თუ ვინმე მოიღუშებოდა, ყურთან ბუკს მიუტანდნენ და ჩაჰყვიროდნენ
საზოგადოება

თუ ვინმე მოიღუშებოდა, ყურთან ბუკს მიუტანდნენ და ჩაჰყვიროდნენ

თუ ვინმე მოიღუშებოდა, ყურთან ბუკს მიუტანდნენ და ჩაჰყვიროდნენ
სანტიაგო გაუჩო

2017-01-02 11:41:12

ახალ წელს მთელი მსოფლიო სხვადასხვანაირად აღნიშნავს. თითოეულ ქვეყანას საკუთარი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ტრადიციები და წესები გააჩნია.

იაპონიაში ყველა ცდილობს საახალწლოდ ვალის გასტუმრებას. სახლებს რთავენ ბამბუკის ღეროებით, ანანასის ფოთლებითა და ტოტებით. ბამბუკი ხანგრძლივი სიცოცხლის სიმბოლოა, ანანასი კი წარმატებისა. არ შეიძლებოდა სუფრასთან ოთხი კაცის დაჯდომა, რადგანაც, სიტყვა ოთხი და სიკვდილი ერთნაირად გამოითქმებოდა. აკრძალული იყო საქონლის ხორცის ჭამა. სუფრაზე პირველად წყალს სვამენ - ადამიანი წლის განმავლობაში ჯანმრთელი იქნებაო. აუცილებელია ბრინჯის ფაფა, ჩაი, მაკარონი, ბრინჯის ღვინო, ბარდა ჯანმრთელობისა და ჭანარი, როგორც ძალის სიმბოლო. თუ ბავშვი დაიბადებოდა 31 დეკემბერს, პირველ იანვარს იგი უკვე მეორე წელიწადში იყო გადამდგარი.

ინგლისში ყვავილებით რთავენ სახლებს. არავის არ ეპატიჟებიან, მაგრამ ყველას აქვს უფლება შევიდეს უცნობთანაც კი. სუფრაზე დელიკატესად ითვლება გედი, რომელიც სამეფო ფრინველად ითვლება. ბრიტანეთში მეოცე საუკუნემდე ერთი ორიგინალური ჩვეულება არსებობდა. ვინც წლის ბოლოს დაიფიცებდა, რომ მთელ წელიწადს არ წაჩხუბებია მეუღლეს, ის ქალაქის ხარჯზე ჯილდოდ იღებდა ღორის ბარკალს. 1144 წლიდან 1908 წლამდე ამგვარი ჯილდო რვა მამაკაცს მიუღია.

აშშ-ში შემორჩენილია ის ტრადიციები, რომლებიც ევროპელმა კოლონისტებმა შეიტანეს, ზოგი რამ კი მოგვიანებით ჩამოყალიბდა. ნიუ-იორკის ტაიმს-სკვერში ღამით თავს იყრის უამრავი ხალხი. 20-მეტრიანი ანძის წვერიდან, რომელიც ერთ-ერთ ცათამბჯენზე დგას, ნელა ეშვება პროჟექტორის სხივებით განათებული ვეებერთელა საჰაერო ბურთი. ზუსტად პირველის პირველ წუთზე ქრება შუქი და, 1904 წელს მიღებული წესით, ხალხი ხმამაღალი ყვირილითა და ხმაურით ხვდება ახალ წელს. ისვრიან ტკაცუნებს. ბევრი აწყობს “ღია კარის დღეს” და სტუმრებს სთავაზობს ცხელ პუნშს. ეს ჩვევა ნელ-ნელა იკარგება, გასულ საუკუნეში კი ისე იყო გავრცელებული, რომ გაზეთები აქვეყნებდნენ იმ ოჯახების სიებს, რომლებიც ასეთ დღეს აწყობდნენ. 1 იანვარს ეწყობა უნივერსიტეტის გუნდების მატჩები ამერიკულ ფეხბურთში. ქალაქ პასადენაში თამაშს წინ უძღვის „ვარდების ტურნირი“.

ინდოეთში აკრძალულია ჩხუბი და აყალმაყალი. ყველა ცდილობს ერთმანეთთან თბილი და ლმობიერი იყოს.

იტალიაში ძველი წლის დასრულებისთანავე ბინიდან ყრიან გატეხილ ჭურჭელს, ძველ ტანსაცმელს და ავეჯსაც კი. ამ ნივთებთან ერთად ფანჯრიდან ცვივა კანფეტები, ასაფეთქებლები, შუშხუნები… იტალიელები მიიჩნევენ, რომ თუ ახალი წლის მოსვლისთანავე ძველ ნივთებს გადაყრი, მომავალ წელს ახალს შეიძენ.

