ექსკლუზიური ინტერვიუ ალექსანდრე ჯეჯელავასთან
დაიჯესტი

ექსკლუზიური ინტერვიუ ალექსანდრე ჯეჯელავასთან

ექსკლუზიური ინტერვიუ ალექსანდრე ჯეჯელავასთან
ნინო ლურსმანაშვილი,"ვერსია"

2017-04-10 09:20:53

რა საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება პროფესიულ განათლებაში? როგორ უნდა იქცეს სკოლა მოსწავლეების საყვარელ ადგილად, მასწავლებელი კი, მოსწავლის გულშემატკივრად? რა იცვლება სასწავლო გეგმაში? დაურიგებენ თუ არა პირველკლასელებს კომპიუტერებს? მიიღებენ თუ არა სკოლაში 5 წლის ბავშვებს? - ყველა კითხვას, რომელიც ბოლო დროს მოქალაქეებს უჩნდებათ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ,,ვერსიასთან'' ექსკლუზიურ ინტერვიუში პასუხობს.

- ბატონო ალექსანდრე, უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, პრემიერსა და სტუდენტებთან ერთად ევროპის ქვეყნებს ეწვიეთ. ვიზალიბერალიზაცია სტუდენტებს ბევრ სიკეთეს სთავაზობს, მაგრამ საინტერესოა, საქართველოში როდის იქნება შესაძლებლობა, ჭეშმარიტად ევროპული განათლება მიიღო? 


- ვიზალიბერალიზაცია ნებისმიერი ადამიანისთვის დიდი წარმატებაა. ვოცნებობ, მაგალითად, საქართველოში მაღაზიის მფლობელი წავიდეს ევროპის რომელიმე ქვეყანაში და იქაური მაღაზია დაათვალიეროს. ანუ, ეს მარტო სწავლის კი არა, იმის შესაძლებლობაა, მიხვდე და გაითავისო, რეალურად სად მივდივართ. ბედნიერებაა, თუ უფროსკლასელებს მშობლები დამოუკიდებლად უშვებდნენ, მაგალითად ბათუმში, ამიერიდან გაუშვებენ ბუდაპეშტში. 


- გაუშვებენ, ფინანსური შესაძლებლობა თუ ექნებათ. 


- ჩვენი ხელმომჭირნე ხალხი, ერთხელ იქნება თუ ორჯერ, გაუშვებს. მგონია, ბევრი ადამიანი შეეცდება, შვილებს ამ შესაძლებლობით ასარგებლოს და სახელმწიფოც ხელს შეუწყობს. რაც შეეხება ევროპულ განათლებას, ამგვარად გიპასუხებთ: საბჭოთა კავშირში, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა, რიგ სფეროში მესამე-მეოთხე, ზოგში პირველ-მეორე ადგილს იკავებდა. მსოფლიოში საბჭოთა განათლების სისტემა მაღალრეიტინგული იყო. ზოგიერთ სპეციალობაზე კონკურენტული ხარისხი გვაქვს. დღეს საქართველოში, 20-მდე პროგრამაზე, საერთაშორისო დიპლომი გაიცემა, რაც ავტომატურად ნიშნავს ევროპულ თუ ამერიკულ ხარისხს. მომდევნო რამდენიმე წელში, ვფიქრობთ, ამ პროგრამების რაოდენობაც გაიზრდება და მათზე რიცხული სტუდენტებისაც. საქართველოში ევროპული განათლება უკვე არის და გასარკვევი მხოლოდ, უფრო მასობრივი როდის იქნება. მგონია, ეს რამდენიმე წელში მოხდება. 13 აპრილს დუბაიში დიდი საგანმანათლებლო გამოფენა იხსნება, სადაც ჩვენი სამინისტრო, რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელს სიამაყით წარადგენს. ასე რომ, უმაღლეს განათლებაში ძალიან ნათელი პერსპექტივა გვაქვს. 


- იგივეს თქმა თუ შეგიძლიათ პროფესიულ განათლებაზე და რეალისტურია თქვენი სურვილი, სამომავლოდ, პროფსასწავლებელში მეტი ახალგაზრდა წავიდეს, ვიდრე უმაღლესში? 


