„წარსული, რომ გამოუძიებელია, იმიტომ მოხდა ბათუმის ამბავი“
პოლიტიკა

„წარსული, რომ გამოუძიებელია, იმიტომ მოხდა ბათუმის ამბავი“

„წარსული, რომ გამოუძიებელია, იმიტომ მოხდა ბათუმის ამბავი“
თამთა ქარჩავა

2017-03-17 09:00:50

იკვეთება თუ არა ბათუმში განვითარებულ მოვლენებში სისხლის სამართლის დანაშაული, ასევე, ვის მიერ იყო პროცესები მართული, ცნობილი უახლოეს პერიოდში გახდება. 11-12 მარტის მოვლენებთან „ნაციონალური მოძრაობის“ კვალზე საუბრობს მმართველი ძალა და ფიქრობენ, რომ ყველა ის პირი, რომელიც განსაკუთრებით აგრესიული ფორმით მონაწილეობდა ამ აქტში, შესაბამისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

უფრო კონკრეტული იყო პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და აქციის ორგანიზატორად ნაცმოძრაობის ზოგიერთი წარმომდგენელი დაასახელა. გიორგი კვრიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ზუსტად იცის, როგორ ცდილობდნენ პოლიტიკოსები მუხტის შენარჩუნებას დილამდე. თუმცა, პროტესტის მუხტი ქვეყანაში არ არსებობს და სწორედ ეს გახდა ამ პოლიტიკოსების კრახის მიზეზი.

„ნურავის მოატყუებს ეს ჩვენი ჰუმანური სახე და ნურავინ შეეცდება სახელმწიფოში სტაბილურობის შერყევას, რადგან სახელმწიფოს პასუხი იქნება ძალიან მკაცრი, როგორც კი დავინახავთ, რომ შეიძლება ზღვარი გადასცდეს წითელ ხაზს. სხვათა შორის, ისიც ზუსტად ვიცით, როგორ ცდილობდნენ პოლიტიკოსები მუხტის შენარჩუნებას დილამდე და ჩვენ თუ ამას გავაკეთებდით, ისინი, შესაძლოა, დილამდე მუხტის შენარჩუნებას შეძლებდნენ.

თუმცა, პროტესტის მუხტი ქვეყანაში არ არსებობს და სწორედ ეს გახდა ამ პოლიტიკოსების კრახის მიზეზი. მათ დაინახეს, რომ ვერ მიაღწიეს საწადელს და ძალიან უსინდისოდ დაიწყეს ისრების გადმოტანა მთავრობაზე. მათ მოინდომეს ის, რაც მოინდომეს, მაგრამ არ გამოუვიდათ და სრული კრახით დასრულდა. დავინახეთ, როგორ ცდილობდნენ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში ხალხის შეკრებას და 20-25 ადამიანზე მეტი ვერ მოიყვანეს. მათ გააკეთეს აბსოლუტურად უსინდისო განმარტებები და მთლიანი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მათ კისერზეა.

დაველოდებით გამოძიებას. რა ვერსიას იხილავს გამოძიება, ნამდვილად არ ვიცი და არ ვერევი ამ საქმეში. გამოძიება, რა თქმა უნდა, გააკეთებს თავის საქმეს, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამაზე მთლიანად ეკისრება ამ პოლიტიკოსთა ჯგუფს, რომლებიც მოქმედებენ დევიზით - თუ ჩვენ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ქვეყანაში. ეს არის მათი დევიზი და არ გამოუვათ, რადგან ხალხი არის ჩვენს მხარეს“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება ორგანიზატორებს, როგორც მთავრობის მეთაური აცხადებს, პირდაპირ ჩანდნენ ორგანიზატორები და ისმოდა მათი მოწოდებებიც.

„ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ნაწილი პირდაპირ აქეზებდა ხალხს და თამაშობდა ადამიანების ემოციებზე.  პირველ ეტაპზე ადამიანები ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებულნი, ახლა მიმდინარეობს უფრო ღრმა გამოძიება სისხლის სამართლის კუთხით და ყველა ადამიანი, ვინც ხელი აღმართა ქვეყანაში ყველაზე ძვირფასზე და ეს არის ქვეყნის სტაბილური განვითარება, რა თქმა უნდა, უნდა იყოს დასჯილი. როგორც აქციაში მონაწილე, ასევე მათი წამქეზებელი, ვინც არ უნდა იყოს ის, აუცილებლად უნდა დაისაჯოს“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

„ნაციონალურმა მოძრაობის“ პასუხისმგებლობაზე საუბრობს ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, რომლის განცხადებით, ამ პოლიტიკურმა ძალამ ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ბოდიში მოიხადოს. რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ჩუგოშვილის თქმით, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ აქვს და ამასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტრუქტურებმა უნდა ისაუბრონ.

„ვფიქრობ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ცალსახად უნდა აიღოს იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც წახალისებას აკეთებდა, ართულებდა მდგომარეობას ბათუმში და ასხამდა ნავთს ცეცხლზე. მე მგონი, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება ნებისმიერი სერიოზული პოლიტიკური ძალის უნარი უნდა იყოს. თუ შეუძლიათ რომ წაახალისონ ვანდალიზმი, პატრულის მანქანების დაწვა და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა, ისიც უნდა შეეძლოთ, რომ მერე ბოდიში მოიხადონ“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მმართველი ძალის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ ენმ-ში და ხელისუფლების უმოქმედობაზე ამახვილებენ ყურადღებას. სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრემიერი კამერების თვალწინ დაკვეთას აძლევს საგამოძიებო ორგანოებს და მიანიშნებს, სად უნდა მივიდეს გამოძიების შედეგები.

„ეს აჩვენებს ერთადერთ რამეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არც დამოუკიდებელი სასამართლო არსებობს, ასევე, არ არსებობს არც არანაირი სანდო დამოუკიდებელი საგამოძიებო პროცესი. ხელისუფლება, როგორც ჩანს, ყველა მოვლენას ამ ქვეყანაში გამოიყენებს ძირითად ოპოზიციურ ძალაზე თავდასხმის და შევიწროების მიზნით. რეალურად დღეს დემოკრატიის შენარჩუნების წითელი ხაზი გადის „რუსთავი 2“-ის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე და „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომელიც დარჩა ქვეყანაში ერთადერთ ქმედით ოპოზიციურ ძალად. ჩემთვის გასაგებია, რომ ხელისუფლება უკან არ დაიხევს იქიდან, რომ რაც შეიძლება ძლიერი დარტყმა მიაყენოს ჩვენს პარტიას, თუმცა ეს მათ არ გაუვათ“,- აცხადებს სალომე სამადაშვილი.

პრემიერის პოზიციას არ იზიარებს „ევროპული საქართველო“. ირაკლი აბესაძე თვლის, რომ სამარცხვინოა პრემიერის პოზიცია, რომელიც ქვეყანაში პასუხისმგებლობას ელემენტარულ რაღაცეებზე ვერ იღებს. აბესაძის თქმით, ყველამ კარგად დაინახა, როგორ სუსტად გამოიყურებოდა სახელისუფლებო რეაქცია იმ ვანდალურ ფაქტებზე, რაც ხდებოდა ბათუმში და როგორ ვერ შეძლო ხელისუფლებამ, ეფექტურად დაეცვა ადამიანების უფლებები თუ სახელმწიფო ქონება, რომელიც იმ პერიოდში ნადგურდებოდა.

„გადაბრალების ნაცვლად, საქართველოს პრემიერს ვურჩევთ, რომ საკუთარ სამთავრობო გუნდში ეძებოს შეცდომები და აიღოს ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა „ქართულმა ოცნებამ“, ხოლო გამოძიების შემდეგ, თუკი გამოიკვეთება, რომ რომელიმე თანამდებობის პირის პასიურობა შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი, ისევე, როგორც გამოძიებული უნდა იყოს იმ ადამიანების საქმიანობა, რომელთა მოქმედება გასცდა ნორმალური, მშვიდობიანი აქციის ფორმატს და აშკარად დანაშაულებრივი სახე მიიღო“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

თუმცა ასე არ ფიქრობენ ანალიტიკოსები, რომელთა შეფასებით, პრემიერის დაგვინაბეულ რეაქციას აკრიტიკებს ის პოლიტიკური ძალა, რომლის ბიოგრაფიაში არის 7 ნოემბერი, 15 ივნისი, 26 მაისი, გარდაცვლილი და დასახიჩრებული ადამიანები.

ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, ბათუმის ამასწინანდელ ამბებზე რეაქციები ჩანს, ჯერ არ ჩამცხრალა და ყველა ცდილობს როგორღაც, კარგად და შეძლებისდაგვარად, სუფთად გამოძვრეს.

„იქედან გამომდინარე, თუ რას აპირებდნენ ცალკეული პარტიები, როდესაც მომიტინგეთა ძალადობა პიკს უახლოვდებოდა, გამახსენდა დეილ კარნეგის ცნობილი ფრაზა: „თუ ხელში ჩაგივარდათ ლიმონი, შეეცადეთ გააკეთოთ მისგან ლიმონათი“. ჰოდა, ვფიქრობ რომ ამ პარტიებმა და პირველ რიგში ნაცმოძრაობამ, გადაწყვიტეს რომ ხელში ჩაუვარდათ ის ლიმონი, რომლისგანაც ლიმონათის, ანუ რევოლუციის გაკეთება შეეძლოთ. რა გააკეთეს და რა მიიღეს, კი დავინახეთ“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ გამოძიების გარეშეც იკითხება „ნაციონალური მოძრაობის“ კვალი და ამ შემთხვევაში გამოძიება ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი, რადგანაც, „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულების გამოუძიებლობა არის ის შემთხვევა, რატომაც ამ ხელიუსფლებას ყველაზე მეტად აკრიტიკიებენ.

„ჯაჭვები, მოლოტოვის კოქტეილები, ტომარაში ჩადებული ქვები, ანუ, წინასწარ მომარაგებული ქვების გამოჩენა კონფლიქტის ადგილას, ეს ერთი ხაზია იმისა, რომ პროვოკაცია მზადდებოდა. მეორე ხაზია - მოწოდებები. რომც არ ჰქონდეთ კავშირი ამ პროცესთან ნაციონალებს, თვითონ ასეთი ვანდალიზმის წახალისებაც არის უკვე დანაშაული.

ოპოზიციური პარტია ბევრია, მაგრამ ნაციონალების გარდა, ყველამ ერთნაირი პოზიცია დაიკავა. მას შემდეგ, როცა ნახეს ნაციონალებმა, რომ საზოგადოებამ არ მიიღო ვანდალზმი, მერე დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ ვანდალიზმი მიუღებელია ყველასთვის. როდესაც ნაციონალები მოწოდებებს ავრცელებდნენ, უკვე სახეზე იყო ვანდალიზმი.

არა მატო ეს ფაქტი, არსებობს სხვა ფაქტებიც, რომელიც ადვილად ხდის დასაჯერებელს ვანდალიზმის ნაციონალურ ვერსიას. ვგულისხმობ სატელეფონო საუბრებს, რომელთა გამოძიება ხელისუფლებამ დააანონსა და აქამდე არაფერი არ ისმის; საუბრები გადატრიალებაზე და რევოლუციაზე და ა.შ. იმ საუბრებში რაზედაც იყო ლაპარაკი, პრაქტიკულად, ის მოხდა ბათუმში. ამიტომ გაჩნდა პირველივე აზრი იმისა, რომ ბათუმის ვანდალიზმი სააკაშვილისეული ნაციონალების ნამოქმედარია. ამ წარსულითაც არის ეს ვერსია წინ წამოწეული და ეს წარსული, რომ გამოუძიებელია, იმიტომ მოხდა ბათუმის ამბავი“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

როგორც ექსპერტი აცხადებს, ბათუმის მოვლენების გამოუძიებლობამ, შესაძლოა, ბევრად მძიმე შედეგის წინაშე დააყენოს სახელმწიფო, რადგან ამ გამოცდილებამ გვანახა, რომ რასაც ყურადღებას არ მიაქცევ, თვითონ სახელმწიფოს შემოუტრიალდება, როგორც ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება.

„არ მიაქციეს ყურადღება და შემოუტრიალდათ, თუ ამ შემთხვევაშიც ანალოგიურად მოიქცევიან, უფრო მძიმე შედეგით შემოუტრიალდებათ. აი, მაშინ ნამდვილად იქნება ხელისუფლების პასუხისმგებლობა. გამოძიების ბოლომდე მიუყვანლობამ მოიტანა ბათუმი, ახლა თუ ბათუმი არ იქნება ბოლომე მიყვანილი, კიდევ რამე უბედურება მოხდება.

