ეპისკოპოსის გარდაცვალების ფაქტი საქართველოს საპატრიარქომ ვატიკანის მითითებით დამალა
დაიჯესტი

ეპისკოპოსის გარდაცვალების ფაქტი საქართველოს საპატრიარქომ ვატიკანის მითითებით დამალა

ეპისკოპოსის გარდაცვალების ფაქტი საქართველოს საპატრიარქომ ვატიკანის მითითებით დამალა
ნინო ლურსმანაშვილი,"ვერსია"

2017-04-06 07:47:00

ვინ იყო ჰანნა ზორა, რომლის ცხედარიც რომის პაპის საქართველოში ვიზიტისას თბილისის სასტუმროს ნომერში იპოვეს და რატომ ცდილობდა ფრანცისკე I-თან შეხვედრას

,,ციანიდის სკანდალის'' შემდეგ საზოგადოებაში, საპატრიარქოს მისამართით მეტი კითხვა გაჩნდა. მათი უმრავლესობა დღემდე უპასუხოდ ჩნდება, რაც ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა და ეჭვებს უკვე იმ ადამიანებშიც აჩენს, ვინც აქამდე მიიჩნევდა, რომ ზოგადად, ამ ინსტიტუციაში არსებულ პრობლემებზე საჯაროდ არ უნდა გველაპარაკა. 


როგორც ჩანს, შექმნილ ვითარებაზე ტაბუს დადება მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის სენი არაა და სხვა კონფესიების მაღალი იერარქიული პირებიც ამგვარად იქცევიან. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი საქართველოში რომის პაპის ვიზიტის დროს მომხდარი ფაქტია, რომლის გასაიდუმლოებაც ვატიკანის მოთხოვნით სცადეს, თუმცა... 


საქმე ეხება, კანადელი ეპისკოპოსის თბილისში გარდაცვალებას, რომლის შესახებ ინფორმაციამ იმ სასტუმროს კულუარებიდან გამოჟონა, სადაც მისი ცხედარი იპოვეს. მაშინ ეს ინფორმაცია ,,პრაიმტაიმმა'' თითქმის ერთი თვის დაგვიანებით გამოაქვეყნა. მიუხედავად ამისა, ფაქტს ისეთი გამოხმაურება და რეზონანსი არ მოჰყოლია, როგორიც მოსალოდნელი იყო. ყოველ შემთხვევაში, დღეს ამის შესახებ ეკლესიასთან დაახლოებულმა ბევრმა ადამიანმაც არაფერი იცის ანუ საქართველოს საპატრიარქოსა და ვატიკანს ეპისკოპოსის გარდაცვალების მიჩქმალვა სანახევროდ გამოუვიდა.


 


რომის პაპი ფრანცისკე I საქართველოში 2016 წლის 30 სექტემბერს ჩამოვიდა. მასთან ერთად თბილისს კათოლიკური სამყაროს მაღალი რანგის სხვა სასულიერო პირებიც სტუმრობდნენ. მათ შორის იყო კანადელი ეპისკოპოსი, ასურელთა ეპარქიის საპატიო ხელმძღვანელი ჰანნა ზორაც. 77 წლის სასულიერო პირი რომის პაპის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებსაც დაესწრო. დელეგაციის წევრები სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ დაბინავდნენ. სწორედ ამ სასტუმროში, საკუთარ ნომერში, 2 ოქტომბერს ჰანნა ზორა გარდაცვლილი იპოვეს. ფაქტის გასაიდუმლოება სცადეს, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია, „პრაიმტაიმს“ სასტუმროს თანამშრომელმა მიაწოდა, რომელმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა. 


