"ნაცმოძრაობის" დასასრული
დაიჯესტი

"ნაცმოძრაობის" დასასრული

"ნაცმოძრაობის" დასასრული
რეზონანსი

2016-12-24 11:12:50

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებამ პიკს მიაღწია - პარტიის დაშლის შესახებ თავად წევრები ალაპარაკდნენ. ყველაფერი 20 იანვრის ყრილობაზე გაირკვევა, თუკი, რა თქმა უნდა, იგი საერთოდ შედგა, რადგან პარტიის წევრების მნიშვნელოვანი ნაწილი კატეგოორიულად არ ეთანხმება ყრილობის იმ ფორმით ჩატარებას, რა ფორმითაც ამას წევრების მეორე ნაწილი გეგმავს. ყრილობა გუშინ ბალაგანთანაც კი გააიგივეს და განაცხადეს, რომ მას სააკაშვილი არა პრობლემური საკითხების გადასაწყვეტად, არამედ ემოციური მუხტის გაძლიერების გზით საკუთარი სურვილების შესასრულებლად გამოიყენებს. პოლიტოლოგებს შექმნილი ვითარება არ აკვირვებთ. ამბობენ, რომ ეს დღე ადრე თუ გვიან დადგებოდა, რადგან ლიდერის შეცვლის სურვილი, რომელიც წლებია, საკუთარ პარტიას დისტანციურად ხელმძღვანელობს, ბუნებრივია. მიიჩნევენ, რომ მთავარ ოპოზიციურ ძალად მიჩნეული პარტიის დაშლა-დაყოფა არც დემოკრატიულ პროცესებს შეუწყობს ხელს და ხელისუფლებასაც გააზარმაცებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით "ნაცმოძრაობის" დასასრული/პარტიის ლიდერთა ნაწილი, შესაძლოა, "ევროპულ საქართველოში" გადავიდეს.



"ნაცმოძრაობაში" მიმდინარე დაპირისპირებამ თავი არჩევნების დასრულებისთანავე იჩინა, როდესაც წევრების ნაწილი მეორე ტურის ბოიკოტირებასა და პარლამენტში არშესვლას ითხოვდა, მეორე ნაწილი კი ამას კატეგორიულდ არ ეთანხმებოდა. პარტიაში, საიდანაც შიდა სამზარეულოს ამბების გარეთ გამოტანას მიჩვეულნი არასოდეს ვყოფილვართ, თანაგუნდელებისა და ლიდერის მისამართით გაკეთებული უმწვავესი განცხადებები აღარავის აკვირვებსგუშინდელი დღე კი ამ მხრივაც გამოირჩეოდა - სააკაშვილისა და ბოკერია-ბაქრაძის ბანაკად წოდებულ ჯგუფებში არ უარყოფენ, რომ პარტიის ამ სახით შენარჩუნება უკვე შეუძლებელია. მეტიც, "აჯანყებულებს", ანუ ბაქრაძე-ბოკერიას ჯგუფად მიჩნეულ ნაწილს, როგორც ჩანს, უკვე ალტერნატიული პლატფორმაც მოძიებული აქვს."შეუცვლელი ლიდერობის პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსი იქამდე მივიდა, რომ დიდგორი 20 იანვარს, სპორტის სასახლეში, საკუთარ, თუნდაც ყოფილ თანამებრძოლებთან შერკინებაში ეგულება," - ამგვარად შეაფასა სააკაშვილის ქმედებები გუშინ გივი თარგამაძემ. იგი სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს ინფრმაციას, რომ პარტიის სამდივნოს სხდომაზე პოლიტსაბჭოს კიდევ ერთი შეკრების ჩატარების საკითხი დააყენეს, რაზეც უარი მიიღეს. ამ დროს კი, მისი თქმით, პარტიაში 20 იანვრისთვის დაგეგმილი ყრილობის ჩატარების არცერთი წესი ბოლომდე გაწერილი არ აქვთ და ამიერიდან ყველაფერს ყრილობის საორგანიზაციო კომისია გადაწყვეტს", - აღნიშნავს გამოცემა. 



