მკვლელობათა სერიის უცხოური "იმუნიტეტი"
რეტრომედია

მკვლელობათა სერიის უცხოური "იმუნიტეტი"

მკვლელობათა სერიის უცხოური "იმუნიტეტი"
„კვირის პალიტრა“, 27 ივლისი, 2013 წელი

2017-01-12 12:23:21

2013 წლის 22 ივლისს ბათუმში 16 წლის მოზარდი გოგონას საზარელმა მკვლელობამ 20 წლის ისტორია გამახსენა. ხელისუფლებამ 20 წლის განმავლობაში ვერც ერთხელ ვერ მოახერხა საქართველოს მოქალაქის მკვლელობისთვის უცხოეთის მოქალაქე გაესამართლებინა...

1997 წლის 13 ივლისს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, ჩაის სახლთან, ავარია მოხდა. მძღოლმა, რომელიც საჭეს, სავარაუდოდ, მთვრალი მართავდა, ორი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა... ამ ფაქტს თვითმხილველიც ჰყავდა, ქალბატონი ია სულაბერიძე, რომელიც მომხდარს შემთხვევით შეესწრო (ავარიის მომენტში საკუთარი სახლის აივანზე იდგა) და დაშავებულთა დასახმარებლად სასწრაფოც გამოიძახა. იმ დროს ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ერთ-ერთი დაღუპული, 22 წლის ლაშა სულაბერიძე (თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი მესაკუთრის, ლერი სულაბერიძის ძმა), მისი შვილი იყო, მეორე - მისი თანატოლი დავით ჯაყელი...

როდესაც დამნაშავეს სამართალდამცავებმა ალკოჰოლური თრობის დასადგენად ექსპერტიზაზე გადაყვანა დაუპირეს, მძღოლმა განაცხადა, - მე საერთაშორისო წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის ფედერაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ მარინოვი ვარ და დიპლომატიური იმუნიტეტი მიცავსო(?!). პოლიცია იძულებული გახდა, ის შინ, ბარნოვის ქუჩაზე მიეცილებინა.

ახალგაზრდების დაღუპვამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, განსაკუთრებულ აღშფოთებას ის გარემოება იწვევდა, რომ ბულგარელ დიპლომატს შეეძლო, საქართველო დაუბრკოლებლად დაეტოვებინა და მართლმსაჯულებას გარიდებოდა. ერი თუ ბერი ხელისუფლებას სთხოვდა, მიებაძა ამერიკისთვის (იმ პერიოდში აშშ-ში ქართველი დიპლომატი გიორგი მახარაძე 16 წლის ამერიკელ გოგონას დაეჯახა. დაშავებული გარდაიცვალა, შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ გიორგი მახარაძისთვის დიპლომატიური იმუნიტეტი მოეხსნა და დამნაშავეს კანონის წინაშე პასუხი ეგო) და მარინოვისთვის იმუნიტეტის მოხსნა მოეთხოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიაში გაკეთებული განცხადებებით თავს იმართლებდა, - აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თუმცა იმის გამო, რომ ალექსანდრ მარინოვს დიპლომატიური იმუნიტეტი იცავს, მისი დაკითხვა და ექსპერტიზის ჩატარება ვერ ხერხდებაო. თავის მხრივ საგარეო საქმეთა სამინისტრომ წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის სათავო ოფისს ჟენევაში ნოტა გაუგზავნა და მარინოვისთვის იმუნიტეტის მოხსნა მოითხოვა. პასუხმაც არ დააყოვნა. საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ჟენევიდან სამძიმრის წერილი მიიღო, სადაც წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამდა მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, თუმცა წერილში დიპლომატისთვის იმუნიტეტის მოხსნაზე სიტყვაც არ იყო ნათქვამი(?!).

ალექსანდრ მარინოვს თბილისში კიდევ დიდხანს ხედავდნენ (მას თბილისელმა კოლეგებმა ურჩიეს, ერთხანს ქალაქი არ დაეტოვებინა, რათა მოსახლეობის უფრო მეტი გულისწყრომა არ გამოეწვია). საბოლოოდ, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო, ბულგარეთის მოქალაქე სასამართლოს წინაშე წარედგინა.…

სამწუხაროდ, ხელისუფლება ვერც მომდევნო წლებში ახერხებდა საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფისთვის უცხოელი მოქალაქეების დასჯას.

2000 წლიდან, როდესაც საქართველო-თურქეთს შორის მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდა, ათასობით ქართველმა მიაშურა თურქეთს უკეთესი ბედის საძიებლად. ამ დროს საქართველოში თურქეთის მოქალაქეებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ხშირად არად დაგიდევდნენ კანონს. განსაკუთრებული თავაშვებულობით თურქი მძღოლები გამოირჩევიან, რომელთა კისერზეცაა 13 წლის განმავლობაში ათობით საქართველოს მოქალაქის სიკვდილი.

