“…ეს დაეხმარება მყიდველს უკეთ დაგეგმოს მისი შესყიდვა”
ეკონომიკა

“…ეს დაეხმარება მყიდველს უკეთ დაგეგმოს მისი შესყიდვა”

“…ეს დაეხმარება მყიდველს უკეთ დაგეგმოს მისი შესყიდვა”
ბექა დანელია

2016-12-28 22:00:19

ახალი წლიდან უძრავი ქონების ფასი მხოლოდ ლარში დადგინდება და ყიდვა-გაყიდვაც მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში უნდა მოხდეს. რა გამოიწვევს ეს ბაზარზე ჯერჯერობით დადგენილი არ არის, მაგრამ ხელისუფლება მხოლოდ დადებით მომენტებზე საუბრობს.

`საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ~ კანონში ცვლილების პროექტი დეველოპერებს ავალდებულებს, უძრავი ქონების რეალიზაციისას და რეკლამირებისას ფასი გამოხატული იყოს მხოლოდ ლარში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ლარში ფასდადება სხვა ვალუტაში ფასის გამოცხადების აკრძალვას არ გულისხმობდა, მაგრამ კანონის პროექტში მხოლოდ ლარია მითითებული.

`საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევისას, ასევე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან_და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით~, - ნათქვამია კანონპროექტში, რომლის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

კანონპროექტში საუბარია ასევე იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთებზეც. კერძოდ, განმარტებით ბარათში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ჩათვლით (გარდა იპოთეკის სანოტარო წესით დამოწმებასა და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა), არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის მეთორმეტედს, რაც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ილია წულაიას ინფორმაციით, მშენებლები მთავრობის მიერ გამოცხადებულ ლარიზაციის პროექტს მხარს უჭერენ. მოსალოდნელ ცვლილებას ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდანაც აქვს მხარდაჭერა.

`პირადად მაქვს ბიზნეს გამოცდილება და ამიტომ კანონპროექტების განხილვის დროს არაერთ კოლეგასთან მქონდა საუბარი. სამშენებლო ბიზნესთან გუშინაც გვქონდა შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში.  ლარიზაციას მიესალმება ყველა მშენებელი, უბრალოდ, საუბარია, რომ ბანკები წამოვიდნენ გრძელვადიან ურთიერთობაზე.

მქონდა შეხვედრა ბანკების ხელმძღვანელებთანაც და მათი პოზიციაც ვიცი. ისინიც მიესალმებიან ამ პროცესს, რადგან ეროვნული ბანკი მაქსიმალურად უწყობს ხელს ლარიზაციას. საფრთხე, რომ ამით ეკონომიკური ზრდა ან საბაზრო ბრუნვა შემცირდეს, არ არსებობს. ყველა, ვისთანაც კი ბოლო პერიოდში ამ საკითხთან დაკავშირებით მისაუბრია, ცვლილებებს დადებითად ეკიდება~, - აღნიშნა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ილია წულაიამ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ ხაზი გაუსვა უძრავი ქონების ბიზნესში მოსალოდნელ დადებით მომენტებს. მისი თქმით, თანამოქალაქეებს შეეძლებათ ფასების შედარება როგორც კონკურენტის ფასებთან, ისე საკუთარ შემოსავალთან. მთავარი მიზანია, რომ საქონლის რეალიზაციის ან მომსახურების რეკლამირებისას დაცული იყოს თითოეული მომხმარებლის ინტერესი.

`კურსის ცვალებადობა პრობლემებს უქმნის უძრავი ქონების ბიზნესს. თუ ლარი უფასურდება, უძრავი ქონება იაფდება და პირიქით. ამ სექტორში ხშირია ფასის მერყეობა, გაყიდვის შემცირება და სხვა პრობლემები. მეორე მხრივ, თუკი უძრავი ქონების ფასი ლარით იქნება განსაზღვრული, ეს დაეხმარება მყიდველს უკეთ დაგეგმოს მისი შესყიდვა. აღნიშნული გადაწყვეტილება, ასევე, ხელს შეუწყობს ლარის დეპოზიტების ზრდას~, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ და დასძინა, რომ ეროვნულ ვალუტაში მომსახურების ან სარეალიზაციო ფასის ლარში გამოხატვა მომხმარებელს პროგნოზის საშუალებას გაუზრდის, ხოლო ბიზნესისთვის რისკს შეამცირებს.

 

 

ნანახია - 752

leviko

2016-12-29 09:15:14

ვართ პატრიოტები და გადავიხდით და ვიყიდით ყველაფერს ლარში. ის ოპერაციები რაც ხდება დოლარში ეგრევე ამდიდრებს ამერიკას. ასე რომ თუ მასეთი პატრიოტები ვართ უნდა დავიცვათ ჩვენი ფული

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80