"ექსტაზში მყოფთა შეძახილების ფონზე ყველაფერი, რაც სურს, ყოველგვარი პოზიციების შეჯერებისა და ხმების დათვლის გარეშე ისე დამტკიცდება, როგორც სურს", - წერს თარგამაძე. "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირების წამოწყებასა და გამწვავებაში ყოფილ პრეზიდენტს ადანაშაულებს პარტიის კიდევ ერთი წევრი ოთარ კახიძეც. სოციალურ ქსელში კახიძე წერს, რომ პარტიის შიგნით მიმდინარე დაპირისპირებაში ახალაიების ფლანგსა და ბაქრაძე-ბოკერიას ფლანგს შორის, სააკაშვილმა ფსონი პირველ ჯგუფზე გააკეთა. კახიძის აზრით, ეს ჯგუფი ელექტორალურად უპერსპექტივოა და უსიტყვო მორჩილებისა და სააკაშვილის "უპირობო ლიდერად" აღიარების ფონზე იყენებენ მის ავტორიტეტს, ხოლო სააკაშვილი თავის მხრივ, მათ იყენებს "ყოფილ თანამებრძოლთა" პარტიიდან განკვეთის მიზნით. "არადა, მიშას მარტივად შეეძლო ეს დაპირისპირება დაესრულებინა, თუკი შეწყვეტდა ივანიშვილთან გარიგებაში თანამებრძოლების დადანაშაულებას და მათ მოხსენიებას "ყოფილ თანამებრძოლებად", ახირებულ ბლანჟეიანებად და პეროიანებად", - აცხადებს კახიძე. მისი შეფასებით, ელექტორალურად სააკაშვილი არის სერიოზული კაპიტალი, მაგრამ ტვირთიცაა, ვინაიდან მისი მმართველობის დროს დაშვებულ შეცდომებზეც აქვს პასუხისმგებლობა", - წერს სტატიის ავტორი. 



თანაგუნდელებთან შედარებით უფრო თამამი აღმოჩნდა დავით დარჩიაშვილი, რომელმაც პირდაპირ გამოაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არსებობას ამთავრებს. მისივე თქმით, ეს დრამაა, თუმცა არა ტრაგედია. კითხვაზე, თუ როდის დაიწყება მის მიერ დაანონსებული პროცესი, დარჩიაშვილი გვპასუხობს, რომ ზუსტი დრო და ფორმა არ იცის, თუმცა ყრილობის იმ ფორმით ჩატარება, როგორი ფორმითაც ეს "ზოგიერთს" უნდა, ამ პროცესს დააჩქარებს. "ზოგიერთში" კი დარჩიაშვილი პირველ რიგში თავად მიხეილ სააკაშვილს გულისხმობს. "მგონია, რომ ეს საბოლოოდ განხეთქილების დასრულებას შეუწყობს ხელს. ანუ, კი არ გაქრება იგი, არამედ გაღრმავდება და უფსკრული გაჩნდება. ექვსი ადამიანი აცხადებს პრეტენზია იმაზე, რომ მათ განსაზღვრონ როგორ ჩატარდება ყრილობა. მიგვაჩნია, რომ ეს არასწორია. ყრილობის ჩატარების წესებზე პოლიტსაბჭომ უნდა იმსჯელოს. კერძოდ, დელეგატთა შერჩევაზე, დღის წესრიგსა და კენჭისყრის წესებზე. თუ ეს ასე არ მოხდება, გაუგებარია როგორ იკრიბებიან დელეგატები, ამაზე პოლიტსაბჭოს ნამსჯელი არ აქვს. მიმაჩნია, რომ ეს არა ყრილობის, არამედ მხარდამჭერთა მიტინგის ჩატრება იქნება, რომლის ლეგიტიმურობაც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას დარჩიაშვილი. ამავდროულად ცნობილი ხდება, რომ "ნაცმოძრაობის" გაყოფის შემთხვევაში, პარტიიდან წასულმა ლიდერებმა ახალი პოლიტიკური გაერთიანება შესაძლოა იმ პარტიის ბაზაზე ჩამოაყალიბონ, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობასთან" ბლოკის სახით მონაწილეობდა", - დასძენს გამოცემა. 



"საუბარია პარტია "ევროპულ საქართველოზე". მას აქვს კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი, დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს, ცესკოში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავს და კანონით განსაზღვრული ყველა იმ პრივილეგიით სარგებლობს, რაც ე.წ. კვალიფიციურ სუბიექტებს ეკუთვნის. "ევროპული საქართველოს" დამფუძნებელი და ამჟამინდელი თავმჯდომარე "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის წევრის გიგი წერეთლის მამა ნუგზარ წერეთელია. გიგი წერეთელი "ნაცმოძრაობიდან" ახალ პარტიაში წასვლას არ განიხილავს, თუმცა სამომავლოდ არც "ევროპული საქართველოს" პოლიტიკურ გააქტიურებას გამორიცხავს. "ყრილობამ რომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რაც ჩემთვის მიუღებელია, შეიძლება მეც ვიფიქრო, საერთოდ მინდა თუ არა პარტიაში ყოფნა. დღესდღეობით ახალ პარტიაზე არავინ საუბრობს. პირიქით, ყველა იმაზე საუბრობს, რომ დარჩეს პარტიაში. ვინ იქნება ამ პარტიაში მმართველი რგოლი და გადაწყვეტილებების მიმღები, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი," - აცხადებს წერეთელი. დავით დარჩიაშვილი კი ამბობს, რომ არ იცის შეუერთდებიან თუ არა "ნაცმოძრაობიდან" გამოყოფილი ადამიანები "ევროპულ საქართველოს", რადგან ჯერ პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეს", - განაგრძობს ავტორი. 



