ზურაბ აბაშიძის 4-კომპონენტიანი ფორმულა ტერიტორიების დასაბრუნებლად
დაიჯესტი

ზურაბ აბაშიძის 4-კომპონენტიანი ფორმულა ტერიტორიების დასაბრუნებლად

ზურაბ აბაშიძის 4-კომპონენტიანი ფორმულა ტერიტორიების დასაბრუნებლად
მაკა ლომაძე,"ვერსია"

2016-12-29 10:29:15

„რუსეთი ცდილობს, რეგიონში ,,ახალ რეალობას'' შეგვაგუოს, რაც მიუღებელია“

,,აბაშიძე-კარასინის'' ფორმატთან დაკავშირებით, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ მოლაპარაკებებს შედეგი არ მოაქვს, ნაწილი კი, ფორმატს წარმატებულს უწოდებს. როგორ აფასებს ,,აბაშიძე-კარასინის'' ფორმატის საქმიანობას თავად ზურაბ აბაშიძე? გამოცდილი დიპლომატი, პოლიტოლოგი, ყოფილი ელჩი ნატო-ში, ევროკავშირში, ბენილუქსის ქვეყნებსა და რუსეთში, ,,ვერსიას'' ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს, გულახდილად საუბრობს იმაზე, რა შედეგი გამოიღო რუსეთთან დიალოგმა და რა პერსპექტივები არსებობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დარეგულირების კუთხით.


- ბატონო ზურაბ, „აბაშიძე-კარასინის ფორმატის'' ოთხწლეულს როგორ შეაფასებთ, რა შედეგი დაიდო და რისი იმედი უნდა გვქონდეს მომავალში? 


- ამ ფორმატის საქმიანობის შედეგების შეფასებას, როგორც წესი, საზოგადოებას, ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს ვანდობ. პირდაპირი დიალოგის დაწყებისთანავე განვსაზღვრეთ მისი დღის წესრიგი და მანდატი. იგი უმთავრესად შემოიფარგლება კონკრეტული საკითხების განხილვით, რომლებიც დაკავშირებულია სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებთან, სატრანსპორტო კავშირებთან, ტურიზმთან, გარკვეულ ჰუმანიტარულ საკითხებთან. როცა დიალოგს ვიწყებდით, რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქციისათვის დახურული იყო. ამ ფონზე, ჩვენი ამოცანა გახლდათ, გაგვეხსნა ეს ბაზარი და შექმნილი დისბალანსი ნაწილობრივ გამოგვესწორებინა. 


- რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისთვის უკვე გახსნილია. გამოდის, მიზანს მიაღწიეთ? 


- დიახ, ყოველწლიურად, საქართველოში, შეზღუდვების გარეშე, 500 მილიონი დოლარის რუსული პროდუქცია შემოდიოდა. ექსპორტი კი, პრაქტიკულად, არ ხორციელდებოდა, რაც უარყოფითად აისახებოდა ჩვენს ეკონომიკაზე. ეს ვითარება გამოსწორდა - რუსეთის ბაზარი გახსნილია. ამ 4 წლის განმავლობაში, დაახლოებით 850 მილიონი დოლარის ღირებულების ქართული ნაწარმი გავიდა რუსეთში. უმთავრესად, სოფლის მეურნეობის პროდუქცია: ღვინო, კონიაკი, მინერალური წყალი... ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ფერმერების, ბიზნესმენების, სატრანსპორტო კომპანიებისა და ბიუჯეტისათვის. 


- დისბალანსი თუ გამოსწორდა სატრანსპორტო ურთიერთობებსა და ტურიზმში? 


- რა თქმა უნდა. 2012 წლამდე, რუსული სატრანსპორტო კომპანიები საქართველოში მშვენივრად გრძნობდნენ თავს: ეზიდებოდნენ ტვირთებს. ქართულ კომპანიებს კი ამის საშუალება არ ჰქონდათ. ესეც გამოსწორდა და უკვე ასზე მეტი მცირე და საშუალო სატრანსპორტო კომპანია მონაწილეობს სავაჭრო ოპერაციებში. ეს სწრაფად მზარდი ბიზნესია. მხედველობაში მაქვს როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო გადაზიდვები, არა მხოლოდ საავიაციო მიმოსვლა, რაც მნიშვნელოვნად გაიზარდა, არამედ სახმელეთო მარშრუტები, თბილისი-მოსკოვის, ბათუმი-როსტოვისა და სხვა მიმართულებით. ასე რომ, ეს დისბალანსიც გამოსწორდა და უამრავმა ჩვენმა მოქალაქემ იხეირა. ამ ყველაფერმა ერთად, ხელი შეუწყო რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდას საქართველოში. წელს რეკორდული ციფრი დაფიქსირდა - მილიონამდე რუსი ტურისტი შემოვიდა და ტურისტულმა კომპანიებმაც და სახელმწიფომაც სარგებელი ნახა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ რუსეთთან ურთიერთობაში დაძაბულობის გრადუსი შემცირდა. ეს მნიშვნელოვანია როგორც შიდაპოლიტიკური პროცესებისთვის, ისე საგარეო ურთიერთობებისთვისაც. ისეთ მცირე ქვეყანას, როგორიც საქართველოა, თუ დანასისხლად გადამტერებული ურთიერთობები აქვს რუსეთთან, უცხოელი ინვესტორის მოზიდვა გაუჭირდება. ზოგადად, რუსეთთან დიალოგი ხელს უწყობს ჩვენი ევროპული პროექტების განხორციელებასაც. 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გავაფორმეთ. რუსეთის მხრიდან კი, ამ თვალსაზრისით, არ ყოფილა ისეთი დიდი ზეწოლა, როგორიც იყო უკრაინასა და მოლდოვაში. 


