5000-ლარიანი ჯარიმა შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის
ეკონომიკა

5000-ლარიანი ჯარიმა შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის

5000-ლარიანი ჯარიმა შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის
ბექა დანელია

2017-06-09 19:30:27

მალე საქართველოში შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონი ამოქმედდება, რომლის პროექტი უკვე პარლამენტშია. მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში კომპანიებს ჯარიმები დაუწესდებათ. კანონის ზოგიერთი მუხლი მიუღებელი იქნება ბიზნესისთვის, ამიტომაც კანონპროექტის განხილვას საკმაო კამათი მოჰყვება.

დამსაქმებელი ვალდებული იქნება, სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ორგანიზება უზრუნველყოს, რაც დაკავშირებული იქნება ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან, შრომის იარაღების, ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებებთან. ასვე, დამსაქმებელი ვალდებული იქნება, უზრუნველყოს კვალიფიციური კადრების მომზადება და მათი უბედური შემთხვევებისგან დაზღვევა.

მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, მისი განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა ორმაგდება. შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვაზე ზედამხედველი ორგანოს საქმიანობისათვის ხელის შეშლა გამოიწვევს გაფრთხილებას, მისი განმეორება კი დაჯარიმებას 200 ლარით.

შრომის უსაფრთხოების ნორმების კრიტიკული შეუსაბამობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით, საქმიანობის უფლების შეჩერებით ან მის გარეშე.

დამსაქმებელს, რომელსაც ჰყავს 20-დან 100-მდე თანამშრომელი, ვალდებული იქნება დანიშნოს შრომის უსაფრთხოების მინიმუმ ერთი სპეციალისტი. 100 და მეტი დასაქმებულის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებული იქნება შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური.

დამსაქმებელმა დასაქმებულს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს რისკების და მავნე ფაქტორების შესახებ, რამაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს დასაქმებულის ჯანმრთელობაზე. იკრძალება 18 წლამდე ასაკის პირების, ასევე ორსული და მეძუძური ქალების მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმება.

მძიმე, მავნე და საშიშპირობიანი სამუშაოების ჩამონათვალს, მთავრობა, კანონპროექტის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში დაამტკიცებს.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ფიქრობს, რომ ამ ჩამონათვალში მაღაროების გარდა, დიდი სამშენებლო კომპანიებიც მოხვდებიან. დეპუტატი განმარტავს, რომ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს უფლებამოვალეობები ეზრდება და ის მაღალი რისკის საწარმოებს გაუფრთხილებლად შეამოწმებს, გასცემს რეკომენდაციებს, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში სანქციები ამოქმედდება.

„მიუხედავად იმისა, რომ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა, 400-მდე საწარმო მათივე მოთხოვნით შეამოწმა, იქ დატოვებულ რეკომენდაციებს სავალდებულო ხასიათი არ ჰქონდა. რეკომენდაციები მხოლოდ საწარმოთა ნაწილმა შეასრულა. ალბათ, ნაწილობრივ ამას უკავშირდებოდა გახშირებული საწარმოო ტრავმები.

ახალი კანონი უზრუნველყოფს იმას, რომ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს მიეცემა უფლება, გაუფრთხილებლად შევიდეს ჯანმრთელობისათვის მავნე საწარმოებში და ორგანიზაციებში. მათ რეკომენდაციებს ექნება სავალდებულო ხასიათი, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ამოქმედდება სანქციები, რაც ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მომავალში ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად“, - აცხადებს ზოიძე. 

ნანახია - 746

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80