ეს ერთი სიტყვა უნდა ავიხირო... მახსოვს!
ბლოგი

ეს ერთი სიტყვა უნდა ავიხირო... მახსოვს!

ეს ერთი სიტყვა უნდა ავიხირო... მახსოვს!
გიორგი მჭედლიშვილი

2017-03-14 18:41:47

1815 წლის თიბათვის 17-ს, პატარა ბელგიურ სოფელ ვატერლოოსთან მოხდა უკანასკნელი ბრძოლა.

ორმოცდაშვიდი ათასი გვამი ეყარა ბრძოლის ველზე. იმპერიის ბედი გადაწყვეტილი იყო. „პირველხარისხოვანი ბრძოლა იყო ვატერლოო, მეორეხარისხოვანი მხედართმთავრის მიერ მოგებული“, - იტყვის მოგვიანებით ჰიუგო.

ღამით წვიმა რომ არ მოსულიყო, ევროპის მომავალი ვინ იცის კიდევ როგორ შეიცვლებოდა...

წვიმებმა ჩარეცხეს გზები. დამბალ მიწაში ცხენებს ფლოქვები ეფლობოდათ, ცნობა იგვიანებდა, რომელსაც მოუთმენლად ელოდნენ ევროპის ხალხები. და კვლავ გამოცოცხლდნენ შაპის ტელეგრაფის ტლანქი, უზარმაზარი კოშკები. ზუსტად ასო-ასო გადასცემდნენ ისინი ცნობას, მაგრამ.. ნისლის გამო, თუ ტელეგრაფისტის დაუდევრობით - ერთი რამ უეჭველია: დეპეშამ ლონდონში სრულიად მოჩმახული ცნობა მოიტანა.

- ნაპოლეონმა გაიმარჯვა! - გამოაცხადეს ფოსტის მოხელეებმა...

თითქოს ბომბი გასკდაო ლონდონის ბირჟის თაღებქვეშ. დაეცა მრავალრიცხოვანი სავაჭრო კომპანიების აქციების ფასი. გაცოფებული ბირჟის მაკლერები ცდილობდნენ გაესაღებინათ გაუფასურებული ქაღალდები.

ფინანსისტებისა და საქმოსნების სამყარო გუგუნებდა. და მხოლოდ ერთი კაცი იყო მშვიდად და არხეინად - ბანკირი ნათან როტშილდი, რომლის ხალხი გამალებული ყიდულობდა დაცემულ აქციებს, შეუცდომლად მოქმედებდა. მან დანამდვილებით იცოდა, რომ ვატერლოოსთან ბრძოლაში გაიმარჯვა ველინგტონმა. ის იყო გაისმა გამარჯვების ძახილი, რომ ჰერცოგის ჯარებში ბანკირის მსტოვარმა ლონდონში გაგზავნა ცნობა ნაპოლეონის დამარცხების შესახებ.

„მან, - წერს როტშილდზე მისი ბიოგრაფი ჯონ რივი, - ჩამოაყალიბა საკუთარი შტატი მოქმედი აგენტებისა და კურიერებისა, რომლებიც არმიას კუდში უნდა მიჰყოლოდნენ ან ყოფილიყვნენ სხვადასხვა სამეფო კარზე, ხარჯებს არ მორიდებოდნენ და მისთვის სისტემურად გადაეცათ ცნობები ყველაფერზე, რაც ხდებოდა. როტშილდმა მოაწყო მტრედების ფოსტა, რომლის საშუალებით ცნობები კონტინენტიდან მოდიოდა სწრაფად და ხშირად. ის უამრავ თანხას ხარჯავდა მტრედებზე და მზად იყო ძვირად ეყიდა ის ფრინველები, რომლებიც ძლიერი და სწრაფი ფრენით გამოირჩეოდნენ. არაერთხელ მიუღია მას მნიშვნელოვანი ცნობები მთავრობაზე ადრე...“

როტშილდი მოხერხებულად იყენებდა თავის საიდუმლოს და საკმაოდ კარგად ითბობდა ხელს ბირჟის პანიკით. რამდენიმე დღის შემდეგ ნაპოლეონის დამარცხების ამბავი მთელმა ინგლისმა შეიტყო, ეს ცნობა ფოსტამ მოიტანა.

ბუკის კვრით, თოფების სროლით საფოსტო დილიჟანსების კონდუქტორები ხალხს აგროვებდნენ, რათა ეცნობებინათ მათთვის სასიხარულო ამბავი. იმ წუთებში იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ჩამოსტიროდათ თავ-პირი. ამ ზღვა ხალხში მხოლოდ ერთი კაცი იყო, გამორჩევით ბედნიერი, რომელსაც თვით ნაპოლეონზე გამარჯვებული ველინგტონიც კი შენატროდა, ეს იყო ნათან როტშილდი.

