როგორ ხვდება შობა - ახალ წელს სალომე ზურაბიშვილი
რეტრომედია

როგორ ხვდება შობა - ახალ წელს სალომე ზურაბიშვილი

როგორ ხვდება შობა - ახალ წელს სალომე ზურაბიშვილი
„თბილისელები“, 6 იანვარი, 2010 წელი

2017-01-06 12:07:56

ბოლო რამდენიმე წელია, რაც სალომე ზურაბიშვილი ახალ წელს თბილისში ატარებს, თუმცა ძალიან კარგად ახსოვს ის ტრადიციები, რომელსაც ქართული ემიგრაცია და მათი შთამომავლები პარიზში დღესასწაულებზე საგულდაგულოდ იცავდნენ. ოპოზიციური სპექტრის პოპულარულ სახეს, რომელმაც ბოლო წლებში ბევრ კოლეგა მამაკაცს აჯობა, პოლიტიკური პერიპეტიები სამზარეულოსთვის დროს აღარ უტოვებს. თუმცა, ახალ წელს მაინც ტრადიციების დაცვით ხვდება – მამისგან დატოვებული საფირმო გოზინაყის რეცეპტი, ნაძვის ხე და დაუპატიჟებელი სტუმრების მიღება ქართულად, რაც მის პარიზულ ცხოვრებაშიც უცვლელად რჩება...

სალომე ზურაბიშვილი: რაც საქართველოში ჩამოვედით, თითქმის ყველა ახალ წელს აქ შევხვდი. ახალი წელი მიყვარს, თუმცა აღდგომას და შობას მაინც ვერც ერთ დღესასწაულს ვერ შევადარებ. ეს გამორჩეულად საყვარელი დღესასწაულებია ჩემთვის. დღესასწაულებს ყოველთვის ოჯახურ გარემოში ვხვდები, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად. არ მახსოვს, რომელიმე ახალი წლის ღამე რესტორანში გამეტარებინოს. წელს ჩემი ქალიშვილიც გვესტუმრა, ბედობას ჩამოფრინდა თბილისში. ახალ წელს მიყვარს ახლობლებისთვის საჩუქრების გაკეთება, მათი არჩევა. ჯანრის კი ვეჩხუბები ხოლმე, საჩუქარს რატომ არ მჩუქნი-მეთქი, მაგრამ მიყვარს, როცა მე ვუძღვნი საჩუქრებს. სამაგიეროდ, ნაძვის ხით უზრუნველყოფა აბარია ჯანრის, მისი მორთვა კი ჩემი საქმეა. ნაძვი აუცილებლად ბუნებრივი უნდა იყოს. მიყვარს მისი სუნი. ერთადერთი, რაც არ მომწონს ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, ისაა, რომ ხარ თუ არა ხასიათზე, იმ დღეს მაინც მხიარულად უნდა იყო, რომ მთელი წელი დაგებედოს.

როგორ ხვდებოდით ახალ წელს ქართული ემიგრაციის შთამომავლები პარიზშიიცავდით ქართულ საახალწლო ტრადიციებს?

– კი, მეკვლეც გვყავდა და გოზინაყიც ყოველთვის გვქონდა. მაშინ ჩვენ ძალიან დიდი ოჯახი გვქონდა. ჩვენს სახლში იკრიბებოდნენ ოჯახის ახლობლები და მეგობრები. ფრანგების უმეტესობა ახალი წლის ღამეს რესტორანში მიდიოდა და განსაკუთრებული ვახშამი ჰქონდათ. ჩვენ ამ ტრადიციას არ მივდევდით. 14 იანვარს – ძველით ახალ წელს და ნინოობას ვაწყობდით დიდ მიღებებს, რომელსაც მთელი ემიგრაცია ესწრებოდა. ბავშვები ვმღეროდით ქართულ სიმღერებს, ვცეკვავდით. ჩვენ განსაკუთრებულად ველოდით ამ დღეს, რადგან ირთვებოდა შობის ხე და უამრავ საჩუქარს ვიღებდით. კარგად მახსოვს, რომ შობის მიღებები ყოველთვის ჩხუბით მთავრდებოდა. სანამ პატარა ვიყავი ვერ ვხვდებოდი, რატომ ჩხუბობდნენ მამაკაცები ზეიმზე. მერე მივხვდი, რომ ქართველი მამაკაცები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში მოკლებული იყვნენ ლხინს და ქეიფს, უკვე შეზარხოშებულები იწყებდნენ პოლიტიკურ გარჩევებს და ერთმანეთს აბრალებდნენ, ვინ დაკარგა საქართველო და ვის გამო აღმოჩნდნენ ემიგრაციაში. პოლიტიკური გარჩევები დიდი ჩხუბით მთავრდებოდა ხოლმე.ბავშვები ვიდექით პირველ რიგებში და მამაკაცების ჩხუბს აღვიქვამდით, როგორც კარგ სეირს.  

ემიგრაციის ცნობილი მეკვლე ვინ იყო?