2002 წელს ფოთთან, ტრაილერი, რომელსაც თურქი მძღოლი მართავდა, ურემს დაეჯახა. ურემზე მჯდომი დაშავებული მოქალაქე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა (მას მცირეწლოვანი შვილი და ფეხმძიმე მეუღლე დარჩა). დამნაშავე მძღოლი შემთხვევის ადგილს თავად პოლიციამ გაარიდა!

"ჩემი მეუღლე ჯერ დაკრძალული არ იყო, ჩემთან მოვიდა ერთი სენაკელი ბიზნესმენი - მოლაპარაკება მინდა შენთანო. ტყუილად დარბიხარ პოლიციაში, ეგენი არაფრის გამომძიებლები არ არიან და მეც მიფუჭებ საქმესო. მაშინ გავიგე, რომ იმ თურქ მძღოლს ამ კაცის პარტნიორის ტვირთი მიჰქონდა თბილისში. რას აკეთებდა შენი ქმარიო, მკითხა. უმუშევარი იყო, შეშას აგროვებდა და ყიდდა. ძლივს გვარჩენდა-მეთქი. აბა, რაღას მისტირიო. ამოიღო ჯიბიდან 4 000 დოლარი და მაგიდაზე დამიდო, - ახლა ეს იმყოფინე და მერე კიდევ დაგეხმარებიო. უარი რომ ვუთხარი, გაბრაზდა. შემიძლია, კაპიკი არ მოგცე და ჩემს მძღოლს ფეხებს ვერავინ მოსჭამს, შენ კი, შენი ბავშვებიანად გაგაქრობო. ძალიან შემეშინდა. გაგონილი მქონდა ამ კაცის გვარი, მაშინ მთელი სენაკი შიშით ლაპარაკობდა მასზე და მის ძმაზე. ტირილი რომ დავიწყე, ეტყობა, შევეცოდე და ფული არ წაუღია, ისე წავიდა... მას მერე არ გამოჩენილა. იმ თურქ მძღოლს მერეც ვხედავდი პორტში. ჩემი ქმრის მკვლელი ისევ მანქანის საჭეს უჯდა".

მაია ლაგვილავაფოთი

მდგომარეობა არც "ვარდების ხელისუფლების" მოსვლის შემდეგ შეცვლილა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ჯერ კიდევ 1997 წელს (მაშინ პარლამენტის კონსტიტუციურ საკითხთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო) შევარდანაძის მთავრობას მარინოვის საკითხთან დაკავშირებით უუნარობაში სდებდა ბრალს და პრეზიდენტს მეტი პრინციპულობისკენ მოუწოდებდა, თავად ვერ შეძლო (მიუხედავად უამრავი ფაქტისა), სასამართლომდე მიეყვანა მკვლელობაში ეჭვმიტანილი უცხოეთის მოქალაქეები.

2008 წლის გაზაფხულზე ტრაილერი, რომელსაც თურქი მძღოლი მართავდა, მსუბუქ მანქანას დაეჯახა და მძღოლი იმსხვერპლა... დამნაშავემ შემთხვევის ადგილი მიატოვა და დიდი სიჩქარით განაგრძო გზა. ცოტა ხნის შემდეგ ის სამარშრუტო ტაქსის დაეჯახა და მასში მჯდომი 8 კაცი მოკლა... როგორც საქმეში ჩახედულნი პირად საუბრებში ამბობდნენ, - პოლიცია ჩალიჩობდა, რომ მძღოლი საპროცესო გარიგების საფუძველზე გაეშვათ, ჭირისუფლებზეც იყო ზეწოლა, ზოგს კაპიკებს სთავაზობდნენ, ჯიუტებს კი "რაღაცების" ამოქექვით ემუქრებოდნენ, მერე ეს საქმე საეჭვოდ მიჩუმათდა.”

2010 წლის 20 ივლისს რიკოთზე მორიგი ავარია მოხდა. ამჯერადაც მკვლელი თურქი მძღოლი აღმოჩნდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მანქანა, სავარაუდოდ, გაუმართავი იყო...

"სვანეთში მივდიოდი. რიკოთის უღელტეხილზე გავჩერდით. სიმინდის გამყიდველი ქალისგან გავიგე, რომ წინ, დაღმართზე გაუმართავი თურქული ტრაილერი მიდიოდა. გზაში საავარიო ჩიხებს ვათვალიერებდი. ტრაილერი რომ ვერ დავინახე, ვიფიქრე, ალბათ დაზიანებული არ იყო და გამყიდველს მოეჩვენა-მეთქი. მოულოდნელად მოსახვევში დავინახე, რომ ის ტრაილერი მეორე მხარეს გადასულიყო და კლდეზე "მერსედესი" მიესრისა. საჭესთან ყმაწვილი იჯდა. მაშველები და ექიმები ცარიელი ხელებით ცდილობდნენ გამოეგლიჯათ დასრესილი მანქანის რკინები. ბიჭის გადარჩენა ვერ შეძლეს. ვიღაცამ თქვა, 22 წლის არისო... თვალებიდან არ ამომდის უკან ხელგადაგდებული ბიჭის სახე".”

