ნოდარ იმნაძის მკვლელობიდან 11 მარტის ვანდალიზმამდე
დაიჯესტი

ნოდარ იმნაძის მკვლელობიდან 11 მარტის ვანდალიზმამდე

ნოდარ იმნაძის მკვლელობიდან 11 მარტის ვანდალიზმამდე
ვანო პავლიაშვილი,"ვერსია"

2017-03-18 09:19:26

აჭარული რუბიკონის სისხლიანი X-ფაილი

...ამ ვანდალური სპექტაკლის პრემიერა ორი ათეული წლის წინ გაიმართა. ეგაა ოღონდ: იმხანად მთავარ როლებს სხვები ასრულებდნენ. დამდგმელი რეჟისორი კი, დღევანდლის მსგავსად, უჩინარი იყო... დიახ, 11 მარტს, გვიან ღამით, ბათუმი უკან, წარსულში დაბრუნდა და... 1990 წლის 30 ნოემბრის მოვლენების ერთგვარი რიმეიკის მომსწრენი გავხდით. მართალია, მაშინდელ მიტინგზე არცმოლოტოვის კოქტეილებიყოფილა და არც ავტომობილები დაუწვია ვინმეს, მაგრამ მიზანსცენა თითქმის დღევანდლის იდენტური გახლდათ - პოლიტიკურმა პოლტერგეისტმა ეგზალტირებულებს ჩააწვეთა, აჭარლებს თათრებს გეძახიანო და... ცოტაღა დააკლდა, ნაპერწკლიდან გამანადგურებელი ხანძარი რომ არ გაჩენილიყო... არადა, რამდენს უფითილებდნენ... ნავთსაც არ აკლებდნენ, მაგრამ ბოლო წუთს ქართველებმა გონიერებას უხმეს, ემოციები დაჯაბნეს... მოკლედ, პოლიტიკურ პოლტერგეისტს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, ნირი წაუხდა, მაგრამ დამარცხებას არ შეეგუა და... 1990 წლის გაზაფხულზე მინავლებულ ცეცხლს ნავთი ისევ დაასხა... და ზუსტად მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლებაში მოსული ეროვნული ძალებიწითელი რვაფეხასკლანჭებისგან თავის დახსნას ცდილობენ, „კომსომოლსკაია პრავდასთბილისის ბიუროს კორესპონდენტი, სერგეი სედიხი საგანგებო სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ყურადღებასსაქართველოსა და აჭარას შორის არსებულ დაპირისპირებაზეამახვილებს (!). აი, ასე: პოლტერგეისტი კულისებიდან ავანსცენაზე ინაცვლებს და პუბლიკას მძაფრსიუჟეტიანი წარმოდგენის სანახავად უხმობს... წარმოდგენა კი მხოლოდ მძაფრსიუჟეტიანი კი არა, სისხლიანიცაა, თუმცა სისხლი ოდნავ მოგვიანებით - არც მეტი, არც ნაკლები - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ასლან აბაშიძის კაბინეტში დაიღვრება... ამბობენ, რომ სასხლეტს თითი თავადბაბუმგამოჰკრა, თუმცა ორი ათეული წლის შემდეგაც, ნოდარ იმნაძის მკვლელობა ბურუსითაა მოცული... ვინ იყო ნოდარ იმნაძე და როგორ იწერებოდა აჭარის არეულობის სცენარი? - „ვერსია“, საარქივო მასალებზე დაყრდნობით, ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ალგორითმის ამოხსნას ცდილობს. ჩვენ მეისტორიენი არ ვართ და, ცხადია, არც იმის პრეტენზია გვაქვს, რომ საქართველოს უახლეს ისტორიას ვწერთ, მაგრამ არსებობს ალბათობა, რომ X-ფაილის დღევანდელი გამოშვება მომავალ თაობებს მტყუან-მართლის გარჩევაში დაეხმარება. 


მაშ ასე, ქალბატონებო და ბატონებო, ყური დაუგდეთ: კულისებიდან სიკვდილის მუსიკა ისმის, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური სამოთხიდან განდევნილი ანგელოზები წუთი წუთზელუციფერულ განდაგანასშეასრულებენ!


 


აჭარული რუბიკონი 


დროის მანქანა ისევ წარსულში მოგზაურობს... 1990 წლის 28 ოქტომბერია... 


საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნები ტარდება... საარჩევნო უბნებზე უჩვეულო ხალხმრავლობაა... 


საქართველოს კომპარტია ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული... ბოლშევიკები იმედოვნებენ, რომ კომას თავს დააღწევენ, მაგრამ... აღსასრული გარდაუვალია... 


არჩევნები ეროვნული ძალების ანუ მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს ტრიუმფალური გამარჯვებით მთავრდება. გამონაკლისი მხოლოდ აჭარაა - ავტონომიური რესპუბლიკის სოფლები, დაბები და ქალაქები, ბათუმის გამოკლებით, მხარს იმ პარტიას უჭერენ, რომელიც მათ ღირსებას ათეულობით წლის განმავლობაში შეურაცხყოფდა. მაშასადამე, აჭარა კომუნისტურ ციტადელად რჩება... 