ამიტომ, არა თუ ვალდებულია ბოლომდე მიიყვანოს, არამედ სამომავლოდ ქვეყნის მშვიდობიანობის ინტერესშია გამოძიების ბოლომდე მიყვანა. სიმართლე გითხრათ, გამიხარდება, თუ აღმოჩნდება, რომ პოლიტიკური ძალები არ არიან ჩართული ამ ვანდალიზმში. მაგრამ თუკი არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც ვანდალიზმი გეგმაში აქვს და ემზადება ამისთვის, მაშინ, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ვალდებულებაა საქმის ბოლომდე მიყვანა“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ დაშლის ეპიზოდი იყო აბსოლუტურად სწორი და განსხვავებული იმისგან, რასაც წინა ხელისუფლებამ მიგვაჩვია. არეშიძის განცხადებით, ხელისუფლებამ, შესაძლებელია, სპეცდანიშნულების რაზმი გამიზნულად გამოიყვანა გვიან, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის სახე ეჩვენებინა საზოგადოებისთვის.

„შედეგი არ დადგა სასურველი მისთვის, ვისაც სჭირდებოდა. გამოდის, რომ სპეცსამსახურების მუშაობა შედგა. შედეგი მივიღეთ ის, რომ აქციამ ის მასშტაბები ვერ მიიღო, რაც ჩანაფიქრში იყო. საზოგადოებას არ მოსწონს სპეცსამსახურებისა და პოლიციის გარკვეული პაუზა, რამაც ქალაქის დანგრევა გამოიწვია. საზოგადოების პოზიცია აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ დავუშვათ ცინიკური გათვლაც. თავიდან რომ აღეკვეთათ, მაშინ ჩვენ ამ თემაზე არ ვილაპარაკებდით, რომ ვიღაცა სხვა პოლიტიკური ძალებიც იყვნენ ჩართულნი. ეს იქნებოდა ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო აქცია, რომელიც პოლიციამ აღკვეთა“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

მისივე თქმით, მომავალში ისტორია განსჯის იმას, შესაძლებელია კარგიც მოხდა, რომ მავანმა თავისი სახე გამოაჩინა. როგორც არეშიძე აცხადებს, ძალიან დიდი უბედურება შეიძლება შეგვმთხვეოდა, ხელისუფლებამ დანის წვერზე გაიარა, მაგრამ თავიდან იქნა აცილებეული მასშტაბური უბედურება.

„დროზე რეაგირება ხელისუფლებამ ვერ მოახდინა თუ არ მოახდინა - არ ვიცი. არ არის გამორიცხული, რომ არ მოახდინა. ზუსტად იმიტომ, რომ ამ საზოგადოების, პოლიტიკური ძალის სახე გამოჩენილიყო. შეიძლება ასეც მოხდა. კი შეეწირა ამას ბათუმის ცენტრი, შეეწირა უამრავი მანქანა, ადამიანების ნერვები, მაგრამ ასეთი რამ არსებობს პოლიტიკაში. იმისათვის, რომ შენს მეტოქეს შეცდომა დააშვებინო, დაანახო საზოგადოებას მისი სახე, საჭიროა მისცე დრო რომ თავი გამოიჩინოს“, - განაცხადა მამაუკა არეშიძემ.

ნანახია - 1169

papa

2017-03-17 10:08:30

,,ნიჭიერი,, ხალხია აი,..... ,,ნიჭიერი,,. როგორც იქნა ჩახვდნენ საქმეს აი ჩახვდნენ(მეტი არ იქნას საქართველოს მტერი რაც ამათ რამე გაიგონ...თუნდაც ეხლა)
აქაურები სუ მაგას არ ვყვიროდით, იმათი დასჯა აუცილებელიაოოოო....???.
ესენი კიდევ .... ემანდ მეფისნაცვალს არაფერი ეწყინოსო

