რატომ არ ესალმება კულტურის მინისტრი ირმა სოხაძეს
დაიჯესტი

რატომ არ ესალმება კულტურის მინისტრი ირმა სოხაძეს

რატომ არ ესალმება კულტურის მინისტრი ირმა სოხაძეს
ვანო პავლიაშვილი,"ვერსია"

2017-04-06 07:49:28

„ეს ადამიანები გონს უნდა მოეგონ!“ - რაზე სწყდება გული მომღერალს

25 წელია, ჟურნალისტი ვარ. ჰოდა, ამ ხნის განმავლობაში რა აღარ გადამხდენია, მაგრამ რესპონდენტთან შეხვედრაზე არასოდეს დამიგვიანია. აი, იმას, რაც ირმა სოხაძესთან დამემართა, დაგვიანება კი არა, აუდიენციაზე, პრაქტიკულად, არმისვლა ჰქვია. დიახ, მომღერალი ზუსტად საათი და ათი წუთი ვალოდინე და არც გამკვირვებია, რომ მითხრა, შინ ვარ, მაგრამ აღარ მოხვიდეო, თუმცა... ბოლოს, ასე იყო თუ ისე, ჩვენი რანდე ვუ მაინც შედგა... რაზე ვილაპარაკეთ? - ეს რომ გაიგოთ, გირჩევთ, წინამდებარე არა-ჩვეულებრივი ინტერვიუს კითხვას ახლავე შეუდგეთ.


- ქალბატონო ირმა, არ ვიცი, რა გითხრათ, მსგავსი არასოდეს დამმართნია - შეხვედრაზე ლამის საათნახევარი დავიგვიანე... 


- ვანო, ეს კაზუსი ჩვენი ურთიერთობის ცუდი დასაწყისია. საერთოდ, არავის ველოდები ხოლმე და 20 წუთი რომ დაიგვიანე, ამიტომაც „დაგიმესიჯე“, ხომ მშვიდობაა, სად ხარ-მეთქი. 


- ალბათ, იმიტომ დამელოდეთ, რომ ჩემსკაი ტიპობასაღიარებთ, არა? 


- (იცინის) კი და კიდევ იმიტომ დაგელოდე, რომ თაკო ჩარკვიანის ახლობელი ხარ. სხვათა შორის, თაკოს დავურეკე და ვკითხე, ეს ბიჭი ყველასთან ასე იქცევა თუ მხოლოდ ჩემთან-მეთქი. რომ მითხრა, რას ლაპარაკობ, წესიერიაო, ვიფიქრე, ალბათ, რაღაც ვაწყენინე, უნდა, ცუდ განწყობაზე დამაყენოს და მოთმინებიდან გამომიყვანოს-მეთქი, მაგრამ ჩემი მოთმინებიდან გამოყვანა საკმაოდ რთულია. ისე, რომ მითხრა, შენი ხუთი მთავარი თვისება ჩამომითვალეო, პირველად პუნქტუალობას დავასახელებ და ეს თვისება ბავშვობიდან მაქვს - სადმე რომ დაგვეგვიანა, შეიძლება, ავად გავმხდარიყავი. ჩვენს სახლში სიტყვები - „ვაგვიანებთ“ და „ჩქარა“ ლექსიკონიდან ამოღებული იყო. სადმე რომ მივდიოდით, გამზადებას ერთი საათით ადრე ვიწყებდით... საერთოდ, მგონია, როცა ადამიანი სადმე აგვიანებს, ამით თავის დამოკიდებულებას გამოხატავს. ისე, გერმანელი არ ვარ - ჩემში, ქართულის გარდა, სხვა ეროვნების წვეთი სისხლი არაა, მაგრამ ძალიან პუნქტუალური ვარ და ამ თვისებას სხვებშიც ვაფასებ. 


ამის შემდეგ წამიერად თბილისის მოუწესრიგებელ გზებსა და იმასაც შევეხეთ, რომ ადამიანთა ნაწილი ოჯახს ტაქსაობით არჩენს. ჰოდა, ბევრი აღარ მიფიქრია და შემდეგი კითხვა სწორედ ამ თემაზე დავსვი: 


- ქალბატონო ირმა, თქვენ და თქვენი მეუღლე ოჯახს რით არჩენთ, თქვენი შემოსავლის წყარო რა არის? 


- მე და ჩემს მეუღლეს გარკვეული შემოსავალი გვაქვს: რეზო მშენებელია, ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობს. სამსახური მეც მაქვს, თუმცა ბოლო დროს - იშვიათად. 


- თქვენი სამსახური, ცხადია, მუსიკას უკავშირდება, არა? 


- მხოლოდ მუსიკას არა. მაგალითად, ბოლო დროს სდასუ-ში მედიის სკოლის დეკანი ვიყავი, რაც ძალიან ბევრ ენერგიას მართმევდა და დრო აღარაფრისთვის მრჩებოდა. 


- ისე, მშვენივრად გამოიყურებით, ქალბატონო ირმა, წლები გადის, თქვენ კი არ იცვლებით! 


