„დისკრედიტაციის ვერსია რომ დავუშვათ, გამოდის, უშეცდომო ყოფილა ჩვენი სისტემა, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ არის“
პოლიტიკა

„დისკრედიტაციის ვერსია რომ დავუშვათ, გამოდის, უშეცდომო ყოფილა ჩვენი სისტემა, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ არის“

„დისკრედიტაციის ვერსია რომ დავუშვათ, გამოდის, უშეცდომო ყოფილა ჩვენი სისტემა, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ არის“
ლალი ზირაქიშვილი

2017-06-13 08:30:57

ბოლო დღეეებში საქართველოში რამდენიმე სკანდალური თემა მიეწყო ერთმანეთს - დემირელის სკოლის მენეჯერის დაკავება, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარება თბილისის ცენტრიდან; ეს ყველაფერი კი „დაგვირგვინდა“ „რეპერების საქმით“ - დაკავება გამოხატვის თავისუფლებისათვის, რაც დემოკრატიული საზოგადოებისთვის სრულიად წარმოუდგენელი რამ არის. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა ისედაც ლუპით აკვირდება ჩვენს ქვეყანას და ყოველდღიურად, ნატო-სა თუ ევროკავშირის წარმომადგენელთაგან გვესმის განცხადებები დემოკრატიის განმტკიცებისა თუ სასამართლო სისტემის რეფორმირების მოწოდებებით. მიმდინარე პროცესებზე ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.

რამაზ საყვარელიძე: მასწავლებელი მოსწავლეს ყოველთვის ეუბნება, რომ ბევრი უნდა იკითხო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მასწავლებელს წაკითხული აქვს იმდენი, რომ ეს ეთქმოდეს - თუ ეს შენიშნეს, მერე ამ მასწავლებელს აღარ უჯერებენ, თუ საქმით არ დაამტკიცა ნათქვამი;

ანუ, როდესაც მენტორის როლში ხარ, ეს არ ნიშნავს, რომ შეგონებები ყოველთვის რეალიზდება. რატომ  - ახლავე მოგახსენებთ. თურქეთში, რომელიც ნატოს წევრია, უამრავი პრობლემა იდგა თურქულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, მაგრამ დღის წესრიგში იდგა მისი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება; შემდეგ თურქეთისთვის გაუგებარი გახდა, რატომ უთხრა ევროკავშირმა უარი.

ანუ ეს სტანდარტები, როგორც ჩანს, არც ისე მკაცრად მოქმედებენ, როგორც ჩვენ გვიჩვენებდნენ-ხოლმე, რომ აი, თუ დაიცავ - მიგიღებთ, თუ არ დაიცავ - არ მიგიღებთ. როგორც ჩანს, ვიღაცეებთან ეს მოქმედებს, ვიღაცეებთან - არა.

ჩვენ იმ ქვეყნების რიცხვს ვეკუთვნით, რომელსაც ამ საბაბით ხშირად გვეუბნებიან-ხოლმე ამა თუ იმ ევროპულ სიკეთეზე უარს.

თუმცა ბოლო დროს იმაზეც დაიწყეს ლაპარაკი, რომ მთავარი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მეორე მხრივ, ასეთი დამოკიდებულება არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საქართველოში ყველაფერი რიგზეა. თუ ბოლო დროს გახშირებულ „ხარვეზებს“ გავითვალისწინებთ, იქნებ, მთლად მენტორის როლში არ გვევლინებიან ჩვენი მეგობრები?

- ქართული კონტექსტიდან თუ ამოვალთ, ქართულ საზოგადოებასაც და დღევანდელ ხელისუფლებასაც ახსოვს დასავლეთის მშვიდი დამოკიდებულება იმ უსამართლობის მიმართ, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს, რომელსაც დემოკრატიის შუქურა ხარო - კომპლიმენტი არ დააკლეს. ეს მაშინ, როდესაც ევროპაში პირველი ადგილი გვეკავა ციხეში მოხვედრილი ადამიანების პროცენტული რაოდენობით. იმ ციხეებში კიდევ რა პირობები იყო, ეს სხვა საკითხია.