თვითმხილველის ნაამბობიდან

ერთი წლის შემდეგ, 2011 წლის 30 ივლისს, გორის მაგისტრალზე, ჩვენს თანამემამულეს (ქარელის რაიონი, სოფელი, სობისი) მანქანა გაუფუჭდა და გადასაყვანად ევაკუატორი გამოიძახა, მას თან 16 წლის შვილი ახლდა. როდესაც ევაკუატორი მოვიდა და მასზე დაზიანებული მანქანის გადატანას ცდილობდნენ, მოულოდნელად დიდი სიჩქარით მომავალი თურქული ტრაილერი დაეჯახათ. მამა-შვილი და ევაკუატორის მძღოლი მაშინვე დაიღუპნენ.

"ჩიტებივით რომ გვხოცავენ და საყვედურსაც არავინ ეუბნება ამათ!.. ნუთუ ჩვენი სიცოცხლე ჩვენსავე მიწაზე გროშიც არ ღირს? მათთან ქათმის მოკვლასაც არავინ გვაპატიებს. სანამ ლინჩის წესით არ გავასამართლებთ ერთს მაინც, მანამდე საშველი არ გვექნება, ხელისუფლება აქ არ გვიფრთხილდება და უცხო მიწაზე გაუფრთხილდება ჩვენს მოქალაქეებს? არ დაიჯეროთ ეგ!"

ციცინო როინიშვილი, ოჯახის ახლობელი

ხშირ შემთხვევაში ქართველების მკვლელობები საზღვარგარეთაც დაუსჯელი რჩება, ხოლო იმ ფაქტებზე, რომლებზეც გამოძიება ასე თუ ისე მიმდინარეობდა, შედეგის შესახებ საქართველოში არაფერი იციან.

2012 წლის 20 ივლისს აშშ-ში, მერილენდის ქალაქ ბალტიმორში, პოლიციამ 23 წლის ბექა ზარდიაშვილი ყელგამოჭრილი იპოვა. სამართალდამცავებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი იმ საღამოსვე დააკავეს - ზარდიაშვილის თანამშრომელი, 26 წლის აფროამერიკელი ზამან ლოუსონი აღმოჩნდა, მკვლელობის მიზეზი კი - სამსახურებრივ საკითხებზე შელაპარაკება. ლოუსონს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 25-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა როგორ დამთავრდა გამოძიება, ცნობილი არ არის.

ასევე უცნობია 2011 წლის 4 მაისს თურქეთში მოკლული ემზარ ჯგერენაიას საქმის გამოძიების შედეგი. ის ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე მუშაობდა დარაჯად. მაშინ მოკლეს, როდესაც თავის დამქირავებელს კუთვნილი ჯამაგირი მოსთხოვა. პასუხად თურქმა ბიზნესმენმა თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა და მოკლა.

2013 წლის 10 ივლისს უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მოკლეს. დნეპროპეტროვსკში, საღამოს 8 საათზე, საკუთარი სახლის წინ ცნობილი ძიუდოისტი ჩაცხრილეს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონს კობა ნადირაძეს კილერმა მაშინ ესროლა, როდესაც მან მანქანის საბარგულში სპორტული ჩანთა ჩადო და საჭესთან დაჯდომას აპირებდა. დაჭრილი ნადირაძე შეეცადა, სადარბაზოსთვის შეეფარებინა თავი, თუმცა კილერმა მისდია და რამდენჯერმე კიდევ ესროლა. დასახმარებლად გამოსულ მეზობლებს ძიუდოისტი გარდაცვლილი დახვდათ.

კილერმა წასვლისას საბარგულიდან სპორტული ჩანთაც გაიყოლა. როგორც ჩანს, საქმე შეკვეთილ მკვლელობას ეხება...

2013 წლის 18 ივლისს შეკვეთილში თურქული ტრაილერის მორიგი ავარია ისევ მსხვერპლით დამთავრდა. ტრაილერის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე, მანქანა საწინააღმდეგო მხარეს გადავიდა და მსუბუქ მანქანას დაეჯახა, რომელშიც 4 მგზავრი - ცოლ-ქმარი და 2 მცირეწლოვანი ბავშვი იჯდა. სამწუხაროდ, ყველა მაშინვე დაიღუპა...

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ბათუმში მხეცურად მოკლული 16 წლის მარიამ კოჩალიძის სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ერთგვარი ტესტი იქნება ახალი ხელისუფლებისთვის, შეძლებს თუ არა, წინამორბედებისგან განსხვავებით, შექმნას პრეცედენტი - გაასამართლოს უცხოეთის მოქალაქე საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფისთვის...

 

 

 

ნანახია - 122

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80