- (იღიმის) ჩემს თავზე არ „ვძალადობ“ - არ შემიძლია, ხელფასისთვის მონურად ვიმუშაო. სიმღერებს ვწერ, საბავშვო სტუდიაც მაქვს და სპექტაკლებს ვდგამთ. საერთოდ, ეს ჩემთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა. კრიზისი უფრო საკონცერტო მოღვაწეობაშია, რაც სამსახურზე მეტად მტკივა... 


- ჩემი ბევრი მეგობრისა და ნაცნობის მსგავსად, იმ პოლიტიკური გუნდის მხარდამჭერი იყავით, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა, მაგრამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამ კუთხით, პრაქტიკულად, არაფერი შეიცვალა ანუ ხელოვანებს დღესჩარეცხილებსაღარ ეძახიან, მაგრამოცნებასინტელიგენციის წარმომადგენლების მიმართ რაღაცნაირი ინფანტილური დამოკიდებულება აქვს. ვცდები? 


- მაშინ ვიღაც ჩარეცხილი იყო, ვიღაც კი ძალიან გაფეტიშებული და ჰონორარიც, როგორც ამბობდნენ, არანორმალური ჰქონდა ანუ ისეთი საშინელი, მანკიერი და აუტანელი ფავორიტული სისტემა იყო, როგორიც კომუნისტების დროს არსებობდა - ცეკა-ს მდივანი გულზე მჯიღს დაირტყამდა, ეს ჩემი ბიჭი, ან ჩემი გოგია და ყველა კონცერტზე უნდა იმღეროსო. არადა, ამ დროს, არც სმენა ჰქონდა და არც გემოვნება. ნაციონალების დროსაც ყველგან რამდენიმე მომღერალი მღეროდა, ყველაფერს ორი რეჟისორი დგამდა. მოკლედ, სრულიად ფავორიტული და ძმაკაცური სისტემა იყო... 


- გაურკვევლობას, მგონი, ის სჯობია, როცა იცი, რომ ჩარეცხილი და მიუღებელი ხარ... 


- ისე, ისიც ვერ გავიგეთ, რა ნიშნით ჩაგვრეცხეს. ღმერთმანი, ჩემთვის არავის უთქვამს, ჩარეცხილი ხარო. შეიძლება, პარადოქსულია, მაგრამ იმ ხელისუფლების დროს კარგი სამსახური სამჯერ შემომთავაზეს. მაგალითად, 2008 წელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი და, შემდეგ, თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი - არჩეული 6 წლით ვიყავი, მაგრამ სწორედ გაუსაძლისი პოლიტიკური მდგომარეობის გამო, მხოლოდ წელიწადნახევარი გავძელი და წამოვედი... იმ ხელისუფლებას ღიად ვაკრიტიკებდი, რაც მაშინ წარმოუდგენელი იყო. ჩემსა და პრეზიდენტის ოჯახსა თუ უახლოეს გარემოცვას შორის სერიოზული პრობლემა „პიონერთა სასახლის“ თემაზე შეიქმნა. არადა, მიშა სააკაშვილი ჩემთვის უცხო არ ყოფილა - მეზობლები ვიყავით და ბავშვობიდან ვიცნობ ანუ ვერ ვიტყვი, ვერ მიტანდა და მოვიდა თუ არა, დამეტაკა-მეთქი... 


- „ვარდების რევოლუციასმხარს უჭერდით? 


- რევოლუციას არა, მაგრამ, როცა დეპუტატობას აპირებდა, მიშას მხარს ძალიან ვუჭერდი - მის მხარდასაჭერად ბაგებსა და წყნეთში არაერთი კონცერტიც ჩავატარე. სხვათა შორის, სანდრა სცენაზე პირველად სწორედ მე ვამღერე და ეს „ცოდვაც“ მაქვს... ერთი სიტყვით, ასეთი ახლობლობა გვქონდა. 


- მერე, ახლობელს რატომ დაუპირისპირდით? 


- რას ჰქვია, დავუპირისპირდი? სწორედ იმიტომ, რომ ახლობელი იყო, რჩევა საჯაროდ მივეცი. საერთოდ, ეს პლუსი მაქვს - ყურში ჩურჩული კი არა, რჩევის საჯაროდ მიცემა მიყვარს. 


- მოკლედ, მიშასთვის მიუღებელიპიონერთა სასახლისგამო გახდით? 


- ეს ერთ-ერთი მკაფიო მიზეზი იყო, რის გამოც ურთიერთობა გავწყვიტეთ და მიუღებელიც გავხდი, მაგრამ მიუხედავად ამისა, 2008 წელს, მართალია, ოპოზიციის კვოტით, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდ-ში მაინც გამიშვეს. მერე, კიდევ რაღაც სამსახურები იყო, „იმედშიც“ დამიძახეს, „მზეშიც“, კულტურაზე გადაცემა „პიკშიც“ უნდა გამეკეთებინა ანუ ვერ ვიტყვი, ჩამრეცხეს და დამბლოკეს-მეთქი, მაგრამ კონცერტებზე არ მეძახდნენ. 


- ქალბატონო ირმა, რა ამის პასუხია და, კულტურის დღევანდელი მინისტრი მართლა არ გელაპარაკებათ? 


