"მიშა, გახსოვს წალენჯიხა?!"
რეტრომედია

"მიშა, გახსოვს წალენჯიხა?!"

"მიშა, გახსოვს წალენჯიხა?!"
„კვირის პალიტრა“, 28 მაისი, 2012 წელი

2017-03-15 10:20:44

გელა მანია: - ჩვენ ის ხალხი ვართ, ვისაც "ვარდების რევოლუციაში" დიდი წვლილი მიგვიძღვის. სააკაშვილს მხოლოდ იმიტომ დავუდექი გვერდში, რომ ბრწყინვალე იდეებს აფრქვევდა, რა ვიცოდით, თუ ყველაფერი ფარსი იყო. მოგეხსენებათ, სააკაშვილი წალენჯიხელების ავტობუსით მოუძღოდა დასავლეთიდან წამოსულ რევოლუციურ კოლონას. მე და ჩემი მეგობრები მაშინ მისი უახლოესი თანამებრძოლები ვიყავით. ჩვენ რევოლუციამდე კარგა ხნით ადრე შევხვდით ერთმანეთს. ვანო მერაბიშვილი მოგვიანებით მიშასგან გავიცანი. მეგობრის სახლში ვიყავი და მიშამ  ვანო მერაბიშვილი მაშინ მოიყვანა. იმ პერიოდში ვანო "ნაცმოძრაობის" გენერალური მდივანი იყო. მიშას უმტკიცებდა, წალენჯიხიდან მხარდაჭერას ვერ მივიღებთ, აქ სიტუაცია ნულია, აქედან არაფერი გამოვაო. გამეღიმა, ვნახოთ, საიდან დაიწყება რევოლუცია-მეთქი. მართლაც, მთელ საქართველოს ახსოვს, რომ დასავლეთ საქართველოს რევოლუციურ კოლონას თბილისისაკენ მიშა სწორედ წალენჯიხის ავტობუსით მოუძღოდა წინ. იმ კოლონას კი მე და ჩემი მეგობრები ვედექით სათავეში. ეს კაცი ქვეყნის გადამრჩენი მეგონა და ჩემი ოჯახის ძვირფასი რელიკვია მას ვაჩუქე. ეს იყო 1827 წელს გამოცემული წიგნი, ბიბლიური იგავები ქართულ, რუსულ, ლათინურ და მეგრულ ენებზე. მეგონა, ბიბლიიდან ამოკრებილ სიბრძნეს მომავალი პრეზიდენტი სამაგიდო წიგნად გაიხდიდა. მახსოვს, წიგნი რომ ვაჩუქე, ბავშვივით ცქმუტავდა, ეს რა საჩუქარი გამიკეთეო. წიგნის გადაცემას რამდენიმე კაცი ესწრებოდა, მათ შორის - კოტე კემულარიაც. მკითხეს, ამ წიგნის ასლი თუ გადაიღეო. რად უნდა მაგას ასლი, დავიჯერო,  მიშა პრეზიდენტი რომ გახდება, ამ წიგნის რამდენიმე ათას ეგზემპლარს არ გამოაცემინებს-მეთქი?

მერედაგიფასდათ ამაგი?

- "ვარდების რევოლუციიდან" მალევე მიყო გულმა რეჩხი, მის გვერდით აღარ იყო ჩემი და ჩემი თანამებრძოლების ადგილი. წალენჯიხიდან მიშას უახლოესი თანამებრძოლები ვიყავით მე, დათო ბელქანია, პაატა სორდია. სწორედ ჩვენ გავუკეთეთ ორგანიზება წალენჯიხიდან მსვლელობას. სხვათა შორის, ვახტანგ რჩეულიშვილს წალენჯიხელებმა გადაამტვრიეს დროშის ტარი თავზე. ის დროშა დღემდე ჩემთან ინახება. თუ საჭირო გახდება, მაგ დროშას ტარს შევუცვლით, როგორც ვუყურებ, გასალახი კიდევ ბევრია!

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ მიშა სააკაშვილი წალენჯიხაში ერთადერთხელ ჩამოვიდა. უკვე პრეზიდენტი იყო. მიშაზე უკვე წარმოდგენა მქონდა შეცვლილი, მაგრამ მეგობრებმა დამიჩემეს, ვინ უნდა დახვდეს, თუ არა შენო. შევხვდი. რა მითხრა, იცით? იმ არაკების წასაკითხად ვერ მოვიცალე, შენი ნახვაც მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე, ხომ ხედავ, რა სიტუაციაა გლობალურ პოლიტიკაშიო. ზურა მელიქიშვილს დაუძახა, მოაწყვე ამ კაცთან შეხვედრის ორგანიზებაო...