მერე, წლები რომ გავა, ისტორიკოსი უჩა ოქროპირიძე ვრცელ სტატიას გამოაქვეყნებს, რომელშიც ვკითხულობთ: „საქართველოს ხელისუფლების სათავეში ეროვნულ ძალთა მოსვლიდან ერთი თვის შემდეგ ანტიქართულმა და მარიონეტულმა ძალებმა (რომლებმაც, პრაქტიკულად, ერთ ფოკუსში მოიყარეს თავი), 1990 წლის 30 ნოემბერს ბათუმში გამართულ მიტინგზე მოახდინეს საკუთარი ძალების გენერალური დათვალიერება. მათ მოტყუებით (თითქოს ვინმე აჭარას აუქმებდა, მუსლიმი ქართველები ძალად უნდა გაექრისტიანებინა და ა.შ.) მთიანი აჭარიდან ბათუმში ჩამოიყვანეს რამდენიმე ათასი კაცი და ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის უკანა მხარეს, მოედანზე გამართეს პროვოკაციული მიტინგი პროვოკაციული ლოზუნგებით და შექმნეს ისეთი ატმოსფერო, რომ მომიტინგეთა წინა რიგებში მდგარი ეროვნული მოძრაობის აქტივისტები (დ. ბერძენიშვილი, თ. დიასამიძე, რ. ნადირაძე, ნ. იმნაძე და სხვ.) ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდნენ და გაფითრებულნი შეჰყურებდნენ მათ წინაშე გადაშლილ ამაზრზენ სანახაობას. მე მათთან მივედი და ხმამაღლა ვიკითხე: ეს რა ხდება?! მათ სცადეს ჩემი შეჩერება, მაგრამ უკანმოუხედავად გავემართე ტრიბუნაზე ამავალი კიბისკენ (ტრიბუნად თეატრის უკანა აივანი იყო გამოყენებული); ტრიბუნაზე ჩემთან ერთად ამოსვლა (ისიც დასაშოშმინებლად) გაბედა მხოლოდ ერთ-ერთმა მათგანმა, ნური ძნელაძემ, რომელსაც შემდეგ გვერდში ამოუდგა ზებურ ავალიანიც. ნ. ძნელაძეს სასწრაფოდ ამოვატანინე ტრიბუნაზე მეგაფონი (მათ მიკროფონთან არ მიმიშვეს) და შეცდომაში შეყვანილ ხალხს მივმართე შემდეგი სიტყვით: თანამემამულენო! დანო და ძმანო! ჩვენს სათაყვანებელ სამშობლოს ძლივს ეღირსა და თავიდან მოიშორა ორასწლოვანი მონობის უღელი. ქართველმა ხალხმა მრავალპარტიულ არჩევნებში გამოხატა თავისი ნება და 7 ათწლეულის შემდეგ პირველად აირჩია საკუთარი ეროვნული პარლამენტი და საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოიყვანა ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალული მთავრობაეს თქვენი არჩევანიცაა! და დღეს, როდესაც საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში სიყვარულით მიიღეს აჭარის მკვიდრნი, გაჭირვებისას ხელი გამოგვიწოდა და გულში ჩაგვიხუტა სრულიად საქართველომ, ვიღაც-ვიღაცები ცდილობენ, ისარგებლონ თქვენი ნდობით, გატყუებენ, ათასნაირი პროვოკაციით გწამლავენ და სურთ, თქვენს მღელვარებას ამოაფარონ თავიანთი ბინძური ზრახვები. აჭარას ვერავინ გააუქმებს ისევე, როგორც ვერ გააუქმებენ გურიას, სამეგრელოს, ქართლს, კახეთსა თუ საქართველოს რომელიმე სხვა კუთხეს. არც თქვენს რელიგიურ გრძნობებს ემუქრება რაიმე საფრთხე, რადგან ეროვნული ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი სინდისისა და რწმენის თავისუფლება და მისი დაცვაა. ის პირები კი, რომლებმაც აქ მოტყუებით ჩამოგიყვანეს, ყოველივე ამას გიმალავენ და ცდილობენ, განხეთქილება შეიტანონ საერთო ქართულ ეროვნულ ძალისხმევაში, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენისკენაა მიმართული. სწორედ ასეთები იყვნენ საქართველოს ისტორიულ წარსულში, ყოველთვის უმოწყალოდ რომ გლეჯდნენ და ფლეთდნენ ერთიანი საქართველოს მრავალტანჯულ სხეულს. ასეთები იყვნენ, რომ მოღალატურად ძირს უთხრიდნენ საქართველოს ძლიერებას და მისი სულიერი და ფიზიკური გადაგვარება-განადგურების საქმეს ემსახურებოდნენ. აბა, სხვას ვის უნდა აძლევდეს ხელს ჩვენი სამშობლოს ძლივს გამაგრებული სამხრეთი საზღვრების ისევ მოშლა და იქ დასახლებული ჩვენი თანამემამულეების უკან დაბრუნება, თუ არა, მართლაცდა, საქართველოს და ყოველივე ქართულის დაუძინებელ მტრებს, რათა კვლავ გაუხსნან გზა ამ მხარეში უცხო თესლის აქტიურ ექსპანსიას, საქართველოს ამ განუყოფელი ნაწილის მითვისების მიზნით. 


