კობა შანავა: „ღვიძლის გადანერგვა ისეთივე კანონზომიერი მოვლენაა, როგორც - სისხლის გადასხმა“
საზოგადოება

კობა შანავა: „ღვიძლის გადანერგვა ისეთივე კანონზომიერი მოვლენაა, როგორც - სისხლის გადასხმა“

კობა შანავა: „ღვიძლის გადანერგვა ისეთივე კანონზომიერი მოვლენაა, როგორც - სისხლის გადასხმა“
მანანა ნოზაძე

2016-12-29 18:49:47

ბოლო წლებია, საქართველოში ღვიძლის გადანერგვის ურთულესი ოპერაციები წარმატებით მიმდინარეობს. მანამდე პაციენტებს, რომელთაც უცხოეთში სამკურნალოდ შესაბამისი თანხები არ ჰქონდათ, უცილობელი სიკვდილი ელოდათ. დღეს მათთვის საუკეთესო გამოსავალია, რომ მარტო „ავერსის“ კლინიკაში შვიდი ოპერაცია წარმატებულად ჩატარდა. თუმცა ამ დარგში ჩახედული ადამიანები ხელოვნურ ბარიერებსაც აწყდებიან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გვამური დონაციის შესახებ კანონი უკვე მიღებულია, პრობლემას ქმნის მონაცემთა ბაზის არარსებობა, სადაც მთელი საქართველოს მასშტაბით კლინიკაში გარდაცვლილი ადამიანების დაფიქსირება, შემდეგ კი ორგანოების ამოღება და ამით სხვა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა მოხდება.

ღვიძლის ტრანსპლანტაციის პირველი ნაბიჯების შესახებ For.ge-ს კლინიკა „ავერსის“ ჰეპატო-პანკრეატო-ბილიარული ქირურგიისა და ტრანსპლანტოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი კობა შანავა ესაუბრა, რომელმაც აღნიშნულ კლინიკაში ღვიძლის გადანერვის არაერთი წარმატებული ოპერაცია უშუალოდ ჩაატარა.

მსოფლიოში ღვიძლის გადანერგვის უამრავი ოპერაცია კეთდება. აქედან, ნახევარი ცოცხალი დონაციაა, ნახევარი-გვამური. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში, სადაც მედიცინის ეს დარგი პირველ ნაბიჯებს დგამს?

- საქართველოში პირველი ნაბიჯები იდგმება ღვიძლის ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებით. ეს გულისხმობს ორგანოს გადანერგვას ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანის ორგანიზმში. ანუ სრულიად ჯანმრთელი დონორი, რომელიც არ არის პაციენტი, საკუთარი ღვიძლის ნაწილს მეორე ადამიანს-რეციპიენტს უთმობს, რომელიც დაავადებულია. მოგეხსენებათ, არსებობს ორი მიდგომა, ერთ-ერთი მიდგომაა ღვიძლის გადანერგვა გვამური დონორიდან, ანუ, როცა ადამიანი კლინიკაში სხვადასხვა მიზეზის გამო იღუპება. თუკი ღვიძლი ჯანსაღია, ჩვენ შეგვიძლია გვამიდან ავიღოთ ღვიძლი და არა მარტო ღვიძლი, სხვა ორგანოებიც გადავუნერგოთ რეციპიენტს, რომელსაც ამა თუ იმ ორგანოს გადანერგვა სჭირდება. დღესდღეობით საქართველოში დავნერგეთ ცოცხალი დონორიდან ტრანსპლანტაცია. ეს აიხსნება იმით, რომ  პრობლემებს ვაწყდებით ამ საკითხთან დაკავშირებით და ჯერჯერობით არ გვაქვს უფლება, გვამიდან ავიღოთ ორგანო.

გვამური დონაცია, მე მგონი,  საქართველოში უფრო მისაღები უნდა იყოს იმის გამო, რომ ცოცხალი ადამიანის, ანუ ჯანმრთელი ორგანიზმის დაზიანება არ ხდება. აქედან გამომდინარე, პრობლემას აწყდებით ოჯახიდან თუ საპატრიარქოდან? როგორც ვიცი, პატრიარქმაც დასტური გასცა ტრანსპლანტოლოგიის მეთოდის გამოყენებაზე. მაშინ სად არის პრობლემა?