- სკოლაში ევროპული სტანდარტებისგან ცოტა შორს ვართ და აქ მეტია სამუშაო, თორემ პროფესიული განათლებაც სწრაფად ვითარება. ადრე გვეუბნებოდნენ, ცუდად თუ მოიქცევი, პროფში გაგგზავნითო... ეს სასჯელის მსგავსი იყო, არადა შრომის ბაზარზე, 60% მაინც, სხვადასხვა პროფესიაზე, ხელობაზეა მოთხოვნა. პროფსასწავლებლების პოპულარობა იზრდება და ამას აქვს რამდენიმე მიზეზი: სწავლა უფასოა, პროფესიების რაოდენობა იზრდება და წელს უკვე 150-ს აჭარბებს, გვაქვს დუალური მიდგომა - თან მუშაობ, თან ,,ნათლდები'' და სასწავლებლების უმეტესობა ტექნიკურად, უმაღლესებზე უკეთაა აღჭურვილი. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ახალგაზრდა 5 და მეტი წელი არ უნდა ელოდოს პროფესიაში შესვლას - სწავლა 2-წლიანია, ერთი წლის შემდეგ კი ყველა დასაქმებულია. ანუ, ეუბნები შვილს, შეგიძლია პროფესიას მოკლე დროში დაეუფლო და ერთ წელში იმუშაო. 


ეს თქვენ შვილსაც ურჩიეთ, თურმე. მიიღო უკვე გადაწყვეტილება? 


- ჯერ არა, დაფიქრდა. სამაგიეროდ, უფროსი შვილი ამბობს, ნეტა ჩემ დროს ყოფილიყო ასეთი შესაძლებლობებიო. ბევრი ახალგაზრდა, უმაღლესის პარალელურად სწავლობს პროფსასწავლებელში. თუკი გაინტერესებს, რატომ არ უნდა დაეუფლო უფასოდ ფოტოგრაფიას, მკერავის პროფესიას... 


- უფასო სწავლებას უარყოფითი მხარეც ხომ აქვს - აქ ნაკლებად დაინტერესებული სტუდენტები შეიძლება მოხვდნენ? 


- პროფსასწავლებლებში იმდენად პრაქტიკული სამუშაოა, თუ არ გაინტერესებს, არ გაჩერდები. მევენახეობას რომ სწავლობს ადამიანი, სულ ვენახშია და თუ არ აინტერესებს, ვინ დააკავებს იქ? უმაღლესის უფასო ფაკულტეტებზე უფრო ნახავთ დემოტივირებულ ხალხს, ვიდრე პროფსასწავლებლებში, სადაც ჩქეფს ცხოვრება. იზრდება პროფსასწავლებელში სწავლის მსურველთა რაოდენობაც - შარშანწინ 7,5 ათასი ადამიანი ჩაირიცხა, შარშან 10 ათასი, წელს კი გაზაფხულის ნაკადის რეგისტრაცია 8 აპრილს მთავრდება და მოთხოვნა იმდენად დიდია, ჩვენი ვარაუდით, 12-15 ათასამდე ავა. სოფლის მეურნეობასთან, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროფესიები, ტრაქტორისტი, ამწის ოპერატორი, მდივან-რეფერენტი, მკერავი, პროგრამისტი, ბარმენი, შემდუღებელი, ფილის დამგები... ყველაზე მოთხოვნადია, რადგან მათზე მოთხოვნა ბაზარზეცაა, რაც პრაქტიკულად, ასპროცენტიან დასაქმებას ნიშნავს. ტესტირებაც იმდენად მარტივია, რეპეტიტორი არ გჭირდება. ე.წ. კვალიფიკაციების ევროპულ ჩარჩოზეც გადავდივართ - დიპლომში იწერება რომელი დონის კვალიფიკაცია აქვს, რაც ევროპელი დამსაქმებლისთვის, ადვილად მისახვედრია. ანუ, პირობითად, საფრანგეთში დამსაქმებელი ადვილად მიხვდება, რა შეუძლია საქართველოში დახელოვნებულ, მეოთხე, მესამე ან პირველი დონის მზარეულს, ტორტის მცხობელს, ფოტოგრაფს... 


- ამ სიახლეების გარდა, კიდევ რა ინციატივებია შესაბამის კანონპროექტში? 