მამულიშვილნო! ქართული ეროვნული მოძრაობა გადამწყვეტ ფაზაში შედის და მოსალოდნელია მტერმა, ჩვეულებისამებრ, თავის გადასარჩენად, ასპარეზზე უხმოს ყველაზე რეაქციულ, შავბნელ ძალებს. ამიტომაც გააათკეცეთ სიფხიზლე და ნუ წამოეგებით გამიზნულ პროვოკაციას. 


დღეს საქართველოს ჩვენი თანადგომა, სიყვარული, ვაჟკაცური სიტყვა და საქმე სჭირდება. საქართველოს ყველა კუთხეში ჩასახლებული ჩვენი თანამოძმენი ჩვენგან ამ ვაჟკაცურ სიტყვას და საქმეს ელიან და არ გვაქვს უფლება, მათ ეს იმედი გაუცრუოთ. 


გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ საქართველოს!“ 


სიტყვის დამთავრების მომენტისათვის მიტინგის ორგანიზატორები უკვე გაქცეულნი იყვნენ ტრიბუნიდან და მასზე ამოვიდნენ ეროვნული მოძრაობის სხვადასხვა მიმდინარეობის ლიდერები; შეიქმნა მეტად ტრაგიკომიკური სიტუაცია, რადგან ისინი ერთმანეთს ეცილებოდნენ უკვე ეროვნული მოძრაობისკენ შემობრუნებული მიტინგის გაძღოლის ინიციატორობაში. მიუხედავად ამისა, აღნიშნული მიტინგის სრულმა შემადგენლობამ დაგმო ანტიეროვნული ძალების პროვოკაციული გამოხდომა და მიიღო შესაბამისი რეზოლუცია, აგრეთვე მიმართვა აჭარის მოსახლეობისადმი. 


ეს იყო აჭარაში ეროვნული მოძრაობის მომხრეთა საერთო გამარჯვება, რასაც წინ უძღვოდა ამ ძალთა მიერ ჩატარებული დიდი მუშაობა, მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეროვნული მოძრაობის მიერ მოპოვებული ამ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, რეაქციულმა ძალებმა ყველაფერი იღონეს და მართლაც, ყველაფერი იკადრეს რევანშის ასაღებად და მათთვის დამახასიათებელი გაუგებარი ლოზუნგებით პროვოკაციების მთელი კასკადი მოაწყვეს''. 


დღე დღეს მისდევდა, კვირა კვირას, თვე თვეს... ხელისუფლებაში მოსულ მრგვალ მაგიდას ასევე ეროვნულ ძალებად სახელდებული პოლიტიკური პარტიები უპირისპირდებოდნენ... ამასობაში, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა 1991 წლის დადგომას იზეიმებს, გეგმებს დასახავს, მომავალს იმედით შეხედავს, თუმცა... დროს უქმად არც პოლიტიკური დემონები კარგავენ და დიდი სისხლიანი ავანტიურისთვის ემზადებიან. ეს ავანტიურა ისტორიაში ძმათამკვლელი ომის სახელით შევა, თუმცა თბილისის გადაბუგვამდე ჯერ დროა. ჯერ მემედ აბაშიძის შვილიშვილი უნდა აღზევდეს... ისე, ზოგი დღესაც ამბობს, რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში გარკვეული წვლილი ასლან აბაშიძემაც შეიტანა. ზოგს იმ ლეგენდისაც სჯერა, რომ „ბაბუ“ გამსახურდიას ჩრდილოეთიდან „მიუგზავნეს“. ამ ვერსიას არსებობის უფლება თუნდაც იმიტომ აქვს, რომ 2004 წლის 6 მაისს ანუ იმ დღეს, როცა მიხეილ სააკაშვილი ისტორიულ ფრაზას - „ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია!“ იტყვის, დიდი მემედის მემკვიდრე გეზს სწორედ ჩრდილოეთისკენ აიღებს და... მოსკოვის მაშინდელი მერი, იური ლუჟკოვი შეიფარებს... ეს არავის გაუკვირდება: იმ დროს, როცა აჭარას დანარჩენ საქართველოსგან ე.წ. ჩოლოქის სადემარკაციო ხაზი ჰყოფდა, იური მზიან ზღვისპირეთს ხშირად სტუმრობდა. ეს კი არა და, „ბაბუმ“, თურმე, აპარტამენტებიც უფეშქაშა. ნათქვამია, ხელი ხელს ბანს, ორივე კი - პირსო. ჰოდა, ქვაზე დადებული სიკეთე არ დაეკარგა და განსაცდელში ჩავარდნილი ასლანი იურიმ შეიფარა. 


სხვათა შორის, რიცხვი 6 აჭარის ექსლიდერისთვის რაღაცნაირად საკრალურია და აი, რატომ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის სავარძელი 6-ში (მაისი) დათმო და ეს სავარძელიც სწორედ 6-ის წყალობით მიიღო ანუ 1991 წლის 6 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესია გაიმართა, რომელმაც ერთხმად მიიღო კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“ და კანონი „აჭარის ა/რ-ის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ“. ამავე სესიაზე გადაწყდა, რომ აჭარის ა/რ-ის უზენაესი საბჭოს არჩევნები 1991 წლის 3 მარტის ნაცვლად, 1991 წლის 31 მარტს – საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების (საკრებულოთა) არჩევნების დღეს ჩატარდებოდა. 