- არ მესალმება, არადა ჩემი ნათესავია... 


- იქნებ, ვერ დაგინახათ და ამიტომ არ მოგესალმათ? 


- კარგი, რა?! 


მოკლედ, მაშინ რაღაც ბანაკებად მკაფიო დაყოფა არსებობდა: ვიღაც მიუღებელი იყო, ვიღაც მისაღები. დღეს კი ვერ გაიგებ, ვინ ვინაა, ვინ რა ნიშნითაა მისაღები ან მიუღებელი და, საერთოდ, რა უნდათ და სწორედ ეს მწყინს. 


- ხელოვნებაში ასეთი დაყოფა, ვფიქრობ, ცუდი ტენდენციაა... 


- დიახ, ასეა. პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათია იმას არ ნიშნავს, რომ მე, როგორც მომღერალი, კომპოზიტორი, ხელოვნებათმცოდნე ან საზოგადოების წევრი ვინმეს მტერი ვარ. ჩემი ქვეყნის ძალიან დიდი მოყვარული ვარ, არც დიდი კარიერა გავიკეთე და არც სხვაგან წავედი, არადა, ვანო, მერწმუნე, შემეძლო, წავსულიყავი და ყველა მხრივ მართლაც დიდი კარიერა გამეკეთებინა. მინდა, აქ დავბერდე, მაგრამ ეს სასჯელი ხომ არ უნდა იყოს? 


- ანუ საქართველოში ცხოვრება თქვენთვის სასჯელია? 


- უყურე, რა ხდება: ძალიან მწყინს, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი სნობური დამოკიდებულებაა. 


- რას გულისხმობთ? 


- რას და, თუ უცხოეთში, მათ შორის, რუსეთშიც მიღებული ხარ, ვიღაცები „გკბენენ“, მაგრამ აქ მაინც ძალიან მაგარ მომღერლად ითვლები, მაგრამ თუ არსად წახვედი და გინდა, შენს ქვეყანაში იყო, აქ იღვაწო და ყველაფერი გააკეთო, არავის უნდიხარ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი დამოკიდებულებაა, თუმცა ხალხში არა. თუ გინდა, ახლა ქუჩაში ერთად გავიდეთ და ნახავ, ყოველი მესამე ადამიანი ჩამეხუტება, მაკოცებს და რამე გადასარევს მეტყვის. ხალხს ვენაცვალე - აქ მისი, ჩემი ოჯახისა და ახლობლების სიყვარულით ვარ... 


- ქალბატონო ირმა, უნდა ჩაგეკითხოთ: კულტურის მინისტრი, როგორც იტყვიან, ცამოწმენდილზე ,,დაგეუმძრახათ'' თუ საამისოდ რამე წინაპირობა არსებობდა? 


- ვანო, სიმართლე გითხრა, ახლაც ვფრთხილობ და არ მინდა, რაღაც ხიდები ბოლომდე დავწვა, რადგან ესენი მართლა ჩემიანები არიან. დედა მომიკვდეს, ასეთი დამოკიდებულება არ მაქვს - თუ ომია, ომს გაჩვენებთ, ყველაფერს ვიტყვი და გაგწირავთ-მეთქი. ამ ხელისუფლების მიმართ დიდი სიმპათია მაქვს, მაგრამ ამ სიმპათიას ყოველდღე პატარ-პატარა ნამცეცები აკლდება. 


- რაღაც უნდა გკითხოთ და არ გეწყინოთ... 


- მკითხე, რაც გინდა... 


- გამორიცხავთ, რომ ამ თუნდაც მოზომილი კრიტიკული განცხადებებით თქვენს ქალიშვილს, რომელიც განათლების სამინისტროში მუშაობს, პრობლემები შეექმნას? 


- ისეთს რას ვამბობ, რომ პრობლემა შევუქმნა? პირიქით, ვამბობ, რომ ეს ხელისუფლება მომწონს, მაგრამ ხშირად სნობი და არაპროფესიონალია. ეს რომ არ ვთქვა, მაპატიე და, მე თვითონ გამოვდივარ სნობი და არაპროფესიონალი, რასაც ვერ დავუშვებ, რადგან არც ერთი ვარ და არც მეორე! იცი, საქმე რაშია? - პროფესიონალს იმიტომ ვერ აფასებენ, რომ მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები თვითონ არ არიან! 


- მაშასადამე, დღეს ხელისუფლებაში უნიათოები არიან? 


- უნიათობა რა შუაშია? როცა ბავშვობაში არ ისწავლი, კარგი რა არის და ცუდი რა, მერე ცოტა გიჭირს. 


- მართალია, მუსიკაში მაინცდამაინც კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ კულტურის მინისტრი, მგონი, არაპროფესიონალი არაა. ყოველ შემთხვევაში, მიხეილ გიორგაძე გამინისტრებამდე ჯაზფესტივალს აკეთებდა... 


