჩნდა დემოგრაფიული წმენდის ჩასატარებლად.  კავკასიის შავიზღვისპირეთის მაქსიმალური გაკონტროლების მიზნით რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა გაესახლებინა ადგილობრივი მოსახლეობა და ჩაესახლებინა რუსები. სწორედ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ჩერქეზთა გენოციდი, რომლის შედეგადაც დღეს კრასნოდარის მხარის ზღვისპირეთში მკვიდრი მოსახლეობიდან აღარავინ დარჩა. აფხაზებს უფრო „გაუმართლათ“, მათი 10-15% გადარჩა გასახლებას. ქართველი მოსახლეობა, როგორც კავკასიის ომში რუსების მოკავშირეები, არ გაუსახლებიათ, თუმცა გეგმით იმდენი რუსის (ძირითადად კაზაკების) ჩამოსახლებას აპირებდნენ, რომ ქართველები უმცირესობად ექციათ. საბედნიეროდ, კაზაკებმა ბზიფის, განსაკუთრებით კი, კოდორის აღმოსავლეთით ფეხი ვერაფრით მოიკიდეს, რისი მიზეზიც იყო მალარია და კაზაკთათვის უცხო სიმინდის კულტურა (რომი თუ ბატებმა გადაარჩინეს, კოლხეთის დაბლობი კოღო ანოფელესმა გადაარჩინა). როცა რუსეთის ხელისუფლებამ დაინახა, რომ აფხაზეთში სათანადო რაოდენობით ვერ ჩაასახლა რუსულენოვანი მოსახლეობა, წააქეზა აფხაზური ეთნონაციონალიზმი ქართველთა წინააღმდეგ..

მიუხედავად კოლხეთში განცდილი შეფერხებებისა, საქართველოში დემოგრაფიული ექსპანსიის პროცესი ენერგიულად მიდიოდა და ლოგიკური ფინალით დასრულდებოდა (ქართველები საკუთარ სამშობლოში ხიზნები აღმოჩნდებოდნენ), რომ არა I მსოფლიო ომი, რევოლუცია რუსეთში და გერმანელების აქტიური მხარდაჭერით საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა. ვიმეორებ, რომ არა გარე ფაქტორების ამოქმედება, საქართველოს და ქართველობის ბედი გადაწყვეტილი იყო. ვითარებას არ ცვლიდა ის ფაქტი, რომ რუსი პოეტები და მწერლები აღფრთოვანებულები იყვნენ საქართველოს ბუნებითა და ქართული პურმარილით. პოლიტიკა პოლიტიკაა, ხოლო პურმარილი ყოველთვის პურმარილია და მეტი არაფერი.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეროვნული სახელმწიფოს გარეშე არ არსებობს ერი. სახელმწიფოებრიობის დაკარგვა კი არის უდიდესი ტრაგედია ერის ისტორიაში. ეს კარგად ესმოდა იოსებ სტალინს, რომელმაც საქართველოს რუსეთთან შეერთება შეაფასა როგორც ნაკლები ბოროტება. მაგრამ ბოროტება! სამაგიეროდ ეს მარტივი ჭეშმარიტება არ ესმოდათ მლიქვნელობით გონებადაბინდულ საქართველოს კომპარტიის ლიდერებს, რომლებიც ამ ეროვნულ უბედურებას ბედნიერებად თვლიდნენ.

ყველა ყველა, მაგრამ რუსეთმა ხომ გამოიხსნა ოსმალეთისაგან ქართული მიწები? ქართული მიწა-წყალი ხომ გააერთიანა? საკუთარი ძალებით ხომ ნამდვილად ვერ შევძლებდით ამის გაკეთებას? განა ეს პატარა საქმეა? ამას მაინც ნუ დავუკარგავთ რუსებს.

სრული ჭეშმარიტებაა, ნამდვილად გაგვაერთიანა რუსეთის იმპერიაში (ქართული მიწა-წყლის უმეტესობა აღმოჩნდა რუსეთში). ტაო-კლარჯეთიც შემოგვიერთა, მაგრამ 1921 წელს ათათურქისა და ლენინის გარიგების შედეგად დამოუკიდებლობასთან ერთად დავკარგეთ. ოღონდ ესაა, ფორმულა „რუსეთმა საქართველო გააერთიანა“ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ საქართველო გამოეყო რუსეთს და დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს კი მოხდა გერმანიის ხელშეწყობითა და მფარველობით. რუსეთის ხელისუფლება ისტორიულ ქართულ მიწა-წყალს საქართველოს ვერ მიუერთებდა და მას ვერ გააერთიანებდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასეთი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული - საქართველო - იმპერიაში არ არსებობდა, ხოლო რუსეთში რევოლუცია რომ არ მომხდარიყო და  გამარჯვებულთა ბანაკში მყოფ რუსთ ხელმწიფეს (ანტანტა), რომ გაეგრძელებინა ანტიქართული დემოგრაფიული პოლიტიკა, თვით ქართულ იდენტობა დაიკარგებოდა და აღარც ქართველი იარსებებდა.

ისე კი, თუ მაინცდამაინც რუსეთს გვინდა მივაწეროთ საქართველოს გაერთიანება, ნურც კაიზერული გერმანიის ამაგს დავივიწყებთ.

საქართველოს ხანმოკლე დამოუკიდებლობას (ზოგი რომ მკვდრადშობილს უწოდებს), უკვალოდ არ ჩაუვლია. სწორედ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს არსებობამ განაპირობა ის ფაქტი, რომ ხელმეორე ოკუპაციისას საქართველო ამჯერად იმპერიის სამართალსუბიექტის რანგში დაბრუნდა (თუმცა გარკვეული პერიოდი, ჩამოქვეითებული იყო ამიერკავკასიის ფედერაციის ერთერთ წევრად).

რუსეთის იმპერიის ბოლშევიკური სახეცვლილება - სსრკ

1921 წელს, რუსეთმა (ამჯერად ბოლშევიკურმა), კვლავ დაარღვია ხელშეკრულება (ეხლა უკვე 1920 წლის 6 მაისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება, რომლის ძალითაც რუსეთმა იცნო საქართველოს რესპუბლიკა), და მეორედ დაგვიპყრო. ის, რომ ხელმეორე ოკუპაციის თანაავტორები ქართველები იყვნენ (ი.სტალინი, ს.ორჯონიკიძე, ა.ენუქიძე, ადგილობრივი ქართველი კომუნისტები), ვითარებას არ ცვლის - დაგვიპყრო რუსეთმა.  სხვათა შორის, რომ ვერ მოხერხებულიყო საქართველოს „შეთრევა“ მშობლიურ იმპერიაში, სტალინი აღმოჩნდებოდა პოლიტემიგრანტი (ძერჟინსკივით), და მის კარიერულ აღმასვლას წერტილი დაესმეოდა.

ოკუპაციის პირობები ამჯერად უფრო შეღავათიანი იყო, იმ აზრით, რომ მოსკოვი იძულებული შეიქნა ეცნო საქართველო, როგორც ბოლშევიკური იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სახელად „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირში საქართველოს სტატუსის განსაზღვრაში დიდი როლი ითამაშეს ქართველმა კომუნისტმა ნაციონალ-უკლონისტებმა. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ საქართველომ გარკვეული სუვერენიტეტი დაიტოვა. მოსკოვმა კი სცნო საქართველო, როგორც საბჭოთა კავშირის სუბიექტი, მაგრამ ყველანაირად ცდილობდა შერჩენილი  მწირი სუვერენიტეტის შებღალვას: ჩამოაჭრა ტერიტორიები (1921-22 წლებში, აფხაზეთი, საინგილო, ლორე, კამბეჩოვანი), ზოგი დაუბრუნა (1924 წელს აფხაზეთი გახდა საქართველოს ხელშეკრულებითი მოკავშირე,  1932 წელს - ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში), ზოგი დაუმატა (1944 წელს, თებერდა და ინგუშეთის მთიანეთი), ისევ ჩამოაჭრა (1953 წელს, თებერდა და ინგუშეთის მთიანეთი), ჩამოაქვეითა და გააერთიანა ამიერკავკასიის ფედერაციაში (1922), მერე აღუდგინა სამართალსუბიექტობა - იქცა მოკავშირე რესპუბლიკად (1936). რაც მთავარია, ჩაგვიდო ნაღმები ეთნოტერიტორიების სახით - თუ იმპერიიდან გასვლას დავაპირებდით ნაღმები აფეთქდებოდა (რაც მოხდა კიდეც), თუ არ გავიდოდით დანაწევრებას მაინც ვერ გადავურჩებოდით.

საინტერესო იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის მოტივაცია. ასეთი ტერიტორიული ერთეული საქართველოს ისტორიაში არ არსებობდა, განსხვავებით აფხაზეთისაგან. არც რუსეთის იმპერიაში არსებობდა. იგი ხელოვნურად შეიქმნა ქართლის, იმერეთი, რაჭის და მთიულეთის მიწებისაგან. საქართველოს ტერიტორიაზე კომპაქტურად დასახლებულ სხვა ეთნიკურ ჯგუფებს მსგავსი პატივი არ რგებიათ. რაშია საქმე? რა აუცილებლობამ განაპირობა ასეთი ხელოვნური ოლქის შექმნა? საქმე იმაშია, რომ ოსები იარაღით ხელში იბრძოდნენ საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ (ანუ ეხმარებოდნენ წითელ რუსეთს საქართველოს ოკუპაციაში), და ოლქი მათ შეუქმნეს, როგორც ჯილდო გაწეული სამსახურისათვის. შედარებისათვის: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიური დამცველი  გერმანელი მოსახლეები ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ გაასახლა შუა აზიაში (გასახლების ოფიციალური მიზეზის მოტანას, ვფიქრობ, აზრი არ აქვს). 

საქართველოს ტერიტორიული ხელყოფისაგან მოსკოვს არც სტალინის სიკვდილის შემდეგ აუღია ხელი. როგორც ირკვევა, 1961 წელს, ხრუშჩოვის ზეობისას, სუსლოვი იმდროინდელ პოლიტბიუროს სთავაზობდა საქართველოს დაშლის გეგმას, სადაც განსაკუთრებული ყურადღება შავიზღვისპირეთზე იყო კონცენტრირებული. გეგმა არ განხორციელდა, სავარაუდოდ, ნიკიტა ხრუშჩოვის დამხობის გამო.

ტერიტორიული ხელყოფის გარდა მოსკოვი დემოგრაფიულ აგრესიასაც აგრძელებდა, რაც განსაკუთრებით გაძლიერდა II მსოფლიო ომის დროს, როცა ევაკუაციის ნაკადი მოაწყდა ჩვენს მიწა-წყალს (უმეტესწილად აფხაზეთს). საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებამ გატარებული კონტრღონისძიებებით (აფხაზეთში ქართული მოსახლეობის ჩამატება), მხოლოდ რამდენადმე თუ შეანელა რუსულენოვანთა ინვაზია. დემოგრაფიული ექსპანსია ხდებოდა ქვეყანაში დატრიალებული სისხლიანი მოვლენების პარალელურად  (რევოლუციები, I მსოფლიო ომი, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვითი ომები, 1924 წლის აჯანყება და საპასუხო სადამსჯელო რეპრესიები, ინდუსტრიალიზაცია, კოლექტივიზაცია, 1937-38 წლების ტერორი, II მსოფლიო ომში განცდილი არაადეკვატურად დიდი დანაკარგები, ომისშემდგომი რეპრესიები), რამაც მთლიანად და ნამატით შეიწირა XIX საუკუნის მიწურულს დაწყებული ქართველთა დემოგრაფიული ბუმი.

