„სირიაში ჰუმანიტარული კატასტროფა მძვინვარებს, ეს კლასიკური გეოენერგეტიკული ომია“
დაიჯესტი

„სირიაში ჰუმანიტარული კატასტროფა მძვინვარებს, ეს კლასიკური გეოენერგეტიკული ომია“

„სირიაში ჰუმანიტარული კატასტროფა მძვინვარებს, ეს კლასიკური გეოენერგეტიკული ომია“
თათია გოჩაძე,"versia.ge"

2016-12-23 11:15:40

როგორ აფასებს თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობას საქართველოს განვითარების ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გოგავა

19 დეკემბერს ანკარაში რუსეთის ელჩი მოკლეს. საქართველოს განვითარების ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გოგავა, მომხდარს ამგვარად აფასებს: ,,თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა ქვეყნებში რადიკალური ნაციონალიზმის და რელიგიური ექსტრემისტების პირდაპირი თუ ირიბი მხარდაჭერის შედეგია. რუსეთი ჩაატარებს გამოძიებას და თუ აღმოჩნდება, რომ ელჩის მკვლელის უკან რაიმე ორგანიზებული ჯგუფი დგას, ამ ჯგუფის ლიდერები დაზარალდებიან. პუტინი უპასუხოდ ამგვარ აქციებს არ ტოვებს''. 


სირიაში უამრავი ბავშვი ტრაგიკულად იღუპება, ბაშარ ალ ასადის ხელისუფლება ამბოხებულ ოპოზიციას ,,ანადგურებს''. მსოფლიოს ყურადღება მხოლოდ ალეპოზეა მიმართული, სირიის მმართველს რუსეთი ღიად ეხმარება, რუსეთის პატრიარქმა ამ მოვლენებს ,,წმინდა ომიც'' კი უწოდა. ევროპა და აშშ შეშფოთებულია, მაგრამ საინტერესოა, რა გახდა ალეპოს ტრაგედიის მიზეზი სინამდვილეში?


,,ვერსიასთან'' ამ ომის მიზეზად ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას ასახელებს ირაკლი გოგავა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში, ერაყში აშშ-ს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პროგრამის დირექტორად მუშაობდა. მისი თქმით, სირიაში ჰუმანიტარული კატასტროფა მძვინვარებს და ეს კლასიკური გეოენერგეტიკული ომია. გოგავას განმარტებით, ბუნებრივი აირის სპარსეთის ყურიდან ევროპაში ტრანსპორტირების ორი ალტერნატიული მარშრუტი არსებობს ,,ყატარული'' და ,,ირანული'': 1. ყატარი-საუდის არაბეთი-იორდანია-სირია-თურქეთი-ევროპა; 2. ირანი-ერაყი-სირია-გაზის დაპრესვა და სპეციალური ტანკერებით ევროპაში გაყიდვა. პირველ ვარიანტს მხარს აშშ, ევროპა და მონაწილე ტრანზიტული ქვეყნები (ყატარი, თურქეთი, საუდის არაბეთი, ქუვეითი, ბაჰრეინი) უჭერენ, ხოლო მეორე ვარიანტის მხარდამჭერები შესაბამისად რუსეთი, ირანი, ერაყი, სირია არიან. გოგავა ხაზს უსვამს, რომ ყატარის გაზის პირდაპირ ევროპის ბაზარზე შესვლა შეასუსტებს ,,გაზპრომის'' დომინირებას ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე, რაც რუსეთის შემოსავლებს საგრძნობლად შეამცირებს: ,,რუსეთი კი ვერ დაუშვებს ,,გაზპრომის'' ინტერესების შელახვას ევროპაში, ეს მისთვის გამოუსწორებელი დარტყმა იქნება. რუსეთის პატრიარქმა ,,წმინდა ომიც'' კი უწოდა სირიის ომს. ვფიქრობ, სირიის სცენარის ავტორებმა ვერ გათვალეს, რომ რუსეთი უკრაინასთან კონფლიქტის ფონზე შეძლებდა რეაგირებას. არ გამოვრიცხავ, უკრაინაშიც იმიტომ დაიძაბა სიტუაცია 2013-2014 წელს, რომ რუსეთს სირიისთვის ვერ მოეცალა. ნებისმიერ შემთხვევაში, სირიის სცენარი ავტორებს ჩაუვარდათ. რუსეთი შეინარჩუნებს ასადს სირიაში და იქ მძლავრ სამხედრო დასაყრდენს გაიკეთებს''. 