ადმინისტრაციამ კატეგორიულად გაგვაფრთხილა, ის, რაც მოხდა, გარეთ არ გაგვეტანა, მთელი პოლიცია და კრიმინალური აქ იყო. ვატიკანის უსაფრთხოების სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდა ყველანაირი საგამოძიებო მოქმედება. მათი მოთხოვნა ყოფილა, ეს ამბავი არ გახმაურებულიყო. ამის შესახებ კატეგორიულად გააფრთხილეს სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურიც, – ყვებოდა მაშინ სასტუმროს თანამშრომელი, რომელიც ჟურნალისტთან მომხდარის დეტალებსაც იხსენებდა: 


ცხედარი პირველად სასტუმროს დამლაგებელმა ნახა, რომელიც ეპისკოპოსის ნომერში დასალაგებლად შევიდა. სასტუმროს თანამშრომელს მთელი ოთახი სისხლიანი დახვდა. ეპისკოპოსს ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული. შეშინებულმა, შოკირებულმა ქალბატონმა მომხდარის შესახებ უსაფრთხოების სამსახურს შეატყობინა. სამართალდამცავებთან ერთად ადგილზე ვატიკანის წარმომადგენლებიც მოვიდნენ. დამლაგებელი ცალკე დაკითხეს და ვატიკანის უსაფრთხოების სამსახურის თხოვნით, ამ საკითხზე საუბარი აუკრძალეს. 


ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მომხდარი დაადასტურა სასტუმროს გენერალურმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ, თუმცა გარდაცვალების მიზეზებზე საუბარი არ ისურვა. მხოლოდ ჭორის დონეზე გაგებული ამბავი გაამხილა - სხვა მაღალი რანგის სასულიერო პირებისგან შევიტყვე, რომ ეს ადამიანი მძიმედ იყო ავად და ურჩევდნენ კიდეც, არ ჩამოსულიყო თბილისში. სტადიონზე, რომის პაპის წირვისას გამხდარა ცუდად. 


მოგვიანებით, გაირკვა, რომ ზორას კუჭთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და სავარაუდოდ, სისხლდენით გადაიცვალა. თუმცა, საქმე რატომღაც სსკ-ს 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით 3 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე. გაირკვა ისიც, რომ იტალიურ პრესაში ამ ამბავზე მეორე დღიდანვე წერდნენ. უცხოელი ჟურნალისტების თქმით, ქართულმა სამართალდამცავებმა ექსპერტიზა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. თუმცა ,,ვერსიის'' ინფორმაციით, გამოძიება ვატიკანში გაგრძელდა პაპის ჟანდარმერიის, ვიგილანზას მიერ, რომელიც ვატიკანის ტერიტორიაზე, საზოგადოებრივ წესრიგზე, კანონის გატარებაზე, კონტროლსა და კრიმინალური გამოძიების საკითხებზეა პასუხისმგებელი. ჩანს, ვატიკანმა კარგად იმუშავა, რადგან ეპისკოპოსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მშრალი ინფორმაციის გარდა, ინტერნეტშიც ბევრი არაფერი იძებნება. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად კი ჰემორაგიული შეტევა (სისხლდენა) სახელდება, რაც, როგორც სამართალდამცავები ამბობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსალოდნელიც იყო. 


პრინციპში, ერთი შეხედვით, სადავო არაფერია - თუკი ჰანნა ზორას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, საქართველოში ჩამოსვლასაც არ ურჩევდნენ, მოვლენების ასე ფატალურად განვითარება მართლაც მოსალოდნელი იყო; ასეც რომ არ იყოს, სიკვდილი ვის, სად და როდის წამოეწევა, არავინ იცის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საინტერესოა, რატომ შეეცადნენ ფაქტის გასაიდუმლოებას, რაც ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ, ეჭვების გაჩენის საფუძველი გახდა? - ლოგიკურად გაჩნდა კითხვები: თუ ეპისკოპოსი ავად იყო, რატომ დამალეს მისი გარდაცვალების ამბავი? რატომ აუკრძალეს სასტუმროს თანამშრომლებს ამაზე საუბარი? რატომ აღიძრა საქმე საქართველოში თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით? საერთოდ, ვინ იყო ჰანნა ზორა და ნამდვილად იყო თუ არა იგი პაპის დელეგაციის ოფიციალური წევრი? 