cugo

2017-03-17 10:26:11

ეს ნაძირალა ნაციონალები,ხელისუფლების შენარჩუნებისათვის,უმწიკვლო და საჯიშე ახალგაზრდებს ქუჩებში ხვრეტდნენ,დამსახურებულ ადამიანებს წამებით კლავდნენ და ზღვაში აგდებდებდნენ და ბათუმში მანქანების დაწვას და შუქნიშნების დამტვრევას მოერიდებოდნენ.რაც შეეხება ექსნაციონალებს,ამათ გგონიათ რახან სახელი გადაირქვეს ხალხი დაიჯერებს მათ გაკეთილშობილებას.ესენი ისეთივე კრიმინალები არიან,როგორიც ადრე იყვნენ.რაც შეეხება მათ გამიჯვნას სააკაშვილისაგან და ნაცმოძრაობისგან ეს ისეთივე სიცრუეა,როგორც ის რომ,რუსთავ-2 არის ყარამანაშვილების საკუთრება.

arichopra 2

2017-03-17 11:01:15

გუშინ ინტერნეტით ვუყურე როგორ "დაახურა" ზაქარია ქუცნაშვილმა ე.წ. ჟურნალისტ კვესიტაძეს! უყურეთ იუთუბზე დევს!

arichopra 2

2017-03-17 11:10:30

"ამიტომ, არა თუ ვალდებულია ბოლომდე მიიყვანოს, არამედ სამომავლოდ ქვეყნის მშვიდობიანობის ინტერესშია გამოძიების ბოლომდე მიყვანა. სიმართლე გითხრათ, გამიხარდება, თუ აღმოჩნდება, რომ პოლიტიკური ძალები არ არიან ჩართული ამ ვანდალიზმში. მაგრამ თუკი არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც ვანდალიზმი გეგმაში აქვს და ემზადება ამისთვის, მაშინ, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ვალდებულებაა საქმის ბოლომდე მიყვანა“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.
რომც მიიყვანონ საქმე ბოლომდე, გამოიძიონ, სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადანაშაულოს, მესამე ინსტანცია თუნდაც გაფართოებული 9 მოსამართლიანი სასამართლო იყოს, რად გინდა მერე?! სასჯელი არ აღსრულდება!!! იმიტომ რომ დამნაშავეების ადვოკატები ერთ ნახევარგვერდიან წერილს აფრენენ სტრასბურგში, ოპოზიციას დევნიანო და ის უმალვე შეაჩერებს აღსრულებას, ჯერ 5 დღით, შემდეგ უვადოდ!
ის რაც ცრუსთავი2-ის საქმეზე ჩაიდინა სტრასბურგის სასამართლომ არის გაუგონარი ამბავი. მათ მოახდინეს საქართველოს სასამართლო სისტემის სრული დისკრედიტაცია. ფაქტიურად გააუქმეს სასამართლო. შეურაცხყოფა მიაყენეს ყველა იმ 14 მოსამართლეს პიროვნულად რომლებიც მონაწილეობდნენ ამ პროცესებში.
კარგი იქნებოდა თუ მოსამართლეთა კორპუსი გაიხდინენ მანტიებს და გამოაცხადებდნენ უვადო გაფიცვას. ის რა სამარტალია, რომელიც არ აღსრულდება!

დომნა

2017-03-17 11:17:21

სამართალი რომ აღდგენილიყო გუშინ ყელმოღერებული ვერ შეუტევდა კვესიტაძე რესპოდენტებს. ოცნებამ იმდენი წაუყრუა დაზარალებულთა მოთხოვნებს, რომ დღეს ნაცები დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე მებრძოლებად გამოგვეცხადნენ. ქუცნაშვილის შეტევა კი პოლიტიკური პინკპონგი იყო. გული მოიფხანა და მორჩა. სამართალი მარტო ქონების დაბრუნება ხომ არ არის. ეს ათასობით მორალურად ჩაწიხლული ხალხია ორივე ხელისუფლების მხრიდან. ერტმა ჩაიდინა(ნაცებმა) მეორემ კი გაუპრავა(ქოცებმა).

Thoma

2017-03-18 04:42:16

დომნა
აბსოლუტურად მართალი ხარ და გეთანხმები!
7 ნოემბრისა და 26 მაისის მომწყობი, სახურავზე დემონსტრანტთა გვამების შემომლაგებელი ნაცები ბათუმში ცრემლსადენი გაზის გამოყენებას უნდა უპროტესტებდნენ ამ ხელისუფლებას?!...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80