მათიკაშვილმა ნაც-ევროპელები წარსულში ამოგზაურა
პოლიტიკა

მათიკაშვილმა ნაც-ევროპელები წარსულში ამოგზაურა

მათიკაშვილმა ნაც-ევროპელები წარსულში ამოგზაურა
თამთა ქარჩავა

2017-06-15 14:30:05

მუხთარლის საქმე და აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობა - ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტს, ევროპარლამენტში კენჭს დღეს უყრიან. რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტი გამოთქვამს აღშფოთებას აფგან მუხთარლის საქართველოდან შესაძლო გატაცებასთან და აზერბაიჯანში მის უკანონო გადაყვანასთან დაკავშირებით, რასაც საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად მიიჩნევს.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს დროული, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება და მოელის, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს. ევროპარლამენტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოიძიოს ეჭვები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურების შესაძლო მონაწილეობაზე მუხთარლის გატაცებაში.

როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ამის შეუსრულებლობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების და ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების დარღვევა იქნება და ზიანს მიაყენებს საქართველოს რეპუტაციას საერთაშორისო არენაზე.

გარდა ამისა, აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდებს, მოუხსნას ბრალდება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აფგან მუხთარლი. ასევე, გადახედოს ყველა იმ დაპატიმრების საკითხებს, რომლებიც ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობას უკავშირდება.

გარდა ამისა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე, პრესის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დამცველები საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ერთობლივი წერილით მიმართავენ. წერილში, რომელიც 7 ივნისით თარიღდება, საერთაშორისო ორგანიზაციები გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდებენ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე გამოიძიოს. წერილში არასამთავრობო ორგანიზაციები ცალსახად მიესალმებიან საქართველოს სამართალდამცავი უწყებების მიერ საქმეზე გამოძიების დაწყებას.

გიორგი კვირიკაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საკითხს და აღნიშნა: „გამოძიება მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს და განავითაროს მომავალშიც დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი“.

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხრის თხოვნა, შეისწავლოს საქართველოსთან საზღვარზე აფგან მუხთარლის დაკავების დეტალები. ადვოკატის განცხადებით, ამით დასტურებდა, რომ ხელისუფლებას არ სურს ჟურნალისტის ვერსიის განხილვა, რომ ის თბილისში გაიტაცეს.

დაკავებულმა აფგან მუხთარლმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გამოექვეყნებინა თბილისსა და აზერბაიჯანის საზღვარზე საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ვიდეოთვალის ჩანაწერები, რომლებიც, მისი თქმით, დაადასტურებდა საქართველოში მისი გატაცების ვერსიას.

„ჩვენ წარვადგინეთ ეს შუამდგომლობები, როგორც კი აფგან მუხთარლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. პასუხი მხოლოდ გუშინ მივიღეთ. აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, რომ შეისწავლოს საქართველოსთან ერთად საზღვარზე აფგან მუხთარლის დაკავების დეტალები.

ეს ადასტურებს, რომ ხელისუფლებას არ სურს ჟურნალისტის ვერსიის განხილვა, რომ ის თბილისში გაიტაცეს. ერთ-ერთ შუამდგომლობაში დაცვის მხარე ითხოვდა ჩატარებულიყო თითის ანაბეჭდების ექსპერტიზა იმ კუპიურებზე, რომელიც გამოძიების ვერსიით, ჟურნალისტს საზღვრის გადაკვეთისას აღმოაჩნდა, რაც ასევე არ დაკმაყოფილდა“, - აღნიშნა ელჩინ სადიგოვმა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე საქართველოს პარლამენტში დაპირისპირების მიზეზი გახდა. დაპირისპირება სერგო რატიანის განცხადება გახდა, რომელმაც აღნიშნა, რომ სანამ აფგან მუხთარლის საქმე გამოძიებული არ არის, მთელ ქვეყანას აქვს გადაფარებული ტომარა.

„ბოლო კვირების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რამაც საერთაშორისო რეზონანსიც გამიწვია, არის მაინც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ამბავი. აზერბაიჯანელ ჟურნალისტს თბილისის ცენტრში თავზე ტომარა გადააცვეს, გაიტაცეს და მეორე დღეს ის აღმოჩნდა სხვა ქვეყნის ციხეში. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ამბავმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას და ახლა უკვე სრულიად ცხადი გახადა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სამარცხვინო საქმე“, - აღნიშნა სერგო რატიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების არაქმედითმა ნაბიჯებმა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი შელახა.