სხვათა შორის, თანამედროვე აფხაზეთში რომ რუსულენოვან მოსახლეობას ჯერ-ჯერობით არ გააჩნია გადამწყვეტი რიცხობრივი უპირატესობა აფხაზებზე, 40-იანი წლების საბჭოთა საქართველოს ხელმძღვანელობის დამსახურებაა. კარგი იქნება, თუ აფხაზები შეიგნებენ, რომ აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის დამატება (როგორც XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში, ისე XX საუკუნის 40-იან წლებში), უპირველეს ყოვლისა, რუსულენოვანთა მოძალების შესაფერხებლად ხორციელდებოდა.

პოსტსტალინური სსრკ

საბჭოთა კავშირის ერთიანობა ემყარებოდა უსასტიკეს ტერორსა და კომუნისტურ ინტერნაციონალიზმს (ეს უკანასკნელი ყველა ეთნიკური ჯგუფის რუსებთან მჭიდრო ასოცირებას გულისხმობდა), რასაც  ბოლშევიკები „ხალხთა მეგობრობას“ უწოდებდნენ. სტალინის სიკვდილის შემდეგ გაბატონებულმა საბჭოთა ბიუროკრატიამ, რომელიც მანამდე ტერორიზებული იყო და ეხლა შვებით ამოისუნთქა, უარი თქვა ყაზარმულ კომუნიზმზე და დაიწყო „ადამიანური სახის სოციალიზმის“ მშენებლობა (კომუნიზმის გამარჯვების თარიღმა გადაიწია ჯერ ოცი წლით, მერე გადავიდა უსასრულობაში). ეს უკანასკნელი გულისხმობდა ტერორის შესუსტებას (სამაგიეროდ გაიზარდა ფსიქიატრიული დახმარების როლი), ბიუროკრატიის ხელშეუხებლობას (რამაც ფართო გზა გაუხსნა კორუფციას), ეკონომიკის „ნედლეულიზაციას“ (სტარტი მიეცა 1970-73 წლებში, ნავთობის მსოფლიო კრიზისისას), და კაპიტალისტურ ქვეყნებთან მშვიდობიან თანაარსებობას (ბრძოლა მშვიდობისათვის მთელს მსოფლიოში). „ხალხთა მეგობრობას“ რომ ბზარი არ გასჩენოდა, ტერორის შესუსტებას ჩაენაცვლა ეროვნული ელიტების მოსყიდვა, იმავდროულად გაძლიერდა პროპაგანდა რუსი ერის წამმართველი როლისა კომუნისტურ ინტერნაციონალიზმში.

ეროვნული ელიტების მოსყიდვა ხალხთა დამონების ნაცადი ხერხია. ადგილობრივი ბიუროკრატიისა და მათთან ასოცირებულ ინტელექტუალთა წრეს (ჩვენ რომ რუსული ტრადიციით ინტელიგენციას ვეძახით), გარკვეულ წილს გამოუყოფენ ხოლმე საკუთარი ქვეყნის ძარცვისას და ამ გზით ქმნიან მესაკუთრეთა ლოიალურ ფენას. კოლონიზატორთა სწორედ ამ პრაქტიკამ გააჩინა ფრაზა: „არ არსებობს უფრო დიდი მტერი საკუთარი ხალხისა, ვიდრე კოლონიზატორთა მიერ გამოკვებილი ადგილობრივი ელიტა“ (მიაწერენ ჯავაჰარლალ ნერუს). საქართველოს უახლესმა ისტორიამ და დღევანდელმა სინამდვილემ სრულად დაადასტურა აღნიშნული სიტყვების  სიმართლე (ჩვენს ელიტას კვებავდნენ საბჭოთა კავშირში და კვებავენ დღესაც).

ვინაიდან საბჭოთა კავშირში სახელმწიფო იყო მეწარმეც და მესაკუთრეც, ადგილობრივი ელიტების ლეგალურად მოსყიდვა შეუძლებელი იყო. რჩებოდა ერთადერთი გზა, კორუფციული - ქვეყნის ბიუჯეტის ძარცვა არალეგალური წარმოებით და საბიუჯეტო თანხების „ჩამოჭრა-გაცოცხლებით“. ადგილობრივი ბიუროკრატია ძარცვავდა ქვეყნის ბიუჯეტს და ცენტრალური ბიუროკრატია ამას ვითომ ვერ ხედავდა. არადა, თვითონაც კარგა გვარიანად ითბობდა ხელს ამ მანკიერებით (რასაკვირველია, ისჯებოდნენ ერთეული კორუფციონერები, მაგრამ ამით ამინდი არ იცვლებოდა). საბოლოო ჯამში ზარალდებოდა ქვეყანა. სწორედ ზარალი იყო რუსული კოლონიალიზმის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი კლასიკურისაგან, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული. სამაგიეროდ რუსეთი ფლობდა უზარმაზარ ტერიტორიას (ეხლაც ვეებერთელა ტერიტორია დარჩა, თუმცა მაინც დაკარგულს მისტირის).

შექმნილ პირობებში კორუფციამ სისტემური ხასიათი მიიღო. იგი თანდათანობით მოედო საზოგადოების ყველა ფენას და ერთხანს ქვეყნის სტაბილურობის ერთერთ ფაქტორადაც იქცა. კორუფციით ახშობდნენ სოციალურ და ნაციონალურ უკმაყოფილებას. ლოგიკა მარტივი იყო: რაც მეტი კორუფციონერი და კანონის დამრღვევი იქნებოდა, მით ნაკლები იქნებოდა უკმაყოფილება (კანონის დამრღვევს არც მორალური საფუძველი და არც საკმარისი თავისუფლება გააჩნია უკმაყოფილების გამოსახატავად). ღირებულებები აღარავის ახსოვდა. წამოვიდა იდეოლოგიური დოგმებისაგან თავისუფალი ბიუროკრატიის ახალი თაობა, რომლის მიზანიც მხოლოდ მომხვეჭელობა იყო. ასე დადგა უძრაობის ანუ სტაგნაციის ხანა, საბჭოთა კავშირისათვის უჩვეულოდ მშვიდი და მრავალი ჩვენთაგანისათვის ტკბილად მოსაგონარი პერიოდი. ოღონდ ესაა, ბუნებრივი რესურსებით ისეთმა უმდიდრესმა ქვეყანამაც კი, როგორც საბჭოთა კავშირი იყო, ვერ გაუძლო ტოტალურ ძარცვა-განიავებას და სული განუტევა.

უძრაობა საქართველოში

საქართველოში სწრაფად აუღეს ალღო ახალ ვითარებას. სახელმწიფო გეგმის შესრულებამ გადაიწია უკანა პლანზე. უმთავრესი გახდა საბიუჯეტო თანხების მითვისება და გადანაწილება. ყოვლისმომცველი კორუფცია იქცა საზოგადოების განვითარების ძირითად მამოძრავებლად. ჩაეყარა საფუძველი ე.წ. ძარცვის ეკონომიკას, რაც მოგვიანებით დამოუკიდებელი საქართველოს მოუშორებელ ჭირად იქცა. განათლება, მედიცინა, შრომითი მოწყობა, სოციალური უზრუნველყოფა, კონკურს-ტენდერებში გამარჯვება, ყველაფერი კორუფციული გარიგების საგანი გახდა. ჩრდილოვანი ეკონომიკა იქცა ერის, განსაკუთრებით კი, მისი ელიტის არსებობის ძირითად წყაროდ. ილია ჭავჭავაძის, გიორგი წერეთლის, ნიკო ნიკოლაძის და სხვათა მეცადინეობა - გამოეზარდათ და ჩამოეყალიბებინათ მოდერნის ეპოქის შესაბამისი ქართველი - გამრჯე, მუყაითი, გერგილიანი - წარმატებული დასაწყისის მიუხედავად (900-იანი წლები), ფიასკოთი დასრულდა. ქართველ კაცს ჯერ შეაჯავრეს შრომა (სტალინური ხუთწლედების და კოლექტივიზაციის შედეგი) და მერე პარაზიტად აქციეს (უძრაობის პერიოდის ნაყოფი). დღეს გამრჯე, მუყაითი და გერგილიანი ქართველი ისევე სჭირდება ქვეყანას, როგორც ასი წლის წინ.

ჩრდილოვანი ეკონომიკით მიღებული შემოსავალი, ბუნებრივია, დაეტყო მოსახლეობის ცხოვრების დონეს. ერთ სულ ადამიანზე გადაანგარიშებით იგი საუკეთესო იყო საბჭოთა კავშირში. ვითარება შესაბამისად აისახა ქართულ კულტურაზე, რომელმაც არნახულ სიმაღლეებს მიაღწია. განსაკუთრებით  განვითარდა ლიტერატურა, მუსიკა, კინემატოგრაფია, თეატრალური და საშემსრულებლო ხელოვნება, სპორტი. ხელოვნებისა და ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები მსოფლიო სტანდარტებს გაუტოლდა, რაც ეროვნული კულტურის უდიდესი წარმატება იყო. სამწუხაროდ, მათ ფონზე არაპროპორციულად იმატა კიჩმა და სიყალბემ. გაიზარდა ვითომ სპეციალისტთა რაოდენობა და ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება. ქვეყანა, რომელსაც XX საუკუნის მიწურულს მსოფლიოში პირველი ადგილი ეკავა 1000 სულ მოსახლეზე უმაღლეს სკოლა დამთავრებულთა რაოდენობით  (მხოლოდ რაოდენობით!), დღეს განიცდის კვალიფიციურ სპეციალისტთა მწვავე დეფიციტს. მეტად სამწუხაროა, რომ უძრაობის დროს ფეხმოკიდებული პარაზიტიზმი დღემდე გრძელდება. ეროვნული ელიტა ისეთივე გულმოდგინებით ხრავს გრანტებსა და კრედიტებს, როგორც მისი წინამორბედი პარტიულ-სამეურნეო აქტივი ხრავდა საბჭოთა კავშირის ბიუჯეტს. დღეს კიდევ უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს დიპლომირებულ უმეცართა ტირაჟირება. თუ ასე გაგრძელდა, საბერძნეთის ბედი საძებარი გაგვიხდება.