ასე ჩაეყარა საფუძველი ასლან აბაშიძის ლამის 13-წლიან მმართველობას... მოგეხსენებათ, აბაშიძე აჭარას „ცეცხლითა და მახვილით“ მართავდა და მის გარეშე მიწაზე ჭიანჭველა ვერ გაივლიდა, ცაში კი - ფრინველი, თუმცა თავდაპირველად, ყველაფერი სხვანაირად იყო. კერძოდ, აჭარაში მრგვალი მაგიდის, ესე იგი, ზვიად გამსახურდიას ოპოზიცია განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა. შეიძლება, უბრალო დამთხვევაა, მაგრამ თუ საარქივო მასალებს დავუჯერებთ, აქტივისტებიდან ერთ-ერთი კობა ხაბაზია. მოგეხსენებათ, არსებობს ცნობა, რომ 2017 წლის 11 მარტის მოვლენების ავანგარდში თითქოს თავისუფალი ზონა იდგა. ისიც გეხსომებათ, რომ თავისუფალი ზონის „პატრიარქი“ სწორედ ხაბაზია... ასე რომ, ე.წ. პარალელური სამყაროები პოლიტიკაშიც არსებობს... 


ამონარიდი უჩა ოქროპირიძის სტატიიდან: 


„გაზეთ „ბათუმის“ ერთ-ერთ ნომერში ვკითხულობთ, რომ „ამა წლის (1991 წელი - ვ.პ.) 7 თებერვალს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ინიციატივით დაიწყო საპროტესტო აქცია ბათუმის თეატრის წინამდებარე ტერიტორიაზე. აქციას მხარი დაუჭირა საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის (სედპ) ბათუმის ორგანიზაციამ და „ბათუმის ჯგუფმა“. აქციის მოთხოვნები იყო „ძირს პრეფექტურა“, „მიენიჭოს სსრკ ჯარებს საოკუპაციო ჯარების სტატუსი“, „საოკუპაციო ჯარებმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია“. აქცია დასრულდა 25 თებერვალს... ამ ჯგუფმა ბათუმში ანალოგიური აქცია ჩაატარა 15 თებერვალსაც, ხოლო სახელისუფლებო ბლოკ მრგვალი მაგიდის წარმომადგენლებმა იმავე დღეს ჩაატარეს მიტინგი, რომელზეც, იმავე გაზეთის ცნობით, ოპოზიციურ ძალთა წარმომადგენლები ერის მოღალატეებად და კრემლის აგენტებად გამოაცხადეს. აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ მომიტინგეები ქობულეთიდან... ოპოზიციურმა ძალებმა 17 საათზე თეატრის წინამდებარე მოედანზე ჩაატარეს მიტინგი, რომელზედაც სიტყვით გამოვიდნენ სედპ-ს მთავარი კომიტეტის წევრი კობა ხაბაზი, პოლიტიკური ჯგუფის „ბათუმის თავმჯდომარე რობერტ ნადირაძე, სედპ-ს ბათუმის რაიონული ორგანიზაციის წევრი ზაზა მესხიძე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები - გოჩა კორტავა და ელგუჯა პაიჭაძე, პოეტი ჯონი ჯიჯეიშვილი, რესპუბლიკური პარტიის წევრი გოდერძი ტოტოჩავა. თითქმის ყველა გამომსვლელმა ილაპარაკა იმ დაძაბულ ურთიერთობაზე, რაც არსებობდა ეროვნულ კონგრესსა და საქართველოს უზენაეს საბჭოს შორის. ხაზგასმით აღინიშნა ის აშკარა ცილისმწამებლური კამპანია, რასაც ადგილი ჰქონდა ბლოკ მრგვალი მაგიდის მხრიდან. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, რეგიონში პოლიტიკური ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო... ბლოკ მრგვალი მაგიდის წარმომადგენლის, ეროვნული მოძრაობის ცნობილი ბათუმელი ვეტერანის, ნუნუ ქაჯაიას გამოსვლაში, რომელიც 1991 წლის 18 თებერვალს გაუკეთებია, ნათქვამია: ჩემო შვილებო! პირველად, როდესაც გავიგე თქვენი ამ აქციის ამბავი, მართალი გითხრათ, ძალიან იმოქმედა ჩემზე იმიტომ, რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ.რომ არა ასეთი დიდი სიყვარული და პატივისცემა, ალბათ, არ მოვიდოდი თქვენთან და ვერც გეტყოდით ჩემს სათხოვარს. დედაშვილურად გთხოვთ, შვილებო, წინ დაიხედეთ, არ ჩააგდოთ საკუთარი თავი და მთლიანად ქართველი ხალხი საფრთხეში. ხომ გახსოვთ თბილისი, აგერ ახლა ვილნიუსი, ხომ უსმენთ გადაცემებს მოსკოვიდან, თუ რას ლაპარაკობენ საქართველოზე. როგორ ფიქრობთ, დაგვინდობენ ვითომ ისინი? შერცხვებათ და გულთან მიიტანენ ჩვენს სატკივარს? არა, შვილებო, არ დაიჯეროთ ეს, ამიტომ კიდევ ერთხელ შემოგეხვეწებით, გაუფრთხილდით თავს, რადგან მჯერა, დღევანდელი ეროვნული ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანს იმ დიდი მიზნის აღსრულებამდე, საქართველოს თავისუფლება რომ ჰქვია“. 


