შურისძიება ევროპაზე
პოლიტიკა

შურისძიება ევროპაზე

შურისძიება ევროპაზე
ლალი ზირაქიშვილი

2017-06-08 19:30:05

ნატოს სამიტის შემდეგ „ისლამური სახელმწიფო“ კიდევ უფრო გააქტიურდა, ბრიტანეთსა და აშშ-ს ირანი მოჰყვა და სავარაუდოდ, ტერაქტების სერია ამით არ დასრულდება. ეს არის პასუხი განცხადებაზე, რომ ნატო იომებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, თუ არსებობს სხვა მიზეზები, რაც ტერორისტებისთვის აგრესიის გადმოფრქვევის საბაბად იქცა?  მიმდინარე პროცესებზე ექსპერტი, სოსო ცინცაძე გვესაუბრება.

სოსო ცინცაძე: არ მგონია, რომ ამ განცხადების შედეგი იყოს, რადგან ნატო-ს წევრი ყველა ქვეყანა ისედაც კოალიციის წევრია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ჩერნოგორიას.

უკანასკნელ დღეებში, როდესაც ფაქტობრივად, მოსულის ბედი გადაწყვეტილია, ტერიტორიები აღარ რჩება ისლამურ სახელმწიფოს. ეს მოსალოდნელიც იყო და ამას პროგნოზირებდნენ კიდეც, რომ დაიწყებოდა შურისძიება ევროპაზე.

მანამდე მთელი წელიწადნახევარი ისლამური სახელმწიფოს ყველა რესურსი მიმართული იყო აფრიკის კონტინენტზე ჰიმერული სახელმწიფოს შექმნისაკენ - მათ ფულიც მოჭრეს, ინსტიტუტებიც შექმნეს, სამინისტროების მსგავსიც ააწყეს, ჰქონდათ ჰიმნი, დროშა, კონსტიტუციის ანალოგიც. მოკლედ, ამ ფანატიკოსებს სწამდათ, რომ მართლაც შექმნიდნენ სახელმწიფოს, მაგრამ ვერ გამოვიდა.

ამიტომ, იწყება შურისძიება და ვფიქრობ, რაც უფრო შაგრენის ტყავივით შეიკვეცება მათი ტერიტორია ახლო აღმოსავლეთში, მით უფრო მწვავე ფორმებს მიიღებს შურისძიების ტალღა.

არის გამოსავალი?

- ჩემი აზრით, ყველაზე პრაგმატული და ნუ მიწყენენ დასავლელი ლიბერალები, ყველაზე ჭკვიანური კომენტარი გააკეთა ტრამპმა, რომელმაც განაცხადა, რომ დავივიწყოთ პოლიტკორექტულობა და საჭიროა რეალური ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ. ეს უკვე რეალიზმია, ვინაიდან არ ამართლებს ისეთი პოლიტიკა, რომ არც მწვადი დაწვა და არც შამფური, თან ტერორიზმს ებრძოდე და მეორე მხარეს იყოს მულტიკულტურალიზმი.

ოთხი წლის წინ თქვა მერკელმა, თქვენ გვხოცავთ, მაგრამ ჩვენ სიყვარულით გპასუხობთო - დღეს თუ ლონდონის ქუჩებში გარკვეული რაოდენობის მუსულმანები არიან გამოსული და გმობენ ტერორიზმს, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მათგან ალბათ, ყველამ იცოდა ტერორისტების ვინაობა და არც ერთს არ უცნობებია პოლიციისათვის.

კანონმდებლობით, ვისაც ჯერ არ ჩაუდენია დანაშაული, ვერ დააპატიმრებ, ერთადერთი, თვალყურის დევნებაა დასაშვები და ესეც შეუძლებელია - მილიონამდე მუსლიმანია ბრიტანეთში და ყველას თითო პოლიციელს ხომ ვერ მიუჩენ?! სხვა, რადიკალური ნაბიჯებია საჭირო.

ჩერჩილს აქვს ნათქვამი, ძალიან დიდი დემოკრატი უნდა იყო, რომ გაჭირვების დროს არადემოკრატიული გადაწყვეტილების არ შეგეშინდეს. როგორც ჩანს, ჩერჩილის გაგებით ნამდვილი დემოკრატები არ არიან დღეს ევროპაში, ვინაიდან ყველას ეშინია, რომ რასისტებსა და ფაშისტებს დაუძახებენ.

საინტერესო პროცესებია ახლო აღმოსავლეთშიც - რამდენიმე დღის წინ საუდის არაბეთმა, ბაჰრეინმა, ეგვიპტემ და გაერთიანებულმა საემიროებმა ყატართან გაწყვიტეს დიპლომატიური ურთიერთობები, თუმცა თავად ყატარი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა მიიჩნევს, რომ ეს გაუმართლებელი გადაწყვეტილებაა...

