რატომ მიატოვა ირაკლი ალასანიამ ცოლი ახალ წელს
რეტრომედია

რატომ მიატოვა ირაკლი ალასანიამ ცოლი ახალ წელს

რატომ მიატოვა ირაკლი ალასანიამ ცოლი ახალ წელს
„თბილისელები“, 26 იანვარი, 2011 წელი

2017-01-05 10:46:59

უკვე ორი წელია, რაც ირაკლი ალასანია აქტიური პოლიტიკოსის მუნდირს ატარებს, რომელსაც ყველაზე თამამად საკუთარ ოჯახში, მეუღლისა და ორი შვილის გარემოცვაში იხდის. ნათია ფანჯიკიძე ქმარს პოლიტიკოსის რთულ ცხოვრებას ისე უიოლებს, რომ მძიმე პოლიტიკით დაღლილ ქმარს, სახლში საზრუნავი აღარ ჰქონდეს. ალბათ, ამიტომაც მეუღლისგან „ოსკარიც“ კი დაიმსახურა და ამ ტიტულს უკვე დიდი ხანია, არ თმობს. ალასანიების პატარა, მაგრამ თბილ და მყუდრო ოჯახში ყველას თავისი საზრუნავი აქვს – ნიკა და ეკა ალასანიები საკუთარ განათლებაზე ზრუნავენ. პოლიტიკოსის მომხიბვლელი მეუღლე, წარმატებულ პროფესიულ კარიერასთან ერთად, ქმრის იდილიაზეც ზრუნავს. აი, თავად ირაკლი ალასანიას ოჯახურ გატაცებებს კი, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ირაკლი ალასანია: ახალი წელი გავატარე შიდა ქართლის კონფლიქტურ ზონაში, ნიქოზში. მნიშვნელოვანია, ამ ხალხს ჰქონდეს იმის განცდა, რომ მხარს უჭერს მთელი საქართველო და არ არიან მიტოვებულები, როგორც სამწუხაროდ, გრძნობენ თავს ბოლო წლების განმავლობაში. მინდოდა, ნიქოზიდან მიმელოცა საქართველოსთვის ახალი წელი. მე ოპტიმისტი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ომით გახლეჩილ საზოგადოებას ჩვენ მაინც გავაერთიანებთ და 2011 წელი ამის დასაწყისი იქნება. ნიქოზში ჩემთან ერთად იყვნენ ჩემი მეგობრები და ვაჟიშვილი, რომელიც ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე ჩამოვიდა ამერიკიდან, სადაც ის სწავლობს.

სხვა დროს შეხვედრიხართ ახალ წელს ოჯახისგან მოშორებით?

– კი. 1995 წელს ახალ წელს და ბედობას შევხვდი კოდორში, ძალიან სასიამოვნო და ემოციურად დატვირთული იყო ის ახალი წელი ჩემთვის. 2002 წელს პანკისში შევხვდი ახალ წელს, ანტიტერორისტულ ოპერაციას ვატარებდით და მე, როგორც უშიშროების მინისტრის მოადგილე, იქ უნდა ვყოფილიყავი. ახალ წელს პანკისში თითქმის ტყეში, საველე პირობებში შევხვდი, მაგრამ ისიც კარგად მახსენდება. ახალი წელი ძალიან მიყვარს. ახალ წელს ჩვენს ოჯახში ყოველთვის სიახლე მოაქვს, ახალი ეტაპი იწყება ხოლმე, იცვლება გარემოც. რამდენჯერმე ახალ წელს შევხვდით ვაშინგტონში, ნიუ-იორკში. თუმცა, თბილისში, მეგობრების გადაპატიჟება-გადმოპატიჟებაში გატარებულ ახალ წლებსაც დიდი ხიბლი აქვს.

ნათიაროგორ იტანთ მეუღლე ახალ წელს მარტოს რომ გტოვებთ?