სააკაშვილზე საბოლოოდ მაშინ ჩავიქნიე ხელი, როცა მთელ საქართველოს კონსტიტუცია გადაგვახია თავზე.

ამის შემდეგ გადავწყვიტე, შევხვედროდი და ერთი-ორი ტკბილი სიტყვა მეთქვა. ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერაფრით შევხვდი. ერთ დღესაც გავიგე, რომ მიშა სადახლოში აზერბაიჯანელ მოსახლეობას უნდა შეხვედროდა. ვიფიქრე, იქ მაინც ვეტყვი სათქმელს-მეთქი და სადახლოში ჩავედი. მაშინ ქვემო ქართლის გუბერნატორი ზურა მელიქიშვილი იყო. სწორედ მას დაავალა მიშამ ჩვენი შეხვედრის ორგანიზება. მან კი სადახლოში ჩასული რომ დამინახა, ელდა ეცა. მიშამ ხომ დაგავალა, ჩვენი შეხვედრა მოგეწყო-მეთქი? გაშრა კაცი. პასუხიც ვერ დამიბრუნა. კონსტიტუციური უფლება ხომ მაქვს, ამ ხალხთან ერთად დავდგე და შორიდან ხელი მაინც დავუქნიო ჩვენს პრეზიდენტს-მეთქი? რა უნდა ექნა? ბუშტებიანი ბავშვების უკან დავდექი. 10 წუთში ესკორტიც მოვიდა. გადმოვიდა მიშა მანქანიდან, პირდაპირ ჩემთან მოვიდა, ხელი ჩამომართვა და ის იყო, პირი გავაღე, იმ ორი "ტკბილი" სიტყვის სათქმელად, მაგრამ ვინ გაცალა. თურმე ოთხივე მხრიდან უშიშროების თანამშრომლებს ვყავდი ალყაში. როგორც კი სიტყვა დავძარი, ერთმა შემომატრიალა, მეორემ მკერდში ხელი მკრა და თავის გათავისუფლება რომ მოვახერხე, მიშა უკვე აღარ იყო.

ისე ტექნიკურად გააკეთეს ყველაფერი, აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი...

არადა, რას არ ჰპირდებოდა მიშა წალენჯიხელებს. იმისთანა ბრტყელ-ბრტყელ სადღეგრძელოებს ამბობდა, ქვასაც აუჩუყებდა გულს. კურცხლებიც კი გადმოყარა, წალენჯიხა რევოლუციის აკვანია და საქართველოს აყვავებას სწორედ აქედან დავიწყებო. მას შემდეგ წალენჯიხაში აღარც ჩამოსულა. ან რა ჩამოსასვლელი პირი აქვს! ხომ იცით, ყველა ფარდულის გახსნაზე დადის, მაგრამ წალენჯიხაში რატომღაც საავადმყოფოს გახსნაზეც არ მოსულა. ასფალტიც კი ისევ ისეთია წალენჯიხაში, როგორიც მაშინ იყო. ის ავტობუსი, რომლითაც მიშა სააკაშვილმა დასავლეთ საქართველოდან კოლონა წამოიყვანა, დღეს ჯართში გდია, იმ ავტობუსის მძღოლი კი, რომელიც არ შეუშინდა შევარდნაძის პოლიციის მუქარას და უკეთესი მომავლის იმედად რისკი გასწია, დღემდე უმუშევარია, მადლობაც არავის უთქვამს! სამაგიეროდ, ის ხალხი, რომელიც იმ პერიოდში მიშას ქვებს ესროდა, პირველები შევიდნენ მიშას პარლამენტში! დღეს ეს ხალხია მიშას მეხოტბეებს შორის. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, ხვალ სწორედ ისინი უღალატებენ მიშას, რადგან მათ ეს უკვე ჩვევაში აქვთ!

მხდალებითა და ფლიდებით გაავსო სააკაშვილმა ხელისუფლება.