ანალოგიური სულისკვეთების სიტყვით მიმართა მან ბათუმში 1991 წლის 9 მარტს გამართულ მიტინგსაც, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ტევადია მის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის დროს იმავე წლის 27 მარტს წარმოთქმული სიტყვა: ჩემო ძვირფასო თანამემამულენო! მოგმართავთ ჩემს წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმის შესახებ, თუ რა მაიძულებს, ვიდგე ეროვნული მოძრაობის ავანგარდში ახალგაზრდობის გვერდით... ვერც კი წარმომედგინა, რომ თქვენს წინაშე წარვდგებოდი, როგორც დეპუტატობის კანდიდატი. ამისათვის არასდროს მიბრძოლია. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ამირჩევთ თუ არა დეპუტატად. მე ვიდგები იქ, სადაც დღემდე ვიბრძოდი. ჩემთვის არ არსებობს მეორე მცნება, გარდა სამშობლოსი და საამაყოა, რომ ეს ჩემი და თქვენი სამშობლოსაქართველოა. მე ვზრდი შვილებსმე მათ ვუზრდი საქართველოს, მე თუ ვიბრძვი საქართველოს თავისუფლებისათვის, ეს იგივე თქვენი მომავლისთვის ბრძოლაა. 


დღეს უჭირს ქართველ ერს, თორემ ამ ხნის ქალს სახლიდან გარეთ რა გამომიყვანდა! ვიცი, სიბერის ჟამს ფათერაკიანი და ძნელი გზა ავირჩიე, მაგრამ რა ვქნათ, შვილებო, ეს გზა გვარგუნა ბედუკუღმართმა ისტორიამ და დამპყრობლებმა. საქართველოს ნასოფლარებს დაეპატრონა სხვა ჯურის მოსახლეობა და დღეს ბევრგან ისინი უმრავლესობას შეადგენენ გვემუქრებიან, გვებრძვიან, არ გვინდობენ, იტაცებენ მიწას, კულტურულ ძეგლებს, ეროვნულ დოვლათს. 


მესამე ძალამ, რომელიც მტრის სახით მოგვევლინა, დასაყრდენი სწორედ არაქართველ მოსახლეობაში ნახა და წარწყმედით გვემუქრება. აი, ახლა გვჭირდება გაერთიანება, – ჩვენ ხომ ისედაც ერთად ვართ, მაგრამ ვეცადოთ, ნუ დავუშვებთ კუთხურობას და საქართველოს ცალკეული კუთხის შვილების დაპირისპირებას. უნდა ვებრძოლოთ ერთა შორის შუღლს და კინკლაობას, შეტაკებას. ამით ჩვენ თავიდან ავიცილებთ ყოველგვარ უსიამოვნებას და მტერს არ მივცემთ დასაყრდენს ჩვენს ქვეყანაში 


იმავე პერიოდში, ბათუმელ ოპოზიციონერთა ერთ-ერთი ლიდერი, რობერტ ნადირაძე 1991 წლის 18 მარტს გამართულ მიტინგზე ამბობს: 


ჩვენი მოძრაობა რუბიკონს მიუახლოვდა, იმ რუბიკონს, რომელიც 28 ოქტომბრის არჩევნების გამო კვლავ აღიმართა განმათავისუფლებელი მოძრაობის წინაშე. 28 ოქტომბრის არჩევნები ახალ ხიფათს გვიქადის, რადგან სწორედ ამ ,,არჩევნების'' წყალობით საბჭოთა კავშირმა თავის იურისდიქციაში მოაქცია საქართველო პარლამენტური გზა, რომელიც გიორგიევსკის ტრაქტატზე, 1920 წლის საქართველო-რუსეთის კაბალურ ხელშეკრულებაზე, 28 ოქტომბრის არჩევნებზე გადის, ანარქიზმის ჭაობში ეფლობა“. 


აღსანიშნავია, რომ იმ დროს, როცა ბათუმში მიტინგი მიტინგზე იმართება, საბჭოთა კავშირი ჯერ დაშლილი არაა და მისი ძალოვანი სტრუქტურები, როგორც უჩა ოქროპირიძე ამბობს, ათასგვარ პრობლემებს უქმნიდნენ საქართველოს ახლადარჩეულ ხელისუფლებას... 


1991 წლის 9 აპრილს უზენაესი საბჭო საქართველოს დამოუკიდებლობას აღადგენს და... პოლიტიკური პოლტერგეისტი ისევ საბედისწერო კამათელს აგორებს. 


„საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებიდან მალევე, აჭარაში, ქედის, შუახევისა და ხულოს პრეფექტურებთან არსებულმა საკრებულოებმა ქ. ბათუმის მაშინდელი პრეფექტის, ტარიელ ფუტკარაძის ინიციატივას თანადგომა გამოუცხადეს და აჭარის ადგილობრივი ხელმძღვანელობის გვერდის ავლით, თბილისში, საქართველოს უზენაეს საბჭოს წარუდგინეს ამ რაიონთა საკრებულოების გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიის გაუქმების მოთხოვნით. მანამდე კი, წინასაარჩევნო აგიტაციის პერიოდში აჭარის ამავე რაიონებში აქტიური პროპაგანდა ეწეოდა აღნიშნულ საკითხს და მოსახლეობის უმრავლესობის დამოკიდებულებაც ნამდვილად არ ჩანდა მისდამი ნეგატიური, მაგრამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, ასლან აბაშიძის მეთაურობით, მისი გვერდისავლით თბილისში ამგვარი დოკუმენტის წარდგენა, ჩამოყალიბებული ნომენკლატურული სუბორდინაციის უხეშ დარღვევად და აქედან გამომდინარე, პირად შეურაცხყოფად მიიღო და ამ გადაწყვეტილებათა გაბათილების მიზნით აქტიურად ამოქმედდა. მობილიზებული იქნა ყველა ძალა, რომელიც საკრებულოთა ამ ნაბიჯის ცხოვრებაში გატარების მცდელობას აქტიურად შეეწინააღმდეგებოდა, თბილისს კი მის სიმცდარესა და ტარიელ ფუტკარაძის ავანტიურიზმში დაარწმუნებდა. ყველა ამ ძალთა ძალისხმევითა და აშკარა დემაგოგიური მექანიზმების ჩართვით, მათ შეძლეს ზემო აჭარის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ტყუილით (თითქოს აჭარას აუქმებდა ვინმე, ან მის თავისუფლებას ემუქრებოდა რამე, ან კიდევ, მათ რელიგიურ გრძნობებს უპირებდნენ შელახვას და სხვა) აღელვება და აყოლიება და პროვოკაციების მთელი კასკადი მოაწყვეს. ისმის კითხვა: ვისგან ან რისგან ემუქრებოდა საშიშროება, ან მუსულმანურ რელიგიას, ან კიდევ აჭარის თავისუფლებას?! მაგრამ სხვანაირად ხალხს ვერ ააღელვებდნენ და ვერც აიყოლიებდნენ და ამ ორ ლოზუნგს ვერ ამოაფარებდნენ მესამეს, მათთვის უმთავრესს – „ხელები შორს აჭარის ავტონომიისაგან“, ე. ი. მათი მომავალი გახელისუფლების შესაძლებლობისაგან; ამიტომ სავსებით გასაგებია იმ აქციის მომწყობთა ზრახვები, რომლებმაც 1991 წლის 22-23 აპრილს მოახდინეს პირველი პუტჩი, სახელისუფლებო გადატრიალების მცდელობა აჭარაში... ამ მომენტში, ფაქტობრივად, ერთმანეთს დაუპირისპირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაშინდელი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ასლან აბაშიძე და ქ. ბათუმის პრეფექტი ტარიელ ფუტკარაძე. ამ უკანასკნელმა, გადამწყვეტ მომენტში, ვერ გაუძლო სამიტინგო დაძაბულობას და თბილისში გაიპარა, თავისი მომხრეები კი ღვთის ანაბარა მიატოვა... ეროვნული მოძრაობის ზვიადისტურმა ფრთამ სცადა, აღნიშნული პროვოკაციული აქციისათვის, მისი განეიტრალების მიზნით, ეროვნულ ძალთა ერთიანობა დაეპირისპირებინა, მაგრამ რესპუბლიკურმა პარტიამ და მისმა მოკავშირეებმა უარი თქვეს ერთიანი ფრონტით გამოსვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათ აუხსნეს აჭარის გარშემო შექმნილი სპეციფიკური გარემოებანი და მისი მოსალოდნელი შედეგები, ასლან აბაშიძის შესაძლო ერთმმართველობის დამყარების ჩათვლით. ზემოთ აღნიშნული ძალების ერთმანეთზე მიშვებით, როგორც ჩანს, იმედი ჰქონდათ ურთიერთბრძოლაში ორივეს დასუსტების ხარჯზე, მათი პოზიციების რეგიონში განმტკიცებისა, მაგრამ შემდეგში ისინი, ასლან აბაშიძის მომხრეების პირისპირ მარტო დარჩენილები, სასტიკად დამარცხდნენ. ამიტომაც მათ კისერზეა პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილი ყველაფერ იმაზე, რაც შემდგომში აჭარაში მოხდა. არც გაზეთ „მსგეფსის“ ამ შეფასებაშია რაიმე გადაჭარბებული, რომ „1991 წლის გაზაფხულზე დაიწყო ბათუმში ეროვნული ხელისუფლების მარცხი“. 