- გვამური დონაციის უპირატესობიდან დავიწყებ. მისი პირველი უპირატესობაა ბევრად უფრო გამარტივებული პროცედურა. რაც შეეხება ცოცხალ დონორს, აქ უკვე საუბარია ორ ოპერაციაზე. ადამიანს, რომელიც არის ჯანმრთელი და არაპაციენტი, ძალიან მცირე, მაგრამ მაინც რისკის ქვეშ ვაყენებთ. მის ორგანოს ვეხებით ღვიძლის სახით, რომელსაც ორგანიზმში ყველაზე სერიოზული ფუნქცია აქვს. ღვიძლი უამრავ ფუნქციას ასრულებს. ამ დროს კი ჩვენ ამ ორგანოს დაახლოებით 70 %-ს ვიღებთ. აქედან გამომდინარე, ჯანმრთელი ადამიანი გარკვეული რისკის ქვეშ დგება. ძალიან მცირეა ეს რისკი- 0, 01 %, თუმცა რისკი მაინც არის იმ ადამიანის, რომელიც, ვიმეორებ, არ არის პაციენტი და საერთოდ არ არის არაფრით დაავადებული. მეორე, უნდა გამოვყოთ ტექნიკური ფაქტორიც. ოპერაციის შესრულება ბევრად უფრო მარტივია გვამური ტრანსპლანტაციის დროს, ვიდრე ცოცხალი დონორის შემთხვევაში.

დროის დაზოგვის თვალსაზრისით?

- დროის თვალსაზრისითაც და ტექნიკურადაც. ცოცხალი დონორის შემთხვევაში, ჩვენ გვიწევს ამოღებული გრაფტის, ანუ ორგანოს-ღვიძლის რეკონსტრუქცია. ხელოვნური სისხლძარღვოვანი პროთეზების გამოყენებით ჯერ უნდა გაკეთდეს სისხლძარღვების პლასტიკა, შემდეგ უნდა მოხდეს მისი დამუშავება, რაც, ასევე, გარკვეულ დროსა და ტექნიკურ სირთულეს მოითხოვს. ამის შემდეგ უკვე ხდება მისი გადანერგვა რეციპიენტში. გვამური დონაციის დროს კი პირდაპირ ხდება მთლიანი ღვიძლის ამოღება გვამიდან და მისი გადანერგვა, ანუ დროსაც ვიგებთ, ტექნიკურადაც უფრო ადვილია და, პლუს ამას, რისკის ქვეშ არ ვაყენებთ სრულიად ჯანმრთელ ცოცხალ ადამიანს.

უცხოეთშიც გვამურ დონაციას ანიჭებენ უპირატესობას?

- დიახ, ევროპაში, ამერიკაში მეტი წილი, ანუ დაახლოებით 95 % კეთდება გვამური ტრანსპლანტაცია. აზიურ ქვეყნებში უფრო გავრცელებულია ცოცხალი დონორი და იქაც პრობლემებია ამასთან დაკავშირებით. ახლა კონკრეტულად ჩვენ რა გვიქმნის პრობლემას. გვამური დონაციის კანონი უკვე არსებობს საქართველოში, მაგრამ პრობლემაა თვითონ სისტემის შექმნაში, ამ სისტემის არარსებობაში. კერძოდ, გვამური დონაცია საქართველოში არ არსებობს. რას ვგულისხმობ ამაში? როდესაც ადამიანი გარდაიცვლება (გარდაცვალებას ჩვენ ვეძახით, როცა დადგება ტვინის სიკვდილი), ეს უნდა დაფიქსირდეს კლინიკაში, რომ პიროვნებას, რომელიც სხვადასხვა დაავადების გამო გარდაიცვალა, 100 %-ით დაუდგა ტვინის სიკვდილი. ამის  შემდეგ არანაირი ალტერნატივა არ არსებობს, რომ ადამიანი გამოვა ამ მდგომარეობიდან.