„სამი კვირა გავიდა უკვე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებიდან და საქართველოს ხელისუფლებას არანაირი ქმედითი ღონისძიება არ განუხორციელებია, არ დაუსჯია არც ერთი პირი, ვინც პასუხისმგებელი უნდა იყოს იმაზე, რაც მოხდა - გაამწვავა საერთაშორისო რეაქცია“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის პრეტენზია მიუღებელია უმრავლესობისთვის. მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ საქართველოს სამართალდამცველი სტრუქტურები მოახერხებენ და მაქსიმალურად გონივრულ ვადებში ნათელს მოჰფენენ აფგან მუხთარლის საქმეს.

უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა კოლეგებს ოპოზიციიდან კოდორის და ლაფანყურის სპეცოპერაციები შეახსენა და აღნიშნა, რომ ამ საქმის ავტორებისგან, უხერხული და მიუღებელია რაღაც სახის სპეცოპერაციებზე საუბარი. დეპუტატის განცხადებით, აბსოლუტურად ყველა საქმეზე, რომელსაც დღეს სამართალდამცავი სტრუქტურები იძიებენ, საზოგადოების კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს.

„თუ გარკვეულ საკითხებზე ჯერ კიდევ გამოძიება მიმდინარეობს და გასარკვევია რა და როგორ მოხდა, ლაფანყურთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველაფერი გარკვეულია და ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ, თუ როგორ გაიმეტა საკუთარი თანამოქალაქეები, საკუთარი სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლები ყოფილმა ხელისუფლებამ.

იმ ხელისუფლებაში თქვენ ბრძანდებოდით ბატონებო, რომლებიც ასე უაპელაციოდ უთითებთ გარკვეული თითქოსდა შემდგარი სპეცოპერაციების შესახებ, რომელზეც ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიება აუცილებლად უნდა დასრულდეს და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, მაგრამ ჯობია საკუთარი წარსული გაიხსენოთ, როცა დღევანდელობას და მომავალს ვაფასებთ“, - მიმართა მათ დავით მათიკაშვილმა.

ნანახია - 1807

cugo

2017-06-15 15:15:26

სალომე სამადაშვილს
-----------------
რატომ არ აქტიურობდით და რატომ არ ითხოვდით ღონისძიებას განხორციელებას,როცა ცინდელიანი და ქარდავა გაიტაცეს,წამებით მოკლეს და ზღვაში გადააგდეს.როცა უდანაშაულო ახალგაზრდებს ქუჩაში ხოცავდნენ.როცა ციხეებში პატიმრებს სასიკვდილოდ ცემდნენ და გონებადაკარგულებს მიცვალებულებთან ამწყვდნევდნენ.როცა მშვიდობიან მომიტინგეებს ხოცავდნენ და სახურავზე აწყობდნენ.ეს ყველაფერი არ მოქმედებდა ქვეყნის იმიჯზე?.საქმე იმაშია რომ თქვენ ქვეყანა და ხალხი არასდროს გაინტერესებდათ.თქვენ ამ განცხადებით ცდილობთ ქართველ ხალხს დაავიწყოთ თქვენი ხელისუფლების კრიმინალური წარსული და დააგროვოთ პოლიტიკური ქულები.მაგრამ არ გამოგივათ.ის რაც თქვენ გააკეთეთ 9 წლის განმავლობაში იმის დავიწყება შეუძლებელია.იმის ნაცვლად რომ ბოდიში მოუხადოთ ქართველ ხალხს,ამბობთ შეცდომებზე ვისწავლეთ და აწი აღარ გავიმეორებთო.როგორც ჩანს თვენთვის ადამიანების ხოცვა,წამება,გაუპატიურება,ქონების წართმევა შეცდომა ყოფილა.სირცხვილია თქვენისთანა კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები რომ ზიან პარლამენტში.ჩუმად მაინც იჯექით კრიმინალების აზრი არავის აინტერესებს. რაც გინდა ის ილაპარაკეთ,რაც გინდა ის სახელი დაირქვით.მნიშვნელობა არა აქვს.ქართველმა ხალხმა თქვენ დაგარქვათ ზედგამოჭრილი სახელი- ,,მეცოცხეები,, და ამ სახელით შეხვალთ ქვეყნის ისტორიაში.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80