ასე რომ, თუ რობესპიერის დროს რევოლუციას ეკუთვნოდა სიტყვა; ნაპოლეონის დროს - ზარბაზანს; ამჯერად ვატერლოომ ბანკირების ეპოქის დადგომა გვაუწყა.

ილია და ბანკი

ილია ჭავჭავაძეს საადგილმამულო ბანკის გამო რამდენიმე ცნობილ ქართველთან სერიოზული კონფლიქტი ჰქონდა. აკაკი, ნიკო ნიკოლაძე და განსაკუთრებით - მაჩაბელი, თვლიდნენ, რომ ბანკი ქართველ თავადებს მამულებს აკარგვინებდა და ის უცხოელთა ხელში გადადიოდა. ერთმა კახელმა თავადმა ვალი 80 თუმანი დროზე ვერ დააბრუნა და მისი მამული დღის 12 საათზე აუქციონზე უნდა გაყიდულიყო. წინა დღით ეს თავადი ილიასთან მივიდა, წელს ცუდი მოსავალი იყო, გთხოვთ ერთი წელი მაცალოთ. – არა, სამწუხაროდ აუქციონი უკვე დანიშნულია. კარგი, 20 თუმანს გადავიხდი და დანარჩენი მადროვეთ. არა, ვერაფრით დაგეხმარები, უპასუხა ილიამ. თავადი წავიდა და საღამოს ისევ დაბრუნდა. 40 თუმანს ვიხდი. – რით ვერ გაიგეთ, აუქციონი დანიშნულია, მიუგო ილიამ. აუქციონამდე ცოტა ხნით ადრე, მემამულე ისევ მივიდა ბანკში. 60 თუმანს ვიხდი. თავადმა, ილიასგან მორიგი უარის მიღების შემდეგ, მაგიდაზე ფულის დასტა დაანარცხა, აჰა თქვენი 80 თუმანი და კარებისკენ წავიდა. გაკვირვებულმა ჭავჭავაძემ კახელი გააჩერა და ჰკითხა, შე კაი კაცო კრედიტის დასაფარი ფული თუ გქონდა მამული სასწორზე რად შეაგდეო?! თქვენ ხალხი ხართ?! თბილისიდან ისე მივდივარ, ერთი კაი პური ვერ ვჭამეო, თქვა და გაბრაზებულმა კარები გაიჯახუნა. ილია მაჩაბელს მიუბრუნდა და უთხრა, ამას თავის მამაპაპის სისხლით და ოფლით მოპოვებული მიწები ერთ ქეიფად არ უღირს და ესენი ჩვენ უნდა შევიცოდოთო?!

„მე ვაწარმოებ ომს ცოცხლებთან და არა მკვდრებთან“

როდესაც იმპერატორმა კარლოს მეხუთემ დაიკავა ქალაქი ვიუტენბერგი, მისმა ჯარისკაცებმა ამოთხარეს საფლავიდან კათოლიკეებისთვის საძულველი მარტინ ლუთერის გვამი და სახრჩობელაზე ჩამოკიდეს. მათი საქციელით უკმაყოფილო იმპერატორმა ასე მიმართა მებრძოლებს: „მე ვაწარმოებ ომს ცოცხლებთან და არა მკვდრებთან.“

ამბობენ, ეს ფრაზა ცნობილი ყოფილა ჯერ კიდევ ძველ დროში. გადმოცემით ის უთქვამს ცნობილ კართაგენელ მხედართმთავარს, ჰამილკარს რომაელებისთვის, როდესაც მათ სთხოვეს ნებართვა დაემარხათ თავიანთი დაღუპული მეგობრები.

იქნებ, მათგან ჩვენც გვესწავლა, რომ წაქცეულს ფეხს არ ურტყამენ!

როცა მიზანი ამართლებს საშუალებას

1607 წელს ოცი წლის ფრანგი აზნაური არმან-ჟან დიუ პლესი ეპისკოპოსის წოდების მისაღებად რომში ჩავიდა. ფერმკრთალი და გამხდარი, ასაკთან შედარებით კიდევ უფრო პატარა ბიჭივით გამოიყურებოდა. კათოლიკების მეთაურმა უნებლიედ ჰკითხა მომავალ ეპისკოპოსს, მიაღწია თუ არა ასეთი მაღალი სასულიერო წოდებისათვის დადგენილ ასაკს. ერთი წამითაც არ შეყოყმანებულა, აზნაურმა მიწამდე თავდახრით თაყვანი სცა:

- დიახ, თქვენო უწმინდესობავ!