- ჯაზფესტივალზე არ ვედავები - დღესაც გადასარევ ჯაზფესტივალებს აკეთებს, თუმცა, როცა „ისტერნ ფრომოუშენი“ ხარ და ჯაზფესტივალს აკეთებ, შესანიშნავია, მაგრამ როცა კულტურის მინისტრი ხარ და ისევ მხოლოდ ჯაზფესტივალს აკეთებ, ცოტა უხერხულია! 


- ესე იგი, იქითკენ მივდივართ, რომ კულტურის მინისტრი ფულს აკეთებს? 


- არა, ეს არ ვიცი! საერთოდ, ფულზე ლაპარაკს ვერ ვიტან. უბრალოდ, მისი, როგორც კულტურის მინისტრის ვალდებულებაა, სფეროებს მიხედოს, თორემ მიშა ჩემი მამიდაშვილია... 


- რა? კულტურის მინისტრი, რომელიც არ გელაპარაკებათ, თქვენი ალალი მამიდაშვილია? 


- დედამისი და მამაჩემი ალალი ძმების შვილები არიან - ერთ ოჯახში გაიზარდნენ. 


- ასეთი რა დაუშავეთ? 


- არაფერი, უბრალოდ, ვთქვი, კულტურის მინისტრმა კულტურის ყველა სფეროს, მათ შორის, ქართულ ესტრადას ცოტა მეტად უნდა მიხედოს და როცა დაფინანსება გვჭირდება, უნდა დაგვეხმაროს და არ უნდა გვითხრას, თუ მაგრები ხართ, თქვენს თავს მიხედეთო. 


- ისე, კულტურის მინისტრი რომ ვიყო, მეც ვიტყოდი, შოუბიზნესმა საკუთარ თავს თავად მიხედოს-მეთქი... 


- ჯაზფესტივალი ან „აეროსმიტი“ შოუბიზნესი არაა? 


- დიახ, არის. 


- ჰოდა, „აეროსმიტს“ ხუთმილიონნახევარს რომ აძლევ და მე 10 ათასსაც არ მაძლევ, ეს რაში წერია? 


- იმაში წერია, რომაეროსმიტითმსოფლიო საქართველოს გაიცნობს... 


- გეხვეწები რა, ვანო, ხომ იცი, რომ ეს სისულელე? 


- მე კი ვიცი, მაგრამ კულტურის სამინისტროს სწორედ ეს არგუმენტი აქვს... 


- ეს არგუმენტი რელევანტური არაა. 


- მოკლედ, საქმე ისევჩარეცხვისკენმიდის? 


- არა, ეს ფავორიტული სისტემაც აღარაა. 


- დღევანდელ ხელისუფლებას იგივე შოუბიზნესში ფავორიტები ჰყავს? 


- ქართველები ნაკლებად. 


- ესე იგი, ქართველებისგაფავორიტებაეგოიმებათ? 


- არ ვიცი, ამ მოვლენას რა დავარქვა... 


ისე, ვანო, შენმა კითხვამაც ცოტა გამაოცა, არ გეშინიათ, თქვენს შვილს პრობლემები შეუქმნათო? ესე იგი, მათ ის უნდა აკეთონ, რაც უნდათ, ჩვენ კი იმის უფლებაც არ გვაქვს, ჩვენი ძალიან მოკრძალებული შენიშვნები და მოსაზრებები გამოვთქვათ? როგორ შეიძლება, ამან პრობლემები ვინმეს შეუქმნას? 


- არ შეიძლება, მაგრამ მოდი, ვაღიაროთ: ჩვენ იმ სისტემაში ვცხოვრობთ... 


- (სიტყვას მაწყვეტინებს) იმედი მაქვს, იმ სისტემაში აღარ ვცხოვრობთ. ასე მიშას დროს იყო - მაშინ რამე კრიტიკული რომ გეთქვა, დიდი საფრთხის წინაშე მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, ოჯახსაც აყენებდი. დღეს, საბედნიეროდ, მგონი, ასე აღარაა. უბრალოდ, ეს კრიტიკა იმით დამიბრუნდა, რომ არც მერიის კულტურის სამსახური მეკონტაქტება, არც კულტურის სამინისტრო და მიუღებელი ადამიანი ვარ! 


- ამით, ჩვენში დარჩეს და, არაფერი გაკლდებათ! 


- დიახ, ამით მე კი არა, მათ აკლდებათ, რადგან ვერ ხვდებიან, რა კარგია და რა ცუდი. 


- მიხეილ გიორგაძე გასაგებია, მაგრამ მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ია მაქაცარია რატომღა გაგინაწყენდათ? სხვათა შორის, ხმა დადის, მაქაცარიას კულტურის მინისტრობა უნდაო... 


- მოდი, ისიც ვთქვათ, რომ ენას ძვალი არ აქვს, ადამიანის ფანტაზიას კი საზღვარი... იცი, მაქაცარიას რა ვაწყენინე? - რომ გავიგე, 2016 წლის „თბილისობას“ ვინ აკეთებდა და როგორი რეპერტუარი იქნებოდა, მივედი, ჩემი ვარაუდი გავანდე და ვუთხარი, წინა ორი „თბილისობის“ ცენტრალური კონცერტი არ ვარგოდა, სირცხვილი იყო...


