ანქვაბი რევანშისთვის ემზადება
პოლიტიკა

ანქვაბი რევანშისთვის ემზადება

ანქვაბი რევანშისთვის ემზადება
თამთა ქარჩავა

2017-03-16 11:30:26

ალექსანდრე ანქვაბი იმ 12 დეპუტატს შორის არის, რომლებმაც ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მარტის დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნებში 50%-იანი ზღვარი პირველივე ტურში გადალახეს. ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტი 35 დეპუტატისგან შედგება, შესაბამისად დარჩენილი 23 დეპუტატის ბედი 26 მარტს დაგეგმილი განმეორებითი კენჭისყრის შედეგად გაირკვევა. თუმცა, როგორც ირკვევა, საკმაოდ მაღალია ალექსანდრე ანქვაბის შანსები, რომელიც რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს ოფიციალური თბილისი და რუსეთის ფაქტორზე საუბრობს. საქართველოს საგარეო სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკანონო არჩევნების ჩატარება წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის, სამხედრო ინტერვენციის, ოკუპაციისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგების ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას. 12 მარტის არჩევნებს არ აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა.

12 მარტის არჩევნებმა საინტერესო სურათი შექმნა. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ანქვაბის სახით, სერიოზული პრობლემები შეექმნა რაულ ხაჯინბას ხელისუფელბას, რადგან ანქვაბი აუცილებად შეეცდება რევანშის აღებას და შეძლებს პოლიტიკური ამინდის შექმნას პარლამნეტში. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ანქვაბი დაპირისპირების გამწვავებაზე წავა.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ანქვაბმა პრეზიდენტის პოსტი საპროტესტო აქციების ფონზე დატოვა, აქციის ორგანიზატორი რაულ ხაჯიმბა იყო, რომელმაც ე. წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ხაჯინბას საპრეზიდენტო ვადა 2018 წელს ეწურება. შეცვლის თუ არა ხაჯიმბას ანქვაბი, რომელიც ერთხელ უკვე იყო ე.წ. პრეზიდენტი, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, შეიცვლება თუ არა დღეს მოქმედი ე.წ. აფხაზური კონსტიტუცია.

კავკასიური სახლის დირექტორის, პოლიტოლოგ გიორგი კანაშვილის განცხადებით, დიდი ალბათობით ანქვაბი ვერ გახდება პრეზიდენტი, რადგან ამის საშუალებას ასაკი არ მისცემს, გარდა ამისა, ის ვერ აკმაყოფილებს ქვეყანაში გაუსვლელად ცხოვრების 5-წლიან ცენზს. მისივე თქმით, თუ არ მოხდება ცვლილება კონსტიტუციაში, ამჟამად არსებული კანონმდებლობით, იგი ვერ გახდება პრეზიდენტი.

„თუ იმ ლოგიკას გავყვებით რაც მოხდა 12 მარტის არჩევნების პირველ ტურში, სავარაუდოდ ანქვაბმა უნდა შეძლოს პარლამენტში უმრავლესობის ფორმირება. იგი ეცდება პრეზიდენტის ფუნქციების დასუსტებას და პარლამენტის გაძლიერებას, ამისთვის მას დასჭირდება პარლმანეტში ძლიერი უმრაველსობის მოპოვება“, - აცხადებს გიორგი კანაშვილი.

კანაშვილის განცხადებით, აფხაზეთში მოქმედი რომელიმე პოლიტიკური ძალის პროქართულად მონათვლა, არასწორია, თუმცა, რიგ საკითხებთან დაკავშირებით ამ ძალებს აქვთ განსხვავებული მიდგომები, რაც შეიძლება საქართველოსთვის სასარგებლოც იყოს.

„სამწუხაროდ, აფხაზეთში არ არიან პროქართული ძალები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენთის ფუნდამენტურია, ეს არის ამ ორი ძალის დამოკიდებულება გალის მოსახლეობასთან. ანქვაბის დროს, ბევრად უფრო ლიბერალური მიდგომები იყო გალის მოსახლეობასთან მიმართებაში, რაც ხაჯიმბას დროს შეიცვალა.

გალის მოსახლეობას ჩამოართვეს პასპორტები, იქმნება გადასასვლელების პრობლემა, რაც გალის მოსახლეობაზე ნეგატიურად აისახება. სხვა საკითხებს რომ თავი დავანებოთ, აქ ეს გახლავთ მნიშვნელოვანი სხვაობა ამ ორ ძალას შორის. მაგრამ ეს არის ნიშნავს, რომ პროქართველები არიან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი კანაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ანქვაბი ერთ-ერთია, რომელიც ქართულ ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა, კეროდ, ის შსს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო, თუმცა, როგორც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის დირექტორი ზურაბ შენგელია აცხადებს, ეს არ არის მთავარი, მთავარია ის არის, რომ ერთადერთი ადამიანი იყო ანქვაბი, რომელმაც მისი მოღვაწეობის დროს წამოაყენა თეზისი - ჩვენ ვალდებული ვართ, ყველა მეზობელთან ვიყოთ მუდმივ დიალოგში, მიუხედავად იმისა, ეს მათ აწყობთ, თუ არ აწყობთ.

„მეზობლებთან ურთიერთობა მარტო ანქვაბს ჰქონდა ნახსენები თავის საპრეზიდენტო პროგრამაში. გარდა ამისა, ანქვაბის პროგრამის ძირითადი ხაზი იყო შემდეგი - ამ ეტაპზე ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ არა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, არამედ უპირველესი და ყველაზე მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო. ანუ, ჩვენ თუ გვინდა ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჯერ სახელმწიფო უნდა ვიყოთ - ასეთი მიმართება ჰქონდა ანქვაბს თავის პოლიტიკაში.