მაგრამ ის იყო პაპმა დაასრულა კურთხევის ცერემონიალი, რომ ახალგაზრდა ეპისკოპოსი მუხლებზე დაეცა.

- თქვენო უწმინდესობავ, მომიტევეთ დიდი ცოდვა... მოვიტყუე.... დადგენილი ასაკისთვის არ მიმიღწევია....

ახალგაზრდა ფრანგის ეშმაკობამ (არმან-ჟან დიუ პლესის კი ერთი წუთითაც არ ეპარებოდა ეჭვი, რომ მცირე სიცრუისთვის პაპი არ ჩამოართმევდა ეპისოპოსობას) გაამხიარულა რომის მღვდელმთავარი.

- შორს წავა, ეს გაქნილი თაღლითი! - შენიშნა პაპმა და არც შემცდარა...

არმან-ჟან დიუ პლესი თავისი ნიჭითა და მოხერხებულობით არათუ გახდა ჰერცოგი და საფრანგეთის პირველი მინისტრი, მან შეძლო შეექმნა ევროპაში ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფო. რომ არა რიშელიე, საფრანგეთს, როგორც ერთიან სახელმწიფოს, დღემდე შესაძლოა ვერც მოეღწია.

კარდინალმა მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი, როგორც მოხერხებულმა კარისკაცმა, მამაცმა მეომარმა და პოლიტიკური ინტრიგების გაქნილმა ოსტატმა.

ამ შემთხვევაში მისი ბიოგრაფიიდან საინტერესო ის არის, რომ პაპის წინაშე ახალგაზრდა კაცის ნათქვამმა მცირე სიცრუემ, არცთუ უმნიშვნელო როლი ითამაშა შემდეგში არმან-ჟან დიუ პლესის კარიერულ წინსვლაში.

მაგრამ ტყუილის თქმა ხომ ყოველთვის ცოდვაა, რადგან ტყუილის მამად წმ. წერილში ეშმაკი იწოდება. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ფორმით ტყუილი არსობრივად არაა ტყუილი, არამედ უფრო სიმართლის დამალვაა. ასეთ ტყუილს ჰიუგო "წმინდა ტყუილს" უწოდებს. ფაქტია, რომ რიშელიეს რომ არ ეცრუა, ის ეპისკოპოსი ვერ გახდებოდა, ხოლო ეპისკოპოსობის გარეშე - კარდინალი.

ჯერ კიდევ რიშელიემდე ბევრად ადრე დიდი პატრიოტი და მოაზროვნე ნიკოლო მაკიაველი, მოწადინებული იყო ერთიანი მძლავრი ხელისუფლება შეექმნათ იტალიაში. მისთვის ძალაუფლების მიღწევისათვის არავითარი უკადრისი საქციელი არ იყო დასაძრახი: არც მლიქვნელობა, არც გულქვაობა, არც ვერაგობა და კაცისკვლა. აქედან წარმოსდგა "მაკიაველიზმი". მან ეს აზრები 1513 წელს ჩამოაყალიბა ტრაქტატში - "მთავარი".

მისი დევიზია: "მიზანი ამართლებს საშუალებას", რაც საზოგადოებისთვის არაერთხელ გამხდარა დავისა და განხილვის საგანი.

"ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ შედეგი და არა პროცესი, - წერს ცნობილი ამერიკელი მწერალი რობერტ პენ უორენი, - უზნეო ფაქტორმა შეიძლება კარგი შედეგი მოგვცეს. ზნეობრივად კარგმა კი - ცუდი. იქნებ, ადამიანმა სული უნდა გაყიდოს, რათა შეიძინოს ძალაუფლება სიკეთის გასაკეთებლად. ისტორიული ხარჯის თეორია, ისტორიის ზნეობრივი ნეიტრალობის თეორია, ყველაფერი ეს არის ამაღლებული ისტორიული ხედვა სამყაროსი ცივი მწვერვალიდან. იქნებ, მხოლოდ გენიოსები ხედავენ სამყაროს ასე, რათა სინამდვილე დაინახონ. იქნებ მაღალ მწვერვალზე უნდა მიგაჯაჭვონ და არწივებმა ჯიჯგნონ შენი ღვიძლი და ფილტვები, რათა სამყარო ასეთი თვალით დაინახო“.

ეს კი მხოლოდ გენიოსებს და გმირებს ძალუძთ.