როგორც ვხედავთ, უძრაობის პერიოდის მანკიერებამ მოგვიანებით, ქვეყნის დამოუკიდებლობისას იჩინა თავი. იმ დროს კი, თითქმის მთელი მოსახლეობა, განსაკუთრებით კი, მის ელიტას, უდარდელობის სენმა დარია ხელი. ეს არცაა გასაკვირი. ქვეყანამ კეთილდღეობის ისეთ დონეს მიაღწია, რაც მთელი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე იშვიათად თუ ღირსებია. ხელისუფლებისადმი ლოიალურ მოქალაქეთა უსაფრთხოება მაქსიმალურად იყო დაცული. საგარეო საფრთხე თითქმის ნულს გაუტოლდა (ზესახელმწიფოთა ბირთვული პარიტეტის შედეგი). რაც მთავარია, დაცული იყო ეროვნული სახელმწიფოს ისეთი მნიშვნელოვანი მახასიათებლები, როგორებიცაა შემოფარგლული ტერიტორია და ეთნოკულტურული და ენობრივი მთლიანობა -- ქართული სახელმწიფოს შეზღუდული სუვერენიტეტი ეთნოსეპარატიზმისაგან დაცვას და ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შენარჩუნებას ასე თუ ისე ახერხებდა. სამაგიეროდ საქართველო საბჭოთა კავშირის ერთგული რესპუბლიკა იყო. ამრიგად, დამყარებული იყო ერთგვარი დინამიური წონასწორობა მოსკოვის ველიკოდერჟავულ მისწრაფებასა და ქართულ ნაციონალიზმს შორის - ვირტუალური წითელი ხაზი სერიოზულად არ დარღვეულა.

ზემოთაღწერილ პირობებიდან გამომდინარე საბჭოთა კავშირის შენარჩუნებაში, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ერი უნდა ყოფილიყო დაინტერესებული. ეს იმდენად ლოგიკური იყო, რომ არავითარ დამატებით კითხვას არ ბადებდა. ასე მიიჩნევდა მრავალი უცხოელი ექსპერტიც. მაგრამ მოხდა გასაოცარი რამ. სწორედ ქართველები აღმოჩნდენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მებრძოლთა ავანგარდში. დამოუკიდებლობაც ბალტიის ქვეყნებმა და საქართველომ ყველაზე ადრე გამოაცხადეს.

რა მოხდა? რამ განაპირობა ასეთი სახეცვლილება? რა ფაქტორებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი ერის ცხოვრებაში, რამაც დიამეტრიალურად შეცვალა განვითარების ვექტორი? ნუთუ ერთი მუჭა ავანტურისტების ნებას აჰყვა მთელი ერი და სასწორზე შეაგდო საკუთარი კეთილდღეობა, როგორც ამას მიიჩნევენ ჩვენი დამოუკიდებლობის აშკარა და ფარული მტრები?

ქართველი მოჭარბებულად მგრძნობიარეა საკუთარი ეროვნული იდენტობისადმი. მას ახასიათებს, ასე ვთქვათ, თავდაცვითი პასიონარობა (არ აგვერიოს ექსპანსიურ პასიონარობაში, რასაც შესტრფოდა ლევ გუმილიოვი). ჩვენი ეს გამორჩეული თვისება შეამჩნია ბრიტანელმა ისტორიკოსმა უ.ალენმა (W.E.D.Allen – A History of the Georgian People, Kegan Paul, 1932). მისი დახასიათებით ქართველები მომხდურ მტერს ვაჟკაცურად ხვდებიან, მაგრამ დამარცხების შემთხვევაში ჰგუობენ მას და მშვიდად იტანენ ოკუპაციას. მეტიც, საკმაოდ ნორმალურად ურთიერთობენ ოკუპანტთან. ოღონდ ასე გრძელდება მანამ, სანამ არ მტერი არ შეეხება მათ ეროვნულ იდენტობას. მაშინ კი ჯანყდებიან, თანაც ჯანყდებიან  მოულოდნელად, რითაც საგონებელში აგდებენ ოკუპანტს, რომელსაც ქართველი დამორჩილებული და შემორიგებული ეგულებოდა. ასე მრავალი ოკუპანტი თუ „მეგობარი“ მოტყუებულა და, ალბათ, მომავალშიც მოტყუვდება.

პერესტროიკა

1980-იან წლებში საბჭოთა კავშირს მძიმე კრიზისი დაუდგა. მისი დაძლევა სერიოზული სტრუქტურული და ინსტიტუციონალური ცვლილებების გარეშე  წარმოუდგენელი იყო. კრიზისის სიმძიმეს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებდა.

პირველი და უმთავრესი, იმპერიის მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური აგებულება იყო (ეხება როგორც ცარისტულ, ისე საბჭოურ პერიოდს). რუსეთს ძალიან გაუჭირდა უზარმაზარ ტერიტორიაზე დასახლებული ხალხებისა და კულტურების აბსორბცია, რისი მიზეზიც იყო რუსი ხალხის არასაკმარისი დემოგრაფიული და კულტურული რესურსი. პრობლემა უაღრესად დაამძიმა საბჭოთა პროექტის ეთნოტერიტორიულმა სტრუქტურამ და რუსი ხალხის თავზე დატრიალებულმა უზარმაზარმა დემოგრაფიულმა კატასტროფებმა (მსოფლიო ომები, რევოლუცია, სამოქალაქო ომი, ინდუსტრიალიზაცია, კოლექტივიზაცია, პერმანენტული შიმშილობა). 1989 წლის აღწერისას საბჭოთა კავშირში რუსების წილი იყო 51%. გარდა ამისა, ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში სატიტულო ეთნოსი წარმოადგენდა ან გადამწყვეტ უმრავლესობას ან ყველაზე მსხვილ ეთნიკურ ჯგუფს. ცოტაც და, რუსები საკუთარ იმპერიაშივე გადაიქცეოდნენ ეროვნულ უმცირესობად, როგორც ეს მოხდა ავსტრია-უნგრეთში, სადაც გერმანელები უმცირესობად იქცნენ.

ბრეჟნევის დროს სცადეს ხელოვნურად შეექმნათ ახალი ერი - ერთიანი საბჭოთა ხალხი - მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. ანალოგიურად, იოსიპ ბროზ ტიტომაც სცადა გამოეყვანა ახალი ეთნიკური ტიპი - იუგოსლოვანი - მაგრამ იგივე შედეგი მიიღო. ამ წარუმატებელმა მცდელობებმა მარტივი ჭეშმარიტება დაადასტურეს - ეთნოსები ბრძანებებით არ იქმნებიან. მოგვიანებით, იური ანდროპოვმა, რომელსაც კარგად ესმოდა ეთნოტერიტორიულ ერთეულთა (მოკავშირე, ავტონომიური და ა.შ.) დამანგრეველი როლი, თურმე 1983 წელს წამოაყენა წინადადება საბჭოთა კავშირი   გადაწყობილიყო ეთნიკურობისაგან დამოუკიდებელ 20 ადმინისტრაციულ რეგიონად (www.apn.ru/publications/article1864.htm), რათა ქვეყანა ერი-სახელმწიფოდ ექცია. ეს იდეა მისი გარდაცვალებისთანავე  გაქრა.

მეორე ფაქტორი ეკონომიკური იყო. თავის დროზე საბჭოთა კავშირი შეიქმნა რევოლუციის ექსპორტისათვის, ანუ  აგრესიისათვის. აგრესიას კი შესაბამისი ეკონომიკური უზრუნველყოფა სჭირდება. ინდუსტრიალიზაცია სხვა არაფერი იყო თუ არა ომისთვის გამიზნული მობილიზაციური ეკონომიკა. ეკონომიკის ხასიათი არც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეცვლილა. იგი შეიცვალა მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ, როცა ბირთვულმა იარაღმა დიდი ომი შეუძლებელი გახადა და კაპიტალისტურ სამყაროსთან შეურიგებელი ბრძოლის პარადიგმა შეიცვალა მშვიდობიანი თანაარსებობის პარადიგმით. ფაქტიურად საბჭოთა კავშირის დამარცხება განაპირობა „მსოფლიო რევოლუციაზე“ უარის თქმამ. 10-15 წლიანი წარუმატებელი ექსპერიმენტების შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყნის ეკონომიკა განუწყვეტლივ  ქვეითდებოდა, საბჭოთა ეკონომიკა იოლ გზას დაადგა - შემოჯდა ნავთობის ნემსზე (ნავთობის ექსპორტი), და მთლიანად ჩამოეკიდა მსოფლიო ბაზარზე არსებულ ნავთობის ფასებს. თუ ამას დავუმატებთ, რომ მიღებული უზარმაზარი შემოსავალი უმოწყალოდ იძარცვებოდა საბჭოთა ბიუროკრატიის მიერ, ვითარება ნათელი გახდება. ასე ქვეყანა დიდხანს ვერ გაძლებდა. აკი ვერც გაძლო.

მესამე ფაქტორი იყო დასავლეთის მიერ თავსმოხვეული გამალებული შეიარაღება. საბჭოთა კავშირი ისე გაეჯიბრა დასავლეთს მილიტარიზაციაში, რომ არ გააჩნდა შესაბამისი ეკონომიკური საყრდენი. შედეგიც ადეკვატური იყო - გამალებულმა შეიარაღებამ გამოფიტა საბჭოთა კავშირი. თავისი როლი შეასრულა ინფორმაციულმა ომმა, რომელიც საბჭოთა კავშირმა პირწმინდად წააგო.

ამრიგად, საბჭოთა პროექტის კოლაფსი განაპირობეს ობიექტურმა შინაგანმა მიზეზებმა, რაც გააძლიერა დასავლეთის პოლიტიკურმა და ინფორმაციულმა ზემოქმედებამ.

მოსკოვში გაგონებაც არ სურთ საბჭოთა კავშირი დაშლის ობიექტურ მიზეზებზე და ყველაფერი დაჰყავთ შეთქმულების თეორიამდე. თურმე საბჭოთა კავშირი ერთობ წარმატებული ქვეყანა ყოფილა და იგი სრულიად შემთხვევით დაიშალა უმაღლეს ხელისუფალთა სახელმწიფო ღალატის გამო. ლოგიკა მარტივია: თუ ზესახელმწიფო ასე მარტივად, მხოლოდ ღალატის გამო დაიშალა, ესე იგი, მისი რეინტეგრაციაც იოლი იქნება. მთავარია საქმეს ხელი მოჰკიდონ პატრიოტებმა. სწორედ ამგვარი „თეორიებით“ რომ ხელმძღვანელობენ პუტინის ბანაკში, იმიტომაც გაება რუსეთი  უკრაინის ხაფანგში. შეთქმულების თეორია (როცა ყველა მოვლენა მხოლოდ შეთქმულებით აიხსნება), იქ არის პოპულარული და იქ პოულობს ნოყიერ ნიადაგს, სადაც მწირი ინტელექტის გამო არ შეუძლიათ გაიგონ თუ როგორ ფუნქციონირებს გლობალური ეკონომიკა ან პოლიტიკური ძალაუფლების სტრუქტურები (სხვათა შორის საქართველოშიც საკმაოდ არიან შეთქმულების თეორიის მიმდევრები).

რასაკვირველია დასავლეთმა დიდი როლი ითამაშა საბჭოთა კავშირის დაშლის საქმეში,  მაგრამ ძირითადი მიზეზი რუსეთის იმპერიის არასიცოცხლისუნარიანობა გახლდათ. საბჭოთა პროექტმა ერთხანს კი მოახერხა იმპერიის გალვანიზირება, მაგრამ  ბირთვულ ეპოქაში სულის ღაფვა დაიწყო. ასე, რომ სისტემის ტრანსფორმირება გარდაუვალი გახდა.

