დაახლოებით 50 „კანონიერი ქურდი“ სტატუსის გარეშე დარჩება?!
დაიჯესტი

დაახლოებით 50 „კანონიერი ქურდი“ სტატუსის გარეშე დარჩება?!

დაახლოებით 50 „კანონიერი ქურდი“ სტატუსის გარეშე დარჩება?!
versia.ge

2017-03-07 09:33:18

ვინ არის უკრაინაში დაკავებული გელა ქარდავა და რა კავშირი აქვს მის დაპატიმრებასთან შაქრო კალაშოვს

მართალია, ოდესის გუბერნატორის პოსტზე მუშაობისას, მიხეილ სააკაშვილმა ,,კანონიერ ქურდებს'' დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა, მაგრამ რეალურად, უკრაინაში წონიანი ქართველი ქურდი არ დაუკავებიათ. ამის მიუხედავად, სააკაშვილი ამას მუდამ იმეორებდა და მეტიც, ამის ნიადაგზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს, არსენ ავაქოვსაც კი დაუპირისპირდა. ერთ-ერთ შეხვედრაზე ავაქოვმა წყლიანი ჭიქაც კი ესროლა ჩვენს ექსპრეზიდენტს. სააკაშვილი ოდესის გუბერნატორი აღარ არის, ავაქოვი ისევ შინაგან საქმეთა მინისტრია და არც ისე დიდი ხნის წინ, სწორედ მან ატვირთა სოციალურ ქსელში ვიდეო, სადაც ქართველი ,,კანონიერი ქურდის'', გელა ქარდავას აყვანის სპეცოპერაციაა ასახული. ქარდავა კიევის სპეცდანიშნულების რაზმმა დააკავა და როგორც ამბობენ, მას ბრალად უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი მძიმე დანაშაულები ედება. 


ვინ არის გელა ქარდავა, რა გავლენა აქვს კრიმინალურ სამყაროში და რა კავშირშია მისი დაკავება კრიმინალური სამყაროს პატრიარქ შაქრო კალაშოვთან?!


გელა ქარდავა ,,კანონიერ ქურდად'' 21 წლის ასაკში, 1996 წელს მოსკოვში მოინათლა. ისიც სათქმელია, რომ ქურდად მის მონათვლაში, გავლენიანი ,,კანონიერი ქურდის'', მერაბ მზარეულას, მეტსახელად ,,დუიაქეს'' როლს ხედავენ. ქარდავა სწორედ მზარეულას სიძეა და როგორც ჩანს, სიმამრმა საჭირო ადგილზე სიტყვა შეაწია. ამის შემდეგ, ,,ქურდული ნეპოტიზმი'' თავად გელამ გააგრძელა და ქურდად თავისი ძმა, გიზო ქარდავა მონათლა. 


საქართველოდან გელამ მაშინ ამოიკვეთა ფეხი, როცა ,,კანონიერ ქურდობაზე'' სასჯელი შემოიღეს. თავიდან მოსკოვში დაიდო ბინა, მაგრამ მას შემდეგ, რაც იქ მოღვაწე კანონიერ ქურდებს დაუპირისპირდა, იქიდან ჯერ ევროპაში გადაბარგდა, შემდეგ კი უკრაინაში წავიდა. პირველი სერიოზული კონფლიქტი ქარდავას ედუარდ ასატრიანთან, იგივე ,,ედიკ თბილისსკისთან'' მოუვიდა. უფრო მეტიც, ე.წ. სხოდკაზე დაბარებულ ასატრიანს ქარდავამ და მისმა ახლობლებმა ისე სცემეს, გონება რამდენჯერმე დაკარგა და ცემის ნიადაგზე, საავადმყოფოშიც რამდენიმე კვირა გაატარა. არადა, ასატრიანი დედ ჰასანის კლანის წარმომადგენელი იყო და რაც მთავარია, ის შაქრო კალაშოვის ნათესავია. 