ნათია ფანჯიკიძე: ისე ვარ მიჩვეული იმას, რომ ახალ წელს ირაკლი სადმე სხვაგან, ექსტრემალურ პირობებში შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ ამას განსაკუთრებულად აღარ განვიცდი. ეს ცუდის მანიშნებელი არ არის ხოლმე ჩემთვის. ამ ახალ წელსაც ასე შევხვდით. ბიჭიც კი დამაშორა, რომელმაც ძლივს ჩამოაღწია თბილისში, უამინდობის გამო, რამდენიმე დღე ნიუ-იორკის აეროპორტში იყო ჩარჩენილი. იმდენ ხანს ვხვდებოდით ახალ წელს უცხოეთში, რომ თბილისში ახალი წლის შეხვედრა ძალიან მეძვირფასებოდა კიდეც. წელს შევხვდით გოგონები, მე ჩემი ქალიშვილი და მეგობრებიც დავპატიჟეთ. გოგონების ახალი წელი გვქონდა.

ახალ წელს თქვენი ოჯახი ახალ სახლში გადავიდა საცხოვრებლადვისი დამსახურებაა ეს ლამაზი სახლი?

ირაკლი: რა თქმა უნდა, ნათიასი. არის თემები, რომლებშიც ის ბევრად მჯობია, ამიტომ სიამოვნებით ვუთმობ და ვანდობ მათ ნათიას, ერთადერთი, რაშიც ჩემს გარეშე არაფერი გამოუვა, ბიუჯეტია.

ნათია: ერთადერთი იმის უფლება მივეცი, რომ ტელევიზორი თვითონ აერჩია. ყველაფერი მე გავაკეთე, გაჯიდან და ცემენტიდან დაწყებული უმნიშვნელო დეტალებით დამთავრებული. შესაბამისად, არანაირი უფლება არ ჰქონდა, მისი გაფორმების ყველაზე სასიამოვნო პროცესში ჩარეულიყო. რადგან ყველაფერი მე გავაკეთე, სახლი სულ „კრუჟავაშია” ჩაფლული – აივნის სკამებით დაწყებული ვიტრაჟით დამთავრებული. წყნარი, თბილი „გოგოური“ სახლი გამოგვივიდა. თერაპიის პრინციპით მოვაწყვე ეს სახლი. როგორც კი ფეხს შემოდგამ, სიმშვიდე უნდა იგრძნო. ამიტომაც, უარი ვთქვი თანამედროვე ტენდენციებზე, რომლის მიხედვითაც სახლებს ისე არემონტებენ, თითქოს კოსმოსური ხომალდი იყოს. ჩვენს სახლში ძველი „ბებოური” გაზქურა დგას, სამზარეულოს კარადებს სხვადასხვა ფერის სახელურები აქვს. აქ არაფერია ისეთი, რაც გაგაღიზიანებს. ამ მხრივ ყველა სქესი კმაყოფილი უნდა იყოს. ბოლომდე რომ დალაგდება და გაკუსკუსდება ჩვენი სახლი, მერე სრული იდილია იქნება.

მეუღლეს კაბინეტი მაინც მოუწყვეთ ახალ სახლში?

– სამწუხაროდ, არა. ბინა სამოთახიანია და ირაკლის კაბინეტი სეკვესტრში მოჰყვა. თუმცა, კუთხე გამოვუყავით საძინებელში, „მივაკუთხეკუნჭულეთ”.

საოჯახო საზრუნავისგანაც გათავისუფლებულია პოლიტიკური ლიდერი?

ირაკლი: ბოლომდე არა, ჩვენ თანამონაწილენი ვართ შვილების გაზრდაში და ძალიან მიხარია, რომ კარგი შვილები გვყავს – იციან სიკეთისა და ბოროტების გარჩევა, უკვე ოცი წელია, სტაბილურად კარგად ვასრულებ ამ ოჯახში ჩემს ფუნქციას. ნათია მრთავს ხოლმე კრიტიკულ მომენტში და მეუღლის დავალებებსაც ვასრულებ – წინასწარ ჩამოწერილი სიით ყველაფრის ყიდვა შემიძლია.

