ათასობით საჯარო მოხელე ოპტიმიზაციის მოლოდინში
ეკონომიკა

ათასობით საჯარო მოხელე ოპტიმიზაციის მოლოდინში

ათასობით საჯარო მოხელე ოპტიმიზაციის მოლოდინში
ბექა დანელია

2016-12-24 18:00:58

სახელმწიფო უწყებებში ოპტიმიზაციის პროცესი გრძელდება. სამინისტროები ხარჯების შემცირებას განსხვავებული სტრატეგიით ცდილობენ. ხარჯების შემცირებას ემხრობიან ექსპეტები, თუმცა ოპტიმიზაციის პროცესს მაინც აკრიტიკებენ.

საკადრო ცვლილებები უკვე განახორციელა თავდაცვის სამინისტრომ. სამხედრო პოლიციიდან 100-მდე თანამშრომელი გუშინ დაითხოვეს.

განათლების სამინისტროს სისტემაში რეორგანიზაციის შედეგად სამსახურს 250-მდე ადამიანი დატოვებს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ რესურსცენტრებში არსებული იურისტების განახევრება იგეგმება.

„რესურსცენტრებთან ერთად შეთანხმებით გადაწყდა, რომ იურისტები სრულად დატვირთული არ იყვნენ. ყველა რესურსცენტრს თითო იურისტი არ სჭირდება და გადავწყვიტეთ რაოდენობა გავანახევროთ“, - განაცხადა მინისტრმა. ოპტიმიზაცია შეეხო ასევე აუდიტის სამსახურის რეგიონულ წარმომადგენლებსაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი გიორგი მღებრიშვილი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. რაც შეეხება ჯანდაცვის უწყებასმ კადრების შემცირების ნაცვლად, ხელფასების სამართლიან გადანაწილებაზე აპირებს ორიენტირებას.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აკაკი ზოიძემ აღნიშნა, სამინისტროები ცდილობენ, რომ კონკრეტული ადამიანები სამსახურიდან არ დაითხოვონ და შეამცირონ ხარჯები.

„ციფრებს რომ ვამბობთ, ამის უკან დგანან კონკრეტული ადამიანები. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სანამ კერძო სექტორში არ შეიქმნება კონკრეტული სამუშაო ადგილები, რთულია შევამციროთ შტატები. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. მიუხედავად ამისა, სამინისტროები ცდილობენ, რომ კონკრეტული ადამიანები არ დაითხოვონ და შეამცირონ ხარჯები. მაგალითად, პრემიები ამ საახალწლოდ გაიცემა მხოლოდ დაბალ რგოლზე და მინისტრისა და დეპარტამენტის უფროსისთვის არაა გათვალისწინებული. შემცირდება ხარჯები საწვავზე, მივლინებებზე, მანქანებზე, მაგრამ ეს გარკვეულ ადამიანებს მაინც შეეხება, რაც ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ექპერტები ზოგადად ხარჯების შემცირების პოლიტიკას იწონებენ, მაგრამ მიუთითებენ, რომ ოპტიმიზაციის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც ეკონომიკური, ისე მორალური მხარე.

„ოპტიმიზაცია სოციალურად ძალიან რთული თემაა, შესაბამისად, ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან ადამიანურ ენაზე ელაპარაკონ ამ ხალხს. რამდენიმე დღის წინ განათლების მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ ვინც ცუდად მუშაობს, იმას გაუშვებს სამსახურიდან. იგივე შს მინისტრის განცხადება „ბალასტთან“ დაკავშირებით. თუ კონკრეტული ადამიანი ცუდად მუშაობდა, დღეს ხომ არ დანიშნულან მინისტრებად, აქამდე უნდა გაეშვათ სამსახურიდან, ხოლო თუ ეფექტურობის ხარჯზე უშვებენ, რადგან კამპანიაა გამოცხადებული, ეს მეორე უბედურებაა.

ნახეთ რა ვითარება იქმნება, ერთი, რომ ადამიანებს სარჩოს გარეშე ტოვებ, ნულზე კი არ უშვებ, არამედ მინუსზე აგდებ, რადგან უმეტესობას კრედიტი აქვს აღებული. გარდა ამისა, ეუბნებიან, რომ შენ არარაობა ხარ, ცუდი ადამიანი ხარ და იმიტომ გიშვებ სამსახურიდან“, - აცხადებს ეკონომისტი გია ხუხაშვილი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნინო ცუხიშვილი ამბობს, არ არსებობს საკადრო ოპტიმიზაციის ერთიანი ხედვა და თითოეული სამინისტრო ინდივიდუალურად წყვეტს, როგორ მიუდგეს საკითხს. სამინისტროებს არ წარმოუდგენიათ თავიანთი ხედვა, თუ რა არგუმენტით ასაბუთებენ ოპტიმიზაციის აუცილებლობას. ასევე არ არსებობს საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციური ანალიზის შედეგად მიღებული რეკომენდაციები შტატების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით.

„ყველაზე დიდი სტატისტიკა არის ის, რომ 2015-1016 წლებში პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებენ საჯარო მოხელეები სამსახურს. მნიშვნელოვანია, რომ ნათლად იყოს განსაზღვრული შტატების ოპტიმიზაციის პროცესი უშუალოდ სამინისტროს შიგნით როგორ ხორციელდება ამ მიმართულებებით. საკმაოდ ქაოსურად ხორციელდება ეს პროცესი და ძალიან მოკლე ვადაში ანონსდება კონკრეტული სამინისტროდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა რაოდენობა. დასაბუთება, თუ რატომ ათავისუფლებენ ადამიანებს ამ თუ იმ სფეროებიდან და რატომ ტოვებენ სამუშაო ადგილებს საჯარო მოხელეები, არსად არის წარმოდგენილი“, - აცხადებს საია-ს იურისტი. 

ნანახია - 828

mimino

2016-12-24 18:14:55

1.შტატები მემგონი კაიხანია გაბერილია-მიშადან დაიწყო.
2.როგორც აქამდე შემცირებულები შეეგუენ-ისე შეეგუონ-ძველებს ასეთი მარალი ხელფასები არც დაესიზმრებოდათ

natali

2016-12-24 18:16:03

უნდა დაითხოვონ!!!! კერძო ბიზნესს შეუწყონ ხელი და ისინი დაასაქმებენ მაგ ხალხს.

ყველაზე საინტერესო ისაა, თვითონ ბიუჯეტის კისერზე მსხდომთ რომ აქვთ მაგათი დარდი:))) თქვენც ჩამობრძანდით ბატონებო, გეყოფათ სხვის კისერზე ჯდომა. საქმე აკეთეთ, საქმე!!!!!!!!

ტორი

2016-12-24 18:40:09

ცოცხებით უნდა ჩამოუარო ამ ხელისუფლებას...
თუ არ გჭირდებოდათ, რატომ აგყავდათ...
ახლა, კაცმა მუშაობა დაიწყო, იმედიანად იყო, ბევრმა სამსახურის იმედით სესხებიც აიღო...
ახლა რა ქნან? არ გაინტერესებთ ხომ?
სად გაგონილა, სახელმწიფო სამსახურში, ზოგადად, უფრო მაღალი ხელფასები იყოს, ვიდრე კერძო სექტორში?
შტატების შემცირება მინისტრებით /სამინისტროებით/დაიწყეთ...
რაში სჭირდებათ 4-5-6 მოადგილე?
ერთი მოადგილე- მინისტრის რაიმე მიზეზით არყოფნის შემთხვევაში - სრულიად საკმარისია...
ოპტიმიზაცია ეგ იქნება...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80