რა რესურსებს ეყრდნობა „რბილი ძალა“ (აშშ-ის მაგალითზე)
ბლოგი

რა რესურსებს ეყრდნობა „რბილი ძალა“ (აშშ-ის მაგალითზე)

რა რესურსებს ეყრდნობა „რბილი ძალა“ (აშშ-ის მაგალითზე)
ვაჟა შუბითიძე

2017-04-22 20:00:20

ბოლო წლებში ქართველ პოლიტოლოგთა და პოლიტიკოსთა შორის დიდია დაინტერესება „რბილი ძალის“ თეორიისადმი, რომლის ავტორია ცნობილი ამერიკელი პროფესორი ჯოზეფ ნაი.

ჯოზეფ ნაიმ ჯერ 1990 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „მეთაურობისკენ წაძღოლა“ გააჟღერა პირველად ეს ტერმინი, მერე კი, 2004 წელს სპეციალური წიგნი უძღვნა  მას სახელწოდებით „რბილი ძალა - მსოფლიო პოლიტიკაში მიზნის მიღწევის საშუალება“.ეს ფაქტიურად ახალი მიდგომაა საერთაშორისო ურთიერთობებსა და საგარეო პოლიტიკაში. „რბილი ძალის“ თეორია რეალურად ემიჯნება „უხეში ძალის“თეორიას. ეს არის მიზიდულობის, ინტერესის გაზრდა ქვეყნისადმი იძულების გარეშე: „ის წარმოიშობა ქვეყნის კულტურის მომხიბვლელობით, პოლიტიკური იდეალებით და ისეთი პოლიტიკით, როცა ჩვენი პოლიტიკა სხვების თვალში ჩანს კანონიერი, ეს აძლიერებს ჩვენს“რბილ ძალას“, - წერს ჯ. ნაი თავის წიგნში.

რბილ ძალას ძირითადად დიდი სახელმწიფოები იყენებენ როგორც პატარა ქვეყნების, ასევე ერთმანეთის მიმართ (აშშ, რუსეთი, ჩინეთი, გერმანია, იაპონია, საფრანგეთი და სხვა). მიუხედავად იმისა, რომ ამას ისინი განსხვავებული ფორმებითა და მეთოდებით იყენებენ, არსი და შედეგები მაინც ერთია - მოახდინონ ამ ქვეყნებზე სერიოზული კულტურულ - ეკონომიური და საგარეო გავლენა. (ესაა შიშისა და სიყვარულის ერთგვარი ჰიბრიდი თანამედროვე გაგებით).

ძლიერი ქვეყნის „რბილი ძალა“ ძირითადად ეყრდნობა სამ რესურსს: კულტურა, პოლიტიკური ღირებულებები და საგარეო პოლიტიკა (ჩვენ ამას ვუმატებთ ეროვნულიცხოვრების წესს. მაგ: ამერიკული ცხოვრების წესი, რომელიც დაფუძნებულია თავისუფლებასა და კეთილდღეობაზე და რომლის პროპაგანდაც მიდის დღეს მთელ მსოფლიოში, თუმცა მას დღემდე ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. თავის დროზე, 1930-იან წლებში თავის ბრწყინვალე ნაშრომში „მასების ამბოხი“ (თარგმნა ბაჩანა ბრეგვაძემ) ხოსე ორტეგა ი გასეტი წერდა, რომ „ამერიკაში ტექნიკის უკანასკნელი მიღწევების ნიღაბქვეშ იმალება პირველყოფილი ხალხი“. იმავე ხანებში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი კონსტანტინე გამსახურდია აღნიშნავდა, რომ „ამერიკელებმა მსოფლიოში ვერაფერი შექმნეს დოლარისა და სიმაძღრის კულტის გარდა“.

ჯ. ნაის აზრით კულტურა არის ღირებულებების და ინსტრუქციების ნაკრები (ნაზავი), რაც საზოგადოებრივი  აზრის  ჩამოყალიბებაზე  მთავარ გავლენას ახდენს. კულტურასბევრი გამოვლინება აქვს. მათ შორისაა მაღალი კულტურა - ლიტერატურა, ხელოვნება, და განათლება, რომელიც იზიდავს მაღალ საზოგადოებას და პოპულარული კულტურა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს მასობრივ გართობაზე.

