მთის ტურიზმი, ეკოლოგია და ხელმოკლე დამსვენებლები
ეკონომიკა

მთის ტურიზმი, ეკოლოგია და ხელმოკლე დამსვენებლები

მთის ტურიზმი, ეკოლოგია და ხელმოკლე დამსვენებლები
ბექა დანელია

2017-04-08 21:00:25

საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტად მთის ტურიზმი დაისახა. ამ იდეას იწონებს საერთაშორისო რგანიზაციებიც და ადგილობრივი სპეციალისტებიც, ოღონდ მათი შეხედულება დარგის განვითარებაზე სხვადასხვაგვარია.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გამოკვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს სამთო- სათხილამურო კურორტებზე ტურიზმიდან 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტის მოზიდვის შესაძლებლობა არსებობს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ თავი მოუყარა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს და მიმართა ისინი მთის კურორტების განვითარებისკენ, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ჩათვლით.

ამავე მოსაზრებას იზიარებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ტალებ რიფაი, რომელიც საქართველოში სამთო კურორტების განვითარებას დიდი ოპტიმიზმით უყურებს. იგი მიიჩნევს, რომ სამომავლოდ სულ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება საქართველოში სტუმრობით. ამის გარანტია საქართველოს სილამაზე და ქართველი ხალხის ბუნებრივი თვისებებია:

„საქართველოს ტერიტორიის 65% მთებია. ქართველები ამაყი, პატიოსანი და კეთილი ხალხია. ეს არის იშვიათი კომბინაცია, როდესაც ამაყი ხალხი, იმავდროულად, კეთილი და სტუმართმოყვარეა. თქვენ უნდა იამაყოთ იმით, რაც გაქვთ და ამასთანავე უნდა იყოთ კეთილი, სადა და თავმდაბალი, როცა ვიზიტორებს მასპინძლობთ. ქართველები სწორედ ასეთები არიან... საქართველომ მსოფლიოს თავი უნდა გააცნოს როგორც უძველესი კულტურისა და მაღალი მწვერვალების ქვეყანამ... უძველესი კულტურა ქვეყნის ფესვებშია, ხოლო მაღალი მწვერვალები ზეცას სწვდება“, - აღნიშნა ტალებ რიფაიმ.

ტურიზმი საქართველოში სწრაფად ვითარდება, მაგრამ ამას უფრო სპონტანური სახე აქვს. შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი ამბობს, რომ ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს განვითარების სტრატეგია შემუშავებული აქვს, თუმცა, ის მოკლევადიანია.

„მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ფიქრობენ იმაზე, თუ სად ხედავენ თავიანთ ქვეყანას 20 წლის შემდეგ, ჩვენთან ამას ვერავინ ვერ ხედავს. რეგიონებს რომ გადავხედოთ, ნაგვითაა სავსე. რისთვისაც ხალხი აქ ჩამოდის, ის 10-20 წლის შემდეგ აღარ დახვდებათ. მე ამის შიში მაქვს.

ყველა ხეობაში კეთდება ჰესები. ხომ შეიძლება დარჩეს რამდენიმე ხეობა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა იქნება. იგეგმება და იგეგმება მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობა, მე მათი მშენებლობის წინააღმდეგი არ ვარ, ეს ეკონომიკისთვის საჭიროა, თუმცა, ხომ შეიძლება რამდენიმე ხეობა დავიტოვოთ იმისთვის, რომ სათქმელი გვქონდეს - კავკასიის მთებში ჯერ კიდევ არის ადგილები, სადაც შეიძლება ეკოტურიზმი განვითარდეს“, - განუცხადა „კომერსანტს“ თაბაგარმა.

აქვე არის მეორე პრობლემაც, რომელიც ვიზიტორების დანახარჯებთან ასოცირდება. მართალია მთავრობა აცხადებს, რომ შარშან ქვეყანამ ტურიზმიდან 2 მლრდ შემოსავალი მიიღო, მაგრამ ქვეყანაში შემოსულ 6 მლნ-ზე მეტ ტურისტზე გადაანგარიშებით ეს არც თუ დიდი რიცხვია.

