„საქართველო თითქმის ერთადერთი ქვეყანაა მთელ მსოფლიოში, რომელსაც არ აქვს მიწის კოდექსი“
ეკონომიკა

„საქართველო თითქმის ერთადერთი ქვეყანაა მთელ მსოფლიოში, რომელსაც არ აქვს მიწის კოდექსი“

„საქართველო თითქმის ერთადერთი ქვეყანაა მთელ მსოფლიოში, რომელსაც არ აქვს მიწის კოდექსი“
მანანა ნოზაძე

2016-12-21 14:30:58

„თუ მიწას განუსაზღვრელი რაოდენობით გავასხვისებთ უცხოელებზე, მივიღებთ უზარმაზარ არაქართულ დასახლებებს საქართველოს ტერიტორიაზე“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი პაატა კოღუაშვილი.

პაატა კოღუაშვილი: აბრაამიდან დაწყებული, ილია ჭავჭავაძის პერიოდით გაგრძელებული, მიწა დღემდე იყიდებოდა და გაიყიდება ყოველთვის. მაგრამ აქ არის ერთი მარადიული კითხვა, რა პირობებით შეიძლება გაიყიდოს მიწა?! განსაკუთრებით, ეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას შეეხება, რომელიც ნებისმიერი ერისთვის კულტურული ფასეულობა, სასიცოცხლო ბაზაა ერის არსებობისა და შემოქმედებისთვის. ამიტომ ამ დანიშნულების მიწას ყველა სახელმწიფოს გონიერი მთავრობა უფრთხილდება და მისი განუსაზღვრელი რაოდენობით გაყიდვა ყველგან აკრძალული, შეზღუდული, კონტროლირებადი და რეგულირებადია. ჩვენი ქვეყანა გარდამავალ პერიოდში იმყოფება და ჯერ არ აქვს გარკვეული ვალდებულებები თუნდაც როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს კუთხით. ამიტომ ისეთი ნაბიჯები უნდა გადავდგათ და ისეთი პირობები უნდა შევუქმნათ საქართველოს მოქალაქეებს, რომ მათ დაამუშაონ ჩვენი მიწა და ამით ჩვენი ერი და საზოგადოება გამოკვებონ.

უმძიმეს მდგომარეობაში ვართ, მილიარდნახევარი დოლარის სასურსათო პროდუქცია, ანუ 80%, რომელსაც ვყიდულობთ, იმპორტულია. დიდი დაფიქრება გვჭირდება. თუკი ჩვენი მიწა გასხვისდება და, თუკი გაუკუღმართებული, ულტრა, ე.წ. ფსევდოლიბერალური ხედვის ხელისუფლება გვეყოლება, მაშინ მიწის უცხოელ თუ ქართველ პატრონს სრული უფლება ექნება, გვითხრას, ამ მიწას რასაც მინდა, იმას ვუზამ, არ ვაწარმოებ არც მწვანილს და არც სოფლის მეურნეობის პროდუქციას. ამ დროს კი ნებისმიერ მთავრობას გარკვეული ვალდებულებები გააჩნია საზოგადოების გამოსაკვებად და ამით ყოველნაირად შევიზღუდებით.

მიწის გასხვისების მომხრეებს ხშირად მოჰყავთ ცალკეული ქვეყნების მაგალითები. თუმცა ავიწყდებათ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა ნებისმიერ სახელმწიფოში სტრატეგიული დანიშნულების ობიექტადაა მიჩნეული და უცხოელებზე მისი გასხვისება ძირითადად შეზღუდულია, ან გარკვეული დათქმებითაა დასაშვები.

 - უცხოურ პარალელებზე როცა ვსაუბრობთ, ამ მხრივ საინტერესოა აშშ-ის მაგალითი. თავისუფლების ამ უდიდეს მედროშეს - შეერთებულ შტატებს მიწის მხოლოდ 0,7 % პროცენტი აქვს უცხოელებზე გასხვისებული, ისიც - კანადელებსა და მათ სიძეებზე. აშშ-მა 1978 წელს ოქტომბრის თვეში მიიღო კანონი საზღვარგარეთული ინვესტიციების შესახებ შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობაში. მთელი ეს სისტემა აგებულია მონიტორინგზე, რომ მიწის მყიდველმა, უცხოელმა ინვესტორმა მიწა არ გამოიყენოს სხვა დანიშნულებით, სპეკულაციის მიზნით. ამიტომაც ამერიკაში მონიტორინგი ტარდება სამი, ექვსი, ცხრა თვის თავზე და მთელი ანგარიშები ბარდება. საქართველოშიც მიწას თუ ვინმე იყიდის, მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით უნდა გამოიყენოს იგი. მიწისთვის პროფილისა და მიზნობრიობის შეცვლა დაუშვებელია. თუ ასეთი რამ მოხდება, მაშინ იგი უნდა განიხილოს ქვეყნის ყველაზე უზენაესმა სპეციალურად შექმნილმა სტრუქტურამ. ასეა დანიაში და სხვა მაღალ განვითარებულ ქვეყნებში, სადაც მიწის ტრიბუნალებიც არსებობს.