როდესაც ქვეყნის კულტურა მოიცავს საყოველთაო ღირებულებებს და მისი პოლიტიკა ხელს უწყობს ისეთ ღირებულებებსა და ინტერესებს, რასაც სხვები იზიარებენიზრდება სასურველი შედეგების მიღების შესაძლებლობა მიმზიდველობის, ურთიერთობის და მოვალეობის გამო, რასაც ეს კულტურა ქმნის.

ჯ. ნაის აზრით ვიწრო, დაბალი ღირებულებები და კულტურა ნაკლებად წარმოშობს „რბილ ძალას“ (ამის კარგი მაგალითია ბერძნული კულტურა. ტერიტორიული სიმცირის მიუხედავად ათენიდან ის თითქმის მთელ მსოფლიოში გავრცელდა, მათ შორის რომში, მერე კი ბერძნულ - რომაული კულტურის ნაზავი ასევე მთელ მსოფლიოს მოედო - ვ.შ. ) გერმანელი პუბლიცისტი ჯოზეფ ჯოფი ამტკიცებდა, რომ აშშ სარგებლობს უნივერსალური კულტურით და რომ მისი „რბილი ძალა არის უფრო დიდიც და მნიშვნელოვანიც, ვიდრე მისი ეკონომიკური და სამხედრო აქტივები. ყოველივე ამას იგი უკავშირებდა ამერიკულ კულტურას და ფიქრობდა, რომ აშშ რბილი ძალა მართავდა იმპერიას, რომელშიც მზე არასდროს ჩადის.                                                                                                                                                                                                                                                                                                                       ზოგი პოლიტოლოგი „რბილ ძალას“ განიხილავს უბრალოდ, როგორც პოპულარულ - კულტურულ ძალას და ათანაბრებს მას „რბილი ძალის“ კულტურულ  რესურსებთან, თუმცა ჯ. ნაის აზრით ეს არის შეცდომა. ასეთები ერთმანეთში ურევენ კულტურულ რესურსებს მიმზიდველობის ქცევასთან. მაგალითად, ისტორიკოსი ნია ფერგიუსონი „რბილ ძალას“ აიგივებს ისეთ არატრადიციულ ძალებთან, როგორიცაა კულტურული და კომერციული საქონელი (სხვათა შორის „ ბითლზმა“ საგანგებო სიმღერაც კი მიუძღვნა იაპონური მაღალი მარკის საქონელს, როგორც ეტალონს, სათაურით  „დამზადებულია  იაპონიაში“).

ამ კონტექსტში გამოთქმულია მოსაზრება, რომ „კოკა-კოლა,“ მაკდონალდსის „ბიგმაკი“ კი არ ხიბლავს ხალხს, რომ უყვარდეთ აშშ (თუმცა საქართველოში მშობლების და ბებია - ბაბუებს ლამის ძალით მიჰყავთ პატარები „მაკდონალდსში“ და თავიდანვე აჩვევენ ამ უგემურ პროდუქტებს, რომელიც ჯანმრთელობისთვისაც არაა სასარგებელი - ვ.შ.), ისევე როგორც ჩრ. კორეის დიქტატორის სიყვარული ამერიკული ვიდეო ფილმებისადმი გავლენას არ ახდენს მის ანტიამერიკულ ბირთვულ პროგრამებზე; ისევე როგორც საუცხოო ღვინო და 365 სახეობის ყველი ვერ აძლევს საფრანგეთს მიმზიდველობის გარანტიას და არც პოკემონის თამაშების პოპულარობა მსოფლიოში მისცემს გარანტიას, რომ იაპონია მიიღებს სასურველ პოლიტიკურ თუ სამხედრო შედეგებს.

