"დღეს ეკლესიაში ათობით მამალაძეა"
დაიჯესტი

"დღეს ეკლესიაში ათობით მამალაძეა"

"დღეს ეკლესიაში ათობით მამალაძეა"
რეზონანსი

2017-03-09 10:12:45

"დღეს წმინდა სინოდის კრება ტარდება და დიდი მოლოდინია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სინოდის წევრი მაღალი იერარქიის სასულიერო პირები - შეუჩერებენ თუ არა "ციანიდის საქმეზე" დაკავებულ მამა გიორგი მამალაძეს დეკანოზის ხარისხს, ასევე, ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას, გააფრთხილებენ თუ არა ეკლესიის შიგნით არსებულ პრობლემებსა და დანაშაულებებზე საჯაროდ საუბრის გამო და პლუს, დაიწყება თუ არა ეკლესიის შიგნით გამოძიება იმ შესაძლო კორუფციულ დანაშაულებზე, რაც მეუფე პეტრემ გაასაჯაროვა. თეოლოგების განცხადებით, "ციანიდის საქმემ" და გუშინ პროკურატურის მიერ გავრცელებულმა ჩანაწერმა ეკლესიის შიგნით არსებულ ერთ-ერთ მთავარ პრობლემასაც ახადა ფარდა და სწორედ სინოდის კრებაზე უნდა დაისვას საკითხი, მღვდლობისთვის შეუფერებელი ადამიანების კურთხევა რა გზით და ვის მიერ ხდება და რატომ მომრავლდნენ ეკლესიაში მომხვეჭელი და კრიმინალური აზროვნების სასულიერო პირები", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით "დღეს ეკლესიაში ათობით მამალაძეა"/რას განიხილავს დღეს წმინდა სინოდი.



"მათ დიდი იმედი არ აქვთ, რომ მეუფე პეტრეს მიერ გახმოვანებული ბრალდებების განხილვა მოხდება და ამ საკითხს ეკლესიიის შიგნით ვინმე გამოიძიებს. ამბობენ, რომ როგორც ადრე არაერთხელ მომხდარა, ამ მთავარი პრობლემის მიჩუმათება მოხდება და აქცენტი გადავა "ციანიდის საქმესა" და მეუფე პეტრეს მიერ კანონის დარღვევაზე, რომ მას პრობლემებზე საჯაროდ არ უნდა ელაპარაკა. საპატრიარქოს ცნობით, მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა 9 მარტს 12 საათზე საპატრიარქოში გაიმართება და ეს არის სინოდის პირველი შეკრება მას შემდეგ, რაც პატრიარქის გარემოცვიდან ერთ-ერთი პირის მკვლელობის მზადების ბრალდებით 10 თებერვალს დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. "რეზონანსთან" საუბრისას პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ამბობს, რომ ის, თუ რა საკითხები იქნება განხილული, წინასწარ ცნობილი არ არის, თუმცა არ უარყოფს იმას, რომ სხდომაზე "ციანიდის საქმე" და ასევე მიტროპოლიტი პეტრე ცაავას მიერ დიდი სჯულის კანონის დარღვევის საკითხი განიხილება. შესაძლო კორუფციის გამოძიების აუცილებლობაზე კი ის არაფერს ამბობს", - აღნიშნავს გამოცემა. 