დღესასწაულებზე პოლიტიკოსის მუნდირს ბოლომდე იხდით?

– რა თქმა უნდა. ამ მუნდირს, სახლში როგორც კი ვბრუნდები, მაშინვე ვიხდი. დღესასწაულებზეც ისეთი ვარ, როგორც ყოველთვის. ტრადიციული ოჯახი მაქვს. ასეთივეა ჩვენი სამეგობრო წრეც, რომელიც ძირითადად ძველი, სტუდენტობისდროინდელი მეგობრებისგან შედგება. მათთან ერთად ვბრუნდები წარსულში, სანდო გარემოში, სადაც არ არსებობს კითხვის ნიშნები. მიყვარს მშობლიური მეგრული სამზარეულო.

ნათია: მე დავაკვირდი და მივხვდი, რომ მეგრელი მამაკაცები ფაქიზი მჭამელები არიან და ეს მათ მენიუსაც ეტყობა. ირაკლი ძალიან კულტურული მჭამელია. ვერ წარმომიდგენია, ხარის ბეჭი გადაიმტვრიოს და ისე ჭამოს. ორგანულად აქვს პეწიანობა. ისეთი ინტელიგენტური მჭამელია, მაღალ საზოგადოებაში თავისუფლად გაიშვება. ის ყველგან მშვიდია და კომფორტული, მისგან არ ველი ექსცენტრიკულ გამოხდომებს, სპონტანურ აფეთქებას. ფსიქიკური მდგომარეობა აქვს აბსოლუტურად მყარი და სტაბილური – „მერსედესივით” გამართულია. მისი ძრავა მწყობრად მუშაობს, შემიძლია, მივცე ჯანმრთელობის ცნობა, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული. ყველა ტესტი გავლილი აქვს.

ახალ წელს პოლიტიკური ლიდერის საჩუქრებზე ვინ ზრუნავს?

– რა თქმა უნდა, ჩვენ. თუმცა, ის უფრო გამოირჩევა მზრუნველობით. ჩვენ ვითხოვთ რაღაც-რაღაცეებს, ირაკლი კი არაფერს ითხოვს. სამაგიეროდ, ჩვენ ყოველთვის გვაქვს გრძელი სია, ირაკლი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს ვაჩუქებთ რამეს თუ არა.

ირაკლი: ნათია ისეთია, მუდმივად მთავაზობს სიურპრიზებს. ეს ჩვენი ცხოვრების თანმდევი ნაწილია, ნათიას შეუძლია მუდმივად განმაცვიფროს. ამიტომაც, საუკეთესო ცოლის როლისთვის „ოსკარიც“ ჩამოვუტანე, მე დავპირდი, თუ აღარ დაიმსახურებ, სხვას გადავცემ-მეთქი, მაგრამ ტიტულს ღირსეულად ინარჩუნებს.

ნათია: მადლიერი ვარ დედის, მზითევში სამზარეულოს რეცეპტების წიგნი რომ გამატანა, რომელიც „ოსკარის“ შენარჩუნებაში ერთობ მეხმარება.

ნათიას რა როლი მიუძღვის თქვენს წარმატებულ კარიერაში?

ირაკლი: ძალიან დიდი. ჩვენ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, როცა ერთმანეთი გავიცანით და შევუღლდით. შეიძლება ითქვას, ერთად გავიზარდეთ, შევავსეთ ერთმანეთი და ერთი მთლიანი ნაწილი გავხდით. როგორი მამაკაციც დღეს ვარ, ეს ნათიას დამსახურებაა. მე არ ვიცოდი, რა გამოვიდოდი ნათიას ხელში, მაგრამ მომწონს ჩემი თავი ისეთი, როგორიც შევდექი.