და მაინც, მაკიაველის ყველაზე უტყუარი შეფასება, ვფიქრობ, ჰიუგომ მოგვცა: "ავი სული არ იყო მაკიაველი, არც მავნე მწერალი, ის იყო მხოლოდ და მხოლოდ ფაქტი".

ასე რომ, რიშელიეს პაპის წინაშე არ შეუცოდავს, მან უბრალოდ ტყუილის თქმით დამალა სიმართლე.

კონეტაბლის დედა

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მაჟინოს 130 კმ-იანი თავდაცვითი ხაზის სანდოობაში დარწმუნებული ფრანგი ხალხი დროს მშვენივრად ატარებდა, შარლ დე გოლი ერთადერთი ადამიანი იყო საფრანგეთში, რომელიც მათ გონიერებისაკენ მოუხმობდა. მაგრამ იმხანად უცნობი ოფიცრის ხმა არავის ესმოდა. მისმა ხელმძღვანელებმა კი, ფოშისა და პეტენის დრომოჭმული იდეების ერთგულმა გამზიარებლებმა, ეს თვითდაჯერებული კაცი იმდენად აითვალისწუნეს, რომ მას კარიერული წინსვლისთვის არანაირი ასპარეზი აღარ დაუტოვეს.

დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და ყველასთვის მოულოდნელად დე გოლის გაფრთხილება გამართლდა. ფაშისტური გერმანიის სახმელეთო არმიათა დაჯგუფება "C"-მ გაარღვია მაჟინოს ხაზი და აიღო ციხესიმაგრე ვერდენი. 14 ივნისს ვერმახტის მე-18 არმიამ უბრძოლველად აიღო პარიზი. საფრანგეთმა კაპიტულაცია გამოაცხადა, რომელიც ოფიციალურად 1940 წლის 22 ივნისს კომპიენის ტყეში გაფორმდა, ზუსტად იმ აგილზე, სადაც 1918 წლის 11 ნოემბერს გერმანიამ ხელი მოაწერა პირველ მსოფლიო ომში დამარცხების დოკუმენტს. ჰიტლერმა საამისოდ მარშალ ფერდინანდ ფოშის ვაგონიც კი წამოაღებინა პარიზიდან.

ბლიცკრიგი დასავლეთ ფრონტზე 6 კვირა და 3 დღე გაგრძელდა, და მოკავშირეთა 135.000 და ვერმახტის 46.000 ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.

1940 წლის 18 ივნისის საღამოს 6 საათზე, ფრანგი ხალხისათვის ჯერ კიდევ უცნობმა, საფრანგეთის არმიის გენერალმა - შარლ დე გოლმა, ლონდონში განთავსებული BBC-ის რადიოსადგურის მეშვეობით მამართა დამცირებული საფრანგეთის სასოწარკვეთილ მოქალაქეებს.

შარლ დე გოლის გასაოცარი დამაჯერებლობით და ყოველგვარი ქედმაღლობით წარმოთქმულმა მიმართვამ ფრანგ ხალხში მტრის ოკუპაციისაგან თავდახსნის უდიდესი იმედი გააჩინა და იგი უმალვე აქცია საფრანგეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უპირობო ლიდერად.

გენერლის რადიომიმართვიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 1940 წლის 16 ივლისს, ერთ ფრანგულ სოფელში გარდაიცვალა შარლ დე გოლის დედა, მოხუცი ქალბატონი ჟანა მაიომი.

სავარაუდო არეულობების შიშით გერმანელმა ოკუპანტებმა ეს ამბავი არ გაახმაურეს, თუმცა ცნობა გენერალ დე გოლის დედის გარდაცვალების შესახებ მაინც გავრცელდა. მისი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ათასობით ფრანგი ქვეყნის უშორესი ადგილებიდანაც კი დაიძრა. ეს ნაკადი არც მისი დაკრძალვის შემდეგ შეწყვეტილა. შარლ დე გოლის დედის საფლავზე უამრავი თაიგული მიიტანეს და იქიდან კენჭებიც კი მიჰქონდათ თან, როგორც წმინდა რელიკვია.

ყველაფრიდან ჩანდა, რომ ხალხს გაუჩნდა სურვილი ებრძოლა ეროვნული თავისუფლებისათვის, რისთვისაც მადლიერებას გამოხატავდნენ და პატივს მიაგებდნენ საფრანგეთისთვის ახლად მოვლენილ კონეტაბლის დედას, რომლის შვილმაც ფრანგები გამარჯვების რწმენით აღავსო.