ჩვენ კი რა გვაქვს? სულ სამი მილიონი ჰექტარია ჩვენი ფართობი და მასში შედის როგორც აფხაზეთის, ასევე, ცხინვალის რეგიონი. აქედან 800 ათასი ჰექტარია სახნავი, ამ 800 ათასში შედის ისევ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებული სახნავი ტერიტორიები. ყველანი ვხედავთ, აფხაზების დამოკიდებულება მიწასთან როგორი მკაცრია, როგორ მედგრად იცავენ მიწას. კიდევ ერთხელ ვამბობ, შეიძლება მიწა გასხვისდეს, მაგრამ უნდა გასხვისდეს გარკვეული პირობებით. ეს პირობები გააჩნია ევროკავშირის ყველა მაღალგანვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანას. ისინი მიწას ასხვისებენ, მაგრამ მიწის შემძენმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უნდა აწარმოოს ის სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომელიც იმ კონკრეტული ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი და რაც, ვთქვათ, გერმანიის ფედერაცული რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ ინტერესებში შედის. თანაც, მიწას ნებისმიერი უცხოელი ვერ ყიდულობს, მას აგრარული განათლება, სოფლად ცხოვრების გამოცდილება, მიწის დასამუშავებელი შესაბამისი კაპიტალი უნდა ჰქონდეს.

ამავე დროს, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ უდიდესი საფრთხის წინაშე ვდგავართ დემოგრაფიის თვალსაზრისით. ის, რაც დღეს უხილავია და ეჩვენებათ, რომ ეს არაფერი არ არის, ძალიან მალე, რამდენიმე ათეულ წელიწადში ხილული გახდება. ამიტომ, თუ მიწას განუსაზღვრელი რაოდენობით გავასხვისებთ უცხოელებზე, დავინახავთ, რომ მივიღებთ უზარმაზარ არაქართულ დასახლებებს საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არ უნდა დავუშვათ. ამიტომ საქართველომაც უნდა მიიღოს კანონი საზღვარგარეთული ინვესტიციების შესახებ სოფლის მეურნეობაში. დავიმახსოვროთ, რომ საკუთრება კი არ უნდა შევზღუდოთ, არამედ მიწათსარგებლობაზე უნდა დავაწესოთ მონიტორინგი. ამისთვის საჭიროა უზენაესი კანონის მიღება მიწის შესახებ, რომელსაც ჰქვია საქართველოს მიწის კოდექსი. საქართველო თითქმის ერთადერთი ქვეყანაა მთელ მსოფლიოში, რომელსაც არ აქვს მიწის კოდექსი. ვერაფერს შეძლებს კანონი, რომელშიც ახლა ცდილობენ ცვლილებების შეტანას, რადგან ის კანონი მიწაზეა დანარცხებული. იმ კანონში 19 ცვლილებაა შეტანილი, სხვა კანონებშიც 11, 15 ცვლილებაა. გასათვალისწინებელია ის საკითხიც, რომ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე უცხოელს, რომელიც ფლობს საქართველოს მიწას, ამ მიწის ისევ უცხოელზე გასხვისების უფლება არ უნდა ჰქონდეს. ეს მთელი სქემაა. ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად, არგენტინამ გადაწყვეტილება მიიღო, საკუთარი ტერიტორიის მაქსიმუმ 20% გაასხვისოს უცხოელებზე, მაგრამ არგენტინის წინა პრეზიდენტმა, ქალბატონმა ქრისტინა ფერნანდეს დე კირხნერმა, კანონმდებლობაში შეიტანა ცვლილებები ისეთივე რეგულაციებით, როგორიც ევროპის ქვეყნებს გააჩნიათ - დანიას, ავსტრიას, გერმანიას. ქართველებს კი ჯერ მისაღები გვაქვს სოფლის სტატუსი, ფერმერის სტატუსი და სხვა. მიწის გაყიდვა უნდა ხდებოდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფერმერის სტატუსის მქონე პირებს შორის. როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური სტატუსის მქონე უცხოელმა ჯერ აუცილებლად უნდა მოიპოვოს ფერმერის სტატუსი.