სწორედ შექმნილმა ვითარებამ აიძულა მ.გორბაჩოვი დაეწყო ძირეული გარდაქმნები ქვეყანაში. „პერესტროიკის“ მიზანი იყო ისე ამოსულიყო ქვეყანა ჩამორჩენის ჭაობიდან, ისე გადასულიყო გეგმიური ეკონომიკიდან თავისუფალი ბაზრის ეკონომიკაზე, რომ არ დაშლილიყო საბჭოთა კავშირი და ბიუროკრატიასაც შეენარჩუნებინა მმართველი პოზიციები და, რაც მთავარია, არ ამ უკანასკნელი ამოცანის განსახორციელებლად კრემლმა გადაწყვიტა გამოეყენებინა ა.სახაროვის იდეები (http://danilidi.ru/books/publicistika/Nationalization-of-ruble_Starikov-35.html). ეს უკანასკნელი, საბჭოთა კავშირის შენარჩუნების მიზნით (დიახ, დიახ, დისიდენტი და სამართალდამცველი ა.სახაროვი საბჭოთა კავშირის ანუ იმპერიის შენარჩუნებას ცდილობდა), ითხოვდა საბჭოთა კავშირის ყველა კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური ჯგუფის ტერიტორიულ განსაზღვრასა და თანასწორსუბიექტობას. სწორედ მისი იდეა აიტაცა გორბაჩოვმა, როცა ეთნოავტონომიების რიცხვის გაზრდისა და მათი სტატუსის გათანაბრების გზით მოიწადინა მაქსიმალურად განზავებულიყო მოკავშირე რესპუბლიკათა სტატუსი და მოესპო მათი კავშირიდან გასვლის სამართლებრივი საშუალება. ამით შესაძლებელი გახდებოდა იმპერიის განახლებაცა და შენარჩუნებაც (ბალტიის რესპუბლიკების გასვლას კრემლში შეგუებულნი იყვნენ, იხ. http://echo.msk.ru/blog/umasheva/760423-echo/).

ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება და საქართველო

საბჭოთა კავშირის გარდაქმნისათვის საჭირო გახდა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება, რომლის ძირითადი პრინციპები  განიხილეს და მოიწონეს 1989 წლის სექტემბრის სკკპ პლენუმზე (http://soveticus5.narod.ru/85/pl890919.htm; www.polisportal.ru/files/File/puvlication/Starie_publikacii_Polisa/Z/1991-1-8-Zubov,Salmin-Souzniy_dogovor.pdf). პლენუმმა მიიღო საბჭოთა კავშირის გარდაქმნის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ავტონომიური რესპუბლიკები მოკავშირეების დარად ფედერაციის სუბიექტები ხდებოდნენ, ხოლო ნებისმიერ კომპაქტურად დასახლებულ ეთნიკურ ჯგუფს ნება ეძლეოდა თავისუფალი ნების გამოხატვის შედეგად შეექმნა ეთნოტერიტორიული ერთეული. მეტიც, აერჩია კიდეც, თუ რომელ რესპუბლიკაში შესულიყო.

„პერესტროიკამ“ საბჭოთა კავშირში დიდი ძვრები გამოიწვია. თავი იჩინეს ეროვნულმა პრობლემებმა, რომლებიც ათწლეულების მანძილზე მიჩქმალული იყო. განსაკუთრებით ისეთი ეთნოსები ამოძრავდნენ, რომელთაც საკუთარი სტატუსი სადავოდ მიაჩნდათ. დაიწყო ეთნიკური დაძაბულობები, რაც შემდეგ ეთნოკონფლიქტებში გადაიზარდა. მართალია ახალი ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია, პირველად 1989 წლის სექტემბრის პლენუმზე განიხილეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ინფორმაციამ ბევრად ადრე გაჟონა. არც არის გასაკვირი - ა.სახაროვის იდეა საბჭოეთის ეთნოსთა და ეთნოტერიტორიათა სამართლებრივი გათანაბრების შესახებ საზოგადოებისათვის ადრეც იყო ცნობილი. ეთნიკური დაძაბულობის პროცესს სათავე დაუდო სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ ორგანიზებულმა  პეტიციამ კრემლისადმი (1987 წლის აგვისტო), მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის აზერბაიჯანის შემადგენლობიდან გამოყვანისა და სომხეთისათვის გადაცემის შესახებ, რაც შემდეგ სისხლიან კონფლიქტში გადაიზარდა. ყარაბაღის პრობლემას სამხრეთ ოსეთში „ადამონ ნიხასის“ შექმნა მოჰყვა, მერე „ლიხნის წერილი“, დაძაბულობა ცხინვალში, ფერგანაში, გაგაუზიაში და ა.შ. „ხალხთა მეგობრობის გამწვავებამ“ ქვეყნის დესტაბილიზაცია გამოიწვია, მაგრამ „პერესტროიკის“ მესვეურნი ამაზე ყაბულს იყვნენ, რადგან „მეგობრობის გამწვავება“ ზღუდავდა საბჭოთა კავშირიდან გასვლის შესაძლებლობას და ზრდიდა ეთნოტერიტორიული გადაწყობის მოთხოვნილებას.

ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება პირდაპირ ჩვენზე იყო დამიზნებული. საქართველოს შემადგენლობაში იყო ორი ავტონომიური რესპუბლიკა, ერთი ავტონომიური ოლქი და სამი კომპაქტური ეთნიკური დასახლება. კანონპროექტში  კომპაქტურად დასახლებული ეთნოჯგუფის შესახებ პუნქტის გაჩენა ნიშნავდა, რომ ასეთ კომპაქტურ ჯგუფს (მაგ. ჯავახეთის სომხებს, ბორჩალოს აზერბაიჯანელებს ან პანკისელ ქისტებს) შესაძლებლობა ექნებოდა არათუ ავტონომიური ტერიტორია შეექმნა, არამედ აერჩია კიდეც, თუ რომელ რესპუბლიკაში შესულიყო (გასაგებია, რომ „სამხრეთ ოსეთი“ შეუერთდებოდა რუსეთის ფედერაციას ანუ გაერთიანდებოდა ჩრდილოეთ ოსეთთან. პრობლემები გაჩნდებოდა სხვაგანაც). ნათელია, რომ ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების რეალიზაციას მოჰყვებოდა საქართველოს სრული დეზინტეგრაცია. ქვეყანა აღმოჩნდებოდა უარეს მდგომარეობაში, ვიდრე იგი იმყოფებოდა I მსოფლიო  ომამდე - საქართველო არ იარსებებდა. ასეთ პერსპექტივას ქართველი ერი ნამდვილად ვერ შეურიგდებოდა.

ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების პროექტით მოსკოვმა დაარღვია თბილისთან ურთიერთობის წითელი ხაზი, რომელიც დამყარდა უძრაობის ხანაში. მაშინ მოსკოვის მხრიდან წონასწორობის ნებისმიერი დარღვევა ქართული საზოგადოების მყისიერი რეაგირებით სწორდებოდა. ამჟამად რეაქციამ აშკარად დაიგვიანა. ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე კრემლი მუშაობდა 1987-88 წლებში, ხოლო სააშკარაოზე გამოიტანა 1989 წლის სექტემბრის პლენუმზე. ბუნებრივად ჩნდება მარტივი კითხვა: სად იყვნენ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის იმდროინდელი ლიდერები, როცა ეს დოკუმენტი მზადდებოდა? რატომ არ მოახდინეს რეაგირება დოკუმენტის შედგენამდე? თუ იცოდნენ და სდუმდნენ ხომ ძალიან ცუდი, მაგრამ თუ არაფერი იცოდნენ, მით უარესი. არადა, საქართველოს ხელისუფლებას თავის დროზე რომ სერიოზულად გაეფრთხილებინა კრემლი და ხელი აეღებინებინა განზრახვაზე, ვითარება ასე დრამატულად არ განვითარდებოდა.

მარტივი ჭეშმარიტებაა - როდესაც ხელისუფლება ვერ იცავს ეროვნულ ინტერესებს, ავანსცენაზე გამოდის ხალხი. ასე მოხდა 1989 წლის 8 აპრილსაც, ლიხნის წერილის საპასუხოდ მოწყობილ მიტინგზე, საქართველოს ხელისუფლების მაგივრად მოსკოვს პასუხი ქართველმა ხალხმა გასცა, მოქალაქეები მოითხოვდნენ საქართველო გამოსულიყო კავშირიდან და გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა. სწორედ ამ მოთხოვნის გამო დაივიწყა მოსკოვმა „პერესტროიკაც“, საჯაროობაც, პლურალიზმიც და მკაცრად გაუსწორდა მომიტინგეებს. შეთქმულების თეორიის მომხრეებს დღესაც ჰგონიათ, რომ დამოუკიდებლობა ერთმა მუჭა რადიკალებმა მოითხოვეს, რაც არ არის მართალი. ეს იყო ჩვენი ერის პასუხი მოსკოვის ანტიქართულ მოქმედებაზე (ისტორიულ ვიდეოკადრებზე კარგად ჩანს თუ  ვ ი ნ  მიიღო გადაწყვეტილება აქციის გაგრძელებაზე). მიტინგის უშედეგოდ დაშლა ბედთან შერიგების მანიშნებელი იქნებოდა, რაც ქართველი ხალხისათვის პრინციპულად მიუღებელი იყო. ამდენად, დამოუკიდებლობის მოთხოვნა ადეკვატური რეაქცია გახლდათ უსერიოზულეს გამოწვევაზე. ალტერნატივა იყო ქართულ-აფხაზური ურთიერთობის გადაზრდა ყარაბაღის ტიპის სისხლიან კონფლიქტში, რაც მხოლოდ მოსკოვის გეგმის განხორციელებას შეუწყობდა ხელს. (სამწუხაროდ, სამი წლის შემდეგ, გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოსულმა სახელმწიფო საბჭომ, რომელიც  ლიბერალებითა და უფლებადამცველებით იყო გაძეძგილი, აღასრულა მოსკოვის გეგმა და გააჩაღა შეიარაღებული კონფლიქტი აფხაზეთში. შედეგებს დღემდე ვიმკით).

დამოუკიდებლობის მოთხოვნა იყო უაღრესად სერიოზული გზავნილი მოსკოვის მისამართით. თუ იგი ხელს არ აიღებდა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების წარმოდგენილი რედაქციისაგან, საქართველო გავიდოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან.

ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის

1989 წლის 9 აპრილი საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი მიჯნაა. ამ დღიდან დაკარგა საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებამ რეალური ძალაუფლება და ცოცხალ გვამად იქცა. საქართველოს დამოუკიდებლობის პერსპექტივამ რეალური კონტურები შეიძინა. დაიწყო ჩამოყალიბება ახალმა ელიტამ, რომელშიც შევიდნენ ეროვნული მოძრაობის აქტივისტები, საბჭოეთისადმი პროტესტანტი ინტელექტუალები და პარტიულ-სამეურნეო აქტივის „შორსმჭვრეტელი“ წარმომადგენლები. პრესა განთავისუფლდა არტახებისაგან და ქართულმა საზოგადოებამ სრულად დააგემოვნა სიტყვის თავისუფლების მადლი.