- ქალბატონო ირმა, მაპატიეთ, სიტყვა უნდა გაგაწყვეტინოთ, მაგრამ უგემრიელესი ყავაა... 


- მართლა? დიდი მადლობა... მოკლედ, ვუთხარი, მოდი, ყველაფერი ცოტა სხვანაირად გავაკეთოთ-მეთქი. 


- და არ დაგთანხმდათ? 


- არა, ძალიან ეწყინა, შემეკამათა, გამიბრაზადა და... კოშმარული კონცერტი მივიღეთ. 


- რას გულისხმობთ? 


- რას და, გაფუჭებულ და დამახინჯებულ სიმღერებს. 


- ერთი სიტყვით, ამ საუბრის მერე ია მაქაცარია ,,დაგეუმძრახათ''? 


- (იღიმის) ამის მერე თბილისის მერიის კულტურის სამსახურის საბჭოს წევრობიდანაც ამომიღო. 


- ამის თაობაზე გაგაფრთხილათ? 


- არა, არც უთქვამს, უფრო სწორად, ის საბჭო გაუქმდა თავიდან შეკრიბეს, მაგრამ მე აღარ დამიძახეს. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის დიდი დანაკარგია, მაგრამ ვერ გავიგე, ასე რატომ იქცევიან. 


- ეს კითხვა მაქაცარიასთვის არ დაგისვამთ? 


- დავურეკე, არ მიპასუხა. დავუმესიჯე, მაგრამ პასუხი არც მესიჯზე გამცა. მერე, მისი მოადგილე, ოთო აბესაძე შემხვდა, ვილაპარაკეთ და რაღაც შემომთავაზა, რაც არ მომეწონა. 


- რა შემოგთავაზათ? 


- ვანო, თბილისში კონცერტებს მხოლოდ მერიის კულტურის სამსახური აფინანსებს. ჩვენ ისეთ კოლოსალურ თანხებს კი არ ვითხოვთ, რაც მათი გეგმური კონცერტები ჯდება, არამედ ბევრად ნაკლებს ვითხოვთ, მაგრამ პარალელურად, მეორე პრობლემის წინაშე ვდგებით - დარბაზები შეუსაბამოდ ძვირია. ამას წინათ, ვიხუმრე - დიდ საკონცერტო დარბაზში დიდი კონცერტი 2002 წელს მქონდა, 2014-ში ვარსკვლავი გამიხსენეს და თუ ამ ლოგიკით ვივლი, შემდეგი კონცერტი 2026 წელს მექნება, მერე - 2038-ში, მერე, ალბათ, 2050-ში და მაშინაც, როცა 100 წლის გავხდები-მეთქი, მაგრამ ამდენი დრო აღარაა. ჩვენ ადამიანები ვართ! ჩვენ ყვავები არ ვართ, რომ 300 წელი ვიცხოვროთ. კომპლიმენტი მითხარი, კარგად გამოიყურებითო. მინიმუმ, კიდევ ათი წელი ვაპირებ, ასეთი ვიყო, მაგრამ სულ რომ გადავირიო, ყველაფერს საზღვარი აქვს... 


- მესმის, საუბარი საითკენაც მიგყავთ... ქალბატონო ირმა, იმ ბრძენ კაცს ანუოცნებისსულისჩამდგმელს იცნობთ? 


- იცი, როგორ ვიცნობ? - რამდენჯერმე შევხვდი. 


- ზოგი ამბობს, ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი, რაც ხდება, არ იცისო... 


- მეც მგონია, რომ არ იცის... 


- მერე, არ გინდათ, ყველაფრის საქმის კურსში ჩააყენოთ? 


- ძალიან მინდა. ერთ რაღაცასაც გეტყვი: ამ ხელისუფლებას მხოლოდ იმ კაცის ხათრით ვენდე და ისევ იმ ადამიანის პატივისცემის გამოა, რომ დღესაც მიჭირს, უფრო კატეგორიული ვიყო და ჩემი მოსაზრება მკაფიოდ გამოვთქვა, რადგან ეს ხელისუფლება სწორედ მასთანაა აფირილებული, მაგრამ არ ვიცი, ხმა როგორ მივაწვდინო ან სად ვნახო. ძალიან მინდა, გაიგოს, რომ ძალიან ბევრ სამსახურში უვიცი ადამიანები დასხდნენ, მაგრამ ამბიცია აქვთ, რომ კიდევ უფრო მეტი სიმაღლეები დაიპყრონ! 


- ქალბატონო ირმა, ყველაფერ ამის გამოსწორება შეიძლება? 


- კი, ამის გამოსწორება ძალიან ადვილად შეიძლება. 


- მაინც, როგორ? 


- როგორ და, ან ეს ადამიანები გონს უნდა მოეგონ და გაერკვნენ, ვინ ვინაა, ან ამ ადგილებზე ისეთები დასხდნენ, ვინც პროფესიონალების ფასი იცის! 


- ისე, ამას წინათ, ტელეკომპანიაიბერიასგადაცემაპრიორიტეტშითამრიკო ჭოხონელიძემ გენიალური ფრაზა თქვა, ვერავინ დამბლოკავს, რადგან ბოლოს და ბოლოს, შინ ვიმღერებო... 