- სრულიად ახალი კანონი პროფესიული განათლების შესახებ, ევროპელ მეგობრებთან ერთად შევიმუშავეთ. უმთავრესი სიახლეა სკოლისა და პროფსასწავლებლის თავსებადობა. აქამდე თუ ბავშვი მე-9 კლასიდან წავიდოდა პროფესიულ განათლებაში, უმაღლესში ვეღარ ჩააბარებდა. ჩვენ ვამბობთ, შეუძლია ისწავლოს პროფესიულ სასწავლებელში, ოღონდ სკოლაც დაამთავროს. მგონია, პროფსასწავლებლები გახდება სპეციალიზებული სკოლები. საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივაა ასევე არაფორმალური განათლების აღიარება. ძველი კანონით, მაგალითად ფოტორეპორტიორის დიპლომის აღება რომ მოგენდომებინათ, თუნდაც გამოცდილება გქონოდათ, თქვენს ცოდნას ვერანაირი მეთოდით შეამოწმებდნენ და ელემენტარულიდან უნდა დაგეწყოთ სწავლა. ასე აღარ იქნება და სამომავლოდ, ნასწავლ საგნებს ჩაგითვლით. პარალელურად, შესაძლებელი ხდება, პროფსასწავლებელში ნასწავლი საგანი უმაღლეს სასწავლებელშიც ჩაგეთვალოთ. უამრავი რამ იცვლება კრედიტების დათვლის სისტემაში, დიპლომებთან დაკავშირებით... კანონის საჯარო განხილვები უკვე მიმდინარეობს და ვფიქრობთ, წელს დამტკიცდება. 


- ბრძანეთ, უფასო ფაკულტეტები ისეთ ხალხის ნავსაყუდელი არ უნდა იყოს, რომლებიც სხვა ფაკულტეტებზე ვერ მოხვდნენო. როგორ მოახერხებთ ამას? 


- უფასო ფაკულტეტებზე იპოვი მოტივირებულ ბევრ სტუდენტს, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც სხვაგან ვერ მოხვდა და ქუჩაში დარჩენას, აქ სწავლა ამჯობინა. ეს უნდა მოწესრიგდეს. უნდა შემოწმდეს, რომ ბავშვი ნამდვილად სწავლობს და შედეგს აღწევს. მეტი უფასო ფაკულტეტი უნდა გვქონდეს, ოღონდ ნაკლები ადგილით. თანაც, ამ ადგილებზე, მაღალქულიან აბიტურიენტებზე იყოს მოთხოვნა და არა ისეთებზე, ვინც სხვაგან ვერ ჩაირიცხა. 


- იმას როგორ და რა ვადაში აპირებთ, სკოლაში მოსწავლეები სიხარულით წავიდნენ? 


- ზოგად განათლებაში რამდენიმე სიახლეა. მაგალითად - შესაფერისი სასწავლო პროგრამა. შუა კლასები (მე-6-9) განიტვირთება, საინტერესო და სახალისო გახდება. მე-10-მე-12 კლასების პროგრამა კი - დატვირთული. პარალელურად, 


გვინდა, მასწავლებელი გადაიქცეს გულშემატკივრად. დღეს პედაგოგს ბევრი ე.წ. ბიუროკრატიული ვალდებულება აქვს, რაც უნდა შევცვალოთ - ბავშვთან ურთიერთობის მეტი დრო და ხალისი უნდა ჰქონდეს, კარგ ხასიათზე და ბედნიერი იყოს. პატრიარქმა მითხრა ერთხელ, როცა ამ რეფორმით დაინტერესდა, ქიმია არ მიყვარდა, რადგან მასწავლებელი არ მიყვარდა. შეიცვალა მასწავლებელი და შემიყვარდა საგანიცო. თუ მასწავლებელი შეშინებული და დაძაბულია, ბედნიერი ვერ იქნება. ჩემთვის პრინციპული საკითხია, მასწავლებლებმა თქვან, აგაშენა ღმერთმა, დავისვენეთ, დავმშვიდდითო და მოესიყვარულონ ბავშვებს. ხელფასითაც კმაყოფილები უნდა იყვნენ, ამიტომ, როგორც ვგეგმავდით, საბაზო ხელფასი, დანამატები გაიზრდება.