ქვეყანაში რეალური საჯაროობა დამყარდა, რითაც მომენტალურად ისარგებლეს ეროვნულმა ძალებმა. სწორედ საჯარო დებატების შედეგად შემუშავდა დამოუკიდებლობის მიღწევის სტრატეგია და ტაქტიკა. ყველა თანხმდებოდა, რომ ქვეყანა არ იყო მზად დამოუკიდებლობისათვის. ამიტომ გადაწყდა მაქსიმალურად გამოეყენებინათ „პერესტროიკა“, რათა ქვეყანა მომზადებულიყო დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის: შექმნილიყო ძლიერი სამოქალაქო სექტორი, რომელიც გააკონტროლებდა ხელისუფლებას და მოახდენდა საბჭოური ინსტიტუტების თანდათანობით გაკეთილშობილებას - ჩააყენებდა მათ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის სამსახურში, რათა განხორციელებულიყო აუცილებელი სტრუქტურული ცვლილებები, მომზადებულიყო შესაბამისი კადრები. ეროვნული მოძრაობა არ მიიღებდა მონაწილეობას საბჭოურ არჩევნებში, სამაგიეროდ მძლავრ ზეწოლას მოახდენდა გარედან ხელისუფლებაზე, მისი გადემოკრატიულობის მიზნით (ამგვარი ზეწოლის წარმატებული მაგალითი იყო საარჩევნო გარემოს შეცვლა 1990 წელს). ამ გზით ქვეყანა თანდათანობით დამოუკიდებლობას მიაღწევდა. ამუშავდა შესაბამისი პარადიგმა: „ჯერ დემოკრატია, მერე დამოუკიდებლობა“.

აღნიშნული სტრატეგია ნამდვილად სწორი იყო. იგი ზუსტად შეეფერებოდა არსებულ სიტუაციას, რაც მთავარია მისი რეალიზაცია არ ითხოვდა საზოგადოებისაგან განსაკუთრებულ ღონისძიებებსა და რისკს. სამწუხაროდ, მოვლენები ისე განვითარდა, რომ საჭირო გახდა პარადიგმის შეცვლა.

აღმოჩნდა, რომ მოსკოვმა არად ჩააგდო 9 აპრილს თბილისიდან გაგზავნილი სიგნალი და 1989 წლის სექტემბერს სკკპ პლენუმზე გამოიტანა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების პროექტი. სწორედ პლენუმის მასალებმა გამოიწვია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ პრობლემის უკიდურესი გამწვავება. ცხინვალის ხელისუფლება ცდილობდა ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულების დადებამდე მოესწრო სტატუსის ამაღლება, რათა მომავალი ფედერაციის სუბიექტი გამხდარიყო, რასაც პასუხად მოჰყვა სამარცხვინო „ლაშქრობა ცხინვალში“ (ამ ლაშქრობამ და ინტენსიურმა ანტიოსურმა რიტორიკამ, განამტკიცა შეხედულება ქართველებზე, როგორც საცოდავი ოსების მჩაგვრელებზე). აფხაზეთის ხელმძღვანელობა თავს შედარებით მშვიდად გრძნობდა, რადგან როგორც ავტონომიურ რესპუბლიკას, ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულებით ფედერაციის სუბიექტობა გარანტირებული ჰქონდა.

რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის მოსკოვმა საგარეო ფრონტზეც გაიმაგრა პოზიცია -  მხარდაჭერისათვის დასავლეთის ქვეყნების მიმართა. ასე შედგა მალტის შეთანხმება ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის 1989 წლის 2-3 დეკემბერს. ამ შეთანხმების თანახმად საბჭოთა კავშირი დათმობდა აღმოსავლეთ ევროპას და ბალტიის რესპუბლიკებს, სამაგიეროდ დარჩენილ ტერიტორიაზე შეიქმნებოდა განახლებული კავშირი, რომლის სუბიექტებიც იქნებოდნენ საბჭოთა კავშირის ახლებური ეთნოტერიტორიული წარმონაქმნები.

მალტის შეთანხმებით დასრულდა „ცივი ომი“ და, შესაბამისად, შეიცვალა ამერიკის საგარეო პოლიტიკური დოქტრინა - თუ „ცივი ომის“ მთავარი ამოცანა იყო საბჭოთა კავშირის შეკავება, მისი ჩამოცილება ასპარეზიდან, ამიერიდან, რახან საბჭოთა კავშირი ჩამოქვეითდა, ამერიკა კისრულობდა განახლებული კავშირის მხარდაჭერას.

მართლაც, აქედან მოყოლებული საბჭოთა კავშირის დაშლამდე (1991 წლის დეკემბერი) ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ იცავდა შეთანხმების პირობებს. როგორც იგონებს საბჭოთა კავშირში ამერიკის უკანასკნელი ელჩი ჯეკ მეტლოკი, მალტის შემდეგ ამერიკა მხარს აღარ უჭერდა საბჭოთა კავშირის დაშლას (www.gazeta.ru/politics/2015/04/23/sssr_razrushil_sebya_sam.shtml). შესაბამისად, ანტიმოსკოვური პოლიტიკა უკვე მიიჩნეოდა ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ ქმედებად (1991 წლის თებერვალში ვიზიტად მყოფ საქართველოს დელეგაციას უკვე გადამდგარმა რონალდ რეიგანმა უსაყვედურა, გორბაჩოვს ნუ უხირდებით, დაუჯერეთო). ხუმრობა საქმეა, ორი ზესახელმწიფოს მიერ დამყარებული მსოფლიო წესრიგის (Pax Maltica) შეცვლა? სწორედ ამიტომ მიიჩნია ამერიკის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ზვიად გამსახურდიას ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის „დინების საწინააღმდეგო ცურვად“ (2005 წელს თბილისში გამოსვლისას ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უმცროსმა აღმატებულად შეაფასა ზვიად გამსახურდიას ღვაწლი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში, რითაც ფაქტიურად მამამისის პრომოსკოვური პოლიტიკის დეზავუირება მოახდინა, თუმცა დაგვიანებით).

ამერიკის მხარდაჭერით გულდაჯერებულმა მოსკოვმა 1990 წლის 3 აპრილს გამოსცა კანონი „მოკავშირე რესპუბლიკის კავშირიდან გასვლის წესის შესახებ“ (http://pravo.levonevsky.org/baza/soviet/sssr0973.htm), ხოლო 1990 წლის 26 აპრილს, კანონი „სსრკ-სა და ფედერაციის სუბიექტებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ“ (www.lawmix.ru/docs_cccp/10365). აღნიშნული კანონები წარმოადგენდნენ ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების სამართლებრივ საფუძველს. მათ რეალური საფრთხე შეუქმნეს საქართველოს რესპუბლიკის მთლიანობას. თუ საქართველო დარჩებოდა განახლებულ კავშირში იგი აუცილებლად დაიშლებოდა მრავალ ეთნოტერიტორიულ ერთეულად (რაც დაადასტურა გიორგი არბატოვმა 1989 წელს მ. სააკაშვილისათვის მიცემულ ინტერვიუში,  www.regnum.ru/news/polit/1393246.html). გორბაჩოვისეული გარდაქმნის დამაგვირგვინებელი აკორდი იყო 1990 წლის 27 დეკემბრის საბჭოთა კავშირის დეპუტატთა ყრილობის დადგენილება, ჩაეტარებინა საკავშირო რეფერენდუმი „ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების“ თაობაზე 1991 წლის 17 მარტს.

ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად საქართველოს რჩებოდა ერთადერთი გზა - კავშირიდან გასვლა და დამოუკიდებლობის გამოცხადება. არა სადღაც მომავალში (ამას ჩვენთან ნებისმიერ სუფრაზე აცხადებდნენ), არამედ ახლავე, ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების დადებამდე. დამოუკიდებლობის მიღწევა კი შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ 1990 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებში ეროვნული ძალების გამარჯვებისას. სხვა საშუალება არ არსებობდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობის მიღება "მრგვალმა მაგიდამ" და სხვებსაც აქეთკენ მოუწოდა. ამიტომაც რადიკალურად  შეიცვალა პარადიგმა. მთავარი მოთხოვნა შემდეგნაირად ჩამოყალიბდა - „ჯერ დამოუკიდებლობა, მერე დემოკრატია“. ეს ზეამოცანა - ეროვნული მოძრაობის არჩევნების გზით მოსვლა ხელისუფლებაში საერთო საკავშირო რეფერენდუმის ჩატარებამდე და ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადება - ბრწყინვალედ შეასრულა ეროვნული ძალების გაერთიანებამ „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით (აქ კვლავ უნდა აღინიშნოს „მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხის“ წვლილი, რომელმაც 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში სწორი არჩევანი გააკეთა).

პარადიგმის შეცვლას უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია. იმდროინდელ ქართულ  ელიტაში მრავალი დარჩა განაწყენებული: ეროვნული მოძრაობის ზომიერი ფრთა იმით, რომ  თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ხოლო ყოფილი პარტიულ-სამურნეო აქტივი იმით, რომ დაკარგეს ძალაუფლება და ქვეყნის ბიუჯეტთან წვდომა. ყველა ეს ელემენტი ჩასაფრებული ელოდა ეროვნული ხელისუფლების წაფორხილებას და მზად იყო პოლიტიკური რევანშისათვის, „ჯერ დემოკრატიის“ გამარჯვებისათვის. რევანში მართლაც შედგა. რუსეთის დახმარებით დაამხეს ეროვნული ხელისუფლება (http://echo.msk.ru/programs/sorokina/583750-echo). საქართველო 25 წელია დამოუკიდებელია. აი, დემოკრატიის გამარჯვებისა კი რა მოგახსენოთ.

არჩევნებშიმრგვალი მაგიდისგამარჯვების მნიშვნელობა

1990 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობითა და გამარჯვებით „მრგვალმა მაგიდამ“ უდიდესი მამულიშვილური საქმე გააკეთა. სწორედ ამ ბლოკის უმრავლესობაში ყოფნამ  განაპირობა უზენაესი საბჭოს მიერ ქართველი ერისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი აქტების მიღება:

- საქართველომ უარი თქვა 1991 წლის 17 მარტს დანიშნულ საკავშირო რეფერენდუმში მონაწილეობაზე. ამ რეფერენდუმით მოსკოვი ცდილობდა ხალხისაგან საბჭოთა კავშირის განახლების ვერდიქტი მიეღო, რასაც მოჰყვებოდა „ახალი სამოკავშირეო -შეკრულებაზე“ ხელისმოწერა. 

- 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა საერთო სახალხო რეფერენდუმი, რომლის თანახმადაც ქვეყნის ყველა რაიონსა და ავტონომიურ რესპუბლიკაში მოსახლეობამ მხარი დაუჭირა საქართველოს გამოსვლას საბჭოთა კავშირიდან და სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. ამ აქტის შედეგად საქართველომ შეინარჩუნა ტერიტორიული მთლიანობა, რაც დღემდე აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.