ჯ. ნაი სწორად მიუთითებს, რომ პოპულარული კულტურაც ხშირად შეიძლება იქცეს რესურსად, რაც ქმნის „რბილ ძალას“ და საინტერესო ამერიკული ფილმები შეიძლება იყოს უფრო ეფექტური, ვიდრე აშშ ელჩის სიტყვები კანონის,  წესის შესახებ (ეს მართლაც უდავოა. რომ პოპულარულმა ამერიკელმა მსახიობებმა უფრო დადებითად განაწყეს ქართველები აშშ-სადმი,  ვიდრე  აშშ ელჩებმა საქართველოში, რომლებიც ხშირად ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში თუ საკადრო სისტემაში, იძლევიან ინსტრუქციებს, რითაც უარყოფითად განაწყობენ საქართველოს მოსახლეობას აშშ-სადმი - ვ. შ.).

„რბილი ძალის“ კონცეფციაში ხაზგასმულია ამერიკული პოპულარული კულტურის მიმზიდველობა, თუმცა  გამოითქმება  მოსაზრებები  იმის თაობაზეც, რომ სხვადასხვა რეგიონში  და ჯგუფში  შეიძლება მისგან განხიბვლაც მოხდეს, ანუ ერთ შემთხვევაში მისაღები ამერიკული პოპულარული კულტურა, მეორე შემთხვევაში მიუღებელი აღმოჩნდეს.

„რბილ ძალას“ ასევე უკავშირდება პირადი ურთიერთობები, შეხვედრები და გაცვლები, აზრები და ღირებულებები, რომელიც აშშ გააქვს და ეს ყველაფერი 1 მილიონამდე სტუდენტის გონებაშია, რომლებიც ყოველწლიურად სწავლობენ ამერიკულ ცნობილ უნივერსიტეტებში და შემდეგ შინ დაბრუნებულნი თავიანთი ქვეყნების  ელიტარული ნაწილი ხდებიან. მაგალითად, თანამედროვე ჩინეთის  ლიდერთა შვილების აბსოლუტურ უმრავლესობას განათლება აშშ-ში აქვს მიღებული და ცალკეულ შემთხვევაში თავის ქვეყანაში ახმოვანებენ და განასახიერებენ აშშ-ის რეალისტურ ხედვას.

„რბილი ძალის“ კიდევ ერთ პოტენციურ წყაროდ მიჩნეულია მთავრობის საგარეო  და საშინაო პოლიტიკა, რასაც მოაქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგი. მაგ. მკვლევართა აზრით რასობრივი  სეგრეგაციის პოლიტიკა აშშ-ში 1950 წელს, ძირშიმოკვეთა  ამერიკული რბილი ძალა აფრიკის კონტინენტზე.

სიკვდილით დასჯის პრაქტიკა და იარაღის გაკონტროლების კანონის დიდი სისუსტე ძირში ჭრის ამერიკულ „რბილ ძალას“ ევროპაში, ისევე როგორც ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობა ევროკავშირის დასუსტებაზე ან საერთოდ დაშლაზე. ანალოგიურად საგარეო პოლიტიკის ხარვეზები ძლიერ გავლენას ახდენს „ რბილ ძალაზე“. მაგ. ჯიმი კარტერის (1976-80) მიერ გატარებულ „ადამიანის უფლებების“ პოლიტიკა უარყო 1980 წელს არგენტინის სამხედრო ხელისუფლებამ. მოგვიანებით, 1990 - იან წლებში არგენტინის მთავრობა აშშ პოლიტიკის მხარდამჭერი გახდა გაეროში, თუმცა 10 წლის შემდეგ კვლავ შეიცვალა, როცა აშშ მცდელობამ გადაერჩინა კოლაფსისაგან არგენტინის ეკონომიკა, მარცხი განიცადა.

მთავრობის პოლიტიკამ შეიძლება გააძლიეროს ან დაასუსტოს ქვეყნის „ რბილი ძალა“ საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მეტისმეტად მკაცრი, ქედმაღალი, სხვების აზრთან ინდიფერენტული და ა. შ. მიდგომებით. მაგ. აშშ-ის მიმზიდველობა მკვეთრად შემცირდა 2003 წელს (ასევე 2010-11 წლებში „არაბული გაზაფხულის პერიოდში“), ერაყის ომის შემდეგ, როდესაც სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებმა გამოავლინა ხალხის უარყოფითი დამოკიდებულება პრეზიდენტ ბუშის (შვილის) პოლიტიკისადმი.