დღეს გავრცელდა პრემიერ-მინისტრის სახელზე დაწერილი ჩემი ღია წერილი, სათაურით, „ბატონო პრემიერო, მიიღეთ მიწის კოდექსი და გადაარჩინეთ ქართული მიწა!“

თავის დროზე მიწების სავარაუდო გასხვისების გამო ჩვენი გლეხობის ნაწილი პროტესტის გამოხატვას აპირებდა.

- მართლაც ასე იყო, მაგრამ ეს ხალხი ენდო ბიძინა ივანიშვილს. საზოგადოებას დღესაც მისი მოქალაქეობრივი პოზიციის იმედი აქვს. ამიტომ არ წავიდა ასეთ გამწვავებაზე საქართველოს მოსახლეობა.

მიწის გასხვისების მომხრეთა ერთ-ერთი წონიანი არგუმენტია, რომ ქართულ მიწას ვერავინ ვერსად წაიღებს. აქედან გამომდინარე, მიწის გასხვისების აკრძალვა ცრუ პატრიოტიზმად და უგუნურ ეკონომიკურ გადაწყვეტილებად მიაჩნიანაციონალებისწარმომადგენელ ელენე ხოშტარიას.

- ელენე ნიჭიერი გოგოა, კარგი მამისა და დედის შვილია. მაგრამ ელენე ხოშტარიამ სიღრმეები არ იცის. ცხადია, მიწას არავინ მოიკიდებს ზურგზე. ეს რომან გოცირიძის 90-იანი წლების წამოსროლილი ლოზუნგია, რომელიც, ჩემდა სამწუხაროდ, ისეთმა ნიჭიერმა კაცმა გაიმეორა ახლახანს, როგორიც ლევან კალანდაძეა. მიწას ვერ მოიკიდებენ, მაგრამ უცხოელები აქ დასახლდებიან და ის, რაც ხილული არ არის, ორ-სამ ათეულ წელიწადში ძალიან ხილული გახდება, როცა უცხოელები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობად იქცევიან. ეს ჯერ კიდევ ბენდუქიძისეული იდეა იყო. სააკაშვილს ჰქონდა ამის იმედი, რომ უცხო ხალხი გამრავლდებოდა და მას მისცემდა ხმას. სააკაშვილს ეგონა, 40 წელიწადს იქნებოდა ხელისუფლებაში და უცხოელების დასახლებით პრობლემას გადაჭრიდა. ცხადია, მიწის გასხვისება იოლი არ არის და საფრთხე არსებობს. ამიტომ პირობა ერთია, ამ მიწის მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება, ამ მიწაზე მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება და საქართველოს მიწის კოდექსის მიღება.

სოფლის მეურნეობა ერთადერთი დარგია, რომელიც ყველაზე ნაკლებად ინვესტიციატევადია. ამ 3 მილიონ ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო სავარგულში ინვესტიციატევადი არის 300 ათასი ჰექტარი, ანუ 10%. რომელ ინვესტიციატევადობაზე მელაპარაკებიან? მომიტანონ ანალიზი, რამდენი ინვესტიცია შემოვიდა სოფლის მეურნეობაში და რა მივიღეთ იქ მოსავლიანობის, პროდუქციის წარმოების თუ სხვა თვალსაზრისით? არ არსებობს ასეთი რამ. გაუვლით ეს საყმაწვილო სენი, ეს ბოლო გაფრთხიალება იყო „ნაციონალური მოძრაობის“ და ასეთი იდეები ძალიან მალე შეეცვლებათ. კიდევ კარგი, ისინი არ წყვეტენ ამ საკითხს, ამ საკითხს თავად ხალხი გადაწყვეტს, რომელიც ძალაუფლების წყაროა ჩვენს ქვეყანაში. ხალხს არ სურს, მიწა განუკითხავად გაიყიდოს სხვა ერის, სხვა ტრადიციის, სხვა ფილოსოფიის, სხვა რელიგიის ადამიანებზე. ვიმეორებ, გონივრულ ფარგლებში მიწის გაყიდვა შესაძლოა, დაშვებულ იქნას, მაგრამ ეს უნდა იყოს განსაკუთრებული შემთხვევები ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან გამომდინარე.

