"რუსთავი 2"-ის თანამშრომლების დაღუპვაზე პასუხისმგებელი არავინ არის?
ბლოგი

"რუსთავი 2"-ის თანამშრომლების დაღუპვაზე პასუხისმგებელი არავინ არის?

"რუსთავი 2"-ის თანამშრომლების დაღუპვაზე პასუხისმგებელი არავინ არის?
„კვირის პალიტრა“, 23 ნოემბერი, 2009 წელი

2017-03-21 08:59:31

"ჩვენ "პრარაბის" პასუხისმგებლობის დაყენების დონეზე გაკეთებულ დასკვნას არ მივიღებთ და არ მივიჩნევთ, რომ გამოძიება ჩატარდა", - გვითხრა ერთადერთი შვილის დამკარგავმა, ნიკა გელაშვილის დედამ, ქალბატონმა ნუცა თოფჩიშვილმა თავსდატეხილი ტრაგედიის დღეებში. შვიდი თვის წინ, 26 აპრილის გამთენიისას, სანდრო ეულის ქუჩაზე, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის კუთვნილი ხუთსართულიანი შენობის 30-მეტრიანი მონაკვეთის ჩამონგრევის შედეგად ორი შესანიშნავი ახალგაზრდა - ნიკა გელაშვილი და გიორგი გაბუნია დაიღუპნენ. შენობაში, სადაც  "ვარსკვლავების აკადემიის" 8 მონაწილე, მემონტაჟეები და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ, სარემონტო სამუშაოებიც მიმდინარეობდა. ოჯახს ტკივილი მაშინ გაუახლდა, როცა ყველაფერი მართლაც "პრარაბის" დონეზე  გადაწყდა, პასუხისმგებლობა არავის დაეკისრა, საბოლოოდ კი  სასამართლომ განსაცვიფრებელი ვერდიქტი გამოიტანა - ერთადერთი ბრალდებული, მშენებელი დავით გვასალია საპროცესო გარიგების საფუძველზე სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა...

თეა კახიანინიკა გელაშვილის ქვრივი:

- გამოძიება მიკერძოებული და არაობიექტური იყო, იმუშავა იმ მიმართულებით, თითქოს ადგილზე მხოლოდ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, შენობაში მიმდინარეობდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რასაც ნებართვა და შესაბამისი ნახაზები სჭირდებოდა. "რუსთავი 2"-სა და კომპანია "არტიქსს" ეს საბუთები არ ჰქონდათ და გაუგებარია, რის საფუძველზე ატარებდნენ  სამუშაოებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაკმაყოფილებს სასამართლოს გადაწყვეტილება და მოვითხოვთ ხელახალ გამოძიებას, რომელიც სწორი მიმართულებით წავა და პასუხს ნამდვილ დამნაშავეებს მოსთხოვენ. "პრარაბი" განტევების ვაცი აღმოჩნდა. პასუხისმგებლობა მის ზემდგომებს უნდა დაეკისროთ, თუნდაც იმიტომ, რომ გავლენიანი კომპანიების ხელმძღვანელები არიან.

კონკრეტულად ვისი პასუხისმგებლობა გამოიკვეთა ამ საქმეში და რამ გამოიწვია შენობის ჩამონგრევა?

- "რუსთავი2"-ის ყოფილი დირექტორის, ირაკლი ჩიქოვანის გარდა, რომელსაც უნდა დაეცვა უსაფრთხოების ნორმები, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს  "არტიქსის" დირექტორს, რუსუდან ჩერგოლეიშვილს, რომელიც გიგა ბოკერიას ცოლისდაა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა. ამ ტრაგედიაზე ბუტაფორიული სასამართლო ჩატარდა, რომელიც არნახული ცინიზმის გამოხატულება იყო.

მოწმეები ან კომპანიების წარმომადგენლები თუ დაიკითხნენ სასამართლოზე?

