რატომ ჭიანურდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა
დაიჯესტი

რატომ ჭიანურდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა

რატომ ჭიანურდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა
მაია მიშელაძე,"ვერსია"

2017-04-11 16:30:59

როდის დაინიშნება თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით მატარებელი და რა სიკეთეს მოუტანს საქართველოს „საუკუნის პროექტი“

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუდ ჩავუშოღლუს განცხადებას, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა უახლოეს ორ თვეში დასრულდება, საქართველოში დიდი ინტერესი მოჰყვა, რადგან პროექტი ჯერ კიდევ 2012 წელს უნდა დასრულებულიყო... ირკვევა, რომ სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას თურქეთი აჭიანურებს, რომელიც მშენებლობის დასრულების ვადას თითქმის ყოველწლიურად ცვლის.


პროექტის არსი 


ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი ახალი სატრანსპორტო დერეფანია, რომლითაც აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო ხაზები გაერთიანდება. ეს ჩინეთსა და აზიის ქვეყნებიდან ტვირთების გადაზიდვის ალტერნატიული და უმოკლესი გზაა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რეალურად ისეთ ტვირთებს მოემსახურება, რომლებიც თურქეთს აზერბაიჯანიდან ვერ მიეწოდება. საუბარია ენერგომატარებლებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს საზღვაო გადაზიდვებს არ უკავშირდება. ეს თურქეთის ჩრდილოეთ რეგიონში ზღვითა და ოკეანეებით შესულ ტვირთებს შეამცირებს. პროექტი ითვალისწინებს როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო გადაყვანებს; ამიტომაც მას ირანიდან მომავალი სატრანზიტო გზების ერთგვარ ალტერნატივადაც მოიაზრებენ. 


აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყეს. პროექტი საქართველოს ტერიტორიაზე, მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციასა და სადგურ ახალქალაქიდან სადგურ ყარსამდე ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ითვალისწინებდა. ახალქალაქი-ყარსის მონაკვეთიდან საქართველოს მხარეს, ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის საზღვარი) მიმართულებით, სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა უკვე დასრულდა. 


ამ პროექტს დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური ხიბლი აქვს, რადგან მისი მიზანი ახალი სატრანსპორტო კორიდორის ათვისებაა, რომლითაც ერთმანეთს არა მხოლოდ აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო სისტემები დაუკავშირდება, არამედ შორეული აღმოსავლეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთების ტრანსპორტირების რეალური შანსი გაჩნდება. პროექტის პირველ ეტაპზე, რკინიგზის საშუალებით, დაახლოებით, 5 მილიონი ტონა ტვირთი გაივლის, მომავალში კი მისი გამტარუნარიანობა 15 მილიონ ტონამდე გაიზრდება. 


2015 წელს, საქართველოს მონაკვეთზე სატესტო სატვირთო მატარებელმა უკვე გაიარა. პროექტის ფარგლებში, ტვირთების გარდა, მგზავრთა გადაყვანაც იგეგმება, რაც ასევე მნიშვნელოვანია. სხვადასხვა ექსპერტის გაანგარიშებით, საწყის ეტაპზე, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით დაახლოებით, 1 მილიონი მგზავრი გადაადგილება. 


მომავალი რკინიგზის ექსპლოატაციაში შესვლა მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპიდან აზიის მიმართულებით და პირიქით, ტვირთების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის, ჩვენი ქვეყნის მიმართ მსოფლიოს წამყვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეების, მათ შორის, ჩინეთის, იაპონიის, აგრეთვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების გეოპოლიტიკური ინტერესი უფრო გაიზრდება ანუ ჩვენი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში უცხოური ინვესტიციების დაბანდებით გაცილებით მეტი ქვეყანა დაინტერესდება. ყველაფერი ე სკი საქართველოს სტრატეგიული ობიექტები დაცვასა და სტაბილურობასაც განამტკიცებს. 