როცა შეეძლო უარესიც გაეკეთებინა

ერთხელ შევარდნაძესთან დაახლოებულმა ყოფილმა ჩინოვნიკმა ასეთი რამ მითხრა მასზე: „გასაგებია, რომ ბატონმა ედუარდმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბევრი რამ დააშავა, მაგრამ თქვენ ხომ არ იცით, მას კიდევ რამდენი რამის გაფუჭება შეეძლო, მაგრამ არ გააკეთა“.

როდესაც ვკითხე, თუ რა ჰქონდა მხედველობაში, მიპასუხა: კრემლის მიერ დაწერილი სცენარით, ამიერკავკასიაში ომი უნდა დაწყებულიყო საქართველო-აზერბაიჯანს, ან - სომხეთ-საქართველოს შორის. შევარდნაძემ შეძლო დაერწმუნებინა რუსეთის მაშინდელი ხელმძღვანელები, ხელი აეღოთ ამ განზრახვაზე, სამაგიეროდ დაიგეგმა ყარაბაღის თემაზე სომხეთ-აზერბაიჯანის ომი.

რა თქმა უნდა, მისმა ნათქვამმა დამაფიქრა, იქნებ მართლაც ადამიანის ნაღვაწი მარტო იმით კი არ უნდა შეფასდეს თუ რა ვითარებაში მოუხდა მას საქმეების კეთება და როგორ შეასრულა, არამედ იმითაც, თუ კიდევ რისი გაფუჭება შეეძლო და ეს შეგნებულად არ გააკეთა.

ეს აზრი კიდევ უფრო განმიმტკიცა ისტორიიდან კიდევ ერთი ამბის გახსენებამ:

1956 წელს 9 მარტს თბილისში, ახალგაზრდების დახვრეტის დროს ამიერკავკასიის ოლქის სარდალი ფედიუნინსკი იყო და როცა ის ამ ამბების შემდეგ მოსკოვში გადაიყვანეს, თბილისში გამართულ ბანკეტზე მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ირაკლი აბაშიძემ ფედიუნინსკის მიმართა: „გენერალო, გადღეგრძელებთ როგორც ცნობილ სამხედრო პირს, ორგზის გმირი ხართ, მაგრამ თბილისიდან სადაც არ უნდა წახვიდეთ დაღუპული ქართველების სისხლი თან წაგყვებათ“.

სამადლობელ სიტყვაში ფედიუნინსკიმ აღნიშნა, რომ მან ყველა ზომა მიიღო მიტინგის დასაშლელად, მაგრამ ვერაფერს გახდა და იძულებული იყო სამხედრო ტექნიკა გამოეყენებინა, თუმცა თავდაცვის მინისტრ გიორგი ჟუკოვის ბრძანება თბილისის დაბომბის შესახებ მიღებული ჰქონდა, მაგრამ არ შეასრულა“.

არადა, ეს ის მარშალი გიორგი ჟუკოვია, სტალინმა არაერთხელ რომ გადაარჩინა.

1937 წელს ეჟოვი მოითხოვდა ჟუკოვის დახვრეტას, რადგან ის უბორევიჩთან მუშაობდა, მაგრამ სტალინმა ის იხსნა.

შემდეგი შემთხვევა ბერლინს უკავშირდება: ბერლინის აღების დროს ჟუკოვმა არ გააანალიზა მისასვლელი გზები და უამრავი ჯარიკაცი გაწირა, მიღწეული წარმატებით კი ხშირად ტრაბახობდა. მისით დღესაც თავს იწონებენ რუსები, მაგრამ არსებობს ეიზენჰაუერის მოგონება, სადაც ის ამბობს, რომ ასეთი ქმედებისთვის, ვიცით, რას უზამდნენ ამერიკაში, ხოლო საბჭოთა კავშირში ჟუკოვს მესამე ვარსკვლავი მისცეს.

და ბოლოს, მარშალ ჟუკოვთან დაკავშირებული კიდევ ერთი ეპიზოდი:

1948 წლის 9 იანვარს უშიშროების მინისტრმა აბაკუმოვმა ჟუკოვის აგარაკზე, რუბლიოვიში, ფარული ჩხრეკა ჩაატარა. აღმოაჩინეს უამრავი ძვირფასი ნივთი, ანტიკვარიატი და ა.შ. აბაკუმოვმა ჟუკოვი დასახვრეტთა სიაში შეიყვანა, სტალინმა კი ჟუკოვის გვარის გასწვრივ მიაწერა: „მე თქვენ მას ვერ მოგცემთ.“

აი, ვინ გვიპირებდა დედაქალაქის დაბომბვას, რისგანაც ქართველი ახალგაზრდების ჯალათმა გენერალმა ფედიუნინსკიმ გადაგვარჩინა.