- სახლში, დილიდან საღამომდე მეც ვმღერი და მხოლოდ ოჯახის წევრები კი არა, მეზობლებიც გავაგიჟე. ახლაც მე და მანანა სურმავა ფანტასტიკურ პროექტს ვაკეთებთ, არც ფული გვინდა, არც დაფინანსება და ყველა, ვისაც არ ესმის, ფული რაში უნდა დახარჯოს, კარგად იყოს, მაგრამ გული კულტურის პოლიტიკაზე მწყდება, რომ ფული სხვაგან იხარჯება და არა იქ, სადაც უნდა იხარჯებოდეს. 


- ქალბატონო ირმა, კულტურის მინისტრი რომ იყოთ, კულტურის როგორ პოლიტიკას შეიმუშავებდით? 


- მთელი მეცნიერებაა, ის არცთუ მწირი ბიუჯეტი, რომელიც კულტურის სამინისტროს აქვს, როგორ უნდა დალაგდეს. ასე როგორ შეიძლება, რომ არავის მიხედო, ან მხოლოდ ორს მიხედო, ვინც შენი ძმაკაცია და მოგწონს. 


- ვის გულისხმობთ? 


- არავის, ისე ვთქვი, თორემ მგონი, ძმაკაციც არ ჰყავთ! 


- ქართული ანდაზა გამახსენდა, მარტო კაცი ჭამაშიც ცოდოაო... 


- ცოდოები არც ისინი არიან და არც ჩვენ ვართ, მაგრამ ცოდო ისაა, რომ საქმე ფუჭდება... მოკლედ, მე რომ კულტურის მინისტრი ვიყო, აუცილებლად ქართულ კულტურას - არამარტო ფოლკლორსა და ქართულ სუფრას, არამედ, რეგიონებს მივხედავდი. ისე, მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი რომ ვიყო, მაშინ უფრო ბევრ რამეს გავაკეთებდი. 


- მაინც, რას? 


- ეს დიდი თემაა და ვანო, თუ გინდა, ერთხელ დავსხდეთ და ამაზე ვისაუბროთ. სხვათა შორის, სიამოვნებით დავეხმარებოდი საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ ხელმძღვანელობას, რადგან იგივე ტელევიზიაში მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს და ისიც ვიცი, რა და როგორ უნდა გაკეთდეს... 


...ქალბატონო ირმა, ოცნებები ხდება? 


- არც მეოცნებე ვარ და არც რომანტიკოსი! ილუზიებშიც არასოდეს მიცხოვრია. ძალიან პრაგმატული ადამიანი ვარ და, ბავშვობიდან განსაკუთრებული ნიჭის მიუხედავად, ,,გრემზეც'' კი არასოდეს მიოცნებია, რადგან ვიცოდი და ვიცი, რომ ეს ჩვენს რეალობაში წარმოუდგენელია, მაგრამ ყველაფერი ის, რაზეც ვლაპარაკობ, ოცნება კი არა, ძალიან ხელმისაწვდომი რეალობაა და არ მინდა, ოცნებად გადაგვიქციონ! 


- ...ბედნიერი ხართ? 


- ვარ! 


- კულტურის მინისტრი, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი არ გელაპარაკებათ და მაინც ბედნიერი ხართ? 


- ღმერთო, უბედურების საბაბი მეტი არაფერი მქონდეს, რომ ეგენი არ მელაპარაკებიან და ვიღაცას ჩემი დაბლოკვა უნდა! ბედნიერება და უბედურება ესაა? 


- პროფესიონალისთვის აბა, უბედურება რა არის? 


- ვაიმე, დედა! ჩემი ვარსკვლავის გახსნის კონცერტი ყოველდღე რომელიმე არხზე გადის - თავს არ ვიქებ, მაგრამ მართლაც იშვიათი დონის კონცერტი იყო და ხალხი გიჟდება, ისე მოსწონს. ეს ის კონცერტი იყო, რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი და ეს ოცნება ამიხდა - ამ კონცერტში გული და სული ჩავდე, მაგრამ ეს კონცერტი 2014 წელს გავაკეთე. შარშან ან წელს რომ გამეკეთებინა, ეჭვი მეპარება, ასეთი გამოსულიყო... სხვათა შორის, ჩემი ვარსკვლავის გახსნა რეკორდულად იაფი დაჯდა: სხვებს თუ 80 და 100 ათასი უჯდება, მე 56 ათასი დამიჯდა. ვიღაცისთვის ეს თანხაც შეიძლება, დიდია, მაგრამ როცა აქედან 25 ათასი დარბაზშია გადასახდელი, ძალიან დიდი ორკესტრი ზის, ფანტასტიკური განათება და გახმოვანებაა, ეს თანხა მიზერია. სხვათა შორის, მაშინ მერიის კულტურის სამსახურში მამუკა ქაცარავა იყო, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალებს მიაკუთვნებენ, ფენომენალური ადამიანია - აი, ვინ იცოდა, ვინ ვინაა, მხარში ვის როგორ უნდა დადგომოდა და ვისთვის რა გაეკეთებინა. მამუკა განათლებული ნათელი ადამიანია, რომელმაც იცოდა, რა პასუხისმგებლობა ჰქონდა მნიშვნელობა არ აქვს, ნაციონალია თუ არა. 