ევრო-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში, საქართველოს როლის ამაღლება ხელს შეუწყობს ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში. პროექტის წარმატებით განხორციელებისა და სავაჭრო ბრუნვის ზრდით უფრო გამყარდება ურთიერთობები სამ სტრატეგიულ პარტნიორს – აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის. 


როდის დასრულდება მშენებლობა 


ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა, თავდაპირველი ინფორმაციით, 2010 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ფინანსური, პოლიტიკური და რელიეფური სირთულეების გამო, ამ ვადამ რამდენჯერმე გადაიწია და პროექტის დასრულების ვადად ჯერ 2013 წელი, შემდეგ კი 2014, 2015 და ბოლოს, 2016 წელი დასახელდა. ,,ვერსიამ'' გაარკვია, რომ საქართველო მზადაა, პროექტის შემდგომ ეტაპზე გადავიდეს და ამისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც დაიწყოს, თუმცა ქართული მხარე თურქ კოლეგებს ელის, რომლებსაც თურქეთის ტერიტორიაზე მშენებლობა ჯერ არ დაუსრულებიათ. 


ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს საქართველოში შპს ,,მარაბდა-კარწახის რკინიგზა'' კურირებს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. ,,მარაბდა-კარწახის რკინიგზის'' დირექტორის, ოლეგ ბიჭიაშვილის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთზე ამჟამად, 2 000 ადამიანი მუშაობს. პროექტის ბიუჯეტი 755 მილიონი აშშ დოლარია და აქედან მხოლოდ 125 მილიონია ასათვისებელი. 


როგორც აღვნიშნეთ, რამდენიმე დღის წინ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუდ ჩავუშოღლუმ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის ორ თვეში დასრულება დააანონსა, ამიტომ, ,,ვერსია'' დაინტერესდა, თურქი მინისტრი ამ სარკინიგზო მაგისტრალის თურქეთის მონაკვეთის მშენებლობის დასრულებას გულისხმობდა თუ მთლიანად პროექტის. ოლეგ ბიჭიაშვილის განცხადებით, თუ თურქი კოლეგები სამუშაოებს მართლაც ორ თვეში დაასრულებენ, საქართველო მზადაა, პროექტის შემდგომ ეტაპზე გადავიდეს: 


,,თურქეთის აქტიურ პოზიციას ვაფასებთ და მივესალმებით, მაგრამ სამუშაოების დიდი მოცულობის გამო, თურქ კოლეგებს დროის მოცემულ მონაკვეთში ანუ ორ თვეში პროექტის დასრულება გაუჭირდებათ, თუმცა მზად ვართ, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დავიწყოთ. ვფიქრობ, ბატონ ჩავუშოღლუს ამ პროექტის მხოლოდ თურქეთის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების დასრულება ჰქონდა მხედველობაში. მოგეხსენებათ, პროექტის დასრულების ვადა უკვე რამდენჯერმე გადაიდო, რასაც სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს. მაგალითად, სამშენებლო სამუშაოები საქართველოში, ზღვის დონიდან 2 000 მეტრის სიმაღლეზე მიმდინარეობს, სადაც მკაცრი კლიმატური პირობებია''. 


როგორ უმკლავდება საქართველო ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის სამუშაო გრაფიკს მის მონაკვეთზე, მით უმეტეს, მკაცრ კლიმატურ პირობებში? ოლეგ ბიჭიაშვილი აცხადებს, რომ შპს ,,მარაბდა-კარწახის რკინიგზა'' ამ მნიშვნელოვან სამუშაოებს მართლაც ღირსეულად უმკლავდება და სხვადასხვა საკითხს საქართველოს მთავრობის დახმარებით ოპერატიულად წყვეტს: 


,,მკაცრი კლიმატური პირობების მიუხედავად, უკვე დავასრულეთ ჩვენი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები და ახლა თურქ კოლეგებს ველით, რათა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ერთობლივად დავიწყოთ. სამუშაოების ცალმხრივად დაწყება არ შეგვიძლია, რადგან ისეთი ტექნიკური აღჭურვილობა სჭირდება, რაც ზამთრის პირობებში დაზიანდება''. 


ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მაგისტრალის შესაძლებლობებზე საერთაშორისო პრესაში რამდენიმე ციფრი ფიგურირებს. მაგალითად, ცალკეული ექსპერტების მოსაზრებით, ამ მაგისტრალის საშუალებით, ყოველწლიურად 15 მილიონი მშრალი ტვირთისა და მილიონი მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი. ,,ვერსიის'' კითხვაზე, რამდენად რეალურია ეს ციფრები, ოლეგ ბიჭიაშვილმა უპასუხა: 


,,რეალურია, მაგრამ მხოლოდ ამ პროექტის მეორე ეტაპზე! ამჟამად წელიწადში 5 მილიონი ტვირთის გადაზიდვაა შესაძლებელი, თუმცა იმ ხარვეზების გათვალისწინებით, რაც პროექტის მიმდინარეობისას გამოიკვეთა, ტვირთების მოცულობა ახლა 4 მილიონ ტონასაც ვერ გადააჭარბებს. საპროექტო მოცულობის მისაღწევად დამატებითი სამუშაოები დაგვჭირდება, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს სამუშაოები მთლიანად ჩაეტევა პროექტის დასრულებისთვის საჭირო რეალურ ვადებში და საპროექტო მოცულობასაც მივაღწევთ - წელიწადში 5 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვას აუცილებლად შევძლებთ''. 


ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით აზიიდან ევროპაში მხოლოდ ენერგომატარებლები და მშრალი ტვირთები კი არ გაივლის, მგზავრებიც გადაადგილდებიან, თუმცა აქ ერთი დეტალია გასათვალისწინებელი - მაგალითად, თბილისი-სტამბოლის ავიარეისზე ბილეთი ფასი 40-50 ევროს ფარგლებშიც მერყეობს. ამ ფონზე, რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება თუნდაც იგივე მიმართულების სარკინიგზო მარშრუტი? ოლეგ ბიჭიაშვილის თქმით, 40 ან 50-ევროიანი ავიაბილეთები გამონაკლის შემთხვევებში გვხვდება და ეს მკაცრად დადგენილი ტარიფი არაა; მისივე განმარტებით, ამავე მიმართულებით მგზავრები ავტობუსითაც გადაადგილდებიან, მაგრამ რკინიგზა გაცილებით კომფორტულია. შესაბამისად, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე იმოძრავებს სამგზავრო ვაგონებიც, რომლითაც მგზავრები თბილისი-სტამბოლის მიმართულებით კომფორტულად გადაადგილდებიან. 


ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მშრალი და საკონტეინერო ტვირთები ფოთისა და ბათუმის პორტებიდან ბაქო- თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე გადაიქაჩება, მაგრამ ოლეგ ბიჭიაშვილი აცხადებს, რომ ასეთი რისკი არ არსებობს: 


,,თითოეულ მარშრუტს დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. თურქეთში საპროექტო შესაძლებლობების ნახევარს - 2.5 მილიონ ტონა ტვირთს გავუშვებთ. შესაბამისად, ტვირთებს ,,წავართმევთ'' და კონკურენციას გავუწევთ არა შავი ზღვის პორტებს, არამედ დიდ გადამზიდავ კომპანიებს, რომლებიც ოკეანისა და ზღვის საშუალებით, მშრალი ტვირთებით ამარაგებენ თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონს. სწორედ ეს რეგიონი ესაზღვრება საქართველოს და ეს მიმართულება მთლიანად ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე გადმოერთვება. მხედველობაში მაქვს განსაკუთრებით, ენერგომატარებლები და საკონტეინერო გადაზიდვები, რომლებიც ბაქო-ფოთი-თურქეთის მიმართულებით არ გადაადგილდებიან''.

 

ნანახია - 506

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80