როდესაც დღევანდელი ხელისუფლება იმდროინდელ დასავლურ რეაქციებს გაიხსენებს, ალბათ, მათი დღევანდელი რეაქცია ადვილი აღსაქმელი არ იქნება.

არის მეორე მხარეც - იგივე დასავლეთი ითხოვდა კოაბიტაციას; დასავლეთი ითხოვდა, რომ არ უნდა გათავისუფლებულიყო ძველი ხელისუფლებისგან დანიშნული კადრები თანამდებობებიდან. კოაბიტაციის ამ ქოლგის ქვეშ მართლაც დიდი ნაწილი, მათ შორის, სამართალდამცავი სისტემის თანამშრომლებისა, დარჩა სისტემაში. ნაციონალების დროს კი სამართალდამცავი სისტემა მუშაობდა ხელისუფლების დაკვეთაზე. ასე რომ, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც შეჩვეულები არიან დაკვეთის შესრულებას.

როგორ შეიძლება, დასავლეთის რეპლიკა, გაასწორეთ სასამართლო სისტემაო, სერიოზულად იყოს აღქმული ამ პირობებში, როდესაც სწორედ მისი მოთხოვნით არის სამართალდამცავი სისტემის საკადრო შემადგენლობაში ჩარჩენილი ეს ხალხი?!.

ჩნდება ეჭვები, რომ ის ყველაფერი, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს იმიჯზე, პროვოკაციის ნაწილია?

- ძალიან სერიოზულად ვუდგებით საქართველოს იმიჯს. არის შეცდომები, ვერ ვიტყოდი, რომ პროვოკაციები, რადგან პროვოკაციის იქით უნდა ხედავდე პროვოკატორს, ანუ ვის ინტერესებსაც ემსახურება ეს პროვოკაცია.

ადრე შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ასეთი ინტერესი ნაციონალებს ჰქონოდათ, მაგრამ ახლა მათ თავიანთი პრობლემები აქვთ და ასეთი პროცესებისთვის არ სცალიათ -ვგულისხმობ იმ პრობლემებს, რაც მოჰყვა პარტიის ორად გაყოფას და ა.შ.

ორად გაყოფილი პარტია იმაზე ზრუნავდეს, რომ ამ ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინოს დასავლეთის თვალში, მეეჭვება.

მაინც მგონია, რომ უფრო რეალური, შეცდომებია - დისკრედიტაციის ვერსიის არსებობა რომ დავუშვათ, მაშინ უნდა ვილაპარაკოთ, რომ არიქა, უშეცდომოა ჩვენი სისტემა და მხოლოდ ხელოვნურად შექმნილ შეცდომებში შეიძლება იყოს გადაცდომა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არ არის.

ბოლო დროს „ნაციონალური მოძრაობა“ ხშირად ითხოვს ძალოვანი მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, მათ გადადგომას. „რეპერების საქმესთან“ დაკავშირებითაც იგივე მოთხოვნა გაისმა, თუმცა უმრავლესობა თვლის, რომ თუკი ცაკლეული პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა გადაცდომას, ეს არ ნიშნავს, რომ მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. წარსულს თუ გადავხედავთ, ძალოვანი მინისტრების გადადგომის თემა ოპოზიციის მხრიდან ისმოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც უკიდურესად მძიმე ფაქტებთან გვქონდა საქმე, ანუ რამდენად თანაბარი წონისაა მაშინდელი და ახლანდელი მოთხოვნები?

- ამ სეტყვიანი დღეების შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრის გადადგომა რატომ არ მოითხოვეს? რაკი ყველაფერზე მინისტრების გადადგომას ითხოვენ, საზოგადოებაში მათ მიმართ სერიოზული დამოკიდებულება გაქრა - ანუ მოქალაქემ შინაგანად თუ არ იგრძნო, რომ ისიც ამას მოითხოვდა, ისე მხარს არ უჭერს ოპოზიციას. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე კარგავს ოპოზიცია ავტორიტეტს საზოგადოებაში.

ალბათ, უფრო ლოგიკური იქნებოდა იმის მოთხოვნა, სამინისტროს გაეტარებინა კონკრეტული ღონისძიებები, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს და თუ ეს არ გაკეთდებოდა, მერე უკვე ლაპარაკია მინისტრის პასუხისმგებლობაზე. ახლა გამოდის ისე, რომ ოპოზიციას სხვა არაფერი უნდა, გარდა იმისა, რომ მინისტრი მოიხსნას.