- ამ ფონზე, ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის პროცესიც უმტკივნეულოდ, რუსეთის მხრიდან ზეწოლისა და პროვოკაციის გარეშე ჩაივლის? 


- ვერ ვხედავ ამ კუთხით რუსეთის მხრიდან კრიტიკულ ძალისხმევას. 


სხვათაშორის, ჩვენი ფორმატის საქმიანობასთან დაკავშირებით, იმასაც მოგახსენებთ, რომ დღეისთვის, ჩვენი 7 მოქალაქე გავათავისუფლეთ, რომლებიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით მრავალწლიან სასჯელს იხდიდნენ. ძალიან ბევრი სირთულის მიუხედავად, საბოლოოდ, ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს. მათ შორის რამდენიმე ქალბატონია. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წელს რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმიც გამარტივდა ჩვენი მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, გაცემული ვიზების რაოდენობა, დაახლოებით გაორმაგდა. ეს ინფორმაცია მოგაწოდეთ და ამ ფორმატის მუშაობის შეფასება, თქვენთვის მომინდია. ისე, იმასაც შეგახსენებთ, რ4ომ რუსეთთან ურთიერთობის ყველაზე რთული საკითხები, რომლებიც უმთავრესად ოკუპირებულ ტერიტორიებთანაა დაკავშირებული და ასე აღელვებს ჩვენს მოსახლეობას, ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების ფორმატში განიხილება. ეს განხილვისა და განსჯის ცალკე საკითხია. 


- ამ მიმართულებით კი, რაიმე მნიშვნელოვანი წინსვლა არ შეინიშნება... 


- სამწუხაროდ, კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით, არანაირი პროგრესი არ გვაქვს. გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და მათი მზარდი ინტეგრაცია რუსეთის ფედერაციაში, უხეშად ირღვევა ჩვენი მოსახლეობის უფლებები, საერთაშორისო სამართლის პრინციპები. რუსეთი ყოველნაირად ცდილობს, შეგვაგუოს ე.წ ახალ რეალობას რეგიონში, რაც ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია. ასეთი პოლიტიკის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კვლავ კრიტიკული იქნება და ძალისხმევას არ შევამცირებთ. ამ თვალსაზრისით, საერთაშორისო თანამეგობრობისა და დასავლელი პარტნიორების სრული მხარდაჭერა გვაქვს. 


- განათლება რუსეთში გაქვთ მიღებული. პირადი კონტაქტები დღევანდელ საქმიანობაში გეხმარებათ? 


- რუსეთი პრობლემური ქვეყანაა და უნდა იცოდე მისი სპეციფიკა. ვფიქრობ, მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ რუსეთისა და რეგიონის ქვეყნების პრობლემების შესწავლას, სპეციალისტების მომზადებას. მათი სერიოზული დეფიციტია, რაც სირთულეებს წარმოქმნის. რუსეთთან ყველას უჭირს ურთიერთობა - მეზობლებს, აშშ-ს და ევროპასაც; ამიტომ, ამ ქვეყნის სიღრმისეული ცოდნაა საჭირო და არა მხოლოდ გაზეთების, ურთიერთობების დონეზეც. 


- აშშ ახსენეთ. თქვენი აზრით, ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ორ გიგანტ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა შეიცვლება? 


- საქართველო-ამერიკის ურთიერთობების პერსპექტივებს ოპტიმიზმით შევცქერით, ამის საფუძველი ნამდვილად გვაქვს. ტრამპი არაორდინალური პოლიტიკოსია. ამბობს, რომ კარგი ურთიერთობები სურს რუსეთთან. თუ ამ სურვილის რეალიზებას მოახდენს, მხოლოდ მივესალმებით. თუმცა ჯერ ბევრი კითხვა არსებობს, რომლებზე პასუხებს მაშინ მივიღებთ, როცა აშშ-ს ახალი პრეზიდენტი პოლიტიკის პრაქტიკულ რეალიზებას დაიწყებს. 


- პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ბრძანდებით. ოკუპანტს რა ენაზე უნდა ესაუბროს თქვენნაირი გამოცდილი დიპლომატი, რომელსაც რუსეთში ელჩადაც უმსახურია? 