- 1991 წლის 9 აპრილს, საერთო სახალხო რეფერენდუმზე გაკეთებული არჩევანის საფუძველზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. ამ აქტით საქართველო გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო;

- საქართველოს დამოუკიდებლობის აქტმა სათავე დაუდო ბალტიაჩამოშორებული საბჭოთა კავშირის დაშლას, რის შენარჩუნებაზეც მთელი მსოფლიო იყო გარიგებული (Pax Maltica). სწორედ ამიტომ შეხვდა საქართველოს დამოუკიდებლობას ასე ცივად იმდროინდელი მსოფლიო. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები (1991 წელს ბ.ელცინი ჩვენს ბუნებრივ მოკავშირედ იქცა - ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულებით რუსეთის ფედერაცია პრაქტიკულად უქმდებოდა), შემდეგ ნოვო-ოგარევოს შეხვედრის ჩაშლა და მის საპასუხოდ მოწყობილი აგვისტოს წარუმატებელი პუტჩი, მერე უკრაინაში გამართული რეფერენდუმი საბჭოთა კავშირიდან გასვლის თაობაზე (1991 წლის 1 დეკემბერი), და ბოლოს, ბელოვეჟის შეთანხმება (1991 წლის 8 დეკემბერი), რომლის შედეგადაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. როგორც ვხედავთ, პირველი და უძლიერესი დარტყმა საბჭოთა კავშირს სწორედ საქართველომ მიაყენა. ვინ იცის, რომ არა საქართველოს დამოუკიდებლობა, იქნებ არც დაშლილიყო საბჭოთა კავშირი. ასე, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის გამო კი არ გახდა საქართველო დამოუკიდებელი, არამედ პირიქით, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამ დააჩქარა საბჭოთა კავშირის დაშლა.

- რომ არა საკავშირო რეფერენდუმზე უარის თქმა, რომ არა საქართველოს რეფერენდუმზე გაცხადებული ქართველი ხალხის ნება და დამოუკიდებლობის აქტი, რაც განხორციელდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობისას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩვენგან სეცესია მოხდებოდა ოცდახუთი წლის წინ, ყოველგვარი შეიარაღებული კონფლიქტის გარეშე (სამწუხაროდ, პუტჩისშემდგომი  ხელისუფლებათა მეცადინეობით მაინც იგივე შედეგი მივიღეთ).

საოცარია, მაგრამ იმდროინდელი ქართული საზოგადოებისათვის აბსოლუტურად შეუმჩნეველი დარჩა საქართველოს წინაშე მდგარი უდიდესი საფრთხე. მეტიც, მავანნი დღესაც ვერ იჯერებენ, რომ ქვეყანას რეალური განსაცდელი ელოდა (ბევრად უფრო დიდი და კატასტროფული, ვიდრე სინამდვილეში იწვნია), და მასზე ადეკვატური პასუხის გაცემა იყო საჭირო. პირიქით, თვლიან, რომ რაც გადაგვხდა თავს და რაც ალბათ კიდევ გველის, სწორედ იმდროინდელი აჩქარების გამო დაგვემართა.

ამგვარი მსჯელობა არ არის სწორი. დამოუკიდებლობის მიღწევის აჩქარებული გზა ულტერნატივო აღმოჩნდა. საბჭოთა კავშირისაგან თავის დაღწევის საშუალება მოკლე დროით გაგვიჩნდა, მხოლოდ მალტის შეთანხმებიდან ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულების დადებამდე (როგორც ვიცით, ხელშეკრულების დადება ვერ შედგა, ძირითადად საქართველოს მიზეზით). ან დროის ამ მონაკვეთს გამოვიყენებდით, ან ჩავრჩებოდით განახლებულ საბჭოთა კავშირში, შემდგომი დაშლის პერსპექტივით.

ასე, რომ ყველა ის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც თურმე:

- არსებობდა დამოუკიდებლობის მიღწევის ალტერნატიული გზა;

- დამოუკიდებლობა მოგვიპოვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა;

- დამოუკიდებელი გავხდით საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად;

- ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა იწყება 1992 წლიდან ან 2004 წლიდან;

- დამოუკიდებლობა დღემდე არ გაგვაჩნია;

ემსახურება ერთადერთ მიზანს - როგორმე ამოშალონ ქართველი ხალხის მეხსიერებიდან 1991 წლის 9 აპრილი. იმავდროულად ასეთი მსჯელობა აშიშვლებს ამ მოსაზრებათა ავტორების ქვეცნობიერ უარყოფით განწყობას დამოუკიდებლობის მიმართ და საბჭოთა წარსულზე მათ ნოსტალგიას. მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას ის სამარცხვინო ფაქტი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა არ აღნიშნულა არც ათი, არც ოცი წლის თავზე. ვნახოთ როგორი იქნება დამოუკიდებლობის ოცდახუთი წლისთავი.

რუსეთის მიზანი: საქართველოს დესუვერენიზაცია

რუსეთ-საქართველოს ორსაუკუნოვანი ურთიერთობის ანალიზიდან ნათლად ირკვევა, რომ საქართველოს არავითარი ვალდებულება არ გააჩნია რუსეთის წინაშე. აი რუსეთი კი ნამდვილად არ არის პირნათელი საქართველოსა და ქართველი ერის წინაშე. ქართველი ხალხი მაშინაც მართალი იყო, როცა XIX საუკუნის პირველ ნახევარში იარაღით ხელში ებრძოდა რუს ოკუპანტებს, და მაშინაც, როცა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. მაშინაც მართალი იყო, როდესაც ებრძოდა წითელ არმიას 1921-24 წლებში, და მაშინაც, როცა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე 9 აპრილს გამოაცხადა დამოუკიდებლობა და გავიდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან. რუსეთი ვერაფერში დაგვადანაშაულებს.

რუსეთის პოლიტიკური წრეებიდან და ქართველი რუსეთუმეებისაგან ხშირად ისმის  ბრალდება, რომ თურმე რუსეთის პოლიტიკა, მიმართული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, აფხაზეთისა და ცხინვალის ანექსია, მხოლოდ პასუხია საქართველოს ანტირუსულ პოლიტიკაზე. ეს ბრალდება ძირშივე მცდარია. პირიქით, საქართველოს პოლიტიკა იმდენად არის რუსეთის ინტერესების საპირისპირო, რამდენადაც რუსეთის პოლიტიკაა მიმართული ქართული სახელმწიფოებრიობის მორღვევისაკენ.

ურთიერთობის ორასი წლის მანძილზე რუსეთმა მხოლოდ ორჯერ სცნო ქართული სახელმწიფო (1783 და 1920 წწ), და ორჯერვე დაარღვია ხელშეკრულება. 1994 წლის 3 თებერვალს მართალია მოხერხდა რუსეთსა და საქართველოს შორის ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმება (ამისთვის შევარდნაძემ ელცინი საქართველოში შემოიტყუა), მაგრამ რუსეთის დუმამ მისი რატიფიკაცია არ მოახდინა. გასაგებიც არის. რატომ მოახდენდა რატიფიკაციას, როცა წინააღმდეგი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის? მოსკოვმა ხომ დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე მოახდინა  საქართველოში სამოქალაქო ომის ინსპირირება (ლეგიტიმური ხელისუფლების შეირაღებული დამხობა, ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური სამხედრო კონფლიქტები), რომლის დასრულებისას, 1993 წლის მიწურულს, დაიწყო  საქართველოს დაქუცმაცებით შავიზღვისპირეთის გაკონტროლების გეგმის განხორციელება (საქართველო ხუთ ნაწილად უნდა დაშლილიყო: აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდ, აფხაზეთად, აჭარად და სამხრეთ ოსეთად). გეგმა ზვიად გამსახურდიამ ჩაშალა: გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა არ მიიღო მოსკოვის ემისრის შეთავაზება ეცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა პრეზიდენტად დაბრუნების სანაცვლოდ და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას სიკვდილი არჩია (იხ.: www.for.ge/view.php?for_id=26186&bloger_id=26&cat=12; შედარებისათვის: როდესაც მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოში დადგა არჩევანის წინაშე -  საკუთარი თანამდებობა თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა - თანამდებობა არჩია. ტრაბახობდა კიდეც, ვერ დამამხესო).

2008 წლის რუსეთის აგრესიის მიზანი რომ კავკასიაში ნატოს არშემოშვება ყოფილიყო, მაშინ ყველაზე იოლი გზა იქნებოდა მოსკოვი გარიგებულიყო თბილისთან და ნატოზე უარის სანაცვლოდ საქართველოს მისცემოდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა. მაგრამ არა, რუსეთის სტრატეგიული მიზანი არ არის მხოლოდ ნატოს შეკავება (თუმცა ესეც არის), არამედ საქართველოს სრული გაკონტროლება, მისი დესუვერენიზაცია. და ეს არ არის ჭირვეული ბავშვის ახირება. როგორც აღვნიშნეთ, ამ ახირებას გეოპოლიტიკური საფუძველი გააჩნია. საქართველოს   შავიზღვისპირეთი ერთადერთი კარიბჭეა, რომლის მეშვეობითაც ევროატლანტიკურ ქვეყნებს შეუძლიათ უმოკლესი გზით შემოაღწიონ კავკასიასა და შუა აზიაში რუსეთის გვერდის ავლით. ამავე დროს, წყნარი ოკეანიდან ატლანტიკის ბასეინისაკენ (შავი ზღვა ატლანტიკის ბასეინს მიეკუთვნება) უმოკლესი გზა კვლავ საქართველოზე გადის (ჩინეთის ქალაქ ტიანძინიდან ფოთამდე). ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ამ გზას გულისხმობდა,

როცა გაეროს სესიაზე წამოაყენა ევროპისა და შორეული აღმოსავლეთის ეკონომიკური ინტეგრაციის კონცეფცია სახელად „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ (http://inosmi.ru/world/20151008/230687495.html). სწორედ საქართველოს შავი ზღვის პორტები და ნავმისადგომები (ბათუმი, ფოთი,  ანაკლია, სუფსა) ანიჭებენ მას  გეოპოლიტიკურ მომხიბვლელობას.

რუსეთის პოლიტელიტაში გაბატონებული აზრის თანახმად, რუსეთი ან კვლავ იმპერია იქნება, ან საერთოდ არ იქნება. აქედან მომდინარეობს რუსეთის ბრძოლა გავლენის სფეროებისათვის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დასაბრუნებლად მის პასუხისმგებლობის ზონაში (დაიწყო პუტინის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე). ამ ბრძოლაში უპირველესი სამიზნე საქართველოა, სწორედაც მისი გეოპოლიტიკური მომხიბვლელობის გამო. რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, ოღონდ ატლანტო-პაციფიკური მაგისტრალის ანუ დიდი აბრეშუმის გზის მიღმა არ აღმოჩნდეს. ამისათვის კი საქართველო უნდა გააკონტროლოს, რაც ჩვენი დესუვერენიზაციის გარეშე არ მოხერხდება.

თავის დროზე ჯორჯ კენანი აღნიშნავდა, რომ რუსეთს კეთილმეზობლობა არ შეუძლია  (www.coldwar.ru/bases/telegramm.php). მითუმეტეს ვერ იმეზობლებს იგი ისეთ ქვეყანასთან, რომლის დამოუკიდებელი არსებობა შეუთავსებელია რუსეთის იმპერიულ ამბიციასთან. აქედან კი გამომდინარეობს უმარტივესი დასკვნა:  საქართველოს მოხვედრა რუსეთის გავლენის ქვეშ ყოვლად დაუშვებელია, სულ ერთია, ეს იქნება მასთან პოლიტიკური კავშირი თუ ისეთ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ალიანსში გაერთიანება, სადაც რუსეთს წამყვანი პოზიციები ექნება. ფუჭია იმაზე დაიმედება, რომ მოკავშირეობით რუსეთს გული მოულბება და მოგვცემს შესაძლებლობას აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა (გავიხსენოთ, როგორ „აღვადგინეთ“ ტერიტორიული მთლიანობა დსთ-ში გაწევრიანებით, რის აუცილებლობასაც ასე თავგამოდებით გვიმტკიცებდნენ მოქალაქეთა კავშირის წევრები, რომლებიც შემდეგ ნაციონალებად გარდაიქმნენ). პირიქით, აღგვიდგენს კი არა, იმის მცდელობაშია, როგორმე ჩვენი დეზინტეგრაცია მოახერხოს და გეოპოლიტიკური კოზირი გაგვინულოს. თუ დაგვიმარტოხელა, ამას ნამდვილად ჩაიდენს. ამჯერად ვეღარ გადავრჩებით. რუსეთთან „ჩახუტება“ წერტილს დაუსვამს ქართული სახელმწიფოს არსებობას. ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსის დაპირება, რომ რუსეთის ხელმძღვანელებს დაელაპარაკება („დაებაზრება“) და ყველაფერს მოაგვარებს, მხოლოდ მათ არაკეთილსინდისიერებაზე მეტყველებს.

რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?

მიუხედავად ზემოთქმული საფრთხეებისა და ძნელად გადასალახავი ფსიქოლოგიური ბარიერებისა (რაც არ უნდა იყოს, ჩვენი ტერიტორიის მეხუთედია  ოკუპირებული), რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა როგორმე უნდა მოვაგვაროთ. საუკეთესო მაგალითი არის ფინეთის ურთიერთობა რუსეთთან, რის მისაღწევადაც მას ოთხი (!) ომის გადახდა მოუწია. საქართველომ რუსეთთან ორი ომი უკვე მოილია (ერთი ინსპირირებული სამოქალაქო ომი და ერთიც ხუთდღიანი ომი). ვნახოთ, ეგება მოვახერხოთ და ისე მივაღწიოთ ურთიერთობის დარეგულირებას (ფინეთიზაციას), რომ მეტი კონფლიქტი არ მოგვიწიოს.

მთავარია რუსეთს ხელი ავაღებინოთ საქართველოს დესუვერენიზაციის მცდელობებისაგან. მან უნდა ჩათვალოს ეს მიუღწეველ ან ძნელად მისაღწევ ამოცანად. საჭირო იქნება ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ამ მიზანთან შესაბამისობაში მოყვანა. მხოლოდ მოლაპარაკებები შედეგს არ მოიტანს.

პირველ რიგში ქვეყნის შიგნით უნდა დავალაგოთ ურთიერთობა. დროა გამოვიდეთ პოსტსაბჭოური სახელისუფლო მოდელიდან და ქვეყანა დემოკრატიულ საწყისებზე მოვაწყოთ. ყველა პოსტსაბჭოური ქვეყანა, ბალტიელთა გარდა, ერთ თარგზეა გამოჭრილი. საბჭოთა კავშირის დაშლისას შექმნილი ფართო შესაძლებლობები პოსტსაბჭოურმა ელიტამ გამოიყენა არა შემოქმედებითი საქმიანობისათვის, არამედ ქონების დატაცებისათვის. შეიქმნა ავტოკრატული მმართველობები, სადაც საკუთრების გაურკვეველი წესები მოქმედებენ, ხოლო სამეურნეო ურთიერთობანი გაუმჭვირვალე და არაორგანიზებულია. ავტოკრატიის მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება დიდ ხანს გაძლონ ხელისუფლებაში. ამ მიზნისათვის ატარებენ ფასადურ არჩევნებს (ე.წ. ელექტორალური ავტორიტარიზმი), სადაც მონაწილეობას აღებინებენ ოპოზიციას, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ადგილს იღებს პარლამენტში, არჩევნებს კი იგებს დომინანტური პარტია. ანუ პრაქტიკულად გრძელდება ერთპარტიული მმართველობის საბჭოური ტრადიცია, რასაც დღეს სახელისუფლო ვერტიკალს უწოდებენ.

მეტად სამწუხაროა, რომ სწორედ ამ ტიპის ავტორიტარული რეჟიმია გამეფებული  საქართველოში 1992 წლიდან, ანუ „დემოკრატიული რევოლუციიდან“ დღემდე. ამ პერიოდში სამჯერ შეიცვალა ხელისუფლება. სიტყვით ყოველი მათგანი დემოკრატიისა და პროდასავლური კურსის ერთგულია, ვითომ რაღაცა რეფორმებიც ტარდება, გვპირდებიან, რომ სულ მალე ჩვენი ქვეყანა გახდება NATO-სა და ევროკავშირის წევრი, ხან IPAP-ს გვაძლევენ, ხან MAP-ს, ხან MAP-ზე უკეთესს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასაც ხელს ვაწერთ, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა არ იცვლება. როგორც ვიყავით პოსტსაბჭოური ვერშემდგარი სახელმწიფო, ისევ იგივე მდგომარეობაში ვიმყოფებით. შედეგად ის მივიღეთ, რომ საბჭოთა კავშირის ყველაზე პროდასავლურად განწყობილ რესპუბლიკაში, დღეს  გაძლიერებულია ანტიდასავლური განწყობები. 

ვწუწუნებთ, რომ დაპირებების მიუხედავად არ გვიღებენ ევროპულ კლუბში. კი მაგრამ რა პრობლემაა? თუ ევროპა არ მოდის ჩვენთან, ჩვენ დავამყაროთ ევროპული დემოკრატია. რას ველოდებით? შევქმნათ თავისუფალი საარჩევნო გარემო (ბოლოს და ბოლოს მივიღოთ მუდმივი მოქმედების საარჩევნო კანონი!), და ხელისუფლება რეგულარულად ვცვალოთ არჩევნებით, დავამყაროთ კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების სრული თავისუფლება,  ადგილობრივი თვითმმართველობა. ხელისუფლებათა ურთიერთგამიჯვნითა და სასამართლოს დამოუკიდებლობით დავამკვიდროთ კანონის უზენაესობა. ქვეყანა უნდა იმართებოდეს კანონებითა და ინსტიტუტებით, და არა პიროვნებების კაპრიზებით (პრეზიდენტი იქნება იგი თუ „მოქალაქე“). მხოლოდ ასე მოიხვეჭს ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ავტორიტეტს და შეიძენს სოლიდურობას. გაიზრდება მისი დაცულობის ხარისხი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ინტენსიურად მიმდინარეობს დასავლური ღირებულებების დისკრედიტაცია, რასაც თანაბრად ახორციელებენ პრორუსული და ვითომ პროდასავლური ძალები, განვითარების ევროპულ გზას ალტერნატივა პრაქტიკულად არ გააჩნია. იგი ერთადერთი ცივილიზაციაა, სადაც ადამიანი დაცულია ხელისუფლების ძალმომრეობისაგან. სხვაგვარად მივიღებთ ჩიხსა და განუვითარებლობას (იხ.: შავი აფრიკა, ისლამური დესპოტიები, ჩრდილოეთ კორეა და პუტინის რუსეთი). რაც მთავარია, დემოკრატია პრინციპულად დაგვაშორებს რუსულ ავტორიტარიზმს. თვალნათლივ გამოჩნდება, რომ სხვადასხვა ფასეულობები გვაქვს, რომ  შეუთავსებლები ვართ, რომ ქართული დემოკრატია სხვაა, რუსული ავტორიტარიზმი კი სხვა, „შუა უზის დიდი ზღვარი“.

კორექტირებას საჭიროებს საგარეო პოლიტიკაც. NATO-ში და ევროკავშირში გაწევრიანება ეტყობა კარგა ხნით დაიგვიანებს. მანამდე, ჩვენ რომ რუსეთის წინაშე დაუცველები არ დავრჩეთ, ალბათ აჯობებს მოვახდინოთ საგარეო პრიორიტეტების დივერსიფიკაცია. ნუ ჩამოვეკიდებით მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ვეცადოთ იმავდროულად სხვა ძირითად აქტორებთანაც გავაბათ ურთიერთობა, როგორც არის ჩინეთი, თურქეთი, ირანი. რაც მეტი პასუხისმგებელი სახელმწიფო იქნება დაინტერესებული ჩვენთან ახლო ურთიერთობით, მით მეტად დაცულნი ვიქნებით. სხვათა შორის, ამას გვირჩევენ ექსპერტებიც. ჩვენი ხელისუფლების ამჟამინდელი ინიციატივები, ჩინეთთან ურთიერთობის დაახლოებისა და ახალი აბრეშუმის გზის პროექტში აქტიური მონაწილეობის თაობაზე, ამ მხრივ გარკვეულ იმედებს აჩენს.

და ბოლოს, უნდა ითქვას, რომ ჩვენი მიზანი არ არის რუსეთთან მტრობისა და გაუტანლობის დათესვა. პირიქით, ჩვენ მივესალმებით რუსეთთან ურთიერთობის დათბობას და ჩვენი ხალხების მეგობრობას. ოღონდ ესაა, ჩვენი ურთიერთობანი უნდა ემყარებოდნენ თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემას. გვაქვს იმედი, რომ რუსეთი დაძლევს იმპერიულ ამბიციებს და დავრჩებით კეთილმეზობლები.

ნანახია - 5554

tngh

2015-11-09 16:54:08

საქართველო თუ უარს იტყვის "ნატოს" ზღაპარზე, და აირჩევს "ნეიტრალიტეტის" პოლიტიკას, 3-5 წელში გამთლიანდება, განვითარდება და რუსეთთანაც ნორმალური ურთიერთობა ჩამოუყალიბდება.

dimpi

2015-11-09 18:04:59


მთლიანად არ წამოკითხია, მარა არ შეიძლება ეს არტ აღინიშნოს:

<
მოსკოვში გაგონებაც არ სურთ საბჭოთა კავშირი დაშლის ობიექტურ მიზეზებზე და ყველაფერი დაჰყავთ შეთქმულების თეორიამდე. >

ეს არ შეეFერება სინამდვილესნ დან სიცრუეა...

მოსკოვმა და ელცინმა ოფიციალურად:

dimpi

2015-11-09 18:06:22

გამოაცხადა:

"ყველამ აიღეთ იმდენი დამოუკიდებლობა რის ზიდვასაც შეძლებთ"

tngh

2015-11-09 20:51:59

ელცინმა ეს რუსეთის ფედერაციის სუბიექტებს უთხრა სსრკ-ს დაშლის შემდეგ.

DDDzia

2015-11-09 21:21:03

სიღრმისეული ნაშრომია!
ილიკო რომ იტყოდა - უგრძვნია ავტორს, უგრძვნია.
რაღაც-რაღაცეებიც წაუკითხია!
რაღაც-რააცეები დაუნახია!
და, სულ რაღაც ერთი თვის წინ, ამ საიტის გვერდებზე, მის მიერვე გამოქვეყნებული რამოდენიმენაწილიანი ნაბოდვარიც ნაწილობრივ უარყო.
იმედია მისი შემდეგი ნაშრომები უფრო საგნობრივი, შინაარსობრივი და სიმართლესთან უფრო მიახლოვებული იქნება.