ნაციონალებთანერთად მიწის უცხოელებზე გასხვისებაში პრობლემას ვერ ხედავსოცნებისდეპუტატი გუგული მაღრაძეც. ის ამბობს, თუ ადამიანი თავად ამუშავებს მიწას და კარგი შემოსავალი აქვს, მაშინ, რა თქმა უნდა, არ გაყიდის საკუთარ მიწას, მაგრამ ის, ვინც ვერ ამუშავებს მიწას, ის გაყიდის. არის ეს გამოსავალი?

- გამოსავალი ის იქნებოდა ამ ქვეყნისთვის, რომ გუგულა არ მომხვდარიყო საქართველოს პარლამენტში, რომელიც გამოთავისუფლებულ ადგილზე შევიდა. მას უნდა რცხვენოდეს, აბსოლუტურად უვიცია ამ საკითხში და ვინ დაავალა ამის განცხადება? მიხედოს თავის საქმეს უნივერსიტეტში, ევროკავშირშიც შეარცხვინა საქართველო. ეს მისი სასაუბრო თემა არ არის. სახელმწიფომ კეთილი ინებოს და შექმნას ის ეკონომიკური გარემო, რომელიც აგრარული წარმოებისათვის გლეხკაცს სტიმულირებას მისცემს. 

ნანახია - 4284

თენგო

2016-12-21 16:27:46

ასეთი ხალხი არ არის პარლამენტში!!!!

ასე "ჩარეცხეს" მთელი საქართველოს მეცნიერება!!!

უხუცესთა საბჭო მაინც შექმნან და რჩევებს მოუსმინონ!!!

"მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს, რადგან ჩემია მიწა , რადგან თქვენ მდგმურები და ხიზნები
ხართ ჩემთან"-ო ამბობს უფალი! ბიბლია-ლევიტ. თავი25;23-25.

ღმერთს მაინც დაუჯერეთ!!!!!!!!!!!! თუ ხალხის არ გჯერათ!!!!!

თენგო

2016-12-21 16:27:51

natali

2016-12-21 17:37:46

მიწა თუ გაყიდე, ქართველობა თუ გაიქცა, აბა სამშობლო სადაა??? აბა რად გვინდა ჯარი? ვისი მიწა უნდა დავიცვათ?

მ ა რ ე

2016-12-21 17:44:07


თენგო,
ზუსტად ეს გავიფიქრე მეც, როგორც კი პირველი აბზაცი ჩავათავე, - შეიძლება, ასეთი ხალხი გყავდეს და არაფერში გჭირდებოდეს-მეთქი?!
ამ ფრაზას ბევრ ვინმესთან დაკავშირებით და ხშირად ვიმეორებდი წინა ხელისუფლების დროს. სამწუხაროდ, ასევე ხშირი გამეორება მიწევს ახალი ხელისუფლების დროსაც. არავითარი პროგრესი ამ თვალსაზრისით არ შეინიშნება. არადა, ნახეთ რა პრინციპებით შეარჩია ხალხი ტრამპმა! - არავითარი ანგარიში არ გაუწია იმას, ვინ იყო მისი მაქებარი და ვინ - მაკრიტიკებელი. დანიშნა ისინი, ვინც, მისი აზრით, საქმეს ყველაზე კარგად გაუძღვება, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე... თორემ ასარჩევი იმას რომ ჰყავს მის მიმართ ლოიალურად განწყობილებს შორის, ნეტა ჩვენ გვყავდეს იმისი მესამედი!

1234

2016-12-21 18:55:14

ვეთანხმები ამ ბატონს - მცირე მიწიან და პატარა ქვეყანაში მიწა თავისუბლად არ უნდა იყიდებოს. ეს პირველ რიგში ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. განსაკუთრებით მაშინ როცა მსოფლიოში ასეთი მასობრივი მიგრაციაა დაწყებული და კლიმატი იცვლება. თუ გუგულას ეს არ ესმის, მაშინ არ უნდა იჯდეს პარლამენტში.

natali

2016-12-21 20:39:57

რა უნდა ამ გუგულას კიდე პარლამენტში,სულ მანდ უნდა იჯდეს?? მე უნდა ვასწავლო? მიწის გადასახადი უნდა იყოს და ვინც არ ამუშავებს, იძულებული იქნება ან დაამუშაოს, ან იჯარით მისცეს ვიღაცას.
ახლა ჰექტრობით მიწები ვინმე უბრალო გლეხს სადა აქვს? მიითვისეს თავის დროზე დიდმა კომუნისტებმა სათავეში რომ ისხდნენ და ყიდიან ახლა ჰექტრობით. ეყარათ წლობით დაუმუშავებელი მიწები და იძახდნენ, იყოს, სასმელს მთხოვს თუ საჭმელსო. გადასახადს კი თავის თავს ხომ არ დაუწესებდნენ? ისევ ეგენი არ ისხდნენ პარლამენტში უბრალოდ ფერნაცვალნი? დღესაც მაგათი შვილები არ სხედან? არ თქვათ ახლა ასე არააო რაააა.