"თანაგუნდელების პრეტენზიები ყრილობის ჩატარების ფორმატთან დაკავშირებით პარტიის მეორე ნაწილში არ ესმით. როგორც საორგანიზაციო კომისიის ერთ-ერთი წევრი დავით კირკიტაძე სოციალურ ქსელში წერს, "ყრილობა ჩაივლის იმ სულისკვეთებით, რაც ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს აქვს და არა ისე, როგორც ერთ ვიწრო ჯგუფს უნდა." დარჩიაშვილის პროგნოზს "ნაციონალური მოძრაობის" დაშლის თაობაზე ყრილობის საორგანიზაციო კომისიის წევრი ნინო კალანდაძე არ ეთანხმება. ამბობს, რომ ამის არანაირი ნიშანი არ არსებობს. პარტიაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობა მას ბუნებრივად მიაჩნია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ 30-60 ადამიანის პარტიიდან გასვლაც კი ვერ შექმნის დაშლის საშიშროებას, რადგან ადამიანების ეს რაოდენობა პარტიაში ამინდს ვერ ქმნის. "ნაციონალური მოძრაობა" მრავალათასიანი პარტიაა, რომელმაც 500 ათასი ადამიანის მხარდაჭერა მოიპოვა. შესაბამისად, ცხადია, რომ პარტია იმ ფორმით იარსებებს, როგორითაც აქამდე არსებობდა. არ მგონია ვინმეს ამ პარტიის დატოვების სურვილი ჰქონდეს, თუმცა, თუ ამის აუცილებლობა შეიქმნა, ეს ცალკეული პოლიტიკოსების ინდივიდუალური გადაწყვეტილება იქნება. ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებას თავისი სამწუხარო პოლიტიკური ფასი ექნება, მაგრამ პარტიის დაშლას საფრთხეს ვერ შეუქმნის", - განგვიცხადა კალანდაძემ. რაც შეეხება თანაგუნდელების პრეტენზიებს ყრილობის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით, კალანდაძე განმარტავს, რომ იგი ლეგიტიმური გზით შეირჩა. შერჩევის წესი პოლიტიკურმა საბჭომ 30 ნოემბერს დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური საბჭოს ხუთკაციან ჯგუფს ერთი წევრის დასახელების უფლება ჰქონდა. შედეგად, პოლიტიკური საბჭოს ოცდაათმა წევრმა სასურველი 6 კანდიდატი დაასახელა. თუმცა, აქვე დასძენს, რომ ადგილები ამოწურული არ არის და სურვილის შემთხვევაში თავიანთი კანდიდატების წარმოადგენა პოლიტსაბჭოს დანარჩენ წარმომადგენლებსაც შეუძლიათ", - წერს გამოცემა.



"რაც შეეხება ყრილობის ფორმატს, რაც "ნაცმოძრაობის" ნაწილში უკმაყოფილების კიდევ ერთი საფუძველი გახდა, კალანდაძე ამბობს, რომ 7 ათას კაციანი ყრილობის გამართვაზე გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს უმრავლესობამ მიიღო, ამიტომ იგი აბსოლუტურად ლეგიტიმურია. "თუკი რამდენიმე ადამიანს ეს გადაწყვეტილება არ მოსწონს, გასაგებია, მაგრამ ეს მოსაზრება უმცირესობაში იმყოფება. შესაბამისად, 20 იანვრვის ყრილობას 7 ათასი დელეგატი დაესწრება და ნახევარზე მეტის მიერ მიღებული გადაწყვტილებები იქნება ლეგიტიმური," - დასძენს იგი. მისივე თქმით, ყრილობაზე სააკაშვილის ნაცვლად სხვა ხელმძღვანელის არჩევის საკითხი არ დადგება, რადგან პოლიტსაბჭოს სხდომაზე სააკაშვილის გადარჩევას და ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშიებით წამოყენებული საკითხი ჩავარდა. "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური სივრციდან გაქრობას, თუკი ეს ასე მოხდა, პოლიტოლოგი ირაკლი კიკიანი სერიოზულ დანაკარგს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ქვეყანას არც ერთი მხრივ არ წაადგება. მისი თქმით, ეს პარტია ყველაზე ჩამოყალიბებული და ორგანიზებული ოპოზიციური ძალაა. შესაბამისად, იქ მიმდინარე არცთუ სახარბიელო პროცესები კითხვებს ბევრი მიმართულებით აჩენს. თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" დაშლაზე საუბარი მას ნაადრევი ჰგონია. ამბობს, რომ სულ 50-60 ადამიანზეა საუბარი, რომლებიც შესაძლოა პარტიას გამოეყვნენ და ეს დაშლას არ ნიშნავს", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.