ესქპერტები ამბობენ, რომ ქვეყანაში ძირითადად მცირებიუჯეტიანი და შესაბამისად, დაბალი გადახდისუნარიანი ადამიანები ჩამოდიან. ჩვენთან მდიდარი სეგმენტის ტურისტი საკმაოდ ცოტაა.

ტურიზმის ექსპერტი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ნაკლებად მხარჯველი ტურისტი ჩამოდის. ერთადერთი, რაც მთავრობამ უნდა გააკეთოს, არის ის, რომ ქვეყანა უსაფრთხო გახადოს, რათა ყველა ტურისტმა თავი დაცულად იგრძნოს. მისი განცხადებით, ამის შემდეგ ტურიზმი თავისით განვითარდება.

„ეს თანდათან უნდა მოვიდეს. მთავრობა ხომ არ გაიქცევა და ხომ არ ეტყვის, მილიონერებო ჩვენთან ჩამოდითო? ერთბაშად არაფრი არ ხდება. იმ ქვეყანაში, რომელსაც არც ისე კარგი რეპუტაცია აქვს, არ წახვალ. თავიდან ისრაელიდან ძალიან დაბალი გადახდისუნარიანი ტურისტები ჩამოდიოდნენ, ყოველწლიურად ეს კონტიგენტი იცვლება. გასულ წელს უკვე საკმაოდ მხარჯველი ებრაელებიც ჩამოვიდნენ“, - აცხადებს ალავერდაშვილი.

ნანახია - 827

Maverick

2017-04-09 00:28:24

საქართველო მილიონერების მისაღებად მზად ჯერ-ჯერობით არ არის და ვერც უახლოეს მომავალში იქნება. მაგას სულ სახვა ინფრასტრუქტურა ჭირდება და სათანადო დონის ტუროპერატორები /არა ისეთი რომელიც რეგიონებს ნაგვით სავსეს უწოდებს/.

წინათ, მონობაში რომ ვიყავით სსრ კავშირის დროს, ტრადიციული საკურორტო, საზღვაო, სამთო და მაღალმთიანი დასასვენებელი ადგილების გარდა, მზადყოფნაში იყო სამთო ტურისტული ბაზები, კლუბები და კემპინგები.

იმ დროისათვის, ყველა ტურისტული ბილიკი, მარშრუტი - მამისონის უღელტეხილიდან, ღები, ჭიორა, ონამდე, გოდერძის უღელტეხილი, წითელი მინდორი, ახალციხე, აბასთუმანი, დევის ტბა, კვეშლევი, ნაეკლესარი, მინდორა, მრავალძალი, საკვირაო, შხივანა, ბეთლევი, უყეში, ხოტევი, ნიკორწმინდა, შაორის ტბა, წებელდა, ამტკელი, ბარისახო, შატილი, მუცო, ზესხოს, უშგულის მიდამოები და სხვა, ყველა მარკირებული იყო.

დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ვახერხებდით ტურისტული სეზონის დაწყებამდე სამთო, ქვეითი ტურიზმის ინსტუქტორების მიერ მარშრუტების, ბილიკების მარკირებას, გზების გადამოწმებას, დაზიანებულების აღდგენას, შესაკეთებელების შეკეთებას.

ანალოგიურად, იგივე სამუშაოები ტარდებოდა საწყალოსნო ტურიზმის მარშრუტებზე აჭარაში /ჩოლოქის გადაკეტვამდე/ , აფხაზეთში /სამოქალაქო ომამდე/, მდ. რიონზე, ცხენისწყალზე, სპელეო ტურისტებისათვის მარტვილისა და ხონის რაიონებში.

სეზონის დაწყებამდე სრულ მზადყოფნაში იყო სამაშველო სამსახური...