გარდა ამისა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ანქვაბის პერიოდში ენგურზე გადასასვლელების რაოდენობაც იყო. არ ვიცი რამდენად სწორია, შეიძლება პოლიტიკური მიზნებით იყო გამოყენებული, მაგრამ ანქვაბს დააბრალეს, რომ ძალიან ბევრმა გალელმა უკანონოდ მიიღო აფხაზური პასპორტი, ანუ მოქალაქეობა. როგორი იქნება ახალი ანქვაბი რომელიც ჩამოვიდა, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც სურკოვმაც და ზატულინმაც მას მხარი დაუჭირეს, ეს არ ვიცი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ შენგელიამ.

სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ანქვაბის სახით ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნა ხაჯმბას ხელისუფელბას, მით უმეტეს იმის ფონზე, როდესაც მან დაბა ბზიფის საარჩევნო ოლქში დემონსტრაციულად დაამარცხა ხაჯიმბას პარლამენტის თავმჯდომარე.

„მეორე ტურის შემდეგ რაოდენობრივად ოპოზცია იქნება უმრავლესობაში პარლამენტში. სულ 1/3-იც რომ იყოს ოპოზიცია პარლამენტში, ანქვაბის მეთაურობით შეეცდებიან და გამოუვათ კიდეც პოლიტიკური ამინდი შექმნან პარლამენტში. რაც შეეხება მომავალს, არ ვიცი ასაკიდან გამომდინარე ექნება თუ არა ანქვაბს საპრეზიდენტო მარათონში ჩართვის უფლება, მაგრამ არც იმას არ გამოვრიცხავ, იმისათვის, რომ რევანში აიღოს, მოინდომოს საპარლემანტო ცვლილება და საპარლამენტო რესპუბლიკის ჩამოყალიბება“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

კითხვაზე, რას ცვლის ანქვაბის აფახაზურ პოლიტიკაში დაბრუნება, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მიმართულებით, არეშიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გასუსულები ვიქნებით და აქტიურ მუშაობას არ შევუდგებით აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან, არაფერი არ შეიცვლება.

„გახსოვთ სოფელ აიბღასთან დაკავშირებული სკანდალი, რუსები ამბობდნენ, რომ ეს არის კრასნოდარის მხარე, ხოლო საპირისპიროს ამტკიცებდნენ აფხაზები. აფხაზებმა კულუარულად მომართეს საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ წარმოედგინა შესაბამისი რუქები, თბილისმა გააგზავნა ეს რუქები და ამით აფხაზებმა შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ აიბღა არის აფახური ტერიტორია.

თანამშრომლობის რაღაცა ფორმები არის. მაშინ რუსებმა დაწერს, როდესაც გაუჭირდებათ აფხაზებს, ისევ ქართველებს მიადგნენო. ასეთი ტიპის ურთიერთობა იყო, იგივე ჯანდაცვის პროგრამები, მაგრამ ეს თუ იქნება ფრაგმენტული, არაფერი არ გამოვა. ეს უნდა იყოს მუდმივი და კომპლექსური. მთავრობის ყველა სტრუქტურა უნდა იყოს ამაში ჩართული.

ყველა კვლევის მიხედვით მეათე ადგილზე დგას დაკარგული ტერიტორიების საკითხი, საზოგადოებას არ აინტერესებს ეს თემა, იმიტომ, რომ შესაბამისად იქცევა ხელისუფლება. ინტენსიური მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა ფორმით გააქტიურდეს კონტაქტები აფხაზურ საზოგადოებასთან, აუცილებლად უნდა იმუშაოს იდეოლოგიურმა ნაწილმა. თუ ეს არ მოხდება, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ანქვაბი იქნება, თუ ვინ, რადგან არაფერი შეიცვლება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი იხსენებს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არ მოინდომა ალექსანდრე ანქვაბისთვის ხელის გაწვდომა, ეს იყო არა მხოლოდ პოლიტიკური შეცდომა, არამედ ეს იყო ნაბიჯი, რომელიც ემსახურებოდა მხოლოდ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამუდამოდ გაყინვას.

„ანქვაბის მიერ თანამდებობის დატოვებას მის გულწრფელ გამონათქვამს ვუკავშირებ, რაც მიუღებელი აღმოჩნდა კრემლისთვის. ანქვაბმა თქვა, რომ აფახაზეთი არასოდეს გახდება ყირიმი. ეს არის ისეთი მრავწახნაგოვანი ლოზუნგი, რომ შეიძლებოდა რეფერენდუმის თემაც გამხდარიყო, უჭერდა თუ არა ამ ლოზუნგს მხარს მოსახლეობა, თუ უნდოდათ აფხაზეთის გაყირიმება.

შემგდომ განვითარებული მოვლენები სწორედ, რომ ამ მეორე მიმართულებისკენ გვიბიძგებს. ანქვაბი ერათადერთია, რომელსაც თბილისში მაღალ თანამდებობებზე საქმიანობისა და განჭვრეტის უნარი აქვს, რაც ცხადია არ შედის კრემლისა და ადგილობრივი მოსახლეობის იმ ნაწილის ინტერესებში, რომლებიც მხოლოდ უარყოფითად მოიხსენიებენ სიტყვა საქართველოს.

ამიტომ, რამდენად გალღვება არსებული ყინული, ეს ჯერჯერობით რთული სათქმელია. თუ ჩვენი ხელისუფლების ნაბიჯები იქნება არა მხოლოდ მოსაწონი, არამედ ინტერესის საგანი აფხაზებისთვის, მაშინ შესაძლოა, ვილაპარაკოთ ურთიერთობის აღდგენაზე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.

ნანახია - 1230

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80