„კვირიკაშვილი რომ ვიყო, მინისტრებს ხალხში გამოვიყვანდი... პრემიებს ავკრძალავდი... კრიზისს ვაღიარებდი...“
დაიჯესტი

„კვირიკაშვილი რომ ვიყო, მინისტრებს ხალხში გამოვიყვანდი... პრემიებს ავკრძალავდი... კრიზისს ვაღიარებდი...“

„კვირიკაშვილი რომ ვიყო, მინისტრებს ხალხში გამოვიყვანდი... პრემიებს ავკრძალავდი... კრიზისს ვაღიარებდი...“
თათია გოჩაძე,"ვერსია"

2016-12-27 09:32:18

მოქალაქეების რჩევები საქართველოს პრემიერ-მინისტრს

2016 წელი იწურება და საშობაოდ მზადების ნაცვლად, საზოგადოების უმრავლესობა ქვეყნის ეკონომიკურ-პოლიტიკურ პროცესებსა და კრიზისზე საუბრობს... მეტროში, ქუჩაში, ტაქსში, მაღაზიაში, ბაზარში, საავადმყოფოშიც კი ადამიანები ქვეყნის 90-იან წლებში დაბრუნების საფრთხეს ხშირად ახსენებენ. მიზეზი, ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, თორემ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება. ოპოზიციაც მწვავედ აკრიტიკებს მთავრობას და ყველა პარტია ქვეყნის განვითარების საკუთარ ვერსიას სთავაზობს. გასაგებია, მათი ფუნქციაც ესაა, თუმცა ქვეყანაში, სადაც საზოგადოება ერთობ პოლიტიზირებულია, საინტერესოა, რას სთავაზობენ ხელისუფლებას რიგითი მოქალაქეები და მთავარი - შექმნილ ვითარებაში, რას გააკეთებდნენ პრემიერ მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის ადგილას? ,,ვერსია'' ქუჩაში სწორედ იმ მიზნით გავიდა, ეს კითხვა მოქალაქეებისთვის რომ დაესვა. ,,მე რომ გიორგი კვირიკაშვილი ვიყო...'' - თბილისელებმა ამ ფრაზის საკმაოდ საინტერესო გაგრძელება შემოგვთავაზეს:


მეგი, 25 წლის: ,,პირველ რიგში, ვაღიარებდი, რომ ნამდვილად გვაქვს პრობლემა ლართან დაკავშირებით და მინისტრებთან ერთად შევიმუშავებდი ამ პრობლემის მოსაგვარებელ გეგმას. ამის მერე, სხვა საკითხებიც გამოსწორდება. მთავარი პრობლემა ისაა, რომ მთავრობა არ აღიარებს არსებულ მდგომარეობას. ყველაფერი კი ლარზეა დამოკიდებული, მათ შორის ინვესტიციების არარსებობაც. არაა ინვესტიციები - არაა დასაქმება. სამაგიეროდ, არის სიღარიბე და შიმშილი, ამიტომ ლარის გამყარება და ბევრი ინვესტიციაა საჭირო. 


მარიამი, 27 წლის: ,,ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, ოღონდ ისე კი არა, როგორც ეს რიგმა სამინისტროებმა გაიგეს და ხალხს სამსახურიდან უშვებენ. ადმინისტრაციული ხარჯი უნდა შემცირდეს უაზროდ გახსნილი სსიპ-ების დახურვისა და პრემია-დანამატების მკვეთრად შემცირების ხარჯზე. სხვა ,,რეცეპტი'' შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ უნდა მოხდეს ბევრი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა ქვეყანაში და ტურიზმის ხელშეწყობა, ოღონდ ,,ბღუჯა'' ფული არ უნდა იყოს იმის ინდიკატორი, რამდენად არის განვითარებული ტურიზმი ჩვენს ქვეყანაში''. 


დავითი 58 წლის: ,,სამართლიანობას აღვადგენდი, პირველ რიგში გამოვიძიებდი ანაბრების საქმეს, რადგან სწორედ ეს გახდა საქართველოში ფინანსური კრიზისის საფუძველი. ამ ყველაფერს გამჭვირვალედ განვახორციელებდი და ვინც ეს ფული შეჭამა, ჩამოვართმევდი და ხალხს დავურიგებდი. ბანკებს რეგულაციებს დავუწესებდი, ზომიერების ფარგლებში ჩავაყენებდი. ასევე მივხედავდი სოფლის მეურნეობას''. 


ნანა 57 წლის (გარემოვაჭრე): ,,სოციალურად დაუცველებს უფრო მეტად დავეხმარებოდი, ჯანდაცვის საკითხს მოვაგვარებდი და რაც მთავარია, ტრანსპორტს გავაიაფებდი''. 


ნიკა 17 წლის: ,,პლანის'' ლეგალიზებას მოვახდენდი ეგრევე, ქუჩაში გათბობას დავაყენებდი და ,,ბაბულიკებს'' დახეულ ,,ბენსიმონებს'' დავურიგებდი''. 