საინტერესოა რომ ბევრ ქვეყანაში ანსხვავებენ ამერიკელ ხალხს და კულტურას ამერიკული პოლიტიკისაგან. ბევრ ქვეყანაში ხალხი თაყვანს სცემს აშშ-ს მისი ტექნოლოგიების, მუსიკის, კინოს, ტელევიზიის, კულტურის გამო, მაგრამ დიდი უმრავლესობა უმეტეს ქვეყნებში მიიჩნევს, რომ არ მოსწონთ აშშ მზარდი ზეგავლენა მათ ქვეყნებზე.

„რბილი ძალის“ კონცეპციაში წინ არის წამოწეული სამხედრო ძალის ცვალებადი როლი და ხაზგასმულია, რომ XX საუკუნეშიმეცნიერებამ, გაუმჯობესებულმა  ტექნოლოგიებმა ახალი განზომილება შესძინა ძალის რესურსებს. ამასთან მსოფლიოში იზრდება სამხედრო ძალის გამოყენების ღირებულებები. ის რაც განხორციელებადი იყო XIX-XX საუკუნეებში, უბრალოდ ძვირი გახდა XXI საუკუნეში. დღევანდელ სინამდვილეში ძალის გამოყენება საფრთხეს უქმნის ძალის გამომყენებელ ქვეყნებს. დღეს თითქმის წარმოუდგენელია, რომ აშშ ძალა გამოიყენოს კანადასთან ან ევროკავშირის ქვეყნებთან დავების გადასაჭრელად. ადრეული პერიოდისაგან განსხვავებით უკვე არსებობენ ე. წ. „მშვიდობის კუნძულები“, სადაც ძალის გამოყენება მეტად აღარ არის უპირატესი სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში. ეს ყოველივე კი ზრდის „რბილი ძალის“ მნიშვნელობას.

„რბილი ძალის კონცეპციაში მნიშვნელოვანია ტერორიზმის ზრდის და ომის პრივატიზაციის თემა. ნიშანდობლივია, რომ ტერორიზმის მასშტაბები გააფართოვა საბჭოთა კავშირის დაშლამ და ერთპოლუსიანი სისტემის შექმნამ აშშ ჰეგემონობით. ტერორიზმის გაძლიერება და გაფართოვება ასევე დაკავშირებულია საინფორმაციო რევოლუციასთან, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციის და ორგანიზაციის იაფ საშუალებას, ხოლო მეორეს მხრივ „ტექნოლოგიის  დემოკრატიზებით“ უზრუნველყოფილია მასობრივი განადგურების იარაღის ხელმისაწვდომობა. ყოველივე ამან ტერორიზმი აქცია დიდ საერთაშორისო ძალად, რომლისთვისაც ადვილად მისაღწევიგახდა 2001 წლის 11 სექტემბრის ურთულესი და უმძიმესი ტერაქტის განხორციელება აშშ-ში და 2015-16 წლებში ევროპის დედაქალაქებში. საინტერესოა, რომ ტექნოლოგიის დემოკრატიზაცია პირდაპირ უწყობს ხელს მსოფლიოს საერთო საფრთხეების ზრდას. ყოველწლიურად ხდება ასობით ტერაქტი და ნადგურდება ათასობით ადამიანი სახელმწიფო იარაღის გარეშე. ეს არის ჭეშმარიტად „ ომის პრივატიზაცია“ და იგი წარმოადგენს ტრაგიკულ და დრამატულ ცვლილებას მსოფლიო პოლიტიკაში. უფრო მეტიც - ტერორიზმის ესკალაციის ამ შემდგომ ნაბიჯს შეიძლება ჰქონდეს ღრმა ეფექტი ჩვენი ქალაქების ცივილიზაციის  ბუნებაზე და მომავალმა შეჯახებამ შეიძლება გაანადგუროს მანჰეტენის ქვედა ნახევარი, ლონდონის ქალაქის ტერიტორია ან პარიზის მარცხენა სანაპირო. (ჯ. ნაი)

დღევანდელ ტერორისტულ დაჯგუფებებს (მაგ. ისლამურ სახელმწიფოს, ალ - ქაიდას) აქვთ როგორც რბილი, ასევე ხისტი ძალა. აშშ ამის გამო შეცვალა თავისი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და გადაიტანა ყურადღება ტერორიზმზე და მასობრივი განადგურების იარაღზე 2001 წლის ტერაქტის მერე.