– ხან ვინ, ხან – ვინ. ყველა ოჯახს თავისი მეკვლე ჰყავდა. ერთი უცვლელი მეკვლე არ არსებობდა. ჩვენს ოჯახში მეკვლედ შემოდიოდნენ მამაჩემი, ბიძაჩემი. ჩათვალეთ, რომ იქ ჩვენ ვარსებობდით, როგორც ქართული მუზეუმი. ვინარჩუნებდით ტრადიციებს, როგორც კავშირს დაკარგულ სამოთხესთან. დღესასწაულებზე ქართული ტრადიციები კიდევ უფრო მძლავრად გამოიხატებოდა – საცივის გარეშე საახალწლო სუფრას ვინ გააკეთებდა?! გოზინაყს წლების განმავლობაში ამზადებდა მამაჩემი, ყველას გვეჩხუბებოდა, ვერც ერთი ვერ ჭრით ნიგოზს ისე თხლად, როგორც საჭიროაო. მამამ მე გადმომაბარა თავისი საფირმო გოზინაყის რეცეპტი და წლებია, რაც გოზინაყს მე ვამზადებ.

გამოგდით დიასახლისობა?

– მშვენივრად. სამზარეულოსთვის დრო არასდროს მრჩება, თუმცა საახალწლო გოზინაყს და სააღდგომო პასქას ყოველთვის მე ვაკეთებ. ეს ჩემთვის ერთგვარი რიტუალია. თუ გვერდით ვინმე მყავს, მოზელვაში მოვიხმარ ხოლმე. მით უფრო, რომ პასქის ცომის მოზელვას მამაკაცის ხელი სჭირდება. სადღესასწაულო სუფრასთან 12 საათის შემდეგ ვსხდებით, მაგრამ სიბერეში არ ვიცი, ამას კიდევ შევძლებთ თუ არა. მერე მოდიან ხოლმე სტუმრები, მეკვლე. სტუმრებს დაპატიჟება არ სჭირდებათ. ეს მომწონს – პარიზში გაუფრთხილებლად ვერავისთან მიხვალ, თუმცა ემიგრაციაში ეს ტრადიციაც ჰქონდათ შენარჩუნებული და გასაღებსაც კი უტოვებდნენ ზღურბლზე ახლობლებს. (იცინის) სტუმრის სპონტანურად მიღება ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე დაგეგმვა და მომზადება. ბოლო წლებში ჩვენი მეკვლე არის ჯანრის და. მისი ფეხი კარგად გვაქვს დაცდილი, მაგრამ თუ სააკაშვილი არ წავა ხელისუფლებიდან, შემდეგ წლებში მეკვლეს გადაყენება მოუწევს. 

გასული წლები საკმაოდ მძიმე იყო თქვენთვისთვეები გაატარეთ მიტინგებზერაც თქვენი ცხოვრების სტილის ადამიანისთვის იოლი არ უნდა ყოფილიყო.

– ეს წლები მხოლოდ ჩემთვის კი არა, მთელი ქვეყნისთვის იყო მძიმე. მე მგონი, საკმარისია ის, რაც გამოვიარეთ ამ სამი წლის განმავლობაში. იმედი მაქვს, რომ მომავალ ახალ წელს მიშა სააკაშვილის გარეშე შევხვდებით, რადგან მისი პრეზიდენტობით ქვეყანა ზარალდება.

ეტყობამიტინგი დიპლომატების საქმე მაინცდამაინც არ არისთქვენი ცნობილი წაღიღინება – დიალოგიო – წლის „ჰიტად“ აქციეს თქვენმა ოპონენტებმა.

– როგორც ჩანს, ეს ძალიან ეფექტური იყო. მე 114 სიტყვა მაქვს წარმოთქმული იმ სცენაზე. წინასწარ არც ერთი სიტყვა არ მქონია მომზადებული. არავინ მიწერდა ტექსტს. ამ სპონტანურობაში მომივიდა ეს იდეა. ყელში მქონდა ამოსული საუბრები დიალოგზე. სხვა შეკითხვა არ ჰქონდათ არც ჟურნალისტებს. ჩემი წაღიღინება ძალიან დროული და ეფექტური აღმოჩნდა. სიტყვა „დიალოგზე“ ყველას მე ვახსენდები. რომელიმე ფიარ-ტექნოლოგი რომ დამჯდარიყო და ეფიქრა, ბევრი ფული უნდა გადამეხადა ამაში. ჩემი სათქმელი ამ სიმღერამ შეასრულა და უსასყიდლოდ გამიკეთდა ფიარი, ფეისბუქზეც მოვხვდი.  

ამის მიუხედავადბოლოს მაინც გაიწაფეთ სამიტინგო ხელოვნებაში და ბევრ კოლეგას აჯობეთ – გადაურჩით ხმებსრაც თქვენს კოლეგა-მამაკაცებზე არაერთხელ გავრცელდაარც ფარულ გარიგებებზე წახვედით და არც – მილიონებზე.

– რუსებს გავუძელი და ამას ვერ გავუძლებდი?! მე ძალიან იოლად გავიარე ის კულისები. ჯერ ერთი – არავის არაფერი შემოუთავაზებია ჩემთვის...

რომ შემოეთავაზებინათ?