შოტლანდიაში სწამთ, რომ ოჯახის წინსვლა იმაზეა დამოკიდებული, ვინც ახალი წლის პირველ დღეს სახლში პირველად შემოაბიჯებს. ეს წესი, ჩვენს ქვეყანაშიც "აქტუალურია". შოტლანდიელების აზრით, ბედნიერება მოაქვს მუქთმიან მამაკაცს, რომელიც სახლში საჩუქრით შემოდის.

ბელგიაში საშობაო სუფრაზე აუცილებლად არის ხბოს ხორცისგან დამზადებული ძეხვი. ტრუფელი და წითელი ღვინო.

ლუქსემბურგის მცხოვრებნი საშობაოდ უპირატესობას სისხლიან ძეხვს, შემწვარ ვაშლს და შუშხუნა შამპანურს ანიჭებენ.

ავსტრიაში, ისევე როგორც გერმანიაში, სასიკეთოდ ითვლებოდა ბუხრის მწმენდელის დანახვა. კარგი ნიშანი იყო აგრეთვე ღორი, ნალი და სოკო.ესპანეთში ავ სულს გზას უღობავენ მახეებისა და ხაფანგების დადგმით. ისევე როგორც საქართველოშიც, მას აფრთხობდნენ თოფების სროლით.

დანიაში თოვლისაგან აკეთებდნენ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების ფიგურებს და დამთვალიერებლებისაგან იღებდნენ ფულს, რომელსაც ზამთრისაგან დაზარალებულ და შევიწროებულ ხალხს ურიგებდნენ. ახალგაზრდები სახლის კარს აბრახუნებენ და ოჯახს ახალი წლის დადგომას ყვირილით ულოცავენ.

შვედეთში ყველა ქალაქი ირჩევდა თავის დედოფალს, რომელიც ხალხში დადიოდა და საჩუქრებს არიგებდა.

უნგრეთში საახალწლო მილოცვისას თუ ვინმე მოიღუშებოდა, ყურთან ბუკს მიუტანდნენ და ჩაჰყვიროდნენ. დღემდე არ მიირთმევენ ფრინველის ხორცს, რათა ბედნიერება ხელიდან არ გაუფრინდეთ. საუკეთესო კერძად ითვლება თაფლით შეზავებული ნიორი.

რუმინეთში ამზადებენ ღვეზელებს, რომლებშიც დებენ ხურდა ფულს, ბეჭედს, წიწაკას. ფული და ბეჭედი ბედნიერების სიმბოლოა, წიწაკა კი უბედურებისა.

განაში საახალწლოდ ყველა წაჩხუბებული უნდა შერიგდეს.

ჩინეთში იმპერატორი მზის ამოსვლამდე მიდიოდა ტაძარში. სასახლეში დაბრუნების შემდეგ კი მილოცვებს იღებდა. სამეფო ტახტთან გაკრული იყო ლოზუნგი: “იმეფოს იმპერატორმა ათი ათასი და ათჯერ ათი ათასი წელი”. საახალწლოდ თეთრი ფერით იმოსებოდნენ. იტალიელი მოგზაურის, მარკო პოლოს ცნობით, მეფისათვის უნდა მიერთმიათ ასი ათასი თეთრი ცხენი. საახალწლოდ ზოგან ორი-სამი დღით ადრე იკეტება მაღაზიები. ზოგ დაწესებულებაში ორი კვირით ადრე წყდება მუშაობა. მათი რწმენით, ქუჩაში ხნიერი კაცის შეხვედრა კარგის მომასწავლებელია, ქალისა კი—ცუდის.

კოლუმბიაში ყველა ცდილობს ერთმანეთის მოტყუებას, როგორც ჩვენში პირველ აპრილს. ხელებსა და სახეს იღებავენ. ღამის 12 საათზე გაისმის აფეთქების ხმა და ძველი წელი ნაგლეჯებად იფანტება—ეს არის დიდი თოჯინა, ძველი წლის განსახიერება.

ნორვეგიაში ქალაქის ქუჩებში დაატარებდნენ თივით გატენილ გრძელწვერა თხას—იულესვენს, რაც წარმართული დროიდან მოდის.