ამ შემთხვევაში, ძირითადად ახალგაზრდა დონორზეა საუბარი?

- აქაც ლიმიტი არსებობს. იდეალური ასაკის დონორად ითვლება 45 წლამდე ადამიანი. არის შემთხვევები, როცა უფრო ზედა ასაკში მყოფი პიროვნების ორგანოსაც ვიყენებთ. გვქონია შემთხვევა, როცა 56 წლის ასაკის დონორიც გამოგვიყენებია, თუმცა მაშინ სხვა ალტერნატივა არ გვქონდა. კიდევ უფრო განვავრცობ ამ საკითხს. სისტემა გულისხმობს, რომ, პირველ რიგში, უნდა არსებობდეს მონაცემთა ბაზა და პაციენტის გარდაცვალება უნდა ფიქსირდებოდეს სადღაც მთელი საქართველოს მასშტაბით. შემდგომ ამისა, ადგილზე ჩავა სპეციალურად შექმნილი ჯგუფი და დასვამს დიაგნოზს-ტვინის სიკვდილი. ეს უკვე უფლებას მოგვცემს, განვახორციელოთ ორგანოს ექსპლანტაცია, ანუ ამოღება. ამისთვის კიდევ ცალკე ჯგუფი, ბრიგადაა საჭირო, რომელიც ადგილზე მივა, რადგან ამ სამუშაოს ყველა ვერ შეასრულებს, ადგილობრივ ჯგუფს ეს არ ხელეწიფება. ამიტომ შექმნილი უნდა იყოს ერთი ჯგუფი, რომელიც მოახდენს  ორგანოების ამოღებას. ღვიძლი, ფილტვი, გული, ყველაფერი შეიძლება ერთად კომპლექსში ამოვიღოთ და ერთ გვამურ დონორს შეუძლია მხოლოდ ღვიძლით დაავადებულის კი არა, მთლიანობაში, ხუთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.

მაგრამ ამ შემთხვევაში, თუნდაც ესქატოლოგიური ანუ ქრისტეს მეორედ მოსვლის პრინციპიდან გამომდინარე, ალბათ, აწყდებით დონორის ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობას.

- არსებობს ამ ტიპის წინააღმდეგობაც. ამისთვის საზოგადოება მზად უნდა იყოს. ჩვენი საზოგადოება ჯერ ამისთვის მზად არ არის და არანაირი ნაბიჯი ამ მიმართულებით არ იდგმება. ეს უნდა აეხსნას საზოგადოებას. ჩვენთან ფართოდ გავრცელებულია სისხლის გადასხმა. ასევე, სისხლიც სხვა ადამიანის ორგანოა. თუ ამას გაითავისებს საზოგადოება, რომ სისხლის გადასხმაში პრობლემა არ არის, ანალოგიურია ღვიძლიც. სისხლზე პრობლემა არავის აქვს, ჩვეულებრივად, სისხლის დონორებიც არსებობს.

მაგრამ სისხლის გადასხმა ცოცხალი ორგანიზმიდან ხდება,  ღვიძლის გადანერგვის დროს კი ზოგჯერ წყარო გვამური დონაციაა.

- კი ბატონო, სისხლის გადასხმა ცოცხალი ორგანიზმიდან ხდება, მაგრამ მიზანი ერთია-ადამიანის გადარჩენა. რატომ ვახსენე სისხლი, თქვენ სარწმუნოება და პატრიარქი ახსენეთ. სასულიერო პირებს შორისაც აზრი ორად არის გაყოფილი. ერთი ჯგუფი ამას ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ კანონზომიერებას ვარღვევთ, როცა ვითხოვთ გვამურ ან ცოცხალ დონაციას, ორგანოს ამოღებას, ამით სხვა ცოცხალი ადამიანის გადარჩენას, რაც რელიგიურად არასწორია. მეორე ჯგუფი კი ჩვეულებრივად მიიჩნევს, რომ ჩვენი მოქმედება სწორია და ტრანსპლანტაცია უნდა გაკეთდეს, თუკი ეს ადამიანს გადაარჩენს.