მოვლენები, რომელიც 1991 წლის 22-23 აპრილს ბათუმში გათამაშდა, დრამატული იყო არა მარტო საქართველოს პოლიტიკური ისტორიის, არამედ ქართული სულის განვითარების თვალსაზრისითაც ამ რეგიონში. ამ მოვლენებმა ცხადყო, რომ მიუხედავად აქ მომხდარი დიდი ძვრებისა, 70-წლიანი ბოლშევიკური ტოტალიტარიზმის მიერ შექმნილი მექანიზმი ამ რეგიონში, კვლავაც დიდი წარმატებით შეიძლებოდა ამოქმედებულიყო იმ ხალხის სახელით, რომლის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგაც იყო მიმართული ყოველივე ის, რაც კეთდებოდა, რატომაც კეთდებოდა და რისთვისაც გაკეთდა, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მასში ამ მომენტისათვის შეიტანეს „სიახლეც“ რელიგიური შირმის გამოყენების სახით. ამასთან უნდა ითქვას, რომ სამუსლიმანო საზოგადოების ადგილობრივ მესვეურთა პოზიცია, რომლის ეგიდითაც აღნიშნული აქცია მხოლოდ დაიწყო, თავის შინაარსში არ შეიცავდა იმ საშიშროებას, რადაც იგი ადგილობრივი მნიშვნელობის სამთავრობო ფუნქციონერებმა, თავიანთი წამქეზებლური საქმიანობით აქციეს, როგორც მიტინგამდე, რამდენიმე დღით ადრე, ისე მიტინგზე. მათ, როგორც ლეგალურად (ტელევიზიისა და ინფორმაციის ყველა საშუალებით), ისე არალეგალურად (თავიანი ფასიანი აგენტურის საშუალებით) ყველაფერი გააკეთეს თავიანთი მიზნის მისაღწევად. ამჯერადაც არავინ დაფიქრებულა და არც არავის ხელი არ აჰკანკალებია იმაზე, რომ სასწორზე შეაგდეს ქართველი ხალხის საუკუნოობით ნალოლიავები ოცნება და ნაკეთები საქმე, გაწეული ამ რეგიონში ქართული სულის ასაღორძინებლად. როგორც ჩანს, ამ აქციის ორგანიზატორთა თვალსაწიერი იმდენად დაბინდული და ვიწრო იყო, რომ მათ შეეძლოთ დროებითი, წარმავალი წარმატების მისაღწევად გაეწირათ სამშობლოს ერთგულ შვილთა საუკუნოობით ნამოღვაწარი ამ კუთხეში. და ამ შემთხვევაშიც, იარაღად გამოყენებული იქნა უბრალო ხალხი, მშრომელი გლეხკაცი, თავის კუთხეზე უზომოდ შეყვარებული, დეზინფორმირებული და წაქეზებული იმით, რომ თითქოს აჭარას გაუქმებას უპირებდა ვინმე, ან მათ რელიგიურ მრწამსს რაიმე საშიშროება ემუქრებოდა. აჭარას კი ფაქტობრივად „აუქმებდა“ და თავს ლაფს ასხამდა ის, ვინც ასეთი აშკარა დემაგოგიითა და პროვოკაციებით ცდილობდა ხალხში ქულების დაგროვებას და ქვეყნის საწინააღმდეგო ავანტიურებში მის ჩაბმას; ვისაც სრულებითაც არ ენაღვლებოდა აჭარის ბედი და აჭარის მოსახლეობის ქართული თვითშეგნების, მტრისა თუ მოყვრის თვალში დისკრედიტაცია იყო მისი ერთ-ერთი მიზანი. რაც შეეხება სხვა მიზნებს, ეს იყო, უპირველეს ყოვლისა, შეენარჩუნებინათ პრესტიჟული ნომენკლატურული სავარძლები და აქედან გამომდინარე, აჭარის მოსახლეობის განუკითხავი ძარცვის უფლება. ეს რომ არა, მათ კარგად იცოდნენ, თუ რა განსხვავებაა აჭარის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი კუთხის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, როგორც ბოლშევიკების მიერ შექმნილი სახელმწიფო სტრუქტურის, გაუქმებას შორის, მაგრამ აჭარის გაუქმებაზე ზოგიერთს სიტყვის ჩამოგდება სწორედ იმიტომ დასჭირდა, რომ უბირი, მშრომელი გლეხკაცის გულში რისხვა და მღელვარება გამოეწვია, შემდეგ კი, ყველაფერი ეს თავისი მიზნების მისაღწევად გამოეყენებინა“, - ნათქვამია ისტორიკოს უჩა ოქროპირიძის სტატიაში, რომელიც ინტერნეტპორტალ iberiana.wordpress.com-ზეა გამოქვეყნებული. 


გასროლა ,,ბაბუს'' კაბინეტში 


აი, ასე: აჭარაში ვნებები თითქოს დაცხრა და ცენტრალურმა ხელისუფლებამაც მეტ-ნაკლებად მშვიდად ამოისუნთქა, მაგრამ სწორედ ამ დროს პოლიტიკურმა პოლტერგეისტმა სადღაც, სცენის სიღრმეში დამალულ ცეცხლსასროლ იარაღს თითი გამოჰკრა და... სისხლიც დაიღვარა... ფატალური სცენა 1991 წლის 30 აპრილს, აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ასლან აბაშიძის კაბინეტში გათამაშდება. 