არქიეპისკოპოსი ჰანნა ზორა 1939 წლის 15 მარტს, ირანის სოფელ ბათნაიაში დაიბადა; მღვდლად 1962 წელს ეკურთხა; 1974 წელს ირანში, ქალაქ აჰვაზის ქალდეური ეკლესიის მთავარეპისკოპისი გახდა; 1987 წელს ირანი დატოვა, ჯერ რომში სასწავლებლად გაემგზავრა, შემდეგ კი კანადაში სასულიერო მისიის ხელმძღვანელად დაინიშნა; 2011- 2014 წლებში ტორონტოში, მარ-ადდაიას ეპარქიას ხელმძღვანელობდა; არის რამდენიმე წიგნის ავტორი და ცნობილია იმითაც, რომ დედა ტერეზას მისიის წარმართვაში ეხმარებოდა. 


2014 წლიდან აქტიურ სამღვდელო საქმიანობას თავი დაანება. შესაბამისად, როგორც ირკვევა, იგი პაპის დელეგაციაში არ იყო და საქართველოში, ქალდეის კათოლიკური ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად იმ მიზნით ჩამოვიდა, პაპს შეხვედროდა. 


რატომ გადაწყვიტა ჰანნა ზორამ ფრანცისკე I-ის საქართველოში ნახვა და მათი შეხვედრა ვატიკანში რატომ ვერ მოხერხდა? ზოგ უცხოურ საიტზე ამ კითხვაზე პასუხის ძებნაში სხვადასხვა ვერსია გავრცელდა. მათგან ერთ-ერთი, ყველაზე ლოგიკური ისაა, რომ მას პაპთან რაღაც საკითხზე საუბარი სურდა. ისეთ რა ინფორმაციას ფლობდა ეპისკოპოსი, რის გამოც სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო და პაპთან შეხვედრის იმედით, საქართველოში ვიზიტზე უარი არ თქვა? - ამ კითხვაზე პასუხი ჰანნა ზორამ სამარეში ჩაიყოლა. ცხადია, არც იმის ილუზია გვაქვს, სტატიაში დასმულ სხვა კითხვებზე მაინც მივიღებთ პასუხს, მაგრამ ჰანნა ზორას გარდაცვალების გასაიდუმლოების მცდელობა იმაზე დაფიქრების საბაბს ნამდვილად იძლევა, ზოგადად, ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ თუ არა საჯაროდ, უნდა მივცეთ თუ არა თავს უფლება, სასულიერო პირებს კითხვები დავუსვათ და მათაც, უნდა აიღონ თუ არა ვალდებულება, გვიპასუხონ, რათა შემდეგ, ბურუსითმოცულ ინსტიტუციაში შექმნილ ვითარებაზე ინტერპრეტირების საშუალება არ მოგვეცეს და მათი საქმიანობა იმაზე შავ-ბნელ ფერებში არ წარმოვიდგინოთ, ვიდრე არის? 


,,ვერსია'' შეეცადა, ამ ზოგად კითხვებზე მაინც მიეღო პასუხი. პრინციპულად გადავწყვიტეთ, რესპონდენტებად სასულიერო პირები არ აგვერჩია, რათა მათ ობიექტურობაში ეჭვი არ შეგვეტანა და თეოლოგებს დავუკავშირდით. რამდენიმე ინტერვიუზეც დაგვთანხმდა, მოგვიანებით კი გვითხრა, რომ კონსულტაციები გაიარა (?!) და ,,საპატრიარქოს სკანდალიდან'' გამომდინარე, შეხვედრა გადაიფიქრა. საუბარი არც ჟურნალისტებმა ისურვეს, რომლებიც ამ თემებზე მუშაობენ; მწერლებსაც დავუკავშირდით, რადგან ისინი უფრო ბედავენ ხოლმე მსგავს საკითხებზე საუბარს, ან თავის ნაწარმოებებში აღწერენ ამა თუ იმ შემთხვევას, მაგალითად ისე, როგორც ეს დენ ბრაუნმა გააკეთა თავის ნაწარმოებებში. მწერლებმა ცივი უარი გვითხრეს, პოზიცია სოციალურ ქსელში დავაფიქსირეთ და როგორც ჩანს (?!) საკმარისიაო. საუბარი არ ისურვა არც რამდენიმე პოლიტიკოსმა თუ ფილოსოფოსმა.


