გადასახადების გაზრდის საფრთხე
ეკონომიკა

გადასახადების გაზრდის საფრთხე

გადასახადების გაზრდის საფრთხე
ბექა დანელია

2017-04-19 21:30:29

ხელისუფლება კონსტიტუციაში იმ ჩანაწერის შეცვლაზე ფიქრობს, რომელიც გადასახადების გაზრდას რეფერენდუმის გარეშე შეუძლებელს ხდის. ეკონომისტი ამბობენ, რომ მთავრობა ადრე თუ გვიან სწორედ ამ გზას დაადგება, რაც ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოს აუცილებლად დააზარალებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციის 94-ე მუხლის ცვლილებაზე ისაუბრა. ეს მუხლი, გარდა აქციზისა, გადასახადების გაზრდასა და ახალი გადასახადის შემოღებაზე რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს.

“დისკუსია მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით. არის სხვადასხვა არგუმენტი, კონტრარგუმენტი, დამატებით გვქონდა შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან, მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან, განვიხილეთ პლუსები და მინუსები. ნებისმიერ რეგულაციას აქვს თავისი ძლიერი მხარე, ნაკლოვანება. ამ ყველაფრის აწონ-დაწონვის საფუძველზე გაგრძელდება დისკუსია შესაბამის ჩანაწერთან დაკავშირებით”, - განაცხადა კობახიძემ.

ექსპერტები შესაძლო ცვლილებას უარყოფითად აფასებენ. ეკონომისტი ბესო ნამჩავიძე თვლის, რომ ხელისუფლებას გადასახადების გაზრდა აქვს გადაწყვეტილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ მუხლს არ შეეხებოდნენ. საკონსტიტუციო ნორმის შეცვლა ბიზნეს გარემოს დააზარალებს.

“უარყოფითი ნაბიჯი იქნება ამის გაკეთება, ჯერჯერობით საქართველო არის ისეთი ქვეყანა, რომ სტაბილური ბიზნეს გარემო გვჭირდება. 94-ე მუხლი მომავალი ინვესტორებისთვის გარანტიას ქმნის, რომ გადასახადები ამ ქვეყანაში არ გაიზრდება. მისი გაუქმება შეიძლება იმდენად არ იყოს პრობლემა, რამდენადაც სურვილი, რომ იგი შეიცვალოს. თუ მიზნად გადასახადების გაზრდა არ აქვთ, ამ მუხლს არ შეეხებოდნენ. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი საარჩევნო სისტემით რეალურად მოსახლეობის 25%-ს შეუძლია საკონსტიტუციო უმრავლესობის ჩამოყალიბება, ასეთ პირობებში უფრო რთული უნდა იყოს გადასახადების შეცვლა და მხოლოდ პარლამენტის თანხმობა არ უნდა იყოს საკმარისი.

ევროპის ქვეყნების გამოცდილებასთან შედარება ასე პირდაპირ არ შეიძლება. მე ვფიქრობ, რომ ის რაც ჩვენთანაა, უფრო უკეთესია და არა უარესი. ამიტომ ამ მუხლის შეცვლა ბიზნეს გარემოს დააზარალებს”, - განუცხადა “ჯი-ეიჩ-ენს” ნამჩავიძემ.

ეკონომიკური თავისუფლების გარანტად მიიჩნევს 94-ე მუხლს ეკონომისტი გიორგი პაპავა. მისი აზრით, საქართველო არ არის ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა და სჭირდება ხელჩასაჭიდი გარანტიები, რათა არ განხორციელდეს ისეთი ცვლილებები, რაც მოსახლეობას დამტებითი პრობლემას შეუქმნის.

“საქართველო არის ქვეყანა, რომელიც გამორჩეულია ეკონომიკური თავისუფლებით და ამის ერთ-ერთი გარანტი კონსტიტუციაში ის ჩანაწერია, რომელიც გადასახადების გაზრდას ზღუდავს. არ არის საჭირო მასში ცვლილებების შეტანა.

კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ფისკალური პოლიტიკის განსახორციელებლად აუცილებლად საჭიროა ისეთი ფონი, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება გადასახადების გაზრდა. ისეთი ღარიბი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა ეს გადასახადებიც საკმარისია, რომ სახელმწიფომ ფისკალური პოლიტიკა წარმართოს.

ყველა ქვეყანაში არის პროგრესული გადასახადი, როდესაც მდიდარი უფრო მეტს იხდის, თუმცა საქართველოში არ გვყავს ისეთი მდიდარი მოსახლეობა, რომ მათ კიდევ გავუზარდოთ წნეხი. ახალი გადასახადების შემოღების ფუფუნება ჩვენ ქვეყანას არ აქვს”, - აღნიშნა პაპავამ.

ნანახია - 628

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80