არავინ იცის, მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს აჭარის ორგანიზაციის სპიკერი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი და აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ იმნაძე აბაშიძეს ქალიშვილთან ერთად რატომ ესტუმრა. დანამდვილებით იმის თქმაც ძნელია, რა მოხდა მემედ აბაშიძის შვილიშვილის სამუშაო ოთახში. ფაქტია: იმ დღეს ნოდარ იმნაძე, რომელსაც იარაღი ჰქონდა, მოკლეს. იმნაძე აბაშიძეს, როგორც ამბობენ, მაინცდამაინც არ ესიმპათიურებოდა. რატომ? - ეს რიტორიკული კითხვაა, თუმცა აჭარული რუბიკონის X-ფაილის შედგენისას „ვერსიამ“ ერთ-ერთ ინტერნეტსაიტზე საინტერესო ვერსია „აღმოაჩინა“, რომლის თანახმადაც იმნაძის მკვლელობა შესაძლოა, სწორედ ზემოხსენებული 22-23 აპრილის მიტინგი გამხდარიყო: „აბაშიძემ საქართველოს მაშინდელ ცენტრალურ ხელისუფლებას ჯერ აჭარის ავტონომიის გაუქმების საჭიროება დაუდასტურა, შემდეგ კი აჭარის მოსახლეობა ავტონომიის მხარდასაჭერ მიტინგზე მიიწვია. 1991 წლის 22-23 აპრილს, ბათუმში გამართულ მიტინგებზე ვითარება გვარიანად დაიძაბა. ბევრი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მიტინგებით ასლან აბაშიძეს დარტყმები ნოდარ იმნაძეზე მიჰქონდა. 25 აპრილს, მრგვალი მაგიდის აჭარის ორგანიზაციის შეკრებაზე იმნაძემ აბაშიძე სადამ ჰუსეინს შეადარა“. ისტორიკოსი უჩა ოქროპირიძე კი ნაშრომში - „საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლის თანამედროვე პერიოდი და აჭარა (1988.X. – 1994.III.1)“ წერს: „უნდა აღინიშნოს, რომ ა. აბაშიძე ამ პოსტზე, ფაქტიურად ნ. იმნაძის პროტექციით მოვიდა, მაგრამ შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა, განსაკუთრებით კი, 22-23 აპრილის აქციასთან დაკავშირებულმა ცნობილმა ამბებმა, მათ შორის მდგომარეობა უკიდურესად დაძაბა; და თუ მანამდე ნ. იმნაძე ა. აბაშიძეს აჭარაში, მისი აზრით, აქ გასატარებელი პოლიტიკის საყრდენად მიიჩნევდა, ამ მოვლენებმა მას დაანახა, რომ მისი ყოფილი პროტეჟე არცთუ ადვილი სამართავი აღმოჩნდა. ამასთან, მან მოახერხა ამავე აქციების წყალობით საკუთარი ძალაუფლების არა მარტო განმტკიცება, არამედ, აჭარაში მიმდინარე პროცესებზე თითქმის სრული კონტროლის დაწესება. მანამდე თუ კი იმნაძის მიერ აბაშიძის მიმართ გამოთქმულ სიტყვებში, მისადმი დიდი იმედები ჩანდა (პირადად მომისმენია თბილისში საქართველოს უზენაესი საბჭოს სესიის სხდომათა შორის შესვენებაზე ნ. იმნაძესთან საუბარში), ამ აქციების შემდეგ მისი დამოკიდებულება აღნიშნული პიროვნებისადმი რადიკალურად შეიცვალა...“ 


ცნობისთვის: ასლან აბაშიძის და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ გამოძიება 2004 წელს დაიწყო. აბაშიძეს რამდენიმე ბრალდება წარედგინა, მათ შორის, ნოდარ იმნაძის მკვლელობის გამო. შარშან ანუ 2016 წლის 11 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურს 15-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. 


ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, წლევანდელ 11 მარტისა და 1991 წლის 22-23 აპრილის მოვლენებს შორის არაპირდაპირი პარალელის გავლება შეიძლება. კერძოდ, როგორც მაშინ, ახლაც მომიტინგეები იმით აპელირებდნენ, რომ მათ ვიღაც თითქოს თათრებს ეძახდა, რომ აჭარლები „გორელ პატრულს“ არ დაემორჩილებიან და ასე შემდეგ... ისე, პრესაში ისიც დაიწერა, რომ 11 მარტის აქციაზე თითქოს სისხლიც იყო „დაგეგმილი“ ანუ მუხტის აწევის მიზნით, შესაძლოა, რომელიმე მომიტინგე „შემთხვევით“ მომკვდარიყო, მაგრამ საბედნიეროდ, ამჯერად სისხლი არ დაღვრილა და შესაბამისად, პოლიტიკური პოლტერგეისტის მიზანმა საშუალება ამჯერადაც ვერ გაამართლა, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ უჩინარი რეჟისორი თავის განზრახვაზე ხელს აიღებს. 


ასე რომ, ფრთხილად, ქალბატონებო და ბატონებო, ისე ნუ ვიზამთ, ვანდალური პიესის კიდევ ერთი მოქმედების მოწმე-მონაწილენი გავხდეთ! 


და კიდევ: აჭარა, აფხაზეთი, სამაჩაბლო, იმერეთი, გურია, რაჭა, ლეჩხუმი, სვანეთი, კახეთი... საქართველოა! 


საქართველო ჩვენი სამშობლოა! 


რუსეთი ოკუპანტია!

ნანახია - 1199

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80