საინტერესოა „ხისტი“ და „რბილი ძალის“ ურთიერთქმედების საკითხიც, მითუმეტეს,  როცა ისინი ზოგჯერ აძლიერებენ და ზოგჯერ აბრკოლებენ ერთმანეთს.

მსოფლიო ისტორიის მანძილზე სუსტი სახელმწიფოები ერთიანდებიან უფრო ძლიერი სახელმწიფო ძალის შესაკვეცად, ზოგჯერ კი სუსტებს იზიდავს შეახტნენ ძლიერი ქვეყნის მიერ მართულ ფურგონებს, განსაკუთრებით, როცა მათ პატარა არჩევანი აქვთ ან როცა დიდი ქვეყნის სამხედრო ძალა (რუსეთი) თანხლებულია „რბილი ძალით“ ( ასეთ სიტუაციაშია დღეს საქართველო).

საინფორმაციო რევოლუციამ და ეკონომიკის გლობალიზაციამ მოახდინა მსოფლიოს ტრანსფორმაცია, შესაბამისად გაიზარდა ამერიკული ძალა, მაგრამ ტექნოლოგია სწრაფად გავრცელდა სხვა ქვეყნებშიც და აშშ შედარებითი უპირატესობა თანდათანობით სუსტდება.

დღეისათვის აშშ-ს მოსახლეობა შეადგენს მსოფლიო მოსახლეობის 5%-ს, მაგრამ მსოფლიოს ნახევარზე მეტი ინტერნეტის მომხმარებელი ჰყავს.  ჯ. ნაის აზრით ინგლისური შეიძლება დარჩეს მთავარ საერთაშორისო ენად, როგორც ლათინური რომის ძლევამოსილების დაცემის მერე. მისი ხედვით, რაღაც თვალსაზრისით ოცწლეულის ფარგლებში აზიური კიბერ - საზოგადოება და ეკონომიკა შეიძლება გამოიყურებოდეს უფრო დიდად, ვიდრე ამერიკული (მართლაც, 2016 წელს უკვე ჩინეთის ეკონომიკის მთლიანმა მოცულობამ 200 მილიარდი დოლარით გადაასწრო ამერიკას).

გლობალურ საინფორმაციო ეპოქაში „ რბილი ძალის“ მნიშვნელობა უნდა გაიზარდოს. ნაწილობრივ ის არის სოციალური და ეკონომიკური შუალედური პროდუქტი, ვიდრე ოფიციალური სამთავრობო მოქმედების ერთადერთი შედეგი. სხვა ქვეყნებთან შედარებით გრძელვადიან პერიოდში აშშ შეიძლება იხეიროს „  რბილი ძალის“ პოლიტიკით, თუმცა არსებობს საფრთხე, რომ აშშ  შეიძლება შეინიღბოს მისი ღირებულებების  ღრმა მესიჯი ქედმაღლობით, სხვათა  არად ჩაგდებით. ამერიკული კულტურა ჯერჯერობით  ყველგან ეხმარება „რბილი ძალის“ წარმოქმნას საინფორმაციო ეპოქაში, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა ამერიკის პოლიტიკას თავი აერიდებინა ქედმაღლობისათვის (განსაკუთრებით პატარა ქვეყნების და მუსულმანური სახელმწიფოების მიმართ - ვ. შ.) და მხარი დაეჭირა ღირებულებებისათვის (ჯ. ნაი).