სამაგიეროდ, ინტერვიუზე დაგვთანხმდა თეა თუთბერიძე, რომელსაც პატრიარქისა და საპატრიარქოს მისამართით კითხვები ჯერ კიდევ წლების წინ ჰქონდა. თუთბერიძეს მიაჩნია, რომ სწორედ მის მიერ წლების წინ დასმულ კითხვებზე პასუხის არგაცემის შედეგია ,,ციანიდის სკანდალი''. დღეს მაინც თუ არის საზოგადოებაში მოთხოვნა ეკლესიაში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია მივიღოთ? როგორ მოქმედებს ამ ინფორმაციის გასაჯაროება მრევლის რწმენაზე და რატომ ერიდებიან სასულიერო პირები კითხვებზე პასუხს? ,,ვერსია'' თეა თუთბერიძეს ესაუბრება. 


- ეპისკოპოსის გარდაცვალება რომის პაპის ვიზიტს ნამდვილად ვერ დაჩრდილავდა. ბუნებრივია, როცა რაღაც იმალება, მეტი კითხვა ჩნდება. ღია დისკუსიის დროს კი გაცილებით მარტივია, გაარჩიო, რეალურად რასთან გაქვს საქმე. როცა ინფორმაციას არ გაწვდიან და ყველაფერი გასაიდუმლოებულია, ეჭვები ბუნებრივად გიჩნდება. ეპისკოპოსის გარდაცვალების ფაქტის დამალვა, ერთი, კონკრეტული შემთხვევაა, მაგრამ სამწუხაროდ, უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საზოგადოების არაინფორმირებულობის უამრავი ფაქტი შეგვიძლია გავიხსენოთ. სწორედ ყველა პრობლემის დახურულ ინსტიტუტში ჩაკეტვა და მით უმეტეს, არგადაწყვეტა იწვევს იმას, რაც დღეს მივიღეთ. 


- გასაგებია, მაგრამ საზოგადოების ნაწილის აზრით, საპატრიარქოში არსებული პრობლემები ისე უნდა მოგვარდეს, საჯარო განხილვის საგნად არ იქცეს, რადგან ეს გავლენას ახდენს მრევლზე. 


- პრობლემა ისაა, რომ ხშირად ეკლესია აქტიურადაა ჩართული სახელმწიფო საქმეებში. მაღალი იერარქიის პირები ზეგავლენას ახდენენ პოლიტიკურ პროცესებსა და გადაწყვეტილებებზე. ჩვენ მათ ვხედავთ პარლამენტის სხდომათა დარბაზებში სხვადასხვა კანონპროექტის განხილვაზე. ხშირად ვერ გაარჩევ, ვინ პოლიტიკოსია და ვინ მღვდელი. პოლიტიკოსები სასულიერო პირების ენით გვესაუბრებიან, პატრიარქი და მღვდლები კი - პოლიტიკურით. ამ აღრევის ფონზე, გამოდის, სეკულარული სახელმწიფო არც გვაქვს. აქედან გამომდინარე, საჯაროდ უნდა ვისაუბროთ, რა ხდება ეკლესიაში, რადგან ეს პრობლემები, საბოლოოდ, სახელმწიფოზე ახდენს მნიშვნელოვან გავლენას. 


- ეს იყო მიზეზი, რის გამოც, თავის დროზე, თანამოაზრეებთან ერთად, საპატრიარქოს კითხვები გადაუგზავნეთ? 


- დიახ, სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც, 2009 წელს ხმამაღლა დავიწყე საუბარი ამ პრობლემებზე. მაშინ შევადგინეთ კითხვები, რომლებიც პატრიარქს გავუგზავნეთ. საპატრიარქოდან გვიპასუხეს, ამ კითხვების შემდგენლებსა და ხელისმომწერ 235 ადამიანს საზოგადოების წევრებად არ ვცნობთო. არადა, როგორც ვხედავთ, ისინი დღემდე აქტუალურია. არც ერთი პრობლემა არ გადაჭრილა. ის, რაც ჩემთვის წლების წინ იყო ცნობილი, დღეს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გახდა ნათელი, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრს დღემდე არ სურს გაანალიზება, რამ მიგვიყვანა აქამდე. 


