ქართული საფეხბურთო ლაბირინთების სიბინძურეები
რეტრომედია

ქართული საფეხბურთო ლაბირინთების სიბინძურეები

ქართული საფეხბურთო ლაბირინთების სიბინძურეები
„რეზონანსი“, 23 სექტემბერი, 2009 წელი

2017-03-20 09:51:46

დახედეთ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის არსებულ შედეგებს მე-8 შესარჩევ ჯგუფში: საქართველოს ნაკრებს 8 თამაშიდან სამად სამი ქულა აქვს და მტკიცედ არის დამკვიდრებული ბოლო ადგილზე.

მასზე წინაა ჩერნოგორიაც (5 ქულა) და კვიპროსიც (6 ქულა). დარჩენილ ორ მატჩიც ნუგეშის ძებნა წყლის ნაყვაა, რადგან ორივეჯერ გასვლაზე უნდა ვითამაშოთ ჩერნოგორიელებთან და ბულგარელებთან. არც ერთი გამარჯვება ზედიზედ გამართულ 14 მატჩი - უარესი კოშმარი წარმოუდგენელია.

მოკლედ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენს ფეხბურთში ასეთი საშინელი მდგომარეობა ჯერ არ ყოფილა. არადა, იყო დრო, როცა ქვეყნის ფედერაციის პრეზიდენტს, ნოდარ ახალკაცი-უფროსსა და ნაკრების უფროს მწვრთნელს ალექსანდრე ჩივაძეს ძლიერ ქვეჯგუფში მესამე ადგილს ვედავებოდით და წარმატებად მხოლოდ ევროპის ან მსოფლიო ჩემპირონატის ფინალში გასვლა მიგვაჩნდა,- ანუ ორ საუკეთესოს შორის.

მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ თვით ხელისუფლებამაც შეწყვიტა წაყრუების პოლიტიკა თავისი პროტეჟე ნოდარ ახალკაცი-უმცროსი გაუშვა და უკმაყოფილება მიხეილ სააკაშვილმაც გამოთქვა.

ფეხბურთის და სხვა მრავალი სპორტული ფედერაციის პრეზიდენტი არჩეული კი არ არის, როგორც წესი და რიგია, არამედ - პირდაპირ დანიშნული ხელისუფლების მიერ. ამისთვის მრავალი ხერხი არსებობს, მაგრამ ის, რაც მოხდა 2007 წლის 13 მაისს (აუფ, რა თარიღია) "ქორთიარდ მერიოტში", ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა და ხელმძღვანელი რგოლების არჩევის დროს, წარმოდგენის ყოველგვარ საზღვარს სცილდება.

2005 წელს, ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას დაკავების შემდეგ, საზოგადოებას წარუდგინეს გოკა გაბაშვილის მიგნება გერმანიაში - ნოდარ ახალკაცი-უმცროსი, რომლის ბობოლა ქომაგთა რიცხვს მალე დაემატნენ გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და კახა ლომაია.

ამ კვარტეტმა ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაზე ბეჯითად გაუსუფთავეს პრეზიდენტის სავარძლისკენ მიმავალი გზა ქართული ფეხბურთის ახალ იმედს, - სხვა ყველა კანდიდატმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქვა ახალკაცის სასარგებლოდ. მიზეზი გასაგებია.

ჯაგლაგის თოხარიკი აღმართში გამოჩნდება ხოლმე და ორი წელიწადი სრულებით საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ნოდარ ახალკაცის, როგორც სპორტული მოღვაწისა და ფუნქციონერის სრული "ლუსტრირება" მომხდარიყო. გერმანიაში მივიწყებული კაცი უცებ საქართველოში ქერის ორმოში და საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. საფეხბურთო საქმეები საქართველოში უკან-უკან წავიდა, მაგრამ ამ ქვეყანაში საქმე კი არა, ის ფასობს, რომ ყველგან ხელისუფლების კაცი იჯდეს.

მაგრამ ფედერაციის არხეინ პრეზიდენტს, თავისივე საქციელის გამო, თანდათან მოუმრავლდნენ მეტოქეები და მოწინააღმდეგეები საკურატორო სფეროში. და ნაციონალური მოძრაობის სხვა ფრთამ, დავით კირკიტაძის მეთაურობით, სცადა ამ ტენდენციის გამოყენება ახალკაცის წინააღმდეგ.

მაშინ კირკიტაძე ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი იყო, მთელი რეგიონალური განშტოებები მას ემორჩილებოდა და შესანიშნავად გამოიყენა კიდეც ეს მდგომარეობა: არ დაიზარა და რაიონებში დიდი სააგიტაციო და საორგანიზაციო სამუშაოები ჩაატარა გიორგი ნემსაძის სასარგებლოდ - უკვე კალენდარული ყრილობის წინ.