საბერძნეთში ახალი წელი წმინდა ბასილის დღედ ითვლება. წმინდა ბასილი საოცარი სიკეთითა და გულუხვობით გამოირჩეოდა, ამიტომ ბავშვები თავიანთ ფეხსაცმელებს ბუხართან ახლოს ტოვებენ იმ იმედით, რომ დილით იქ წმინდანისაგან მოძღვნილი საჩუქრები დახვდებათ.

ესპანეთში როგორც კი 12 საათი შესრულდება, აუცილებლად ჭამენ ყურძენს. სასურველია ყურძნის 12 მარცვალი მიირთვათ, რაც წელიწადის 12 თვეს შეესაბამება.

ავსტრიაში, უნგრეთსა და იუგოსლავიაში საშობაო სუფრაზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ფრინველი. ამ დღეს ფრინველის ხორცის ჭამა ცუდის ნიშანია. ბედნიერება სახლიდან გაფრინდებაო.

სერბეთში კლავენ ღორს, დანარჩენ ქვეყნებში ბატკნის ხორცს მიირთმევენ.

გერმანიაში სადღესასწაულო კერძები ფერადი და ჭრელი უნდა იყოს. ამიტომ, აქ მათ ვაშლისგან, თხილისგან, ქიშმიშისა და მარციპანისგან ამზადებენ. ვაშლს აქ დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ის ცხოვრებისეულ სიბრძნეს განასახიერებს. საშობაო სუფრაზე გერმანელები დებენ შებოლილ ქაშაყს და შემწვარ იხვს შემწვარი ვაშლებით. მთავარი სასმელი გლინტვეინია.

ბრაზილიაში ახალი წლის ღამეს პლაჟები ხალხით ივსება. ისიც კი, ვინც ზღვასთან ახლოს არ ცხოვრობს, ცდილობს როგორმე მივიდეს ზღვის სანაპიროზე და იქ მიიტანოს სპეციალური ძღვენი - ყვავილები, რომლებიც პატარა ხის ნავზეა დამაგრებული.

ნანახია - 2677

მეგრელი

2017-01-02 12:56:59

შოტლანდიაში სწამთ, რომ ოჯახის წინსვლა იმაზეა დამოკიდებული, ვინც ახალი წლის პირველ დღეს სახლში პირველად შემოაბიჯებს. ეს წესი, ჩვენს ქვეყანაშიც "აქტუალურია".
--------------------------------------------------------------------

ამ ტრადიციას სახელი ქვია "ферст футинг". მეგრულად მაკუჩხალ. კუჩხი ფეხია მეგრულად. პირველი ფეხი.

natali

2017-01-02 13:49:34

ყველას გილოცავთ ახალ წელს!!!! სიხარულის და სიყვარულის წელი ყოფილიყოს!!!!!!!!!!

natali

2017-01-02 13:54:54

მეგრელი

რუსულად რომ დაგვიწერე ეგ ინგლისური სიტ/ყვა გავიგებთ?:)))first-foot-ი რომ დაგეწერა, ვერ გავიგებდით?:))

natali

2017-01-02 14:00:42

არადა რუსულად ძალიან სასაცილოა ეს სიტ/ყვები:))) ვერც მივხვდი რა დაწერე, სანამ მეგრულად არ წავიკითხე:))))))))))

მეგრელი

2017-01-02 14:30:51

natali
------------------
შოტლანდიელები ინგლისურად არ საუბრობენ .Scots სხვანაირია.ასე რომ სწორად წერია. კელტების ენა სულ სხვანაირია თუ არ ვცდები.

natali

2017-01-02 14:33:58

აბა რუსულად საუბრობენ და წერენ?:)))))))

მეგრელი

2017-01-02 14:35:38

შესაძლოა მალე დაიწყონ. ინგლისელები არ ეხატებათ მაინცდამაინც.ამ წელს გაყრასაც გააფორმებენ.

მ ა რ ე

2017-01-02 21:13:03

ყველას გილოცავთ!
წარმატებული წელი ყოფილიყოს ამ საიტის ყველა თანამშრომლის, მკითხველ-მომხმარებლისა და მთელი საქართველოსთვის!
*
...ერთადერთი, რაც არ მომწონს საახალწლო ტრადიციებიდან, ეს არის მილიონობით ნაძვისხის განადგურება!.. კი, მესმის, რომ სპეციალურად აშენებენ ამ ძირებს, მაგრამ 10 წელი უნდება თურმე ამხელაზე გაზრდას და ღირს კი მისი მოჭრა ორიოდე დღისთვის, რომლის შემდეგაც უნდა გადააგდო? (ხელოვნური, პლასტმასის ნაძვისხე რა პრობლემაა, ვითომ?!).

arichopra 2

2017-01-04 11:03:39

კიდევ ერხელ გილოცავთ!
ლანჩხუთში!!! ხაზს ვუსვამ ლანჩხუთში 2-3 მეტრიანი ნაძვისხე საახალწლოდ 5 (ხუთი) ლარი ღირდა!!! ხოლო მწვანე ხახვი 1 კილოგრამი 18 (თვრამეტი) ლარი!!!