- ანუ საზოგადოებაში დღესაც არ არის ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე საჯაროდ საუბრისა და მათი გადაჭრის მოთხოვნა? 


- მახსოვს, როცა ამ კითხვებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გავმართეთ, ბევრმა ჟურნალისტმა და ოპერატორმა თემა გაიგო თუ არა, კამერები აკეცა და გაშუქებაზე უარი თქვა. მუქარა და აგრესია დღემდე მოდის ხალხისგან, რომლებსაც მართლმადიდებლებს ნამდვილად ვერ დავარქმევ. ეს უფრო ილია მეორის სექტაა, ფანატიკოსების სექტა. ვითარება არ შეიცვლება, სანამ საზოგადოების თითოეული წევრის მენტალიტეტში არ მოხდება გარდატეხა და არ მიხვდება, რომ ნებისმიერ პრობლემაზე დისკუსია ერთ-ერთი გამოსავალია. პრობლემები დახურულ სივრცეში უფრო მრავლდება და ვხედავთ, უკვე სადამდე მივედით. 


- მიგაჩნიათ, საპატრიარქოს სკანდალი დღეს ამ ფორმით იმიტომ მივიღეთ, რომ თავის დროზე კითხვებზე პასუხი არ მოვითხოვეთ? 


- სწორედ ასეა... სინამდვილეში. მე ვებრძოდი იმ პრობლემებს, რაც არის ამ ინსტიტუტში. რეალურად, ეკლესიას თეა თუთბერიძე და ის ადამიანები კი არ ებრძვიან და ანგრევენ, ვინც ბედავს და კრიტიკულ აზრს საჯაროდ გამოთქვამს, არამედ ისინი, ვინც ეკლესიის სახელსაა ამოფარებული და სინამდვილეში იქ არაფერი ესაქმება. ვიმეორებ, ეკლესია განყენებული ინსტიტუტი რომ იყოს, პოლიტიკურ პროცესზე გავლენას არ ახდენდეს, კიდევ შეიძლება არ ჩავერიოთ. რა თქმა უნდა სასულიერო პირებს არ სურთ კითხვებზე პასუხი. ეს სისტემა იქცა ძალიან დახურულ, მოძალადე ინსტიტუტად. ხომ დავინახეთ, მეუფე პეტრეს განცხადებებს რა რეაქცია მოჰყვა პატრიარქის, სასულიერო პირებისა და საზოგადოების ნაწილის მხრიდან? მათ არ სურთ პრობლემებზე საუბარი და მათი მოგვარება. მეტიც, აქ საერთოდ სხვა ინტერესებთან გვაქვს საქმე. 


- პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლას გულისხმობთ? 


- დიახ, ზოგადად დაპირისპირება საპატრიარქოში, იყო და არის. ჩანს, გარკვეული პირები ელოდნენ, გერმანიაში გამგზავრებული ილია მეორე ოპერაციას ვერ გადაიტანდა და საპატრიარქოს შიგნით კლანური დაპირისპირება, ბრძოლა პატრიარქის ტახტისთვის გამწვავდა. ბოლო დროს საპატრიარქოში განვითარებული მოვლენების ზოგადი სურათი ასეთია: პატრიარქის მდივნადწოდებულმა, სინამდვილეში კი რუსული სპეცსამსახურების მიერ ხელდასხმულმა ერთ-ერთმა აგენტმა შორენა თეთრუაშვილმა დააჭერინა მთავარ პროკურატურას მღვდელი გიორგი მამალაძე. ხელისუფლებამ პირველივე დღესვე გამოგვიცხადა, რომ მღვდელი გიორგი მამალაძის დაკავებით ქვეყანას დიდი განსაცდელი და საფრთხე ააცილეს თავიდან, რადგან ის აპირებდა გერმანიაში ჩასვლას და საოპერაციოდ მყოფი პატრიარქის მოწამვლას. გარკვეული პერიოდის შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ მღვდელი გიორგი მამალაძე თურმე ილია მეორის მოწამვლას კი არ აპირებდა, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლა ჰქონდა განზრახული. საბოლოოდ, პროკურატურა მთელ ამ შიდადაპირისპირებაში ისე აიხლართა, თავადაც ვეღარ იგებენ, ახლა რა მიმართულებით წაიყვანონ ამ სასულიერო პირის საქმე. 


