“ბრავო!..“, „სოსო, შენთან დაგვაძინე!“
რეტრომედია

“ბრავო!..“, „სოსო, შენთან დაგვაძინე!“

“ბრავო!..“, „სოსო, შენთან დაგვაძინე!“
„ალია“, 1996 წელი

2017-01-11 13:14:51

„ბრავო“, “დაზ იზ ფანტასტიკ“ - ასეთია ოვაციები 26 მაისს რესპუბლიკის მოედანზე. სტუდენტური დღეების დახურვა, ანუ, როგორც თბილისელები ამბობენ, რუსთაველზე გამართული „გულიანკა“. ტრიბუნა, სადაც დილით „ძლიერთ ამა სოფლისას“ დაცვის კოლონა ერტყა გარს, საღამოს მაისურგახდილი და აზარტში შესული თბილისელებით გაივსო. დამსწრე საზოგადოების უმეტესობა სცენას ვერც ხედავს, მაგრამ, როგორც ამბობენ, მთავარი მაინც ზეიმში მონაწილეობაა. ვის არ ნახავდი - „კლაუდია შიფერს“,  „დავით კოპერფილდს“, „მისებს,“ „მისისებს“. სცენას, ტრადიციულად, პოლიციურად, პოლიციის ჯაჭვი იცავს. ახლოს მისვლის შანსიც არ არის, თუ გაბედავ პოლიცია ისეთი უხერხული მოძრაობით დაგაბრუნებს უკან, ვერც შეეკამათები. თუმცა მაინც „დავემუქრეთ“ – თქვენი უტაქტობა არ დაგვავიწყდება! რა გიყოთ, მეც ჩემს მოვალეობას ვასრულებ, თორემ ნახეთ, რამდენი კარგი ქალია. თქვენზე მეტად ახლო მისვლა მე მინდა.

სტუდენტური დღეები დაიხურა. „პერეკურისთვის“ რამდენიმე წუთი და ზუსტად გერმანული პუნქტუალობით, სოსო პავლიაშვილი კონცერტს იწყებს. „სპეცნაზი“ ჯიბეში ხელებჩაწყობილი დადის. მაგრამ რამდენჯერმე „ხელისმოქნევა“  მაინც მოუწევთ. ყველაფერი წყნარდება და კვლავ სოსო. სიმაღლეს მოკლებულები შედარებით მაღლებს მხრებზე უსხედან. აზარტი იმატებს და დრო შეუმჩნევლად იპარება. რამდენიმე საათში პავლიაშვილი კონცერტს დახურულად აცხადებს. – „კაცურად გთხოვთ, არ მაწყენინოთ და შინ მშვიდობით წადით“. ხალხი - „გვიყვარხარ სოსო, კაცური კაცი ხარ“. რუსთაველის ძეგლთან მისულებს მეტროპოლიტენი დაკეტილი ხვდებათ. ისევ გერმანული პუნქტუალობა - 23 საათის შემდეგ 26 მაისს უფასო მეტროში აღარავის უშვებენ. „სოსო წაგვიყვანე შენთან დაგვაძინე, ეს რა გვიქენი!“ - უსამართლო ბრალდება პავლიაშვილზე გადადის. ტაქსაფონებთან რიგი დგება. გარეუბნიდან მოსულები ოჯახს აფრთხილებენ - „ფეხით მოვდივართ, დილამდე, ალბათ, მოვალთ, არ შეგეშინდეთ“, ან „ამაღამ ნაცნობთან ვრჩები არ მელოდოთ“..

მოკლედ, ხელოვნური აურზაურის შემდეგ ხალხი ორი მიმართულებით გაიყო. მარცხნივ - ისანი-ვარკეთილი, მარჯვნივ - სანზონა, გლდანი, თემქა, მუხიანი.

„კურიოზებს“ 26 მაისიც ვერ ასცდა. მაგრამ დღის შთაბეჭდილება იმხელა იყო, უაზროდ წინააღმდეგობის გაწევა ხალხს აღარ შეეძლო. თუმცა, ქართველების „უხასიათობიდან“ გამომდინარე, ხვალვე, ემოციების გადავლის შემდეგ, მოჭარბებული ენერგია კვლავ მთავრობის მისამართით „წუწუნში“ დაიცლება.

 

 

ნანახია - 278

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80