"გარკვეული ჯგუფი დანარჩენ პარტიას გარკვეული მოსაზრებით უპირისპირდება. ესაა და ეს. სამწუხაროდ, დღეს პოლიტიკურ სივრცეში რეალურად მხოლოდ ორი ძალაა და ბალანსის დასაცავად ამ მოთამაშეების შენარჩუნება მნიშვნელოვანია. კონკურენტუნარიანი გარემოს შესაქმნელად მეტი ძალის გამოჩენა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ რაკი ეს ვერ ხერხდება არსებული მოთამაშეები მაინც უნდა შენარჩუნდნენ," - აცხადებს კიკიანი. ამბობს, რომ პარტიის შიგნით დაპირისპირება ხელოვნურად მართვად პროცესს უფრო ჰგავს - გარკვეული ჯგუფისა და ხელისუფლების ინტერესები ერთმანეთს "საეჭვოდ" ემთხვევა. სააკაშვილის პარტიიდან ჩამოშორება, მისი აზრით, "ნაციონალურ მოძრაბას" "რესპუბლიკური პარტიის" მსგავსი გავლენის მქონე ძალად აქცევს. ამას, კიკიანის თქმით, პარტიიდან ბოლო დროს რამდენიმე ლიდერის გამოყოფაც მოწმობს - ხაჩიძის, ჯაფარიძის, ვაშაძის, რომელთაც, პოლიტოლოგის აზრით, ვერაფერს მიაღწიეს", - განაგრძობს გამოცემა. 



"ნაცმოძრაობა", პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის აზრით, მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს თმობს და ეს მას გასაკვირად არც მიაჩნია. ამბობს, რომ პარტიის დისტანციურად მართვა ამდენი წლის განმავლობაში შეუძლებელია. ამ პირობებში, მისი აზრით, "ნაციონალურმა მოძრაბამ" მაქსიმალური შედეგი აჩვენა, რაც კი შეიძლებოდა ეჩვენებინა. ახლა კი ხელმძღვანელის ცარიელი ადგილის შევსების სურვილი საქართველოში დარჩენილებს ბუნებრივად გაუჩნდათ. იმ ჯგუფის მთავარი პრობლემა, რომელიც სააკაშვილს ლიდერად აღარ აღიარებს, ლაგაზიძის აზრით, ისაა, რომ მათ ქარიზმატული ლიდერი სჭირდებათ, რომელიც ჯერჯერობით არ ჰყავთ. თუმცა აქვე იმასაც დასძენს, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება კიდევ უფრო ბუნდოვანია. ანუ, პოლიტოლოგის აზრით, სააკაშვილის გარეშე მეორე ჯგუფსაც არ აქვს პერსპექტივა. "ნებისმიერ შემთხვევაში, დაშლილი "ნაციონალური მოძრაობა" უფრო სუსტია, ვიდრე ერთიანი იქნებოდა. შედეგი ორივე ჯგუფისთვის დამანგრეველი იქნება. რა არგუმენტებიც უნდა ჰქონდეთ მათ, პროცესი შედეგით იზომება და არა არგუმენტებით. შედეგი კი ისაა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მეორე პოლიტიკური ძალის სტატუსი დაკარგა. "არჩევნების დასრულებისთანავე ვიძახდი, რომ საქართველოში მეორე პოლიტიკური ცენტრის ადგილი განთავისუფლდა. აქამდე მესამე პოლიტიკური ცენტრის გამოჩენაზე ვსაუბრობდით და დღეს მეორეს ადგილიც ვაკანტურია. ძლიერი ოპოზიცია ხელისუფლებასაც ჰაერივით სჭირდება. იგი, როგორც წესი, ხელისუფლებას შეცდომებისაგან აზღვევს", - აცხადებს ლაგაზიძე, რომლის თქმით, დღეს საქართველოში არაა არც ერთი ინსტიტუცია, რომლის რიდიც ხელისუფლებას ექნებოდა," - დასძენს გამოცემა. 



interpressnews.ge


 

ნანახია - 829

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80