ფაქტია, კგბ-მ საკუთარი დაჯგუფებები ერთმანეთს დააპირისპირა საპატრიარქოში. რუსული სპეცსამსახურების მუშაობის მეთოდები არ იცვლება. როგორც ჩანს, ვიღაცები აღარ აწყობთ, ვიღაცებს წინ წამოსწევენ. ვინ არის რუსული სპეცსამსახურების რეალური დასაყრდენი, ვისზე აკეთებენ ისინი სამომავლოდ გათვლას და ვინ შეიძლება გახდეს პატრიარქი, ამაზე მე ვერ ვისაუბრებ... დრო გვიჩვენებს. დღეს კონტურებიც კი რთულია გაარჩიო, ისეთი ქაოსია. ისეთი ამბები დატრიალდა, მგონი, თვით კგბ და ღმერთიც კი აირია. 


რუსული სპეცსამსახურები ისტორიულად ასეთი მეთოდებით მოქმედებდა. ეს ვიცით, მაგრამ მთავარია, ჩვენ რას ვაკეთებთ? რატომ მივყვებით ერთი და იგივე წრეზე? 


- თეა, ,,ჩვენში'' საქართველოს ხელისუფლებას გულისხმობთ თუ რიგით მოქალაქეებსაც? 


- ხელისუფლებაზე საერთოდ აღარც მაქვს საუბარი. დღევანდელი ხელისუფლება ღიად პრორუსული ინტერესების გამტარებელია და ის მარიონეტია რუსი ოლიგარქი ივანიშვილის. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. დღევანდელი სურათი ასეთია, ერთ მხარეს აგრესიული ფანატიკოსებისა და მოძალადეების ბრბოა, რომლის უკან ეკლესია და რუსული სპეცსამსახურებია, მეორე მხარეს სამოქალაქო საზოგადოების მცირე ნაწილი, რომელსაც ცვლილებები და განვითარება სურს. ამ ვითარებაში დანარჩენი საზოგადოება რას აკეთებს? არც არაფერს. ამ კგბ-ს აგენტების ლოცვა-კურთხევით ერი ღრმა ძილის პროცესს მისცემია და გამოღვიძება არ სურს. სანამ ასე იქნება, არც არაფერი შეიცვლება. 


- რიგითმა მოქალაქემ რუსული სპეცსამსახურების გეგმებს ხელი როგორ უნდა შეუშალოს? 


