საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
საზოგადოება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

2017-01-06 23:53:01

"იშვა ყრმა, მოგვეცა ძე... და სახელი მისი, - …

ღმერთი ძლიერი, ხელმწიფე, მთავარი მშვიდობისა,

მამა მერმეთა მათ საუკუნეთა” (ეს. 9,5).

ყოვლადს ამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, საერო დასნო, საყვარელნო დანო და ძმანო, მკვიდრნო საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!

დღეს ბეთლემი ,,ცათა მობაძავ იქმნა, ვარსკვლავთა წილ ანგელოზნი ჰქონან მაქებელად და სამყაროს ეფინება საოცარი საგალობელი: ,,დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.“

ყოველნო ერნო, " აღიპყრენნით ხელნი თქვენნი და ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისათა, რამეთუ

ქრისტე იშვა და ევა მწუხარებისაგან იხსნა;

ქრისტე იშვა და ქუეყანა აღეშენა;

ქრისტე იშვა და ერი განმხიარულდა.” (შობის საგალობელი)

ღვთის განკაცების ამ დიად დღეს გავიხსენოთ კაცობრიობის თავდაპირველი ისტორიაც.

ჩვენს წინაპრებს, ადამს და ევას, ედემში ღმერთთან უშუალო კავშირი ჰქონდათ და უფლისმიერი მადლით კიდევ უფრო წარემატებოდნენ. შემოქმედისაგან ისინი განმსჭვალულნი იყვნენ საოცარი სიყვარულით და ამ სიყვარულს თვითონაც გასცემდნენ, რაც თანხობასა და ნეტარებაში მათ მკვიდრობას განაპირობებდა.

აკრძალული ნაყოფის მიღებამ არსებული სრულყოფილი ჰარმონიის რღვევა გამოიწვია რადგან, ეს არ იყო უბრალო ქმედება; იგი იყო გამოვლინება იმისა, რომ რეალურად ადამმა და ევამ უარი თქვეს საღვთო წესრიგზე, ბოროტი ძალისაგან შთაგონებულ ამპარტავნებას, პატივმოყვარეობასა და შურს დაემონნენ და კეთილისაგან უკეთურისაკენ მიიდრიკნენ. ასე შემოვიდა ცოდვა და ცოდვასთან ერთად სიკვდილი. ასე დაეცა ადამიანური ბუნება. ადამთან ერთად დაეცა მისი განმგებლობისა და პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი მთელი ხილული სამყარო. სულიწმინდის მადლი პირველმშობლებს განეშორა, რადგან აღარ ჰქონდათ მისი დატევნის უნარი; შედეგად კი დადგა ხორციელი და, რაც მთავარია, სულიერი სიკვდილი.

მადლისაგან განძარცვულ პირველმშობელთა ბუნება ხრწნას დაექვემდებარა, ამასთან, მათ დაეკარგათ ჭეშმარიტი თავისუფლების განცდა და დაუმახნიჯდათ როგორც გარემოს, ისე ღმერთის აღქმა. გაუკუღმართებული აზროვნების გამო კი მათში გაბატონდა ხორციელი ცნობიერება.

სიკეთის მოკლებით გაჩენილ ცოდვათა ერთობლიობა არის ადამიანის ბუნების დაცემული მდგომარეობა, რომელსაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი. ყოველივე ეს კი ათასწლეულების მანძილზე იმემკვიდრა კაცთა მოდგმამ.

მხოლოდშობილი ძე ღვთისა ოცი საუკუნის წინ მოევლინა სამყაროს.

უჟამო იგი ჟამიერ იქმნა, დაუსაბამო დასაბამიერი გახდა, უხილავი ღმერთი ბაგაში მწოლ ჩვილ ყრმად წარუდგა სოფელს, რათა მარადიული სიკვდილისათვის განწირული ადამის მოდგმა თავისი თავის მსხვერპლად გაღებით გამოეხსნა და ცოდვათა აღხოცვით ჩვენთვის დაკარგული მადლისმიერი ძეობა დაებრუნებინა.

"ეჰა, დიდებული და საკვირველი საიდუმლო,

ეჰა, შესაძრწუნებელი სალხინებელი!” (შობის საგალობელი).

იესო ქრისტემ დაცემული კაცობრივი ბუნება თავის ღვთაებრივ პიროვნებაში შეურევნელად შეიერთა, განაახლა, სამების წიაღში ზეცად აიყვანა და საღრმთო დიდებით განაბრწყინა.