- მამუკა ქაცარავას სხვებიც აქებენ და ამბობენ, რომ მისი გაშვება არ შეიძლებოდა... 


- რა თქმა უნდა. მას ახსნა არ სჭირდებოდა, ეს ვინაა და ის ვინ... 


უბედურება ისაა, ყველა მთავრობას რომ მოსწონხარ და თავის ნავში გსვამს! ყოველ შემთხვევაში, ყველა პრობლემის სათავე აქედან იწყება. მთავრობასთან სიახლოვე საჭირო არაა. ხელისუფლება იმისთვის გვინდა, რომ შემოქმედებაში ხელი არ შეგვიშალოს. ჩვენ ომი არავისთან გვინდა. უბრალოდ, მთავრობამ ცოტა ხელი უნდა შეგვიწყოს, რომ ჩვენი შემოქმედება ხალხამდე მივიტანოთ! მოკლედ, ჩემი ოჯახითა და ხალხის სიყვარულით იმდენად ბედნიერი ვარ, რომ ცოტა მეშინია და სულ ხეზე ვაკაკუნებ ხოლმე! 


- ქალბატონო ირმა, რა ამის პასუხია და, წლებია, გიცნობთ და ის უნდა გკითხოთ, რაც აქამდე არ მიკითხავს: ყველაფერი ძალიან ადრე დაიწყო - საზოგადოებას დღესაც ახსოვს პატარა გოგო, რომელიცტაბურეტკაზეიდგა და მღეროდა. ეს სკამი, როგორც თქვენი წარმატების ერთგვარი სიმბოლო, შენახული ხომ არ გაქვთ? 


- სადაც მივდიოდით, როგორც იტყვიან, იქაურ სკამზე მაყენებდნენ და ამას თავისი პროზაული მიზეზი ჰქონდა: 4 წლის ვიყავი, როცა ,,გპი''-ს ორესკესტრის სოლისტი გავხდი. მაშინ ე.წ. წერო მიკროფონები არ არსებობდა ანუ არ იხრებოდა და მიკროფონს ვერ ვწვდებოდი და სკამზეც ამიტომ მაყენებდნენ. ისე, ძალიან მოწესრიგებული ბავშვი ვიყავი და მიკროფონი ხელშიც რომ დამეჭირა, ყურადღება მაინც არ გამეფანტებოდა. მოკლედ, მიზეზი ეს იყო, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ სკამი თითქოს რაღაც მხატვრული სახე იყო და მერე, წლები რომ გავიდა, ძალიან ბევრი გენიალური პერსონა მეუბნება, პირველად სკამზე მე დაგაყენეო. 


- ბოლოს და ბოლოს, სკამზე ვინ დაგაყენათ? 


- არ მახსოვს... მერე, მამაჩემმა მოიფიქრა, მიკროფონის გადაჭრა და ყველა კონცერტზე ამ გადაჭრილი ჯოხით დავდიოდი, თუმცა მანამდე, ორი წელი, სკამზე ვიდექი... 


- როგორც ქალს, გული გტკენიათ? 


- (გაოცებული) გული რატომ უნდა მტკენოდა? მართალია, 42 წელია, ერთი ქმარი მყავს, მაგრამ არ მგონია, ეს გულისტკენის მიზეზი იყოს, პირიქით, - ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა! 


- შეიძლება, მაგრამ შოუბიზნესში ოჯახის დანგრევა რაღაცნაირად მოდურია... 


- (იცინის) ძალიან ორიგინალური ვარ და ჩემი ოჯახის უნიკალურობაც სწორედ ამაშია. ისე, ამაზე ერთ ამბავს გიამბობ: დაახლოებით, 15 წლის წინ, მოსკოვში კონცერტები მქონდა და აქსანა პუშკინას პროდიუსერი მოვიდა, გვინდა, გადაცემა „ქალის მზერაში“ მოგიწვიოთო და კითხვები დამისვა. მეგონა, კარგ რამეს ვეუბნებოდი, მაგრამ რომ ვთქვი, 25 წელია, ერთი მეუღლე მყავს-მეთქი, თვალები გაუფართოვდა და ჩამეკითხა, სხვა ცოლი არც თქვენს ქმარს ჰყოლიაო? არა-მეთქი. მოკლედ, ქმარი არავისთვის წამირთმევია, ჩემთვის ოჯახი არავისთვის დამინგრევია და ამ გოგომ ვერ გაიგო, ჩემს ბიოგრაფიაში საინტერესო რა იყო და წავიდა, დაგირეკავთო, მაგრამ აღარ დაურეკავს. 


- კაპიტალისტურ ქვეყანაში რომ დაბადებულიყავით, უფრო წარმატებული იქნებოდით? 