ლოგოსი

2015-11-09 21:34:34

ცხოვრების კანოზომიერებაა, რომ ერთი აზრი და შეხედულება ისტორიული თუ პოლიტიკური მოვლენების მიმართ ადამიანებს არ გააჩნიათ და თითოეული საკუთარი მენტალიტეტისა და მოვლენების აღქმის პრიზმიდან აფასებს აღნიშნულ მოვლენებს.
ამიტომ, მოულოდნელობა არ არის, რომ მოცემული წერილის დასაწყისში გაკეთებული სწორი ანალიზი და დასკვნები სრულიად განსხვავდება მისი დასასრულისგან, სადაც რუსეთს მხოლოდ უარყოფითი და საქართველოს დაუძინებელი მტრის როლი ეკისრება. ამიტომ საქართველოს რუსეთისგან შორს გადახვეწა არის ერთადერთ გამოსავლად აღიარებული. ეს კი აშკარა ფანტასტიკის თემაა, ამიტომ რეალობისგან სრულიად მოწყვეტილი.
რეალობას მოწყვეტილი პოლიტიკის შედეგი კი დღევანდელი ტერიტორიებდაკარგული და დასავლეთის მარიონეტად ქცეული ეკონომიკურად გაპარტახებული პერსპექტივის არმქონე საქართველოა, რომლის კონკრეტულ მიზეზებზე და გამოსავალზე არანაკლებ ვრცლად მაქვს დაწერილი და ამიტომ აღარ გავიმეორებ.

dimpi

2015-11-09 21:38:59

tngh

ნურას უკაცრავად :)

ყველა რესპუპლიკისკენ მიმართული ოფიცციალური განცხადება იყო, რესპუბლიკებისკენ თავისი ავტოტომიებით!

arichopra 2

2015-11-09 22:33:12

ეხ თქვენი გამკვირვებია ბატონებო, საკმაოდ საფუძვლიანი ჩანს ის გარემოება, რომ ეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის, უკვე, თითქმის მესამედის დასრულების მიუხედავად, ფორმის მანიის კლასის ერები ვერადავერ ეუფლებიან ინიციატივას და მიმდინარე ფაზის გამოხატულებად ფორმის მანიის ეფექტის რეალიზაციაში მთავარი წვლილი ამერიკელი და რუსი ერების მოქმედების შესაბამისი ასპექტებით, ანუ კასტური ეფექტის მნიშვნელობითაა წარმოდგენილი. რა არის აქ გაუგებარი,ვერ გავიგე?!

arichopra 2

2015-11-09 22:35:02

:)

omexi

2015-11-09 22:55:46

კრწანისის ომის შემდეგ მთელ საქართველოში მოსახლეობა იყო 800 000. ეხლა თქვენ თქვით,გადავრჩით როგორც ერი, გადაშენებას რუსეთან დადებული და 8001 წელს დარღვეული ტრაქტატის ხელშეკრულებისა და რუსეთის იმპერიაში გაერთიანებით. მოკლეთ რუსეთის იმპერიაში რომ არ ვყოფილიყავით გადავრჩებოდით როგორც ერი? დღეს სამშობლო გვექნებოდა? ვინც იტყვის კის მან ისტორია არ იცის, ან ძალით დემაგოგობს.

arichopra 2

2015-11-10 00:41:30

პაპა - „ნუველ ობსერვატერი“: ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი რობერტ გეიტსი თავის მემუარებში ამტკიცებს, რომ ამერიკულმა სპეცსმსახურებმა ავღანელი მოჯაჰედებისთვის დახმრება დაიწყეს საბჭოთა ჩარევამდე ექვსი თვით ადრე. იმ დროს თქვენ იყვით პრეზიდენტ კარტერის მრჩეველი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ თამაშობდით საკვანძო როლს ამ საქმეში. თქვენ ადასტურებთ ამას?

ზბიგნევ ბჟეზინსკი: დიახ. ისტორიის ოფიციალური ვერსიის თანახმად ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დახმარება მოჯაჰედებისთვის დაიწყო 1980 წლის განმავლობაში, ე. ი. მას შემდეგ, რაც საბჭოთა არმია შეიჭრა ავღანეთში 1979 წლის 24 დეკემბერს. მაგრამ რეალობა, რომელსაც დღევანდელ დღემდე საიდუმლოდ ვინახავდით, სხვანაირია: სინამდვილეში პერზიდენტმა კარტერმა ქაბულში პროსაბჭოთა რეჟიმის მოწინააღმდეგეთათვის საიდულმო დახმარების შესახებ პირველ დირექტივას ხელი მოაწერა 1979 წლის 3 ივლისს. და იმავე დღეს მე დავწერე მოხსენებითი ბარათი პრეზიდენტისთვის, რომელშიც მას ავუხსენი, რომ ჩემი აზრით ეს დახმარება გამოიწვევს საბჭოთა სამხედრო ჩარევას. (...) ჩვენ არ ვაიძულეთ რუსები ჩარეულიყვნენ, ჩვენ უბრალოდ შეგნებულად გავზარდეთ იმის შესაძლებლობა, რომ ისინი ამას გააკეთებდნენ.

ნ. ო.: როდესც საბჭოელები ამართლებდნენ თავიანთ შეჭრას იმით, რომ მათ განზრახული ჰქონდათ ებრძოლათ შეერთებული შტატების საიდუმლო ჩარევასთან, მათ არავინ არ დაუჯერა. თუმცა კი ეს მართალი იყო. დღეს თქვენ არაფრის გამო არ ნანობთ?

ზ. ბჟ.: ვინანო, რის გამო? ეს საიდუმლო ოპერცია ჩინებული იდეა იყო. მისი მიზანი იყო რუსების შეტყუება ავღანურ ხაფანგში, და თქვენ გინდათ, რომ მე ამის შესახებ ვნანობდე? იმ დღეს, როდესც საბჭოებმა ოფიციალურად გადალახეს საზღვარი, მე მოკლედ მივწერე პრეზიდენტ კარტერს: „ჩვენ ახლა გვაქვს შესაძლებლობა მივცეთ სსრკ-ს თავისი ვიეტნამის ომი“. (...)

ნ. ო.: თქვენ ასევე არ ნანობთ იმის გამო, რომ ხელს უწყობდით ისლამურ ფუნდამენტალიზმს, რომ თქვენ იარაღით ამარაგებდით და კონსულტაციებს უწევდით მომავალ ტერორისტებს?

ზ. ბჟ.: რა უფრო მნიშვნელოვანია მსოფლიოს ისტორიის თვალსაზრისით? თალიბანი თუ საბჭოთა იმპერიის დაცემა? რამდენიმე აფორიაქებული ისლამისტი თუ ცენტრალური ევროპის განთავისუფლება და ცივი ომი დასასრული?“ (Le Nouvel Observateur # 1732, 15-21 იანვარი. 1998, p. 76.) პაპა, აი ვისთან გვაქვს საქმე! ბიძინა ფრთხილად უნდა იყოს. რესპუბლიკელები უნდა აიფაროს წინ და ... ღმერთია ჩვენი შემწე. სხვა საშველი ამ აფთარათაგან თავის დაღწევის არ არსებობს!

ენქერი

2015-11-10 10:11:30

უძრაობა საქართველოში
======================
"ჩრდილოვანი ეკონომიკით მიღებული შემოსავალი, ბუნებრივია, დაე/ტ/ყ/ო მოსახლეობის ცხოვრების დონეს. ერთ სულ ადამიანზე გადაანგარიშებით იგი საუკეთესო იყო საბჭოთა კავშირში. ვითარება შესაბამისად აისახა ქართულ კულ/ტ/უ/რაზე, რომელმაც არნახულ სიმაღ/ლ/ეებს მიაღწია".
განსაკუთრებით განვითარდა ლიტერატურა, მუსიკა, კინემატოგრაფია, თეატ/რ/ა/ლ/ური და საშემსრულებლო ხელოვნება, სპორტი. ხელოვნებისა და ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები მსოფლიო სტანდარ/ტ/ებს გაუ/ტ/ოლდა, რაც ეროვნული კულ/ტ/ურის უდიდესი წარმატება იყო
"ქვეყანამ კეთილდღეობის ისეთ დონეს მიაღწია, რაც მთელი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე იშვიათად თუ ღირსებია".
=============================================================================
გამოდის, რომ თუ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ჩრდილოვან ეკონომიკაშია ჩართული მოსახლეობის ცხროვრების დონე მაღლა იწევს, ხოლო "ელიტარული კორუფცია" მოსახლეობას აღა/ტ/ა/კ/ებს.
წინადადებით შემოვდივარ: ან ყველამ ერთად მოვიპაროთ, ან არავინ :))))))
ისე, ჩვეში დარჩეს და თუ ყ/ვ/ე/ლ/აზე კარგად "უძრაობის ხანაში" ვცხოვრობდით, რა გვინდოდა? ვერ დავაყენეთ ერთი ადგილი? :)))))

tngh

2015-11-10 13:52:57

ისტორია მეტ-ნაკლებად საქართველოში ყველამ იცის. გამოსავალი ვეძებოთ ამ "პატური" სიტუაციიდან, უმჯობესია... მითქვია ღიად და გავიმეორებ. საქართველოს გამთლიანება და იმავდროულად "ნატოსკენ" სწრაფვა უტოპია და ზღაპარია. დღეს ამას ყველა გონიერი ადამიანი აცნობიერებს. ვისაც "ნატოში" გაწევრიანება ურჩევნია ქვეყნის გამთლიანებას, პირადად მე, მას საქართველოს გულშემატკივრად ვერ აღვითქვამ. ერთიანი, დამოუკიდებელი საქართველო მხოლოდ ნეიტრალიტეტის პოლიტიკით მიიღწევა... შიდა მოწყობა კი, მოლაპარაკებების საკითხია.

lame

2015-11-10 14:23:09

ყველაფერი მოძრაობაშია, ყველაფერი იცვლება მსოფლიოში ზოგიერთი წერას ატანილის რელიქტური, გახევებული,მარაზმამდე მისული, ანტისაბჭოური დისიდენციის მითოლოგიაზე დაფუძნებული შეხედულებებების გარდა ისტორიულ პროცესზე და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებნზე. გაიღვიძე გრიშა ბიძია!!! დეპოში ვართ უკვე დეპოშიიი!!!!:))

lame

2015-11-10 14:45:24

ენქერი. ახლა უკვე თქვენა თქვით ჩემი სათქმელი. ნამდვილად ასე იყო და საქართველოში ეს ყველამ იცის განათლების ბოლონიური სისტემისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების მსხვერპლთა გარდა სანადირაძეს ამოჩემებული აქვს საბჭოთა კავშირის დაშლის გორბაჩოვის მიერ შეთითხნილი ვერსია რომელიც მისი დანაშაულებრივი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის შენიღბვას ემსახურებოდა და გაფუჭებული პატეფონივით ატრიალებს უკვე ხუთი წელია ამ საიტზე. ნამდვილად დავიღალე ამ კაცთან უნაყოფო კამათით. თორემ კიდევ ერთხელ წაუკითხავდი ჰუმანიტარულ ლექციას
დღეს როდესაც იმ დროინდელ პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაციითაა სავსე ინტერნეტი და ბევრმა გადაგვარებული პარტნომენკლატურის წარმომადგენელმა აღიარებითი წიგნებიც კი დაწერა ამ თემაზე საუბარი ლიბერასტულ მითოლოგიაზე დაყრდნობით ან დაკვეთის არსებობაზე მიუთითებს ანდა ავტორის გულწრფელ სისულელეზე:))

კ ა ხ ე ლ ი

2016-02-02 19:52:10

შესანიშნავი წერილია! ბრავო გურამ!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80