მე რა შუაში ვარ ?!

გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის გენიალური მოთხრობა „სარჩობელაზედ“.

ჩემს ყმაწვილკაცობაში საზოგადოებისთვის კარგად ცნობილმა ერთმა კრიტიკოსმა ისიც გაბედა ეთქვა: "მაპატიოსო დიდმა ილიამ ჩემი სურვილი, ხომ არ დადგა დრო სტილისტურად შევუსწოროთ სიტყვა და დავწეროთ „სახრჩობელაზედ“? არადა, მოთხრობის გენიალურობა სწორედაც რომ მის ზუსტად შერჩეულ სახელწოდებაშია ჩადებული - ვინაიდან დანაშაული, რომელსაც სჩადის ნაწარმოების პერსონაჟი, სწორედ სარჩოს გულისთვისაა. გავიხსენოთ პეტრეს გაოგნებული სახე - "მე რა შუაში ვარ!" რომელიც თავისი სიკეთისა და გულუბრყვილობის მიუხედავად მაინც დანაშაულის მონაწილე ხდება. არადა, როგორ შეიძლება პეტრე იყოს დამნაშავე? მას ხომ დანაშაული არ ჩაუდენია?! იქნებ ამის მიზეზი მორჩილებას მიჩვეული მისი ბუნებაა? მაგრამ რა ქნას თავად პეტრემ, თუ ასეთად დაიბადა? ამიტომ იყო, რომ ძველ საბერძნეთში მონობა აღიქმებოდა, როგორც რაღაც თავისთავადი, თავისუფლება კი ითვლებოდა საჩუქრად, რომელიც არ იყო ყველასათვის ხელმისაწვდომი. არისტოტელე ვარაუდობდა, რომ „ერთნი ბუნებრივად არიან თავისუფალნი, ხოლო მეორენი - ბუნებრივად მონები... და რომ მათი მონური მდგომარეობა იყო სამართლიანი“.

იცით ეს რატომ თქვა დიდმა ფილოსოფოსმა ჩემო კარგებო? იმიტომ, რომ დღესაც „ადამიანთა დიდი ნაწილი უმეტესად ემორჩილება საჭიროებას, ვიდრე გონიერებას“. მართალია, ამით ისინი სასარგებლონი არიან პატრონებისთვის, მაგრამ ქვეყნისთვის ნამდვილ უბედურებას წარმოადგენენ, რადგანაც ასეთი ელექტორატის ყოლით ყოველთვის იმ ხელისუფლებას ვიღებთ, რასაც მათი „წყალობით“ ვიმსახურებთ.

როცა შენს ირგვლივ უსამართლობას ხედავ და ჩუმად ხარ, მონა ხარ აბა ვინ ხარ! მერე რა, თუ, როცა უსამართლობა თავად შეგეხო, გაბრაზდი?! მაინც არარაობა ხარ, რადგანაც: „გაბრაზება ყველას შეუძლია, ეს ძალზე იოლია, მაგრამ გაბრაზება მასზე ვისზეც საჭიროა, როცა საჭიროა და იმ მიზეზით რომლითაც საჭიროა, უნდა იცოდე, რომ ყველას არ შეუძლია“.

 

 

 

ნანახია - 1067

მეგრელი

2017-03-14 19:54:03

ილია მაჩაბელს მიუბრუნდა და უთხრა, ამას თავის მამაპაპის სისხლით და ოფლით მოპოვებული მიწები ერთ ქეიფად არ უღირს და ესენი ჩვენ უნდა შევიცოდოთო?!
--------------------------------------------------------------------
რუსეთის მეფის დესპანმა მიშეცკიმ 1643 წელს განუცხადა თეიმურაზ მეფეს : რუსეთის მეფე ჯარს ვერ გამოაგზავნის (სხვადასხვა მიზეზები. მინ. ჩემია) და ჯარის შესაქმნელად ფულს გიგზავნისო . როცა მერე რუსებმა ფულის ხარჯვითი ნაწილი მოიკითხეს ,თეიმურაზმა ასე უპასუხა ვალები გავისტუმრე , ჩემი და ჩემი ოჯახს ჩავაცვი დავახურეო . მიშეცკის ელჩობა გვ 146-150. თავადს რას ერჩით.

მეგრელი

2017-03-14 20:06:52

შევარდნ. ალიბი არ ჭირდება.