ირაკლი გოგავას თქმით, 2011 წლიდან სირიაში ჰუმანიტარული კატასტროფა მძვინვარებს. კონფლიქტის მსხვერპლთა რიცხვი მილიონს უახლოვდება. კორეის და ვიეტნამის ომების, ანუ 1975 წლის შემდეგ, მსგავსი მასშტაბის ჰუმანიტარული კატასტროფა პლანეტაზე არ ყოფილა: ,,ალეპოს ცალკე გამოყოფა სწორი არაა, რადგან ალეპოს ოპერაცია გაცილებით ნაკლები მსხვერპლით დასრულდა, ვიდრე ქალაქ ჰომსის აღება, როცა გაცილებით მეტი იყო მსხვერპლიც და დევნილთა რაოდენობაც. უბრალოდ, ალეპოს მოვლენები განსაკუთრებული მონდომებით გააშუქა საერთაშორისო მედიამ და უფრო მტკივნეულად და ემოციურად დაგვანახეს ეს პროცესები. მანამდე უფრო მასშტაბური იყო უბედურება, რაზეც პასუხისმგებლობა ყველა იმ ქვეყანას ეკისრება, რომელიც გაზსადენისა და ევროპაზე პოლიტიკური გავლენების გამო მილიონობით ადამიანი ააწიოკა და ასი ათასობით - დახოცა''. ირაკლი გოგავა კონფლიქტის მონაწილე მთავარ ჯგუფებსაც ასახელებს, რომლებიც სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის მხარეს მებრძოლი რუსეთი, ირანი, ლიბანის შიიტური დაჯგუფება ,,ჰესბოლა'', ჩრდილოეთ სირიის ქურთული დაჯგუფებები, მოხალისეთა და არაბულ ტომთა შეიარაღებული რაზმები ,,შაბიხა'', ,,უდაბნოს მიმინოები'', ,,უდაბნოს ლომები'' და სხვა უფრო წვრილი დაახლოებით 50-მდე ჯგუფი არიან. გოგავა იმასაც დასძენს, რომ ამ ძალებს შეიარაღებას რუსეთი, ჩინეთი, ბელორუსი, ჩრ. კორეა, ერაყი და ეგვიპტე აწვდიან. მეორე მხრივ კი ასადის დასამხობად იბრძვის სირიის ეროვნული საბჭო, რომელსაც ზომიერ ოპოზიციას უწოდებენ და მას გაეროს ზოგიერთი წევრი ქვეყანა, მათ შორის აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი აღიარებენ. აქ შედიან ,,სირიის თავისუფალი არმია'', ,,ალყაიდას'' სირიის ფილიალი - ,,ანნუსრას ფრონტი'', ,,ჰამასი'', ,,მუსულმანთა საძმო'' და კიდევ სხვა რამდენიმე ათეული დაჯგუფება. ,,ამ ჯგუფის შეიარაღების წარმოშობის ქვეყნებია: ყატარი, აშშ, საუდის არაბეთი, თურქეთი, საფრანგეთი, ლიბია. ასადის დასამხობად ასევე იბრძვის ,,ისლამური სახელმწიფო'', რომელსაც ფარულად აფინანსებს საუდის არაბეთი და ყატარი. ანტიასადურ ძალებს მხარს უჭერენ აშშ, ევროპა, ყატარი, საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, ქუვეითი და თურქეთი'', - აცხადებს ირაკლი გოგავა და დასძენს, - მე ვმუშაობდი ერაყში, სადაც ვატარებდი პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის რეფორმებს. შევქმენი ერაყის ტომის ბელადთა კონგრესი, სადაც 800-მდე ყველაზე მსხვილი ტომის ბელადი გავაერთიანეთ. ვესაუბრე ბევრ მათგანს და იქაურ სპეციფიკას გარკვეულწილად ვფლობ. ასევე შევხვედრილვარ ,,ალყაიდას'' ყოფილ ლიდერებს, რომლებმაც დატოვეს ორგანიზაცია. ,,ისლამური სახელმწიფო'' მაშინ იყო სადამ ჰუსეინის ოფიცრებისგან შემდგარი პატარა რაზმი. ჰუსეინის ,,ბაასის'' პარტიის მილიონამდე აქტივისტი გაწვრთნილი იყო პარტიზანული ომის საწარმოებლად. თუმცა, ამ ჯგუფს არ ჰქონდა ფული და ამიტომ მათი მოქმედებები შეზღუდული იყო. უეცრად კი დიდი ფული გაუჩნდათ, გამოდიან არაბულ და ზოგადად ისლამურ სამყაროში ძალიან პოპულარული ხალიფატის იდეით და იხდიან საოცარ თანხებს მებრძოლების დაქირავებაში. რიგით მებრძოლს დღეში 200-300 დოლარს უხდიან. იქ რომ რწმენის გამო მიდიან საბრძოლველად - ზღაპრებია, ასეთი მხოლოდ ერთეული შემთხვევებია. თავს რომ იფეთქებენ, მათაც დიდ ფულს უხდიან ოჯახებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ყატარი და საუდის არაბეთი აფინანსებენ ,,ისლამურ სახელმწიფოს'', რომლის ძირითადი მიზანია, ჩამოაგდოს სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი, რომელიც წინააღმდეგია ყატარული გაზსადენის პროექტისა და შეასუსტოს ერაყის შიიტური ხელისუფლება, რომელიც ირანის გაზსადენს უჭერს მხარს''. 