- დიდი ხანია, ეჭვია ყატარზე, რომ მას რაღაც კავშირები აქვს ისლამურ სახელმწიფოსთან. თუმცა თბილისიდან ამ თემაზე კომენტარის კეთება ძალზე რთულია ინფორმაციის სიმწირის გამო. ამ თემაზე შარშანაც იყო ლაპარაკი - ყატარი არ თანამშრომლობდა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ და ცდილობდა, ნეიტრალური პოზიცია დაეკავებინა.

რაკი ირანსაც შეეხო ტერაქტების ტალღა, აღმოსავლეთის ქვეყნებმაც ყატარის მაგალითიდან გამომდინარე, გარკვეული პროტესტი გამოხატეს, ეს ნიშნავს თუ არა, რომ ფაქტობრივად, მთელი მსოფლიოა ჩართული ამ ომში თუ კიდევ გარკვეული ინტერესთა კონფლიქტია?

- ეს გადაწყვეტილება დიდი ხანია, მიღებულია, მაგრამ უკანასკნელ მომენტამდე იყო სხვადასხვა ინტერესები. იყო კოალიცია, რომელიც მხოლოდ დაბომბვებით შემოიფარგლებოდა და ჯერჯერობით ისევ ასეა. მაგრამ თვითონ ისლამური სახელმწიფოს ბრძოლის ტაქტიკამ დაამტკიცა, რომ ეს დაბომბვები არ არის მაინც და მაინც ეფექტური. იგივე მოსულში, მიწისქვეშ არის ქალაქი გადატანილი. როდის და როგორ გააკეთეს ჩვენთვის წარმოუდგენელია, მაგრამ ფანატიკოსები ხან საიდან ამოძვრებიან მიწიდან და ხან - საიდან.

ნატოს სამიტზე ღიად ითქვა ის, რომ ყველას მიეღო აქტიური მონაწილეობა. შესაძლოა, დახურულ კარს მიღმა ცოცხალი ძალის გამოყენებაზეც ესაუბრათ - ესეც შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ.

ვიცით, რომ კოალიციის წევრებს ინსტრუქტორები ჰყავთ გაგზავნილი, მაგრამ ესეც მარტივი არ არის. მაგალითად, ქურთებს მძიმე ტექნიკას აწვდის აშშ და ერდოღანი ლამის „ყურებზე დადგა“ - ტრამპი საყვედურებით აავსო.

როგორც ჩანს, მაინც არის წინააღმდეგობები და არ არის ერთიანობა, თორემ უკვე მესამე წელია ისლამურ სახელმწიფოსთან აქტიური ბრძოლის, რომელიც მხოლოდ ტერორიზმით კი არ შემოიფარგლება, არამედ ფრონტის ხაზი გახსნა - ერაყის 2/3 და სირიის ნახევარი დაიპყრო და ფაქტობრივად, თავისი კვაზისახელმწიფო შექმნა, რასაც სუნიტები დიდი აღფრთოვანებით ხვდებიან დღესაც.

ფაქტობრივად, შიიტებისა და სუნიტების ომმა ბევრი პრობლემა შეუქმნა ქრისტიანულ სამყაროს. ორი-სამი კვირის წინ მთელი მსოფლიოს ქრისტიანული ეკლესიების დიდი სამიტი ჩატარდა სან-ფრანცისკოში - ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი და კონგრესმენებიც ესწრებოდნენ და ნებისმიერ საერო სამიტზე ნაკლები არ იყო თავისი მნიშვნელობით. სავარაუდოდ, საკმაოდ მნიშვნელოვან თემებსაც შეეხებოდნენ, იგივე, ისლამური სახელმწიფოს პრობლემასაც, თუმცა ვერსად მოვიძიე ინფორმაცია ამ სამიტში ჩვენი ეკლესიის მონაწილეობის თაობაზე...

ნატოს სამიტის შემდეგ პუტინიც საკმაოდ გააქტიურდა - დასავლეთის მიმართულებით აკეთებდა მწვავე განცხადებებს, მეორე მხრივ, საქართველოში პრორუსული ძალების ლამის არნახული აქტივობა შეინიშნება. საზოგადოების ერთი ნაწილი ამას საქართველოში ჩატარებულ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას უკავშირებს და მიიჩნევს, რომ ნატო გვიახლოვდება და პუტინის გაღიზიანებას ამას უკავშირებენ...

- ამას ჰქვია სასურველის რეალობად მიღება. რუსეთი მხოლოდ ჟირინოვსკი და დუგინი ნუ გვგონია, კრემლში ჭკვიანი ხალხიცაა. ვისურვებდი, რომ სურკოვის დონის 10 სტრატეგი მაინც ჰყავდეს საქართველოს. როგორც ჩანს, მოსკოვში შემუშავებული აქვთ რაღაც სტრატეგია და რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ გამოდის ამ იზოლაციიდან.

