2018 წლის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი შესაძლოა, მოსახლეობის ნაცვლად, 300 კაციანმა კოლეგიამ აირჩიოს
პოლიტიკა

2018 წლის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი შესაძლოა, მოსახლეობის ნაცვლად, 300 კაციანმა კოლეგიამ აირჩიოს

 2018 წლის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი შესაძლოა, მოსახლეობის ნაცვლად, 300 კაციანმა კოლეგიამ აირჩიოს
თეონა მანაგაძე

2017-03-17 14:00:50

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში საქართველოს პრეზიდენტის ასაკობრივი ცენზის 35-დან 45 წლამდე გაზრდის თაობაზე თანხმდებიან, თუმცა ქვეყნის პირველი პირის არაპირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებით, პოზიციები ჯერ არ შეჯერებულა.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი წესის გაუქმებას 2018 წლის არჩევნების შემდეგ გეგმავს, თუმცა იმის თაობაზე ინიციატივის მომზადება სურს, თუ ვის მიერ და როგორ უნდა იქნეს არჩეული პრეზიდენტი.

კომისიაში პრეზიდენტის არჩევის რამდენიმე ვარიანტი განიხილება, თუმცა კომისიის წევრთა მოწონებით კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის მიერ გაჟღერებული წინადადება სარგებლობს, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის არჩევა ე.წ. ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ მოხდება, რომელიც პარლამენტის 150 წევრისაგან და 150 დელეგატისგან შედგება.

კერძოდ, ხმალაძის განმარტებით, კოლეგიის შემადგენლობას აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საბჭოები და საკრებულოთა გაერთიანებები იმ პროპორციით აირჩევენ, როგორი პროპორციითაც ამ საკრებულოებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები იქნებიან წარმოდგენილნი.

ხმალაძის იდეას მიესალმება კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, რომელიც for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ვინაიდან, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის წესმა მხარდაჭერა ვერ ჰპოვა, კომისია იმაზე მუშაობს, რომ ისეთი ირიბი არჩევის წესი შექმნას, რომელიც დაბალანსებულ სისტემას უზრუნველყოფს.

მენაბდის მოსაზრებით, ასეთია ორი გზა - ან პარლამენტმა აირჩიოს პრეზიდენტი 2/3-ით, ან სპეციალური კოლეგია შეიქმნას, სადაც დეპუტატები და საკრებულოები პრეზიდენტს აირჩევენ.

„ამისი კომბინირებული ვერსიაც არსებობს, რომ პრეზიდენტის არჩევა თავიდან პარლამენტმა სცადოს, ხოლო თუ საკანონმდებლო ორგანო ვერ აირჩევს, შემდეგ კოლეგიამ აირჩიოს. თითქოს შთაბეჭდილება დამრჩა, რომ უფრო მეტად იმისკენ გადავიხარეთ, რომ პრეზიდენტი დელეგატებს პლუს დეპუტატების საშუალებით აირჩეს. მნიშვნელოვანია ის, რომ თვითმმართველობებმა საკრებულოს დელეგატები იმ პროპორციით მოავლინონ თბილისში, რა პროპორციითაც ძალთა ბალანსია კონკრეტულ საკრებულოში“, - აღნიშნავს მენაბდე.

ვახტანგ ხმალაძის წინადადებით მოხიბლული ჩანს უმრავლესობაც, თუმცა ისინი ინიციატივის გაზიარება-არგაზიარების თაობაზე კონკრეტულ გადაწყვეტილებას ჯერჯერობით არ ასაჯაროვებენ.

როგორც for.ge-ს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განუცხადა, მისი განწყობაა, რომ პრეზიდენტის არჩევისას პარლამენტს ამომრჩეველთა კოლეგია დაემატოს.

„იმის გათვალისწინებით, რომ საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება, რთული წარმოსადგენია, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა ხმათა 2/3 მოიპოვოს. ყველა შემთხვევაში, თუ პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს, ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის არჩევა მოხდება არა ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ, არამედ პოლიტიკური ჯგუფების მიერ და კანდიდატზე შეჯერების პროცესი კონსესუსისკენ მიმავალი პროცესი იქნება. ჩემი განწყობაა, რომ პარლამენტს კოლეგია დაემატოს“, - ამბობს კახიანი.

დეპუტატის შეფასებით, პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევის მაღალ წესს დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.

„დადებითია ის, რომ გადაწყვეტილებას ერთი პოლიტიკური ჯგუფი ვერ იღებს, მაგრამ უარყოფითია ის, რომ თუ კონკრეტულ კანდიდატურაზე ვერ შეჯერდებიან, შესაძლოა, სახელმწიფომ პრეზიდენტის გარეშე დიდხანს იფუნქციონიროს. მოლდოვაში პრეზიდენტი წელიწადზე მეტი ხანი ვერ აირჩიეს. ასეთი უარყოფითი შედეგი რომ არ დადგეს, თუ პარლამენტი პრეზიდენტს ვერ აირჩევს, შემდეგ მას კოლეგია უნდა ირჩევდეს“, - განაცხადა კახიანმა.