- მოდი, დროებით დავანებოთ ხელისუფლებაზე საუბარს თავი და ავიღოთ ეკლესია. თითოეულ ადამიანში უნდა გაჩნდეს მოთხოვნა, რომ ეკლესია გაიწმინდოს კრიმინალებისა და კრიმინალური მენტალიტეტის მქონე სასულიერო პირებისგან; ასევე იმ ადამიანებისგან, რომლებიც ღვთისმსახურების ნაცვლად, ბიზნესის კეთებით არიან დაკავებულნი და გადასახადებს არ იხდიან სახელმწიფოს ბიუჯეტში, ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარი შავ-ბნელი იდეებით ხელს უწყობენ ფანატიზმს ეკლესიის შიგნით. ეს ადამიანები ასევე ამკვიდრებენ ქურდულ- ძველბიჭურ მენტალიტეტს ქვეყანაში. ხომ ვნახეთ სასულიერო პირებს შორის საქმის გარჩევები? ამის შემდეგ მაინც ხომ უნდა გაგვიჩნდეს მოთხოვნილება, მივიღოთ იმ კითხვებზე პასუხი, რომლებიც დაგროვდა. როგორ დამაჯერებს ვინმე, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ბოლო პერიოდში ვიხილეთ, ნამდვილად სასულიერო ცხოვრებას მისდევენ და ეკლესიასა და მის ინტერესებს ემსახურებიან? რატომ არ აინტერესებს საზოგადოებას, როგორ მოხვდნენ ისინი ეკლესიაში? რეალურად ხომ ეს ადამიანები ეკლესიასა და ღვთის სახელს არიან ამოფარებულები? ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი? თუ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე პასუხისმგებელია ხელისუფლება, ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე პასუხისმგებელი ხომ, არასაეკლესიო ტერმინით რომ ვთქვათ, ამ ინსტიტუტის მენეჯერი ანუ პატრიარქია? მესმის, შეიძლება ბევრისთვის მტკივნეულია ამაზე ღიად საუბარი, მაგრამ თუ არ ვისაუბრებთ, თუ რეალობას თვალს არ გავუსწორებთ, პრობლემები მხოლოდ პრობლემებად კი არ დარჩება, უფრო გამწვავდება. ფაქტი სახეზეა - საპატრიარქოს სკანდალი სწორედ იმის შედეგია, რომ წლების წინ ამ საკითხზე საჯარო საუბარი არ შედგა. თუ ამას გავიაზრებთ და მოვითხოვთ ეკლესიის გაწმენდას ამ ადამიანებისა და რუსული სპეცსამსახურების აგენტებისგან, ვითარება შეიცვლება. გაუნათლებელი მღვდლების ადგილიც არაა ეკლესიაში და ესეც დიდი პრობლემაა. ეს ადამიანები, რომლებსაც ზოგად განათლებაზე რომ არაფერი ვთქვათ, შესაბამისი სპეციფიკური განათლებაც კი არ აქვთ, ისეთ რაღაცებს ქადაგებენ, მართლმადიდებლობასთან, ქრისტიანობასა და ზოგადად, რელიგიასთან საერთოდ არ აქვს კავშირი. არადა, სამწუხაროდ, ეკლესიაშიც ბევრი ისეთი დადის, ვისაც არც ბიბლია აქვს წაკითხული, არც მოციქულთა წერილები, არც სახარება და მღვდლის სიტყვა კანონი ჰგონია. პოლიტიკურ პროცესებზეც ცუდად აისახება ეს ყველაფერი. შეგვიძლია გავიხსენოთ NDI/CRRC-ის კვლევები და დავინახავთ, რამხელა გავლენას ახდენენ სასულიერო პირები ამომრჩევლებზე საქართველოში. ამ კვლევის შედეგებით, 74% ხმას არ მისცემს პარტიას (რომლის მიმართაც პოზიტიური დამოკიდებულება აქვს და აპირებს, რომ არჩევნებზე ხმა მისცეს), თუ ამ პარტიის ლიდერები მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამენ; 68% ხმას არ მისცემს პარტიას, რომლის ლიდერებიც იტყვიან, რომ ბევრი ქართული ტრადიცია მოძველდა; ხოლო გამოკითხულთა 78% მხარს არ დაუჭერს იმ პარტიას, რომლის მიმართაც სიმპათიები აქვს, თუმცა არჩევნებამდე 3 კვირით ადრე მისი ლიდერები იტყვიან, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, ღიად ისაუბრონ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე. ვხედავთ ხომ, რეალურად რამხელა პრობლემასთან გვაქვს საქმე? 