არის თუ არა შესაძლებელი გაზსადენის სხვა მარშრუტით, სირიის გვერდის ავლით გატარება, მაგალითად ყატარი-ერაყი-თურქეთი ან ყატარი-საუდის არაბეთი-ისრაელის ტრაექტორიით, ამ საკითხზე გოგავას შემდეგი არგუმენტები აქვს: ,,ყატარი-ერაყი-თურქეთის მარშრუტი არარეალურია, რადგან ამ გზაზე მილმა ჯერ ერაყის ჩრდილოეთ ქურთისტანი უნდა გაიაროს და შემდეგ თურქეთის ის პროვინციები, სადაც ქურთები კომპაქტურად ცხოვრობენ. თურქეთის ქურთები რეალურად ომს აწარმოებენ ანკარასთან და ,,ქურთების მუშათა პარტია'' მილს აუცილებლად ააფეთქებს. თანაც ეს მარშრუტი მთაგორიანია და მისი აშენება ძალიან ძვირი დაჯდება. რაც შეეხება ყატარი-საუდის არაბეთი-ისრაელის მარშრუტს, ესეც გამორიცხულია და ერთადერთი მარშრუტი ყატარის გაზისთვის სირიაზე გადის. იმ გაზსადენზე, რომლის აშენებაც 10 მილიარდი დოლარი ჯდება. ბაშარ ასადს დიდი ხანი ესაუბრებოდნენ ყატარელები და საუდიტები, თუმცა მან 2009 წელს ამ პროექტზე უარი თქვა, რაც გახდა მიზეზი იმისა, რომ ჯერ სირიაში რეჟიმის ცვლილების იდეოლოგიური მომზადება დაეწყოთ და უკვე 2011 წლიდან შეიარაღებული გადატრიალების დაფინანსება. ეს არის კლასიკური გეოენერგეტიკული ომი''. 