მახსოვს, როცა "ნაცმოძრაობის" აქტივისტები ფოთში პირველად ჩამოვიდნენ, ბადრი ზარანდიამ, რომელიც მაშინ შევარდნაძის არალეგალურ ბანდებს ხელმძღვანელობდა, "ნაცმოძრაობის" აქტივისტებს ზონდერები და მოკრივეები დაახვედრა. ერთადერთი კობა დავითაშვილი იყო, რომელმაც თქვა, არ მეშინია, გამლახონ, მაგის დედაცო. პეტრე ცისკარიშვილს ძიძგილაობაში პერანგის ღილები დაეკარგა და ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ღილებს ეძებდა. ვუთხარი, დაანებე თავი მაგ ღილებს, თავი შეიძლება დავკარგოთ და რა გეღილება-მეთქი. მოკლედ, შევარდნაძის ხელისუფლება კარგად იყო მობილიზებული, მოკრივეები მოიყვანეს "ნაციონალების" ჭკუის სასწავლებლად. იმ პერიოდში ჩემი დის გარდაცვალებიდან 40 დღე არ იყო გასული, მაგრამ უკეთესი მომავლის იმედი მქონდა, გლოვას თავი დავანებე და ბრძოლაში ჩავები. ის მოკრივეები მაშინ სიტყვით გავაჩერეთ. ფოთი კი მოიარეს, მაგრამ ზარანდიამ გვარიანად შეაშინა, შეშინებულებს გურიის ტყით უნდოდათ უკან გაპარვა. ზარანდია იმუქრებოდა, ჩამოსვლით კი ჩამოხვედით, მაგრამ უკან როგორ წახვალთ, გაჩვენებთო. ვუთხარი, რას შვრებით, არ გაბედოთ გურიის ტყით გაქცევა, თავი არ მოიჭრათ ხალხის წინაშე-მეთქი. ჩემი დისშვილი, რომელიც ასევე მოკრივე იყო, ჩავისვი მანქანაში, ნუ გეშინიათ, ჩვენ გავაკონტროლებთ სიტუაციას-მეთქი. ცხენისწყალზე რომ მშვიდობით გადავიყვანე, მიშა გადმოხტა მანქანიდან, ეცა ჩემს დისშვილს, გადაკოცნა, ეს რა საქმე გამიკეთე, თქვენს პატივისცემას რა გადაიხდისო.

გადაუხადა პატივისცემა?

- კი, თანაც ძალიან "ღირსეულად", - ჩემი დისშვილი ახლა გეგუთის ციხეში ზის დანაშაულის დაფარვის ბრალდებით. ვიღაცების ჩხუბის ჩაშვება მოსთხოვეს და არ იკადრა. სამი წელი აქვს მისჯილი.

რა უნდა გეთქვათ მიშასთვისუთხარით ჩვენი გაზეთიდანგარწმუნებთწაიკითხავს!

- ახლა იმის თქმას, რასაც ექვსი წლის წინ ვაპირებდი, აზრი აღარა აქვს. ახლა უფრო სხვა რამ მაქვს სათქმელი. მიშას რომ არ დავიწყებოდა, დაბადების დღეზე წალენჯიხელი მეგობრების სახელით საჩუქარი გავუგზავნეთ წარწერით "გახსოვდეს წალენჯიხა". ბონაპარტის ბრინჯაოს სკულპტურა იყო. ეს საჩუქარი სპეციალურად შევურჩიეთ, მას იდეური დატვირთვა ჰქონდა. ნაპოლეონისა და მიშას შედარება უხერხული კია, მაგრამ ამ საჩუქრის იდეა ის იყო, რომ ისეთ დიდ მთავარსარდალსაც კი, როგორიც ნაპოლეონი იყო, დამარცხებულს წმინდა ელენეს კუნძულზე ამოხდა სული. ეს იყო სიმბოლო გამარჯვებულის დაცემისა, მაგრამ ეტყობა, მიშამ ვერ გაიგო საჩუქრის იდეა! ვერც ბიბლიური იგავების საკითხავად მოიცალა, ჰოდა, ახლა მინდა ვუთხრა მას: შენ დამარცხებული ხარ, მიშა!

მრცხვენია, ოდესღაც მიშას თანამებრძოლი რომ ვიყავი! მაგრამ მე მიშასთვის არ მიბრძოლია, იმ იდეისთვის ვიბრძოდი, რომელსაც მიშა მაშინ ახმოვანებდა და ვაი რომ, მოვტყუვდი! ვფიქრობდით, ზვიად გამსახურდიას შემდეგ ძლივს გამოჩნდა კაცი, რომელიც ეროვნული ინტერესების დასაცავად თავს გასწირავს-მეთქი! როგორ წარმოვიდგენდი, რომ გვერდში ქვეყნის დამაქცევარს ვედექით!