მეგრელი

2017-03-14 20:07:31

მისი ,, დამსახურებაა " ის რაც არის

მეგრელი

2017-03-14 20:23:59

თუ ტელეგრაფისტის დაუდევრობით - ერთი რამ უეჭველია: დეპეშამ ლონდონში სრულიად მოჩმახული ცნობა მოიტანა.
-----------------------

ცოტა სხვანაირად იყო.ეს ისტორია 1915 წელს დაიწერა გაზეთ ,, ნიუ0იორკ ტაიმსში". მაგრამ როტშილდებმა ამ აფიორით ინგლისის ბანკი რომ ჩაიჯიბეს ეს ფაქტია.

მეგრელი

2017-03-14 21:58:34

გიორგი მჭედლიშვილის
-------------------------
ერთი რეალური ისტორია, რომელიც ძალიან საცნობაროა ზოგადად.პლუტარქეს გადმოცემით.

მეგრელი

2017-03-14 22:00:49

ემპირის მეფე პიროსის ფილოსოფოსმა კინეამ (დემოსფენის მოწაფე) პიროს ეკითხება რომზე ლაშქრობის წინ.

მეგრელი

2017-03-14 22:02:46

რას ვაკეთებთ რომის დამარცხების შემდეგ

მეგრელი

2017-03-14 22:03:40

,,თუ რომს დარამცხების შემდეგ იტალიკის ქალაქები ჩვენი იქნება",

მეგრელი

2017-03-14 22:05:29

,, მერე სად მივდივართ ?"

მეგრელი

2017-03-14 22:05:54

იტალიის ახლოს სიცილიაა

მეგრელი

2017-03-14 22:06:11

გამოდის სიცილია არის ჩვენი ლაშქრობის ბოლო მიზანი?

მეგრელი

2017-03-14 22:06:32

სიცილიიდან ახლოს არის აფრიკა და კართაგენი და როცა ყვველაფერს ამას მოვრჩებით დავჯდეთ მედა შენ და ვიქეიფოთ და დრო ვატაროთ

მეგრელი

2017-03-14 22:06:53

კინეამ სიტყვა შექწვეტინა თუ ბოლო მიზანი ქეიფი და დროს ტარება ყოფილა ვინ გვიშლის ამის გაკეთებას ეხლა და რად გვინდა ამდენი ფატარაკები?.ამ ისტორიის ფილოსოფიაზე რომაელებმა მარტივად გაგვიმარტეს . vita activa et vita contemplativа

papa

2017-03-14 22:16:42

ბ--ნო გიორგი

ძაან კარგია..
მაგრამ ბევრი ,,იგავ--არაკი,, გაქვს გამოყენებული.
ვინც ამ შენ იგავ-არაკებს იგებს ისინი საქმეს არც არასოდეს არ გააფუჭებენ და ვინც აფუჭებს კიდევ იმათ შენი იგავ-არაკებით მაინც ვერაფერს გააგებინებ. მათზე უფრო კახური დდდდდპპპპჭჭჭ უფრო ალალი არის,(ჩემს სტილში) ვიდრე მგლის თავზე სახარების კითხვა
ისე კი.. ... ჩემთვის რაღაცეებს შევინახავ

აი მაგალითად


იცით ეს რატომ თქვა დიდმა ფილოსოფოსმა ჩემო კარგებო? იმიტომ, რომ დღესაც „ადამიანთა დიდი ნაწილი უმეტესად ემორჩილება საჭიროებას, ვიდრე გონიერებას“. მართალია, ამით ისინი სასარგებლონი არიან პატრონებისთვის, მაგრამ ქვეყნისთვის ნამდვილ უბედურებას წარმოადგენენ, რადგანაც ასეთი ელექტორატის ყოლით ყოველთვის იმ ხელისუფლებას ვიღებთ, რასაც მათი „წყალობით“ ვიმსახურებთ.

როცა შენს ირგვლივ უსამართლობას ხედავ და ჩუმად ხარ, მონა ხარ აბა ვინ ხარ! მერე რა, თუ, როცა უსამართლობა თავად შეგეხო, გაბრაზდი?! მაინც არარაობა ხარ, რადგანაც: „გაბრაზება ყველას შეუძლია, ეს ძალზე იოლია, მაგრამ
გაბრაზება მასზე ვისზეც საჭიროა, როცა საჭიროა და იმ მიზეზით რომლითაც საჭიროა, უნდა იცოდე, რომ ყველას არ შეუძლია“.