რაც უფრო ხშირდება ტერაქტები, ეს პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს. როდესაც ჟურნალისტებმა პუტინს კითხვა დაუსვეს, ხომ არ უშლიდა ხელს მაკრონს გაპრეზიდენტებაში, უპასუხა, რომ როდესაც ბრიტანეთში ამდენი ტერაქტი ხდება, ეს თემა ნაკლებად აქტუალურია.

სამაგიეროდ თავად დაადანაშულა დასავლეთი იმაში, რომ მის საშინაო საქმეებში დიდი ხანია, ერევა...

- ერთ-ერთი ვისაც გულზე არ ეხატება პუტინი, მაკრონია, მაგრამ მანაც აღიარა, რომ გლობალური პრობლემების მოგვარება რუსეთის მონაწილეობის გარეშე ვერ მოხერხდება. ეს იცის პუტინმა, ისიც იცის, რომ ევროპას სჭირდება. სჭირდება იმიტომ, რომ ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც არ უფრთხილდება თავისი ჯარისკაცების სიცოცხლეს. ევროპელები ჯარისკაცებს არ გზავნიან, იმიტომ, რომ ყველა პრემიერ-მინისტრმა იცის, რამდენი ჯარისკაციც დაეღუპება, იმდენად შემცირდება მისი რეიტინგი სამშობლოში. ეს იცის აშშ-ს პრეზიდენტმაც. მაგრამ რუსეთში ისტორიულად სხვა მომენტია - ვინმემ გაუხსენა სტალინს, რომ მეორე მსოფლიო ომში ერთი გერმანელი ჯარისკაცის სიკვდილი 72 წითელარმიელი ჯარისკაცის სიკვდილს უდრიდა? გერმანიაში, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძოდა, 6 მილიონი ჯარისკაცი დაიღუპა, საბჭოთა კავშირში - 40 მილიონი. ეს ისტორიულად მოდის, რუსეთი ყოველთვის იგებდა ცოცხალი ძალით.

დღეს ვამაყობთ რომ ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოთა შორის ყველაზე მეტ მეომარს ვგზავნით ცხელ წერტილებში. ზოგიერთი ექსპერტი იმასაც ამბობს რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაგზავნოთ, მაგრამ არ კითხულობს, არის კი საქართველო დაცული? მადლობა ღმერთს, დღეს ტერორისტების სამიზნე არ ვართ. როგორც კი ქართველები ამერიკელებთან თუ ფრანგებთან ერთად მუსლიმების ხოცვას დაიწყებენ, ჩვენც გავხდებით მაგათი სამიზნე.

რაც შეეხება საქართველოში პრორუსული ძალების გააქტიურებას, ეს რას შეიძლება უკავშირდებოდეს?

- პრორუსული ძალების ორი ტიპის არსებობს, ერთი - რომლებიც კისილიოვს ეჯიბრებიან კრემლის და პუტინის ქებაში და რომ მიუშვა, ევრაზიის კავშირშიც შევლენ და სხვაგანაც. და მეორე - რომლებსაც რუსეთთან სტაბილური ურთიერთობის სურვილი აქვთ. ამ მეორე ჯგუფში მოვიაზრებ ბურჯანაძეს და ა.შ. ეს ორი რადიკალურად განსხვავებული ძალაა.

მეც ჩემი 50-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ არ შეიძლება, შენი 140-მილიონიანი მეზობელი მუდმივად მტრად გყავდეს.

საშინაო მოხმარებისთვის მაინც უნდა ვაღიაროთ - რუსეთი ასეთი ძლიერი რომ არ იყოს, კიდევ საკითხავი იქნებოდა, რამდენად თავშეკავებულად მოიქცეოდა თურქეთი ბათუმთან და აჭარასთან დაკავშირებით. რუსეთს თურქეთის სახით ნატო-ს ერთი წევრიც ყოფნის შავ ზღვაში და ამიტომ ამ მხრივ, აჭარა დაცულია. ამას პუტინი ჩვენი სიყვარულით კი არ აკეთებს, არამედ სრუტეებს აქეთ სამხედრო ძალით არავის შემოუშვებს.

ეს სხვა პრობლემაა და ამ საკითხიდან გამომდინარე, რუსეთთან თანამშრომლობაც შეიძლებოდა, მაგრამ ამას პოლიტიკური ნებაც სჭირდება და მაღალი დონის დიპლომატიაც. ისეთ პოლიტიკურ ნებას ვგულისხმობ, როგორიც ჰქონდა საფრანგეთის ლიდერს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

მაშინდელი საფრანგეთი გაცილებით უარეს დღეში იყო, ვიდრე დღეს ჩვენ, საქართველო ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ის თითქმის 40-მილიონიანი ქვეყანა იყო, ყველა ზიზღით უყურებდა გერმანიასთან კავშირის გამო, მაგრამ დე გოლს ეყო ნებისყოფა რომ დაეცვა თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი.

