პარლამენტმა ე.წ. ლარიზაცია ოფიციალურად გამოაცხადა
ეკონომიკა

პარლამენტმა ე.წ. ლარიზაცია ოფიციალურად გამოაცხადა

პარლამენტმა ე.წ. ლარიზაცია ოფიციალურად გამოაცხადა
თეონა მანაგაძე

2016-12-31 09:30:44

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ეკონომიკური ხედვა გაიზიარა და ქვეყნის ე.წ. ლარიზაციას მხარი დაუჭირა, რომლის შედეგად, მმართველი გუნდი ეროვნული ვალუტის გამყარებას პროგნოზირებს, ოპოზიცია კი მოსალოდნელ ეკონომიკურ საფრთხეებზე აპელირებს.

საკანონმდებლო ორგანომ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ე.წ ლარიზაციას ეხება, 86 ხმით დაამტკიცა და ცვლილებების ნაწილი ძალაში 2017 წლის 15 იანვრიდან შევა, ხოლო მეორე ნაწილი მომავალი წლის 1-ელი ივლისიდან.

მთავრობის მიერ მომზადებული ინიციატივა ძირითადად საფინანსო სექტორს ეხება, სესხების ეროვნულ ვალუტაში გაცემას გულისხმობს და ონლაინ-სესხების საპროცენტო განაკვეთს არეგულირებს, რომლის მაქსიმალური ზედა ზღვარი 100 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა რომან გოცირიძემ ცვლილებათა პაკეტს მხარი არ დაუჭირა და პროექტის თავდაპირველი ვერსიის გაცნობის შემდეგ, მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებები ქვეყნის ეკონომიკის „ჩამონგრევად“ მიიჩნია.

იმის გამო, რომ მთავრობამ დეპუტატების მიერ გამოთქმული შენიშვნები გაითვალისწინა, პარლამენტმა ცვლილებები ჩასწორებებით მიიღო.

როგორც for.ge-ს გოცირიძემ განუცხადა, მთავრობამ ბევრი შენიშვნა გაითვალისწინა, რაც ეხებოდა არა მხოლოდ ფასების ლარში დაფიქსირებას, არამედ გარიგებას. დეპუტატის განმარტებით, როცა ადამიანი ბინას აქირავებს, მას უფლება არ ექნებოდა, ქირის საფასური თუნდაც ლარში გაეწერა, ოღონდ დოლარის ექვივალენტით. კანონმდებელი ფიქრობს, რომ მთავრობა ამ ცვლილებებით მცირე ბიზნესს ცხოვრებას უმწარებს.

„ეს ისე გამოვიდოდა, რომ ლარის გაუფასურების შემთხვევაში, ბინის ქირა მყარ ვალუტაში უფრო ნაკლები იქნებოდა, ვიდრე მანამდე აქირავებდი. ზარალი ყველა კომპანიას ექნებოდა. ეს იქნებოდა სამშენებლო, ტურისტული თუ სხვა. მიხვდნენ, რომ ეს უაზრობა იყო და ეს ნაწილი მოხსნეს. დანარჩენი ყველაფერი იმას ეხება, რომ თურმე, ფიზიკური პირები არაგონიერი ადამიანები არიან, რომლებიც სესხებს დოლარებში იღებენ და მოდით, ახლა ადამიანებს დავეხმაროთ, მათ დოლარში სესხის აღება ავუკრძალოთო. საქართველოში, მოქალაქეები საშუალო რაოდენობის სესხს დოლარში ვერ აიღებენ. ანუ, ფიზიკური პირი 37 ათას დოლარამდე სესხს ვერ აიღებს. ხალხი გაგიჟებულია, რადგან ფიზიკური მეწარმე უცხოეთში თონეს ყიდულობს, მას დოლარი სჭირდება და სესხი დოლარში რომ გამოიტანოს, მან ჯერ დოლარი უნდა იყიდოს და კონვერტაციის ფული დაკარგოს. გარდა ამისა, ლარი რომ გაუფასურდეს, დოლარი იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე მას ანგარიშსწორებისთვის სჭირდებოდა. კონტრაქტები რამდენიმე თვის შემდეგ ჩამოდის და მცირე ბიზნესს ცხოვრებას უმწარებენ“, - აცხადებს გოცირიძე.

კანონმდებელის შეფასებით, საუბარი იმაზე, რომ ეროვნული ვალუტა ლარიზაციის შედეგად გამყარდება, უაზრობაა, რადგან თუ ადამიანს დოლარი სჭირდება, ლარს მაინც გადაახურდავებს და გადამხურდავებელი პუნქტების მოგება ადამიანების წვალების ხარჯზე იზრდება.

„ასევე სხვადასხვა რეგულაციები შემოდის. ფაქტობრივად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს დოლარში სესხის გაცემას უკრძალავენ. საქართველოში დაახლოებით 70 მიკროსაფინანსო არსებობს, რომელთა მიერ გაცემული სესხი 1,7 მილიარდი ლარია და ისინი სესხებს ღებულობენ მოქალაქეებიდან, ბანკებიდან და მათ ეუბნებიან, რომ 100 ათას ლარამდე სესხის გაცემის უფლება დოლარში არ აქვთ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ერთ პირზე 50 ათას ლარზე მეტის გაცემა ეკრძალებათ. გამოდის, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს დოლარში სესხის გაცემა ეკრძალებათ და იმისათვის, რომ მათ რისკი დააზღვიონ, პროცენტს მოუმატებენ და ლარის გაუფასურების შემთხვევაში იზარალებენ. ამ კანონპროექტს შეიძლება ვუწოდოთ ფიზიკური პირების მიმართ მთავრობის „მხარდაჭერა“ მათი უცოდინარობის გამო“, - განმარტავს დეპუტატი.