ყველა პრობლემა კომპლექსურად უნდა მოგვარდეს. ამიტომ ვახსენებ ხშირად, მაგალითად საპირფარეშოებს, თორემ კი არ მეხალისება. ინფრასტრუქტურა თუ არ გაქვს, სამინისტროდან მუშტებს თუ უქნევ, ხელფასი არ არის კარგი და წიგნი და ტექნოლოგია, მასწავლებელს რას სთხოვ? თუ ასეთ პირობებში ვინმე მაინც მაგარ გაკვეთილებს ატარებს, დიმიტრი ყოფილა, გელოვანი. ასეთი გელოვანი ათასობით გვყავს და მათზე უნდა ვილოცოთ, მაგრამ გავაუმჯობესოთ პირობები, რათა მათი რაოდენობა გაათმაგდეს. სხვათა შორის, მუქარა რომ გავაქრეთ და ვთქვით, პრაქტიკოს მასწავლებელს გამოცდის ვერჩაბარების შემთხვევაში სკოლიდან აღარავინ გააგდებსო, გვეუბნებოდნენ, ასე გამოცდის ჩაბარებას აღარავინ ისურვებსო და იცით, რა მოხდა? გაორმაგებულია გამოცდაზე გასვლის მსურველთა რაოდენობა იმიტომ, რომ პედაგოგი აღარ ნერვიულობს, ჩაჭრის აღარ ეშინია, სამაგიეროდ, წინსვლა უნდა. სხვათა შორის, ვცვლით მიდგომას ტექნოლოგიებთან დაკავშირებითაც - ალბათ არცოდნის გამო ვამბობდით, რომ ტექნოლოგიები ჯერ პედაგოგმა უნდა ისწავლოს კარგად და ასწავლოს ბავშვს. ეს თეორიულადაა შეუძლებელი, რადგან 6 წლის ნუცამ უკეთ იცის აიპოდიც, კომპიუტერიც და ტელეფონიც, ვიდრე 60 წლის ნათელა მასწავლებელმა. იმის კვალიფიკაცია, ინტერნეტი გამოიყენონ, ფილმი აჩვენონ მოსწავლეებს... ჩვენს პედაგოგებს აქვთ. პოვერ პოინტისა და სხვა პროგრამის ზედმიწევნით ცოდნა კი აუცილებელი არაა. 


- თქვენი ერთ-ერთი იდეა იყო ძირითადი თანხების პატარა სკოლებისკენ მიმართვა. დიდი სკოლების დირექტორები ამ გადაწყვეტილებას არ აპროტესტებენ? 


- არა. არ დავიჯერებდი, მაგრამ 2100 სკოლიდან, 1400 აღმოჩნდა ისეთი, სადაც 200 ან ნაკლები ბავშვი სწავლობს. ვაპირებ, ეს სკოლები გახდნენ მოწინავე ყველა მიმართულებით. ვფიქრობ, 2-3 წელიწადში გარღვევას მოვახდენთ. ვოცნებობ, ნებისმიერ სოფელში იყოს სკოლა, სადაც შეხვალ და გული გაგინათდება. სამწუხაროდ, სოფლები დაცარიელდა. შენობები დიდია და ცოტა მოსწავლე დადის. არის საშუალება, სკოლა სოფლის ცენტრად იქცეს. საბავშვო ბაღიც იქვე იყოს, სპორტული დარბაზიც მთელი სოფლისთვის იყოს ხელმისაწვდომი და ბიბლიოთეკაც. 


- თუ მოგვარდა სახელმძღვანელოების პრობლემა და წელს თუ მოესწრება ახალი წიგნების დაბეჭდვა? 


- სახელმძღვანელოების პრობლემა არც მოგვარდება იმ გაგებით, რომ ჩვენ დროში სანამ ამთავრებ მის წერას, უკვე მოძველებულია. უნდა მოვახერხოთ, რომ ყოველ წელს ჩნდებოდეს ახალი სახელმძღვანელოები. გადაწყვეტილია, მიუხედავად იმისა, რომ სხვა მოსაზრება მქონდა, სახელმძღვანელოები დარჩება უფასო და მათ გამომცემლები დაამზადებენ. ფასთან დაკავშირებით კონკურენცია აუცილებელია, რადგან ბიუჯეტის თანხებს ვხარჯავთ და ეს პროცესი საკმაოდ მძიმედ მიდის, თუმცა 


პრაქტიკულად, დარწმუნებული ვარ, წელს 1-6 კლასებში ახალი სახელმძღვანელოები გვექნება. სიახლეა, რომ ტექსტი გვექნება გამზადებული, რომელსაც 1 წლის განმავლობაში ყველა გაეცნობა. უფროს კლასებში, როგორც მოგახსენეთ, სასწავლო გეგმაა შესაცვლელი, რაზეც სპეციალისტები თავდაუზოგავად მუშაობენ. წელს პირველად გვექნება ელექტრონული სახელმძღვანელოებიც, რაც ძალიან კარგი სიახლეა. 


