ლევან ბერძენიშვილი: „აჭარაში სეპარატისტული საფრთხის შექმნას ვერავინ მოახერხებს, ვერც პუტინი!“
დაიჯესტი

ლევან ბერძენიშვილი: „აჭარაში სეპარატისტული საფრთხის შექმნას ვერავინ მოახერხებს, ვერც პუტინი!“

ლევან ბერძენიშვილი: „აჭარაში სეპარატისტული საფრთხის შექმნას ვერავინ მოახერხებს, ვერც პუტინი!“
თათია გოჩაძე,"ვერსია"

2017-03-17 09:52:28

11 მარტს, ბათუმში, საპროტესტო აქცია ვანდალურ ქმედებებში გადაიზარდა - აქციის მონაწილეებმა რამდენიმე მანქანა დაწვეს, ქუჩები დაარბიეს, ინფრასტრუქტურა გაანადგურეს. აქციის მიზეზი საპატრულო პოლიციის მიერ, აკრძალულ ტერიტორიაზე ავტომობილის გაჩერების გამო მძღოლის დაჯარიმება გახდა. აქციის მონაწილენი კი ამბობდნენ, რომ დიდი ხანია, ბათუმში პატრული უსამართლოდ და არაადეკვატურად აჯარიმებს მოსახლეობას და ამას წერტილი უნდა დაესვას. კიდევ ერთი ფაქტორი, რასაც ბათუმში აპროტესტებდნენ, უფლებადამცველ მერაბ ღოღობერიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა, თითქოს აჭარის პოლიციის სამმართველოს ახლადდანიშნული უფროსი აჭარლებს მიმართავს ეპითეტით - ,,თათარო'', თუმცა ღოღობერიძეს ამის მტკიცებულება არ წარუდგენია. საინტერესოა, როგორ აფასებს აჭარაში განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკოსი, რომელიც რეგიონს კარგად იცნობს. „ვერსიისკითხვებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, წარმოშობით ბათუმელი ლევან ბერძენიშვილი პასუხობს.


- ამ ფაქტის გამოძიება პროკურატურის საქმეა, ნაციონალებისა და ,,ოცნების'' მხრიდან ერთმანეთზე ან რუსეთზე გადაბრალება კი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. ადამიანები ცდილობენ, ეს ფაქტი პოლიტიკური თვალსაზრისით გამოიყენონ. მე კი შემიძლია ის ვთქვა, რაც ეჭვს არ იწვევს - სახელმწიფომ ვერ მოახდინა პრევენცია. ხელისუფლებას კარტბლანში კი აქვს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დროულად ვერ შეაფასა მოვლენების შესაძლო განვითარება, განუზომლად დიდი დრო დასჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ ვანდალებს ქალაქი დაარბევინეს და მხოლოდ იმის შემდეგ ჩააცხრეს მოვლენები, რაც პიკს მიაღწია და ადამიანები უბრალოდ გადაიღალნენ მანქანების დაწვით, მაღაზიების დარბევით. აჭარას რომ მთავრობა არ ჰყავს და არაფერს წყვეტს, გამოჩნდა. ბათუმს მერი რომ ჰყავს, უკვე ხუმრობაა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გადაწყვეტილებას ცენტრალური ხელისუფლებაც ვერ იღებს. ვინ იღებს, არ ვიცი, შეიძლება, აშშ-ს პრეზიდენტს უთანხმებენ მოქმედებას. ჩვენ ყოველ წუთს მოვუწოდებდით ხელისუფლებას, ჩარეულიყვნენ და არ ჩანდნენ. ჩანს, უნდოდათ, მათი ჩარევა არ გაეკრიტიკებინათ, ხოლო როცა ჩაერივნენ, ადეკვატური ძალა გამოიყენეს და აქ კითხვები არ არის. პირიქით, ზოგს ისეთი აზრიც გაუჩნდა, რომ მეტად უნდა დაერბიათ. 


- ამ აქციას ზოგი პარტიაც უცხადებდა სოლიდარობას. თქვენ რა პოზიცია გქონდათ? 


- ამ პოლიტიკური ძალებისგან ზოგი იმდენად ბრიყვი აღმოჩნდა, რომ ვერ დაინახა, საით მიდიოდა პროცესი. შორს ვარ აზრისგან, რომ ეს პოლიტიკური ძალების მიერ ორგანიზებული იყო. რჩება შთაბეჭდილება, რომ ერთი პოლიციელის წინააღმდეგ მეორე პოლიციელმა რაღაც ჩაიფიქრა და ვიღაცამ ეს ფაქტი პოლიტიკური თვალსაზრისით გამოიყენა. ყოველთვის მოიძებნება ბრბო, რომელსაც რასაც გინდა გააკეთებინებ. ვანდალებზე ლაპარაკიც არ მსურს, რადგან როცა ადამიანი მსგავს ვითარებაში ხვდება, პიროვნებას ტანსაცმელივით იხდის და მხეცად იქცევა. დავინახეთ გამხეცებული ბრბო და იმის თქმა, რომ ეს გამოხატვის თავისუფლება და პოლიტიკური ბრძოლა იყო - არ შემიძლია. ვიღაცას მოეჩვენა, რომ ამით ქულების დაწერა შეიძლებოდა, ამიტომ ყველა ის მოღვაწე, ვინც ამას სოლიდარობა გამოუცხადა, პოლიტიკურად ბეცია. ნაცმოძრაობის წარმომადგენელი ლევან ვარშალომიძე პოლიტიკურად იმდენად ბეცი აღმოჩნდა, რომ ამ ფაქტის შემდეგ ისევ მხარდამჭერ მიტინგს აანონსებდა, თუმცა ალბათ იქაც მოიძებნა უფრო გარკვეული ადამიანები და უთხრეს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. 