თაკო 22 წლის, ქიმიკოსი: ,,პირველ რიგში, ლარის კურსს დავარეგულირებდი, რაც ხალხის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ცუდად აისახება. ჩვენგან ექსპორტი არ ხდება, მხოლოდ იმპორტს ვაწარმოებთ, შესაბამისად იმპორტირებული პროდუქცია ძვირდება. ამისთვის მეურნეობას განვავითარებდი, რაც მეტი პროდუქტი გავა საქართველოდან, მით მეტი ფული გაჩნდება ქვეყანაში''. 


გურამ ჭავჭანიძე 79 წლის: ,,დროა, ხალხის და ქვეყნის პატრონი გამოჩნდეს. ასეთ გაჭირვებულ დღეში, არ მახსოვს, როდის იყო საქართველო. სულით და გულით მწყურია, რომ საქართველოს ნამდვილი თავისუფლება ეღირსოს. მე რომ პრემიერ-მინისტრი ვიყო ხალხისთვის საკეთილდღეო საქმეს გავაკეთებდი''. 


ირაკლი 23 წლის: ,,გადავდგებოდი''. 


თინათინი 27 წლის, სოციოლოგი: ,,ვიზრუნებდი სამუშაო ადგილების შექმნაზე, რისთვისაც თუნდაც ქარხნებს ავაშენებდი. ლარის სტაბილიზაციას მოვახდენდი, ასევე ტურიზმსა და გარემოს დაცვას მივაქცევდი დიდ ყურადღებას. სოფლის მეურნეობას პრიორიტეტად დავსახავდი და ხალხს სოფელში დაბრუნებისთვის წავახალისებდი, სოფელს მიმზიდველს და პერსპექტიულს გავხდიდი''. 


მზია 65 წლის, დიასახლისი: ,,პრემიებს ავკრძალავდი! საჯარო სამსახურებში, მითუმეტეს თანამდებობებზე, ისედაც მაღალი ხელფასებია, რა საჭიროა პრემიები?! გადმოვსვამდი ამ ,,ჯიპებიდან'' მაღალი თანამდებობის პირებს, გაიარონ ქალაქში ხალხთან ერთად და მიხვდებიან, რა პრობლემებია ქვეყანაში''. 


თენგო 40 წლის: ,,სოფელს მივხედავდი''. 


მარიამი 32 წლის: ,,სამართლიანობის განცდა არაა ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ პირველ რიგში კანონის უზენაესობას ავირჩევდი პრიორიტეტად. დასაქმების თვალსაზრისით, ნეპოტიზმს მკაცრად ავკრძალავდი და ყველას თანაბარ პირობებში ჩავაყენებდი, პრივილეგირებული კლასების დრო უნდა დამთავრდეს 21-ე საუკუნეში. თვითკმაყოფილ ხელისუფლებას მოვთხოვდი, რომ მეტად კრიტიკულები გახდნენ საკუთარი თავის მიმართ, საზოგადოებასთან კონტაქტი უნდა გაძლიერდეს. ლარის პრობლემის მოსაგვარებლად კი ვაღიარებდი, რომ ეს პრობლემა რეალურად გვაქვს ქვეყანაში და ,,ბღუჯა ფული'' ნამდვილად არ აქვს ჩვეულებრივ მოსახლეებს. ყველაფრის მოგვარება შეიძლება, თუ პრიორიტეტად ხალხისთვის სასარგებლო კანონის უზენაესობა იქნება ქვეყანაში. ხელისუფლებამ თავად უნდა მოიკლოს ფული და მისცეს გაჭირვებულ ფენას, ძალიან დიდი უფსკრულია ხალხსა და ხელისუფლებას შორის, მიუწვდომლობის შეგრძნებაა და ამას სასწრაფოდ მოვაგვარებდი''. 


ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც ,,ბუკინისტებთან'' წიგნებს ათვალიერებდა, მიპასუხა - პრემიერი რომ ვიყო, აქ კი არ ვიდგებოდიო. ალბათ ესეცაა პრობლემა, ადამიანებს გვაქვს განცდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები პრივილეგირებულ კლასს მიეკუთვნებიან. უცებ მომინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ამ ქალბატონის გვერდით პრემიერს დაგვინახავდი, რომელიც საინტერესო წიგნებს ისევე დაათვალიერებდა, როგორც მისი თანამოქალაქეები. 


ისიც უნდა აღვნიშნო, რომ როდესაც კითხვას ვსვამდი, მოსახლეობის უმეტესობა პასუხს თავს არიდებდა. არ ვიცი, 9-წლიანი რეჟიმიდან გამოყოლილი სინდრომია, თუ ახლაც არაა საკმარისი თავისუფლების შეგრძნება აზრის დასაფიქსირებლად, მაგრამ ფაქტია, მთავრობის მეთაურზე საჯაროდ საუბარს მოსახლეობის უმრავლესობა თავს არიდებს.

ნანახია - 504

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80