ამინდის, მდინარეებში წYLის დონეების თაობაზე დღის სხვადასხვა დროს ვღებულობდით შეტყობინებებს რეგიონების მიხედვით ჰიდროლოგიური სამსახურებისაგან...

ზემოთჩამოთვლილი მარშრუტებისა და ბილიკების თაობაზე დაწვრილებითი ინფორმაციები გეგმიური და თვითმყოფადი ტურისტებისათვის / რომლებიც მდიდრები არ იყვნენ, მაგრამ გარკვეული ოდენობის თანხას მაინც ხარჯავდნენ, რაოდენობრივად საკმაოდ ანგარიშგასაწევს/ მიეწოდებოდა სომხეთის, აზერბაიჯანის, ჩრდილოეთ კავკასიის და კრასნოდარის მხარეებს, უკრაინის, მოლდავეთის, ბელორუსიის, რუსეთის მრავალი ქალაქის საექსკურსიო-სამოგზაურო ბიუროებს, ტურისტულ კომპანიებსა და ოპერატორებს, რომლებიც შესაბამისად გვაწვდიდნენ ინფორმაციებს საქართველოში შემომსვლელი თვითმყოფადი ტურისტული ჯგუფების შესახებ შემოსვლისა და გასვლის დროების მითითებით...

Maverick

2017-04-09 00:37:07

ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარს კრიტიკის ნაცვლად, ვურჩევდი შეკრიბოს ტურიზმის ინსტრუქტორები და მათთან თანამშრომლობით ნელ-ნელა მოაწყოს და აღადგინოს ძველი მარშრუტები, ახალიც გამოინახება აგრარულ სექტორში, ღა თქმა უნდა ტურიზმის რესპუბლიკურ ორგანოსთან ერთად,,,

serapina

2017-04-09 10:00:48

Maverick,
რასაც ამბობთ,ამას შრომა უნდა.
ჩვენში კიდევ, სამსახური(თანამდებობა) მანქანას და კარგ შემოსავალს ნიშნავს... და არა პასუხისმგებლობას და დაუღალავ შრომას.

გულწრფელად მაინტერესებს, რა ვერ ააწყვეს ამდენი წლის განმავლობაში ტურიზმთან მიმართებაში?!

მერე, ხან ერთის ბრალია,ხან მეორის, წინ რომ ვერ მიდის ქვეყანა.(იქნებ, არც უმაგისობაა მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენი რეაგირება როგორია და ვის წისქვილზე ვასხამთ წყალს ჩვენი უპასუხისმგებლობით?)
ქვეყანას,რომელსაც აქვს ბუნებრივი სიმდიდრე და ამით ფულს ვერ შოულობს(იმიტომ რომ ვიღაცას კოორდინირებულად და გონივრულად მუშაობა არ შეუძლია),ცხადია ვერ მოთხოვ ახალი შექმნას...
მაგრამ, ჯერ სხვაზე დაბრალებას გადავეჩვიოთ...
და მერე, გონივრული შრომა ვისწავლოთ!

NEVRO

2017-04-09 16:31:40

2 მილიარდი 6 მილიონი ტურისტისაგან 365 დღეში. ანუ საშუალოდ ერთი ტურისტიდან ერთ დღეში სულ 91 ცენტი!!! )))

Maverick

2017-04-09 21:37:54

serapina,

გეთანხმები, ამ ასო-ების, ასო-ციაციების ევროპულად "განათლებულ" ნუცას სკოლადამთავრებულ ადამიანებს მხოლოდ ბრძანებების, მითითებების და "სიბინძურის" დანახვა შეუძლიათ, შრომა და საქმის კეთება რა მაგათი საქმეა /საქმე მამა-მარჩენალმა უნდა აკეთოს/, საქმე რომ აკეთონ გრანტებს სხვა აახევს.

ამიტომ, საქმის კეთებას გრანტით შეფუთული მუქთი ძღ... ურჩევნიათ,,,

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80