- არავინ დაკითხულა. პროკურორმა დამენიამ სახტად დაგვტოვა, როცა მშენებელ გვასალიას ორწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა და დარბაზიდან შინ გაუშვა. მას ე.წ. ელიტური, სამთავრობო ადვოკატი  ყავლაშვილი დაუქირავეს კომპანია "ბი-ჯი-აი"-დან. რატომ მივყავართ იმ ზომამდე, რომ მაინცდამაინც აქციები მოვაწყოთ?! ვინაიდან ამ საქმის უკან გავლენიანი პირები და კომპანიები იდგნენ, ვიცოდი, რომ სასამართლო ობიექტურად არ წარიმართებოდა, მაგრამ მცირე იმედი მაინც გვქონდა, რომ ეს ქვეყანა ჩალით არ იყო დახურული. არნახული დაცინვა, თავხედობა, ძალმომრეობა და დამცირება გადავიტანეთ. ამჯერად მხოლოდ საზოგადოების იმედიღა გვაქვს.

ახლა რას აპირებთ?

- "რუსთავი 2"-ის ოფისის წინ ვაპირებთ აქციების გამართვას და ხალხს ვთხოვთ, მხარი დაგვიჭიროს. ვიდრე ამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანენ და დამნაშავეებს არ დასჯიან, არ გავჩუმდებით. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოისპოს დაუსჯელობის სინდრომი. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვისი ცოლი და ცოლისდაა - ყველამ პასუხი უნდა აგოს. აღიარონ მაინც, რომ მათ კისერზეა ნიკასა და გიორგის სიკვდილი.

12 ნოემბერს თქვენ მიერ მოწყობილი პრესკონფერენცია "რუსთავი 2"- არ გაუშუქებიარატომარ იყვნენ ინფორმირებულნი?

- "რუსთავი2" მაშინ მოვიდა, როცა ბრიფინგი დამთავრებული იყო, კომენტარი მთხოვეს, რაზეც უარი ვუთხარი. მე მქონდა იმის მაგალითები, როგორ აწვდიდა ეს ტელევიზია საზოგადოებას ინფორმაციას. ისედაც საშინელ მდგომარეობაში ვართ და მასხრად აგდება აღარ გვინდა. "რუსთავი 2"-ის ახალმა დირექტორმა, გოგი გეგეშიძემ ტრაგედიის მეორე დღეს ჩემი შვილის, მექის ანგარიშზე თანხა ჩარიცხა. დავინტერესდი, ჩვენი გაჩუმების სანაცვლოდ ხომ არ იყო გაღებული ეს ქველმოქმედება. ბატონმა გოგიმ გვითხრა, რომ თანხის სანაცვლოდ დუმილს არ ითხოვდა და ქველმოქმედება, უბრალოდ, მისი სურვილი იყო.

ბატონმა გოგიმ მართლა თქვატრაგედიის გამო არავის მიმართ მაქვს პრეტენზიაო?

- იგი ჩვენებაში წერს, რომ არავის მიმართ არა აქვს პრეტენზია. ამხელა შენობა ჩამოენგრა, მისი თანამშრომლები დაიღუპნენ, ზოგიერთები მძიმედ დაშავდნენ და თურმე პრეტენზია არა აქვს. ან კი როგორ ექნება, როცა საქმე მათივე კომპანიებს ეხება... უნდა ვთქვა, რომ თავდაპირველად სცადეს ჩვენი გაჩუმება დახმარების სანაცვლოდ, რაზეც სასტიკი უარი ვთქვით. "არტიქსის" დირექტორის ქმარი, გიგა ბოკერიას ქვისლი დაგვიკავშირდა. თანხაზე არ იყო ლაპარაკი. მათ სურდათ, რაღაც ფორმით გავეჩუმებინეთ და როცა ვუთხარით, რომ ამას აზრი არ ჰქონდა და ბრძოლას მაინც განვაგრძობდით, მიგვანიშნა, რომ მშენებელს ძლიერ ადვოკატს აუყვანდნენ, გაამართლებდნენ და ჩვენ არაფერი გამოგვივიდოდა. შეასრულეს კიდეც...  

ჩვენ დავუკავშირდით სამშენებლო-სარემონტო კომპანია "არტიქსს", რათა მის ხელმძღვანელ ქალბატონებს, რუსუდან ჩერგოლეიშვილს და სოფო ჩიქოვანს გავსაუბრებოდით, მაგრამ თავაზიანად გვითხრეს უარი - კომენტარს არავის ვაძლევთ და გამონაკლისი არც თქვენ ხართო.

 

 

 

ნანახია - 212

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80