დღეს ჩვენი რეალობა ასეთია: ეკლესია ქვეყანაში ქმნის როგორც პოლიტიკურ პრობლემებს, ასევე ამკვიდრებს რელიგიურ ფანატიზმს. ქვეყანა მიექანება მართლმადიდებლური ირანისკენ სწრაფი ნაბიჯებით. რა მნიშვნელობა აქვს, ირანიზაციის გზაზე, სადაც ნებისმიერ განსხვავებულ აზრს დევნიან, რომელი რელიგიის წარმომადგენლები გეყოლება ქვეყანაში, ისლამისტები თუ მართლმადიდებლები? ბევრს, ვინც დღეს ეკლესიის რიგებშია და მრევლის ნაწილსაც, მართლმადიდებლებსა და მორწმუნეებს ვერ ვუწოდებ. ესაა აგრესიული ფანატიკოსების ბრბო და მათი არაერთი საჯარო აქტივობა ამტკიცებს ამას. თუნდაც - აქციების ტაბურეტკებით დარბევა. როცა ეს კადრები ჩემს უცხოელ მეგობრებს ვაჩვენე, მეკითხებოდნენ, ფიქრობ, რომ ამ ადამიანებს რწმენასთან რაიმე კავშირი აქვთო? დიახ, ასე არ იქცევიან მორწმუნეები. აგრესიულ ფანატიკოსთა ბრბო ჩვენი ქვეყნის დიდი პრობლემა გახდა. არადა, ჩემი ქვეყნის ტრადიცია ძალადობა და განსხვავებული აზრის დევნა არ არის. გაცილებით მაღალი კულტურის საზოგადოება ჰყავდა საქართველოს თუნდაც 200 და მეტი წლის წინ. დღეს რაც ხდება, იმის შედეგია, რომ რუსული გავლენისგან დღემდე ვერ გამოვედით. ამის გაკეთება კი, როგორც მოგახსენეთ, თითოეული ადამიანის მენტალიტეტის შეცვლით, რეალობისთვის თვალის გასწორებით, პრობლემებზე ღიად საუბრითა და გადაწყვეტითაა შესაძლებელი.

ნანახია - 714

natali

2017-04-08 09:32:34

ეკლესია ჩვენი სულიერი სახლია.ესაა ოჯახი და ჩვენ ამ ოჯახის წევრები ვართ ხომ?. რატომ არ უნდა ვიცოდეთ რა ხდება ჩვენს ოჯახში? მღვდელიც ხომ ჩვეულებრივი ცოდვილი ადამიანია? ერთმა ცოდვილმა მღვდელმა როგორ უნდა შემირყიოს უფლის რწმენა? მე ხომ მწამს უფლის და არა მღვდლის? რატომ უნდა დამიმალოს საპატრიარქომ, ანუ თვითონ ცოდვილმა მღვდლებმა,თუ რა ხდება ჩვენს ოჯახში, როდესაც თვითონ აღსარებებს იბარებენ და გულწრფელობისკენ მოგვიწოდებენ ყველას? თვითონ არ ევალებათ გულწრფელობა? ტყუილი ხომ ყველაზე დიდი ცოდვაა? როდესაც მატყუებ, რომ ოჯახში ყველაფერი წესრიგშია და მღვდლები მაღალი მორალის ადამიანები არიან, რომელსაც თავისუფლად მივანდობ შვილებს, ეს ცოდვა არაა? ამ ყველაფრის დამალვა ხომაა იმის მცდელობა, რომ მღვდლების ცოდვიანობა და ადამიანურობა დამიმალო? რატომ? თვითონ არ მეუბნები, რომ მანქანა და კარგი სმა-ჭამა მეც მინდა, მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარო? როცა გჭირდება ჩვეულებრივი ადამიანი ხარ და როცა გჭირდება არაჩვეულებრივი? რატომ მიმალავ სიმართლეს? რომ ავტორიტეტი არ დაგარგო ჩემს თვალში? რაში გჭირდება ეს ავტორიტეტი? მე ხომ უფალის უნდა მწამდეს და არა შენი?
მოკლედ, მე იმის თქმა მინდა, რომ მაღალი იერარქიებისაგან რაღაცეების დამალვა და ოჯახის წევრების ჩუმად ჩურჩულ-კურკური და სიბინძურის ლამაზად შეფუთვა არის დიდი ტყუილი და ეს არის საკუთარი მთავარი პრინციპების ღალატი. მეტი არაფერი.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80