"თეოლოგ ლევან აბაშიძეს არ აქვს მოლოდინი, რომ საპატრიარქოში არსებულ შიდა პრობლემებზე, რაც მიტროპოლიტმა პეტრემ გააჟღერა, საუბარი იქნება. "როგორც ადრე არაერთხელ ყოფილა, ამ საკითხების იგნორირება მოხდება," - აღნიშნავს აბაშიძე. მისი თქმით, სინოდის კრებაზე დიდი ალბათობით განიხილავენ თვით მეუფე პეტრეს საკითხს და ასევე, შესაძლოა, დეკანოზს მღვდლობა დროებით შეუჩერონ კიდეც. "როდესაც ადამიანი კამერაში ზის, ის ისედაც არ მღვდელმსახურებს და შეჩერება-არშეჩერებითაც დიდი არაფერი იცვლება. ხოლო თუ სასამართლო დაამტკიცებს, რომ ეს კაცი ვინმეს მოკვლას აპირებდა, ცხადია, ეკლესიიდანაც უნდა განკვეთონ. ამაზე მეტი ცოდვა რა უნდა იყოს?! საპატრიარქო ადრეც არ დებდა თავს, დეკანოზი გიორგი მამალაძე გინდა თუ არა უდანაშაულოაო. ამბობდნენ, დაველოდოთ გამოძიებასო. ახლა, მით უმეტეს, როდესაც პროკურატურამ ჩანაწერები გაასაჯაროვა, სადაც ბევრი რამ გამოიკვეთა, ისიც, რომ შესაძლოა დანაშაულზე უკვე ვისაუბროთ, მით უფრო არ გამოესარჩლებიან," - მიიჩნევს აბაშიძე. თეოლოგი ამბობს, რომ ბოლო ათწლეულებში ჩვენს ეკლესიაში ბევრს ულაპარაკია კორუფციაზე და სხვა დარღვევებზე, იგივე დეკანოზ ბასილ კობახიძეს, მაგრამ არის ტრადიცია, რომ ამის იგნორირება მოხდეს. "ახლა, მით უმეტეს მთავარი ყურადღება გადავა იმაზე, რომ მიტროპოლიტმა პეტრემ დაარღვია რაღაც კანონები, ისაუბრა რაღაცაზე, შეურაცხყოფა მიაყენა ვიღაცებს და ამიტომ მის წინააღმდეგ მიიღებენ ზომებს. კონკრეტულად რა თქვა, ამას კი წაუყრუებენ. მე ასე მგონია," - ამბობს აბაშიძე. მისი თქმით, გასაგებია რომ კორუფციაზე და ნარკოტიკების რეალიზაციაზეა საუბარი და ეს დანაშაულია, მაგრამ ახლა სხვა კუთხით შემოდის ეს საკითხი, ანუ ეს ყველაფერი თქვა მეუფე პეტრემ, რომელიც იცავს დამნაშავე დეკანოზს და პლუს, რომელმაც ეს სინოდთან შეუთანხმებლად გაასაჯაროვა, რის გამოც მას სინოდი მიუთითებს დარღვევაზე", - განაგრძობს ავტორი. 



"შესაძლოა, თქვენ და მე გვაინტერესებს ის საკითხები, რომლებიც მიტროპოლიტმა პეტრემ გააჟღერა, მაგრამ რამდენად ექნება სინოდს დაინტერესება ამ საკითხების განხილვის? სავარაუდოდ - არა. თანაც ამ საკითხების იგნორირება ადვილი იქნება, თუ სინოდი მეუფე პეტრეს საკითხს განიხილავს და მას თავდაცვით პოზიციაში მოუწევს ყოფნა და მისი ნათქვამის ფასი ისეთი დიდი აღარ იქნება. დღეს ერთ ფლანგზე არიან მხოლოდ დეკანოზი გიორგი მამალაძე და მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ორივე მძიმე მდგომარეობაშია და სინოდი მათ ორივეს გამოუტანს განაჩენს და ამით სინოდი დამთავრდება. ახლა სინოდისთვის საქმე გაადვილებულია. აი, ბატონო, დამნაშავე, აი, ბატონო, მისი დამცველი, რომელიც მთელ ეკლესიას ცილს გვწამებს და ამ ორის მიმართ უნდა გადავწყვიტოთ რამე. ამ ეტაპზე მამალაძე ვის კლანშიც იყო, ალბათ მათი საპატრიარქოდან გამოყვანა მოხდება და ასე დასრულდება ეს საქმე. ისიც შესაძლებელია, მეუფე პეტრეს დროებით შეუჩერონ ეპისკოპოსობა, ან სხვა სტატუსით ეპარქიიდან გადაიყვანონ, ან შეიძლება თქვან, რომ ბოდიში მოიხადა და ყველაფერი ისევ ძველებურად დარჩეს. დაველოდოთ, რა იქნება," - დასძენს აბაშიძე. თეოლოგი ვლადიმერ ნარსია ამბობს, რომ მისი მოლოდინი არ მართლდება-ხოლმე და სინოდი უმეტესად მეორეხარისხოვან თემებზე მსჯელობს და არა არსებითზე. მისი თქმით, სანამ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ განაჩენი დადგენილი არ არის, ალბათ სინოდი თავს შეიკავებს მკვეთრი განცხადებისგან", - წერს სტატიის ავტორი. 