მ ა რ ე

2016-12-21 21:44:41


natali,
ზუსტად ასეა!..
ზვიადმა იმიტომ შემოიღო გარდამავალი პერიოდი, რომ სახალხო დოვლათი უცებ არ აღმოჩენილიყო ცალკეული მტაცებლების ხელში. მახსოვს მისი სიტყვები: სადაც კოლმეურნეობა კარგ შედეგს იძლევა და ხალხი კმაყოფილია, იყოს დროებით და მერე ვნახოთო...
მაგრამ სწორედ ეს მოსდეს შარად - ნახეთ, კოლმეურნეობებსაც კი არ შლისო!..
დაამხეს და დაიტაცეს ყველაფერი!
აი, ეგ უნდოდათ: ფაბრიკა-ქარხნების ხელმძღვანელობას - ფაბრიკა-ქარხნები!.. კოლმეურნეობის და საბჭოთ მეურნეობების ხელმძღვანელობას - ამ მურნეობების ფერმები, ტექნიკა და მიწები...
პირველებმა დაჭრეს მილიონებად ღირებული მანქანა-დანადგარები და ჯართად გაყიდეს თურქეთში (შემდეგ კი, ცხადია თვითონვე გახდნენ თურქების სავაჭრო პარტნიორები, აბა, სხვა ვინ დაასწრებდათ და ახლა იმათი ნაგავი საქონლის იმპორტს დაასხდნენ!); მეორეები კი დღემდე აგრძელებენ კაპიკებად "პრიხვატიზებული" სახელმწიფო მიწების სულ უფრო მზარდ ფასებში ნაჭერ-ნაჭერ გაყიდვას...
"ძაღლ იყოს იმათ მკვდრისადა!".. მაგრამ მიშამ ვისაც ასე მიტაცებული ჩამოართვა და დღეს ჩივიან, ეკითხება ვინმე - საიდანა გქონდა და რამდენად შეიძინეო?!.
ჩვენს ოჯახს რატომ არაფერი ერგო, მაგათზე ნაკლები თანამდებობები გვქონდა მე და ჩემს მეუღ/ლეს თუ მაგათზე ნაკლები ხელფასები?.. დავაშავეთ, რომ ვერ ვიკადრეთ უკადრებელი?!

natali

2016-12-21 23:23:39

მარე
მე ვკითხულობ მაგას ხშირად:)))

ახლა კი რასაც ვშოულობ, იმასაც მართმევენ და თურმე იმ მიმტაცებლის შვილმა რომ დააგირავა ბინა და დააფრიალა ფული, ის ბინა მე უნდა შევუნარჩუნო და დოლარზე 20 თეთრი მე უნდა გადავუხადო. არ გავცოფდები?:))

natali

2016-12-21 23:25:33

ჩვენ მხოლოდ ვალდებულებები გვერგო. მაგრები არიან, არა?

macro

2016-12-21 23:32:59

ამ კაცს დიდ პატივს ვცემ: კომპეტენტურია, პატიოსანი და პატრიოტი.

imereli

2016-12-22 09:32:37

სააკაშვილს ხალხი მხარს უჭერდა, სანამ ყაჩაღებს აყაჩაღებდა. როცა უკვე ყველას დაყაჩაღება დაიწყო ვისაც ფული ჰქონდა, ხალხი განუდგა. მაშა კი ისე მოეწონა იოლად ფულის შოვნა, რომ არ შეეშვა.რადგან წართმეული ფულის და ქონების დიდი ნაწილი მისი და მისი ძმაკაცების უცხოურ ანგარიშებზე ილექებოდა. ახლა ძალიან ძნელია გაარჩიო ვის წაართვეს კანონიერად ნაშოვნი და ვის ნაყაჩაღარი, ამას მცოდნე და რაც მთავარია პატიოსანი სასამართლო სჭირდება.მიშას სასამართლო კი ამას შეძლებს? მოსამართლე, რომელიც ღამით "აპრავებდა" ყაჩაღობას, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს? როგორც "ნაციონალების" მაღალჩინოსნები ერეოდნენ სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებაში, "ოცნების" მაღალჩინოსნენიც იგივეს აკეთებენ.

qedo sakokhia

2016-12-22 13:13:36

ნიჭიერი და წაკლაშკა...გოგოა.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80