ინვესტიციები იზრდება, ეკონომიკა მხარს ვერ უბამს
ეკონომიკა

ინვესტიციები იზრდება, ეკონომიკა მხარს ვერ უბამს

ინვესტიციები იზრდება, ეკონომიკა მხარს ვერ უბამს
ბექა დანელია

2017-03-13 17:30:29

2016 წელი საინვესტიციო თვალსაზრისით ურიგო არ ყოფილა და შარშანწილდელი მაჩვენებელი გაუმჯობესდა კიდეც, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეკონომიკამ დიდად ვერაფერი იხეირა.

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წელს 1645 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22%-ით აღემატება 2015 წლის წინასწარ და 5%-ით ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებს.

„საქსატატის“ ინფორმაციით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 2016 წელს 59%-ს მიაღწია. პირველ ადგილზე აზერბაიჯანია - 35 პროცენტით, მეორეზე - თურქეთი 17 პროცენტით, ხოლო მესამეზე - გაერთიანებული სამეფო 7 პროცენტით.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 645 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 203 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - მშენებლობა 163 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება 2016 წლის მეოთხე კვარტალს, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წლის IV კვარტალში 330 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2015 წლის IV კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 23 პროცენტით, ხოლო ამავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე 1%-ით მეტია.

მიღწეული შედეგით საქართველოს მთავრობა თავს იწონებს. „ჩვენს რეგიონში მხოლოდ საქართველომ შეძლო საერთაშორისო რეიტინგების შეინარჩუნა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ.

მან ხაზი გაუსვა საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას მსოფლიო ბანკის ავტორიტეტულ რეიტინგში „ბიზნესის კეთების სიმარტივე - 2017“, რომლითაც საქართველომ 7 პოზიციით წაიწია წინ და 23-ე ადგილიდან მე-16 პოზიციაზე გადავიდა..

„საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების - ე.წ. ევრობონდების ფასი ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ქვეყნის მთავრობის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ნდობის გამოცხადებას ნიშნავს“, - განაცხადა გაგუამ.

მან ისაუბრა იმ დადებითი ტენდენციების შესახებ, რომელიც არსებობს საქართველოს საფინანსო სექტორში, კერძოდ, საქართველოს ბანკების ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საფონდო ბაზრებზე ფასის ზრდით ხასიათდება, რაც საქართველოსა და მისი ფინანსური სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორთა ნდობაზე მეტყველებს. სწორედ ამიტომაც უცხოური კაპიტალიც ქვეყანაში იმატებს.

სხვაგვარად ფიქრობენ ექსპერტები. ანალიტიკოსი გიორგი ღაღანიძე ამბობს, რომ რეალურად ბევრი პრობლემაა ქვეყნის ეკონომიკაში და არსებული სიტუაციაც, ფაქტობრივად, უცვლელია.

„ძნელია განახორციელო ინვესტიცია ქვეყანაში, რომლის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია და არ გააჩნია ეფექტური სასამართლო სისტემა. თუკი სატრანსპორტო სფერო ინვესტიციებში მოწინავე პოზიციას იკავებს, მხოლოდ ჩვენი გეოსტრატეგიული რეალობიდან გამომდინარე. საფინანსო სექტორში იყო დაინტერესება, მაგრამ ბოლო დროს გარღვევა არც აქ გვაქვს. ზოგადად მცირე ცვლილება ინვესტიციებში ვერაფერს ცვლის, რადგან ეკონომიკის ზრდას ვერ ასტიმულირებს“, - განმარტავს ღაღანიძე.

აღსანიშნავია, რომ შარშან შემოსული უცხოური ინვესტიციების რაოდებობა 2015 წლის მაჩვენებელს აღემატება, თუმცა 2014 წლის შედეგს ჩამორჩება.

ნანახია - 749

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80