„რბილი ძალის“ უზრუნველსაყოფად ჯერჯერობით მაინც ყველაზე მეტი რესურსი აშშ გააჩნია, ამ შემთხვევაში წინა პლანზეა წამოწეული ეკონომიკური რეპუტაცია და მიმზიდველობა, მითუმეტეს მსოფლიოში აღიარებული 500 -ზე მეტი ტრანსნაციონალური კომპანიიდან ნახევარი ამერიკულია ( მეორე ადგილზეა იაპონია). მსოფლიოს 100 საუკეთესო ბრენდიდან 62 ამერიკულია, ხოლო 10 ბიზნეს სკოლიდან 8 ასევე ამერიკულია.

აშშ -ში ცხოვრობს ყველაზე მეტი ემიგრანტი მსოფლიოში, ფილმების და სატელევიზიო გადაცემების მხრივ აშშ ითვლება N1 ექსპორტიორ ქვეყნად, მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის „ბოლივუდი“ უფრო მეტ ფილმს უშვებს.

საკუთარი ქვეყნის გარეთ მსოფლიოში ჩარიცხული 1,6 მილიონი სტუდენტიდან 28%  მოდის ამერიკაზე,  14 % - დიდ ბრიტანეთზე.

აშშ-ს ჰყავს ყველაზე მეტი მეცნიერი მსოფლიოში, აქვეყნებს ყველაზე მეტ წიგნებს, პირველ ადგილზეა მუსიკის გაყიდვებით, ინტერნეტ ვებ - გვერდების მფლობელობით. აშშ პირველ ადგილს იკავებს  ნობელის ლაურეატებით ფიზიკაში, ქიმიაში, ეკონომიკაში, მეორე ადგილზეა ნობელიანტი მწერლებით ლიტერატურაში. აშშ - ში ქვეყნდება ყველაზე მეტი სამეცნიერო და საჟურნალო სტატიები და ა. შ.

2002 წლის გამოკითხვით აშშ მიმზიდველი ქვეყანა გახდა ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევებით, მუსიკით, კინო და ტელევიზიით. ამავდროულად ამ ქვეყნებიდან 34 სახელმწიფოს არ მოსწონდა აშშ მზარდი გავლენა მათ ქვეყნებში.

ვიეტნამთან ომის დროს აშშ საერთო პოპულარობა (1965– 1972 წ.წ.)  23 პუნქტით დაეცა   დიდ  ბრიტანეთში, 32-ით - გერმანიაში, 12-ით- იტალიაში, 7-ით - საფრანგეთში. (ჯ. ნაი)

ანალიზი აჩვენებს, რომ ანტიამერიკანიზმი ყოველთვის არსებობდა ამერიკული საზოგადოების, ღირებულებების და კულტურის ღრმა უარყოფის გამოხატვით. მაგ: XVIII საუკუნეში ზოგიერთი ევროპელი ამტკიცებდა, რომ ამერიკული ეკონომიკური პოლიტიკა ახალ სამყაროში ცხოვრების ფორმების გადაგვარებას იწვევდა, თუმცა XIX საუკუნის ევროპელები ამერიკას უყურებდნენ როგორც თავისუფლების სიმბოლოს. ჩარლზ დიკენსი ამერიკელებში ხედავდა „გაქნილების  და თაღლითების ხმაურიან ბრბოს“, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში მწერალი ვირჯინია ვულფი ამერიკას განიხილავდა როგორც უყურადღებობის და უინტერესობის ნაზავს.

ბევრი ევროპელი მემარცხენისთვის აშშ იყო მუშათა კლასის კაპიტალისტური ექსპლოატაციის სიმბოლო, ხოლო მემარჯვენეები ხედავდნენ მასში გადაგვარებას მისი რასობრივი დაბინძურების გამო.

აშშ მიმზიდველობა საკმაოდ დაეცა 2003 წელს ერაყის ომის შემდეგ. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ აშშ  საშუალოდ  მხარდაჭერის  30 პუნქტი  დაკარგა უმეტეს ევროპულ ქვეყნებში. მხარდაჭერის დონე საკმაოდ დაეცა ისლამურ ქვეყნებშიც. ომის შემდეგ გამოკითხული 191 ქვეყნიდან 130 - ში ამერიკის არახელსაყრელი სურათი ფიქსირდებოდა და უმეტესობა ამ ქვეყნებში ფიქრობდა, რომ ეს ბუშის ადმინისტრაციის ბრალი იყო და არა იმდენად ამერიკის (ჯ. ნაი).