- ისე, ზოგი სწორედ ვარშალომიძეს მოიაზრებს აქციის ორგანიზატორად... 


- თუ ვინმეს ასეთი ეჭვი აქვს, ახლოსაც არ იცნობს ამ ადამიანს. რისი ორგანიზება შეუძლია, სხვა საკითხია. ორგანიზატორი რომ ყოფილიყო, ასეთი ტიპის სისულელეები, ალბათ არ მოხდებოდა და რამდენიმე დღეზე გათვლილი აქცია მაინც იქნებოდა. ფაქტი ერთია - ხელისუფლებამ გვაჩვენა უუნარობა, სწრაფად გაერკვეს ვითარებაში და ასევე გვაჩვენა, რომ თავდაცვის თვალსაზრისით უსაფრთხოების არანაირი სისტემა არ გაგვაჩნია. საინტერესოა, როგორ მოიყარა ქალაქში თავი ამდენმა ადამიანმა, მათ შორის ბევრმა მოყვანილმა სხვა ადგილიდან? 


- ანუ ფიქრობთ, ეს ადამიანები სპეციალურად ჩაიყვანეს ბათუმში არეულობის მოსაწყობად? 


- დიახ, მაგის მეტი არაფერი გვინახავს. ეს გაუკეთა ასლან აბაშიძემ ზვიად გამსახურდიას, შემდეგ სხვებსაც. მოიძებნება ხალხი, რომელთა დარწმუნებაც შეიძლება, რომ თბილისი მტერია და ქართველები ერთმანეთის მტრები ვართ. აჭარაში არასოდეს ყოფილა საქართველოს მთლიანობის პრობლემა და ვერანაირი ძალა ამას ხელოვნურად ვერ შექმნის, თუმცა ცალკეული ადამიანების მცირე ხნით გადარევა, შესაძლებელია. მადლობა ღმერთს, ამ ვანდალიზმს ახლა არავინ ამართლებს, ნაციონალებიც კი. სხვათა შორის, ნაციონალებიდან გამოყოფილმა ფრთამ თავიდანვე არ აუბა მხარი აქციას. 


მგონია, რომ ყოფილი და ამჟამინდელი პოლიციელების ურთიერთდაპირისპირება მოახდინა ვიღაცამ, არ მოსწონს ბათუმში ახლადდანიშნული პატრულის უფროსი და წავიდა ლაპარაკი, რომ ჩამოიყვანეს გორიდან... თითქოს მთვარიდან ჩამოიყვანეს! საქართველოში, ბათუმში გორიდან დაინიშნება თუ თელავიდან, რატომ უნდა იყოს პრობლემა?! ეს პრობლემები ხელოვნურია. 


ამას აღვივებენ ვიღაცები და მათ შორის ერთი გვარი და სახელი ნამდვილად ვიცით - ღოღობერიძე, რომელიც როცა ამბობდა, მე გავაკეთე ეს ყველაფერიო, დაკითხულიც კი არ იყო. 


- აჭარასა და კონკრეტულად ბათუმს კარგად იცნობთ. გსმენიათ, რომ პოლიციელები მოსახლეობას თათრებს უწოდებდნენ? 


- არა, ასლან აბაშიძის გამოგონილი ამბავია, თითქოს ბათუმის მტერი თბილისელები აჭარლებს თათრებს ეძახიან. თუ ასეა, მოიყვანონ ფაქტები, მტკიცებულებები. 


მობილურების ეპოქაში, ყველა პოლიტიკოსი შიშველი რომ გვყავს ნანახი, ამ ფრაზის ჩაწერა რა გახდა?! უბირი, გაუნათლებელი და ბნელი ადამიანი საქართველოში ყველგან მოიძებნება და შეიძლება ვინმეს რამე წამოსცდეს, მაგრამ ეს ჩვენი პრობლემა არაა. ხელისუფლებაზე ბევრი ცუდის თქმა შემიძლია, მაგრამ გიორგი კვირიკაშვილზე ვერ ვიტყვი, აჭარლებზე დაბალი აზრი აქვს-მეთქი, ამას ვერც კახა კალაძეზე ვიტყვი. 


- იზიარებთ ზოგი ექსპერტის მოსაზრებას, რომ ,,ბათუმის სკანდალი'' კიდევ ერთი სეპარატისტული რეგიონის შექმნის საფრთხე და ზოგადად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო? 


- ეს რაღაც პარანოიდური შიშია, აჭარლები ძირძველი ქართველები არიან. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არსებობა აფხაზეთისგან განსხვავებულმა პირობებმა განსაზღვრა. მტერი ყოველთვის ეცდება ყველა რესურსის გამოყენებას, მაგრამ აჭარაში სერიოზული სეპარატისტული საფრთხის შექმნას ვერავინ მოახერხებს, ვერც პუტინი - შეუძლებელია ჩვენი მოსახლეობის ამ ნაწილისთვის ტვინის გადაბრუნება. მეტიც, ამ ადამიანებს გაცილებით რადიკალური მიუღებლობა აქვთ საფრთხისშემცველი ხალხის მიმართ, რადგან დიდი ხანი იყო აჭარა დაპყრობილი. სამშობლოზე ფიქრით იცხოვრეს ამ ადამიანებმა და დაბრუნდა თავის წიაღში, იქ, სადაც მათი ადგილი იყო. ასე რომ, მსგავსი პრობლემა არც არსებობს და ვერც ვერავინ შექმნის.

ნანახია - 529

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80