ისე ამ ნაწყვეტს სერაპინას შევუნახამ ... მასთან ომში წამადგება
ვეუბნები პავლოვი... პავლოვი მეთქი და მაინც იმას მიმტკიცებს ,,აი ასეთი,, მინდა რომ იყოსო
მეც მინდა ...მაგრამ არაა
„ადამიანთა დიდი ნაწილი უმეტესად ემორჩილება საჭიროებას, ვიდრე გონიერებას“....ანუ პავლოვსო
ხედააავ .... ამას მე კი არა თურმე ჯერ კიდევ... არისტოტელე ამბობდა..
.მოდი და ნუ კიდევ დაიჯერებ--- პავლოვი დიდი ოხერი მამაძაღლიაო არისტოტელეც თურმე ამას ამტკიცებდა

papa

2017-03-14 22:19:45

ადამიანის ნაღვაწი მარტო იმით კი არ უნდა შეფასდეს თუ რა ვითარებაში მოუხდა მას საქმეების კეთება და როგორ შეასრულა, არამედ იმითაც, თუ კიდევ რისი გაფუჭება შეეძლო და ეს შეგნებულად არ გააკეთა.

papa

2017-03-14 22:25:51

„სარჩობელაზედ“.--არასოდეს მიმიქცევია ამ სათაურისთვის ყურადღება..
არადა ...აქაც თურმე შიგნით ჩათლახი პავლოვი ყოფილა

papa

2017-03-14 22:34:16

ყველაფრიდან ჩანდა, რომ ხალხს გაუჩნდა სურვილი ებრძოლა ეროვნული თავისუფლებისათვის, რისთვისაც მადლიერებას გამოხატავდნენ და პატივს მიაგებდნენ საფრანგეთისთვის ახლად მოვლენილ კონეტაბლის დედას, რომლის შვილმაც ფრანგები გამარჯვების რწმენით აღავსო.

აი ესააა ზუსტად ლიდერი მეთქი, ხშირად რომ ვიმეორებ .... აი ეს
------------------------------------------



ილია მაჩაბელს მიუბრუნდა და უთხრა, ამას თავის მამაპაპის სისხლით და ოფლით მოპოვებული მიწები ერთ ქეიფად არ უღირს და ესენი ჩვენ უნდა შევიცოდოთო?!


..... კოხაბიტაცია არ შეიძლებაო... დაჟე ილიასაც კი ჰქონია ეს ნათქვამი





მოკლედ კარგი წერილია

ტორი

2017-03-18 12:16:20



"შარლ დე გოლის გასაოცარი დამაჯერებლობით და ყოველგვარი ქედმაღლობით წარმოთქმულმა მიმართვამ ფრანგ ხალხში მტრის ოკუპაციისაგან თავდახსნის უდიდესი იმედი გააჩინა და იგი უმალვე აქცია საფრანგეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უპირობო ლიდერად"...
---------------------
ერთი დე გოლი /მეტი არ გვინდა, ერთმანეთს დაჭამენ/ ჩვენც ძააააალიან გვჭირდება...


პაპას ვეთანხმები, კარგი წერილია, ჭკუის მოსახმობი...
ერთი რემარკი: სულ რომ ტალეირანებად იქცნენ საგარეო საქმეთა მინისტრით დაწყებული, დამლაგებლით დამთავრებული, გამოვა რამე?

ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქართულ-ეროვნული პოლიტიკის გატარების უფლება-საშუალებას მოგვცემენ?

ამის უამრავი თვალსაჩინო მაგალითი წინ არ გვიდევს?

ჰოოოოოდა, ისევ დე გოლთან მივდივართ - როგორც ჩანს, ერთი ომახიანი ქართული ვაშა კიდევ დაგვჭირდება...

ტორი

2017-03-18 12:35:12


რაც შეეხება ილიას მოთხრობას "სარჩობელაზედ", ამ პუბლიკაციის წაკითხვის შემდეგ, კიდევ ერთხელ გადავიკითხე ნაწარმოები და სათაურიდან გამომდინარე, მან სრულიად სხვა დატვირთვა შეიძინა...

ზოგიერთებს კი ჰგონიათ, სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის /ისტორიისაც/სწავლება საჭირო აღარ არის /ადგილობრივი მოხმარების ენად იქცაო/, მაგრამ, მე თუ მკითხავთ, ის უფრო გაძლიერებულად უნდა ისწავლებოდეს და მაღალკვალიფიციური მასწავლებლები ასწავლიდნენ - აი, ისეთები, წერა-კითხვის კულტურა რომ აქვთ და ანალიტიკური აზროვნება შეუძლიათ...

თოოორემ, ჩემს /პაპასიც:)))/ ასაკში ეგ გინდ "აღმოგიჩენია" და გინდ არა:)))

მაინც აღმოჩენა სჯობს!:)))

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80