მე ვიცი, რომ თქვენს პაციენტთა შორის არიან მოძღვრებიც.

- ამ შვიდი გადანერგილიდან ერთი გახლავთ მოძღვარი, რომელსაც, ასევე, ღვიძლის დაზიანება აღენიშნებოდა. შვიდივე ოპერაცია „ავერსის“ კლინიკაში წარმატებით დასრულდა და შვიდივე პაციენტი ცოცხალია.

თუმცა გამოჯანმრთელების პერიოდია შედარებით რთული.

- ამ მხრივ ტრანსპლანტაციას გამოვარჩევ. ბევრი ქირურგიული  ოპერაციის შემდეგ გარკვეული პერიოდი გაივლის და პაციენტს მთელი ცხოვრების განმავლობაში ქირურგის არანაირი ყურადღება არ სჭირდება. ყველა ქირურგიული ოპერაციისგან გამოვყოფდი გადანერგვას, რადგან აქ მხოლოდ ოპერაციით არ მთავრდება ყველაფერი. არ ხდება ისე, რომ ჩატარდა ოპერაცია და მორჩა. აქ ცოტა სხვანაირი მიდგომაა საჭირო. ეს არის ძალიან რთული პრეოპერაციული, ანუ ოპერაციამდელი მომზადების პერიოდი, უშუალოდ ოპერაციის პერიოდი და პოსტოპერაციული პერიოდი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება. ანუ ოპერაციის შემდეგ პაციენტისა და ექიმის ურთიერთობა განგრძობითია. შესაძლოა, მთელი ცხოვრების განმავლობაში პაციენტს კორექცია დასჭირდეს. ამიტომ მისმა მკურნალმა ექიმმა მყისიერად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ ჩარევისა და რჩევის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ იმ ფაქტს, რომ პაციენტები საქართველოდან უცხოეთში მიდიან და იქ ხდება გადანერგვა.

უცხოეთში გაცილებით უფრო ძვირადღირებულია ეს ოპერაცია.

- გაცილებით ძვირი ღირს, თუმცა მარტო თანხაზე არ არის საუბარი. ჩვენ ძალიან ბევრი პაციენტი გვყავს, რომლთაც თურქეთში ჩაუტარდათ ოპერაცია, მაგრამ დღესდღეობით ჩვენთან აქვთ კონტაქტი, რადგან გართულება მოხდა. სიტყვაზე, პაციენტი თურქეთში ჩასვლას ვერ ახერხებს, ან იქაურ ექიმს არ სცალია და ამ დროს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ერთ ან ორ საათში, მაქსიმუმ, 24 საათში. ცხადია, ასეთ მოკლე პერიოდში პაციენტი ვერ მოახერხებს თურქეთში დაკავშირებას თავის პროფესორთან, რამაც შეიძლება ისეთი გართულება გამოიწვიოს, რომ მისი კორექცია ვეღარ შევძლოთ. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, ყველამ გაიგოს, რატომ არის აუცილებელი, რომ ადგილზე, საქართველოშივე ტრანსპლანტაციის პროგრამა თავიდან ბოლომდე გამართულად მუშაობდეს.

ჩვენი ექიმების კვალიფიკაცია უკვე იმ დონეზეა მიღწეული, რომ უცხოელი მედიკოსების მეთვალყურეობის გარეშეც შეძლებენ დამოუკიდებელ ქირურგიულ ჩარევას?