პატარ-პატარა ქალური ხრიკები არ დაგჭირდათ მის „გასაზრდელად”?

ნათია: მე მაშინ ისეთი პატარა ვიყავი, ქალური ხრიკების არაფერი გამეგებოდა. ვერც ახლა ვიტყვი, რომ ეშმაკი და მოხერხებული ვარ. ყველაზე მთავარი ხრიკი სიყვარული და გულწრფელობაა, მით უმეტეს ხანგრძლივ ურთიერთობაში. სულ ვამადლი ხოლმე ირაკლის: დედაშენი გზრდიდა 17 წლამდე, მერე ჩემი გაზრდილი ხარ-მეთქი. ირაკლი არ იყო ძნელად გასაზრდელი. როცა ადამიანს აქვს დიდი რესურსი, რომ ის მუდმივად პროგრესირდებოდეს, ეს შენთვისაც ბედნიერებაა. ცხოვრება ის ხომ არაა – მე შენ გზრდი და შენ მე. ეს ბუნებრივად ხდება. მთავარია, ერთ-ერთმა არ შეწყვიტოს განვითარება. ამ შემთხვევაში, ის, რომ ირაკლი არ ჩერდება ერთ ადგილას და სულ სხვადასხვა ნაბიჯს დგამს, ჩემთვისაც მოსაწყენს არ ხდის მის გვერდით ცხოვრებას.

მეუღლეს პარტიულ საიდუმლოებებს უმხელთ?

ირაკლი: არა. ეს ის სფეროა, რომელიც ნათიას ნაკლებად აინტერესებს. ჩვენი ცხოვრება ბოლო ორ წელიწადში საკმაოდ შეიცვალა. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ნათია მუდმივად სტრესის ქვეშ იყო, თუმცა მშვიდი ცხოვრების საშუალებას არც ადრე ვაძლევდი.

ნათია: საიდუმლო და მისი შენახვა ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ადამიანური თვისებაა. რაც უფრო რთულია ადამიანის ტვინის მექანიზმი, მას უფრო მეტი საიდუმლო აქვს დაცული თავის „ბანკში”, ირაკლის პროფესიული საქმიანობის საიდუმლოებები ჩემთვის პატივსაცემია, ისევე როგორც მეც მაქვს საიდუმლოებები ჩემს პროფესიაში, რომლის არგამხელაც ჩემი მთავარი მოვალეობაა, შესაბამისად, მეც ძალიან დიდი დისკომფორტი მექნებოდა, ვინმე რომ უამრავ შეკითხვას მისვამდეს იმ ადამიანებზე, ვისთანაც საქმიანი კავშირი მქონია.

საერთო ინტერესები და გატაცებები გაქვთ?

– არის ცვალებადი და მუდმივი ინტერესები: უცვლელი და საერთო სიამოვნებაა მეგობრებთან ურთიერთობა. ჩემს გარეშე კი ირაკლის გატაცებები სახეს იცვლის ხოლმე და თანაც ძირითადად ექსტრემალურია – ომამდე ტანკისტი იყო, ომის მერე პარაშუტისტი.

ირაკლი: მე აღარ მრჩება დრო საკუთარი თავისა და გატაცებებისთვის. ადრე ძალიან მიყვარდა პარაშუტით გადმოხტომა, ბოლო ორი წელია, ამისთვისაც ვერ მოვიცალე. ჩემი პარაშუტისტობა ამერიკაში დაიწყო. თავიდან ეს გართობა იყო ჩემთვის, მერე ძალიან გამიტაცა. ეს არის ყველაზე მძაფრი, სრული თავისუფლების განცდა, რომელიც იშვიათად შეიძლება, განიცადოს ადამიანმა. ასეთი განცდა მხოლოდ ჰაერში შეიძლება გქონდეს...

 

 

 

ნანახია - 340

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80