– სანამ ცდუნების წინაშე არ დადგები, ძნელია იმის თქმა, რას გააკეთებ. მე მგონია, რომ არ გავაკეთებდი. ალბათ, ფიქრობდნენ, რომ არ ღირდა ჩემთვის შემოეთავაზებინათ რამე, მეორე დღეს ამაზე საქვეყნოდ დავიწყებდი ლაპარაკს.

ქართულმა პოლიტიკამ თქვენი მშვიდი ცხოვრება ძალიან შეცვალაალბათროდესაც პარიზში მიემგზავრებით და სხვა სამყაროში ხვდებითაქაური ამბებისგან ყველაზე უკეთ ისვენებთ.

– ეს მართლაც ასეა. ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. ისე ხშირად ვერ ვხვდები შვილებს, როგორც მინდა, რომ ვხვდებოდე. ვერც დედას ვხედავ ხოლმე. შარშან ახალი წლისთვის ჩამოვიყვანე თბილისში, წელს – ვერა, ჯანმრთელობის მხრივ სუსტადაა. ძალიან დათრგუნულია და წუხს იმ ყველაფერზე, რაც აქ ხდება. როცა ჩავდივარ პარიზში და ვუყვები აქაურ ამბებს, ძალიან მძიმედ იღებს ყველაფერს. ჩემი ფრანგი მეგობრები ხანდახან ისეთი სახით მიყურებენ, ჰგონიათ, რომ ჩემს ჭკუაზე აღარ ვარ და გავაფრინე. ბევრი რამ არ სჯერათ და ალბათ, ფიქრობენ, რომ ვაზვიადებ. ხანდახან, როცა შორიდან ვუყურებ ყველაფერს, ჩემს თავს ვეკითხები, რაც თბილისში ხდება, სინამდვილეში ასეა თუ არა. სხვა სამყაროდან ამის აღქმა ძნელია. პარიზში დასასვენებლად ნამდვილად არ მივდივარ. იქ ლექციები და საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ მორალურად ძალიან ვისვენებ. როცა თბილისში ვბრუნდები, ყველა მეუბნება, რომ დაწყნარებული სახე მაქვს. იქ შემიძლია, მარტო წავიდე კინოში ან კაფეში დავლიო ყავა. პარიზში არავინ შემომხედავს, აქ ამის გაკეთება ძნელია.

როცა თბილისში ჩამოხვედითსაკმაოდ საინტერესო ცხოვრება გქონდათ – ჯირითობდითკუს ტბაზე დარბოდითახლა რატომ ვეღარ ახერხებთ ამას?

– ცხენები თბილისიდან გაიყვანეს და იპოდრომზე ვეღარ დავდივარ, ვერც კუს ტბაზე ავდივარ, ამისთვის მანქანაა საჭირო, სამაგიეროდ, ყოველდღე დავდივარ აუზზე. ძალიან მიყვარს მეგობრების სტუმრობა, ამიტომაც გვაქვს დიდი სასტუმრო ოთახი...

გაიხსენეთ ახალი წელირომელიც ყველაზე არაორდინარულ სიტუაციაში გაქვთ გატარებული.

– ეს იყო ჩადში, სადაც მე რამდენიმე წლის განმავლობაში ვიმუშავე. იქ მუდმივად საომარი სიტუაცია იყო. ერთ ახალ წელს ცოტა დაწყნარდა მდგომარეობა და გადავწყვიტეთ, ახალი წელი უდაბნოში გაგვეტარებინა. საგანგებოდ მოვემზადეთ. შამპანურიც მოვიმარაგეთ. ფრანგი სამხედროები დაგვპირდნენ, რომ ვერტმფრენით ჩაგვიყვანდნენ შუა უდაბნოში. ზუსტად იმ დროს ამოვარდა უდაბნოს ქარიშხალი, რომელმაც ჩვენი გეგმები ჩაშალა. ძალიან გულდაწყვეტილები დავბრუნდით უკან. ზუსტად იმ დღეს მოხდა აჯანყება. ჩვენ რომ უდაბნოში ვყოფილიყავით, ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით. ფრანგული წარმომადგენლობიდან კაციშვილი არ იქნებოდა ადგილზე და ინფორმაციას ვერავინ მიაწვდიდა საფრანგეთს, რის გამოც ყველა სამსახურის გარეშე დავრჩებოდით...  

თქვენი პოპულარული პიჯაკის ამბავი როგორააბოლოს და ბოლოს შეელიეთ?

– ახლა ზამთრის „ვერსია“ მაცვია, ისეთივე ფერია, ისეთივე მოდელი. იმ პიჯაკით ზამთარს ვერ გადავიტანდი. დარწმუნებული ვარ, ჩემი სიკვდილი ხალხს არ სურს... ისე, იმედი მაქვს, რომ გაზაფხულის „ვერსია“ აღარ დამჭირდება. ჯანრი მეუბნება, მიშა სააკაშვილის ცოლს აჩუქეო, მაგრამ ეს იდეა არ მომწონს. ჩემს პოპულარულ პიჯაკს დამსახურება უნდა.

 

 

 

 

 

ნანახია - 278

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80