- საქართველოში ჯერჯერობით ვმუშაობთ უცხოელი მენტორის ქვეშ. ჩვენს შემთხვევაში, ეს გახლავთ ჩემი მასწავლებელი, მსოფლიო დონის ექსპერტი ღვიძლის ქირურგიაში. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ამ დარგის განვითარების პირველი ნაბიჯები, ჩვენ არ გვინდა, რაიმე სახის შეცდომები დავუშვათ. არა მარტო ქირურგიული ტექნიკის კუთხით, არამედ ზოგადად. ეს ოპერაცია არ არის მხოლოდ ოპერაცია. შეიძლება, ტექნიკურად იდეალურად შეასრულო ოპერაცია, მაგრამ პატარა, მცირე შეცდომის გამო პროცესი ძალიან  ცუდად დასრულდეს. ამიტომ ვცდილობთ, ვიყოთ იმ ხალხის ზედამხედველობის ქვეშ, რომელთაც ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვთ ამ დარგში. მათ უკვე წლებია, გამართული აქვთ ეს სისტემა, წლებია, ამაზე მუშაობენ და ნიუანსები კარგად აქვთ გათავისებული. ეს ლოგიკურიცაა, ჩვენ არ გვქონდა განვითარებული ეს დარგი საქართველოში. მისი ჩამოყალიბება 2014 წლიდან დაიწყო და სულ რამოდენიმე წელიწადია გრძელდება.

თქვენ ახსენეთ პოსტოპერაციული პერიოდი. ცხადია, ახალ ორგანიზმს ვერ იგუებს ადამიანის ორგანიზმი და მის მოშორებას ცდილობს. რამდენად რთულია შეგუებითობა და რამდენადაა ინდივიდზე დამოკიდებული?

- ორგანიზმს „აგრესია“ აქვს ნებისმიერ უცხო ცილაზე. ადამიანის ორგანიზმში თუ რაიმე უცხო მოხვდა, ორგანიზმი ყოველთვის ცდილობს მის განდევნას. აქედან გამომდინარე, გადანერგილი ღვიძლიც მისთვის უცხოა. ეს არის უცხო ცილა, რომელზეც ორგანიზმს მყისიერი რეაგირება აქვს.

გინდაც მისი უშუალო ახლობლის იყოს?

- რა თქმა უნდა, არ აქვს მნიშვნელობა, გინდაც მისი შვილი, დედა ან ძმა იყოს. ის არ არის, როგორც ერთი ორგანიზმი და მისთვის უცხოა. ამიტომ რეციპიენტის, ანუ მასპინძელი ორგანიზმი ამაზე ყოველთვის რეაგირებს და იწყება ე.წ. მოცილების რეაქცია. მან შეიძლება მოიცილოს ეს ორგანო. ეს რომ არ მოხდეს, ჩვენ ვიყენებთ იმუნოსუპრესორებს, თერაპიულ მიდგომას, რომელიც თრგუნავს რეციპიენტის, მასპინძელი ორგანიზმის იმუნურ სისტემას. ამისთვის საწყის ეტაპზე მაღალი დოზით ვიყენებთ სპეციალურ პრეპარატებს-იმუნოსუპერსანტებს, შემდეგ კი-დოზები მცირდება. თუმცა მთელი ცხოვრების განმავლობაში ხდება ამ პრეპარატების მიღება.

ეს შეკითხვა შემთხვევით არ დაგისვით. თუკი ოპერაციის ხელმეორედ ჩატარების აუცილებლობის წინაშე დადგებით, წესით, გვამური დონაცია ყველაზე უფრო ხელსაყრელი უნდა იყოს.

- თუკი გადანერგილებს დასჭირდებათ რეტრანსპლანტაცია, ანუ განმეორებითი გადანერგვა, გვამური დონაცია ყველაზე უფრო ხელსაყრელია. ცხადია, მარტო ამისთვის არ გამოიყენება გვამური დონაცია, თუმცა ერთ-ერთ ფაქტორად შეიძლება ჩავთვალოთ სწორედ ღვიძლის გადანერგვა. არის შემთხვევები, როცა თუნდაც მოცილების რეაქციის გამო, ინფექციის მიზეზით, ან რაიმე სხვა გართულებიდან გამომდინარე, პაციენტს რამდენიმე წლის შემდეგ განმეორებით სჭირდება ღვიძლის გადანერგვა. ასეთ დროს ის აუცილებლად დადგება ამ პრობლემის წინაშე, რადგან ვერ იშოვის ცოცხალ დონორს. ამდენად, თუკი გვამური დონაცია გვექნება, ბევრად უფრო გამარტივდება ასეთი პაციენტების ჩასმა მომლოდინეთა სიაში და მათ კვლავაც აღმოვუჩენთ დახმარებას. ბევრი ფაქტორია, რაც გვამური დონაციის დანერგვას აუცილებელს ხდის. კვლავაც  გავიმეორებ, პირველი ის, რომ ტექნიკურად ბევრად მარტივია გვამური დონორიდან გადანერგვა და, მეორე, ასეთ დროს არ არსებობს რისკი ცოცხალი ადამიანისა, რომელიც საერთოდ არ არის პაციენტი.