მეორე მხრივ, თუ დაშვებულ შეცდომებზე მინისტრმა ზომები არ მიიღო, მაშინ ეს მისი პასუხისმგებლობაა, თუმცა ოპოზიციის მხრიდანაც უნდა გამოჩნდეს, რომ მას სისტემის შეცვლა სურს და საკადრო თემა მეორადია.

ესენი კადრებიდან იწყებენ და როგორ უნდა შეიცვალოს სისტემა, ამაზე არ ლაპარაკობენ, არადა, უკეთესი იქნებოდა, სწორედ ამაზე ესაუბრათ.

საინტერესო თემაზე გადავედით - როდესაც ხელისუფლების შეცდომები ასე თუ ისე სახეზეა, პარალელურად, ახლოვდება ადგილობრივი არჩევნები, რამდენად აისახება ეს ყველაფერი პოლიტიკურ პროცესზე და რამდენად გაზრდის ოპოზიციის მხარდაჭერას?

- რამდენადაც მარცხიანი არ უნდა აღმოჩნდეს ხელისუფლება, ოპოზიცია თუ კიდევ უფრო მარცხიანია, ეს მის წისქვილზე წყალს არ დაასხამს. მით უმეტეს, თუ ლაპარაკია იმ ოპოზიციაზე, რომელმაც თავისი მმართველობის პერიოდში ძალის გადამეტებით გამოყენებით დაამახსოვრა საკუთარი თავი. ასე რომ, ძალოვან სტრუქტურებთან დაკავშირებით ნაციონალების მიერ გამოთქმული შენიშვნები ძალიან სერიოზული უნდა იყოს, ხალხი რომ  აჰყვეს და მათი პოზიცია გაიზიაროს.

თუმცა მეორე მხრივ, ხელისუფლება, რომელსაც არ ჰყავს სერიოზული ოპოზიცია მეტისმეტად მოდინებულია ხოლმე...

- მოდუნებულია და ხშირად, მოდუნება სასიამოვნოა ხოლმე, მაგრამ დავაკონკრეტებ - ამ მოდუნების ფონზე ისეც შეიძლება მოხდეს, რომ გამოჩნდეს რომელიმე ახალგაზრდა პოლიტიკოსი, დაიძახოს პოპულისტური ლოზუნგები და რაკი ახალი სახე იქნება, მოსახლეობაც ადვილად აიყოლიოს.

როდესაც ბევრი შეცდომებია ხელისუფლების მხრიდან, ნებისმიერი სიახლე ადვილად იზიდავს ადამიანებს. პაატა ბურჭულაძის მაგალითს გაგახსენებთ, ერთი დაძახებით 10%-იანი, მეტი თუ არა, რეიტინგი მოკრიბა. უბრალოდ, დრო იყო ბევრი და ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ შეცდომები დაეშვა, რამაც დააკარგვინა ძლიერი კონკურენტის სტატუსი. ანალოგიური სვლა, როდესაც ხელისუფლება შეცდომებს უშვებს, ყოველთვის არის მოსალოსდნელი.

ანუ ნიადაგი გვაქვს და მხოლოდ გამოჩენაა საჭირო, „ვისაც ყოველდღე ნატრულობს, ჩუმის ნატვრითა, ქართველი“?

- ასეთი ფონი მზადდება ხოლმე, როდესაც ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება დიდია. მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ დღეს იმ მასშტაბის უკმაყოფილებაა, რაც ნაციონალების დროს იყო. მაშინ ხელისუფლებისგან გამწარებული ადამიანების უკმაყოფილებაც იყო, გარდა მართვით გამოწვეული უკმაყოფილებისა; იყო უკანონოდ დაპატიმრებულთა, უკვალოდ დაკარგულთა, ქონებაწართმეულთა ახლობლების უკმაყოფილება. ასეთი სიმწვავე დღეს არ არის, მაგრამ უნიათო მმართველობით უკმაყოფილონი ნამდვილად არიან.

 

ნანახია - 2103

სარეკლამო ბანერი
1000 X 80