- რუსეთთან მუშაობა იოლი არც ელჩობის პერიოდში იყო და არც ახლაა. თუმცა ჩემი აზრით, დიპლომატისათვის რაც უფრო რთულია საქმე, მით საინტერესოა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თქვენ ალბათ სასაუბრო ენის შინაარსობრივ მხარეს გულისხმობთ და არა გარეგნულ ეფექტებს. არ ვარ მომხრე, მუშტები ვუქნიოთ და ვაგინოთ რუსეთს, რეალური პოლიტიკით კი დავაზიანოთ ქვეყნის ინტერესები. ის, რაც მოხდა 2008 წელს, იყო კატასტროფა - ქვეყანა ფაქტობრივად დაიშალა. ამაზე პასუხისმგებლობა იმ ხელისუფლებასაც აუცილებლად აკისრია, რომელსაც რუსეთის მიმართ ძალიან ხმამაღალი, მკვახე რიტორიკა ჰქონდა. მეორე მხრივ, მოსკოვმა ჩვენი ტერიტორიის 20% „გადაიფორმა“, ხოლო ჩვენი ენერგოსისტემის უდიდესი ნაწილი რუსულმა კომპანიებმა შეიძინეს და ყოველივე ამის გამო, ბოდიშიც არავის მოუხდია. 


- ამ ფონზე, ტერიტორიების დაბრუნების იმედი გაქვთ? 


- მიუხედავად იმისა, რომ ხალხი დაიღუპა, რაც უმძიმესი შედეგია, ინფრასტრუქტურა დაინგრა და ეთნიკური წმენდა განხორციელდა, 2008 წლის აგვისტოს ყველაზე მძიმე შედეგი ისაა, რომ რუსეთმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა და ამით სამართლებრივად მოჯადოებულ წრეში აღმოვჩნდით. აქედან გამოსავალი ჯერ არ ჩანს, რადგან რუსეთი ამ გადაწყვეტილების უკან წაღებას არ აპირებს, ჩვენ კი ამას ვერასდროს შევეგუებით. როდის და რამ შეიძლება ეს გამოასწოროს, ძნელი სათქმელია, მაგრამ ჩვენ, უნდა ვიზრუნოთ, რომ რაღაც ეტაპზე ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს. ჩემი ფორმულაც მაქვს. ნახევრად სერიოზულად, როგორც მანქანას სჭირდება ოთხი ბორბალი, ისე ამ ვითარების გამოსწორებასაც სჭირდება ოთხი აუცილებელი კომპონენტი: საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი მხარდაჭერა; აფხაზებთან და ოსებთან საერთო ენის გამონახვა; რუსეთთან საერთო ენის გამონახვა და მეოთხე - ჩვენ უნდა გავხდეთ იმდენად მომხიბვლელი ქვეყანა, რომ აფხაზებსა და ოსებს ჩვენთან ცხოვრება მოუნდეთ. 


- მომხიბვლელი გავხდებით ვიზალიბერალიზაციის შემდეგ? უვიზო მიმოსვლით ხომ, მთელი საქართველო, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობაც ისარგებლებს? 


- აფხაზეთსა და ოსეთში საქართველოს მიერ წარმატებით განხორციელებული ევროპული პროექტი ინტერესს გააჩენს, თუმცა ამ ეტაპზე, რაღაც კონკრეტულის დაბეჯითებით მტკიცება ალბათ რთულია. 


- თქვენ ხართ ავტორი წიგნისანატო და საქართველო - უტოპიიდან რეალობისკენ“. როგორ გაშიფრავთ ამ სათაურს დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე? 


- 1990-იან წლებში ნატო-ში გაწევრიანება ჩვენთვის მართლაც უტოპია იყო, დღეს კი გაცილებით ახლოს ვართ ამ რეალობასთან. ალიანსში გაწევრიანება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტირების თვალსაზრისით. 


- ანუ, ბოლოს და ბოლოს, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდება? 


- რაღაც სინათლეს ვხედავ, მთავარია, იქიდან მომავალი მატარებელი არ იყოს... 


- იუმორი გეხმარებათ, ბატონო ზურაბ, დიპლომატიაში? 


- დიახ, სხვათა შორის, თუ დამიჯერებთ, ბატონ კარასინს იუმორის მშვენიერი გრძნობა აქვს. მას თითქმის 40 წელია ვიცნობ. თუმცა როცა ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ხარ, ბუნებრივია, გარკვეულ ჩარჩოებში მოქმედებ... მსოფლიო მართლაც იცვლება. ჩვენ ამ დიდი გლობალური სურათის მხოლოდ მცირე ნაწილი ვართ. მზად უნდა ვიყოთ, რთულ სამყაროში საცხოვრებლად, სადაც იქნება ძალიან დიდი კონკურენცია. ჩემს სტუდენტებსაც ვურჩევ, დღევანდელ სამყაროში დაივიწყონ სიტყვა „გარანტია“. ჩვენ, უბრალოდ, უნდა ვაკეთოთ ის, რაც ჩვენი გასაკეთებელია და მოვუაროთ იმას, რაც ჩვენი მოსავლელია. პირადად მე მუდამ ოპტიმისტი ვიყავი და ვარ.

ნანახია - 662

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80