რამდენადაც ვიცით, მსოფლიოში 15 ათასი ადამიანი ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას საჭიროებს. როგორია ღვიძლის გადანერგვაზე მოთხოვნილება საქართველოში?

- მოგეხსენებათ, საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებულია დაახლოებით 300 ათასი დაინფიცირებული ცე ჰეპატიტით. აქედან გამომდინარე, თავისუფლად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ამ მხრივ საქართველოში ეპიდემიაა. საქართველოს ხელისუფლების ინიციატივა ცე ჰეპატიტის მკურნალობასთან დაკავშირებით უდაოდ გრანდიოზული და იდეალურია, თუმცა აქ მეორე პრობლემაა. არის პაციენტების კატეგორია, რომელთაც ღვიძლის შორს წასული დაზიანება აქვთ. ეფ-4 - ეს არის ფიბროზის მეოთხე სტადია. მართალია, ამ ადამიანებს ცე ვირუსი გაუნულდათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს მათ განკურნებას. დიდი ალბათობით, მათ დასჭირდებათ ღვიძლის გადანერგვა. აქედან გამომდინარე, ისინი ბოლომდე განკურნებულნი არ არიან და მათ სიცოცხლეს შეიძლება ისევ სერიოზული საფრთხე დაემუქროს. პირდაპირ გეტყვით, ეს იმდენად დიდი დარგია, აქ თუ არ იქნა სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობა, ამ დარგს საქართველოში არანაირი პერსპექტივა არ ექნება.

უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ ჩამოდიან?

- აზერბაიჯანიდან გვაქვს რამდენიმე მიმოწერა, პაციენტებს სურთ საქართველოში სამკურნალოდ ჩამოსვლა. ერთ პაციენტსაც გავუკეთეთ ღვიძლის გადანერგვა, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო, თუმცა წარმოშობით ქართველი. ეს არის დარგი, რომლის პირველი ნაბიჯებიც ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ წარმატებით გადაიდგა.

ფინანსებსაც შევეხოთ. ღვიძლის გადანერგვა რა ჯდება საქართველოსა და უცხოეთში?

- ჩვენთან 65 ათასი $-ია მთლიანი ოპერაცია, ვგულისხმობ პრეოპერაციულ მომზადებას, ანუ კვლევებს, უშუალოდ ოპერაციას და პოსტოპერაციულ პერიოდს, ანუ სანამ პაციენტი კლინიკაში იმყოფება. თურქეთში ანალოგიური მკურნალობა 80 ათასი $-ია.

სახელმწიფოს მხრიდან პაციენტების დაფინანსება მიზერულია?

- მიზერულია. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, მარტო პაციენტების დაფინანსების საკითხი არ არის პრობლემა, პრობლემაა თვითონ ამ დარგის განვითარებაში გაწეული დახმარება. ეს დარგი მოითხოვს დახმარებას, რადგან საწყის ნაბიჯებს ვდგამთ. ცხადია, გვჭირდება სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული ჩართულობა, რათა ეს დარგი განვავითაროთ. სხვანაირად ამ დარგს მომავალი არ აქვს საქართველოში. ეს არ არის რუტინა, ეს არ გახლავთ პრიმიტიული ქირურგია, მარტივი სამკურნალო მიდგომა, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა კლინიკამ საკუთარ თავზე აიღოს და მოაგვაროს. ამას სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული ჩართულობა და საზოგადოების ინფორმირებულება სჭირდება. ამ მხრივ საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა გია თომაძემ საზოგადოების მომზადების კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადადგა.

ნანახია - 6367

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80