დღეს ერთი ამბავია ატეხილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გამო, რომ რატომ გადასცეს და ა.შ. - ვიდრე ჩვენ ასეთი ღარიბები და სუსტები ვართ, ერთი სამხედრო მოკავშირეც არ გვყავს, ყველა ჩვენი მეზობელი ისარგებლებს ამით.

მთლიანობაში საკმაოდ რთული და ქაოსური სიტუაციაა მთელ მსოფლიოში, ერთ მხარეს - დასავლეთში ახალი ლიდერების მოსვლა და ჯერჯერობით არაპროგნოზირებადი პოლიტიკა რუსეთის მიმართ; მეორე მხარესისლამური სახელმწიფოს“ „ვულკანური ამოფრქვევებიმსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში და .. როგორ ფიქრობთ, რა კონდიციამდე შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი?

- თავს შევიკავებდი პროგნოზებისაგან სექტემბრამდე, ვიდრე გერმანიაში არჩევნები ჩატარდება. თუ ისე გაგვიმართლა როგორც საფრანგეთის შემთხვევაში და კანცლერად მერკელი დარჩა, ველოდები, გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისის მსგავს სიტუაციას, როდესაც ცოტა ხნით, მაგრამ ძალზე ეფექტური, ადენაუერ-დე გოლის ტანდემი ამუშავდა. მაშინ ეს ძალიან წაადგა ევროპულ დემოკრატიას და კრემლი იძულებული გახდა, ანგარიში გაეწია ამ ტანდემისათვის.

თუ ქვეყნის შიგნით მერკელის მზარდ რეიტინგს გავითვალისწინებთ, ვიმედოვნებ, რომ ის ქვეყნის სათავეში დარჩება და ალბათ, შემთხვევითი არ იყო, რომ მაკრონის პირველი ვიზიტი სწორედ გერმანიაში განხორციელდა. ევროპის ისტორიაში გერმანელები და ფრანგები არასდროს მოკავშირეები არ ყოფილან, მაგრამ ახლა ნახეთ, რა ხდება და თუ ეს ტანდემი მართლაც შედგა, საკმაოდ ეფექტური პოლიტიკის მოწმენი გავხდებით.

ჩვენთვის ეს რითი იქნება მომგებიანი?

- არ მგონია, ეს ჩვენ წაგვადგეს ნატო-ში ან ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში, მაგრამ შესაძლოა, საქართველო კიდევ უფრო მეტად მოექცეს დასავლეთის ყურადღების ცენტრში.

თანაც რაც დღეს ხდება საქართველოში, კი არ გვაახლოებს დასავლეთთან, არამედ კიდევ უფრო გვაშორებს. ვგულისხმობ, თურქული და მექსიკური სერიალებივით ერთმანეთს რომ მიეწყო სკანდალები.

მძიმე სიტუაციაშია ჩვენი ხელისუფლებაც - გავა ეს სამი თვეც და მონელებული არ იქნება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თემა, რომ დღის წესრიგში დადგება თურქი მენეჯერის პრობლემა - გადასცენ თუ - არა. არ ვიცი, ამ დელიკატურ პრობლემას როგორ მოაგვარებს ჩვენი ხელისუფლება, მაგრამ ამ ყველაფერს აკვირდებიან დასავლეთის ქვეყნების ელჩები.

დაბოლოს, თქვენი გამოცემის მეშვეობით მინდა მივმართო პრემიერ-მინისტრს, რომელიც უდავოდ, ჭკვიანი ადამიანია. თუ უნდოდა, პიარი რომელიმე ვიცე-პრემიერისთვის ჩაებარებინა, სერგეენკო მაინც აერჩია, რომლისაც ხალხს სჯერა და არა სხვა, რომელიც ამ ვალდებულების დაკისრებისას უკვე ირონიული ფიგურა იყო თავისი „კომბლეთი“ და ზღაპრებით, ქართული მწერლობიდან.

გაიხსენეთ, რა თქვა ჯეჯელავამ ნატო-სთან დაკავშირებით - რა მნიშვნელობა აქვს, როდის მიგვიღებენ, მთავარი პროცესიაო. თუ პროცესია მთავარი - თურქეთს ლამის 50 წელიწადია ევროკავშირის წევრობისთვის ამზადებენ, მაგრამ პროცესი არა და არ დამთავრდა.

ამიტომ ვამბობ, რაც არ უნდა ეფექტური გახდეს ევროკავშირი, ჩვენ თუ არ ვიმუშავეთ საკუთარ თავზე, სხვა ვერაფრით დაგვეხმარება. 

ნანახია - 2062

სარეკლამო ბანერი
1000 X 80