თამბაქოს ომში იმპორტიორებმა გაიმარჯვეს
ეკონომიკა

თამბაქოს ომში იმპორტიორებმა გაიმარჯვეს

თამბაქოს ომში იმპორტიორებმა გაიმარჯვეს
ბექა დანელია

2017-06-15 22:00:23

თამბაქოს იმპორტიორებმა ადგილობრივ მწარმოებლებს წაგებული საქმე შემოუტრიალეს. სააპელაციო სასართლომ ჯამში 192-მილიონიანი ჯარიმა გააუქმა და სასწორის პინა უცხოური კომპანიების სასარგებლოდ გადაწონა.

„ბრითიშ-ამერიკან ტობაკომ“ სააპელაციო სასამართლოში 100 მილიონი დოლარის სასამართლო დავა ადგილობრივ მწარმოებელ „ომეგა ჯგუფს“ მოუგო. რამდენიმე თვის წინ მათ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი „ომეგა ჯგუფში“ შემავალმა კომპანია „ოჯთ“-მ შეიტანა. იგი თამბაქოს იმპორტიორ კომპანიას ბაზარზე დემპინგური ფასებით ოპერირებაში ადანაშაულებდა და ზიანის ანაზღაურების მიზნით 100 მილიონ დოლარს ითხოვდა.

2017 წლის თებერვალში პირველი ინსტანციის სასამართლომ „ოჯთ“-ს სარჩელი დააკმაყოფილა და „ბრითიშ-ამერიქან თობაქოს“ 100 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. მათ პირველ ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და სარჩელი მოიგეს კიდეც.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ასევე დაასრულა შპს „ფილიპ მორის საქართველოსა“ და სს „ფილიპ მორისეს.ეი“-ს საჩივრების განხილვაც. მისი გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რის შედეგადაც შპს „ფილიპ მორის საქართველო“ და სს „ფილიპ მორის ეს.ეი“ სრულად გათავისუფლდნენ 92 მილიონამდე ლარის გადახდის ვალდებულებისაგან.

ამ შემთხვევაში მოსარჩელე სს „თბილისის თამბაქო“ იყო და ამტკიცებდა, რომ „ფილიპ მორისთან“ აფილირებული საწარმოები ახდენდნენ სხვადასხვა სახის სიგარეტების რეალიზაციას თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, რითაც არღვევდნენ კანონს და ზიანს აყენებდნენ სს „თბილისის თამბაქოს“.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება თავდაყირა დააყენა. ამჯერად გამარჯვებულები იმპორტიორები არიან და ბიზნესმენთა ნაწილიც ასეთ ვერდიქტს ეთანხმება.

ბიზნესმენი თემურ ჭყონია ამბობს, რომ „ფილიპ მორისისა“ და „ბრიტიშ ამერიკან ტობაკოსთვის“ პირველი ინსტაციის სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გაუქმების გადაწყვეტილების მიღებით საქართველოში სასამართლო სისტემამ სწორი ფუნქციონირება დაიწყო.

„პირველ ინსტანციაში რაღაც შეცდომები იყო დაშვებული და სააპელაციო სასამართლომ ეს შეცდომები გამოასწორა და დაიცვა ბიზნეს ინტერესები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს არის მესიჯი ბიზნესისათვის, რომ სასამართლო სისტემა, თუ ხარ მართალი, დაიცავს სიმართლეს. ბევრი კომპანია უცხოელი იურისტებიდან დაწყებული, დიპლომატებით დამთავრებული, ყველა აკვირდებოდა იმ გადაწყვეტილების მიღებას, რაც დღეს მიიღეს“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება ასეთი რომ არ ყოფილიყო, რაღაც პერიოდში ძალიან სერიოზული უხერხულობა ექნებოდა თვითონ ბიზნესს, რადგან როცა ბიზნესი მართალია და სასამართლო შენ სიმართლეს იცავს, ეს უკვე ძალიან საამაყო და იმედის მომცემია.

ეკონომიკის ექსპერტის, აკაკი ცომაიას შეფასებით კი, სააპელაციო სასამართლომ აღადგინა სამართლიანობა და კარგია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. წინა გადაწყვეტილება ეჭვებს ნამდვილად ბადებდა, რადგან კანონი დემპინგის შესახებ საქართველოში არ არსებობს და აქედან გამომდინარე, ძალიან საეჭვო იყო საქალაქო სასამართლოს პოზიცია.

„ფილიპ მორისი“ მსოფლიო ბაზარზე ცნობილი კომპანიაა და საკმაოდ დიდი რეიტინგი გააჩნია. მის წინააღმდეგ უსამართლო მოქმედება და უსამართლო განჩინება ან მისი განდევნა ბაზრიდან საქართველოს იმიჯსაც დააზარალებს და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო გარემოსაც, რადგან მომავალში ეს აუცილებლად აისახება ეკონომიკის ზრდაზე. კარგია, რომ სააპელაციო სასამართლომ ქვეყნისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის საზიანო გადაწყვეტილება, გარკვეულწილად, გამოასწორა“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ აკაკი ცომაიამ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტის გია გვილავას განცხადებით, ორგანიზაციამ ეს საქმე შეისწავლა, ძალიან ბევრი დარღვევა აღმოაჩინა. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ კომპანიები ბაზარზე არიან მონოპოლისტები.

„საქართველოში მონოპოლიური მდგომარეობა არ იკრძალება და არც დომინირებული მდგომარეობა. მაგრამ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც კომპანიას შეიძლება სანქცია დაეკისროს, ეს არის დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემთხვევა, მაგრამ ამისთვის სასამართლომ უნდა დაადგინოს არის თუ არა დომინირებული მდგომარეობა, რომელსაც დამოწმება სჭირდება და დადგენა, არის თუ არა ბოროტად გამოყენების ფაქტი. ამას მხოლოდ იურისტი ვერ დაადგენს, ამას სჭირდება სპეციალისტი, რომელიც გამოთვლის კომპანიის წილს ბაზარზე, შემდეგ კი იმას შეფასება არის თუ არა დარღვევა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გაუკეთებია“, - აღნიშნა გია გვილავამ.

ნანახია - 681

Maverick

2017-06-15 22:52:35

"დედა, ლა ლევოლველია ბიტო, ლა ლევოლველია, ალ გავარდეეს, ალ გავალდეს"...
-------------------------
"ოჯთ", სს „თბილისის თამბაქო“-ს გააიაფეთ თქვენი პროდუქცია, კონკურენცია გაუწიეთ გაიაფებით „ბრითიშ-ამერიქან თობაქოს“, შპს „ფილიპ მორის საქართველოსა“ და სს „ფილიპ მორისეს.ეი“-ს და ისე მოიგეთ მილიონები!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80