,,ვერსიას'' ირაკლი გოგავამ ისიც განუმარტა, რატომ არ გახდა ეს ყველაფერი მსოფლიოსთვის ცნობილი. მისი თქმით, მსოფლიოს წამყვანი მედია ამაზე არ წერს. ,,ის კი რაც პრესაში იწერება, აისბერგის მწვერვალს ჰგავს, ბევრი რამ დაფარულია, რეალური პოლიტიკა კი სხვა დაუნდობელი და ხშირ შემთხვევაში სისხლიანია'', - აცხადებს საქართველოს განვითარების ლაბორატორიის დირექტორი და იმასაც დასძენს, რომ ხალხის რევოლუციები არ არსებობს, ნებისმიერ რევოლუციას ჰყავს ტექნოლოგიების ავტორი, სპონსორი, რომელიც შემდგომ სარგებლობს ხოლმე რევოლუციის შედეგებით. 


ირაკლი გოგავა მესამე მსოფლიო ომის საშიშროებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ბირთვული იარაღის არსებობა მასშტაბური მსოფლიო ომის შესაძლებლობას გამორიცხავს, თუმცა მესამე ქვეყნების ტერიტორიებზე სხვადასხვა ზომის კონფლიქტები აუცილებლად იქნება. ,,ბოლო-ბოლო სამხედრო ქარხნები ომების და შეკვეთების გარეშე ვერ იარსებებენ, ახლო აღმოსავლეთში შემდეგი დიდი შეიარაღებული კონფლიქტი ქურთებსა და ბაღდადს შორის იქნება და ეს უახლოესი 10 წლის მანძილზე აუცილებლად მოხდება'', - აცხადებს ირაკლი გოგავა, რომელიც აშშ-ს როლზეც საუბრობს. მისი განმარტებით, დონალდ ტრამპი აშშ-სთვის რუსეთს საფრთხედ არ მიიჩნევს და აპირებს, ევროპა აიძულოს, მეტი თანხა დახარჯოს უსაფრთხოებაზე, რადგან დღეს ევროპის უსაფრთხოების ხარჯების 62%-ს აშშ იხდის. საქართველოს განვითარების ლაბორატორიის დირექტორის განმარტებით, ტრამპი ასევე ამერიკული სამხედრო ინდუსტრიის წინააღმდეგ გამოდის და მიიჩნევს, რომ სამხედრო მიზნებზე არამართებულად ბევრი იხარჯება, ამიტომ მოსალოდნელია, ტრამპმა მოითხოვოს საზღვარგარეთის 70 ქვეყანაში 800 ამერიკული სამხედრო ბაზიდან ნაწილის გაყვანა და შესაბამისად პენტაგონის 600 მილიარდ დოლარიანი ბიუჯეტის შემცირება. 


იმის გამო კი, რომ სირიის მსგავსად საქართველოსაც მნიშვნელოვანი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, ირაკლი გოგავა ჩვენი ქვეყნის მიმართ შესაძლო საფრთხეებზეც საუბრობს: ,,უნდა ვაღიარო, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენების პროექტების გამო სავსებით რეალური იყო, ჩვენთან სირიის სცენარი 1995-2003 წლებში განხორციელებულიყო. შეიძლება ითქვას, გადარჩენილები ვართ. მაშინ რუსებმა ,,მხოლოდ'' პრეზიდენტი აგვიფეთქეს ორჯერ და ბოლოს გადააყენეს. 2004 წლამდე ჩვენ აბრეშუმის გზის, ტრასეკას, ყარსი-ახალქალაქის, მილსადენების პროექტებს ვავითარებდით. შემდეგ ყარსი-ახალქალაქის გარდა, ყველაფერი გაჩერდა და აზიური ტვირთები საქართველოს ნაცვლად რუსეთზე წავიდა. 2012 წლიდან კვლავ აღდგა აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო მარშრუტებზე საუბარი. დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის, არამედ ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო მარშრუტებია შესაქმნელი. ირანის გაზის ევროპაში ექსპორტი ჩვენც შეგვიძლია, მილსადენი უკვე არსებობს, სხვა მილის გაყვანაც შეიძლება. შავი ზღვის ჩვენ სანაპიროს ძალიან მოუხდება გაზის დასაპრესი ტერმინალი, თანამედროვე ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა. საქართველო უნდა იყოს ყველას კონსესუსის და თანხმობის ქვეყანა. ეს სტაბილურ მშვიდობას და დიდ კეთილდღეობას მოუტანს ხალხს''.

 

ნანახია - 504

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80