დავით ბელქანია: - მიშას და მის გუნდს გელამ დამაკავშირა. ცვლილებები ნამდვილად იყო საჭირო, ამიტომაც გადავწყვიტეთ გვერდით დავდგომოდით. რევოლუციის წლისთავზე უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ მიშა არ იყო იმის შემსრულებელი, რასაც გვპირდებოდა. როგორც კი "ნაციონალურმა მოძრაობამ" კადრების შერჩევა დაიწყო და კონსტიტუცია შეცვალა, ყველაფერი ნათელი შეიქნა. სააკაშვილმა დიქტატორული რეჟიმის ჩამოყალიბებას მიჰყო ხელი. იმ დღიდან ოპოზიციაში გადავედი და დღემდე წალენჯიხის საკრებულოში ერთადერთი ოპოზიციონერი ვარ. რა გაკეთდა წალენჯიხაში? აბსოლუტურად არაფერი, როგორც იყო დაქცეული "ვარდების რევოლუციამდე", იმაზე უარესად არის დღეს. ახლა მოინდომეს ვითომ რაღაცის გაკეთება და ასწლოვანი ხეების გაჩეხის მეტი ვერაფერი მოიფიქრეს! ახალი პარკი უნდა გავაშენოთო და ძვირფასი ჯიშის ხეებს ჭრიან. არგუმენტი არ გაინტერესებთ? ბინძური ხეებია, ქარი რომ უბერავს, წიწვები და ფოთლები სცვივაო! წალენჯიხა უკიდურეს გაჭირვებაში იხრჩობა, ხალხი შიმშილის ზღვარზეა! დიდი იმედი მაქვს, რომ იმ ავტობუსის დაქოქვა, რომლითაც წალენჯიხელები რვა წლის წინ ჩამოვიდნენ თბილისში, აღარ დაგვჭირდება და კონსტიტუციური გზით ჩავაბარებთ ისტორიას სააკაშვილის ხელისუფლებას, მაგრამ თუ საჭირო გახდება, არც ამაზე დავიხევთ უკან!

წალენჯიხიდან ბოლო საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალურმა მოძრაობამ" 9000 ხმა წამოიღოროგორც ჩანსმაინც კმაყოფილი არიან წალენჯიხელები.

- აქ ადამიანს ვერ ნახავთ, გულწრფელად რომ უჭერდეს მხარს სააკაშვილის ხელისუფლებას. ისე აქვთ საარჩევნო სისტემა მოწყობილი, ახერხებენ ამ ხმების მითვისებას. წალენჯიხის გამგეობაში თანამშრომლების უმეტესობამ არ იცის, რა ფუნქცია აკისრია. უმეტესობას ერთადერთი ფუნქცია აქვს, მიშა სააკაშვილთან შეხვედრებზე და კონცერტებში "მასოვკაში" მონაწილეობა. ორი დღის წინ მორიგი ასეთი "სამუშაო" შეასრულეს. რომ გენახათ მათი სახეები, კითხვები აღარ გაგიჩნდებოდათ. იმისთანა სახეები ჰქონდათ, შემეცოდნენ. ვუთხარი, ამ სახადისაგან მორჩებით შემოდგომაზე-მეთქი! ხალხი ნახირად ჰყავთ გადაქცეული.

გამორეკავენ გამგეობის შენობიდან ამ საცოდავებს, შენობას დარაჯს მიაბარებენ და ხან ანაკლიაში დაათრევენ, ხან კი ზუგდიდში მიშასთვის ტაშის დასაკრავად!

ასეთ ღონისძიებებს ადმინისტრაციული რესურსებით ატარებენ, თორემ ვინ არის იქ ნებით მიმსვლელი! შუქი ხომ გაქვთო, რომ გვამადლის ხელისუფლება, წალენჯიხელებს შუქიც არ გვაღირსეს წესიერად! დააყენეს კომუნალური მრიცხველები და მეზობლები გადაჰკიდეს ერთმანეთს! ეს არის მაგათი გაკეთებული საქმე. ახალი საავადმყოფო რომ ააშენეს წალენჯიხაში, იმას არავინ კითხულობს, ვინ უნდა იმკურნალოს? რად გვინდა სააავადმყოფო, თუ ვერავინ იმკურნალა, მუზეუმი ხომ არ არის, ხალხმა დასათვალიერებლად იაროს? მაგ საავადმყოფოს აშენებით ორჯერ გაძვირდა მკურნალობის ფასი. ეს არის ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა? ჰიბრიდულმა სიმინდმა ხომ სულ დაგვაქცია! რამდენი ერთი ვთქვა და რამდენი ერთი ჩამოვთვალო?

პაატა სორდია: - 2003 წლამდე შვეიცარიაში ვცხოვრობდი. როცა ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდა საქართველოში, დავბრუნდი. "ნაცმოძრაობის" სასარგებლოდ ჩავერთე ბრძოლაში. მიხეილ სააკაშვილმა პირველი, რაც გააკეთა, კონსტიტუციის უმოწყალოდ გაუპატიურება დაიწყო. პარლამენტს წაართვა უფლებამოსილება და საკუთარ თავზე მოირგო. ამ კაცმა ქვეყანა არა მარტო მოირგო, არამედ მისი გათელვაც მოინდომა. ეს დროშა, რევოლუციის მტვრითა და სისხლით მოსვრილი. ჩვენთან ინახება და თუ საჭირო გახდება, ერთხელ კიდევ იდროშებს! მიხეილ სააკაშვილს მინდა ვკითხო, - მიშა, გახსოვს წალენჯიხა?!

 

 

 

 

ნანახია - 229

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80