- სიახლეს ხომ არ უნდა ველოდეთ ,,ბუქებთან'' დაკავშირებით და 5 წლის ბავშვებს ხომ არ მიიღებენ სკოლაში? 


- არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს 5 წლის ბავშვები ისევ შევლენ სკოლაში. საბჭოთა გადმონაშთია, თითქოს ბავშვმა უნდა მოასწროს სკოლის დამთავრება და ჩაბარება, ჯარის ასაკამდე. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, აუცილებლად უნდა წავიდნენ საქართველოს ჯარში, რომელიც უფრო მოკლევადიანი გახდა. ჯარი ახალგაზრდებისთვის, მათი ფიზიკური მომზადებისთვის, დისციპლინისთვის, დამოუკიდებლობისთვისაა სასარგებლო. რაც შეეხება კომპიუტერებს, სხვა მოსაზრება მქონდა, მაგრამ დამარწმუნეს, რომ სამწუხაროდ, ეს ბევრ ოჯახში, პირველი კომპიუტერია, ამიტომ აუცილებლად გადავცემთ. ასევე გვსურს, იყოს შეღავათიანი განვადება, მაგალითად სმარტფონებზე, რათა ნებისმიერი მოსწავლე იყოს ტექნიკით აღჭურვილი. 


- ბევრ მშობელს აქვს პრეტენზია, პირველკლასელთა რეგისტრაციისას საცხოვრებელი ადგილი პრივილეგიად რომ არ ითვლება. ეთანხმებით? 


- ზოგ სკოლაზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. სკოლას საცხოვრებლის მიხედვით კი არა (ასე რომ იყოს, პრობლემა არ შეიქმნებოდა), იმიჯის, სახელის მიხედვით ირჩევენ. გამოდის, ,,ცუდი'' სკოლების რაოდენობა უნდა შევამციროთ. ამ მიზნით გვინდა, პოპულარულ სკოლებს ახლომდებარე, ნაკლებპოპულარული სკოლები ,,მივუერთოთ''. ვგულისხმობ იმას, რომ ისინი, ერთ ქსელში, ბრენდული სკოლის პარტნიორები იქნებიან. თუმცა სკოლა, რომელიც ლიდერთა სიაში არაა, დამოუკიდებლად რჩება, იგივე დირექტორით და მასწავლებლებით. მათ უნდა განავითარონ ერთმანეთი. ასევე გვინდა მოვსინჯოთ კერძო და საჯარო სკოლების პარტნიორობა, რაც ვფიქრობ, დადებით შედეგს გამოიღებს. 


- დადებითი შედეგი თუ გამოიღო ვიცე-პრემიერად თქვენმა დანიშვნამ. რა დამსახურებისთვის დაინიშნეთ ამ თანამდებობაზე და ნიშნავს თუ არა თქვენი ფუნქცია იმას, რომ პიარი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი სუსტი რგოლია? 


- ჩვენ დროში თანამდებობებით აღარ აჯილდოებენ. ვიცე-პრემიერს მინისტრზე მეტი ხელფასი არ აქვს. ადრე თუ 10 საათამდე ვმუშაობდი, ახლა 12-მდე ვმუშაობ, ერთი კაპიკი ზედმეტი არ ამიღია და ორჯერ მეტი საქმე მაქვს. ასე რომ, ეს დამატებითი პასუხისმგებლობაა. რაც შეეხება საზოგადოებასთან ურთიერთობასა და ახალგაზრდულ პოლიტიკას, რომელსაც ვკურირებ, სუსტი რგოლი არაა, მაგრამ გაუმჯობესების შესაძლებლობა არსებობს. ვალდებულნი ვართ, ეს გავაკეთოთ. გვყავდა ხელისუფლება, რომელიც საქმეს კი არა, პიარს აკეთებდა. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც საქმეს აკეთებს და გვინდა, პიარიც გავაკეთოთ ჯეროვნად. ეს სფერო მაინტერესებს, გამოცდილებაც მაქვს და მგონია, თავს კარგად გავართმევ.

ნანახია - 367

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80