ამასთანავე ჯ. ნაი მიიჩნევს რომ აშშ შეიძლება ჩაითვალოს გლობალიზაციის ერთ  -  ერთ უდიდეს ცენტრად, თუმცა არ შეიძლება  გლობალიზაციის გათანაბრება ამერიკანიზაციასთან. ამის დასტურია ის, რომ აშშ არ არის სიის სათავეში პოტენციური მიზიდვის ყველა საზომით. მაგ. გაეროს  2003 წლის განვითარებას პროგრამის სიცოცხლის ხარისხის მაჩვენებლის მიხედვით, რომელიც გულისხმობს არა მარტო შემოსავალს, არამედ განათლებას, ჯანდაცვას და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას.აშშ ჩამოიტოვა ნორვეგიამ, დანიამ, ისლანდიამ, შვეციამ, ფინეთმა, ავსტრიამ, ჰოლანდიამ, ბელგიამ - როგორც საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნებმა.

 იაპონია წინაა აშშ - ზე გაცემული დიპლომების რაოდენობით და მთლიანი ნაციონალური პროდუქტის პროცენტულობით და მეტს ხარჯავს სამეცნიერო კვლევაზე და განვითარებაზე. აშშ-ს ბრიტანეთი და გერმანია უსწრებენ თავშესაფრების მაძიებელთა კუთხითაც. იაპონია ასევე ლიდერობს ანიმაციის შექმნით და ყველაზე   პოპულარული ვიდეო - თამაშებით მსოფლიოში.  რეალითი პროგრამების ზრდა სატელევიზიო გადაცემებში გავრცელდა ევროპიდან აშშშიში, ინგლისური ფეხბურთი უფრო პოპულარულია მთელს მსოფლიოში, ვიდრე ამერიკული  ფეხბურთი,  „ბითლზი“ და „ როლინგ სტოუნზი“ ამერიკაში იყვნენ იმპორტირებულნი დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკული  „ მაკდონალდსიც“ კი საფრანგეთიდან სწავლობს ზოგიერთი მისი ამერიკული რესტორნის რეკონსტრუქციას.

ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ გლობალიზაცია უფრო მეტია, ვიდრე ამერიკანიზაცია, თუმცა ანტიგლობალისტებისთვის ანტიამერიკანიზმი ხშირად სასარგებლო იარაღია და გლობალიზაცია გარკვეულწილად გაიგივებულია აშშ - თან.     

ნანახია - 1090

arichopra 2

2017-04-22 22:07:52

"მაგ. გაეროს 2003 წლის განვითარებას პროგრამის სიცოცხლის ხარისხის მაჩვენებლის მიხედვით, რომელიც გულისხმობს არა მარტო შემოსავალს, არამედ განათლებას, ჯანდაცვას და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას.აშშ ჩამოიტოვა ნორვეგიამ, დანიამ, ისლანდიამ, შვეციამ, ფინეთმა, ავსტრიამ, ჰოლანდიამ, ბელგიამ - როგორც საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნებმა".
ჩემი აზრით კი საუკეთესო საცხოვრებელი ქვეყანა არის საქართველო, განსაკუთრებით ფშავ-ხევსურეთი.

papa

2017-04-23 00:39:36

ჩოპრა

თუშეთი ჩოპრა ... თუშეთი
საქართველო ძალიან ლამაზია, ძალიან(ყველა ვიცი) ....მაგრააააამ თუშეთიიიიი...??
ვერ აგიწერ ისეთია!!!!...
ერთი კანადელი მესამედ ვნახე ...... მოტოციკლეტით დადის.
..საქართველოთი ...გიჟსა გავს!!(ქართულს სწავლობს...)

