გია ხუხაშვილი: „როცა შენი ქვეყნის კეთილდღეობის ინდექსი ევროპულისგან მკვეთრად განსხვავდება, თანაბარ პარტნიორობაზე საუბარი შეუძლებელია!“
დაიჯესტი

გია ხუხაშვილი: „როცა შენი ქვეყნის კეთილდღეობის ინდექსი ევროპულისგან მკვეთრად განსხვავდება, თანაბარ პარტნიორობაზე საუბარი შეუძლებელია!“

გია ხუხაშვილი: „როცა შენი ქვეყნის კეთილდღეობის ინდექსი ევროპულისგან მკვეთრად განსხვავდება, თანაბარ პარტნიორობაზე საუბარი შეუძლებელია!“
მაია მიშელაძე,"ვერსია"

2017-04-10 09:19:13

რა უნდა გაკეთდეს, საქართველოს ცხოვრების დონე ევროპულს რომ მიუახლოვდეს

საქართველოში ყველა პირობაა, რომ სამთო კურორტები ოთხივე სეზონზე განვითარდეს. თუმცა ექსპერტი გია ხუხაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ურჩევს, სააკაშვილს ნუ დაემსგავსებიან. მისი თქმით, ტურიზმის განვითარების ნაწილში, ,,ოცნებასაც'' იგივე რიტორიკა აქვს, მაგრამ სააკაშვილი ამას ბევრად ხარისხიანად, თანაც დიდი ტაშ-ფანდურით აკეთებდა და ამ მოედანზე, მას ვერ აჯობებენ. ხუხაშვილი ტურიზმის განვითარების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ეს დარგი ეკონომიკის ხერხემალი ვერ იქნება. მისი თქმით, ხელისუფლებამ ეკონომიკის რეალური სექტორი უნდა განავითაროს, რათა ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემა აღმოიფხვრას. სხვათა შორის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის II- კვლევით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უმუშევრობას უმთავრეს პრობლემად ასახელებს. ,,ვერსიასთან'' ინტერვიუში, ექსპერტი გია ხუხაშვილი სწორედ ამ კვლევის შედეგებს აფასებს, თუმცა ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებული სკანდალით დავიწყეთ - 5 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ლევან კობერიძემ, პარლამენტის სხდომაზე აღნიშნა, რომ ექსპერტი პრეზიდენტ მარგველაშვილს, პარლამენტში გამოსვლის ტექსტებს უწერს, რადგან ბოლო დროს, ხუხაშვილი-მარგველაშვილის აზრები ერთმანეთს ემთხვევა.


- ბატონო გია, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტებს მართლა თქვენ წერთ? 


- ამაზე კომენტარიც კი ზედმეტია, რადგან სრული პარანოიაა! ჯერ ერთი, ასე არ არის, მაგრამ ასეც რომ იყოს, ეს რა სალაპარაკოა, არ მესმის! სინამდვილეში, მხოლოდ ვივარაუდე, რომ პრეზიდენტი იმ ძირითად პრობლემებს შეეხება, რაც დღესაა ქვეყანაში. ვგულისხმობ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს, ადამიანის უფლებებს... ამ კომენტარით, ლევან კობერიძემ თავისი პოლიტიკური ,,კვალიფიკაცია'' აჩვენა. სხვათა შორის, მისგან განსხვავებით, ,,ოცნების'' ვალდებულებებსა და დაპირებებზე საკუთარ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მზამზარეულზე მოსული ადამიანებისგან ასეთი საუბარი არასერიოზულია! დღეს რომ კობერიძე პარლამენტში ზის, ეს გარკვეულწილად, ჩემი დამსახურებაა და ამგვარ სისულელეს თავი დაანებოს! ამ კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსთა რეიტინგში მარგველაშვილი ლიდერობს და მის რეიტინგთან დაკავშირებით, სრული ისტერიკაა, ამიტომ დეპუტატების ასეთი ეგზოტიკური გამოსვლები, სწორედ მათ განწყობას ასახავს. ეს ჩვეულებრივი ამბავია, რაც ქართულ პოლიტიკაში არავის უკვირს და საერთოდ არ ვფიქრობ, ლევან კობერიძის კომენტარი ამდენ ამბად ღირდეს. ჩვენზე საუბრის უფლების მისაღებად, მას გრძელი გზა აქვს გასავლელი. 


- IRI- კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 56%, უმთავრეს პრობლემად უმუშევრობას ასახელებს, რაც ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ გადაჭრა. 


- ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სხვადასხვა სუბიექტური და ობიექტური მიზეზის გამო, საშუალო სტატისტიკური ქართველის სოციალური მდგომარეობა მკვეთრად გართულდა. ისედაც არ იყო დალხენილი, მაგრამ ლარის გაუფასურების კვალდაკვალ, ცხოვრება გაძვირდა, შემოსავლები არ გაზრდილა და შესაბამისად, სოციალური წნეხიც დამძიმდა. თანაც, დასაქმების მაჩვენებელი იკლებს. ხელისუფლება ეკონომიკის ზრდაზე კი გვესაუბრება, მაგრამ ეს ინტენსიური კი არა, ე.წ. ექსტენსიური ზრდაა და რეალურად, სამუშაო ადგილების მატებას არ უკავშირდება. დასაქმებული ადამიანების სოციალური მდგომარეობაც გართულდა. თითქოს პარადოქსია, მაგრამ ორიოდე წლის წინ, 1 000-ლარიანი ხელფასი ნორმალურად ითვლებოდა, დღეს კი ასე აღარაა, რადგან სამომხმარებლო კალათაც დამძიმდა. უმუშევრობა უმთავრესი პრობლემაა და პრეზიდენტი ვალდებულია, შესაბამისი რეკომენდაციებიც შესთავაზოს მთავრობას. ვვარაუდობ, მის გამოსვლაში ამ საკითხებს ცენტრალური ადგილი დაეთმობა. 


- გამოკითხულთა დიდი ნაწილი, დაახლოებით 42%, საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად ევროკავშირს ასახელებს, რუსეთს კი მხოლოდ 16% მიიჩნევს საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად. 


- კვლევის ეს შედეგი ლოგიკურია, რადგან ერთადერთი მიმართულება, სადაც ქვეყანა წინ მიიწევს, ევროპული მიმართულებაა და ვიზალიბერალიზაცია ამის მაჩვენებელია. სხვა მიმართულებებით, ასეთი წარმატება და წინგადადგმული ნაბიჯები არ გვაქვს, შესაბამისად, სკეპტიციზმი იგრძნობა. რუსეთთან მიმართებაშიც საგრძნობლად გაცივდა მოსახლეობის განწყობა... მაღალი მაჩვენებელი რუსეთთან თანამშრომლობის საკითხზე მაშინ იყო, როცა ადამიანებს იმედი ჰქონდათ, რომ მოლაპარაკება შესაძლებელი იყო. პრაქტიკამ კი აჩვენა, რომ ასე არ არის და ახლა ამ მხრივ ვარდნა გვაქვს. 


- სკეპტიციზმი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც იგრძნობა - ზოგს მიაჩნია, რომ უვიზო მიმოსვლით ისევ ის ადამიანები ისარგებლებენ, რომლებიც ევროპაში აქამდეც უპრობლემოდ მოგზაურობდნენ. 


- რა თქმა უნდა, ამ სიკეთით დაახლოებით იგივე სეგმენტი ისარგებლებს. სამწუხაროდ, მოსახლეობის დიდი ნაწილი მის შედეგს ვერ ნახავს, ვიდრე ქვეყნის კეთილდღეობის დონე არ გაიზრდება და ადამიანებს ევროპაში მოგზაურობის შესაძლებლობა არ გაუჩნდებათ. არის მეორე ვარიანტიც, იმდენად გაუჭირდებათ, რომ არალეგალური მიგრაცია დაიწყება, რაც არასასურველი სცენარია. ეს შეიძლება სერიოზულ სახელმწიფოებრივ პრობლემად იქცეს. ზიარჭურჭლის პრინციპით ვითარდება აქ ყველაფერი, ლამაზი ცოლი რომ მოიყვანო, პირი ხომ მაინც უნდა დაიბანო? როცა შენი ქვეყნის კეთილდღეობის ინდექსი ევროპულისგან მკვეთრად განსხვავდება, ბუნებრივია, თანაბარ პარტნიორობაზე საუბარი შეუძლებელია. დასაქმების პრობლემა უნდა გადაიჭრას და სოციალური რისკები შემცირდეს, რის გარეშეც ევროინტეგრაცია ბუნებრივი არ იქნება. 


- რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ მოსახლეობა სხვა ქვეყანაში ლეგალურად დასაქმდეს, შესაძლებელია, ევროკავშირის ქვეყნებთან ისეთი ხელშეკრულების შემუშავება, რაც ლეგალურად დასაქმებას ხელს შეუწყობს? 


- რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია და ამ მიმართულებით ნამდვილად ბევრი სამუშაო გვაქვს. მაგალითად, აზერბაიჯანს ვიზალიბერალიზაცია არ მიუღია და მაინც და მაინც არც ევროკავშირისკენ მიილტვის, მაგრამ ამის მიუხედავად, ევროკავშირში სამუშაო კვოტები აქვს. ვფიქრობ, საქართველოს დიდი სამუშაო ველი აქვს, რომ როგორც ცალკეულ ქვეყნებში, ასევე ევროკავშირშიც, მაქსიმალური სამუშაო კვოტები მიიღოს. შესაძლებელია, სამუშაო კვოტები გარკვეული მიმართულებებითა და პროფესიების მიხედვით გამოიყოს. თუ ქვეყნიდან კადრების გადინება არ გვინდა, ისინი აქ უნდა დავასაქმოთ. ლეგალურად დასაქმების შემთხვევაში, ხალხი კვალიფიკაციას აიმაღლებს და როცა საქართველოში სამუშაო ადგილები გაჩნდება, სიხარულით დაბრუნდება. 


- ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა არც ისე შორეული პერსპექტივაა, მაგრამ დაპირებებში ხუთი წელი გავიდა. რა უნდა გაკეთდეს, რომ საქართველოს ცხოვრების დონე ევროპულს მიუახლოვდეს? 


- სტაბილური ეკონომიკის შესაქმნელად, ეკონომიკის რეალური, მწარმოებელი სექტორი უნდა განვავითაროთ. მხოლოდ ეკონომიკის მწარმოებელ სექტორში იქმნება დამატებითი ღირებულება, რაც თავისთავად, სამუშაო ადგილებს ქმნის. დღევანდელი მდგომარეობით, იმპორტ-ექსპორტის სალდო ისეთია, ფაქტობრივად, საქართველო მომხმარებელი ქვეყანაა. ეს ნიშნავს, რომ მუშახელს იმ ქვეყნებში ვასაქმებთ, საიდანაც იმპორტირებულ პროდუქტს მოვიხმართ. ეკონომიკის რეალური სექტორის განსავითარებლად, საკმაოდ მკაცრი, ხისტი და პროტექციონისტული პოლიტიკა უნდა გავატაროთ. მესმის, ლიბერალური რიტორიკა სასიამოვნო და მომგებიანია, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ერთ ეტაპს გავივლით და საკუთარ მწარმოებლურ, კონკურენტულ სექტორს შევქმნით. დღეს თუნდაც არაპოპულარული ნაბიჯები თუ არ გადავდგით, რათა საკუთარი, კონკურენტუნარიანი საწარმოო სექტორი შევქმნათ, სისტემურად არასდროს არაფერი გამოსწორდება. 


- არაპოპულარულ ნაბიჯებში რას გულისხმობთ? 


- გარკვეული პერიოდის განმავლობაში შიდა ბაზრის დაცვას. სამი ან ხუთი წელი ადგილობრივ, გნებავთ უცხოელ ინვესტორებს, საშუალება უნდა მივცეთ, ინვესტიციები რეალურ სექტორში განახორციელონ. ეკონომიკური საზღვარი კი ისე დავიცვათ, რომ პირველ ეტაპზე, გარანტირებული შიდაბაზარი ჰქონდეთ. როცა კონკურენტუნარიანი ადგილობრივი პროდუქცია გვექნება, იმპორტი სახიფათო აღარ იქნება. მარტივი სქემაა და ასე იმოქმედა ყველა ქვეყანამ საკუთარი ეკონომიკის შესაქმნელად. უმუშევრობის პრობლემა მხოლოდ ამ გზით მოგვარდება, რადგან დასაქმება მხოლოდ რეალურ სექტორშია შესაძლებელი. 


- რატომ ვერ დგამს ხელისუფლება ამგვარ ნაბიჯს დღეს, რა უშლის ხელს? 


- პასუხისმგებლობას ვერ იღებს და იმიტომ! ხელისუფლებას სხვადასხვა ვალდებულებებთან დაკავშირებით, იგივე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) მიმართ, გარკვეული შიში აქვს. ყველას უნდა ამ კომფორტში ცხოვრება და ლიბერალური რიტორიკითაც ამიტომ გვკვებავენ, თუმცა ჩვენ დღესაც კი შეგვიძლია საერთაშორისო ინსტიტუტებთან მოლაპარაკების გზით, შევთანხმდეთ, რომ გარკვეული პერიოდი, ხისტი პოლიტიკა გავატაროთ. ასე მოიქცა ბევრი ქვეყანა, იყო პოლემიკა და პრობლემებიც ამ ინსტიტუტებთან, მაგრამ პრობლემები გადაილახა და ამის გამო, მსო-დან არავინ გაურიცხავთ. ჩვენ ახლა ნაციონალურ ინტერესებზე ვსაუბრობთ, რასაც სერიოზული პოლემიკა და რისკი მოყვება, მაგრამ პოლიტიკაც ესაა.

 

ნანახია - 357

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80