ზემოაღნიშნული კვარტეტი კი (ბოკერია, ლომაია, უგულავა, გაბაშვილი) იმდენად ღრმად იყო დარწმუნებული თავიანთ უკიდეგანო ავტორიტეტში, რომ, ფაქტობრივად, თითი თითზე არ დაუკარებიათ ძველი პროტეჟის წინასწარი მხარდაჭერისთვის.

თანაც, ყრილობაზე ნოდარ ახალკაცი ხუთქულიანი ფორით მივიდა - ფეხბურთის ფედერაციასთან არსებული, ასე ვთქვათ, ქვეფედერაციების (ფუტზალის, ქალთა ფეხბურთის, ვეტერანების და ა.შ.) ამდენივე ხმა გარანტირებული ჰქონდა.

და მაინც, 2007 წლის 13 მაისს, ნოდარ ახალკაცი-უფროსის ტრიუმფის დღეს, ნოდარ ახალკაცი-უმცროსი სასტიკად დამარცხდა მთელი ექვსი ხმით. ყრილობიდან გამწარებული გაიქცა კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მაშინდელი მინისტრი გოკა გაბაშვილი. მას კვალდაკვალ მიჰყვა ერთი ცნობილი ნაციონალი, ნემსაძის გუნდიდან და იკითხა, - გოკა რა იქნაო. როცა გაიგო, რომ წასული იყო, ათსართულიანი გინება დაახვია, - წასულა და წავიდეს მაგისიცო.

მაგრამ გიორგი ნემსაძის მხარდამჭერებს ბანკეტი ჩაუმწარდათ: იქვე გაიგეს, რომ ახალკაცის პროტექტორთა კვარტეტი ახალგამოღვიძებულ პრეზიდენტთან მივარდნილა და საჩივრების კორიანტელი დაუყენებია. მათ კირკიტაძის გუნდთან უკვე წაგებული ჰქონდათ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი, როცა იმ ადგილზე ნაციონალების გენსეკის პროტეჟე, ბაკურ გოგიტიძე აირჩიეს. მაგრამ "ბაკა" დიდხანს არ გააჩერეს ფედერაციაში და ახლა მას "ჩამწვარი" ნაციონალი კახა გეწაძე მეთაურობს.

მოკლედ, ბოკერიას ოთხეულმა შავბნელი სურათი დაუხატა საქართველოს პრეზიდენტს: რომ ნაციონალური ერთობა ირღვევა და ქვეყანა დიდ საფრთხეშია. მიხეილ სააკაშვილსაც მეტი რაღა უნდოდა, იქვე გამოსცა განკარგულებები და გიორგი ნემსაძის მხარდამჭერების უკან აღიმართა ვანო მერაბიშვილის და ბაჩო ახალაიას - ციხეების მაშინდელი უფროსის შავბნელი აჩრდილები (სამსახურებიდან გათავისუფლების მუქარას ვინღა ჩიოდა).

გიორგი ნემსაძეს კი მომხრეებისთვის არაფერი უთქვამს, ისე წავიდა სახლში.

მერე კი ყველაფერი წმინდა ნაციონალური ხაზით წარიმართა: კვლავ მოიწვიეს ყრილობა და ნოდარ ახალკაცი ურცხვად ისევ წამოჯდა ფედერაციის პრეზიდენტის სკამზე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, თუმცა პირველი ნამდვილი არჩევნების შემდეგ, თვითონაც მიულოცა გამარჯვება გიორგი ნემსაძეს.

საერთოდ პირველად, ასე ცალსახად და გადაჭრით, სწორედ მაშინ აგრძნობინა ხალხს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ქვეყანაში აღარავითარი არჩევნები - არც სპორტში, სხვა ორგანიზაციებში თუ საქვეყნო, - აღარ იქნებოდა. უნდა ითქვას, რომ ახალკაცს არ აკლდა სახელისუფლებო მხარდაჭერა და ფინანსური უზრუნველყოფა, მაგრამ პოსტზე ადამიანის ნაძალადევად გათრევის შემთხვევაში მუდამ ასეთი შედეგია ხოლმე.

ახლა კი ხელისუფლება მის მიერ ჩასვრილ საქმეზე გამოთქვამს უკმაყოფილებას, მით უმეტეს, რომ ხელში უჭირავს გარანტირებული განტევების ვაცი - ნოდარ ახალკაცი-უმცროსი.

ნოდარ ახალკაცმა ხუთი ბედნიერი წელი გაატარა ქართულ ფეხბურთში, ქართულმა ფეხბურთმა კი ამდენივე უბედური წელიწადი მის ხელში.

 

 

 

 

 

ნანახია - 309

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80