თუ პირველ მშობელთაგან მემკვიდრეობით მივიღეთ ხრწნილება და სიკვდილი, ახალ ადამში, ქრისტეში, ყოველმა ადამიანმა ცოდვისგან სრული გათავისუფლების მადლი მიიღო.

ამისთვის კი, პირველ რიგში, აუცილებელია, ყოვლადწმინდა სამებისადმი ჭეშმარიტი რწმენით ნათლობა, აღმსარებლობა იმისა, რომ იესო ქრისტე არის ბუნებითი ღმერთი, ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასი, მხსნელი და მაცხოვარი სულთა ჩვენთა.

ნათლობა არის მეორე ადამის, ქრისტეს, წიაღში ჩვენი სულიერი შობა, რომლის დროსაც გვენიჭება სულიწმინდის ბეჭედი, ის ცხოველმყოფელი მადლი, რაც დავკარგეთ სამოთხეში და, ამასთან, გვენიჭება უნარი მარადიული ნეტარი ცხოვრების მოპოვებისა.

ახალი ადამის შობით კაცობრიობა ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავებულ ორ ნაწილად გაიყო და დაიწყო სრულიად ახალი ერა. თუ პირველმა ადამმა და მისმა მოდგმამ ჩადენილი ცოდვის გამო, დიდი სინანულის მიუხედავად, ვერ შეძლო დანაშაულის გამოსყიდვა, ახალი ადამის განხორციელების შედეგად, მრავალჯერადი შეცოდების შემთხვევაშიც, ქრისტიანს, ვიდრე ხორციელ აღსასრულამდე, ჭეშმარიტი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით ყოველთვის შეუძლია ნათლობით მიღებულ მადლთან და სულიერ მდგომარეობასთან დაბრუნება.

უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ნათლობა არის მხოლოდ დასაწყისი ჩვენი განღმრთობისა. შემდგომი წინსვლა კი ჩვენი პირადი ღვაწლითა და ეკლესიური ცხოვრებით უნდა განხორციელდეს.

ქრისტეს შობა კაცობრიობისთვის უდიდესი დღესასწაულია, რასაც სრულად ვეზიარებით, როდესაც ნათლისღების გზით ახლად ვიშვებით ქრისტეში. ამიტომაც არის, რომ შობის დღესასწაულს უშუალოდ მოჰყვება ნათლისღების დღესასწაული, რომელიც განუყოფლად არის მასთან დაკავშირებული.

ნათლობით მიღებული მადლი არის უდიდესი საბოძვარი, რომელსაც სრულად ვერც ვაცნობიერებთ. ეს განსაკუთრებით ითქმის ძველი ადამიდან ახალი ადამის წიაღში მოქცეულებზე, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ რწმენის გზაზე და მათზეც, რომელნიც დიდი ხნის წინ მოინათლნენ, მაგრამ ცოდვის მრავალგვარობას ხშირად ვერ აცნობიერებენ, რამეთუ მხოლოდ პირადი შეხედულებებითა და ამქვეყნიური კანონებით განსჯიან.აუცილებელი კი არის წმიდა წერილში გაცხადებული მცნებებისა და სწავლებების გათავისება, რათა სულიერი თვალი აგვეხილოს და ავის და კარგის, ცოდვის და მადლის გარჩევა ვისწავლოთ.

საღვთო ზნეობა იმდენად მაღალია, რომ მას თვით ყველაზე დახვეწილი და რაციონალური სახელმწიფო კანონებიც კი ვერ შეედრება.

სახელმწიფო კანონით დანაშაულად არ მიიჩნევა, მაგალითად, პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარება, განკითხვა, მრისხანება, შური, ამპარტავნება, ეგოიზმი, შიში, მტრობა, სიძულვილი ... ვიდრე მათი გამოვლინებები სერიოზულად არ დააზარალებს სხვას.

უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ კი განგვიცხადა, რომ ცოდვად ითვლება არა მარტო არასწორი საქციელი, არამედ მოყვასის მიმართ სიყვარულისა და კეთილგანწყობის არქონა, უკეთური ფიქრიც და ბოროტი გულისთქმაც და მოგვიწოდა, რომ ნებისმიერი ცოდვა დასაწყისშივე, ანუ გონებასა და გულში გაჩენისთანავე, აღმოვფხვრათ, რათა იგი ქმედებად არ იქცეს და მისგან თავის დაღწევა არ გაგვიძნელდეს.