მეგრელი

2017-04-23 00:51:43

ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ გლობალიზაცია უფრო მეტია, ვიდრე ამერიკანიზაცია, თუმცა ანტიგლობალისტებისთვის ანტიამერიკანიზმი ხშირად სასარგებლო იარაღია და გლობალიზაცია გარკვეულწილად გაიგივებულია აშშ - თან.
------------------------------------------------------
------------------------------------------------------
მოცემული თემა არის სადისკუსიო.
გლობალიზაცია რომ გაიგივებულია ამერიკანიზციასთან ეს გამოწვეულია იმით , რომ მე-20 საუკუნეში გაძლიერდა აშშ პოლიტიკური გავლენა. იგივე გოლივუდი ნაკლებ კინოს კი უშვებს მაგრამ მას პირველი ადგილი უკავია მის გაქირავებაში . ზბიგნევ ბჟეჟინსკი ,, დიდი საჭადრაკო დაფა" მიხედვით ჰარტლანდი არის პლანეტა დედამიწის გული. ის ვინც ფლობს ჰარტლანდით ის ფლობს პლანეტა დედამიწას. ჰარტლანდის თეორია პირველად ინგლისელმა პროფესორმა მაკინდერმა გააჟრერა თავის მოხსენებაში ინგლისის გაორგაფიულ საზოგადოების წინაშე, სათაურით ,, ისტორიის გეოგრაფიული ღერძი" Mackinder, H.J. «The geographical pivot of history». The Geographical Journal, 1904. ჰარტლანდის ტერიტორია მოიცავს ევრაზიის ჩრდილო -არმოსავლეთის მასიურ ნაწილს და ჩრდილო ევროპასთან ერთად მოიცავს რუსეთის იმპერიის ევროპულ ნაწილსაც. ინგლისელმა პროფესორმა შემდგომში კორექტირება შეიტანა ჰარტლნდის საზღვრებში და მას მიუმატა რუსეთის ტერიტორიის დანარჩენი ნაწილი რომელიც ემთხვეოდა სსრკ საზღვრევს.მ/შ შავი ზღვის აკვატორია. ბჟეჟინსკიმ ჰარტლანდის ტერიტორიას გამოაკლო ბალტიის პირეთი და დასავლეთ უკრაინა.თიმცა დაუმატა ჩინეთი. მაკინდერის კონცეფციას ემხრება ხანტიგტონი (ცივილიზაციების შეჯახება) გარკვეული კორექტირებით . მას მიაცნია , რომ სამყარო სსრკ დასლის შემდეგ ერთპოლუსური არარის.კიდევ ერთხელ . ამ კონცეფციების მიხედვით ვინც ფლობს ჰარტლანდს ის ფლობს მსოფლიოს. ჰარტლანდის ფლობის ერთერთი , თუ ძირითადი არა ინსტრუმენი არის ახალი ეკონომიკრი მოდელი მაგრამ დაფუძნებული გარკვეული სიმბოლური ფასეულობებზე. ბუნებრივია ამერიკულზე.
დღეს სახეზე გვაქვს ხელოვნური გლობალიზაცია ანუ ამერიკანიზაცია რომლის მიზანია კულტურების მოშლა და მის ადგილას ფსევდოკულტურის დანერგვა რომელიც არის გლობალიზაციის ანუ ამერიკანიზაციის ძირითადი მიზანი -ერთპოლუსური სამყაროს შექმნა.კულტურების მოშლა ეხება ყველაფერს მათ/სორის ენას ტრადიციას , რელიგიას და ასე შემდეგ. ამ მიზანს ემსახურებოდა სსრკ დაშლის შემდეგ ოპერატიულად გამოსული ფრენსის ფუფკუიამას ტრაქტატი ,, უკანასკნელი ადამიანი"-როგორც ამერიკანიზაციის თეორიული საფუძველი.
ამრიგად , ჩვენც ვკითხულობთ ამ თეორიებს , ტრაქტატებს და ვაკეთებთ დასკვნებს.

მეგრელი

2017-04-23 01:04:00

ამ პროგრამის განხორციელებაში თავის სიტყვას ამბობს მას-მედიაც. ფაქტიურად ის გახდა ადამიანის და საზოგადოების მართვის მექანიზმი მათი ზომბირების გზით. ბოდიშის მოხდით.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80