იდეას საინტერესოდ მიიჩნევს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი. for.ge-სთან საუბარში მათიკაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შესაბამისი ინიციატივის შექმნის იდეითაც გამოვიდა.

მისი თქმით, საუბარია იმაზე, რომ რეგიონალური კუთხით კოლეგიური ორგანო შეიქმნება, რომელსაც რეგიონები აირჩევენ, ხოლო პარლამენტი და ეს სტრუქტურა პრეზიდენტს აირჩევენ.

„იდეა კონკრეტულ ჩანასახში აქტუალურია. გარკვეული პროექტი ამ კუთხითაც შეიქმნება, ხოლო შემდეგ გადაწყდება, რა მიმართულებას მისცემს და რომელ ვერსიას დაუჭერს მხარს კომისია. პრეზიდენტი პარტიული რომ არ უნდა იყოს, ამ იდეას მხარს ვუჭერთ, რადგან პრეზიდენტი არბიტრის ფუნქციას წარმოადგენს და მისი პარტიულობა ხელისშემშლელი იქნება მისი ფუნქციების განხორციელებისთვის“, - აცხადებს მათიკაშვილი.

კონსტიტუციონალისტებისგან და უმრავლესობისგან განსხვავებით, უმცირესობა პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას მხარს არ უჭერს და ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტის მომხრეა.

როგორც for.ge-ს „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი ტუღუშმა განუცხადა, მისი ძალა ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტის მომხრეა და პრეზიდენტი ხალხის მიერ არჩეული უნდა იყოს.

„ასაკსა და ცენზზე შესაძლოა ბევრი ვიმსჯელოთ, მაგრამ ამოსავალი წერტილი ის უნდა იყოს, რომ ხალხს უფლება უნდა ჰქონდეს, რომ საკუთარი პრეზიდენტი პირდაპირ აირჩიოს. სხვადასხვა აზრები არსებობს, თუმცა საკითხი მდგომარეობს იმაში, ქვეყნის მართვის რა მოდელს ვირჩევთ. იქედან გამომდინარე, რომ აუცილებელია პრეზიდენტი არსებობდეს, როგორც დამბალანსებელი, მნიშვნელოვნად რჩება ის, რომ ამ მოცემულობაში პრეზიდენტი ჩვეული ფორმით შევინარჩუნოთ“, - დასძინა ტუღუშმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის განწყობას, იმის გამო, რომ ისინი საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში არ მონაწილეობენ, მათი პოზიცია ცნობილი მედიის საშუალებით გახდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ქართველმა ხალხმა პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა აირჩიოს 2018 წელსაც, 2023-შიც და ყველა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზეც. მისი თქმით, პრეზიდენტი საარჩევნო სისტემაზე, ქვეყნის მოწყობაზე, პრეზიდენტის არჩევის წესსა და ყველა მნიშვნელოვან საკითხზე კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში აზრს მოსახლეობას ეკითხება.

საბოლოო ჯამში, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია კონსტიტუციის თუ როგორ მოდელზე შეჯერდება, ეს ცნობილი სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს გახდება, რადგან კომისია მუშაობის დასრულებას ამ დროისთვის გეგმავს.

 

ნანახია - 1184

ფხიზელი

2017-03-17 16:41:28

გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ მისი ძალა ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტის მომხრეა და პრეზიდენტი ხალხის მიერ არჩეული უნდა იყოს!
===================================

- ტუღუში! ხელები უკან!.. ჩაათრიეთ კარცერში!.. ჩქარააა!!!

ამათ უნამუსობას მართლა არა აქვს საზღვარი!!!

თქვენ არ აქციეთ პრეზიდენტი პოლიტიკურ ჩუჩელად?....
თქვენ არ გამობერტჸეთ პრეზიდენტისაგან ყველა უფლება, ყველა ბერკეტი და პრემიერს არ დააბერტჸეთ თავზე, როცა სააკაშვილმა თავისი მეორე ვადა ამოწურა და პრემიერობა გადაწყვიტა განუსაზღვრელი ვადით? თუ ვინმე სხვამ ქნა ეს?
ახლა გახდით "ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტის მომხრე"?
ვააჰ!.. ეს ვინ არიან კაცოოო!!!

Thoma

2017-03-17 16:49:11

"ორი რამეა უსაზღვრო: სამყარო და ნაცების უსირცხვილობა... თუმცა პირველში მთლად დარწმუნებული არა ვარ" -
ალბერტ აინშტაინი, ექსპერტი.

serapina

2017-03-17 21:52:47

არ მინდა,სულ რაღაც ცუდი ვთქვა,ამ მთავრობაზე...
ამათ შემყურე,აბა კარგი როგორა ვთქვა იმას ვფიწრობ:http://www.info9.ge/politika/167995-zurab-tciaberashvili-asi-athasobith-ojakhi-daazarala-piradad-qumsishvilma-kvirikashvilma-da-skhvebma-gatarebuli-arastsori-ekonomikuri-politikith.html?lang=ka-GE

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80