- რასაკვირველია! თავის დროზე თუნდაც რუსეთში რომ წავსულიყავი, უფრო დიდ წარმატებას მივაღწევდი! ძალიან კარგად მესმის, რომ საქართველოში წარმატება ლოკალურია, მაგრამ ეს არჩევანი ბრიყვულად კი არა, შეგნებულად გავაკეთე, რადგან ვიცოდი, რომ წავსულიყავი ოჯახს აუცილებლად დავკარგავდი -რეზო ის ბიჭი არაა, რომ წლობით მე მოსკოვში ვყოფილიყავი, თვითონ კი აქ. 


- მაშასადამე, კარიერას სიყვარული ამჯობინეთ? 


- მხოლოდ სიყვარული არა. 


- აბა, კიდევ რა? 


- ჩემი სტატუსი, რომ კარგი ცოლი და დედა ვარ, მომწონს. 


- კერძების მომზადება გეხერხებათ? 


- ვერ გეტყვი, სამზარეულოდან ვერ მაგდებენ-მეთქი - ამის საჭიროება არ მაქვს, მაგრამ ძალიან გემრიელი ხელი მაქვს და ამ მხრივ დედას ვგავარ. 


- ,,გრემზე'' გიოცნებიათ? 


- კი, ვთქვი, არა-თქო, მაგრამ მიოცნებია - გრემი ყველა მუსიკოსისთვის ძალიან საოცნებოა! 


- გიტირიათ? 


- ვამბობ, რომანტიული არ ვარ-მეთქი, მაგრამ „რომაული არდადეგების“ ფინალურ სცენაზე დღესაც ვტირი ხოლმე... 


- სიკვდილზე გიფიქრიათ? 


- სიკვდილზე რომელი ნორმალური ადამიანი არ ფიქრობს? 


- თავისუფლება ლომთა ხვედრია? 


- აუცილებლად. ვერ ვიტყვი, ლომები ვიყოთ-მეთქი, მაგრამ თავისუფლებისკენ უნდა მივისწრაფვოდეთ! 


- ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდაც ხვადია? 


- დიახ, არის... ფიზიკურად, ალბათ, დამჩაგრავს და ხელს ვერ გადავუწევ, მაგრამ კაცს შეიძლება, ინტელექტით ვაჯობო. 


- ემანსიპირებული ქალი ხართ? 


- ეს სიტყვა მძულს! ქალების ტრაგედიაა, რომ საუბრისას ამ დეფინიციის მოტანა ხდება საჭირო - ესე იგი, წლებისა და საუკუნეების განმავლობაში, კაცებმა ისე დაგვჩაგრეს, რომ რაღაცების მტკიცება და ემანსპირება გვჭირდება! ნუ დაგვჩაგრავთ! - დღევანდელ ხელისუფლებასაც ამას ვთხოვ და კაცებსაც! 


- ქალბატონო ირმა, ჩემზე რას ფიქრობთ? 


- ძალიან კარგი და ნიჭიერი ბიჭი ხარ, რომელმაც დღეს ძალიან გამაბრაზა და გითხარი კიდეც, აღარ მოხვიდე-მეთქი... 


- მაგრამ, მაინც მოვედი! 


- ის, რაც შენ გააკეთე, არასოდეს გავაკეთებ - ყველგან ხუთი წუთით ადრე მივდივარ, მაგრამ გარეთ ვიცდი ხოლმე. 


- მერწმუნეთ, ყველგან მეც ადრე მივდივარ ხოლმე... 


- აბა, ჩემთან რა დაგემართა? 


- შემთხვევით მოხდა, ქალბატონო ირმა, შემთხვევით, შეიძლება, აგური ჩამოვარდეს და ადამიანი მოკვდეს... 


- (იღიმის) შემთხვევით არაფერი ხდება. აგურის ჩამოვარდნაც კანონზომიერია... 


- ესე იგი, ნანობთ, რომ შეხვედრაზე დამთანხმდით? 


- არა, რატომ უნდა ვინანო? უფრო სწორად ინტერვიუს რომ წავიკითხავ, მერე გეტყვი, ვნანობ თუ არა. საერთოდ, არ მინდა, ვინმეს წყენისა და ნერვების აშლის საბაბი ვიყო - ისე ვბერდები, არ მინდა, ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ ზოგი მაინც მებუტება და ეს ჩემთვის ძალიან გაუგებარი და გულსატკენია! 


- ტრადიციულად, არა-ჩვეულებრივი ინტერვიუს ბოლო კითხვა თქვენ უნდა დამისვათ, ქალბატონო ირმა... 


- რამე ისეთი კითხვა გქონდა, რომლის დასმაც გინდოდა და გადაიფიქრე? 


- არა, როგორც წესი, არასოდეს ვიცი, რესპოდენტს რა ვკითხავ! 


- კარგი, მაშინ სხვა რამეს გკითხავ: როგორ ფიქრობ, ჩვენი საზოგადოება იმდენად თავისუფალია, რომ ის დაწერო, რასაც ფიქრობ? 


- საზოგადოების ნაწილი შეიძლება, მზად არაა, მაგრამ იმას, რისი დაწერაც მინდა, ყოველთვის ვწერ და ვამბობ!

 

 

ნანახია - 659

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80