გოცირიძის მოსაზრებით, ეს პროექტი ზღვაში წვეთია და მთავრობისა და ეროვნული ბანკის არაკომპეტენტურობას აჩვენებს, რომელიც ვერ ხვდება, რეალურად, ლარი რატომ უფასურდება და ქვეყანაში რა ხდება.

ოპოზიციისგან განსხვავებით, ფინანსთა სამინისტრო ე.წ. ლარიზაციას მნიშნელოვან მოვლენად აფასებს. როგორც for.ge-ს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ განუცხადა, ცვლილებების მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკონომიკის ლარიზაციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით. გაგუას განმარტებით, ლარიზაცია გრძელვადიანი პროცესია და ის სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, სამიდან ხუთ წლამდე გრძელდება.

„ლარიზაციის პროცესი 2017 წლიდან დაიძვრება და საბოლოო ამოცანა ლარიზაციის მაქსიმალური შემცირებაა. საერთო მიზანი ის არ არის, რონ ნულამდე დავიდეს, მაგრამ მთავარი ამოცანაა, სავალუტო რისკები ჩვეულებრივ მოსახლეზე გადატანილი აღარ იყოს. პირველი ბიძგებს 2017 წელს ეროვნული ვალუტის გამყარებაში ვიგრძნობთ“, - აცხადებს გაგუა, რომლის მსგავსად, ცვლილებების არსს მიესალმება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.

for.ge-სთან საუბარში კოვზანაძე აცხადებს, რომ საქართველოში, ფიზიკურ პირებში დოლარიზაციის მაღალი კოეფიციენტია და პრაქტიკულად, ეს 80 პროცენტს აღემატება.

„მთავრობასა და ეროვნულ ბანკს განსაზღვრული აქვთ, რომ დოლარზე დამოკიდებულება შეამციროს, რაც მნიშვნელოვანი პროცესია“, - დასძენს კოვზანაძე.

რაც შეეხება ცვლილებების არსს, პარლამენტის გადაწყვეტილებით, მეწარმე სუბიექტს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ლიცენზირებული კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირს, ეკრძალება 100 000 ლარამდე ღირებულების თამასუქის ფიზიკურ პირზე გაცემა. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ მეწარმე სუბიექტი თამასუქის გაცემას ახორციელებს მხოლოდ 20–ზე ნაკლები ფიზიკურ პირზე.

აღნიშნული მუხლი ძალაში 2017 წლის 15 იანვრიდან შევა განსხვავებით იმ მუხლისგან, რომლის მიხედვითაც, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით.

ამ რეგულაციისს მსგავსად, ფასის ლარში გამოხატვის წესის დარღვევასთან დაკავშირებით სანქციების მუხლი ძალაში 2017 წლის 1 ივლისიდან შევა, რომლის მიხედვით, ფასის ლარში გამოხატვის წესის დარღვევა გამოიწვევს წინადადების მიმცემის (ოფერენტის) ან რეკლამის დამკვეთის გაფრთხილებას, თუმცა, თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. ყოველი მომდევნო შემთხვევა კი გამოიწვევს დაჯარიმებას - 5000 ლარის ოდენობით.

ამას გარდა, კანონმდებლობით კონკრეტდება სესხის გამცემი პირის ვალდებულება და სესხისთვის პროცენტის რაოდენობა. კერძოდ, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი და იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.

კანონმდებლობით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის, პროცენტის განსაზღვრის შემთხვევაში, გაცემული სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100%–ს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში.

ასევე, კანონის გათვალისწინებით, იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის, გარდა 1000 ლარამდე გაცემული სესხისა, ხელშეკრულებისათვის მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის მეთორმეტედს, რაც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან.

„სესხის შემთხვევაში ყველა საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, ასევე სესხის გაცემის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევისათვის მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ან ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გაცემული სესხის ნარჩენი ძირი თანხის წლიურ 150%-ს. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ფიზიკურ პირზე სესხის სახით 100 000 (ასი ათას) ლარამდე თანხა შეიძლება გაიცეს მხოლოდ ლარით“, - აღნიშნულია კანონმდებლობაში.

ცვლილებები სახსრების მოზიდვის შეზღუდვასაც ეხება. კერძოდ, კანონმდებლობით, თუ მეწარმე ან ურთიერთდაკავშირებულ მეწარმეთა ჯგუფი, ნებისმიერი ფორმით იზიდავს ფულად სახსრებს 20–ზე მეტი ფიზიკური პირისგან, მაშინ თითოეული ფიზიკური პირისაგან მოზიდული თანხის ოდენობა არ უნდა იყოს 100 000 ლარზე ნაკლები. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმეს ან ურთიერთდაკავშირებულ მეწარმეთა ჯგუფს წარმოეშობა ამ ნაწილის მოთხოვნების დაცვის ვალდებულება, მაშინ 20-ზე ნაკლები პირისაგან უკვე მოზიდული 100 000 ლარზე ნაკლები თანხების გასტუმრება უნდა მოახდინოს ასეთი ვალდებულების წარმოშობიდან ერთი წლის განმავლობაში.

კანონმდებლობაში დაზუსტება ხდება, რომ ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, საკრედიტო კავშირებზე, საბროკერო კომპანიებზე და ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებაზე, ასევე, ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ საფინანსო სექტორის სხვა წარმოამდგენლებზე.

 

ნანახია - 1146

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80