როგორც საღვთო, ისე სახელმწიფო კანონები რა თქმა უნდა, ზრუნავს ადამიანზე, მაგრამ მათში განსხვავებულობას წარმოშობს პიროვნების აღქმა და მასთან დაკავშირებული ხედვის პერსპექტივები. ეს განსაკუთრებით ითქმის ისეთ ქვეყნებზე, სადაც ზოგიერთი სახელმწიფო კანონი ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს და მცდელობები აქვთ, ცოდვა ოფიციალურად ნებადართული გახადონ. პარალელურად ხდება ისიც, რომ ტელევიზია, მასმედია, სოციალური ქსელები… ამა თუ იმ უწესობას ხშირად მიმზიდველად და საინტერესოდ გვისახავენ და ხელს უწყობენ მათ პროპაგანდას.

სამოთხეში დაწყებული ისტორია ცოდვის კეთილად წარმოჩენისა და შეთავაზებისა, გრძელდება; აკრძალული ნაყოფი ადამიანს კვლავაც მიმზიდველად ეჩვენება, ისევე, როგორც სამოთხეში: ,,იყო საჭმელად ის ხე თვალწარმტაცი და საამური სანახავად” (დაბ. 3,6).

რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ მაშინ, როდესაც ამდენი ხანია ქრისტე ჩვენს განსაკურნებლად მოვიდა, დღესაც მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ურწმუნოების ცოდვაშია; ეს გასაკვირი არც არის, რადგან ჭეშმარიტ სარწმუნოებას ყოველ დროში მხოლოდ ჭეშმარიტი ღვთის ნების აღმსრულებელი ადამიანები ინარჩუნებდნენ.

ეს რჩეული სამწყსო არის პიროვნულ მაღალ ღირებულებათა მაღიარებელი კრებული, იმ პირთა ერთობა, რომელთათვისაც ღმერთი მარტო ძალა კი არ არის, რომელიც ძველ აღთქმაში ზოგჯერ ცეცხლის, გრიგალის, ღრუბლის, მგრგვინავი ხმის სახით... ეცხადებოდა, არამედ ბეთლემს შობილი ემანუელი (რაც ნიშნავს: ,,ჩვენთან არს ღმერთი”), მეორე პირი ყოვლადწმინდა სამებისა, რომელმაც წინ სწორედ პიროვნული ღირსებები წამოსწია, დაგვანახა რა, რომ ნებისმიერი ჩვენგანი უნიკალურია, განუმეორებელია, ხატია უფლისა და სული წმინდის მადლით ღვთის მადლისმიერი ძეობის აღდგენა ძალუძს.

პიროვნება ასეთ სიმაღლეზე არასოდეს არავის აუყვანია!

მაცხოვარმა ჩვენმა ყველა ადამიანური ტკივილი, თვით ჯვარცმით სიკვდილიც, კაცობრივი ბუნებით ჭეშმარიტად განიცადა, რათა, მწუხარებაში მყოფ ნებისმიერ ჩვენგანს, ჰყავდეს მისი სალმობის თანამოზიარე უფალი, რომელიც ღვთაებრივი სიყვარულითა და სიხარულით აღავსებს ყველას.

დღეს ამ უჩვეულო სიხარულის დღეა; დღეს განსაკუთრებით ხარობენ ბავშვები, რადგან უფალი მათ მსგავსად ჩვილად მოევლინა სამყაროს; დღეს ხარობენ დედები, რადგან დედამ, - ახალმა ევამ, ახალი ადამი, - ღმერთი შვა.

მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი განსაცდელისა და ათასგვარი ჭირ-ვარამისა, უფლის შეწევნითა და ღვთისმშობლის მეოხებით საქართველო კვლავაც ქრისტეს გზას ერთგულად მისდევს და შობის მახარობელია.

ერთსულოვნებით განვძლიერდეთ ქართველნო, ოსნო, აფხაზნო, ბერძენნო, რუსნო, უკრაინელნო, ებრაელნო, ასირიელნო, უდინნო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო, ქურთნო, ქისტნო, ლეკნო, ჩერქეზნო და ღვთივკურთხეული ჩვენი მიწის ყოველნო მკვიდრნო, უფალი ჩვენთან არის!