მ ა რ ე

2017-01-04 16:48:21

ჩვენზე წერენ, რომ პარადოქსების ქვეყანა ვართ, მაგრამ arichopra-ს ნათქვამი მეტყველებს, რომ ჩვენ კურიოზების ქვეყანა უფრო ვართ!
არ ვიცი, არის თუ არა გურიაში საახალწლო ნაძვისხეების სპეციალური სანერგეები, მაგრამ დავიჯერო, იმ კაცს ტყიდან ნაძვის ჩამოტანა 5 ლარზე იაფი დაუჯდა?
*
American Christmas Tree Association-ის მონაცემებით, ამერიკაში, საშუალოდ, 90 მლნ ნაძვისხე იდგმება საშობაოდ. აქედან 20% არის ნატურალური და ასე, 3-4 ფუტის (მეტრი-მეტრი და 20 სმ) ნაძვი ღირს 45$.
80% საშობაო ნაძვისხეებისა არის ხელოვნური; ღირს დაახლ. 79-100$ და მას, მინიმუმ, 10 წელი ხმარობს ოჯახი.(ე.ი. წელიწადში-10$)
ACTA -ს მონაცემებით, ბუნებრივ ნაძვისხეებზე მოთხოვნილება ყოველწლიურად სულ უფრო კლებულობს .

arichopra 2

2017-01-04 17:11:12

ნამდვილად ვიცი ის ნაძვის ხეები იმ გამყიდველს ეკუთვნოდა, მან გაზარდა!ყოველ წელს გამოაქვს. მაგრამ 5 ლარი?! აი მწვანილი და მწვანე ხახვი თუ საჭიროა რატომ არ გვაქვს, აი ეს ვერ გავიგე?! არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს ამ მწვანილის მოყვანა, უბრალოდ უნდა დათესო, მერე დააწყობ ჯოხებს და გადააფარებ ცელოფანს. მორჩა! ეს სიზარმაცის და უცოდინარობის ბრალი არ არის! ეს რაღაც სხვა რამეა, აუხსნელი ფენომენია! არც მე მაქვს!!!

მ ა რ ე

2017-01-04 21:38:01

ბოლო წინადადება მაგარი იყო! :)))
ე.ი. კაცმა იცის, როგორ მოიყვანოს მწვანილი, დრო აქვს, არც ეზარება და მაინც არ მოჰყავს! - რამდენჯერაც დასჭირდება, ბაზარში მიდის და ფულს იხდის იმაში, რაც უფასოდ და ჭიშკრიდან გაუსვლელად შეეძლო მოეკრიფა :)))))

ამაზე ერთი სასაცილო შემთხვევა გამახსენდა: ჩემმა ცოლმა გადაჩიჩქნა მიწა ჩჳენი სახლის უკანა კედელთან (უკან პატარა მდელო გვაკრავს) და რაღაცეები დარგო - ქინძი, კამა, ტარხუნა, წიწაკა...
მეზობელ ამერიკელ ქალს მოეწონა იდეა, იმანაც გადაჩიჩქნა მიწა და დარგო პამიდორი...
გავიდა ხანი. ჩვენი მწვანილეული ახასხასდა, მეზობლის პამიდორმაც მშვენივრად დაისხა ნაყოფი...
ერთ დღეს კი მესმის ეზოდან ქალების შეშფოთებული საუბარი: თურმე, ირმებს (რომლებიც ამერიკაში თავისუფლად დასეირნობენ მეგაპოლისების პარკებშიც კი), შეუჭამიათ მეზობლის პამიდვრები და ჩვენი მწვანილები და წიწაკებიც ზედ დაუყოლებიათ :)
ბევრი ვიცინეთ. ალბათ რა უკმაყოფილოები იყვნენ-მეთქი ის ირმები - ამხელა ქალებმა არ იცით, რომ სალათას კიტრიც უნდაო?!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80