"მეუფე პეტრეს კი ვერაფერს ვერ უზამს, რადგან შეუძლებელია ეპისკოპოსს მყისიერად მიუყენონ გარკვეული სასჯელი. "სურვილი მაქვს, სინოდმა იმსჯელოს იმ პრობლემებზე, რომელიც ეკლესიას აქვს. განიხილოს მეუფე პეტრე ცაავას მიერ გაჟღერებული ფაქტები და საეკლესიო წესების დაცვით მოხდეს ყველაფერზე რეაგირება. თუ ქრისტეს ეკლესიაზეა საუბარი, არ ველოდები, პეტრე ცაავას მიმართ რაიმე მკვეთრი განცხადება გაკეთდეს. თუ ჩანაფიქრია, უნდა მიეცეს შესაძლებლობა საკუთარი პოზიცია გაამყაროს არგუმენტირებულად. რომ უნდოდეთ მისი დასჯა, საეკლესიო კანონით, ის ჯერ ორჯერ უნდა გააფრთხილონ, მას მყისიერად ვერ მიუყენებენ რაიმე სასჯელს," - ამბობს ნარსია. თეოლოგების თქმით, დღეს ყველაზე მთავარი პრობლემა ეკლესიაში მღვდელმსახურებისთვის შეუფერებელი ადამიანების კურთხევაა და, წესით, სწორედ ამ საკითხის განხილვა უნდა მოხდეს. ვლადიმერ ნარსიას თქმით, "დეკანოზი გიორგი მამალაძე მინიმუმ გასაკიცხია, როგორც სასულიერო პირი." "უნდა დაისვას კითხვა, ვინ აკურთხებს ასეთ სასულიერო პირებს, რატომ არ ხდება თავის დროზე სათანადოდ იმ ადამიანების შემოწმება, რომ ასეთი ადამიანები ასეთი რიგის მღვდელმსახურებაში არ მოხვდნენ. ეს დამაფიქრებელია.თუმცა თუ სინოდი დეკანოზს მღვდელმსახურებას შეუჩერებს იმ მიზეზით, რომ ის არღვევს კანონიკური სამართლის წესებს, მაშინ მან ასევე უნდა დაასახელოს ათობით სასულიერო პირი, მსგავსი ტიპის ქცევის და მენტალობის, რომლებიც ეკლესიაში არსებობენ. დღეს ეკლესიაში ათობით მამალაძეა," - მიიჩნევს ნარსია. ლევან აბაშიძე აცხადებს, რომ ყველაზე მძიმე ცოდვა, რაც შეიძლება ჰქონდეს მაღალ იერარქს, ეს არის, რომ მღვდლად აკურთხებს ისეთ პიროვნებებს, რომლებიც ამის ღირსნი არ არიან. "ბოლო 30 წელია, იმდენი აკურთხეს და ისეთები აკურთხეს, რომ არაფერი არ მიკვირს და ეს შეიძლება იყოს მძიმე შეცდომა, რაც ჩვენმა პატრიარქმა დაუშვა. რაც ახლა ჩვენ გავიგეთ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერში, ეს დეკანოზი რას და როგორც ლაპარაკობს, მისი მღვდლად კურთხევა არ შეიძლებოდა. რაც შეუძლია ეკლესიას ავნოს უღირსმა ეპისკოპოსმა და უღირსმა მღვდელმა, ასე ვერ ავნებს მას ვერც ერთი გარეშე მტერი. ამიტომ ეკლესიამ უნდა მიხედოს, ვინ არის მღვდლობის ღირსი", - ამბობს აბაშიძე, რომლის თქმით, ადამიანი, რომელსაც აშკარად შორს არის ქრისტიანობისგან, კრიმინალური და მომხვეჭელური გაგება აქვს, ასეთი ადამიანის ადგილი სასულიერო პირთა შორის არ არის," - დასძენს გამოცემა. 



interpressnews.ge

ნანახია - 669

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80