რა თქმა უნდა, მე ვიცი, როგორ უჭირს ჩვენს ხალხს, რამდენი განსაცდელითა და ტკივილითაა სავსე ეს წუთისოფელი, მაგრამ მწამს ისიც, რომ მიუხედავად მრავალი სიმძიმისა და დაბრკოლებისა, ჩვენი ერი ღირსეულად გაივლის გოლგოთის გზას და უფალთან ერთად აღდგება და გაიხარებს.

მამანო და დედანო, დანო და ძმანო, უხუცესნო და ყრმანო, უძლურნო და სნეულნო, საპყრობილესა და საავადმყოფოში მყოფნო, _ ქრისტე იშვა!

მწყემსნი და მოგვნი ღამის წყვდიადში ვარსკვლავის შუქზე მიიჩქარიან ბეთლემის გამოქვაბულისაკენ. დაე, ჩვენც, ანთებული სანთლებით, მათთან ერთად რწმენით მივეახლოთ ახლადშობილ ყრმას და ოქროს, გუნდრუკისა და მურის ნაცვლად მივართვათ მონანული, მოსიყვარულე და მადლიერებით სავსე გული, რათა ჩვენშიც იშვას ყრმა ახალი, პირველსაუკუნეთა ღმერთი!

ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა, ღმერთი სიყვარულისა და მშვიდობისა იყოს თქვენთან, ამინ!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი

შობა ქრისტესი,

თბილისი,

2016/2017წ.

ნანახია - 1984

papa

2017-01-07 14:11:30

ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს პატრიარქი!!! .....

ისე კი .... ვისთვისაც ეს ეპისტოლეა ძირითადად განკუთვნილი, ისინი ამას სამწუხაროდ ...მხოლოდ ერთ ყურში შეუშვებენ და მეორეში გაუშვებენ.
.მათ ამით პატრიარქი ვერაფერს გააგებინებს, უფრო სწორად ისინი... არ გაიგებენ. მათ მხოლოდ განსაცდელი, თანაც დიდი განსაცდელი თუ გააგებინებთ რამეს ..... სხვანაირად მათი გონება უბრალოდ....არ შემოტ/რიალდება
შეაყარე კედელს ცერცვიო ... ისეა მათი საქმე
ფანდარასტი(ფართო გაგებით) მაინც ფანდარასტად დარჩება.

და მაინც მიუხედვად ამისა.... ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, ავსაც და კარგსაც!!
ყველას გილოცავთ შობა--ახალწელს!!
ყველას სიკეთეს გისურვებთ!!
ჯანმრთელობა და შიგა და შიგ სიხარულიც გქონდეთ ამ არეულ ცხოვრებაში..
ხოლო თუ ბედნიერებიც იქნებიიიით(ფართო მცნებაა).... ამას რა სჯობია!

xalibi

2017-01-07 23:28:02

ქ რ ი ს ტ ე ს შ ო ბ ა ს გილოცავთ მართლმადიდებელნოოო....
დღევანდელი დღის მადლი იფარავდეს საქართველოს და ყველა მის თანამდგომს.....
არ გადაჯიშდება ერი ღვთისმშობლის კურთხეულ მიწაზე მობინადრე არასდროს......
კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი.....

xalibi

2017-01-07 23:31:07

Papa-ს
პაპა, ქრისტეშობის მადლი გფარავდეს!!! მრავალს დაესწარი!!!

xalibi

2017-01-07 23:31:49

papa

2017-01-08 01:00:19

ხალიბი გამარჯობა!!!

გილოცავ შობას და დამდეგ ახალ წელს


რა ძალიან დაგვივიწყე რა არის, წარამარა გახსენებთ ხოლმე(სხვებიც)
რაღაც დიდი ,,შვებულება,, გამოგივიდა
იმ დღეს აქ დაგინახე, გამოგეკიდე, მაგრამ ვერ დაგეწიე..
შემოგვიარე ხოლმე,....თუ ძაან არ გაგიძნელდება, ყოველთვის თუ არა,კვირაში ერთხელ მაინც..
.ტემ ბოლე დარწმუნებული ვარ, რომ,,ჩვენს მეგობრებზე,,საჩემო პასებით ისევ ძველებურად მომამარაგებ ხოლმე
და ვაააფშე ...... შენისთანა კაცმა უნდა იტრიალოს აქ..........მე ასე მგონია

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80