ამის შემდეგ დაიძაბა კალაშოვსა და ქარდავას შორის ურთიერთობა. მაშინ შაქრო ევროპაში იყო, რუსეთს ვერ ეკარებოდა და გელასაც ამ მიზეზით ვერ მიწვდა, თუმცა როგორც ამბობენ, ქარდავამ უპატიებელი შეცდომა დაუშვა. ,,კანონიერ ქურდებს'' ერთმანეთში დაპირისპირება მოუვიდათ და ამ საქმეში გავლენიანი ქურდი, ბადრი კოღუაშვილიც მონაწილეობდა. კოღუაშვილის მოწინააღმდეგეებმა ციხეში ,,მალიავა'' შეაგზავნეს, რომელშიც გარკვევით ეწერა, რომ ბადრი ქურდი აღარ იყო და ამ წერილს ხელს სხვებთან ერთად ქარდავაც აწერდა. 


ამ ამბიდან რამდენიმე თვეში 300-კაციანი ქურდული ,,სხოდკა'' კალაშოვმა პირადად გამართა, კოღუაშვილი გაამართლა და წერილზე ხელმომწერებს პასუხი მოსთხოვა. ბოდიში პრაქტიკულად ყველამ მოიხადა და ყველამ შეინარჩუნა ქურდული სტატუსი. ყველამ, გარდა ქარდავასი, რადგან ის ,,სხოდკაზე'' არ ჩავიდა. მას ეშინოდა, რომ სტატუსის ჩამორთმევის გარდა, ედიკ ასატრიანი ცემის ფაქტს გაუხსენებდა და... ამბობენ, გელას სიკვდილის შეეშინდა და სხოდკაზე ამ მიზეზით არ ჩავიდა, სანაცვლოდ კი ქურდის სტატუსს დაემშვიდობაო. 


საქმემ ისე მოიტანა, რომ ვინც კალაშოვის მტერია, ის ტარიელ ონიანის მეგობარია და ამიტომ, 300-კაციანი ,,სხადნიაკის'' გადაწყვეტილება ციხიდან სწორედ ონიანმა გააპროტესტა. მან ქარდავას არაქურდად დატოვების საკითხს დაუსაბუთებელი უწოდა და თავისი გაიტანა კიდეც - გელას სტატუსი შეჩერებული აქვს და არა გაუქმებული, ხოლო მის აღდგენას მირიგი ,,სხოდკა'' სჭირდება, რომელიც ძნელი მოსაწყობი იქნება, რადგან ონიანი ციხეშია, კალაშოვიც ციხეშია, მათ გარეშე კი ,,სხოდკის'' მშვიდობიანად და უჩხუბრად ჩატარების გარანტიას ვერავინ იძლევა. 


და მთავარი - კალაშოვის კლანის წევრები გელა ქარდავას უმძიმეს ბრალდებას უყენებენ. მას შემდეგ, რაც ის ბადრი კოღუაშვილს დაუპირისპირდა, საქმეში მისი სიმამრი, მერაბ მზარეულაც ჩაერთო. სწორედ სიძე-სიმამრს დასდეს ქურდებმა ბრალი იმაში, რომ ისინი კრიმინალურ სამყაროში არცთუ ავტორიტეტულ ხალხს ქურდის სტატუსს ფულის სანაცვლოდ ანიჭებდნენ. ამ განცხადებას საფუძვლად ისიც უდევს, რომ გავლენიან ,,კანონიერ ქურდებს'' ჯამში ათამდე ე.წ. ნათლული ჰყავთ, მაშინ როცა გელა ქარდავამ 29 კრიმინალს დაადგა ქურდის გვირგვინი, მისმა სიმამრმა - 26-ს და ხშირ შემთხვევაში, ქურდად კრიმინალებს სწორედ სიძე-სიმამრი აკურთხებდნენ და სხვას არავის ისწრებდნენ. თუ ქარდავას ეს ბრალდება დაუმტკიცდება, ქურდის სტატუსის საბოლოოდ დაკარგვა არამარტო მას, არამედ მის მიერ მონათლულ ქურდებსაც მოუწევთ. მის ნათლულებში კი ძმა, გიზო ქარდავაც არის. 


მანამდე კი გელა ქარდავას იმაზე მოუწევს ფიქრი, როგორ დაუძვრეს უკრაინელ სამართალდამცავებს, რომლებმაც უკვე ყალბი პასპორტი უპოვეს და ისიც თქვეს, რომ ძარცვასა და ყაჩაღობაზე ქარდავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას რამდენიმე ადამიანი აპირებს.


პატიმარი #0578

 

ნანახია - 967

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80