დენის გაძვირების შიში მოიხსნა
ეკონომიკა

დენის გაძვირების შიში მოიხსნა

დენის გაძვირების შიში მოიხსნა
ბექა დანელია

2016-12-27 19:00:23

მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფი უცვლელი დარჩა. წესით და რიგით, დენის ღირებულება 1 წლის განმავლობაში აღარ უნდა შეიცვალოს, თუკი ლარის დევალვაცია წარმოუდგენელ ზღვარს არ მიაღწევს. თბოსადგურებისთვის ტარიფი დაანგარიშებულია კურსით - 1 დოლარი 2,78 ლარი, ხოლო გენერაციის დანარჩენი ობიექტებისთვის - 2,50 ლარი.

როგორც საქართველოს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 26 დეკემბრის სხდომაზე გახდა ცნობილი, დედაქალაქში დენის საფასური უცვლელი იქნება. მხოლოდ 0,035 თეთრით მოიმატებს კომერციულ სექტორში საშუალო ძაბვაზე ელექტროენერგიის ფასი, ხოლო მაღალ ძაბვაზე ტარიფი 0,446 თეთრით გაიზრდება.

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არც რეგიონებში შეიცვლება. იქაც ცოტაოდენი მატებაა მხოლოდ მსხვილ კომერციული მომხმარებლების სეგმენტში. კერძოდ, საშუალო ძაბვის მომხმარებლებს ელექტროენერგია რეგიონებში 0,657 თეთრით გაეზრდებათ, ხოლო მაღალი ძაბვის მომხმარებლებს - 0,001 თეთრით.

სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ განმარტა, თუ რატომ გაითვალისწინეს ახალ ტარიფებში ეროვნული ვალუტის გავლითი კურსი დოლართან მიმართებით 2.50-ის ნიშნულზე.

„ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო იმის გათვალისწინებით, რომ ეს კურსი არის ასახული ბიუჯეტის პროექტში და წინა ორი წლის განმავლობაში, როდესაც ტარიფებს ვთვლიდით, ამ ფაქტორს ვითვალისწინებდით. უკანასკნელი კვირის ტრენდიც აჩვენებს, რომ ლარის კურსი მყარდება, მაგრამ კითხვა რჩება, რატომ გავითვალისწინეთ თბოელექტროსადგურების შემთხვევაში 2.78 თეთრი? ეს იყო კომისიის მხრიდან ძალიან სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილება, რადგან საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირებისგან განსხვავებით, თბოსადგურები პირდაპირ და უშუალოდ არიან დამოკიდებულნი ვალუტის კურსზე.

დეკემბერში გამომუშავება უკვე ნიშნავს იმას, რომ მათ ბუნებრივი აირის საფასური მიმდინარე კურსით უნდა გადაიხადონ. ამის გათვალისწინებით, ჩვენ რისკის ქვეშ არ დავაყენეთ ამ საწარმოების საქმიანობა, რადგან მათ გაზის შესყიდვაში პრობლემა აუცილებლად შეექმნებოდათ“, - განმარტა მილორავამ.

სემეკის გადაწყვეტილებით კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ უკმაყოფილოა. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. კომპანიას ხარჯი გაეზარდა, თუმცა ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ ეს მომხმარებელზე არ აისახოს.

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ხაზს უსვამენ, რომ მილიონზე მეტი აბონენტი ჰყავთ, საიდანაც კომერციული მომხმარებელი უფრო ნაკლებია.

ახალ ტარიფებთან დაკავშირებით „თელასში“ შენიშვნები არ გამოუთქვამთ, თუმცა, როგორც კომპანიის კომერციული დირექტორის მოადგილემ მიხეილ ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი შენიშვნები ეხება კომპანიის მიერ გაწერილ დანახარჯებს, რომელთა ნაწილი სემეკმა ტარიფში გაითვალისწინა, ნაწილი კი - არა.

„ერთი შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ ყველა იმ პროექტის განხორციელების საშუალება ექნება კომპანიას, რომელიც წარმოდგენილი სატარიფო ბადიდან გამომდინარეობს“, - განაცხადა ანთაძემ. მისივე თქმით, მარეგულირებელმა კომისიამ ახალ ტარიფში კომპანიისთვის ლარის გაუფასურებით მიღებული ხარჯებიც გაითვალისწინა.

„ლარის გაუფასურება ასახულია, როგორც შესყიდვის, ასევე სამომხმარებლო ტარიფში“, - აღნიშნა მან.

ნანახია - 633

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80